დივერსიფიკაციის მნიშვნელობა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში
ავტორის სტილი დაცულია
თორნიკე მაისაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
Tornike.Maisashvili101@eab.tsu.edu.ge
ანოტაცია
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ტრანსკავკასიის ნაყოფიერი ველები და ფერდობები, მინიმუმ 8000 წლის მანძილზე წარმოადგენდნენ სახლს ყურძნის კულტივიზაციისა და ღვინის წარმოებისთვის. მარკო პოლო, ალექსანდრე დიუმა, ანტონ ჩეხოვი და ჯონ სტაინბეკი, ეს იმ მოგზაურთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოდან უკან დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის გასაოცარი სილამაზის, შესანიშნავი ხალხის, უგემრიელესი საკვებისა და გამორჩეული ღვინოების შესახებ წერდნენ.
სტაატიაში შეფასებულია ღვინის ბაზრისა და მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის შესახებ არსებული კვლევები. განსაზღვრულია ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის დონე, შესაბამისად შემოთავაზებულია ღვინის ბაზრისა და ღვინის პროროდუქტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები. გარდა ამისა, ღვინის ბაზრის კონიუნქტურული შეფასების საფუძველზე, გაანალიზებულია ქართულ ღვინოზე მოთხოვნა-მიწოდების კონიუნქტურა ტრადიციულ და ახალ ბაზრებზე. გამოვლენილია საქართველოსა და მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, დასახულია დარგის განვითარების პერსპექტივები.
Annotation
Georgia is one of the oldest wine regions in the world. The fertile valleys and slopes of the Transcaucasia were home to grapevine cultivation and wine production for at least 8000 years. Due to the many millennia of wine in Georgian history and its prominent economic role, the traditions of wine are considered inseparable from the national identity. Marco Polo, Alexander Dumas, Anton Chekhov, and John Steinbeck are just a few travelers to Georgia who returned home to write of the country’s stunning beauty, remarkable people, delicious food, and distinctive wines.
The article evaluates the studies on the wine market, viticulture-winemaking and diversification. The level of competitiveness of Georgian wine is determined, therefore, the possibilities of diversification of the wine market and wine products are proposed. In addition, based on the evaluation of competitive forces of the wine market, the structure of demand and supply of Georgian wine on traditional and new markets is analyzed. Modern trends in the development of viticulture and winemaking industry in the world and in Georgia are identified, prospects for the development of the industry are determined.
შესავალი
საქართველოში ვაზი და ღვინო ერის სოციალურ-კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და კეთილდღეობის საშუალება იყო საუკუნეების განმავლობაში. საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის წიპწებით დადასტურებულია, რომ ვაზის მოშენება და ღვინის დამზადება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8000 წლის წინ ან უფრო ადრე დაიწყო. მცხეთის, თრიალეთის, კახეთის, შიდა ქართლის, ვანისა და სხვა არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი მარნები შესაბამისი ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს თიხის სასმისებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით არის დათარიღებული.
სწორედ, მევენახეობის გავრცელების შესაძლებლობა დაედო საფუძვლად საქართველოს მიწა–წყლის მთად და ბარად დაყოფას – ვაზის გაშენების შესაძლებლობის ზონა ბარად ითვლებოდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი მთად იყო მიჩნეული. ამ დარგის მნიშვნელობა და როლი სწორედ ამ უკანასკნელი საგულისხმო გარემოებიდანაც ჩანს. მევენახეობას ქართველი ერის სოციალური წესწყობილებისთვისაც ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
საქართველოს სოფლის სტრატეგიული განვითარების (2017-2020 წწ) გეგმის მიხედვით სამი მთავარი პრიორიტეტია განსაზღვრული: 1. ეკონომიკა და კონკურენტუნარიანობა; 2. სოციალური პირობები და ცხოვრების დონე; 3. გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა.
პირველი პრიორიტეტის მნიშვნელოვანი ამოცანებია:
- ფერმერული საქმიანობის ეკონომიკური გაჯანსაღება,
- რესტრუქტურიზება და მოდერნიზაცია დივერსიფიკაციისა და ეფექტიანი მიწოდების ჯაჭვის განვითარებით;
- სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებითა და მდგრადი არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების განვითარებით.
ამრიგად, კონკურენტუნარიანი და დივერსიფიცირებული პროდუქტების წარმოების შესაძლებლობების გამოვლენა და ბაზარზე მიწოდების მექანიზმების შეფასება ქვეყნისათვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში კონკურენტუნარიანობისა და დივერსიფიკაციის პრობლემების კვლევა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
საგულისხმოა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში ფერმერული მეურნეობები და ღვინის ქარხნები დიდ როლს ასრულებს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაში. ამასთან, ამ ქვეყნებში სექტორის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებაზეა დაფუძნებული, ორიენტირებულია საერთაშორისო ბაზრებზე ფორმირებულ კონკურენციაზე. საქართველოში ამ სექტორის განვითარების ტენდენციების შეფასება, ღვინის პროდუქტებისა და ღვინის ბაზრის გაფართოების შესაძლებლობების გამოვლენა, დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელების შემუშავება ევროკავშირის ქვეყნებში არსებული გამოცდილების შესწავლით დღეს ქვეყნისათვის ძირითადი გამოწვევაა. აგროსასურსათო ბაზრების რესტრუქტურიზაციამ შეცვალა ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები. ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით კი აუცილებელია საქართველოსათვის მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის ისეთი კონკურენტული მოდელების შემუშავება, რომლებიც ერთი მხრივ, შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან, მეორე მხრივ, ასახავს იმ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც არსებობს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში. [1]
დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დარგის მდგრადი განვითარებისათვის. მევენახეობა-მეღვინეობა კი სოფლის მეურნეობის ტრადიციული და სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია. მასში ჩართულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკური ზრდის კუთხით და იმავდროულად უზრუნველყოფს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. აღნიშნული გამოწვევა რთული და კომპლექსური ღონისძიებების გატარებას მიოთხოვს. მაქსიმალური ეფექტიანობისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული და კომპეტენტური მხარე სამინისტროები, ექსპერტები, მეცნიერ-მუშაკები და უშუალოდ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგნელები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ღვინის ბაზრის კონკურენტული ძალების შეფასებისა და მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების შესაძლებლობების გამოვლენის საფუძველზე ამ სექტორის დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელების შემუშავების საკითხი. [5]
ღვინის ბაზრის, მევენახეობა-მეღვინეობისა და დივერსიფიკაციის შესახებ კვლევების ანალიზი
საქართველოში მევენახეობის სახალხომეურნეობრივ მნიშვნელობასა და ქართული ვაზის ჯიშთა მრავალრიცხოვნობაზე აღსანიშნავია პ. გუგუშვილის კვლევა “მევენახეობა საქართველოსა და ამიერკავკასიაში 1801-1920 წწ”.10 “დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული შესაბამისობის პირობებში ვაზის ჯიშთა რაოდენობის მიხედვით შეეძლოს გვერდში ამოუდგეს საქართველოს”
მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.
გრაფიკი 1: საქართველოს ღვინის რეგიონები დამახასიათებელი ვაზის ჯიშებით.
წყარო: https://www.bestgeorgian.com/georgian-wine-grapes/ [10]
გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზისჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში,ჩხავერი, ალადასტური და სხვა. [7]
რაც შეეხება ღვინის ბაზარს, ღვინის ბაზრის ანალიზისათვის მნიშვნელოვანია კიმ ანდერსონის კვლევებიც, სადაც გლობალური ემპირიული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაანალიზებულია ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ვაზის ჯიშობრივი შემადგენლობა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ციკლები, დასაბუთებულია ამ ინდუსტრიის მოსალოდნელი ზრდის შესაძლებლობები.
ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების გამოსავლენად აუცილებელია სექტორის სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა. აღნიშნული პრობლემის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია მ. პორტერის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია
ერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტის, მათ შორის ღვინის პროდუქტის, შეღწევის სტრატეგიას მცენიერები მ. პორტერის კონკურენციის ხუთი ფაქტორის მიხედვით აფასებენ, კერძოდ ღვინის ბაზარზე გაანალიზებას მოითხოვს:
- კონკურენციის დონე;
- მყიდველების ძალაუფლება;
- მომწოდებლების ძალაუფლება;
- ბაზრის ახალი მონაწილეები;
- შემცვლელი და შემავსებელი პროდუქტები;
სწორედ ეს ძალები განსაზღვრავს ღვინის ინდუსტრიას და აყალიბებს კონკურენციის თავისებურებებს. ღვინის ბაზრის შესახებ პრობლემების შესწავლა მნიშვნელოვანი გახდა როგორც მკვლევარებისთვის, ასევე, სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტისა და ასოციაციისთვის.
საქართველოს აგროსასურსათო სექტორისათის საკმაოდ აქტუალურია ქართული ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის პრობლემა. აღნიშნული საკითხი რამდენიმე სამეცნიერო სტატიასა და კონფერენციის მასალებშია განხილული.
საქართველოში დივერსიფიკაციის პრობლემის კვლევის აქტუალურობას მეურნეობათა მასშტაბებიც განაპირობებს. კერძოდ, წვრილმასშტაბური მეურნეობები და ნაკვეთების ფრაგმენტაცია დივერსიფიკაციის განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. მეცნიერთა მიერ შეფასებულია მიწების წვრილმასშტაბიანობითა და ფრაგმენტაციით წარმოშობილი პრობლემები, მათგან აღსანიშნავია არაეფექტიანი მიწის ბაზრის ფუნქციონირება, ფერმერულ მეურნეობებში მწარმოებლურობის დაბალი დონე და სხვა. წარმოების მასშტაბების ზრდით დივერსიფიკაციის პროცესის ხელშეწყობა სოციალურ დატვირთვასთან ერთად კომერციულ მნიშვნელობასაც შემატებს ფერმერულ მეურნეობებს და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.
წარმოების მასშტაბების კვლევა მნიშვნელოვანია დანახარჯი-სარგებლის ანალიზის თვალსაზრისითაც. ცხადია, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენება ზრდის წარმოების მასშტაბის გაფართოების შესაძლებლობას, ამცირებს დანახარჯებს პროდუქციის ერთეულზე, რაც, თავის მხრივ, მცირე მეურნეობების ფუნქციონირების ეფექტიანობას საეჭვოს ხდის. თუმცა, ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მცირემიწიან ქვეყნებში საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა. [1]
არანაკლებ მნიშვნელოვანია წარმოების მასშტაბების დივერსიფიკაციის პროცესთან დაკავშირების საკითხიც. ღვინის კომპანიებში სპეციალიზაციის ინდექსსა და კომპანიების მაშტაბებს შორის დამოკიდებულების ასახსნელად ჩატარებული კვლევით დადასტურებულია, რომ დივერსიფიკაცია უშუალოდ არ არის დამოკიდებული კომპანიათა მასშტაბზე. მცირე მასშტაბის კომპანიები დივერსიფიკაციას ძირითადად იყენებენ გაკოტრების რისკის ან ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული ზემოქმედების შესამცირებლად, ხოლო მსხვილი კომპანიები – ფინანსური რესურსების მომგებიან დარგებში დასაბანდებლად.
საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში წარმოების მასშტაბებისა და დივერსიფიკაციის შესაძლებლობების კვლევით დადგენილია, რომ მცირემასშტაბიანი ფერმერული მეურნეობები კონკურენციას ვერ უწევენ იმპორტულ აგროსასურსათო პროდუქტებს. ასეთი მეურნეობები ორიენტირებული არიან მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და შესაბამისად აუცილებელია სამომავლოდ მათი საქმიანობის გაფართოება. [4]
ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა და ღვინის პროდუქტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები
შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების გასაფართოებლად საჭიროა ამ პროდუქტის კონკურენტუნარიანობის დონის შეფასება. შეფასებისათვის კი საჭიროა მიკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანალიზება, უპირველესად, გასაანგარიშებელია პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ინდექსები, ისეთები როგორიცაა:
- გამოვლენილი შედარებითი უპირატესობის ინდექსი (RCA)
- ექსპორტის შედარებითი უპირატესობის ინდექსი (RXA)
- იმპორტის შედარებითი შემოღწევადობის ინდექსი (RMP)
- ვაჭრობის შედარებითი უპირატესობის ინდექსი (RTA)
RCAij = (Xij/∑Xij) / (∑Xkj/∑∑Xkl) – გვიჩვენებს მოცემული ქვეყნის შესაბამისი პროდუქტის (ღვინის) ექსპორტის წილს მსოფლიოში ამ ქვეყნის მთლიან ექსპორტთან მიმართებაში.
X -ექსპორტი; i,k – პროდუქტების კატეგორია; j,l – რეგიონები. თუ მოყვანილი ინდექსის მნიშვნელობა 1-ზე მეტია, მაშინ პროდუქტი კონკურენტუნარიანია, ხოლო თუ 1-ზე ნაკლებია არაკონკურენტუნარიანი.
RMPij = (Mij/∑Mij) / (∑Mkj/∑∑Mkl)
RXA და RMP ერთნაირად გაიანგარიშება, მხოლოდ ექსპორტები ჩანაცვლებულია იმპორტით. ინდექსის 1-ზე ნაკლები მნიშვნელობა ნიშნავს მაღალ, ხოლო 1-ზე მეტი ნაკლებ კონკურენტუნარიანობას.
RTAij = RXAij – RMPij
RTA ინდექსში ერთდროულად არის გათვალისწინებული როგორც ექსპორტები, ასევე იმპორტები. დადებითი RTA ინდექსი მიუთითებს კონკურენტუნარიანობაზე, ხოლო უარყოფითი არაკონკურენტუნარიანობაზე. გაანგარიშებემა გვიჩვენა, რომ ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა ზემოთ ჩამოთვლილ ინდექსების მიხედვით განსხვავებულია (იხ ცხრილი 1)
ცხრილი 1: ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ინდექსები
წყარო: https://www.fao.org/faostat/en/#data [8]
კონკურენტუნარიანობის დონის შეფასებამ „ex-post” მეთოდით აჩვენა, რომ ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია. აგროსასურსათო პროდუქტებიდან საქართველოში ღვინო ყოველთვის კონკურენტუნარიანობის შედარებით მაღალი დონით გამოირჩეოდა. ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებით გაიზარდა, რაც კონკურენტუნარიანობის ინდექსებშიც აისახა.
ბოლო პერიოდში ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდა ძირითადად ორმა მიზეზმა გამოიწვია:
- 2013 წელს იუნესკომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა;
- ქართულ ღვინოზე გაუქმდა რუსული ემბარგო.
2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0.75ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატებოდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელიგახლდათ. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.
ცხრილი 2: ქართული ღვინის ექსპორტი, მოცულობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | 2019 | 2019 იანვარი–მაისი | 2020 იანვარი–მაისი |
ბოთლი ( მლნ-0.75 ლიტრი) | 23 | 46 | 59 | 36 | 50 | 76 | 86 | 94 | 26.2 | 23.7 |
ღირებულება (მლნ აშშ დოლარი) | 65 | 128 | 185 | 96 | 87 | 170 | 203 | 240 | 83 | 7 |
წყარო: https://factcheck.ge/ka/story/38529 [10]
ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი -17% (4 114 972 ბოთლი), ჩინეთი – 2% (7 089 259 ბოთლი), აშშ – 48% (678 148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 60% (168 307 ბოთლი). რუსეთში 2019 წელს 58 384 540 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. რუსეთში გატანილმა ღვინომ მთლიანი ექსპორტის 62.1% შეადგინა.
გრაფიკი 2: 2013-2020 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75) და მლნ დოლარი
წყარო: https://factcheck.ge/ka/story/38529 [10]
ცხადია, პროდუქტისა და სექტორის კონკურენტუნარიანობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მ. პორტერის მიხედვით სექტორის კონკურენტუნარიანობა ფირმის კონკურენტუნარიანობის იდენტურია. აღნიშნული კონცეფცია მკვლევართა უმეტესობის აზრითაც არის დადასტურებული. ზოგადად კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს პროდუქტზე არსებული მოთხოვნა, პროდუქტის უნიფიკაცია და სტანდარტიზაცია, დარგში კონკურენტუნარიანი პერსონალის ოპტიმალური ხვედრითი წონა, კონკურენტუნარიანი მიწოდების ჯაჭვი, რესურსებსა და ნედლეულზე ფასები, შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიები და სხვა. მაშასადამე, კონკურენტუნარიანობა კომპლექსური მაჩვენებელია, ამიტომ მის შესაფასებლად ინდექსებთან ერთად სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც არის საჭირო, მათგან აღსანიშნავია ფაქტორული ანალიზი. ამისათვის მოდით, შევარჩიოთ კახეთის რეგიონი და მივმართოთ SWOT ანალიზს, განვიხილოთ უპირატესობები, არსებული პრობლემები და დივერსიფიკაციის შესაძლებლობები. [1]
კახეთის რეგიონის SWOT ანალიზი
მნიშვნელოვანია შევაფასოთ კახეთის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ძლიერი და სუსტი მხარეები, გამოვავლინოთ შესაძლებლობები და საფრთხეები.
კახეთის რეგიონის ძლიერი მხარეებია: ვაზის კულტურის გავრცელებისათვის ნაყოფიერი ნიადაგები და ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობები; ვაზის კულტურული ჯიშების მრავალფეროვნება; მიწის ფართობების შედარებით დიდი მასივები; ღვინის დამზადების ორიგინალური მეთოდები; ღვინის ქარხნებისა და გადამამუშავებელი საწარმოების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები; რეგიონში გავრცელებული ჯიშებით მიღებული ღვინისა და ღვინის პროდუქტების მაღალი საექსპორტო პოტენციალი; მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებით მოსახლეობის ისტორიული, კულტურული, ტრადიციული ფაქტორებით მოტივაცია; დაცული ტერიტორიების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და რეკრეაციული ზონების მრავალფეროვნება აგროტურიზმის, მათ შორის ღვინის ტურიზმის, განვითარებისათვის; შედარებით მოწესრიგებული ცენტრალური ინფრასტრუქტურა და სხვა.
კახეთის რეგიონის სუსტ მხარეებად უნდა განვიხილოთ: ვაზის ჯიშთა წმინდა სადედეების არარსებობა; ნერგის ლაბორატორიულ შემოწმებაზე ხელმიუწვდომლობა; დაბალმოსავლიანი და გამეჩხერებული ვენახების დიდი ფართობები; ღვინის ქარხნებში დანაკარგებზე სახელმწიფო ნორმების არარსებობა; საოჯახო ღვინის მარნების პროდუქტებისათვის ბაზარზე დაბალი ხელმისაწვდომობა; მევენახე-ფერმერთა და მეღვინეთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების დაბალი დონე; შხამ-ქიმიკატების ფალსიფიკაცია და სიძვირე; სასუქებისა და საწვავის სიძვირე; ჩასაბარებელ ყურძენზე გამოყოფილი დაუსაბუთებელი სუბსიდირება; თვითდასაქმებულთა მაღალი დონე; დაბალი შემოსავლები; მოსახლეობის არაოპტიმალური ასაკობრივი სტრუქტურა; ახალგაზრდების მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი; ვაზის ფერმერულ მეურნეობათა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა; ბუნებრივ აირზე დაბალი ხელმისაწვდომობა (63%); მიწების გაუდაბნოებისა და ეროზიის პროცესი; ვაზის ფართობებამდე მისასვლელი გაუმართავი, ძირითადად გრუნტიანი შიდა გზები; სეტყვისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების რისკები და სხვა.
კახეთის რეგიონს მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გააჩნია: ღვინისა და ღვინის პროდუქტების გადამუშავების ინდუსტრიალიზაცია და მოდერნიზაცია; ვაზის თანამედროვე სანერგე მეურნეობების მოწყობა და სერტიფიცირებულ მაღალხარისხოვან ნერგებზე ხელმისაწვდომობა; ღვინის ჩამოსასხმელი მცირე სიმძლავრის თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების მოწყობა; ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონში წარმოებული ღვინოებზე მოთხოვნის სტიმულირება; ღვინის ქარხნებში დანაკარგების ნორმების შემუშავება; რეგიონში აგრარული განათლების სისტემის გაუმჯობესება, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის პროფილით; მევენახეობა-მეღვინეობაში პროფესიული გადამზადების სპეციალური პროგრამების დანერგვა; ღვინის ტურიზმის განვითარება და ღვინის ახალი გზების შექმნა; ფერმერული მეურნეობების, კოოპერატივების, გადამამუშავებელი ხაზების განვითარებით მოსახლეობის დასაქმების დონის გაუმჯობესება და შემოსავლების გაზრდა; თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირება რეალური დასაქმების შექმნით; მიწაზე საკუთრების ფორმების სამართლებრივი პროცესების მოწესრიგება და მიწის ბაზრის განვითარება; რეგიონში ახალგაზრდების დასაქმების მასტიმულირებელი გარემოს შექმნა; თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მწარმოებლურობის დონის გაზრდა; ვაზის ფართობების დასაცავად პრევენციული ღონისძიებების სისტემის შემუშავება კატაკლიზმებისაგან; ინფრასტრუქტურის, მათ შორის თელავის აეროპორტის სრულყოფით, ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოზიდვა.
კახეთის რეგიონში არსებული საფრთხეებიდან პირველ რიგში გასათვალისწინებელია ბუნებრივი კატასტროფები, კერძოდ სეტყვა და ღვარცოფები, ასევე, მოსახლეობის დაბერების პროცესი; ჯანდაცვაზე დაბალი ხელმისაწვდომობის გამო ავადობის დონე და სხვა
კახეთისა და სხვა რეგიონების SWOT ანალიზების, კონკურენტუნარიანობის ინდექსების გაანგარიშებების, ასევე, ფაქტორული ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოში კონკრეტულად ღვინო და ზოგადად ღვინის სექტორი კონკურენტუნარიანია და ბაზარზე ფორმირებული კონკურენციის დონე ღვინისა და ღვინის პროდუქტების დივერსიფიკაციისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. [1] [3]
დივერსიფიკაციის მიმართულებები და მასზე მოქმედი ფაქტორები
მევენახეობა-მეღვინეობაში პროდუქტის დივერსიფიკაციის რამდენიმე მიმართულება შეიძლება გამოვყოთ, ესენია:
- ჰორიზონტალური,
- მეორეხარისხოვანი,
- ვერტიკალური.
ჰორიზონტალური დივერსიფიკაცია უკვე არსებული საქმიანობის გაფართოებას ითვალისწინებს, მაგალითად, ვაზის ფართობების ან ღვინის წარმოების გაზრდა. ამ პროცესებს ხშირად თან ახლავს ე. წ. მეორეხარისხოვანი დივერსიფიკაცია, რაც გულისხმობს ახალ საბაზრო სივრცეში შესვლას, წინა აქტივობებთან კავშირის გარეშე. საკვლევ სფეროში ეს შეიძლება იყოს ღვინის ტურიზმი ან განახლებადი ენერგიის წარმოება. ვერტიკალული დივერსიფიკაცია კი გულისხმობს მევენახეობა-მეღვინეობის საქმიანობებთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მაგალითად, სუფრის ყურძნის წარმოება და პირდაპირი მარკეტინგი ან ღვინის წარმოება და პირდაპირი მარკეტინგი და სხვ.
პროდუქტის დივერსიფიკაციის შესახებ არსებულ ეკონომიკურ კვლევებში იდენტიფიცირებულია ამ პროცესის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები: წარმოების ბუნებრივი პირობები, ფერმერულ მეურნეობათა მდებარეობა, ინფრასტრუქტურა, პროდუქტის ფასისა და დანახარჯების დამოკიდებულება, ასევე, ნიადაგის შესაბამისი ნაყოფიერების შექმნის აუცილებლობა, სასუქების გამოყენება, რისკის მენეჯმენტი და ფერმერის პერსონალური მახასიათებლები. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ფერმერული მეურნეობის ოპტიმალურ სტრუქტურას, საქმიანობათა აქტივობების რაოდენობას და სპეციალიზაციისა და დივერსიფიკაციის დონეს.
ექსპერტული გამოკითხვის შედეგებით აღმოჩნდა, რომ სპეციალიზაციის სტრატეგიას მისდევს ფერმერთა მხოლოდ 5%. მევენახეობაში ფერმერთა 7% დივერსიფიცირებას ახდენს ჰორიზონტალურად, მეღვინეთა 3% ვერტიკალურ დივერსიფიკაციას ახორციელებს. გამოკითხულთა უმეტესობამ უცვლელი დატოვა საქმიანობის აქტივიზაცია. სუსტად, მაგრამ მაინც გამოიკვეთა პირდაპირი მარკეტინგისა და მეურნეობათა შიდა საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივობები, რაც მომავალში ვერტიკალური დივერსიფიკაციის განვითარების შესაძლებლობებს შექმნის. დივერსიფიცირების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ფერმერული მეურნეობებისა და ღვინის ქარხნების ფინანსური მდგომარეობა, გაიზრდება შრომის მწარმოებლურობა და ინფრასტრუქტურის გამოყენების ეფექტიანობა.
რატომ არის დივერსიფიკაცია ასე მნიშვნელოვანი?
დივერსიფიკაციის პროცესის განხორციელებით ფერმერული მეურნეობები და ღვინის ქარხნები რიგ უპირატესობებს მოიპოვებენ, მათგან აღსანიშნავია:
- გაზრდილი შემოსავლების მიღება – ახალი აქტივობების დამატებით ფერმერული მეურნეობები და ღვინის ქარხნები მიიღებენ გაზრდილ შემოსავალს და გაუმჯობესებული ცხოვრების დონეს;
- გარემო პირობებთან ადაპტაციის გაძლიერება – დივერსიფიკაცია ხელს უწყობს ცვლილებებისადმი შეგუებას და ახალი შესაძლებლობების ძიებას. ახალი აქტივობების დამატებით შესაძლებელი გახდება განვითარების ალტერნატიული გზების ძიება და მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში ცვლილებებზე რეაგირების სწრაფად მოხდენა;
- უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა – ახალ აქტივობებში ჩართვით უზრუნველყოფილი გახდება ფერმერებისა და მისი ოჯახის წევრების გრძელვადიანი უსაფრთხოება. დივერსიფიკაციით მიღებული გაზრდილი შემოსავლები იქნება მათი დაზღვევის გარანტია, შედეგად წარმოება გახდება ნაკლებად მგრძნობიარე გარემოს ხშირი ცვლილებებისადმი;
- ტრადიციების დაცვა – დივერსიფიკაციას შეუძლია უზრუნველყოს ფერმერები და მათი ოჯახის წევრები ტრადიციული ფერმერული საქმიანობებით მიღებული საარსებო წყაროებით. ტრადიციული ტექნოლოგიებითა და წესებით დამზადებულ პროდუქტებზე, მოთხოვნის დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლოა სამომავლოდ მოხდეს მათი წარმოების სუბსიდირება და აქტივობების გაგრძელება, რაც, თავის მხრივ, ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ოჯახების, ასევე, ქვეყნისათვის;
- ახალი უნარების განვითარება – დივერსიფიკაცია გამოიწვევს ურთიერთობათა ქსელის გაფართოებას, რაც ახალი უნარების შეძენის სტიმულებს გააჩენს. ახალი უნარების განვითარება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, მომხმარებელთა მომსახურების სფეროში ხელს შეუწყობს ბიზნესის გაფართოებასა და დაცვას. [4]
სახელმწიფოს ჩართულობის მნიშვნელობა
მევენახეობა-მეღვინეობის სექტორს აქვს დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, რომლის წარმატებით გამოყენების შემთხვევაში საქართველო კიდევ უფრო ცნობადი გახდება მსოფლიოში და გაიზრდება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა. ბუნებრივია, ამ პროცესებში გადამწყვეტი როლი მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიის წარმოამადგენლებმა უნდა შეასრულონ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. ამ უკანასკნელმა სხვადასხვა ღონისძიებითა და პროგრამით ხელი უნდა შეუწყოს დარგში არსებული პრობლემების მოგვარებას და საექსპორტო ბაზრების განვითარების ხელშემწყობი ქმედებების განხორციელებას
მნიშვნელოვანია, რომ სასოფლო-სამეურნეო განვითარების სახელმწიფო პროგრამებმა სტიმული მისცეს დივერსიფიკაციის პროცესს როგორც წარმოების პროცესში ინოვაციების ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, სტრატეგიული ინფორმაციებისა და ცოდნის მიწოდებით, დანახარჯების შემამცირებელი ტრანზაქციების განხორციელებით.
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამაზე 2019 წელს 14 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი. პროგრამის ძირითადი მიზანი ქართული ღვინის პოპულარობის ზრდაა. შესაბამისად, ფინანსდება ქართული ღვინოს საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენებისა და პრესტურების მოწყობა, სარეკლამო რგოლების დამზადება და ა.შ. პროგრამა, ასევე, მოიცავს ვენახების ფართობების აღრიცხვას, კადასტრის დანერგვას და ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობას და ა.შ [2]
გრაფიკი 3: 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამები, მლნ ლარი
წყარო: https://transparency.ge/sites/default/files/sakartvelos_soplis_meurneoba.pdf [6]
აქვე უნდა ვახსენოთ, კოვიდ პანდემიის მიერ გამოწვეული უარყოფითი ეფექტების დასაძლევად ბიუჯეტიდან გაღებული თანხები ბიზნესის მხარდასაჭერად. საქართველოს ფინანსათა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ბიუჯეტში, ამისათვის ჯამურად გამოყოფილია 2.8 მლრდ ლარი.
გრაფიკი 4: პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები
წყარო: https://www.mof.ge/images/File/ministris%20aparati/2021/06-01-2021/budget2021.pdf[11]
ასევე გასული წლის ბიუჯეტით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილ იქნა 463,6 მლნ ლარი, საიდანაც მეღვინეობის განვითარების პროგრამებს მოხმარდა 53,2 მლნ ლარი
გრაფიკი 5: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, 2021წ
წყარო:https://www.mof.ge/images/File/ministris%20aparati/2021/06-01-2021/budget2021.pdf [11]
განხილული საკითხებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროდუქტების დივერსიფიკაციის პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ დასაბუთებული პროგრამებითა და შესაბამისი კვლევებით, ასევე ასურველია სახელმწიფოს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში კოოპერატივების შექმნის სტიმულირების მექანიზმების შემუშავება რაც მეტწილად ხელს შეუწყობს მიწის ფრაგმენტაციის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას.
მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის დივერსიფიკაციისათვის აუცილებელია სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების მიმართულებით შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: პროგრამებს შორის კოორდინაცია, პროგრამების შემუშავების დროს მცირე ფერმერების საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი ფოკუსირება, პროგრამების შესახებ მეტი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და ფერმერების ინფორმირება, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასება კვლევების საფუძველზე და სხვ; [1] [12]
დასკვნა
მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის განვითარების ტენდენციებისა და დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელების კვლევის შედეგად ვასკვნით, რომ კონკურენტუნარიანობის ინდექსებისა და ფაქტორული ანალიზის შედეგებით ქართული ღვინო და ზოგადად ღვინის სექტორი კონკურენტუნარიანია. ბაზარზე ფორმირებულია მონოპოლისტური კონკურენციის დონე, რაც ღვინისა და ღვინის პროდუქტების დივერსიფიკაციისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მევენახეობა-მეღვინეობაში შეზღუდულია ღვინისა და ღვინის პროდუქტების სახეობები და მათი შეთანაწყობის შესაძლებლობები, გარდა ამისა ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია პროდუქტისა და ბაზრის დივერსიფიკაციის შესახებ, რაც ცხადია შემაფერხებელია.
ვახსენეთ რომ, დივერსიფიკაცია რთული პროცესია და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების კომპლექსურ გათვალისწინებას მოითხოვს. მართალია, ფერმერულ მეურნეობებში და ღვინის კომპანიებში გამოყენებულია დივერსიფიკაციის სხვადასხვა ფორმა, თუმცა, ეს პროცესი სტრატეგიის სახით არ არის ასახული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში და მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში დივერსიფიკაციის პროცესი ჯერკიდევ საწყის ეტაპზეა.
დივერსიფიკაციის გზით ფერმერები შეძლებენ იმ დარგებში შეღწევას, რომელთაც არა აქვთ პირდაპირი საწარმოო კავშირი ან ფუნქციური დამოკიდებულება მათი საქმიანობის ძირითად დარგებთან, შესაბამისად, სამეურნეო საქმიანობა გაფართოვდება და გავრცელდება ახალ საწარმოო და მომსახურების სფეროებზე.
დივერსიფიკაცია შესაძლებელობებს მისცემს ფერმერულ მეურნეობებსა და ღვინის ქარხნებს თავიანთი წარმოება გააფართოონ როგორც ტრადიციული, ასევე, ახალი საშემოსავლო აქტივობების დამატებით. ყურძნის მოყვანით დაწყებული, ღვინის დაყენებით დამთავრებული, ასევე, ადგილობრივი ტურისტული გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნით
დივერსიფიკაციის პროცესის განხორციელებით ფერმერული მეურნეობები და ღვინის ქარხნები რიგ უპირატესობებს მოიპოვებენ, მათგან აღსანიშნავია: გაზრდილი შემოსავლების მიღება, გარემო პირობებთან ადაპტაციის გაძლიერება, ცვლილებებისადმი შეგუება და ახალი შესაძლებლობების ძიება, ასევე განვითარების ალტერნატიული გზების ძიება, მოკლე და გრძელვადიან პერიოდებში ცვლილებებზე რეაგირების სწრაფად მოხდენა, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ტრადიციების დაცვა, ახალი უნარების განვითარება, ურთიერთობათა ქსელის გაფართოება და ა.შ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ხარაიშვილი ე. „ღვინის ბაზარი და მევენახეობა- მეღვინეობის დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელები საქართველოში“, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“ 2017.
- https://daily.sevenfifty.com/understanding-the-georgian-wine-boom/
- https://tbilisilocalguide.com/tbilisi/wine-market/
- https://bm.ge/ka/video/gvinis-bazris-diversifikaciis-mnishvneloba/14156
- https://openscience.ge/bitstream/1/2051/1/Samagistro%20Tsertsvadze.pdf
- https://transparency.ge/sites/default/files/sakartvelos_soplis_meurneoba.pdf
- https://gwa.ge/yurdznis-jishebi/
- https://www.fao.org/faostat/en/#data
- https://agrokavkaz.ge/pdf/vazis-qarthuli-jishebis-tsnobari.html
- https://factcheck.ge/ka/story/38529
- https://www.mof.ge/images/File/ministris%20aparati/2021/06-01-2021/budget2021.pdf
- https://www.bestgeorgian.com/georgian-wine-grapes/