საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა და დაგროვებითი პენსიის გამოწვევები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია
ია სიხარულიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ბაკალავრიატის სტუდენტი
ia.sikharulidze408@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

უკვე ასწლეულზე მეტია, ეს საკითხი – პენსია და საპენსიო სისტემები – დასავლეთში ეკონომისტების და პოლიტიკოსების განხილვებისა და დებატების საგნად იქცა, რადგანაც საპენსიო სისტემა უფრო და უფრო ღრმა და მასშტაბურ გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე და ზოგადად, სოციალურ გარემოზე. ამას თან დაერთო სხვადასხვა ქვეყანაში “წარმატებული” თუ “წარუმატებელი” რეფორმების განვლილ ათწლეულებში დაგროვილი გამოცდილება. დაგროვდა სტატისტიკური მონაცემები, შეიცვალა რეგულაციები. ყველაფერმა ამან კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა პენსიისა და საპენსიო რეფორმის მნიშვნელობა.   თითოეულ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა სასწრაფოდაა ჩასატარებელი და ჩასატარებელია არა არსებული პენსიონერებისთვის, არამედ მომავალში, 15 წლის შემდეგ საპენსიო ასაკს მიღწეული ხალხისთვის, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან და სულაც არ ფიქრობენ თავიანთ მომავალ პენსიაზე თუ “ღირსეულ სიბერეზე”. საპენსიო რეფორმები გარდაუვალი გახდა, სხვანაირად, ვერანაირი “სოციალურად ორიენტირებული” ბიუჯეტები, მით უფრო – განვითარებადი ქვეყნის, ამას ვერ გაუძლებდნენ. თანამედროვე მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა დიდი ხანია სიღრმისეულად გააცნობიერეს საპენსიო სისტემის რეფორმირების აუცილებლობა, რომელიც ადეკვატური იქნება ცივილიზებული სამყაროს წინაშე არსებული ფინანსური, დემოგრაფიული და ეკონომიკური გამოწვევებისა.

Annotation

For more than a century, the issue about pensions and pension systems has been the subject of debate and debate among economists and politicians in the West, as the pension system has an increasingly profound and far-reaching impact on the state budget and the social environment in general. In addition there was experience gained over the past decades of various reforms in different countries. Statistical data was collected, regulations were changed. All of this has further highlighted the importance of pensions and pension reform.
In every country, pension reform is urgent and should be done not for existing retirees, but for people who have reached retirement age after 15 years, who are employed today and do not think about their future retirement. Pension reforms have become inevitable, otherwise no “socially oriented” budgets, let alone a developing country, could afford it. The developed countries of the modern world have long been deeply aware of the need to reform the pension system, which will be adequate to the financial, demographic and economic challenges facing the civilized world.

შესავალი

საპენსიო რეფორმების განხორციელება ხშირად დაკავშირებულია მტკივნეულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან, თუმცა აღნიშნული რეფორმების გატარება გარდაუვალია როგორც განვითარებადი, ასევე განვითარებული ქვეყნებისათვის, რათა მოხდეს თანამედროვე გამოწვევების ადეკვატური საპენსიო სისტემის დანერგვა, რომელიც წარმატებით შეძლებს ერთი მხრივ, საჯარო ფინანსებზე არსებული წნეხის შემცირებასა და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მოსახლეობის ღირსეულ სიბერეს.

წარმოგიდგენთ, საპენსიო რეფორმის განხორციელების სამ ფუნდამენტურ მიზეზს :

1. გაიზარდა მოსახლეობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამაც შეცვალა დემოგრაფიული სტრუქტურა თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც. კერძოდ, საპენსიო ასაკის მოქალაქეების წილი გაიზარდა მთლიან მოსახლეობაში. ანუ შემცირდა პროპორცია დასაქმებულსა და პენსიონერს შორის.

2. ისედაც მუდმივად დეფიციტური ბიუჯეტის ზრდა ვერ დაეწია საპენსიო მოთხოვნებს – სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე აღარ ყოფნის პენსიონერების მინიმალურ პენსიასაც კი, არათუ “ღირსეული სიბერისთვის” საკმარის პენსიას.

3. სახელმწიფოს მიერ საპენსიო განაწილების არაეფექტიანმა მართვამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა და შედეგად “პენსია” რეალურად სოციალური შემწეობა გახდა, ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკური გადაწყვეტილების მძევლად იქცა – ვინც მეტ პენსიას დაპირდება, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მას აძლევს ხმას.  (1)

საპენსიო რეფორმის განხორციელება საქართველოში

სწორედ ეს მიზეზები საქართველოშიც იქცა საპენსიო რეფორმის აუცილებლობის წინაპირობად.
საქართველოში 2019 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმა. 2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო შენატანის გადახდა ევალება უკვე ყველა დასაქმებულს და მის სასარგებლოდ ყველა დამსაქმებელს და სახელმწიფოს. ეს პროცესები კი რეგულირდება საქართველოს კანონით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. საპენსიო სქემაში მონაწილე დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სააგენტოში მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაირიცხება დარიცხული ხელფასის 2%. დამატებით, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დამსაქმებელს და სახელმწიფო ხაზინას შეაქვთ დარიცხული ხელფასის 2% თითოეულს. ანუ საბოლოოდ მისი ხელფასის 6% ირიცხება საპენსიო ფონდში. ახალ საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულოა ყველა იმ მოქალაქისთვის გარდა არარეზიდენტი პირებისა, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსათვის ჯერ არ ქონდა შესრულებული 40 წელი. იმ დასაქმებულ პირს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყო 40 წლის ან მეტის, 2019 წლის 1 აპრილიდან ან იმ თარიღიდან სამი თვის თავზე, რომელ თარიღზეც დამსაქმებელმა განახორციელა საპენსიო შენატანი დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, რომელი თარიღიც უფრო ადრე დგება, საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულს გაუჩნდება უფლება საპენსიო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვის გზით გავიდეს საპენსიო სქემიდან. ასეთ შემთხვევაში მას, ასევე მის დამსაქმებელს და სახელმწიფოს სრულად დაუბრუნდებათ მათ მიერ შესაბამისად განხორციელებული საპენსიო შენატანები. (2)

საპენსიო რეფორმაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს ის, ძველი საპენსიო სისტემის მოქმედების პრინციპი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში არსებობდა. ის არ ითვალისწინებდა სამუშაო სტაჟს, შრომით ურთიერთობაში ყოფნისას მიღებულ შემოსავლებს, რაც პირდაპირ კავშირიშია პირის მიერ ბიუჯეტში განხორციელებულ შენატანებთან. ყოველივე ამის მიუხედავად, ასაკობრივი პენსია ერთი და იგივეა ყველა მოქალაქისთვის. ცხადია ასეთი სისტემა ვერ იქნება სამართლიანი და ვერც მდგრადი.

საპენსიო რეფორმის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

საპენსიო რეფორმამ საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ნაწილი მოსახლეობისა მხარს უჭერს და მომხრეა დაგროვებითი პენსიის. მათ სურთ და სჯერათ უზრუნველყოფილი სიბერის, რომელიც დამოკიდებული იქნება მათ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ პენსიაზე. გარდა ამისა, რეფორმის უპირატესობის კიდევ რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის არის ბიუჯეტში საპენსიო ხარჯების ზრდა. ასევე, საპენსიო ასაკში მყოფი პირთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია, რაც რამდენიმე ათეულ წელში მნიშვნელოვნად დააწვება ტვირთად დასაქმებულებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უზრუნველყოფილი სიბერისთვის წილს გაიღებს, როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფოც.

რაც შეეხება, საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს საპენსიო ფონდის საიმედოობას. მათი აზრით, შესაძლოა ახალმა საპენსიო სისტემამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მარცხი განიცადოს, ეს სისტემა ჩამოიშალოს და მათ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი პენსია დაიკარგოს. საქართველოს უახლოეს წარსულში „დაკარგული ანაბრების თემა“ კვლავ იმდენად აქტუალურია, რომ მრავალწლიან საინვესტიციო პროექტების მიმართ ნდობის ხარისხი უკიდურესად დაბალია მოსახლეობაში. გარდა ამისა, საპენსიო გამოწვევებს მიეკუთვნება სავალუტო რისკები, რამაც შეიძლება წლების შემდეგ დაგროვილი რესურსის გაუფასურება გამოიწვიოს. ასევე, ძვირდება სამუშაო ძალა- დამსაქმებლებს თითოეული დასაქმებულისთვის 2%-ის გადახდა უწევთ. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, იძულებითი არჩევანი მოსახლეობის მხრიდან ყველაზე დიდ კრიტიკას იწვევს. დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზღუდავს ადამიანის შესაძლებლობას თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენებს საკუთარ შემოსავალს: დახარჯავს მას ახლა თუ შეინახავს მომავლისთვის. (3)

დაგროვებითი პენსიის სტატისტიკური მონაცემები

ახლა კი მიმოვიხილოთ დაგროვებითი პენსიის სტატისტიკური მონაცემები.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში დარიცხული სარგებელი შეადგენს 264 638 511 ლარს, ხოლო მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 1 980 289 982 ლარია.

2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო ფონდის ჯამურმა მომგებიანობამ 31.2% შეადგინა, რაც ამავე პერიოდის ინფლაციას 6.7%-ით აღემატება.

2021 წელს სისტემაში ჩაერთო 129 ათასზე მეტი მონაწილე და 11 ათასზე მეტი ორგანიზაცია, რაც 2020 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. 2021 წელს სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთო 700-ზე მეტი დასაქმებული.

2021 წელს დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 741 ადამიანმა და სააგენტოს მიერ ჯამურად გაცემულმა პენსიამ 2021 წელს შეადგინა 1 559 077.35 ლარი. (4)

2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 292 მილიონი ლარია. მიმდინარე წლიური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის გაშვების დღიდან მომგებიანობა 33%-ს შეადგენს. პორთფელის 36% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში (მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები), ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში (სადეპოზიტო სერთიფიკატები) 100% ლარში, 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული.

ამ დროისთვის, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა ოდენობა შეადგენს 1 მილიონ 250 ათას მონაწილეს. დაგროვებითი პენსიით კი, უახლესი მონაცემებით 1,524-მა ადამიანმა ისარგებლა. (5)

დასკვნა

საბოლოოდ, საპენსიო რეფორმის გატარება არის როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი და წინგადადმული ნაბიჯი. საპენსიო პოლიტიკა დღეს სწორედ იმ ევროპული  მიმართულებით მიდის, რომლის გეზიც დღეს სახელმწიფოს აქვს. ნებისმიერ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყანას აქვს საპენსიო ფონდი, რაც სახელმწიფოს ეხმარება საპენსიო ასაკში მყოფი ხალხისთვის ფინანსები ბიუჯეტიდან უფრო ნაკლები რაოდენობით გამოიყოს და ეს თანხა სხვა სფეროს მოხმარდეს. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, მოქალაქეთა უზრუნველი სიბერის უზრუნველსაყოფად ფინანსებს გამოყოფს როგორც თავად დასაქმებული, ისე დამსაქმებელი და სახელმწიფო. შესაბამისად, საპენსიო ხარჯი თითოეულ მათგანზე თანაბრად ნაწილდება შემოსავლის 2 %-ის ოდენობით.

დაგროვებითი პენსიის დანერგვამ ჩვენს სახელმწიფოში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა შეხედულებები და მოსაზრებები გამოიწვია. ნაწილი ემხრობა, ნაწილი კი ეწინაარმდეგება ამ რეფორმას. თუმცა დაგროვებითი პენსიის არსებობა გამართლებადია, რადგან ჩვენ ახალგაზრდები ვრიცხავთ ფულს, რომელიც მოხმარდება დღევანდელ პენსიონრებს, ხოლო შემდგომ, ჩვენი საპენსიო ასაკში შესვლისას იმავეს გააკეთებენ სხვა ახალგაზრდები და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, როგორც ცხოვრების დონის ამაღლებას პენსიონრებისთვის, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას, რადგან ფინანსურად შეძლებულ პენსიონერს ექნება საშუალება საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს, ვიდრე დღეს.

როგორც უკვე აღვნიშნე, რეფორმის დაწყება ყოველთვის არის რაღაც გამოწვევებთან დაკავშირებული, მაგრამ ეს გამოწვევები დაძლევადია. კერძოდ, მოცემული რეფორმა გათვლილია მინიმუმ 20 წელიწადზე, ამიტომაც როგორც სახელმწიფო უნდა მოეპყროს ამ თანხას პასუხისმგებლობით, ასევე მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ის , რომ საპენსიო რეფორმა გარანტია მომავალი თაობების და საკუთარი თავისთვის უკეთესი სიბერისთვის და ის 2%, რომელიც იჭრება ხელფასიდან, ემსახურება ქვეყნის სწორ განვითარებას. შეიძლება დღეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია ამ პროგრამაში ჩართული, მაგრამ რამდენიმე ათეულ წელიწადში საპენსიო რეფორმა გახდება უფრო ეფექტიანი. ამისთვის, საჭიროა როგორც სახელმწიფოსგან, ასევე მოსახლეობისგან კეთილსინდისიერი ჩართულობა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://forbes.ge/pensiisa-da-sapensio-reph/
  2. https://www.pensions.ge/operational-activity/pension-schema
  3. https://www.kas.de/documents/269781/0/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90+-+%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98.pdf/0f930e64-cb56-412d-1487-1a210564e363?version=1.0&t=1560426531919
  4. https://www.interpressnews.ge/ka/article/690787-sapensio-saagento-statistikis-mimoxilvas-avrcelebs/
  5. https://pensions.ge/public-information/news/february-15-statistics-of-the-pension-agency