უთანასწორობის შემცირების მაკროეკონომიკური პოლიტიკა

ავტორის სტილი დაცულია

გვანცა ლომიძე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
III კურსის სტუდენტი
Gvancalomidze123@gmail.com

ანოტაცია:

თანამედროვე საზოგადოება მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა პრობლემის წინაშე დგას და ამ პრობლემებს შორის ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა და სიღარიბე. ადამიანთა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა ყოველთვის იყო და დღემდე რჩება პრობლემად, რომელიც საერთოა ყველა ქვეყნისთვის და ამგვარად ის გლობალური ხასიათისაა. შემოსავლების უთანასწორობამ ეკონომისტთა ყურადღება გასული საუკუნის 60-იან წლებში მიიპყრო და მას შემდეგ ის აქტუალურობას არ კარგავს. როგორც მსოფლიო სტატისტიკა გვიჩვენებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში არა თუ შემცირდა უთანასწორობა, არმედ განაგრძობს ზრდას. შემოსავლების უთანასწორობას ზოგი ეკონომისტი დადებით კონტექსტშიც განიხილავს და მას, როგორც მასტიმულირებელს ისე წარმოგვიდგენს, თუმცა ამ უკანასკნელს საზოგადოებისთვის უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ვიდრე სარგებლის. შემოსავლების უთანასწორობას მივყავართ სიღარიბის დონის ზრდასთან, რაც თავისი არსით უკვე ცუდის მომასწავებელია. სიღარიბის გაღრმავება იღებს კომპლექსურ ხასიათს და მოიცავს საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს.

Annotation:

Modern society faces many social, economic, political and other problems, and among these problems are socio-economic inequality and poverty. Socio-economic inequality of people has always been and still remains a problem that is common to all countries and thus it is of a global nature. Income inequality caught the attention of economists in the 1960s and has not lost its relevance since. As world statistics show, if inequality has decreased in recent decades, Armed will continue to grow. Some economists also view income inequality in a positive context, presenting it as a stimulus, although the latter can do more harm to society than good. Income inequality leads to rising poverty levels, which in essence is already a bad omen. The deepening of poverty takes on a complex character and covers almost all spheres of society.

უთანასწორობა კონცენტრირებულია, არამხოლოდ ერთ მაჩვენებელზე განყენებულად, არამედ მოსახლეობის, ქვეყნის ცხოვრების პირობების განმსაზღვრელ სხვადასხვა ფაქტორზე.განვითარების თეორია მეტწილად უთანასწორობას განიხილავს ცხოვრების სტანდარტების ჭრილში, როგორიცა: შემოსავლების/სიმდიდრის, განათლების და კვების უთანასწორობა.

უთანასწორობა ეკონომიკურ ჭრილში სამ სახედ იყოფა:

  1. შემოსავლები;
  2. ხელფასები;
  3. სიმდიდრე.

შემოსავლების უთანასწორობა ეს არის შემოსავლების უთანაბრობის დონე ადამიანთა ჯგუფებს შორის. შემოსავალები ეს არ არის მხოლოდ დასაქმებულის ხელფასი  ან მისი სახელფასო დანამატი, აქ იგულისხმება შემოსულობები ინვესტიციებიდან, დივიდენდები აქციებიდან, შემოსულობები საპენსიო ფონდებიდან და რენტიდან შემოსავალი. შემოსულობების გაზომვა  ხდება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე შინამეურნის მიხედვით.

უთანასწორობა ხელფასის მიხედვით, ასევე მოიხსენიებენ გადახდების უთანასწორობა. ამ უკანასკნელში იგულისხმება მხოლოდ გადახდა დასაქმებულის მიმართ, რომელიც შეიძლება იყოს – საათობრივი, თვიური ან წლიური, თუმცაღა ხელფასის გადახდა უმეტესწილად ხდება კვირეული ან თვიურის სახით, რომელიც მოიცავს ბონუსებსაც.

უთანასწორობა სიმდიდრის მიხედვით – აქ იგულისხმება ინდივიდი ან შინამეურნე ქონების მთლიანი ოდენობით. ქონება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფინანსური აქტივები, როგორიცა: აქციები და ობლიგაციები, ქონებრივი და კერძო საპენსიო უფლებები.

სოციალური უთანასწორობა მოიცავს განათლების, ჯანდაცვის და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის დონეს. ეკონომისტთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყნებში სადაც მაღალია უთანასწორობის მაჩვენებლები მით დაბალია განათლების დონე, არასტაბილურია და დაბალი განვითარებით ხასიათდება ჯანდაცვის სფერო და შესაბამისად სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელიც დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.[1]

უთანასწორობის გაზომვა სხვადასხვა გზით ხდება. შემოსავლების უთანასწორობის გაზომვის ხერხებიდან კი ყველაზე ხშირად გამოიყენება: ჯინის ინდექსი, ტეილის ინდექსი და ატკინსონის ინდექსი.

ჯინის ინდექსი – უთანასწორობის გაზომვის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია, რომელსაც მიმართავენ ეკონომისტები. ჯინის კოეფიციენტი ასახავს დოვლათის განაწილების უთანაბრობას ქვეყანაში. იტალიელმა სტატისტიკოსმა და დემოგრაფმა კორადო ჯინიმ შემოიტანა ის ხმარებაში 1912 წელს. საზოგადოდ ჯინის კოეფიციენტი არის მაკროეკონომიკური და სტატისტიკური, რომელიც გვიჩვენებს რაიმე გამოსაკვლევი თვისების მიმართ საზოგადოების ფენებად დაშლის ხარისხს და წარმოადგენს ამ თვისების ფაქტიური განაწილების შეფარდებას აბსოლუტურად თანაბარ განაწილებასთან. ჯინის კოეფიციენტი გვიჩვენებს შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი თანაბარი განაწილების ხაზიდან. იგი იანგარიშება 0-დან 1-დე ინტერვალში. კოეფიციენტის მნიშვნელობა 0 ნიშნავს, რომ უთანაბრობა არ არსებობს, ხოლო 1 უთანაბრობა მაქსიმალურია.

დიაგრამა 1: ჯინის კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.[3]

საქართველოში ჯინის კოეფიციენტის მაქსიმალური რაოდენობა (დიაგრამა 1) მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 2010-2011 წლებში შეადგენა 0,42 ხოლო 2020 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 0,36-ის ტოლია.[3]

ტეილის ინდექსი – წარმოადგენს სოციალური უთანასწორობის საზომს, რომელიც 1967 წელს ნიდერლანდელმა მეცნიერმა ანრი ტეილმა შემოგვთავაზა. ტეილის ინდექსი ეკონომიკის გარდა გამოიყენება საირიგაციო სისტემებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მეტრიკის განაწილების ხარისხის შესაფასებლად. ჯინის ინდექსისგან განსხვავებით ტეილის ინდექსი დაშლადია, ანუ თუ პოპულაცია დაშლილია ჯგუფებად, მაშინ ტეილის ინდექსი მთლიანად პოპულაციისათვის შეიძლება ჩაიწეროს თითოეული ჯგუფის ტეილის ინდექსის შეწონილი ინდექსების ჯამის სახით.

ატკინსონის ინდექსი – წარმოადგენს სოციალური უთანასწორობის საზომს, რომელიც 1970 წელს შემოგვთავაზა ენტონ ატკინსონმა. ეს უკანასკნელი გამოიყენება აშშ-ს მოსახლეობის აღწერის სამსახურის მიერ. ატკინსონის ინდექსი შეიძლება გადაიქცეს ნორმატიულ მაჩვენებლად, თუ შემოსავლების აწონვისთვის შემოვიტანთ ε კოეფიციენტს (ის იცვლება 0 და 1 მდე) ეს კოეფიციენტი განიხილება, როგორც მაჩვენებელი იმისა, თუ როგორია საზოგადოების მიმართება შექმნილი სოციალური თანასწორობის მიმართ ანუ იგი არის უთანაბრობის მიუღებლობის (უკმაყოფილების) კოეფიციენტი. ε =0 იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოება გულგრილია შემოსავლების განაწილების მიმართ.[2]

ცხოვრების უთანასწორობა ყველაზე ცუდად და კარგად განვითარებულ ქვეყნებს შორის შეიძლება ვაჩვენოთ სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით: ჯანმრთელობა – ყველაზე ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ერთ-ერთ ქვეყანაში დაბადებული ბავშვი 60-ჯერ უფრო მეტი ალბათობით იღუპება, ვიდრე საუკეთესო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ქვეყანაში დაბადებული ბავშვი. აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში დღეს დაბადებული ათი ბავშვიდან ერთზე მეტი იღუპება ხუთი წლის ასაკამდე. მსოფლიოს ჯანმრთელობის მდგომარეობით მოწინავე ქვეყნებში – ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში – 250 ბავშვიდან მხოლოდ 1 იღუპება, სანამ ის 5 წლის გახდება. იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანებს განათლებაზე საუკეთესო წვდომა აქვთ – ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში – სკოლაში შესასვლელი ასაკის ბავშვებს დღეს 15-დან 20 წლამდე ოფიციალური განათლების მიღება შეუძლიათ. ავსტრალიაში ეს მაჩვენებელია 22,9 წელი. ბავშვები, რომლებიც ერთდროულად შედიან სკოლაში იმ ქვეყნებში, სადაც განათლებაზე ყველაზე ნაკლები წვდომა აქვთ, ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 5 წელია. შემოსავალი– თუ გადავხედავთ საშუალო შემოსავლებს და შევადარებთ უმდიდრეს ქვეყანას – კატარს მშპ-ით ერთ სულ მოსახლეზე 117,000 აშშ დოლარი – მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ქვეყანას – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას 661 აშშ დოლარად – 177-ჯერ მეტი სხვაობაა. ეს ითვალისწინებს ფასთა სხვაობებს ქვეყნებს შორის. აშშ-ს მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს – 54,225 აშშ დოლარს, ხოლო შვეიცარიას – 57 410 აშშ დოლარს. ეს ნიშნავს, რომ შვეიცარიელებს 1 თვეში შეუძლიათ დახარჯონ ის, რაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 7 წელში შეუძლიათ დახარჯონ[5].

საქართველოსთვის დამოუკიდებელი, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ფორმირების პირველი წლები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა – სამოქალაქო დაპირისპირება, საომარი მოქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ენერგო და სატრანსპორტო ბლოკადა, უკიდურესად დაძაბული კრიმინოგენული გარემო, სამუშაო ძალის მიგრაციის მაღალი მაჩვენებლები იმ ნეგატიური ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც დამოუკიდებლობის პირველ წლებში უპრეცედენტო ეკონომიკური ვარდნა, ჰიპერინფლაცია და უმუშევრობის კატასტროფული ზრდა მოჰყვა. ქვეყანა რადიკალური და სწრაფი ეკონომიკური რეფორმების აუცილებლობის წინაშე დადგა, რომელთა ეტაპობრივმა განხორციელებამ ვითარება საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა, განსაკუთრებით, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირების კუთხით. [1]

უმუშევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, განსაკუთრებით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდგომ. პანდემიამ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რამდენიმე  თვით სრულიად გააჩერა ეკონომიკა და შეცვალა ადამიანების ცხოვრების რიტმი.საქართველოში უმუშევრობის მთავარ მიზეზად, როგორც წესი, მიიჩნევენ ინვესტიციების სიმცირეს, არაკვალიფიციურ მუშა-ხელს და არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2020 წელს უმუშევრობის საშუალო მაჩვნებელი ქვეყანაში 18,5% იყო, რაც წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია, თუმცა 2019 წელთან შედარებით, როდესაც იგივე მაჩვენებელი 17,6%-ს შეადგენდა, უფრო გაზრდილია, რაც პანდემიითაა განპირობებული[6].

გრაფიკი2: უმუშევრობის დონე საქართველოში, %

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.[5]

საქართველოში მამაკაცების უფრო დიდი ნაწილია დაუსაქმებელი ვიდრე ქალების. 2020 წლის მონაცემებით უმუშევართა 16,2%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო კაცების რაოდენობა 20,2% იყო (გრაფიკი 2).[9]

გრაფიკი 3: უმუშევრობის დონე სქესობრივ ჭრილში. %

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [9]

უმუშევრობაზე საუბრისას კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეკონომისტები ყურადღებას აქცევენ, შრომისუნარიან უმუშევართა განათლების დონეა. განათლება საუკეთესო ინვესტიციად მოიაზრება კვალიფიციური და კარგად ანაზღაურებადი შრომის ბაზრის ფორმირებისთვის. ადამიანური კაპიტალის თეორია ერთ-ერთი მთავარია განათლების ეკონომიკაში. მისი მთავარი პოსტულატია, რომ ადამიანური კაპიტალი ეკონომიკური ზრდის ცენტრალური ფაქტორია, კერძოდ, ადამიანური კაპიტალის მიერ წარმოებული პროდუქტი თვითუზრუნველმყოფი ეკონომიკური ზრდის საფუძველია. შესაბამისად, მჭიდრო და პოზიტიური კავშირი არსებობს განათლებასა და ეკონომიკას შორის. მიკროეკონომიკურ დონეზე განიხილება კავშირი ინდივიდის საგანმანათლებლო მიღწევებსა და განათლების ამონაგებს შორის. იგულისხმება, რომ რაც უფრო მაღალია ფორმალური განათლების დონე (მეტია ფორმალური განათლების წლები), მით უფრო მაღალია ინდივიდის ანაზღაურება და ფინანსური კეთილდღეობა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ, 2017 წელს მომზადდა კვლევა: „უმაღლესი განათლების ამონაგების მიმართება შრომით ორიენტაციასა და კმაყოფილებასთან საქართველოში“. აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებო საკითხი. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული რესპოდენტების მხოლოდ 33%-ს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო (ანაზღაურების მქონე თვითდასაქმებულების ჩათვლით). შესაბამისად, დაუსაქმებლების კატეგორიაში ხვდება გამოკითხულთა უმრავლესობა (67%). მათ შორის, ეკონომიკურად აქტიურია და სამსახურს ეძებს 37.5%, 23% პენსიონერია, 19% დაკავებული საოჯახო საქმეებით, 9.5% უმუშევარია და არ ეძებს სამუშაო ადგილს, 7% კი სწავლობს.  უმუშევართა რაოდენობა  მაღალია მხოლოდ სასკოლო (არასრულის ჩათვლით) განათლებისა და პროფესიული განათლების მქონე რესპოდენტების შემთხვევაშიც. უმაღლესი განათლების რესპოდენტებს შორის კი დასაქმებულთა და დაუსაქმებელთა რაოდენობა თითქმის თანაბარია. საჯარო სექტორი დღეს წამყვანია საქართველოში დაქირავებით დასაქმების მიმართულებით და დაქირავებით დასაქმებულთა 75% სწორედ მასშია ჩართული, ხოლო 22% კერძო სექტორშია დასაქმებული.

თანამედროვე ეტაპზე საქართველოს შრომის ბაზრისათვის დამახასიათებელია გარკვეული თავისებურებები: დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები (სამუშაო ადგილების მცირე რაოდენობა), რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარების დაბალი დონით არის განპირობებული; მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული მკვეთრი დისბალანსი; მოქმედების შეზღუდული არეალი; ნაკლები ელასტიურობა; სამუშაო ძალის დაბალი მობილურობა; ხანგრძლივ უმუშევართა მაღალი წილი; უმუშევრებში ახალგაზრდების მაღალი წილი; არაფორმალური დასაქმების დიდი წილი.

საქართველოში, უმუშევრობამ ქრონიკული ხასიათი შეიძინა და მისი დაძლევა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახდა. იგი მჭიდროდაა გადაჯაჭვული საბიუჯეტო საგადასახო პოლიტიკასთან და ეკონომიკის სტრუქტურულ ძვრებთან.

„საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია“ მიზნად ისახავს, რომ სახელმწიფომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში. დასაქმება სიღარიბის დაძლევისა და მოსახლეობის სოციალური თანასწორობის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რამაც წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის ინკლუზიური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნის მიღწევაში. სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიზანია დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ღირსეული დასაქმების უზრუნველყოფა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შრომის ბაზარზე თანაბარ მონაწილეობას. სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადამიანური კაპიტალისა და პროდუქტიულობის განვითარებას, მთელი ცხოვრების მანძილზე განათლებას. ეს სამუშაო ძალას დაეხმარება, დააკმაყოფილოს სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი დარჩეს.[8]

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმუშევრობა მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.უმუშევრობა აფერხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ხელს უშლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას. უმუშევრობის ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს შორის აღსანიშნავია: მატერიალური დოვლათის დიდძალი დანაკარგები, შემოსავლების დანაკარგები, მასობრივი სიღარიბე, ინტენსიური გარე შრომითი მიგრაცია, ინფლაციის ზრდა, დემოგრაფიული ვითარების გამწვავება, მუშაკთა დეკვალიფიკაცია[9]. ხანგრძლივმა და მასობრივმა უმუშევრობამ შეიძლება მიგვიყვანოს ზოგადად ქვეყნის გაღარიბებამდე. ეს იმიტომ, რომ უმუშევრობის მაღალი დონე ეხება არა მარტო კონკრეტულ ინდივიდებს ან მათი ოჯახის წევრებს, არამედ მთლიანად ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რადგან იგი იწვევს ქვეყნის ეკონომიკის საერთო მაჩვენებლების გაუარესებას.

2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 21,3%-ია(აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. აბსოლუტური სიღარიბის ზღვრად, ოფიციალური საარსებო მინიმუმია აღებული), რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ყოველი მე-5 მოქალაქე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საუბარია დაახლოებით 800 ათას ადამიანზე, რომელთა შესახებაც კვლევას საქსტატი აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო 2 წლის მაქიმუმზეა — სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2018 წელს 20,1%, ხოლო 2019 წელს 19,5% იყო.სტატისტიკა აჩვენებს, რომ სიღარიბის ზღვარს ქვევით სოფლად მცხოვრებთა 27,5%, ხოლო ქალაქების მაცხოვრებლების 17,1%-ია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს ყოველთვიურად შემწეობას საშუალოდ 484 ათასი ადამიანი იღებდა. [10]

გრაფიკი 4: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, %

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [11]

ფარდობითი სიღარიბის მონაცემების მიხედვით (ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას მათ საშუალო მოხმარებასთან. ღარიბად ითვლება ის, ვინც მთლიანი მოსახლეობის მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს) მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წლის მონაცემებით შეადგენდა 19,7%-ს ხოლო იგივე მაჩვენებელი 2019 წელს 20,1%-ის ტოლი იყო.[12]

დიაგრამა 5: ფარდობითი სიღარიბე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. [12]

2018 წელს საქართველოში „ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის― (ACT) და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა რეპორტი, სადაც განხილულია საქართველოში არსებული სიღარიბის მაჩვენებლები. ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი პერიოდების მანძილზე საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები იზრდება. საქართველოს მოსახლეობის სიღარიბისა და კეთილდღეობის მდგომარეობაში ცვლილებების შეფასება განხორციელდა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე. შედეგად კი გამოიკვეთა, რომ ეროვნულ დონეზე, შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა შესაბამისად 2.6, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული ერთეულით გაიზარდა. ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა; ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის. სიღარიბის მთავარ გამომწვევ ფაქტორებს რაც შეეხება, მოცემული პერიოდებისათვის, შინამეურნეობების წევრები მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზეზებად ძირითადად ფასების ზრდას, სერიოზულ ავადმყოფობასა და შინამეურნეობის შემოსავლის შემცირებას ასახელებენ.[2]

სიღარიბესთან ბრძოლის ორი ძირითადი გზა არსებობს, პირველი არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და სამუშაო ადგილების ზრდა, რასაც თავის მხრივ, მოყვება მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. რა თქმა უნდა, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ ბევრად ეფექტურიც. სიღარიბის შემცირება შესაძლებელია სოციალური ტრანსფერების (ფულადი დახმარებების) ზრდითაც, რომელსაც უფრო სწრაფი ეფექტი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი ვინც სიღარიბეს ამ გზით (სოციალური დახმარებით) აღწევს თავს, რჩება მოწყვლად ჯგუფად და გაღარიბების რისკის ქვეშაა.

2019 წლიდან  საქართველოში ბავშვზე დანამატი 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. ეს გაზრდის შინამეურნეობების შემოსავლებს და შეამცირებს როგორც ბავშვთა სიღარიბეს, ასევე ზოგადად სიღარიბესაც. დიდი ალბათობით, 2019 წლიდან სიღარიბე შემცირდება სწორედ სოციალური ტრანსფერის ზრდის ხარჯზე. თუმცა, რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს სოციალური ტრანსფერები, თუ სამუშაო ადგილები და ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ გაიზრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში, სიღარიბის დონე კვლავ მზარდი იქნება[13].

დასკვნა

უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა. გარდა იმისა, რომ უმუშევრობა არის მაკროეკონომიკური არასტაბილურობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, იგი იწვევს არა ერთ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემას. ხელისუფლება ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას უნდა ცდილობდეს არა ერთი რომელიმე კონკრეტული მეთოდით, არამედ კომპლექსური ნაბიჯებით. მაგალითად: შრომის ბაზრის ეფექტიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვა, უმუშევართა აქტიური გადამზადების/დატრენინგების პროგრამის შემუშავება, მოთხოვნის სტიმულირება სამუშაო ძალაზე (ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძო სექტორის წახალისება), კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მიწოდების ხელშეწყობა (განათლების ხარისხის შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან), შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება – დაიგეგმოს და განხორციელდეს მხარდამჭერი ღონისძიებები მათთვის ვინც ვერ ახერხებს სტაბილურ დასაქმებას ან დასაქმებულთა რიგებში გადასვლას. იმისთვის, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე არ გაიზარდოს, მნიშვნელოვანია რიგი ღონისძიებების გატარება: მართვის გაუმჯობესება, დასაქმებულთათვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვა, შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის სისტემის სრულყოფა, შრომითი მიგრაციის მოწერიგება და სხვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს სოციალურ – ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. http://gov.ge/files/382_42949_233871_400-1.pdf
  2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
  3. https://ourworldindata.org/global-economic-inequality?fbclid=IwAR0-uU2b23MDoSXk9pDYPjw7o6B9K8mN5RIMf-iHpMXjGLxoB3IrQ_82mtQ
  4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  5. უმუშევრობა საქართველოს დასაქმების პოლიტიკის კვალდაკვალ. URL: https://forbes.ge
  6.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. URL: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  7. „უმუშევრობა და მისი დაძლევის გზები საქართველოში“- დავით ებილაშვილი
  8. ჩიქავა,ლ. (2012). დასაქმება და უმუშევრობა საქართველოშ
  9. https://on.ge
  10. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. URL: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
  11. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. URL: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done
  12. https://factcheck.ge/ka/story/37711-sigharibis-zrdis-realuri-mizezebi-dabali-ekonomikuri-zrda-umushevroba-samomkhmareblo-phasebis-mateba