ქართული ღვინის ხარისხი და კონკურენტუნარიანობა
ეთერი სარჯველაძე, ეკ. მეც. კანდიდატი, ნიკო თევდორაშვილი
კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოება და მისი რეალიზაცია საგარეო ბაზარზე საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებობს როგორც ფუნქციონალური (სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების სახით), ასევე ხარისხობრივი (რომელიც აქეზებს მომხმარებელს უკეთესად დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა უფრო მაღალი სამომხმარებლო თვისებების მქონე პროდუქციით) კონკურენცია.
ამასთან, ბაზარზე არის ბევრი ფირმა მსოფლიოში განთქმული ღვინისმწარმოებელი რეგიონებიდან, რომლესაც გააჩნია ავტორიტეტული სამარკო ნიშანი, აქედან, არსებობს ძლიერი ფირმათშორისი კონკურენციაც – ვინ უფრო უკეთესად დაეუფლება პოტენციურ მომხმარებელს.
კონკურენცია სასაქონლო წარმოებაში, ხშირად აიძულებს მწარმოებლებს, საქონლის გასაღების მიზნით, ფასი ან დასწიონ და ან შეამცირონ იმ საქონლის რაოდენობა, რომელიც მოცემულ მომენტში არ შეესაბამება საზოგადოებრივ მოთხოვნებს. კონკურენციას მივყავართ იქამდე, რომ სწრაფვა გაუმჯობესებისა და სრულქმნილებისაკენ უკვე “იძულებითი კანონის” სახეს იღებს (7).
კონკურენციის ბრძოლის მეთოდებიდან უნდა გამოვყოთ ე.წ. ფასობრივი და არაფასობრივი მეთოდებიც.
საქართველოში დაბალფასიანი საექსპორტო ღვინოების წარმოება არარენტაბელურია იმიტომ, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ღვინის წარმოებაში გამოყენებული ყურძნის ჯიშები და ამ ქვეყნების ბუნებრივ-კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობით მიიღონ საშუალო და დაბალი ხარისხის დაბალფასიანი ღვინოები. მსოფლიო ბაზარი გაჯერებულია სწორედ ამ სახის ღვინოებით. ამიტომაც, ამ პირობებში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების აქტუალურ პრობლემად მიგვაჩნია მაღალხარისხოვანი ჯიშური ღვინოების წარმოება, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ მსოფლიოში განთქმულ ღვინოებს.
ჩვენი ღვინოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის აუცილებელია ვიზრუნოთ საკუთარი პროდუქციის ხარისხის მუდმივ ამაღლებაზე. საჭიროა ჩვენი მოქმედების სტრატეგიული დასაბუთება. ე.ი. უნდა შევაფასოთ მუშაობის პერსპექტივები მოცემულ ბაზარზე. კერძოდ, ღვინის სამომხმარებლო თვისებებიდან თუ რომელს ანიჭებს უპირატესობას მიზნობრივი მომხმარებელი, ის მახასიათებლები, რომლითაც იგი განსხვავდება მსოფლიო ბაზარზე ამჟამად აღიარებული კონკურენტების მიერ წარმოებული ღვინოებისაგან, მაგალითად, უფრო მაღალი საგემოვნო თვისებებით, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით, ფასით და სხვა.
ღვინო გემოვანი ალკოჰოლური პროდუქტია და მისი მოხმარებაც ძირითადად საგემოვნო თვისებებით და მოხმარების ტრადიციებითაა განპირობებული. მაღალი საგემოვნო თვისებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ნედლეულის ხარისხი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ვაზის ჯიში, ყურძნის ხარისხი, რომელიც დამოკიდებულია ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებზე, აგროტექნიკურ ღონისძიებებზე და გადამუშავების ტექნოლოგიაზე. ჩვენი ეკონომიკისათვის მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში არსებობს რეგიონები, სადაც მოვიყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო არ ჩამოუვარდება და ზოგჯერ უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე მსოფლიოში განთქმული რეგიონების პროდუქცია. ამის დამადასტურებელია ის მრავალი წარმატება, რომლებიც ჰქონდათ ჩვენს ღვინოებს საერთაშორისო კონკურსებზე და გამოფენებზე და რიგ შემთხვევებში დღესაც ინარჩუნებენ აღიარებას.
ვინაიდან ღვინო საკვები პროდუქტია, მისი ხარისხის შეფასების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება უვნებლობის მოთხოვნების დაცვას და იგი აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა მეწარმის მიერ, როგორც საგარეო ისე შიდა ბაზარზე.
პროდუქციის ხარისხი წარმოადგენს მარკეტინგის სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს, ბაზარზე პროდუქციის მდგრადი კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელ ძირითად მაჩვენებელს.
მსოფლიო ბაზარზე საქონლის წარმატებას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს: ხარისხი და ფასი, მაგრამ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წინ წამოიწია ხარისხის პრობლემამ. (8).
მაღალი ხარისხი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მაჩვენებელია. ღვინის ხარისხის ამაღლება მისი წარმოების ეფექტურობის გადიდების დიდ რეზერვსაც წარმოადგენს, ვინაიდან არსებობს მჭიდრო კავშირი პროდუქციის ხარისხს, მომხმარებლის დაკმაყოფილებასა და კომპანიის მოგების დონესთან. საქონლის უფრო მაღალი ხარისხი უფრო მეტად აკმაყოფილებს მომხმარებელს, აქვს უფრო მაღალი სამომხმარებლო ღირებულება და გამორიცხულია რეალიზაციის შეფერხება. ამრიგად, ხარისხის გაზრდის პროგრამის რეალიზება, როგორც წესი, იწვევს მოგების გაზრდას. ამავე დროს მას დიდი სოციალური მნიშვნელობაც აქვს, რადგან ღვინის ხარისხი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და შრომის უნარიანობაზე.
ხარისხზე ორიენტაცია კონკურენტულ ბრძოლაში არ ნიშნავს, რომ ფირმა ყველა სახის წარმოებულ პროდუქციაზე ისწრაფვის მიაღწიოს ხარისხის მაქსიმალურ დონეს. მარკეტინგის სტრატეგია დაფუძნებულია მომხმარებლის მოთხოვნის პროგნოზირებაზე და გულისხმობს მოქნილ გადასვლას იმ პროდუქციის გამოშვებაზე, იმ ხარისხის მაჩვენებლებით, რომელიც დღეს უნდა მომხმარებელს. მისი გასაღებით მწარმოებელი მიიღებს უფრო მეტ შემოსავალს, მაგალითად, “დაუყოვნებელი” ღვინოების წარმოებით, ამავდროულად აწარმოებს მუშაობას, იმ ასორტიმენტზე, როგორიცაა “დავარგებული” ღვინოები, რომელთა მიღებაც ჯერ წამგებიანია ხანგრძლივი (1,5-3 წელი) დაყოვნებისა და სოლიდური კაპიტალდაბანდების საჭიროების გამო, მაგრამ მომავალში დიდი პერსპექტივა აქვთ.
მოსახლეობის მსყიდველობის დაბალმა დონემ განაპირობა ის, რომ საქართველოში, რომელსაც ხარისხოვანი ღვინის წარმოების და მოხმარების უძველესი და მსოფლიოში აღიარებული მაღალი კულტურა აქვს, გაიზარდა უხარისხო ღვინის გავრცელება. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის პროდუქციის ხარისხი ირღვევა, როგორც რეგისტრირებული, ასევე უკანონოდ მოქმედი საწარმოების მიერ, ხშირად ადგილი აქვს საეჭვო ხარისხის და ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოშვების ფაქტებს (1).
სამტრესტის” მევენახეობისა და მეღვინეობის რეგულირების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ვაჟა მამაიაშვილი აღნიშნავს, რომ ძირითადი პოზიციების მიხედვით, ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის მოცულობათა ზრდის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნისათვის მძიმე პერიოდში საერთაშორისო სამომხმარებლო ბაზარზე მოზღვავებული ფალსიფიცირებული “ქართული” პროდუქციის პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება, სხვადასხვა ქვეყანაში ისევ ხდება ქართული სასაქონლო და სავაჭრო ნიშნებით გაფორმებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური პროდუქციის შეტანა, ადგილზე წარმოება და ბრუნვა (მაგ., ღვინოები: “ქინძმარაული”, “ხვანჭკარა”, “საფერავი” და სხვა). ამ ღვინოების ექსპორტი ისრაელში რუსეთის ფედერაციიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და მოლდავეთიდან ხდება, რაც ხელს უშლის საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტირებულ ნამდვილად ქართული წარმოშობის ღვინოების დამკვიდრებას. ფალსიფიცირებული ღვინო თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით სახელს უტეხს ჩვენს პროდუქციას, არღვევს ქართველი მეწარმეების ინტერესებს და იწვევს ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას (5).
ამ ბოლო დროს ქართული ღვინის უხარისხობას მიეძღვნა არა ერთი შრომა თუ სტატია. “რაოდენობამ წალეკა ხარისხი და თვისობრიობა!” ქართული ღვინის ფენომენის განადგურება განუყოფელია საზოგადოებრივი სულის დეკადანსთან მაშინ, როდესაც ბოთლსა თუ დეკალიტრს მსოფლიო სარბიელზე თავისი ისტორია, ტრადიცია, სახელი და საერთოდ პასპორტი უნდა ჰქონდეს! (2).
აღნიშნავენ, რომ ქართული ღვინოები, შესაბამისი ნედლეულის, ტექნოლოგიისა და წარმოების შემთხვევაში საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით “უნდა მიეკუთვნებოდნენ” უნიკალურს, რომელთა ფასიც მსოფლიო ბაზარზე ძალიან მაღალია” (3).
რუსულ ვებ-გვერდზე “ქართული ღვინოები” აღნიშნულია, რომ ღვინის ხარისხზე მსჯელობა ძნელია, რადგან არ არის გარანტია იმისა, რომ მაგალითად ყურძენი, რომლისაგანაც მიღებულია ღვინო მუკუზანი არ არის ადგილწარმოშობის მიხედვით მუკუზანიდან. სწორედ ამაშია ქართული ღვინოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მათ ღია გაყალბებას, როცა ღვინოს ასხამენ მოსკოვის შემოგარენის რომელიმე ფარდულში. მადლობა ღმერთს, რომ უმეტეს პრესტიჟულ მაღაზიებში ასეთი რამ თითქმის არ გვხვდება. ქართული ღვინის დიდებას თვითონ ქართველი მეღვინეები ასუსტებენ. წარმოების სიიაფისა და მოცულობის გამოდევნებით ისინი ყურძნის წარმოშობისა და გამოშვებული ღვინის შესაბამისობის წესებს არ იცავენ. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ღვინის წარმოების დროს ზოგჯერ არაქართული წარმოშობის ყურძენი ან ღვინო-მასალა გამოიყენება. ამის გარდა, მოსკოვში ხანდახან გამოჩნდება ღვინის მიკროსკოპული რაოდენობით წარმოებული ეგზემპლარები (200-300 ბოთლი), თითო ასეთ ბოთლ ღვინოში 50 -90 $ რომ გადაიხადო, არა მარტო უბრალოდ მოყვარული უნდა იყო, არამედ მისი ფანიც. ასეთი ღვინის, რომელიც გემოვნებით თავისებური, მაღალხარისხოვანი და საინტერესოა, გამოჩენის ფაქტიც მნიშვნელოვანია, რადგან ოპტიმიზმს და იმედს იძლევა ქართული ღვინის რენესანსისათვის, მაგრამ ამისათვის, გარდა რომანტიკოსი ენთუზიასტებისა, საქართველოში სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გატარებაა საჭირო (9).
თუ ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ ქართული ღვინის პრესტიჟი, თავის დასაბამიერ საბუდარში ქართულ ღვთაებრივ სულიერებასაც დავაბრუნებთ, მაგრამ ამისათვის, უპირველეს ყოვლისა ქართულ ღვინოს მაღალი ხარისხი და შიდა ბაზრის ფონი სჭირდება (2).
ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც მსოფლიო ბაზარზე თეთრი სუფრის ღვინოების ხარისხს უყენებენ, დაჟანგვისაგან მათი მაქსიმალური დაცვა, ჯიშის არომატისა და თაიგულის სიხასხასე, ჰარმონიული სასიამოვნო გემო და მდგრადობაა (მსოფლიო ბაზარზე ღვინის მდგრადობა არ უნდა იყოს 2 წელზე ნაკლები)(4). ბოლო დროს ფილტრაციის მეთოდის დანერგვით მიღწეული იქნა შენახვისუნარიანობის გაზრდა დაუყოვნებელ ღვინოებშიც, მაგრამ დაიკარგა მთავარი, ღვინის ჯიშური და არომატული მახასიათებლები, რამაც მნიშვნელოვნად დააქვეითა მისი ხარისხი.
ხშირად სვამენ კითხვას, თუ რომელ ასაკში ხდება ღვინო “კარგი” და როდის ავლენს თავის საუკეთესო გემოვან და არომატულ თვისებებს?
ევროპული ტიპის სუფრის სამარკო თეთრი ქართული ღვინოების წარმოების კლასიკური ტექნოლოგია ითვალისწინებს დავარგებას მუხის კასრებში (1,5-3 წ). ამ პერიოდში ღვინო-მასალაში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების მეშვეობით ღვინო კარგად ვითარდება და შესაბამისად, მაღალი გემოვნებითი თვისებებით აღიჭურვება. მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ 2-წლიანი დავარგების დროს ნაკლები ეფექტია მოსალოდნელი (6), ხოლო მეორეს – დაჟანგვისაგან ღვინის დაცვის თვალსაზრისით უპირატესობა ეძლევა 2 წლის დავარგებულ ღვინოებს. ამას მოწმობს განვითარებული მეღვინეობის ყველა ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანიის, ესპანეთი იტალია და სხვა) გამოცდილება, სადაც მაღალხარისხოვან ღვინოს 2 წელზე დიდხანს არ აყოვნებენ. ანალოგიური მდგომარეობაა ყოფილ სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებშიც (3). ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს ქართველი მეღვინე სპეციალისტების მსჯელობის საგანი.
ქართველი და ბევრი საზღვარგარეთელი მეღვინე ექსპერტი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უაღრესად დადებითი ზემოქმედების გამო, ქართულ ღვინოს, განსაკუთრებით ადგილობრივი ტექნოლოგიით მიღებულ თეთრ კახურ და წითელ მშრალ საფერავის ტიპის ღვინოებს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს და მიუთითებს, რომ მათ ამ თვალსაზრისით, ჩვენს ღვინოს მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავს. ამიტომ, ჩვენი აზრით, ქვეყნის პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია, ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისი ხარისხით მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს. შესაბამისად, საჭიროა დღის წესრიგში საქართველოს ღვინის მრეწველობის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, ძველი ტრადიციების აღდგენის და ასორტიმენტის სრულყოფის საკითხი დადგეს. ამისათვის აუცილებელია, რეგიონებისათვის დამახასიათებელი იმ უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხოვანი ღვინოების მიღებას.