გლობალიზაცია და ციფრული რევოლუციის დასაჭყისი საქართველოში
რედაქციისაგან
საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თათბირები იშვიათი მოვლენა არ არის და უფრო მეტიც, ისინი ხშირად მოსაბეზრებელი და მონოტონურიც ხდება. ამიტომ იშვიათად მოელის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ისტებლიშმენტი მათგან ახალს, ხოლო ჟურნალისტების სენსაციას გამოდევნებულ ცნობიერებას მხოლოდ მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების და სახელისუფლებო ინტრიგების გამოვლინების მოლოდინი უღრღნის ტვინს.
ის, რაც ხდებოდა ცხრა სექტემბერს სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც მიმდინარეობდა “საქართველოს ციფრული განვითარებისა და ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობის” საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმი მთავრობის გაფართოებული სხდომის ფორმით, დარბაზებში ტრადიციულ დამსწრეთათვის რთულად გასაგები იყო, მაგრამ ქვეყნისთვის, რომელიც ახლა აპირებს რუკაზე საკუთარი სახელმწიფოებრიობა შემოხაზოს – მეტად მნიშვნელოვანი.
ქართული საზოგადოებისათვის, რომლისათვისაც დიდი ხანია არაა უჩვეულო “ჯადოსნური ყუთის” კომპიუტერის და “ყოვლისშემძლე ქსელის” ინტერნეტის არსებობა, მეტად უჩვეულოა უცხოეთში ყოფნისას ნანახი თუ ფილმებში თვალმოკრული სიტუაცია, როდესაც ადამიანი სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად რაიმე დამატებითი ნებართვის გარეშე როგორ იღებენ თითქმის ნებისმიერ კომერციულ თუ პოლიტიკურ, საგანმანათლებო თუ საყოფაცხოვრებო ინფორმაციას.
საქართველოში უმრავლესობისათვის “ჯადოსნური ყუთი” კარგი საბეჭდი მანქანაა ან სათამაშო აპარატი. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ჯერჯერობით ლუკმა-პურის, სახელმწიფო ქონების უფასოდ გადანაწილების, პოლიტიკური ავანტურებით თუ დემაგოგიებით არის დაკავებული და, ბუნებრივია, მსოფლიო ფერხულში, რომელსაც ინფომატიკული რევოლუცია, ინფორმატიკული ექსპანსია და ეკონომიკის რთულ სხეულში ინფორმატიკული ძარღვების გაყრა ქვია, ვერ მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, მავანთათვის და სენსაციონებისთვის ეს ფორუმი მოსაწყენი იყო, მაგრამ ამავდროულად თვით ფორუმის თემა, სინამდვილეში ყველაზე დიდი სენსაცია იყო ბოლო პერიოდში. “საქართველოს მომავალი განვითარება და თვით ჩვენი არსებობაც კი, როგორც თვითმყოფადი ერისა, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ ამ გამოწვევის მიღებას, მასზე რეაგირებას და შესაბამისი ეპოქალური ამოცანების გადაწყვეტას – ” … საქართველოს “ციფრულ მოდერნიზაციას” (კომპიუტერული და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების ყოვლისმომცველი დანერგვა)” ? განაცხადა ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა.
პირველად საქართველოში კომპიუტერიზაცია და ინფორმატიკული ქსელის შექმნის პრობლემა სახელმწიფო რანგში ავიდა და მიზნად იქნა დასახული საერთო სახელმწიფოებრივი საინფორმაციო ბანკის შექმნა, რათა ქართველისთვის კომპიუტერი საბეჭდი მანქანა კი არა, ცხოვრების სტილი და აუცილებელი ატრიბუტი გახდეს. ამასთან, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით:
“ცალკე მინდა ვისაუბრო ჩემი სრულიად ახალი ინიციატივის შესახებ – საჯარო ინფორმაციის საერთო-სახელმწიფოებრივი ბანკის შექმნის თაობაზე. კულტურული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ძირითადი პირობაა. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ამოცანას ემსახურება ჩვენ მიერ მიღებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც: იგი ავალდებულებს სახელმწიფო სტრუქტურებს მოთხოვნისამებრ გააცნონ საზოგადოების ნებისმიერ წევრს მათ ხელთ არსებული საჯარო დოკუმენტები.
სწორედ საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური გზაა საერთო-სახელმწიფოებრივი საინფორმაციო ბანკის შექმნა, რომელშიც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა განათავსებს მის ხელთ არსებულ საჯარო ინფორმაციას და რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის.
ვინაიდან სახელმწიფო სტრუქტურები განათავსებენ აღნიშნულ ბანკში თავის საჯარო ინფორმაციას და მათ შორის არსებულ კორესპონდენციას, ცხადია, რომ ბანკი იმავდროულად წარმოადგენს ქვეყნის დოკუმენტბრუნვის სისტემას. ამასთან, ბანკი ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის ინტერნეტის მეშვეობით, რაც საზოგადოების ყოველ წევრს აძლევს საშუალებას, განახორციელოს ელექტრონული მიმოწერა ხელისუფლებასთან, მათ შორის, მიაწოდოს ხელისუფლებას თავისი აზრი ან წინადადება ნებისმიერ საკითხზე.
რადგანაც აღნიშნულ ბანკში თავსდება ყოველგვარი ინფორმაცია, ცხადია, რომ ბანკი თემატურად და სექტორულად ასახავს საქართველოს მდგომარეობას, ანუ იგი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ქვეყნის ნორმატიული აქტების ბანკი, ან როგორც ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების ბანკი, ან როგორც ნებისმიერ სხვა სფეროს ამსახველ მონაცემთა ბანკი.
საჯარო ინფორმაციის ბანკის გაფართოება წარმოდგენილი მაქვს როგორც კავკასიის რეგიონის, ასევე შავი ზღვის აუზისა და აბრეშუმის გზის ქვეყნების მასშტაბით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკითხის ამგვარი დასმა წარმოადგენს გამჭვირვალობის, საჯაროობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოვლენის რევოლუციურ რესურსს”.
ამასთან, შევარდნაძემ პრეზიდენტის ფონდიდან 550 ათასი ლარის გამოყოფის შესახებ აუწყა საზოგადოებას, რომელიც პროგრამა “Windows”-ის ქართულად თარგმნას მოხმარდება.
ბუნებრივია, საქართველოსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის უზარმაზარი უფსკრულია ამ დარგში და ამ უფსკრულის ამოვსების გარეშე შეუძლებელია ვილაპარაკოთ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე თუ ეკონომიკის განვითარებაზე, მაგრამ ამ უფსკრულის არსებობაში არის როგორც ობიექტური (გარე), ისე სუბიექტური მიზეზები. ობიექტურ მიზეზებს შორის “ციფრული განვითარების” უთანაბრობით გლობალური პრობლემა დასახელდა. სუბიექტურებში, განათლების სისტემის მოშლილობა და ტექნოპარკის არარსებობა, ბუნებრივია, ორივე ამ მიმართულებაში, სამწუხაროდ, საქართველო, ჯერჯერობით, უცხოური დონორების იმედზეა, მაგრამ ის, რომ ამ დარგში იწყება სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება, უკვე დიდი მიღწევა და სენსაციაა.
გამოვიდა ი. მესხიასა და ო. ნიკოლეიშვილის წიგნი “გადასახადები და დაბეგვრა”, რომელშიც განხილულია გადასახადებისა და დაბეგვრის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები: გაბეგვრის ისტორია, პრინციპები და ფუნქციები, საქართველოს საგადასახადო პოლიტიკისა და სისტემის თავისებურებები. დეტალურადაა გაანალიზებული გადასახადების ძირითადი სახეები, დაბეგვრის წინაშე მდგარი ორგანიზაციული, მეთოდური და სამართლებრივი პრობლემები. დახასიათებულია უცხოეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში დაბეგვრის გამოცდილება და თავისებურებები.
წიგნი განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, ასპირანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს საგადასახადო სისტემის მუშაკებს, მეწარმეებს, ბიზნესმენებს, ბუღალტრებს, აუდიტორებს და დაბეგვრის თანამედროვე თეორიითა და პრაქტიკით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტატისტიკური წელიწდეული: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, 2002 უკვე ათი წელია, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და მოვლენები საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღებას იპყრობს. ამ რეგიონებს შორის თავისი არაორდინარული გეოპოლიტიკური მდგომარეობის წყალობით, გამორჩეული ადგილი უჭირავს სამხრეთ კავკასიას და მასში შემავალ ქვეყნებს – აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს.
რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკურ და სოციალურ გარდაქმნაზე დაკვირვებისა და მათი შედარებითი ანალიზის საჭიროებამ, ერთობლივი სტატისტიკური გამოცემების მომზადების აუცილებლობა განაპირობა. წინამდებარე კრებული მომზადებულია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურების მიერ. მასში ასახულია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში მიმდინარე მოვლენები და პროცესები. უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა, რეგიონის სამივე ქვეყნის სტატსამსახურებში მიმდინარეობს სტატისტიკური აღრიცხვის სისტემის რეფორმირება და საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებისადმი მისი მისადაგება, ერთობლივი გამოცემების მომზადებისას საჭირო ხდება მნიშვნელოვანი სირთულეებს დაძლევა. მათი არსებობა განპირობებულია, ძირითადად, გარდაქმნათა დროში არათანხვედრით და ცალკეული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ასახვის განსხვავებული ამოცანებით.
ევროპის კავშირის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ურთიერთობებისადმი განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, წელიწდეულში ცალკეა ნაჩვენები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის საქონლის სხვადასხვა ჯგუფებით ვაჭრობის მონაცემები. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ წამოწყებულმა ინიციატივამ შესაბამისი განვითარება ჰპოვა და დღეისათვის სტატისტიკა რეგიონის დონეზე წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთ საყურადღებო მაგალითს წარმოადგენს.