სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების განვითარება საქართველოში
თ. გორშკოვი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი პ. ცაგარეიშვილი, ტექნ. მეცნ. კანდიდატი, მ. არჩვაძე
სოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სატრანსპორტო კვანძებსა და გზაჯვარედინებზე (ნავსადგურებში, აეროპორტებში, რკინიგზებზე) შექმნილია თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ლოგისტიკური ცენტრები და ტექნოლოგიური პარკები, რომელთა ფუნქციას ტვირთების დასაწყობება, დახარისხება, შეფუთვა, მარკირება, დამუშავება, აწყობა, შეკეთება, დისტრიბუცია და გადაზიდვის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
საქართველომ, როგორც სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის მატარებელმა რგოლმა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ პრიორიტეტად ლოგისტიკა უნდა დაისახოს და გაავითაროს, რომელიც, ასევე, დამატებით, არასატრანსპორტო შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ლოგისტიკა წარმოადგენს მომხმარებლის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად შესრულებულ პროცესს, რომელიც გულისხმობს საწყისი პუნქტიდან, მომხმარებლის პუნქტამდე ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქციის და შესაბამისი ინფორმაციის ეფექტიან, რენტაბელურ მოძრაობასა და დასაწყობება-შენახვის დაგეგმვას, განხორციელებასა და კონტროლს.
თანამედროვე ლოგისტიკური სივრცის ძირითად ელემენტებს მულტიმოდალური, ინტერმოდალური და კომბინირებული გადაზიდვები წარმოადგენს. დღეისათვის, ასეთი გადაზიდვების ხვედრითი წილი მსოფლიო სატრანსპორტო ბაზარზე მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. მის ძირითად უპირატესობას მიწოდების სიჩქარე, “კარიდან-კარამდე” და “ზუსტად დროზე” მომსახურება, სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტის კოორდინირებული მუშაობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება წარმოადგენს.
ხშირად სხვადასხვა სახის ტრანსპორტის კოორდინირებულ მუშაობას არ შეუძლია ლოგისტიკური ამოცანების გადაწყვეტა, ამიტომ საჭიროა ინსტრუმენტი, რომელიც სატრანსპორტო ხარჯების მინიმუმამდე დაყვანით, რაციონალურ გზებს გამოძებნის ტვირთის დანიშნულების პუნქტამდე მისატანად.
სატრანსპორტო ლოგისტიკა, როგორც საქმიანობის სფერო, ხორციელდება ლოგისტიკური ცენტრების საშუალებით, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს დაგეგმვა, კონტროლი და ტვირთების რაციონალური მიწოდების ორგანიზაცია, შეთანხმებული გადაზიდვების გრაფიკების შესრულება და ტვირთმფლობელებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დროულად მიწოდება.
ლოგისტიკური ცენტრი – დამოუკიდებელი კომპანიების და საწარმოების ტერიტორიული გაერთიანებაა, რომლებიც აწარმოებენ სატვირთო გადაზიდვებს (ტვირთგამგზავნები, გადაზიდვის ოპერატორები, საბაჟო ორგანოები) და გადაზიდვებთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას (შენახვა, ტექნიკური მომსახურება და რემონტი), სადაც ჩართულია, სულ მცირე, ერთი ტერმინალი მაინც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში პროდუქციის საბოლოო ღირებულების 20-30% ტვირთების გადაზიდვაზე, დაგემვასა და ორგანიზაციაზე მოდის, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ლოგისტიკური სისტემებია დანერგილი, იგი 8%-ს არ აღემატება, ე.ი. ლოგისტიკა უნდა განვიხილოთ, როგორც კონკურენტუნარიანობის ამაღლების საშუალება, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ სატრანსპორტო ბაზარზე, ისე ტრასეკას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში.
ცნობილია, რომ დერეფანში სარკინიგზო ტრანსპორტს მთავარი როლი აკისრია. გადაზიდვების პროცესის განხორციელებისას მას დროის და შესაბამისად, ფინანსური დანაკარგები გააჩნია. სწორედ ამ დანაკარგების შემცირება შეიძლება ლოგისტიკური ცენტრებით, რომლებიც გამიზნულია, ძირითადად, შემოსავლების გაზრდისაკენ, კერძოდ:
– კლიენტების კომპლექსური სატრანსპორტო მომსახურების ორგანიზაციით, მომსახურების სახეობების გაფართოებითა და მათი ხარისხის გაუმჯობესებით;
– დამატებითი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვისათვის პირობების შექმნით;
– ინტერმოდალური გადაზიდვების დროს საქართველოს რკინიგზისათვის ცენტრალური ორგანიზაციული რგოლის ფუნქციის მინიჭებით;
– ლოგისტიკურის ჯაჭვის მონაწილეებს შორის ანგარიშსწორების სქემების ოპტიმიზირებითა და გამჭირვალობით;
– სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტსა და საბაჟო-გამტარ პუნქტებზე მოცდენების შემცირების ხარჯზე ტვირთების გადაადგილების დროის შემცირებით;
– სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დატვირთვის ოპტიმიზირებით, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობების გამოყენების რეგულირების გაუმჯობესებით;
– საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებით;
აქედან გამომდინარე, ტრანსპორტზე ლოგისტიკური ცენტრების შექმნის მიზანს ყველა სახეობის ტრანსპორტზე კომერციული მოგების უზრუნველყოფით სატვირთო გადაზიდვების ოპტიმალური სქემების შემუშავებისა და ორგანიზაციის ხარჯების შემცირება წარმოადგენს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე ტრასეკას მარშრუტზე, ერთიანი ტექნოლოგიური და ინფორმაციული პროცესების ორგანიზაციისა და ყველა სახეობის ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის საფუძველზე.
მაგალითად, სარკინიგზო ტრანსპორტი მუშაობს გადაზიდვების ორგანიზაციის გარკვეული ტექნოლოგიით, რომელიც იხვეწებოდა ათეული წლების მანძილზე. ასეთ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება: გადაზიდვებისა და ფინანსური დაგეგმვა, საექსპლუატაციო საქმიანობის ტექნიკური ნორმირება, მატარებლების ფორმირების გეგმის მიხედვით, ვაგონნაკადების, კონტეინერნაკადებისა და მოძრაობის გრაფიკების ორგანიზაცია, ვაგონნაკადების ოპერატიული რეგულირება და სხვა. პარალელურად, თანამედროვე ელექტრონულ-გამოთვლითი ტექნიკისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირების საშუალებების საფუძველზე იხვეწებოდა მოცემული ტექნოლოგიების ინფორმაციული უზრუნველყოფა.
სარკინიგზო ტრანსპორტზე ხარჯების შემცირების ერთ-ერთ ძლიერ რეზერვს კარგად ორგანიზებული სასაწყობო სისტემების (სატვირთო ტერმინალები) შექმნა წარმოადგენს, რომლებიც აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე ტვირთგადამამუშავებელი მოწყობილობებით. ლოგისტიკურ სისტემებში საწყობების შექმნის მიზანს არა მარტო ტვირთების შენახვა, არამედ ტვირთების უფრო ეფექტურად გამოყენებისა და მისი შემდგომი ტრანსპორტირებისათვის ტვირთნაკადების პარამეტრების გამოსახვა წარმოადგენს. მაგრამ, ტვირთმფლობელები, მაქსიმალური შემოსავლების მისაღებად და დანახარჯების შემცირების გამო, ვაგონებს იყენებენ, როგორც “საწყობებს გორგოლაჭებზე”, ე.ი. ტვირთმფლობელების მიზანს წარმოადგენს ტვირთების შენახვაზე ხარჯების გადაბარება რკინიგზისათვის.
თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრები არეგულირებენ არა მარტო ტვირთების გადაზიდვას, არამედ ზუსტად განსაზღვრავენ სატრანსპორტო პროცესის მონაწილეების საქმიანობას: მწარმოებლის, ტრეიდერის, ტვირთგამგზავნის, სარკინიგზო სადგურის, ნავსადგურის, ტვირთმიმღების, ექსპედიტორის და ა.შ.
ლოგისტიკური ცენტრის ძირითად ფუნქციას აგრეთვე წარმოადგენს ახალი სახის მომსახურებების განხორციელება და მომხმარებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შემდეგი პრინციპების საფუძველზე: “ყველა სახის მომსახურება ერთ ადგილას”, ტვირთის მიწოდება “კარიდან-კარამდე” და “ზუსტად დროზე”.
ლოგისტიკური ცენტრები თავის ამოცანებს ლოგისტიკურ ჯაჭვში მონაწილე პარტნიორების საშუალებით ახორციელებენ. პარტნიორები შეიძლება იყვნენ: სატრანსპორტო ორგანიზაციები, საბაჟოები, ტერმინალები, სადაზღვევო კომპანიები, ბანკები და სხვა მომსახურების განმხორციელებლები (იხ. ნახატი).
ლოგისტიკური ცენტრის შექმნის მიზანი და მისი ძირითადი ფუნქციები უნდა დამყარდეს რიგ პრინციპებზე, რომელშიც შედის:
– ლოგისტიკური ჯაჭვის მონაცემთა ბანკის ფორმირება;
– ხელშეკრულებებისა და მომსახურების ერთიანი შეკვეთების საფუძველზე კომპლექსური სატრანსპორტო მომსახურების ორგანიზება;
– გადაზიდვის დოკუმენტების მაქსიმალური სტანდარტიზაცია და უნიფიკაცია, ერთიანი ინფორმაციული სივრცის შექმნა;
– სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიის და ტაქტიკის შემუშავება, ბაზრების ერთობლივი მარკეტინგული გამოკვლევების ჩატარება ლოგისტიკურ ცენტრებსა და კომპლექსურ სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნილების ფორმირებისათვის;
– სატრანსპორტო ბაზრების მაქსიმალურად მოცვის მიზნით ლოგისტიკური ცენტრების ქვედანაყოფების გეოგრაფიული განლაგება. ლოგისტიკური ჯაჭვის სამუშაოს ოპერატიული მართვის შესრულება ტვირთნაკადების ფორმირებისა და მათი გადაკვეთის ადგილებში;
– საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება, რომლებიც დაკავებულნი არიან სატრანსპორტო ლოგისტიკის საკითხებით;
– სამუშაოს აგება მსოფლიო სტანდარტების და საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების, კონვენციების საფუძველზე;
– მსოფლიო ლოგისტიკურ ცენტრებთან ინტეგრაცია და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;
– ლოგისტიკურ ჯაჭვში მონაწილეთათვის ლოგისტიკურ ცენტრებს შორის ინფორმაციული ურთიერთდამოკიდებულების სტანდარტიზაცია.
ლოგისტიკური ცენტრების შექმნისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს მისი საქმიანობის ინფორმატიზაცია.
სატრანსპორტო ლოგისტიკის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზანი მდგომარეობს ეფექტური მართვისა და სატრანსპორტო-მატერილური ნაკადების მოძრაობის კომპლექსური დაგეგმვის შესაძლებლობის მიღებაში. თანამედროვე საინფორმაციო-ტექნოლოგიური მეთოდების დანერგვა გადაზიდვების ორგანიზაციის უქაღალდოდ, ელექტრონული ზედდებულით წარმართვის საშუალებას იძლევა. სატრანსპორტო ლოგისტიკაში ინფორმაცია წარმოადგენს კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს, რომელიც ხელს უწყობს კონტროლის განხორციელებას, ოპერატიულ ანალიზსა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. მაგალითად, “რკინიგზა-ნავსადგურების” გადაკვეთის ადგილზე ინფორმაციულ-ლოგისტიკური ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს გადაზიდვის პროცესში მონაწილეთათვის ერთიანი საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბებას, რაც საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო გადასასვლელების მიმართულებით მოძრავი ტვირთნაკადების მართვის ოპტიმირებისა და მოძრავი შემადგენლობის მოცდენების შემცირების საშუალებას მოგვცემს, რაც სატრანსპორტო ჯაჭვის თითოეულ რგოლში გადაზიდვის დროს დაახლოებით 20-25%-ით შეამცირებს, აქედან კი – მთლიან ჯამურ დროს მთელ დერეფანში.
ამოცანა შესაძლებელია გადაწყდეს სამ ასპექტში:
პირველი – “რკინიგზა-ნავსადგურებისა” და “რკინიგზა-სასაზღვრო გადასასვლელების” გადაკვეთაზე გაუმჯობესდეს დოკუმენტების მოძრაობის სისტემები და ტვირთების გადამუშავების ტექნოლოგიები;
მეორე – გადაზიდვის პროცესის ყველა ეტაპზე შეიქმნას ერთიან მონაცემთა ბაზა;
მესამე – აუცილებელია საკანომდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფა, რომელიც განსაზღვრავს გადაზიდვის პროცესში თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობას და ხელს შეუწყობს ნორმალური ცივილიზებული სატრანსპორტო ბიზნესის განვითარებას.
სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემების პროგრამული ტექნოლოგიების გამოყენებამდე აუცილებელია რამდენიმე კომპლექსური ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების გატარება, როგორიცაა:
– ტვირთების კოდირების უნიფიცირების შემუშავება ყველა სახის ტრანსპორტზე, ტვირთგამგზავნ და ტვირთმიმღებზე, ვაგონებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე;
– ყველა სახის ინფორმაციის დაყვანა ტრანსპორტირებადი ტვირთის საშუალებით იმ ერთეულამდე, რაც ხელსაყრელია ავტომატური დათვლისათვის;
თანამედროვე ლოგისტიკური მეთოდები საშუალებას იძლევა არეგულიროს არა მარტო ტვირთების გადაზიდვა, არამედ მათი შესყიდვა, გადამუშავება და მიწოდება უშუალოდ მწარმოებლიდან მომხმარებლამდე. ლოგისტიკური მიდგომების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა, რაც რეალური დროის რეჟიმში ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.
უნდა აღინიშნოს, რომ ლოგისტიკური ცენტრების არსებობა სპობს “გარიგებებსა” და შლის ზედმეტ რგოლებს (კორუფციასთან ბრძოლა).
საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი საქართველოს რკინიგზაზე ან ცალკეულ სატრანსპორტო კვანძებზე, ლოგისტიკური ტექნოლოგიების დანერგვა, მაღალი კონკურენციის პირობებში, გარდაუვალ რეალობას წარმოადგენს, რითაც საქართველოს სატრანსპორტო სისტემა, მათ შორის კი რკინიგზის ტრანსპორტი, ტრასეკას დერეფანში ცენტრალური ორგანიზაციული რგოლი გახდება.