კრიპტოგრაფიული ვალუტა და რეალური ეკონომიკა

ავტორის სტილი დაცულია

თამუნა მაზანიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
Tamuna.mazanishvili363@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან და 90–იანი წლებიდან ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად ჩნდება ციფრული ვალუტები, რომელთა მეშვეობითაც ვირტუალურ საზოგადოებაში საქონლისა და მომსახურების გაცვლაა შესაძლებელი. უკვე 2000 წლიდან ევროკავშირი იწყებს „ელექტრონული ფულის ინსტიტუტების ბიზნესის“ ზედამხედველობას. თუმცა, 2009 წელს ახალი ტიპის ვირტუალური ვალუტის ე.წ. კრიპტოგრაფიული ვალუტის (როგორიცაა, bitcoin) გაჩენამ და მისი პოპულარობის ზრდამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ცენტრალური ბანკები. სწორედ 2009 წლიდან გახდა აქტუალური კრიპტო ვალუტების შესწავლა მასიურად, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც შეიქმნა ავტომატური ჩანაწერების სისტემა – ბლოქჩეინი.

Annotation

With the development of digital technologies and sharp increase of internet users number since 90s, appears digital currencies. Though which the exchange of goods and services in virtual society is possible. Since 2000, the European Union has begun supervising ,,business of electronic money institutions’’. However, in 2009 the new type of virtual currency ,,called’’ cryptographic currency (such as bitcoin) appearance and growth of popularity has brought new challenges to central bank. Exactly from 2009 has become actual study of cryptic currency massively, especially after was created automatic record system-blockchain.

კრიპტო ვალუტის და ბლოქჩეინ სისტემის არსი

ბლოქჩეინი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ტექნოლოგიად ითვლება, ხოლო კრიპტო ვალუტა (როგორც ვირტუალური ვალუტის სახეობა) ბლოქჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა. ბევრი ადამიანი უკავშირებს ბლოქჩეინის ტექნოლოგიას ციფრულ ვალუტა – ბიტკოინს, თუმცა რეალურად ბლოქჩეინ სისტემის პოტენციალი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მხოლოდ ციფრული ვალუტის უკან მდგარი ტექნოლოგია. ბლოქჩეინი იყენებს უსაფრთხო დეცენტრალიზებულ ტრანზაქციების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

ბიტკოინი შეიძლება ითქვას, რომ პირველი დეცენტრალიზებული ვალუტაა. ვალუტა, რომელიც ყოველგვარი ჩარევისა და რეგულაციების გარეშე არსებობს. არცერთ ხელისუფალს არ შეუძლია მისი სისტემიდან ამოღება. თითოეულ ბიტკოინს აქვს თავისი საკუთარი სისტემური კოდი, ამ სისტემის პირობების მიხედვით 21 მილიონ ბიტკოინზე მეტი ვერ შეიქმნება. დღეისათვის მოქმედებს დაახლოებით 16.5 მილიონი ბიტკოინი. ახალ ბიტკოინს მხოლოდ სისტემა ქმნის, მისი ხელოვნურად შექმნა შეუძლებელია. მთელი სისტემა აწყობილია ბლოქჩეინზე, ანუ ჯაჭვურ სისტემაზე. ეს ჯაჭვები შეიცავს ყველა იმ ტრანზაქციას, რომელიც სისტემაში ხორციელდება.

კრიპტო ვალუტა – არის ვირტუალური ვალუტა, რომელსაც არ აქვს ფიზიკური ფორმა. კრიპტო ვალუტა არის უსაზღვრო, დეცენტრალიზებული სისტემა და შეუძლია ჩაანაცვლოს ფული ნებისმიერი ტრანზაქციის დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება კრიპტო ვალუტების გამომუშავების პროცესი გახდეს მართული და როგორ შეიძლება ის სახელმწიფოს და ეკონომიკის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული. [1]

ბლოქჩეინ სისტემა – ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც ინახავს ციფრული ვალუტის ყველა ტრანზაქციას უსაფრთხოდ. ბლოქჩეინ სისტემა განკუთვნილია ქსელში სამუშაოდ, ეს არის არასანქცირებული გადახდის სისტემა, რომელშიც წევრებს შეუძლიათ ანონიმურად დარჩნენ, გამოიყენონ ფსევდონიმები.

კრიპტო ვალუტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან დადებით მხარეს წარმოადგენს მისი არაკონტროლირებადი მიმოქცევა, ანუ ციფრული ვალუტის ეს სახეობა ცენტრალური ანდა სახელმწიფო უწყებებიდან ზედამხედველობას არ ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პიროვნების მფლობელობაში არსებულ კრიპტო ვალუტას დაკარგვის არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ასევე, მეტად კომფორტულია სიმარტივე, რომელიც კრიპტო ვალუტის ქსელში ჩართვის მსურველს ტრადიციულ ბიუროკრატიას ააცილებს, რადგან მისი მისამართის შექმნაში დროის და მატერილური ხარჯი თითქმის ნულს უტოლდება, ეს იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლის ანონიმურობა მაქსიმალურად დაცულია. [2]

კრიპტოგრაფიული ვალუტის გავლენა ეკონომიკაზე

ციფრული ვალუტიდან ყველაზე მნიშვნელოვანად და ანგარიშგასაწევად, თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ბიტკოინი ჩავთვალოთ. ბიტკოინი, როგორც ელექტრონული გადახდების საშუალება დამკვიდრდა 2008 წელს, კომპიუტერული პროგრამების დეველოპერის – „სატოში ნაკამოტოს“ მიერ (სავარაუდოდ ან პიროვნების ფსევდონიმია, ან ასე ქვია სამუშაო ჯგუფს). მისი მიზანი იყო სახელმწიფო ცენტრალური მარეგულირებელი ორგანოების კონტროლიდან გათავისუფლებული, მათემატიკური ალგორითმების გამოყენებით მართული ფულის შექმნა, რომელიც ტრანზაქციებზე მინიმალური დროისა და სახსრების ხარჯვის საშუალებას მისცემდა მომხმარებელს. [3]

ბიტკოინი ფართოდ გამოიყენება შესყიდვების განსახორციელებლად, ასევე შესაძლებელია მისი შენახვა და შექმნა, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად ხდება, ანუ, ტრადიციული ვალუტებისაგან განსხვავებით, ის არ მიმოიქცევა ნაღდი ფულის სახით, არ ხდება მისი ემისია და დაგროვება საბანკო ანგარიშებზე – რაც მას სახელმწიფო ოფიციალური უწყებებისგან აბსოლუტურად უკონტროლოს ხდის.

ვირტუალურ ვალუტებს დღეისათვის არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე, მაგრამ თუ ფართოდ გამოყენებადი გახდება შესაძლებელია იქონიოს კიდეც. ვირტუალური ვალუტების ხისტი მიწოდების წესები დამახასიათებელია ბევრი კრიპტო ვალუტისათვის, მათ შორის ბიტკოინისათვის – პრინციპში შეზღუდული ინფლაციური რისკი გააჩნიათ, თუმცა ვირტუალური ვალუტების თანამედროვე სისტემები მოკლებულნი არიან სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან მახასიათებლებს, რომლებიც უნდა ახასიათებდნენ სტაბილურ მონეტარულ რეჟიმებს. დანაკლისი მდგომარეობს სულ მცირე 3 ძირითადი მონეტარული სტაბილურობის რისკისაგან თავდაცვის შესაძლებლობებში: სტრუქტურული დეფლაციის რისკი; დროებით შოკებზე (ფულზე მოთხოვნა) რეაგირების მოქნილობა და შესაბამისად ჯანსაღი ბიზნეს ციკლის უზრუნველყოფა და შესაძლებლობა იფუნქციონიროს ბოლო ინსტანციის კრედიტორის როლში.

მონეტარული პოლიტიკის მხრივ ერთი საყურადღებო საკითხია, რომ კრიპტო ვალუტების შემოღების შემთხვევაში, ცენტრალურ ბანკს შესაძლებლობა ექნება უარყოფითი საპროცენტო განაკვეთები დაადგინოს. დღეს, როდესაც ნაღდი ფულადი სახსრები არსებობს – ეს შეუძლებელია, რადგან ნაღდ ფულზე უარყოფითი განაკვეთის დარიცხვა ვერ განხორციელდება. უარყოფითი განაკვეთების შესაძლებლობა განსაკუთრებით საჭირო გამოჩნდა ფინანსური კრიზისის ფონზე, როდესაც საჭირო იყო უფრო მეტი სტიმულირება, ვიდრე განაკვეთის ნულოვანი დონე, ე.წ. ლიკვიდურობის ხაფანგი.

ვირტუალურ ვალუტას, ბიტკოინს, უკავშირდება ასევე გარკვეული უარყოფითი მომენტები, რომელიც ზრდის მასთან დაკავშირებული ოპერაციების რისკებს და ერთი შეხედვით მიმზიდველი ვალუტის ფლობის მსურველს საკმაო თავსატეხს უჩენს. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიტკოინს არ გააჩნია ოფიციალური გაცვლითი კურსი და ის მასზე არსებულ მოთხოვნა–მიწოდებას ემყარება. კურსი მეტად მგრძნობიარეა კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებით გავრცელებულ უარყოფითი შინაარსის ინფორმაციასა და მისდამი ურყოფითი დამოკიდებულების მიმართ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეცდომით, არასწორად განხორციელებული ტრანზაქციით გაუთვალისწინებელი პირისთვის გაგზავნილი ბიტკოინი უკან აღარ ბრუნდება. [3]

დიაგრამა 1 ბიტკოინის ღირებულება 12/03/2020-03/03/2021 პერიოდში

წყარო: https://www.coindesk.com/price/bitcoin

დიაგრამაში წარმოდგენილია ბიტკოინის მიმდინარე ღირებულება, რომელიც დაახლოებით 50000$ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ბიტკოინის ფასმა თავის მაქსიმუმს  2017 წლის დეკემბერში მიაღწია – 19 666 აშშ დოლარი, თუმცა უკვე 2018 წელს თითქმის 81%-იანი ფასის ვარდნა განიცადა, 2019 წლიდან კი კვლავ დაიწყო გამყარება და ამჟამად მიღწეული ფასი 2018 წლის ივლისიდან მოყოლებული მაქსიმალურ ნიშნულზე ავიდა. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპისთვის ძალზე სწრაფად იზრდება, შეძლებს კი კრიპტო ვალუტა ასეთი სწრაფი ტემპით გაზრდილი ფასის მყარად შენაჩუნებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2017 წელს სწრაფი ტემპით ზრდა გამოწვეული იყო მომხმარებელთა დაბალი ინფორმირებით კრიპტო ვალუტის მიმართ. მცირედი ინფორმაციის საფუძველზე ახდენდნენ დიდი რაოდენობით კრიპტო ვალუტის შესყიდვას, ამჟამად ფასის ზრდა გაცილებით მყარია, რაც გამოწვეულია გააზრებულად განხორციელებულ კრიპტო ინვესტირებას. „SkyBridge Capital“-ის დამფუძნებელმა, ანტონი სკარამუჩიმ, რომელიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიას სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა, განაცხადა, რომ 2021-ის მიწურულს ბიტკოინი (BTC) $100,000-ს მიაღწევს და ინვესტორები მის აქტიურად შეძენას დაიწყებენ. თავად „SkyBridge Capital“-ს კი სკამუჩიმის განცხადებით $500 მილიონის ღირებულების ბიტკოინი (BTC) აქვს თავის ანგარიშზე. [10]

დიაგრამა 2.  ბიტკოინის ფასების ისტორიას 2012-2021 წლებში

წყარო:  https://www.investopedia.com/articles/forex/121815/bitcoins-price-history.asp

დიაგრამაზე ნათლად ვხედავთ მკვეთრი ზრდის დინამიკას, ბიტკოინმა ისტორიაში ერთ-ერთ მაქსიმუმს 2017 წელს მიაღწია, შემდეგ კი 2021 წელს, ჯერჯერობით დინამიკა კვლავ ზრდადია.

ასევე აღსანიშნავია ის უარყოფითი გარემოება, რაც გამოიხატება იმაში, რომ კრიპტო ვალუტის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია (დაახლოებით 200 მილიარდი აშშ დოლარი) უპრეცედენტოა იმ დროის მონაკვეთისათვის, რა დროიდანაც ის დაარსდა. უპრეცედენტო მასშტაბებისაა იმ შეუიარაღებელი თვალით დასანახი ორმაგი სტანდარტის დანერგვა მსოფლიოში, რომლის გამოც კრიპტო ვალუტა არ ექვემდებარება რეგულაციებს, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ რეგულაციების არ არსებობა ქმნის უზარმაზარ საფრთხეს და ჩვეულებრივად ბიუჯეტში მიუღებელი შემოსავლების დიდ და გაურკვეველ კითხვის ნიშანს ტოვებს. უპრეცედენტო კაპიტალიზაციისა და არარსებული დაბეგვრის სისტემის გამო, საქართველო, რომელიც დაუზუსტებელი მონაცემებით ამ ბაზარზე ლიდერობს, კარგავს ზუსტად იგივენაირად უპრეცედენტო მოცულობის შემოსავალს ბიუჯეტში. თუ მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია ტრილიონებზეა გასული, მაშასადამე, საქართველოს ბიუჯეტში მისაღები (და რატომღაც დაკარგული) შემოსავლის წილი მინიმუმ მილიარდების დონეზეა.

ლოგიკურია, რომ კრიპტო ვალუტებიდან მიღებული შემოსავალი ზრდის დაუკვირვებადი ეკონომიკის წილს, რადგანაც მისი დარეგულირება არ ხდება და ვერც მოხდება, რის გამოც იგი ძალზე მიმზიდველად გამოიყურება არალეგალური ბიზნესისა და ბიზნესმენებისათვის. ასევე კრიპტო ვალუტიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებაც მისი დაურეგულირებლობის გამო შეუძლებელია.

კრიპტო ვალუტის ეკონომიკური შედეგები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიპტო ვალუტა არ ექვემდებარება რეგულაციებს და ამის გამო იგი ძალზე მიმზიდველად გამოიყურება არალეგალური ბიზნესისა და ბიზნესმენებისათვის. ასევე მიმზიდველი აღმოჩდა ზოგიერთი ქვეყნის სახელმწიფო მოხელეებისთვისაც, კერძოდ მათ თავიანთი ქონებრივი დეკლარაციის წარდგენისას, თავიანთი ქონება გადაჰყავდათ გარკვეული ტიპის კრიპტო ვალუტაში და არ შეჰქონდათ დეკლარაციის ფორმაში, ვინაიდან კანონით კრიპტო ვალუტის დეკლარირება არ არის სავალდებულო. შესაბამისად ამით ხდებობდა ბიუჯეტში გადასახადების დამალვა.

კრიპტო ვალუტების სისტემა ძალზე განსხვავდება ამჟამად არსებული ფინანსური სისტემიგან, რომელსაც გარკვეულწილად არეგულირებს სახელმწიფო. კრიპტო ვალუტების ინოვაციურმა გამოყენებამ შესაძლებელია სერიოზული დარტყმა მიაყენოს ფინასურ და საგადამხდელო ბაზარს, ვინაიდან კრიპტო ვალუტამ შეიძლება ისეთ მასშტაბებს მიაღწიოს, რომ ჩაანაცვლოს გზავნილები და საბარათე ოპერაციები. თუ ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება, ანუ განხორციელდება სწრაფი ცვლილებები, ეს გამოიწვევს ფინანსური და საგადამხდელო ბაზრების დესტაბილიზაციას და იქონიებს გავლენას საცალო და საბითუმრო ბაზრების არასტაბილურობაზე.

სამხრეთ კორეაში წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც მოითხოვს საჯარო მოხელეებისგან კრიპტო ვალუტებში, ბიტკოინის ჩათვლით, ინვესტიციების დეკლარირებას. კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სამსახურის ეთიკის აქტს და საჯარო მოხელეებს ავალდებულებს, მოახდინონ თავისი კრიპტო ვალუტის ქონების დეკლარირება, რომელიც აღემატება 10 მილიონ ვონს ($9 350). [11]

თუ ჩვენ ვისაუბრებთ ბიტკოინზე, აღსანიშნავია რომ ძალზედ რთულია დაადგინო ვინ შეასრულა ტრანზაქცია, ამიტომ თუ ადამიანს, ან თუნდაც სახელმწიფო მოხელეს სურს ქრთამის აღება, ან რაიმე უკანონო საქონლის შეძენა, გასაგებია რომ ის ამას რომელიმე კრიპტო ვალუტის საშუალებით შეეცდება და არა ნაღდი, ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

როგორ შეიძლება კრიპტო ვალუტა გახდეს შემოსავლების დაფარვის გზა, ექსპერტები განმარტავენ მარტივი მაგალითით: „ადამიანს შეუძლია თქვას, რომ რომელიმე ტიპის კრიპტო ვალუტა შეიძინა 5-7 წლის წინ, რომლის ფასიც იყო დაახლოებით 300-500 აშშ დოლარი, ახლა კი მისმა შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 20 ათასი, ამგზით შესაძლებელია გამართლდეს მომავალში გარკვეული ხარჯები, ან ძვირადღირებული ქონების შეძენა და ა.შ. რა თქმა უნდა ეს ტრანზაქციები ვერ კონტროლდება და შესაბამისად არც გათვალისწინებული არ არის. ყოველივე ეს თავიდან ააცილებს კითხვებზე პასუხების გაცემას, უბრალოდ იტყვის, რომ წარმატებული ინვესტიცია განახორციელა კრიპტო ვალუტაში“. [5]

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შესაძლებელია მოვთხოვოთ პიროვნებებს კრიპტო ვალუტების დეკლარირება, თუმცა გაურკვეველია რის საფუძველზე შეიძლება ამის მოთხოვნა, თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება შეძლებისდაგვარად მოკლე დროში.

სახელმწიფოების მიდგომები კრიპტო ვალუტის რეგულირების მიმართებაში

ისევე როგორც ახალი ტექნოლოგიების უმრავლესობამ, კრიპტო ვალუტის გამოჩენამაც წარმოშვა ახალი გამოწვევები ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობისათვის. მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ იგი სრულყოფილად არ ჯდება ვალუტის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ფინანსური ინსტიტუტის მიღებულ განსაზღვრებაში. მას გააჩნია, როგორც ვალუტის, ასევე საცალო საგადახდო სისტემის და აქტივების თვისებები. ამასთან, ცალკე სირთულეს წარმოადგენს ისეთი ვირტუალური ვალუტების სქემები (მაგალითად, ბიტკოინი), რომელთაც გააჩნიათ დეცენტრალიზებული სტრუქტურა, რადგანაც რეალურად არ არსებობს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც, შესაძლოა, პასუხისმგებელი ყოფილიყო ბიტკოინის გამართულად ფუნქციონირებაზე, ან მისი ან ზედამხედველის მიერ დადგენილი წესების შესრულებაზე.

ერთმნიშვნელოვანია, რომ კრიპტო ვალუტას დიდი ყურადღება ექცევა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და მათ განვითარებაზე მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. მთავარი გამოწვევა რაც უმეტესი მარეგულირებლის წინაშე დგას, ბალანსის შენარჩუნებაა; ერთის მხრივ, ფინანსური სერვისების სფეროში ინოვაციების ხელშეწყობასა და მეორეს მხრივ, არალეგალური მიზნებისთვის ამ ინოვაციების გამოყენებისგან დაცვას, ასევე, ინოვაციათა მომხმარებლების უფლებების დაცვას შორის. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნული ბიზნესის აკრძალვის გზით წავიდა.

მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკის მიდგომა ასეთია: დახურული ვირტუალური ვალუტის სქემები, რომლებიც მოქმედებს სპეციფიკურ ვირტუალურ საზოგადოებაში და არ ცდება ამ ფარგლებს, ნაკლებად რელევანტურია ცენტრალური ბანკების ფუნქციების შესრულებასთან. რაც შეეხება დანარჩენ ორ სქემას, რომელთაც კავშირი აქვთ რეალურ ეკონომიკასთან, სიტუაცია სხვაგვარია. განსაკუთრებით ისეთი ვირტუალური ვალუტები, რომელთა გადაცვლა ორმხრივად არის შესაძლებელი რეალურ ვალუტაზე, ქმნის სპეკულაციური გარემოს ჩამოყალიბების შესაძლებლობას; ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ვირტუალური ვალუტით შესაძლებელია რეალური საქონლისა და მომსახურების ყიდვა, დგება ტრადიციულ ვალუტებთან კონკურენციის საკითხი. [6]

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გერმანიის ფინანსთა ფედერალურმა სამინისტრომ აღიარა ბიტკოინი და უწოდებს ბიტკოინს როგორც “აღრიცხვის ერთეულს“ (units of account) და „კერძო ფულს“. ვინაიდან, ვირტუალური ვალუტა არ არის ელექტრონული ფული და არც გადახდის კანონიერი საშუალება (legal tender) გერმანიაში, მაშინ ბიტკოინების გადარიცხვა უნდა განიხილებოდეს არა როგორც ფულადი სახსრების გადარიცხვა, არამედ როგორც საქონლის ტრანსფერი, რომელიც პოტენციურად უნდა დაექვემდებაროს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს.  [9]

აქვე აღსანიშნავია და გასათვალისწინებელია ის ფაქტი რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, კერძოდ: ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს.

რაც შეეხება კვლევებს, საქართველოში, კვლევის შედეგად, რომელიც კომპანია ACT-მ ჩაატარა, დადგინდა რომ 43%-ს სმენია კრიპტო ვალუტის შესახებ, 5% ფლობს რომელიმე ტიპის ვალუტას, ხოლო მათან 3%-ს შეუსრულებია ტრანზაქცია ვაჭრობის მიზნით. ასევე, გავეცნოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს.

კვლევითი ორგანიზაციის YouGov Omnibus-ის გამოკითხვის თანახმად 36%-ს სჯერა, რომ კრიპტო ვალუტა მომავალში ფართოდ მიღებული იქნება, თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობა, 57% ამბობს, რომ არ არის კრიპტო ვალუტით იმდენად დაინტერესებული, რომ აშშ დოლარის გამოყენებას ამჯობინოს. რაც შეეხება ციფრული ვალუტით ზოგად დაინტერესებას, 48% აქტიურად ინტერესდება, ხოლო საერთოდ არ არის დაინტერესებული 50%. მოქალაქეების 87%, ვისაც ბიტკოინზე სმენია არ აქვს მისი ფლობის სურვილი, ხოლო გამოკითხულთა 34% არ ფიქრობს, რომ კრიპტო ვალუტა ფართოდ მიღებული გახდება. [4]

აქვე შეგვიძლია განვახორციელოთ კრიპტო ვალუტის ბაზრის მოკლე მიმოხილვა. არსებული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ კრიპტო ვალუტების მთლიანი ბაზრის 34.4% შეადგენს ბიტკოინი, ხოლო დანარჩენი 65.6% სხვა კრიპტო ვალუტების წილია. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კრიპტო ვალუტების ბაზრის მონაწილეთა 96.57% მამაკაცები არიან და მხოლოდ 3.43% ქალია. ასაკობრივი განაწილება ეხება კრიპტო ვალუტის ბაზრის შესაძლებლობას მოახდინოს ფართო სპექტრის ადამიანების მოზიდვა. ამგვარად, სტატისტიკა წარმოდგენილია 18 წლის ზემოთ არსებული მომხარებელზე გათვლით, სადაც ბაზრის მონაწილეთა 8.36% 18-24 წლამდე ასაკისაა, ხოლო 76.33% 25-44 წლამდე ადამიანებია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაზრის მონაწილეთა დაახლოებით 16% წარმოადგენს 45 წელზე ზემოთ მყოფი ადამიანები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კრიპტო ვალუტის ბაზარი ყველაზე ხანდაზმულ ადამიანებს ფინანსურ საქმიანობაში იზიდავს. კრიპტო ვალუტის ინტერესი და სტატისტიკას ასევე ადასტურებს, რომ კრიპტო ვალუტის ბაზარზე გაერთიანებული ადამიანები ძირითადად, ფინანსურ საქმიანობაში არიან ჩართულნი, საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებით. [8]

დიაგრამა 3  კრიპტო ვალუტების საბაზრო წილი 02/03/2021-03/03/2021 (%)

წყარო: https://coinmarketcap.com/charts/

კრიპტოვალუტების ბაზარზე ყველაზე დიდი წილი ბიტკოინს უკავია (61,15%), შემდეგ მოდის ითერიუმი (11,78%) და კარდანო (2,52%), ეს პირველი ორი ციფრული ვალუტა მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს გამოწვეულია მათი ღირებულების დინამიკური ზრდით და მათზე ნდობის მაღალი ხარისხით.

დასკვნა

დასკვნის სახით, კრიპტო ვალუტასა და ბლოქჩეინ სისტემაზე შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ფულის ბაზარს მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების არსებობა არეგულირებს, მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი საკუთარი კრიპტო ვალუტის უსაფრთხოებაზე, ხოლო ბლოქჩეინ სისტემა წარმოადგენს დეცენტრალიზებულ სისტემას, რომლის საშუალებითაც ორი სუბიექტი შუამავლის გარეშე ახორციელებს ტრანზაქციას ერთმანეთში, რაც ბანკებისთვის წამგებიანია, მითუმეტეს როცა არსებობს საფრთხე იმისა, რომ ბლოქჩეინ სისტემით შეცდომით შესრულებული ტრანზაქცია უკან აღარ ბრუნდება. ასევე არსებობს ძალიან დიდი საფრთხე კიბერ შეტევების.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის განმსაზღვრელი ფაქტორებიც, რაც გავლენას ახდენს და განსაზღვრავს კრიპტო ვალუტების ფასს. ძირითად ფაქტორს წარმოადგენს საზოგადოება, ის აღქმა და სარგებელი, რომელსაც ელის მისგან მომხმარებელი, მათ სწამთ, რომ ის ღირებულია გარკვეული მიზეზების გამო, მთავარია იმის განსაზღვრა თუ რისი ჩადება სურთ ადამიანებს, რომ მიიღონ კრიპტო ვალუტა, იქნება ეს ფული, დრო თუ შრომა. ანალოგიურად შეიძლება ითქვას ნებისმიერ სხვა საქონელზე, რომლისთვისაც ადამიანები მზად არიან მიმართონ ძალისხმევა მათ შეძენაზე, თუ მოპოვებაზე. შესაბამისად უნდა ითქვას, რომ კრიპტო ვალუტის ფასზე დადებითად მოქმედებს ადამიანის ცნობიერება და ინფორმაციულობა კრიპტო ვალუტების შესახებ.

წარმოდგენილი კვლევებით დგინდება, რომ კრიპტო ვალუტების ბაზარი მიმზიდველია არალეგალური ბიზნესის წარმომადგენელბისთვის, ამ ეტაპისთვის იგი არ რეგულირდება არცერთი ქვეყნის მიერ, რომ ის დეცენტრალიზებული სისტემაა, მისი მონაწილეები ანონიმურად ახორციელებს ტრანზაქციებს უსაფრთხოდ, თუმცა საფრთხე ემუქრებათ ვირტუალურ საფულეებს (ე.წ. Wallet), რადგან დიდია რისკი განახორციელონ კიბერ შეტევა და საფულეზე არსებული თანხა მთლიანად დაიკარგოს.

უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია ცალსახად გაკეთდეს რაიმე ტიპის დასკვნა, ვინაიდან ამჟამად არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ თუ რას წარმოადგენს რეალურად კრიპტო ვალუტა. ვინაიდან დღემდე მიდის დავა იმაზე, რომ ბიტკოინი გამოიყენება როგორც არალეგალურ ბიზნესში, ასევე მის მიმართ თუ გაიზრდება ყურადღებაც და შედგომში მოთხოვნაც, მან შეიძლება ფულის ფუნქციებიც შეასრულოს, ამრიგად სამომავლოდ თუ კრიპტო ვალუტები და კრიპტო აქტივები ნაღდ ფულს და დეპოზიტებს ჩაანაცვლებს, მაშინ მათი გავლენა მონეტარულ პოლიტიკაზე რეალური გახდება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Hammami, M. (2017), Bitcoin and Blockchain mechanism, 29
  2. Campbell-Verduyn, M. (2018), Bitcoin, Crypto-Coins, And Global Ati-Money Laundering Governance, 31
  3. ქათამაძე, ნ. ვირტუალური ფული– ბიტკოინი მსოფლიოში და საქართველოში, 3
  4. https://cryptoworld.ge/cnbc
  5. (https://news.finance.ua
  6. https://www.ecb.europa.eu/home/html/index.en.html
  7. https://bitcoin.org/en/bitcoin-paper
  8. https://www.mycoins.ge
  9.  (https://www.nbg.gov.ge/uploads/journal/2014/2014_3/4.pdf)
  10.  (https://www.coindesk.com)
  11. (https://taripebi.ge/blog/სტატია/1662/)