ბიტკოინს, როგორც ,,ციფრულ ოქროს“, საფრთხე შეექმნა

ავტორის სტილი დაცულია
ლიკა სარაჯიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Lika.sarajishvili106@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ბიტკოინი გახლავთ ერთ-ერთი კრიპტოვალუტა, ელექტრონული ფული, რომლის მიმართაც თანამედროვე მსოფლიოს ინტერესი სულ უფრო იზრდება. აქედან გამომდინარე გაჩნდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიტკოინი მალე შეძლებდა ყოფილიყო ,,ციფრული ოქრო“, რაც ნამდვილად არ არის რეალობას მოკლებული. მხოლოდ ერთი პრობლემაა ამ საკითხთან დაკავშირებით, კრიპტოვლაუტის ბაზარი და მათ შორის ბიტკოინიც ხასიათდება რყევებითა და არასტაბილუტობით, რაც ამ უკანასკნელის ფასის მკვეთრ ცვლილებაში გამოიხატება. განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ბიტკოინის ფასის განახევრებას თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ 1 თვის პერიოდში, მივხვდებით რომ ბიტკოინის ,,ციფრული ოქროს“ სტატუსის ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დადგა.

Annotation

Bitcoin is one of the cryptocurrencies, electronic money, for which the interest of the modern world is growing. Hence the idea that Bitcoin could soon be “digital gold”, which is not really unrealistic. There is only one problem with this issue, the cryptocurrency market, including Bitcoin, is characterized by fluctuations and volatility, which is reflected in the sharp change in the price of the latter. Especially with the recent events and the halving of the price of Bitcoin, if we consider only the period of 1 month, we will realize that the truth of the status of Bitcoin “digital gold” has been questioned.

ბიტკოინი – ,,ციფრული ოქრო“

სანამ უშუალოდ ბიტკოინსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებდე, მოკლედ განვიხილავ იმას თუ ზოგადად რა არის კრიპტოვალუტა.

კრიპტოვალუტა ეს გახლავთ ელექტრონული ფული, ერთგვარი გადახდის საშუალება, რომელიც ხორციელდება ინტერნეტის მეშვეობით. აღსანიშნავია რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს ბანკებსა და შუამავლებთან, მიუხედავად იმისა რომ ფულის სტატუსს ატარებს, ეს უკანასკნელი კი თავისთავად სწორედ ბაკნებს უკავშირდება. იგი გახლავთ დეცენტრალიზებული და შესაბამისად არც ცენტრალური ბანკის მიერ კონტროლდება/რეგულირდება. აქედან გამომდინარე ამგვარი ოპერაციები (კრიპტოვალუტით შესრულებული) კიდევ უფრო ნაკლებ ტრანზაქციურ დანახარჯებს უკავშირდება, ვიდრე საბანკო ოპერაციების შემთხვევაშია ეს. [1]

რაც შეეხება ბიტკოინს, ეს გახლავთ ერთ-ერთი კრიპტოვალუტა, უფრო კონკრეტულად კი პირველი კრიპტოვალუტა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. მისთვის დამახასიათებელია მაღალი არასტაბილურობა, რაც გამოწვეულია მისი ფასის მუდმივი ცვლილებით. თუმცა ბოლო პერიოდამდე საკმაოდ მარტივად ხდებოდა ამ უკანასკნელის იგნორირება და ბიტკოინი მიიჩნეოდა მომავლის ფულად, უფრო ზუსტად კი ,,ციფრულ ოქროდ“, როგორც ეს Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა, მარიონ ლაბურმა განაცხადა ჯერ კიდევ 2021 წელს. ლაბურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ისეთ მძიმე პერიოდში, როგორშიც ახლა მთელი მსოფლიო იმყოფება – COVID-19-ის გამოწვევების პირისპირ, საზოგადოებაში კი დიდ ადგილს იკავებს შიში და ეჭვი, მათთვის უფრო საიმედო და უსაფრთხო ხდება მიმართულების შეცვლა ისეთი აქტივებისაკენ (როგორც ოქრო გახდა ერთ დროს ასეთი მიმართულების წერტილი), რომელთაც მთავრობა არ აკონტროლებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დადებითი მხარეც კი არის კრიპტოვალუტის. რაც შეეხება ბიტკოინის რყევებსა და არასტაბილურობას, ამასთან დაკავშირებით მარიონ ლაბურმა განაცხადა, რომ მისი ეს რყევები არ იყო სამუდამო და რომ ოქროც განიცდიდა მსგავს სიტუაციას და მიიჩნეოდა არასტაბილურად გარკვეული პერიოდის მანძილზე. საბოლოო დასკვნა კი შემდეგია, რომ ბიტკოინს ნამდვილად აქვს იმის წინაპირობა ატაროს ,,ციფრული ოქროს“ სტატუსი და გამოიყენებოდეს ამ მნიშვნელობით. თუმცა ბოლოდროინდელ მოვლენებმა (რომელზეც ვისაუბრებ თემის შემდეგ ნაწილში) ეს საკითხი ეჭვქვეშ დააყენა, ამიტომ ყოველივე ზემოთქმული გადახედვას საჭიროებს. ჩნდება კითხვა – ნამდვილად შეუძლია ბიტკოინს გახდეს ,,ციფრული ოქრო“? [1] [8]

ბიტკოინის ფასი მკვეთრად ეცემა

ზოგადად თუ გადავავლებთ თვალს ბიტკოინის ფასის ცვლილებას, შევნიშნავთ რომ იგი ინტენსიური მკვეთრი რყევებით არ ხასიათდება (გრაფიკი 1)

გრაფიკი 1. ბიტკოინის ფასის ცვლილება, 2014-2021 წლები

წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/

მართალია ბიტკოინის ფასი არასტაბილურად იცვლება, თუმცა საერთო შედეგს თუ შევაფასებთ 2014 წლიდან დღემდე, შევნიშნავთ რომ ფასი მზარდ ხასიათს ატარებს (გამონაკლისია 2017-2018 წლები და 2021 წლის იანვარი, როდესაც ფასი მკვეთრად დაეცა, თუმცა როგორც ვხედავთ მალევე კვლავ გაიზარდა) 2021 წლის დასარულამდე, რასაც ვერ ვიტყოდით ბოლო პერიოდზე (გრაფიკი 2).

აშშ ინფლაციას კვლავ ებრძვის

აშშ-ს ინფლაციის პრობლემა გარკვეულწილად სულ ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ საკითხმა უფრო დიდი ყურადღება დაიმსახურა, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ უკანასკნელი 40 წლის მანძილზე ინფლაციის წლიურ მატებამ მიაღწია ყველაზე მაღალ მაჩვენებელს.

როგორც ეს გრაფიკიდან ჩანს (გრაფიკი 2), სადაც ბოლო ერთი წლის (2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით) ინფლაციის ცვლილებაა ასახული, კლება შეინიშნება მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში, ისიც მცირედით (0,1%), რასაც მატებაზე ვერ ვიტყოდით. თუ შევადარებთ 2021 წლისა და 2022 წლის იანვრის მონაცემებს, შევნიშნავთ რომ ინფლაციის დონე გაზრდილია 6,1%-ით, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

გრაფიკი 2. ინფლაციის დონის ცვლილება (%) ბოლო 12 თვის მანძილზე ( 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით)

წყარო: https://www.statista.com/statistics/273418/unadjusted-monthly-inflation-rate-in-the-us/

რა კავშირშია აშშ-ს ინფლაციის ზრდა ბიტკოინის ფასის ცვლილებასთან?

როგორც უკვე აღვნიშნე, ბიტკოინის ფასი მკვეთრ ცვლილებას იწყებს 2021 წლის ბოლოდან, ეს კი სწორედ ზემოხსენებულ მოვლენას, კონკრეტულად კი ინფლაციის დონის ზრდას უკავშირდება.

ბუნებრივია ამგვარი ინფლაციისა და ფასების დონის ზრდის შეკავება შესაბამისი ღონისძიებებით უნდა განხორციელდეს, ასეთი ღონისძიება კი Fed-ის მხრიდან პირველ რიგში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებია. როდესაც Fed ზრდის საპროცენტო განაკვეთებს, ამის პარალელურად მზარდი კომპანიების მხრიდან იკლებს მოთხოვნა სხვადასხვა ტექნიკურ აქციებზე, სპეკულაციური რისკის მქონე ატივებზე – მათ შორის კრიპტოვალუტებზე და ბიტკოინზეც კი.

,,ჩვენ არ გვაქვს ისტორიული პრეცენდენტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის მხრიდან ჩვენს მდგრად პერიოდში შესვლას, როდესაც ცენტრალური ბანკი მნიშვნელოვნად ცვლის ამ უკანასკნელთა ლიკვიდურობას. ეს არის რთული დრო ინვესტორებისთვის, რისკის შემცველი აქტივები კი ამ დროს ნაკლებად უსაფრთხოა“- განაცხადა სტივ სოსნიკმა (Interactive Brokers’ chief strategist). [2]

როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაციის ეს მაჩვენებელი და მოლოდინი იმისა, რომ Fed გაზრდიდა საპროცენტო განაკვეთებს, ბიტკოინის ფასზეც აისახა და 2022 წელი არც თუ ისე კარგად დაიწყო მისთვის (გრაფიკი 3).

გრაფიკი 3. ბიტკოინის ფასის ცვლილება ბოლო 3 თვის მანძილზე (2021 წლის დეკემბრი – 2022 წლის თებერვალი)

წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/

რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა და ვლადიმერ პუტინის განცხადება

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში დიდი ყურადრება დაიმსახურა საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენამ, რომელიც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის დაძაბულ ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა და შექმნილ არასტაბილურ გარემომ მრავალმხრივ მოახერხა გავლენა ჰქონოდა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. გამონაკლისი არც კრიპტოვალუტის ბაზარი და მათ შორის ბიტკოინი აღმოჩნდა და მათი ფასები საგრძნობლად დაეცა. [4]

გრაფიკი 4. ბიტკოინის ფასის ცვლილება ბოლო 1 კვირის მანძილზე (17-23 თებერვალი, 2022 წელი)

წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორშაბათს, 21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება უკრაინაში ჯარების შეყვანის თაობაზე, შედეგმაც არ დააყოვნა და სამშაბათს დილით ბიტკოინის ფასი გაუტოლდა ბოლო 2 კვირის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს, კონკრეტულად კი 36 371 $-ს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 61 374,28 $-ს უტოლდებოდა. თუმცა ეს ყველაფერი არ ყოფილა. [6]

როგორც აღმოჩნდა ბიტკოინისა და ნებისმიერი კრიპტოვალუტის დამოკიდებულება გარე მოვლენებთან და მიმდინარე პროცესებთან საკმაოდ დიდია. სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა მხოლოდ პუტინის განცხადებით არ დასრულებულა და 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო საომარი მოქმედებების განხორცილება უკრაინაში რუსეთის მხრიდან. [7]

გასაკვირი არ არის რომ სიტუაციის გაუარესება კვლავ აისახა კრიპტოვალუტის ბაზარზე. როგორც ექპერტები აღნიშნავდნენ, ამგვარი მოვლენათა განვითარება მოსალოდნელი იყო. საომარი მოქმედების დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში ბიტკოინის ფასი კვლავ დაეცა, წინა დღესთან შედარებით თითქმის 9%-ით. დაახლოებით დილის 10 საათისთვის ის უკვე 34 529$-ს გაუტოლდა (გრაფიკი 5). ეს კი გახლავთ ამ წლის ყველაზე დაბალი ნიშნული 2021 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც ჩინეთმა დაიწყო გარკვეული შეზღუდვების დაწესება კრიპტოვალუტასთან მიმართებაში და შემდგომში საერთოდ აკრძალა მაინინგი.

გრაფიკი 5. ბიტკოინის ფასის ცვლილება ბოლო 24 საათის მანძილზე ( 23-24 თებერვალი)

წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/

არა მარტო ბიტკოინი, კრიპტოვალუტის ბაზარი მთლიანობაში 10%-ზე მეტად დაეცა და 100 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. ბიტკოინის მსგავსად და უფრო მეტადაც დავარდა ეთერიუმისა (12%-ზე მეტად) და დოჯქოინის (14%-ზე მეტად) ფასებიც.

რა მოელის კრიპტოვალუტას?

პირველი კითხვა რაც ამ უკანასკნელი მოვლენების საფუძველზე გვიჩნდება არის ის, აქვს თუ არა მომავალი საერთოდ კრიპტოვალუტის ბაზარს. ექნება კი ვინმეს სურვილი, თავისი ფულადი რესურსები დააბანდოს კრიპტოვალუტაში? პასუხის გაცემა იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ალბათ ბოლო დღეების ბიტკოინის ფასის ვარდნას თუ შევხედავთ, მარტივად უნდა გავაკეთოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ ის ზედმეტად არასტაბილური, რისკიანი აქტივია და მასთან მიახლოებაც კი არ ღირს, თუმცა რეალობა ასეთი მარტივი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ ბიტკოინის ფასები ასე მკვეთრად აქამდეც დაცემულა, უფრო მეტადაც კი (დაახლოებით 80 %-ით) 2017-2018 წლებში, თუმცა როგორც პირველ გრაფიკზე ვნახეთ, შემდგომში მისი ფასი კვლავ გაიზარდა და ბევრად გადააჭარბა დაცემამდე არსებულ საწყის ნიშნულს. შემდეგ იყო 2021 წლის იანვარს დაცემული ფასი, რასაც ასევე ახლდა შემდგომი მატება. 2021 წლის ივლისი, როდესაც წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს გაუტოლდა ბიტკოინის ფასი, თუმცა ამჯერადაც მოხდა ფასების კვლავ გაზრდა. აქედან გამომდინარე გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბიტკოინის ფასები ამჯერადაც გაიზრდება.

ზემოთქმულის მიუხედავად მთავარი არის არა ის, მოყვება თუ არა ყოველი ფასის ვარდნას შემდგომი ზრდა, არამედ ის  მიაღწევს თუ არა ბიტკოინი იმ მდგომარეობას, რომელშიც იქნება ბევრად უფრო სტაბილური, ნაკლები რყევებითა და მეტი სანდოობით დახასიათებული.

თავდაპირველად ბიტკოინს არანაირი ღირებულება არ გააჩნდა, მისი გადაცვლა ხდებოდა მარტივ რაღაცებზე, როგორიცაა მაგალითად პიცა (ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირი ეღირებოდა, თუ ბიტკოინის ახლანდელი ფასით დავიანგარიშებდით), რამდენიმე წელში კი დაიწყო ბიტკოინის ფასის ზრდა, შეიქმნა უსაფრთხო ბირჟები, ჩამოყალიბდა და დაიხვეწა ფულის მენეჯმეტი და ა.შ. საბოლოოდ კი, ბიტკოინის ზრდის შთამბეჭდავ ტემპმა განაპირობა ის, რომ ბიტკოინის ფასი გაუტოლდა 68 000$-ზე მეტს. მიუხედავად იმისა რომ ამ მომენტისთვის ბიტკოინის ფასი ფაქტობრივად განახევრებულია და შეადგენს 36 000$-ზე ნაკლებს, ის მაინც მეტია 2 წლის წინ არსებულ ფასზე, რომელიც 8 400$-ს უტოლდებოდა.

,,რაღაც მომენტში ბაზარი გააცნობიერებს კრიპტოვალუტის ღირებულებას, ამ ინფორმაციას გააერთიანებს და მოაქცევს მას აქტივების მაღალ ფასში“ – წერს ეკონომისტი ტაილერ კოუენი Bloomberg-ის სიახლეებში – ,,შემდეგ კი მოსალოდნელი სარგებლის განაკვეთი ამ აქტივებიდან, თამამად რომ ვთქვა, ნორმალურ დონეს მიაღწევს“. [2]

თქვენ თუ ახლავე დააპირებთ ინვესტიციის გაკეთებას და შეიძენთ ბიტკოინს მხოლოდ იმიტომ, რომ ფასებმა დაიწია და ელით სამომავლოდ მის ზრდას და ამგვარად მოგების ნახვას, გეტყვით რომ ძალიან რისკავთ. ბოლოდროინდელი მოვლენები მტკიცებულებაა იმისა, რომ ამგვარი გეგმები არასდროს არის მარტივად მისაღწევი. თუმცა თუ ამ უკანასკნელს გრძელვადიან პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, უდავოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიტკოინს ნამდვილად აქვს ყველანაირი წინაპირობა გახდეს ,,ციფრული ოქრო“, უბრალოდ ამ ყველაფრისთვის საჭიროა დრო და გამოცდილება.

დასკვნა

საბოლოოდ განხილული საკითხების შეჯამება, ვფიქრობ,  დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ ერთიანი დასკვნა. როგორც ვნახეთ ბიტკოინი და ზოგადად კრიპტოვალუტის ბაზარი არასტაბილურია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ბიტკოინის ფასების ცვლილების ისტორიას და გავაანალიზებთ ამ უკანასკნელის ზრდის მასშტაბებს, მივხვდებით, რომ ბიტკოინმა იმაზე დიდი როლი შეიძინა თანამედროვე საზოგაოდებაში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ბუნებრივია რომ სხვადასხვა მოვლენას აქვს შესაძლებლობა გავლენა იქონიოს ბიტკოინის ფასებზე და მყისიერად შეცვალოს ის, თუმცა მიმაჩნია რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დროის ფაქტორს უკავშირდება. თუ ამ რამდენიმე წელში ბიტკოინის ღირებულება 0$-დან 68 000$-მდე გაიზარდა, რატომ არ არის შესაძლებელი რომ იგივე პერიოდის გასვლის შემდეგ მისთვის აღარ იყოს დამახასიათებელი გარე მოვლენებთან ასეთი მჭიდრო კავშირი და გახდეს მეტად სტაბილური? რა თქმა უნდა ვარაუდის დონეზე ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა მოსაზრება რომ ბიტკოინს ნამდვილად შეუძლია გახდეს ,,ციფრული ოქრო“, ვფიქრობ საკმაოდ საფუძვლიანია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ,,რა არის ბიტკოინი?“ (https://geocell.ge/ge/company/career/career-news/what-is-bitcoin-and-what-is-it-used-for );
  2. ,,Why Is Bitcoin’s Price Falling?”, By Taylor Tepper (https://www.forbes.com/advisor/investing/why-is-bitcoins-price-falling/?fbclid=IwAR0UeQhbeT2S5LzKCYME8Y8lb-EwLw8IR3r4UFdD3_QzI2qJq8bcgXREMkw );
  3. CoinMarcetCap (https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/ )
  4. ,, Bitcoin price falls after Russia attacks Ukraine” , By Rob McLean and Michelle Toh, CNN Business (https://edition.cnn.com/2022/02/24/business/bitcoin-price-drops-ukraine-russia-attack/index.html?fbclid=IwAR2ZdLx_7TJi6UR9QzUCenx22aqSYKL1DJN1beiCoXm5YCZg5ca-MTDtDms );
  5. Business Data Platform(https://www.statista.com/statistics/273418/unadjusted-monthly-inflation-rate-in-the-us/);
  6. ,,Putin orders troops into eastern Ukraine on ‘peacekeeping duties’” (https://www.theguardian.com/world/2022/feb/21/ukraine-putin-decide-recognition-breakaway-states-today );
  7. ,,Putin’s Forces Attack Ukraine” (https://www.nytimes.com/live/2022/02/24/world/russia-ukraine-putin )
  8. ,,Deutsche Bank Analyst Marion Laboure Says Bitcoin Is Here To Stay As Digital Gold” (https://bitcoinist.com/deutsche-bank-analyst-marion-laboure-says-bitcoin-is-here-to-stay-as-digital-gold/ )