საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ანალიზი
ავტორის სტილი დაცულია
მარიამი მანუკოვი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
marimanukova24@gmail.com
ანოტაცია
მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის ფონზე და საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო სექტორების გამართულ და ეფექტიან მუშაობასთან.
საქართველო მდებაროებს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სადაც სტრატეგიული დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება. სწორედ ამიტომ ტრანსპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ განვითარებაში. სატრანსპორტო სისტემა უზრუნველყოფს პირობებს ეკონომიკური ზრდის, ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის.
ვფიქრობ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია თანამედროვე ეკონომიკური სისტემის პირობებში, განსაკუთრებით COVID პანდემიის პერიოდში. მოდით გავაანალიზოთ, თუ რა მდგომარებაა საქართველოში ამ მხრივ და დეტალურად განვიხილოთ მისი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
Annotation
Against the background of the current globalization in the world and due to the location of Georgia, the development of the country’s economy is directly related to the smooth and efficient work of the transport sectors.
Georgia is located at the crossroads of Europe and Asia, where strategic cargo is transported. That is why transport plays an important role in both social and economic development of the country. The transport system provides the conditions for economic growth, competitiveness of the national economy and improving the quality of life of the population.
I think this topic is quite relevant in the conditions of the modern economic system, especially during the period of the Covid pandemic. Let’s analyze the situation in Georgia in this regard and discuss in detail its impact on the country’s economic situation.
შესავალი
სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ ამ საკითხზე, უმჯობესია ზოგადად მიმოვიხილოთ სატრანსოპრტო საშუალებები და სატრანსპორტო სისტემა, კერძოდ, რას გულისხმობს ისინი, რა კომპონენტებისგან შედგება და ა.შ.
ტრანსპორტი არის ერთობლიობა საშუალებების, რომელთა დანიშნულება ადამიანების, ტვირთის და ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორეში გადატანაა. სატრანსპორტო ინდუსტრია სამ მთავარ კომპონენტად იყოფა: ინფრასტრუქტურად, მანქანებად და მართვად. ინფრასტრუქტურა მოიცავს ტრანსპორტისთვის საჭირო უძრავ კონსტრუქციებს, მათ შორის საავტომობილო გზებს, რკინიგზებს, საჰაერო გზებს, არხებს, სადენებს ან ტერმინალებს, როგორიცაა აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და საზღვაო სადგურები. მანქანები, რომლებიც ამ ქსელში მოძრაობს არის ავტომობილები, ავტობუსები, მატარებლები, თვითმფრინავები და სხვა. ხოლო მართვა მოიცავს ამ მანქანებისა და კონსტრუქციების ოპერირებასა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს, როგორიცაა ფინანსირება, პოლიტიკა და იურიდიული მომსახურება.
განასხვავებენ მიწისზედა, წყლის და საჰაერო ტრანსპორტს. მიწისზედა ტრანსპორტში იგულისხმება სარკინიგზო ტრანსპორტი, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტი, წყლის ტრანსპორტში – საზღვაო და სამდინარო, საჰაეროში – საავიაციო ტრანსპორტი.
დანიშნულების მიხედვით ტრანსპორტი იყოფა საერთო (რომელიც ემსახურება მოსახლეობას), არასაერთო (შიდასამრეწველო გადაზიდვები) და პირადი სარგებლობის ტრანსპორტად. [1]
რაც შეეხება სატრანსპორტო სისტემას, ეს არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო საწარმოები, სატრანსპორტო საშუალებები და მათი მართვა მთლიანობაში. ერთიანი სატრანსპორტო სისტემა უზრუნველყოფს ტრანსპორტის ყველა რეჟიმის კოორდინირებულ განვითარებას და ექსპლუატაციას, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს სატრანსპორტო საჭიროებები მინიმალური ხარჯებით.
სატრანსპორტო სისტემის რაოდენობრივი მაჩვენებლებია:
- საკომუნიკაციო მარშრუტების სიგრძე;
- თანამშრომლების რაოდენობა;
- ტვირთების და მგზავრების ბრუნვა. [2]
სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო სექტორზე
ცხრილი 1. საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ზოგადი მონაცემები 2014-2021 წლების მიხედვით
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/395/transporti307
როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ბრუნვა 2014-დან 2015 წლამდე 3.7-დან 4.3 მლრდ. ლარამდე გაიზარდა. 2016 წელს ის უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა 2017-2019 წლებში კვლავ შეინიშნება ზრდა. 2019-დან 2020 წლამდე ბრუნვა 6.0-დან 5.8 მლრდ. ლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს 2021 წლის პირველ კვარტალში – 1.4 მლრდ. ლარი. 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში ბრუნვა 1.7-მდე გაიზარდა, ხოლო მეოთხე კვარტალში 2.0 მლრდ. ლარი შეადგინა.
ბრუნვის მოცულობის პირდაპირპროპორციულად იცვლება გამოშვებული ღირებულებაც. ცხრილიდან ჩანს, რომ აქაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს 2019 წელს – 4.6 მლრდ. ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 2021 წლის პირველ კვარტალში – 1.0 მლრდ. ლარი. 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში გამოშვებული ღირებულება გაიზარდა 1.2-მდე, მეოთხე კვარტალში კი – 1.5 მლრდ. ლარამდე.
დამატებული ღირებულება და შუალედური მოხმარება 2014-დან 2019 წლამდე ყოველწლიურად გაიზარდა და 2019 წელს ორივე მაჩვენებელმა შეადგინა 2.3 მლრდ. ლარი. 2020 წელს ორივე მცირდება 2.1 მლრდ. ლარამდე. სამწუხაროდ 2021 წლის მონაცემები მათ შესახებ ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.
განსხვავებული სიტუაციაა ფიქსირებულ აქტივებში. 2014-დან 2015 წლამდე ისინი უმნიშვნელოდ შემცირდა 5.0-დან 4.9 მლრდ. ლარამდე. 2015-დან 2017 წლამდე შეინიშნება ზრდა და სწორედ 2017 წელს მიაღწია ფიქსირებულმა აქტივებმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 9.6 მლრდ. ლარს. შემდეგომ დაიწყო შემცირება და 2020 წელს შეადგინა 5.3 მლრდ. ლარი. 2021 წლის მონაცემები აქაც ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, აქ 2014-2019 წლებში შეინიშნება ზრდა. 2019-დან 2020 წლამდე ეს მაჩვენებელი 56.8-დან 49.6 ათას კაცამდე შემცირდა, შემდგომ კი კვლავ გაიზარდა და 2021 წლის მეოთხე კვარტალში 55.3 ათასი კაცი შეადგინა.
და ბოლოს, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 2014-დან 2021 წლის მეორე კვარტალამდე გაიზარდა. 2021 წლის მეორე კვარტალიდან მესამე კვარტალამდე 1653.7-დან 1584.5 ლარამდე შემცირდა, ხოლო მეოთხე კვარტალში მიაღწია ყევალზე მაღალ მაჩვენებელს – 1839.3 ლარს.
ცხრილი 2. ტრანსპორტის და დასაწყობების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შრომითი დანახარჯები საწარმოთა ზომის მიხედვით 2006-2021 წლებში, მლნ. ლარი
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/395/transporti307
ცხრილი 2-ზე ნაჩვენებია ტრანსპორტის და დასაწყობების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შრომითი დანახარჯები საწარმოთა ზომის მიხედვით 2006-2021 წლებში. ცხრილიდან ჩანს, რომ ტრანსპორტის და დასაწყობების საქმიანობით დაკავებული მსხვილი საწარმოების შრომითი დანახარჯები ყველაზე მაღალია 2019 წელს – 589.6 მლნ. ლარი, ხოლო ყველაზე დაბალია 2021 წლის პირველ კვარტალში – 132.8 მლნ. ლარი. საშუალო საწარმოების შრომითი დანახარჯები ყველაზე მაღალია 2020 წელს – 148.1 მლნ. ლარი, ხოლო ყველაზე დაბალია 2006 წელს – 23.7 მლნ. ლარი. რაც შეეხება მცირე საწარმოებს, მათი შრომითი დანახარჯები მსხვილი საწარმოების მსგავსად ყველაზე მაღალია 2019 წელს – 237.0 მლნ. ლარი, ხოლო საშუალო საწარმოების მსგავსად ყველაზე დაბალია 2006 წელს- 26.3 მლნ. ლარი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე ტიპის საწარმოების მთლიანი შრომითი დანახარჯები 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 2021 წლის კვარტალების მიხედვითაც.
ცხრილი 3. ტრანსპორტის და დასაწყობების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შრომითი დანახარჯები საქმიანობის სახეების მიხედვით 2006-2021 წლებში, მლნ. ლარი
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/395/transporti307
ცხრილი 3-ზე ნაჩვენებია ტრანსპორტის და დასაწყობების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შრომითი დანახარჯები საქმიანობის სახეების მიხედვით 2006-2021 წლებში. ამ ცხრილიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით შრომით დანახარჯებში ყველაზე მცირე წილი უკავია წყლის ტრანსპორტს. აქ მინიმალური შრომითი დანახარჯია 0.1 მლნ. ლარი 2006-2009 წლებში, ასევე 2015 და 2018 წელს, ხოლო მაქსიმალური – 0.9 მლნ ლარი 2020 წელს. ყველაზე დიდი წილი კი უკავია სახმელეთო ტრანსპორტს და ტრანსპორტირებას მილსადენებით. აქ მინიმალური შრომითი დანახარჯია 106.9 მლნ. ლარი 2021 წლის პირველ კვარტალში, ხოლო მაქსიმალური – 500.9 მლნ. ლარი 2019 წელს.
დიაგრამა 1. ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დაქირავებულთა რაოდენობა 2006-2021 წლებში, ათასი კაცი
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/395/transporti307
რაც შეეხება დიაგრამა 1-ს, ის გვიჩვენებს ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დაქირავებულთა რაოდენობას 2006-2021 წლებში. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2019 წელს – 56.6 ათასი კაცი, ხოლო ყველაზე დაბალი – 2007 წელს – 38.0 ათასი კაცი. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსპორტისა და დასაწყობების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დაქირავებულთა რაოდენობა 2019-დან 2021 წლის პირველ კვარტალამდე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა შემდგომ კვარტალებში კვლავ გაიზარდა.
საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო სისტემები და მათი პრიორიტეტები
საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო სისტემებია:
- საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტები
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
- ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი;
- ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი;
- ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი
- მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი;
- საზღვაო ნავსადგურები/ტერმინალები
- ბათუმის საზღვაო ნავსადგურიბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი;
- ფოთის საზღვაო ნავსადგური;
- შავი ზღვის ტერმინალი;
- სუფსის ტერმინალი
- სარკინიგზო ტრანსპორტი
- საქართველოს რკინიგზა;
- მარაბდა-კარწახის რკინიგზა.
ამ სატრანსპორტო სისტემების ძირითადი პრიორიტეტებია:
- საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება;
- სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაცია ევროპის კანონმდებლობასთან;
- საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების განხორციელება;
- უსაფრთხოების პოლიტიკის გაუმჯობესება;
- მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შემუშავება;
- საქართველოს საზღვაო დარგის კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
- მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის გაუმჯობესება და დროშის სახელმწიფო ვალდებულებათა სათანადო შესრულება. [3]
საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები
ჯერ განვიხილოთ საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებული რეფორმები. ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგულირების სრულყოფის მიზნით და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად 2011 წლის 15 აპრილიდან შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
- სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;
- სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მუშაობის ძირითად მიმართულებებს ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგულირების განხორციელება წარმოადგენს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ესენია:
- ”ევროგაერთიანებასა და მის წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის კანონმდებლობასთან და მისი იმპლემენტაციის პროცესში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ხელისშეწყობა;
- საქართველოს ავიაბაზარზე დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და ავიაბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ხელისშეწყობა;
- ქართველ მეზღვაურთა დიპლომების აღიარების განახლება ევროკავშირის მიერ, რაც ხელს შეუწყობს ქართველ მეზღვაურთა დასაქმებას ევროკავშირის ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე;
- საქართველოს დროშის ამოღება “ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის ორგანიზაციის “შავი სიიდან”;
- ”საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ” (AETR) შეთანხებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
- “სახიფათო ტვირთების საგზაო ტრანსპორტირების შესახებ” (ADR) ევროპის შეთანხმებასთან მიერთებისათვის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;
- მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების მიზნით (პროექტი – SILK WIND საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი) პროექტის მონაწილე ქვეყნებთან ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან შეთანხმების გაფორმება. [3]
საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციის გააქტიურების ეკონომიკური მიმართულებები
საქართველოს სატრანსპორტო სექტორის დაჩქარებულ განვითარებაში გადამწყვეტი, სხვა საკითხებთან ერთად, მაკროეკონომიკური ფაქტორებია, რომლებიც შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:
- ქვეყანაში საბაზრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ისე, რომ უზრუნველვყოთ სასაქონლო, ფასიანი ქაღალდების და შრომითი ბირჟების სრულყოფილად ფუნქციონირება;
- საგადასახადო სისტემის სრულყოფა. სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებისათვის შეიქმნას შეღავათიანი საგადასახადო სისტემა. საგადასახადო სისტემა გახდეს დიფერენცირებული, არაპროპორციული და გათვალისწინებულ იქნეს დაბალი საგადასახადო განაკვეთები პრიორიტეტული დარგებისათვის;
- გაუმჯობესდეს ფულად-საკრედიტო სისტემა ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნული ვალუტის- ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა მსოფლიოს სხვა თავისუფლად კონვერტირებულ ვალუტებთან (აშშ-ს დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინი), ამასთან, სატრანსპორტო კომპანიებისათვის განისაზღვროს შეღავათიანი კრედიტები მსგავსად სახელმწიფო პროგრამისა „აწარმოე საქართველოში“. [4]
დასკვნა
როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოს გეოგრაფიული თავისებურებები ბუნებრივი წანამძღვრებია ქვეყნის ტრანსპორტის განვითარებისათვის, რომელთანაც პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდა და განვითარება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სატრანსპორტო დარგების კოორდინირებული ფუნქციონირება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია-მშენებლობა და ქვეყნის კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს.
სტატიაში მოცემულ ინფოორმაციაზე დაყდრდნობით, ქვეყნის მთავრობა ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას და ქვეყნის სატრანსპორტოს სისტემების მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც ასევე აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- თავისუფალი ენციკლოპედია „ვიკიპედია“. ტრანსპორტი
- Свободная энциклопедия „Википедия“. Транспортная система
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ტრანსპორტი
- პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები „ეკონომიკა – XXI საუკუნე“. გ. ტყეშელაშვილი, ნ. ადუშელიშვილი
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/395/transporti307