მონეტარული მაჩვენებლების მიმდინარე ტენდენციები

ავტორის სტილი დაცულია
ქეთი ზაუტაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტი
zautashviliq@gmail.com

ანოტაცია

დღევანდელი რეალობა თითქმის წარმოუდგენელია მონეტარული მაჩვენებლების გარეშე. ფული, როგორც ასეთი, ჩვენი ყოველდღიურობის უმთავრესი ელემენტი გახდა. ფულადი ნაკადები ერთ-ერთი უმთავრესი საძირკველია, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა დგას. საქართველოში ფულს და, ზოგადად, მონეტარულ მაჩვენებლებს ეროვნული ბანკი ზედამხედველობს. ნაშრომში განვიხილავ ფულის, როგორც უმთავრესი აქტივის ფუნქციებს, დავახასიათებ ფულად აგრეგატებს. ვისაუბრებ ფულის მიწოდებაზე. შემდგომ, განვიხილავ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს მონეტარულ ინსტრუმენტს – რეფინანსირების განაკვეთს. შევეხები, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინფლაციის სახით და გამოვკვეთ, რა კავშირია რეფინანსირების განაკვეთსა და ინფლაციას შორის. ბოლოს, ვისაუბრებ უახლოეს მოვლენებზე და აღვნიშნავ, რა ნეგატიური შედეგები მოაქვს მას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

Annotation

Today’s reality is almost unimaginable without monetary indicators. Money, as such, has become an essential element of our daily lives. Cash flow is one of the main pillars on which the country’s economy stands. In Georgia, money and, in general, monetary indicators are monitored by the National Bank. In the paper I will discuss the functions of money as a major asset, also characterize monetary aggregates. I will talk about money supply. Next, I will discuss one of the most important monetary instruments of the National Bank – the refinancing rate. I will also touch on one of the main challenges of the Georgian economy in the form of inflation and outline the relationship between the refinancing rate and inflation. Finally, I will talk about the upcoming events and note what negative consequences it will bring to our country’s economy.

ეკონომიკაში ფული სამ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:

მიმოქცევის საშუალება – ფული ადამიანებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ დროისა და ძალისხმევის უმცირესი დანახარჯებით. ის ასევე ზრდის მწარმოებლურობას. ღირებულების საზომი – ფული ემყარება საქონლის ერთეულის ეკონომიკურ ღირებულებას. დაგროვების საშუალება –  ფული არის სიმდიდრის დაგროვების გზა.

საქართველო იყენებს სამ ძირითად მონეტარულ აგრეგატს: M1 მონეტარული აგრეგატი, რომელიც მოიცავს ნაღდ ფულს, სამგზავრო ჩეკებს, მოთხოვნამდე ანაბრებს და სხვა დეპოზიტებს. M2 მონეტარული აგრეგატი, მოიცავს M1 აგრეგატს დამატებული ამას შემნახველი დეპოზიტები, მოკლევადიანი დეპოზიტები, ფულადი ბაზრის ურთიერთფონდები და ფულადი ბაზრის სადეპოზიტო ანგარიშები. M3 მონეტარული აგრეგატი, მოიცავს M2 აგრეგატს დამატებული მსხვილი ვადიანი დეპოზიტები, გადაყიდვადი ხელშეკრულებები და ა.შ. [1]  შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს მაგალითზე მოცემული აგრეგატების დინამიკა.

გრაფიკი 1: ფულადი აგრეგატების დინამიკა საქართველოში (2010-2021 წლები)

წყარო: www.nbg.gov.ge

ვხედავთ, რომ სამივე აგრეგატს გააჩნია მკვეთრი დადებითი ტრენდი, განსაკუთრებით ეს ეხება M3 აგრეგატს. შეიმჩნევა უმნიშვნელო კლების ტენდენციებიც, თუმცა, ისინი არაარსებითია.

ასეთი პერმანენტული ზრდის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ეკონომიკა საჭიროებს ახალ და ახალ ფულად ნაკადებს შემდგომი განვითარებისკენ. აქ მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ფულის მიწოდებაზე. ქვეყანათა უმრავლესობაში, მათ შორის საქართველოშიც, ფულის მიწოდება ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.

ფულის მიწოდება ესაა ფულის რაოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომია ეკონომიკაში სარგებლობისთვის. საქართველოში, ეროვნული ბანკი იყენებს მონეტარული პოლიტიკის ფართო ინსტრუმენტარს, თუმცა ჩვენი ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ამ ინსტრუმენტებისგან მხოლოდ ერთის, რეფინანსირების განაკვეთის განხილვა. ინფლაციის თარგეთირების პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია (რეფინანსირების განაკვეთი). [2] [3] თუ პროგნოზირებული ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს და ზრდის რეფინანსირების განაკვეთს. პირიქით, თუ პროგნოზირებული ინფლაცია ჩამორჩება მიზნობრივ მაჩვენებელს, ეროვნული ბანკი არბილებს მონეტარულ პოლიტიკას და რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. [2] [4] [5]

გრაფიკი 2: რეფინანსირების განაკვეთისა და ინფლაციის დინამიკა საქართველოში (%) (2008-2022 წლები)

წყარო: www.nbg.gov.ge

გრაფიკზე ვხედავთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი გაზრდილია ძირითადად კრიზისების პერიოდში. მაგალითად 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელიც გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოსაც, ცალსახად გამოიწვევდა ინფლაციურ პროცესებს ქვეყანაში. ამიტომაც ეროვნული ბანკი იძულებული იყო რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა. ბოლო წლებში მიმდინარე პანდემიაც მძლავრად აისახა ინფლაციაზე, ამიტომაც ვხედავთ, რომ 2020 წელსაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება. 2022 წლის თებერვალში ის 10.5%-ს შეადგენს.  რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. ის ხასიათდება არასტაბილური რყევებით, რაც იმითაა განპირობებული, რომ საქართველო მცირე ღია ეკონომიკას წარმოადგენს. [2] [6]

ეროვნული ბანკის განცხადებით, ქვეყანაში ნარჩუნდება მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რაც ინფლაციის მაღალი დონითაა განპირობებული. ინფლაციის დონე, ეროვნული ბანკის პროგნოზებით 2022 წლის გაზაფხულიდან დაბლა დაიწევს. [6]

თუმცა, მეტად საყურადღებო და საგანგაშო ამბავი გახლავთ რუსეთ-უკრაინას ომი, რომელსაც შემდგომ ბევრი ფარული ეკონომიკური შედეგი მოსდევს. საქმე ისაა, რომ დაწესებული სანქიეცბი რუსეთის წინააღმდეგ აუცილებლად შეეხება სხვა ქვეყნების ეკონომიკასაც, მათ შორის საქართველოსაც. დიდი ალბათობით, გაიზრდება ნავთობის ფასები, რაც იმოქმედებს აშშ დოლარზეც. საბოლოოდ ეს გამოიწვევს ლარის გაცვლითი კურსის ზრდას. განვიხილოთ ბოლო 1 კვირის გაცვლითი კურსი

გრაფიკი 3: გაცვლითი კურსი აშშ დოლარი/ლარი (19.02.2022-25.02.2022)

წყარო: www.nbg.gov.ge

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გაცვლითი კურსი ბოლო 2-3 დღეში საგრძნობლად გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება. [7]

სიტუაციის გაუარესებამდე, ეროვნული ბანკის პროგნოზი როგორც ინფლაციაზე, ასევე რეფინანსირების განაკვეთზე საკმაოდ ოპტიმისტური იყო.

რეალისტური სცენარით ინფლაცია 2022 წლის მე-3 კვარტლისთვის 4%-მდე დაეცემა, რაც მეტ-ნაკლებად დაასტაბილურებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას. რეფინანსირების განაკვეთი ამავე პერიოდში 8-9%-ის ფარგლებში შენარჩუნდება [2]

დასკვნა

ამრიგად, შეგვიძლია შევაჯამოთ ნაშრომი. ვისაუბრეთ ფულის, როგორც ეკონომიკური აქტივის ფუნქციებზე. აღვწერე საქართველოს მონეტარული აგრეგატები და განვიხილე მათი დინამიკა.

ვისაუბრე მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტზე – რეფინანსირების განაკვეთზე, რომელიც აქტიურად გამოიყენება სებ-ის მიერ ინფლაციის თარგეთირებაში.

შევეხე მეტად მძიმე და მტკივნეულ თემასაც, რუსეთ-უკრაინის ომის სახით და მცირედით აღვნიშნე, რა ნეგატიური ეკონომიკური შედეგები მოაქვს მას საქართველოს ეკონომიკისთვის.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მონეტარული მაჩვენებლები მართლაც დიდ როლს თამაშობს ეკონომიკის ფუნქციონირებაში. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, დასტაბილურდება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ჩიქობავა მ., კაკულია ნ., მაკროეკონომიკა II დონე, თსუ, 2016
  2. www.nbg.gov.ge
  3. კიური ბ., „ეკონომიკური პოლიტიკა: თეორია და პრაქტიკა“, თბილისი, თსუ, 2016
  4. https://www.investopedia.com/ask/answers/122214/how-does-monetary-policy-influence-inflation.asp
  5. https://fincult.info/article/denezhno-kreditnaya-politika-i-klyuchevaya-stavka-kak-oni-svyazany-i-na-chto-vliyayut/
  6. https://civil.ge/ru/archives/460629
  7. https://metronome.ge/story/395775