საქართველოს განათლების სექტორის ანალიზი
ავტორის სტილი დაცულია
მარიამი მანუკოვი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
marimanukova24@gmail.com
ანოტაცია
განათლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და მნიშვნელოვან პირობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. შესაბამისად, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების სისტემის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი.
აქედან გამომდინარე, განათლებას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისათვის. მაღალი ხარისხის განათლება არის სოციალური კონსოლიდაციისა გარანტი, რომელიც ხელს უწყობს კეთილდღეობის ამაღლებას და პიროვნული, სოციალური და პროფესიული განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ამ მიზნების მისაღწევად, საგანმანათლებლო სისტემა უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და ქვეყნის ყველა მოქალაქე უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მდგრადი შედეგების მიღწევის შესაძლებლობით.
ვფიქრობ, ეს თემა საკმაოდ აქტუალურია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური სისტემის პირობებში. მოდით, თვალი გადავავლოთ იმას, თუ რა მდგომარებაშია ამჟამად საქართველოს განათლების სისტემა და როგორი ზეგავლენა მოახდინა მასზე COVID-19 პანდემიამ.
Annotation
Education is one of the fundamental human rights and an important condition for the sustainable development of the country. Therefore, ensuring a quality and accessible education system is one of the main priorities of the Government of Georgia and is declared as a cornerstone of the country’s development.
Therefore, education is of strategic importance for Georgia’s sustainable economic development and prosperity. High quality education is a guarantee of social consolidation that promotes well-being and is a necessary prerequisite for personal, social and professional development. To achieve these goals, the education system must be accessible to all and provide all citizens of the country with the opportunity to achieve high quality sustainable outcomes.
I think this topic is quite relevant in the current economic system of Georgia. Let’s take a look at the current state of Georgia’s education system and how it has been affected by the COVID-19 pandemic.
შესავალი
ზოგადად, განათლება არის სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური ანუ პროფესიული დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით. [1]
ახლა კი გადავიდეთ საქართველოს განათლების სისტემაზე, რომელიც ნაჩვენებია ნახაზი 1-ზე. საქართველოს განათლების სისტემა შედგება ოთხი ქვესისტემისგან. ესენია:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება;
- ზოგადი განათლება;
- პროფესიული განათლება;
- უმაღლესი განათლება. [2]
ნახაზი 1. საქართველოს განათლების სისტემა
წყარო: https://eqe.ge/ka/page/static/7/ganatlebis-sistema
განათლების აღნიშნული სისტემები და შესაბამისი კლასიფიკაციები, ევროპული სისტემის მსგავსად, განლაგებულია კლასიფიკაციების ჩარჩოს რვა დონეზე, სადაც პირველი ყველზე დაბალია, ხოლო მერვე – ყველაზე მაღალი. დონეების მიხედვით იზრდება საგანმანათლებლო პროგრამების სირთულე და ამ პროგრამების საფუძველზე გამომუშავებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მრავალფეროვნება.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს საქართველოში მიღებული განათლების თავსებადობასა და გაცემული კლასიფიკაციების აღიარებას განათლების ევროპულ სივრცეში. [2]
სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს განათლების სექტორზე
ცხრილი 1. მოსწავლეთა, სტუდენტთა და დოქტორანტთა რიცხოვნობა 2016-2021 წლებში
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/193/ganatleba
როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, მოსწავლეთა რიცხოვნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2016-დან 2021 წლამდე ყოველწლიურად გაიზარდა და 2021 წლის მონაცემებით შეადგინა 624.5 ათასი. ასევე ყოველწლიურად გაიზარდა სტუდენტთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 2021 წლის მონაცემებით მიაღწია 159.8 ათასს. რაც შეეხება დოქტორანტების რაოდენობას, აქ შეინიშნება კლება. კერძოდ, 2016-დან 2017 წლამდე 4076-დან 3977-მდე შემცირდა, 2018 წელს კი მიაღწია ყველაზე დაბალ მაჩვენებელს – 3512 ერთეულს. 2018-დან 2020 წლამდე დოქტორანტთა რიცხოვნობა გაიზარდა, თუმცა 2020 წელთან შედარებით 2021 წელს კვლავ შემცირდა და შეადგინა 3879 ერთეული.
დიაგრამა 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2009-2022 წლებში, ათასი
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/59/zogadi-ganatleba
დიგრამა 1-ზე ნაჩვენებია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2009-2022 წლებში. ცხრილიდან ჩანს, რომ 2009/2010 წლიდან 2010/2011 წლამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2.5 ათასიდან შემცირდა 2.4 ათასამდე. 2011/2012 წლიდან 2021/2022 წლამდე კი უცვლელად 2.3 ათასს შეადგენს.
დიაგრამა 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხოვნობა, რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წელს, ერთეული
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/60/profesiuli-ganatleba
დიაგრამა 2-ზე ნაჩვენებია საგანმანათლებლო დაწესებულებების რიცხოვნობა, რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წელს. ცხრილიდან ჩანს, რომ ყველაზე დიდი წილი უკავია კერძო პროფესიულ კოლეჯს – 41 ერთეული, ხოლო ყველაზე მცირე – საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას – 1 ერთეული.
დიაგრამა 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2016-2022 წლებში, ერთეული
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
რაც შეეხება დიაგრამა 3-ს, აქ ნაჩვენებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2016-2022 წლებში. უმაღლესი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2016/2017-2017/2018 წლებში 20 ერთეულის ტოლი იყო. 2018/2019 წელს შემცირდა 19-მდე და ეს მაჩვენებელი დღემდე უცვლელია. რაც შეეხება უმაღლეს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათი რაოდენობა 2016/2017 წლიდან 2017/2018 წლამდე 54-დან 55-მდე გაიზარდა. 2018/2019-2019/2020 წლებში მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა 2020/2021 წელს გაიზარდა 45-მდე და ეს მაჩვენებლი აღარ შეცვლილა.
დიაგრამა 4. პედაგოგების რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო წლის დასაწყისისთვის 2012-2022 წლებში, ათასი
წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/59/zogadi-ganatleba
დიაგრამა 4 გვიჩვენებს პედაგოგების რაოდენობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო წლის დასაწყისისთვის 2012-2022 წლებში. როგორც დიაგრამიდან ჩანს, პედაგოგების რაოდენობა დაახლოებით ამ წლებში თანაბარია. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 2012/2013 წელს – 69 ათასი, ხოლო ყველაზე დაბალი – 2020/2021-2021/2022 წლებში – 63 ათასი. დანარჩენს წლებში პედაგოგთა რაოდენობა მერყეობდა 64-67 ათასის ფარგლებში.
საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული რეფორმები (2022 წლის მარტი-აპრილი)
ბოლო პერიოდში საქართველოში უამრავი საგანმანათლებლო რეფორმა გატარდა. განვიხილოთ 2022 წლის მარტი-აპრილში გატარებული ღონისძიებები.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა;
- სოფელ გეგუთის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებენ;
- სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აშენდა;
- სპეციალური მასწავლებლებისთვის დამხმარე რესურსები შეიქმნა;
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა;
- ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, უკრაინის უნივერსიტეტებიდან საქართველოში მობილობით გადმოსვლას დაჩქარებული წესით შეძლებენ.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მორფოლოგიის ინსტიტუტს ახალი სამეცნიერო სივრცე ექნება. [3]
მოსალოდნელი ცვლილებები სქართველოს განათლების სექტორში
GALT&TAGGART-ის მიერ საქართველოს განათლების სექტორში ჩატარებული კვლევის შეფასებით 2024 წლისთვის მოსალოდნელია შემდეგი ცვლილებები:
- მოსწავლეების რაოდენობა 634.8 ათასამდე გაიზრდება;
- კერძო სექტორში ჩარიცხვების წილი 11.5%-მდე გაიზრდება;
- სტუდენტების რიცხვი 2024 წლისთვის 160.3 ათასს მიაღწევს;
- კერძო ჩარიცხვების წილი 37.4%-მდე გაიზრდება;
აქედან გამომდინარე, განათლების სექტორი მაღალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება საშუალოვადიან პერიოდში, რასაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო დაფინანსების ზრდა და განათლების სერვისებზე მზარდი მოთხოვნა. კერძო სექტორის ზრდა გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ურბანიზაცია და პოზიტიური დემოგრაფიული ტენდენციები საშუალოვადიან პერიოდში. სექტორის საოპერაციო შედეგების გაუმჯობესებაზე პოზიტიური გავლენა ექნება ბაზრის მოთამაშეების გამსხვილებას. ამასთანავე, მოსალოდნელია აკადემიური შედეგების გაუმჯობესება მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდისა და სხვა რეფორმების საფუძველზე და პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების ზრდა. [4]
დასკვნა
აქედან გამომდინარე, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განათლება ახდენს გავლენას არამხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებზე და მათ პიროვნულ წარმატებებზე, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე. ყველაზე ხშირად დასახელებულ ფაქტორებს შორის, პოსტ-მოდერნულ საზოგადაოებაში, არის შემდეგი:
- განათლებაში ინვესტიცია გავლენას ახდენს ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს შრომის ნაყოფიერებისა და პროდუქტიულობის ზრდას;
- განათლებული მუშახელი უფრო ადვილად ითვისებს მოწინავე ტექნოლოგიებს, ამიტომ, ისინი არიან მეტად პროდუქტიულები;
- განათლებას შეუძლია გაზრადოს ინოვაციურობის პოტენციალი შექმნას ახალი ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.
ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოს განათლების სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა, რის საფუძლევზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამჟამად საქართველოს განათლების სისტემა არ არის სრულყოფილი და საჭიროებს რიგ რეფორმებს, რომელიც უკვე იგეგმება და კვლევების შეფასებიდან გამომდინარე გამოიღებს საჭირო შედეგს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- თავისუფალი ენციკლოპედია „ვიკიპედია“. განათლება
- საქართველოს განათლების სისტემის გზამკვლევი
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სიახლეები
- GALT&TAGGART RESEARCH. განათლების სექტორი საქართველოში. 2021
- https://eqe.ge/ka/page/static/7/ganatlebis-sistema
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/193/ganatleba
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/59/zogadi-ganatleba
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/60/profesiuli-ganatleba
- https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba