განათლება – განვითარების იარაღი

ავტორის სტილი დაცულია

ენრიკო კიკნაძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი
enriko.kiknadze650@eab.tsu.edu.ge

ანოტაცია

განათლება და საკითხები, რომლებიც მას უკავშირდება საკმაოდ აქტუალურია და ბევრ საინტერესო მიმართულებას მოიცავს. მსურს შევისწავლო რამდენიმე ასპექტი: პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ  საინტერესო იქნება ზოგადად განათლების არსის ცოდნა და  მისი სახეების კლასიფიკაციაა. არსებობს განათლების ბევრი სახე და ფორმა და თითოეულს ახასიათებს გარკვეული სპეციფიკურობა. აგრეთვე, საჭიროა ხაზი გაესვას განათლების გავლენას ეკონომიკაზე. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება სახელმწიფოს როლზე განათლებაში. განვიხილავ  თუ რატომ და რა მიზნებით ერევა სახელმწიფო განათლების პროცესებში. ბოლოს, ვისაუბრებ დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. გავაკეთებ დასკვნებს იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ განათლებაზე. კონკრეტულ მაგალითზე მიმოვიხილავ საქართველოს განათლებას.

Annotation

Education and  issues related to it are quite topical and cover many interesting areas. I want to study a few aspects:  First of all, I think it will be interesting to know the essence of education and classification of education types. There are many forms of education and each is characterized by a certain specificity. Also, it is necessary to highlight education influence on economy. It is important to focus on government role in education processes. Finally, I will speak about current situation in the world and will conclude how this situation affects on education in general. I will show it on example of Georgia.

განათლების არსი და სახეები

განათლება — სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით.

„სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი, მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი“  [დ.გურამიშვილი,1778] . მართლაც, განათლება უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი ისევე, როგორც თვით კაცობრიობის განვითარება განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება, არა განათლების ,,სუბიექტი” თუ ,,ობიექტი“ არამედ პიროვნება ,რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა – ადამიანი.

 „განათლება- თითოეული ადამიანის უფლებაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა და პოტენციალი აქვს. თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების პრინციპები სწორედ განათლებას ეფუძნება… არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი მისია, ვიდრე საყოველთაო განათლებაა“  [კ. ანანი]

სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას, სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას.

ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში- სკოლებში.

პროფესიული განათლება არის სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს. პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიღება შესაძლებელია საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებში. იგი ამზადებს კარგად განათლებულ და მოქნილ მუშახელს, რომელსაც უფრო კარგად შეუძლია შრომითი ბაზრის არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან გამკლავება.

საჭიროა ისეთის სკოლების დაარსება, რომელშიაც ასწავლიან ჩვენ შვილებს, როგორ და რანაირად შეიძლება მცირე შრომით დიდის ნაყოფის მიღება. ამისთანა სკოლებში ნასწავლები ისე ბარგად აღარ ეკიდებიან ოჯახს, როგორც სხვა სკოლებში სწავლადამთავრებული. მე უნივერსიტეტელი გახლავართ და ხვალ რომ სამსახურიდან გამოვიდე, მშიერი მოვკვდები, იმიტომ, რომ ჩინოვნიკობა მისწავლია და სხვა არაფერი. ჩემთვის რომ მიწის დამუშავება ესწავლებინათ, ჩინოვნიკადაც გამოვდგებოდი და უჩინოვნიკობოდაც მშიერი არ ვიქნებოდიმე ამ აზრისა ავრ, რომ სამეურნეო სკოლას უფრო მეტის სარგებლის მოტანა შეუძლიან…” [ილია ჭავჭვაძე, 1893]

უმაღლესი განათლება – ზოგადი ან პროფესიული განათლების შემდგომი დონეა. იგი მოიცავს სისტემატიზირებულ ცოდნასა და  პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც საშუალებას იძლევა თეორიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრას პროფესიონალურ პროფილში.

საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი.

ბოლონიის პროცესი

ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა 1999 წლის 19 ივნისს იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციას. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით შესაბამისმა სახელმწიფოებმა გამოხატეს საერთო მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში. ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 47 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.

ბოლონიის პროცესის ერთერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ შეიქმნას ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცე. სრულყოფილი ცოდნის მიღების მიზნით უფრო გაფართოვდეს სტუდენტთა მობილურობა და შესაძლებლობა მიეცეთ მათ, მიიღონ ამა თუ იმ დარგში პრესტიჟის მქონე უნივერსიტეტებში მაღალი დონის ცოდნა.

განათლების გავლენა ეკონომიკაზე

ადამიანები შრომობენ როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. მართლაც, განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ფიზიკურთან შედარებით ხელფასის განსაზღვრაში. ამ მიზეზით, ინვესტიციები, რომლებიც ამაღლებს ადამიანის ინტელექტს, სხვა სიტყვებით, განათლების დონეს, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა.

განათლება ადამიანური კაპიტალის შექმნაში ინვესტიციაა. ფიზიკურ კაპიტალში ინვესტიციების მსგავსად, ისიც შეიძლება ძვირადღირებული იყოს.

ადამიანურ კაპიტალს განათლების სახით მრავალი საერთო აქვს ფიზიკურ კაპიტალთან. ორივე მოითხოვს ინვესტიციებს იმისათვის, რათა შეიქმნას და როგორც კი შეიქმნება, ორივეს ეკონომიკური ფასეულობა ენიჭება. ადამიანური კაპიტალის შემთხვევაში განათლებიდან უკუგების გამოთვლა უფრო რთულია, რადგანაც ადამიანური კაპიტალი ყოველთვის მის მფლობელთან რჩება. ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანის განათლების ნაწილი გამოვაცალკევოთ მისი სხეულის დანარჩენი ნაწილისაგან და ვნახოთ, რამდენად ახდენს მისი იჯარით მიღებას. ეს ფაქტი ართულებს ადამიანური კაპიტალიდან უკუგების გაზომვას ფიზიკურ კაპიტალთან შედარებით.

იმისათვის, რომ დაძლიონ ეს პრობლემა, ეკონომისტები ადამიანური კაპიტალიდან უკუგების შესაფასებლად სარგებლობენ ადამიანთა ხელფასების მონაცემებით. ფაქტი იმისა, რომ უფრო მაღალი განათლების მქონე ადამიანები ღებულობენ უფრო მაღალ ხელფასებს, შეიძლება მიღებულ იქნეს იმის დასტურად, რომ ბაზარი მათ ადამიანურ კაპიტალს ასე აფასებს. ჩვენ განვსაზღვრავთ უკუგებას განათლებიდან, როგორც ხელფასის ზრდას, რომელსაც მუშაკი მიიღებს კიდევ ერთი წლის განათლებით.

მნიშვნელოვანი საშუალება, რომლითაც ადამიანური კაპიტალი განსხვავდება ფიზიკურისაგან, იმყოფება ექსტერნალიების (გარეგანი ეფექტების) სფეროში. ექსტერნალიები ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის თანამდევი ეფექტია, რომელზეც კომპენსაციები არ ხორციელდება. განათლების შემთხვევაში, მრავალ ეკონომისტს სჯერა, რომ აქ დიდი ექსტერნალიებია: ე.ი., ეძლევა რა ერთ ადამიანს მეტი განათლება, იზრდება არა მხოლოდ მისი პირადი გამოშვება, არამედ მის გარშემო მყოფთა გამოშვებაც. მაგალითად, განათლებული ფერმერები, როგორც წესი, პირველად თავიანთ სფეროში ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს (მაღალმოსავლიან სათესლე ჯიშებს, ახალ სასუქებს და ა.შ.), მაგრამ ეს ინოვაციები ნაკლებად განათლებული მეგობრებისა და მეზობლების მიერ იქნება გადმოღებული. მაშასადამე, ერთი ადამიანის განათლებას შეუძლია გაზარდოს მრავალის წარმოება.

ამრიგად, განათლება ადამიანის დახელოვნებასა და მწარმოებლურობას ზრდის, რის გამოც მას შეუძლია უფრო ეფექტიანად გამოიყენოს ხელთარსებული რესურსები, უფრო გონივრულად მიიღოს გადაწყვეტილებები, იპოვოს წარმოების ახალი გზები და გაიუმჯობესოს ცხოვრება. [დევიდ ნ. უეილი. ეკონომიკური ზრდა.]

სახელმწიფოს როლი განათლებაში

რასაკვირველია, იქ სადაც ქვეყნის ეკონომიკურ ფონს ვახსენებთ, აუცილებელია ყურადღების გამახვილება სახელმწიფოს როლზე განათლებაში. სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს განათლებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. შეგვიძლია განვიხილოთ – თუ რატომ და რა მიზნებით ერევა სახელმწიფო განათლების პროცესებში, ან თუ არ ერევა, რა არის ამის საბაბი?

განათლებაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის არგუმენტებია:

  • გარე ეფექტების არსებობა;
  • სახელმწიფოს მიერ უმცირესობის უფლებების დაცვა;
  • განათლების როლის ზრდა დემოკრატიის განვითარებაში;
  • სასტარტო შესაძლებლობათა თანასწორობის უზრუნველყოფა;
  • „საერთო ღირებულებების“ დადგენის აუცილებლობა;
  • განათლების ეფექტის განსაზღვრა ეკონომიკურ ზრდაზე.

როგორც წესი, სახელმწიფოს გააჩნია საგანმანათლებლო ფუნქციებიც. ესენია :

  • განათლების გამოწვევებისა და მიზნების განხორციელება;
  • საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა სხვადასხვა დონეებზე;
  • განსაზღვრულ ასაკამდე სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა;
  • სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნა;
  • სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების შექმნა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება.

რატომ ერევა სახელმწიფო განათლების სისტემაში?

საზოგადოდ განათლებიდან მიღებული სიკეთე პირადულია: განათლებული ადამიანი ნაყოფიერად მუშაობს და შესაბამისად მეტ ხელფასს იღებს. თუმცა, პირადი სარგებლის გარდა განათლებას დადებითი გარე ეფექტებიც ახასიათებს:

  1. მცოდნე მოსახლეობა ინფორმირებულ ამომრჩეველს ნიშნავს, ეს კი უკეთესი მთავრობის არჩევას გულისხმობს; 
  2. მცოდნე მოსახლეობა აუმჯობესებს კრიმინოგენულ სიტუაციას;
  3. განათლებული საზოგადოება ხელს უწყობს ტექნოლოგიური მიღწევების გავრცელებას, ეს უკანასკნელი კი ყველას შრომის ნაყოფიერებასა და ხელფასის დონეს აამაღლებს.

პანდემიის გავლენა განათლებაზე

მოგვეხსენება, რომ დღესდღეობით არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას კორონავირუსის პანდემიის სახით. ქვეყნებში ცხოვრების ჩვეული რითმი შეჩერდა, შეწყდა უამრავი სამუშაო პროცესი. გართობა და მრავალი სხვა სახის ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო.

ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ შეეხო პანდემია განათლებას. სააუდიტორიო მეცადინეობები შეწყდა, რაც აიძულა ქვეყნები გადასულიყვნენ დისტანციურ სწავლებაზე. საქართველოს მაგალითზე ვნახოთ, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ და შესაბამისმა ორგანოებმა იმისთვის, რათა განათლების პროცესი არ შეფერხებულიყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაინერგა ონლაინ-პლატფორმები სინქრონული და ასინქრონული მუშაობისთვის. სკოლებისთვის, პირველ არხთან თანამშრომლობით 30 მარტიდან დაიწყო კამპანია „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ ტელეგაკვეთილებს და უზრუნველყოფილები იყვნენ საჭირო ცოდნით.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ონლაინ სწავლებასთან შესაბამისობის მიზნით, მოდიფიცირდა სასწავლო გეგმები, გადაიხედა სწავლების მეთოდები და შეფასების სისტემები. უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს შესაბამისი გზამკვლევები და ვიდეოინსტრუქციები სტუდენტებისა და ლექტორებისთვის. აგრეთვე, ონლაინ ლექცია/სემინარების ჩანაწერები იტვირთება შესაბამის პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის.

საყურადღებოა ისიც, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრული გრანტების, სტიპენდიებისა და პროგრამების დაფინანსებას.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) ჩარჩო დოკუმენტში, COVID-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის კუთხით, საქართველოში განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის შეფასებული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მონაწილეობით გამართულ Microsoft-ის ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე, COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ, სისტემის ადაპტაციის მხრივ, სამინისტროს ძალისხმევა სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოდ დასახელდა. OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.  [http://mes.gov.ge/] [5.]

დასკვნა

ამრიგად, შევაჯამოთ ჩვენი თემის საკვანძო მომენტები. როგორც აღინიშნა, განათლება კაცობრიობის ერთ-ერთი უმძლავრესი ინსტრუმენტია განვითარებისთვის. განათლება სწორედ ის მამოძრავებელი მოტივია, რომელიც ადამიანს უბიძგებს იცხოვროს უკეთესად, უფრო ეფექტიანად გამოიყენოს ხელთარსებული რესურსები და მიიღოს უფრო გონივრული გადაწყვეტილებები. ის სტიმულია, შექმნას რაიმე ინოვაციური და კრეატიული, გაამარტივოს ცხოვრება და მოიტანოს სარგებელი. კაცობრიობა დღითიდღე ვითარდება და სწორედ განათლება წარმოადგენს ამ განვითარების უმთავრესს მექანიზმს. დღესდღეობით  სახლში ყოფნისას შეგვიძლია დავუკავშირდეთ ადამიანს, რომელიც ჩვენგან ათასობით კილომეტრით არის დაშორებული, გადავიხადოთ კომუნალური გადასახადი სახლიდან გაუსვლელად, გავატაროთ არხების ქსელი, შევქმნათ ხარისხიანი  პროვაიდერები, გამოვიყენოთ რთული ალგორითმები და ა.შ. ეს ყველაფერი სწორედ განათლების დამსახურებაა. განვითარების თითოეულ ეტაპზე ადამიანი ცდილობდა ცხოვრება გაემარტივებინა და ამავდროულად  უფრო მრავალფეროვანი გაეხადა. დროდადრო ადამიანს უნდოდა მეტი, და ამის მიღწევის საშუალება სწორედაც რომ განათლებაა. ის უზრუნველყოფს ადამიანში კრეატივის განვითარებას, რაც უკეთეს წარმოსახვას განაპირობებს. „ წარმოსახვა – შექმნის დასაწყისია. თქვენ წარმოიდგენთ იმას, რაც გინდათ, თქვენ გსურთ ის, რასაც წარმოიდგენთ და საბოლოოდ, თქვენ ქმნით იმას, რაც გსურთ“  [ჯ.ბ.შოუ]

თანამედროვე განათლება სათავეს იღებს ბოლონიის პროცესიდან, როდესაც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე განიმარტა და დადასტურდა ევროპული ერთიანი სივრცის უმთავრესი წესები.

ვისაუბრე განათლების გავლენაზე ეკონომიკურ პროცესებზე, ზოგადად ეკონომიკაზე. ვნახეთ, რომ განათლება უპირველეს ყოვლისა აამაღლებს ადამიანის მწარმოებლურობასა და კვალიფიკაციას, რასაც საბოლოოდ ხელფასის დონის ზრდამდე მივყავართ. რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო დიდი პოტენციალი აქვს სამუშაო ადგილის პოვნაში, მაღალი სტაბილური შემოსავლის მიღებაში და უფრო მაღალი სტანდარტების ცხოვრებაზე გადასვლაში.

აღსანიშნავი იყო სახელმწიფოს როლი განათლებაში. ვნახეთ, რომ სახელმწიფოს აქვს მოტივები აქტიურად ჩაერთოს განათლების პროცესში და სათანადო ბერკეტებითა და რეფორმებით შეასრულოს თავისი საგანმანათლებლო ფუნქციები, უზრუნველყოს მოსახლეობის განათლების დონის ზრდა და ამით განავითაროს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მხარე.

2019 წლის მიწურულს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ტალღა დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში იგი ჯერ კიდევ არ დამთავრებულია. პანდემიამ მთელი მსოფლიო დიდი პრობლემის წინაშე დააყენა, რომელსაც ადამიანთა ჯანმრთელობის გარდა ეკონომიკური მხარეც წარმოადგენს. მსოფლიო ეკონომიკამ უდიდესი ზარალი მიიღო,  მილიონობით  ადამიანი დროებით ან სამუდამოდ უმუშევარი დარჩა, 100 მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურესი შიმშილის პირას აღმოჩნდა. რასაკვირველია პანდემია შეეხო განათლებასაც. ქვეყნების უმეტესობა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, მათ შორის საქართველოც.

ნათელია, რომ კორონავირუსის პანდემია საშინელი რამაა მსოფლიოსთვის, მაგრამ, მას სულ მცირე ერთი დადებითი შედეგი მაინც ჰქონდა. ჩვენ დავინახეთ თუ როგორ არიან ქვეყნები მზად იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი მოულოდნელად შეცვალონ. განათლების კუთხით ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა დისტანციური სწავლების გამოცდილების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პიკი გადალახულია, ზოგიერთი ქვეყნის ექსპერტი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უახლოეს მომავალში არ დავუბრუნდებით. სამაგალითოდ, შეგვიძლია ვნახოთ, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებას არ წყვეტს და გააგრძელებს მას სულ მცირე 2021 წლის ზაფხულამდე. [7.]

ამრიგად, განათლება – არ არის უბრალოდ სკოლაში გაკვეთილის სწავლა და ჩაბარება, განათლება გაცილებით მეტია. „მე არასდროს ვუშვებდი იმას, რომ ჩემ სასკოლო მეცადინეობებს  ხელი შეეშალათ ჩემი განათლებისთვის“ [მ. ტვენი]. განათლება – იარაღია, რომლითაც ადამიანი ახალ გზებს აშენებს. განათლება ლამპარია, რომელიც ადამიანს ეხმარება სიბნელეში სწორი გზა აირჩიოს.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კეთილდღეობის ეკონომიკა, რიდერი, შემდგნ. ასოც. პროფ. ი. გაგნიძე, 2015 წ. (მთლიანი მოცულობა 100 გვ. რიდერი ხელმისაწვდომია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში);
  2. შრომის ეკონომიკა, ავტორთა კოლექტივი, თსუ,თბილისი,  2016 წ, 160 გვ.
  3. დევიდ ნ. უეილი. ეკონომიკური ზრდა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა – 2016 წ.(წიგნი ხელმისაწვდომია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში), 297 გვ.
  4. http://mes.gov.ge/
  5. http://mes.gov.ge/uploads/files/ganatleba-prezentacia.pdf?fbclid=IwAR2PcFjVIDMDK14BGKiS610KWFnNvpZqdfpUkwmuYMybhN47-PGIhIWdR7M
  6. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98
  7. https://www.lbcnews.co.uk/uk-news/cambridge-university-announced-move-to-hold-all-le/?fbclid=IwAR1p0ooCcl8_g6Z11hePtN76aaQcgl611P5jAY64T8m-3zC0PpzwIVJncDU