საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის დინამიკა 1939-1959 წლებში. საქალაქო და სასოფლო მოსახლეობა
თამარ ანთაძე
სტატიის ქრონოლოგიური ჩარჩოები განსაზღვრა 1939 და 1959 წლების საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერებმა. მოსახლეობის აღწერის შედეგების სრულყოფილი ანალიზისათვის აუცილებელია დადგინდეს ტერიტორია რომელზედაც ჩატარდა აღწერები.
1918 წლის 26 მაისიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საქართველოს ფართობმა, რაც დაკავშირებული იყო საზღვრების საკითხთან.
გასაბჭოების შედეგად საქართველომ დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები: რუსეთმა მიიტაცა სოჭის რეგიონი და მამისონის უღელტეხილის აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რამდენიმე უღელტეხილი მიმდებარე ადგილებით, აზერბაიჯანს გადასცა ზაქათალას ოლქი და კახეთში მტკვრის ჩრდილო სანაპიროს გაყოლებით ფართო ზოლი, სომხეთს – ქვემო ქართლის ნაწილი, თურქეთს – სამხრეთ-აღმოსავლეთით ძირძველი ქართული მიწა-წყალი.
1939 და 1959 წლების აღწერებს შორის ი. სტალინის ინიციატივით რუსეთიდან საქართველოს 1943-1944 წლებში გადაეცა ხელისუფლების მიერ მოსახლეობისგან დაცლილი 6,7 ათასი კვადრატული კილომეტრი.
ი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955-1957 წლების ბრძანებულებით საქართველოს ჩამოერთვა რუსეთიდან მიღებული მთელი ტერიტორია. საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარმა გაიარა 1943 წლის 12 ოქტომბრამდე არსებულ ხაზზე.
1943-1957 წლების ტერიტორიულ ცვლილებებს მოჰყვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული შიდა რესპუბლიკური მიგრაციული პროცესები, ჯერ ახლადშემოერთებულ ადგილებში ქართული მოსახლეობის ჩასახლება და ამ ადგილების დაკარგვის შემდეგ ქართული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნება.
რადგან აღწერების დროს საქართველოს ტერიტორიად მიჩნეული იქნა 69,7 ათასი კვადრატული კილომეტრი, ჩვენ ეს სიდიდე ავიღეთ საქართველოს ფართობად, რაც არ ნიშნავს, რომ საკითხი გადაწყვეტილია, პირიქით დღეისათვის ამ პრობლემამ განსაკუთრებული აქტუალობა მოიპოვა. აუცილებელია ზუსტად დადგინდეს საქართველოს ტერიტორია სახელმწიფო საზღვრების რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან დელიმიტაციისა და დემარკაციის გზით.
1939 და 1959 წლების აღწერები საშუალებას იძლევა მათ საფუძველზე შევადაროთ ამ ორი თარიღისათვის მამაკაცებისა და ქალების რაოდენობასა და ასაკობრივ შეთანაწყობაში მომხდარი ცვლილებები.
1939 წელს მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა ერთნაირი იყო, სამამულო ომის შედეგად ეს თანაფარდობა დაირღვა, 1959 წელს მამაკაცები შეადგენდნენ მოსახლეობის მხოლოდ 46,1%-ს, ქალები კი 53,9%ს.
თუ შევადარებთ 0-29 წლების ასაკობრივ ჯგუფებს 1939 და 1959 წლებისათვის, აქ საქმე გვაქვს სქესებს შორის მეტ-ნაკლებად ნორმალურ თანაფარდობასთან, დაწყებული 30-39 წლების ასაკობრივი ჯგუფიდან, ე.ი. იმ კონტინგენტიდან, რომელიც 1945 წლისათვის იყო 19-დან 60 წლამდე და მოხვდა მობილიზაციაში; ეს ასაკობრივი ჯგუფი ქალების მკვეთრი სიჭარბით გამოირჩევა. მამაკაცები შეადგენენ 42,1%-ს, ხოლო ქალები 57,9%-ს.
გენერალ ივანე ბაბალაშვილის მიხედვით, დიდი სამამულო ომის დროს უშუალოდ ბრძოლებში დაიღუპა საქართველოდან სამხედრო სამსახურში გაწვეული 300 ათასი პიროვნება, ე.ი. საქართველოს მოსახლეობის 9%-მდე2. მკვლევართა უმრავლესობა ეთანხმება ი. ბაბალაშვილის მიერ შემოთავაზებულ ამ მონაცემს. დიდი სამამულო ომის უარყოფითი დემოგრაფიული შედეგები არ შემოიფარგლა მხოლოდ ფრონტზე დაღუპულთა რიცხვით, ომმა მკვეთრად შეცვალა მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობა.
მდგომარეობას ართულებს ომის დროს და მომდევნო წლებში მოსახლეობის მიმდინარე აღრიცხვის მოშლა. ამ ხარვეზის ნაწილობრივ გამოსწორებას შეეცადა საქართველოს რესპუბლიკის სტატისტიკური სახელმწიფო კომიტეტის საინფორმაციო-სტატისტიკური ცენტრი3. დიდ ეჭვს იწვევს ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ცხრილის ბევრი მონაცემი.
1946 წლის იანვრისათვის პროფ. ვ.ჯაოშვილის მიხედვით, დიდი სამამულო ომი რომ არ ყოფილიყო, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაუთანაბრდებოდა 4.066,3 ათასის ნიშნულს4. ჩვენი გათვლით ამ თარიღისათვის საქართველოს სახეზე მყოფი მოსახლეობა გაუთანაბრდა 3.126,3 ათასს. თუ 4.066,3 ათასს გამოვაკლებთ 3.126,3 ათასს მივიღებთ 940 ათასს, ე.ი. სამამულო ომის მიზეზით საქართველომ დაკარგა დაახლოებით 900 ათასი მცხოვრები, ამათგან 300 ათასი ფრონტზე, ხოლო 600 ათასი ომის შედეგად მოსახლეობის ბუნებრივ და მექანიკურ მოძრაობაში მომხდარი ცვლილებების გამო.
1941 წლის იანვარში საქართველოს სახეზე მყოფი მოსახლეობა შეადგენდა 3.690,0 ათასს, თუ გავითვალისწინებთ წინა წლის ნამატს 78,0 ათასს და გავყოფთ 2-ზე მივიღებთ 39 ათასს, რომელიც უნდა დავუმატოთ 1941 წლის იანვრის მონაცემს და მივიღებთ დიდი სამამულო ომის დაწყებისას საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ამსახველ რიცხვს – 3.729 ათასს. თუ ჩვენი გამოთვლა სწორია, საქართველოს სახეზე მყოფმა მოსახლეობამ ამ რიცხოვნობას მიაღწია სამამულო ომის დამთავრების მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 1955 წელს. რადგან 1949 წლისათვის არც საქართველოში და არც მთელ საბჭოთა კავშირში მოსახლეობის რიცხოვნობამ ვერ მიაღწია დიდი სამამულო ომის დაწყების დონეს, ამ თარიღისათვის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა არ ჩატარებულა. საბჭოთა ხელისუფლება ყოველნაირად მალავდა იმ კოლოსალურ ზარალს, რომელიც ომმა მიაყენა საბჭოთა კავშირის მოსახლეობას, ამიტომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა არა 1939 წლიდან 10 წლის შემდეგ – 1949 წელს, არამედ 20 წლის შემდეგ – 1959 წელს. ამ გარემოებამ მნიშვნელოვანი სიძნელეები შეუქმნა, როგორც საქართველოში ისე მთელ საბჭოთა კავშირში მოსახლეობის ყოველწლიურ დინამიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხის კვლევას.
მოსახლეობის თანამედროვე საყოველთაო აღწერების ჩატარების დროს ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურის შესწავლის პარალელურად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის პარამეტრების დადგენას.
საქართველოს მოსახლეობის პირველი საბჭოური აღწერა, რომელიც ჩატარდა XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, უკვე ერთმანეთისაგან გამოყოფდა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას. 1922 წელს ქალაქებად მიჩნეული იქნა 33 დასახლებული პუნქტი5. ქალაქების დადგენას ძირითადად საფუძვლად დაედო მეფის რუსეთის არსებობის ბოლო წლებში თბილისის და ქუთაისის გუბერნიების ადმინისტრაციული მოწყობა6. 1924 წლის 12 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება #107 “დასახლებული ადგილების ქალაქად გამოცხადების წესის შესახებ”7. ეს დადგენილება საქართველოს დასახლებულ ადგილებს ყოფს მხოლოდ ორ კატეგორიად, სოფლად და ქალაქად და სრულიად უგულებელყოფს დაბების – ქალაქის ტიპის დასახლებების საკითხს.
თუ 1922 წლის აღწერა საქართველოში გამოყოფს 33 ქალაქს, 1926 წლის აღწერა გამოყოფს 41 დაბა-ქალაქს8, თუმცა არ მიუთითებს კონკრეტულად ამ 41 დასახლებიდან რომელია დაბა და რომელი ქალაქი.
1939 წლის აღწერაში ქალაქები დაჯგუფებულია სამ კატეგორიად:
1. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები.
2. ავტონომიების დაქვემდებარების ქალაქები.
3. რაიონების დაქვემდებარების ქალაქები.
რაც შეეხება სოფლებს ისინი დაჯგუფებულია ორ კატეგორიად:
1. რაიონული ცენტრების ფუნქციების მქონე კატეგორიად.
2. ჩვეულებრივი სოფლები.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დაბების საკითხი. დაბები, ანუ “IAO” მითითებულია კონკრეტულად ყოველი ამ ტიპის დასახლებისათვის9.
1956 წლის 26 სექტემბერს გაუქმდა 1924 წლის 12 აგვისტოს დებულება და ძალაში შევიდა ახალი დებულება “დასახლებული პუნქტების ქალაქის დასახლებად გარდაქმნის წესის შესახებ”10.
1956 წლის დებულება 1924 წლის დებულებასთან შედარებით ხარისხობრივად ახალ საფეხურს წარმოადგენს დასახლებული ადგილების კლასიფიკაციისა და მათში საქალაქო მოსახლეობის რაოდენობრივი და თვისობრივი პარამეტრების განსაზღვრისას. ისიც 1924 წლის დებულების მსგავსად აკანონებს მასში მოცემული მოთხოვნებისაგან გამონაკლისების დაშვების შესაძლებლობას.
საქართველოს მასშტაბით ზოგადად განვიხილოთ 1939-1959 წლების აღწერების მიხედვით, ქალაქებისა და დაბების რაოდენობა. 1939 წელს საქართველოში იყო 27 ქალაქი და 22 დაბა (IAO), ხოლო 1959 წელს – 35 ქალაქი და 37 დაბა, ე.ი. 1939 წლიდან 1959 წლამდე ქალაქების რაოდენობა 8 ერთეულით გაიზარდა, ხოლო დაბებისა – 15-ით. 1939 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 1.066.226-ს, ხოლო 1959 წელს 1.712.897-ს. მაშასადამე ქალაქის მოსახლეობა გაიზარდა 60,7%-ით, იმ დროს როდესაც მთელი მოსახლეობა გაიზარდა 3.540.023-დან 4.044.045-მდე, ანუ, მხოლოდ 14,2%-ით. რადგან ქალაქის მოსახლეობა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მთელი მოსახლეობა, სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 1959 წელს 1939 წელთან შედარებით უნდა შემცირებულიყო და მართლაც, თუ 1939 წელს სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 2.473.797-ს, 1959 წელს შეადგენდა – 2.331.148, ე.ი. შემცირდა 5,8%-ით. შესაბამისად, ქალაქის მოსახლეობის ხვედრითი წონა 1939 წლიდან 1959 წლამდე გაიზარდა 30%-დან 42%-მდე.
1959 წლის აღწერისადმი მიძღვნილ კრებულში აღნიშნულია, რომ 5.000 მცხოვრებზე ნაკლები დაბების მოსახლეობა არ არის მითითებული, რაც, ჩვენი აზრით, ყოვლად გაუმართლებელია. 1959 წლისათვის 5.000 მცხოვრებზე ნაკლები დაბების მოსახლეობა აღებულია 1970 წლის აღწერის 222-227 გვერდებზე მოთავსებული ცხრილიდან, რომლის მეორე სვეტში შეტანილია 1959 წლის აღწერის მონაცემები, ხოლო 1939 წლის მონაცემები აღებულია საარქივო მასალიდან11. იმავე კრებულში მითითებულია, რომ აღწერის შემდეგ კრებულის გამოქვეყნებამდე ცვლილებები, რომელიც მოხდა ქალაქებისა და დაბების სტატუსში გათვალისწინებულია: მაგალითად, ქალაქ თბილისის მოსახლეობას შეუერთდა დაბა ავჭალის მოსახლეობა; მითითებულია აგრეთვე რომ 1939 წელს ტყვარჩელი არ არსებობდა, იყო ორი დაბა აკერმარა და კვეზანი, რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდნენ და გამოცხადდნენ ქალაქ ტყვარჩელად. გაკვირვებას იწვევს რომ იმ დროს, როდესაც გაუქმებულია ქალაქებისა და დაბების ქართველი კომუნისტების სახელწოდებები და აღდგენილია ძველი, მაგალითად, ორჯონიკიძე შეიცვალა ხარაგაულით, შულავერის სახელწოდება ატარებს სომეხი კომუნისტის შაუმიანის გვარს11. საერთოდ ეს საკითხი ყურადღება მისაქცევია ხელისუფლების მიერ, რადგან ანალოგიური მდგომარეობა არის ზოგი რაიცენტრისა და სოფლის სახელწოდებებში.
დაბა-ქალაქების მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასა და საქმიანობაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ ბუნებრივი პირობები, სოფლის მოსახლეობის საქმიანობა კი თითქმის მთლიანად მათზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ ვ.ჯაოშვილის მიერ საქართველოს ბუნებრივი პირობების ზონალური კლასიფიკაცია12.
ვახტანგ ჯაოშვილი საქართველოს სამ ძირითად ბუნებრივ ზონად ყოფს: მთათა შორისი ბარი, სამხრეთ მთიანი ზონა და ჩრდილოეთ მთიანი ზონა. საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედი მოდის მთათა შორის ბარზე. დაახლოებით ორი მესამედი კი – ორ მთიან ზონაზე. ცხადია, რომ გარდამავალი ზოლის არსებობის გამო საზღვრის გავლება ბუნებრივ ზონებს შორის პირობით ხასიათს ატარებს12. ჩვენი გაანგარიშებების საფუძველზე, მიუხედავად განსხვავებული რელიეფისა, ჩრდილოეთ და სამხრეთ მთიან ზონებში 1939-1959 წლებში მიგრაციული პროცესების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მოსახლეობის ხვედრითი წონა საქართველოს სოფლის მოსახლეობაში და უმნიშვნელოდ გაიზარდა საქალაქო მოსახლეობის ხვედრითი წონა საქართველოს საქალაქო მოსახლეობაში, რასაც ხელი შეუწყო აგრეთვე მთიან ზონებში ზოგიერთი სოფლის დაბად გარდაქმნამ.
ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა მთათაშორის ბარშიც, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით, რადგან ამ ბუნებრივ ზონაზე მოდიოდა 1939 წელს საქართველოს მთელი მოსახლეობის 80%, სოფლის მოსახლეობის – 73%, ქალაქის მოსახლეობის – 35,4%, ხოლო 1959 წელს მთელი მოსახლეობის – 84,7% სოფლის მოსახლეობის 77,4%, ქალაქის მოსახლეობის – 94,4% ამიტომაც 1939-1959 წლებში, როგორც მთელ მოსახლეობაში, ისე საქალაქო და სასოფლო მოსახლეობაში, მომხდარი ცვლილებები თითქმის ემთხვევა მთათაშორისი ბარის ანალოგიურ მაჩვენებლებს, მთიანი ზონები კი მხოლოდ რამდენიმე პროცენტის ფარგლებში ცვლიან საერთო რესპუბლიკურ სურათს.
1939 წელს რესპუბლიკაში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე შეადგენდა 50,8 მცხოვრებს, მთათაშორის ბარში – 122,4, მთიან ზონებში – 15, ხოლო 1959 წელს მთელ რესპუბლიკაში – 57,5, მთათაშორის ბარში 143,3, მთიან ზონებში – 13,4, ე.ი. 20 წლის განმავლობაში მოსახლეობის სიმჭიდროვის დისპროპორცია მთათაშორის ბარსა და მთიან ზონებს შორის კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც არცერთი თვალსაზრისით არ იყო გამართლებული და კიდევ ერთხელ ნათელყოფდა საბჭოთა სისტემის მანკიერ ხასიათს.
დიდი სამამულო ომის მიმდინარეობისას საბჭოთა სისტემის მანკიერი ხასიათი დროებით გადაფარა XX საუკუნეში ტოტალიტარული სახელმწიფოების უნარმა, დროის მცირე მონაკვეთში უდიდესი მსხვერპლის გაღებით მოახდინონ ყველა და ყოველგვარი რესურსების მაქსიმალური მობილიზაცია გარკვეული მიზნის, ამ შემთხვევაში ჰიტლერულ გერმანიაზე გამარჯვების მისაღწევად.
ომის მომდევნო ხუთწლედში გერმანიისაგან ამოღებულმა უდიდესმა რეპარაციებმა განაპირობეს დანგრეული მრეწველობის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანწილად აღდგენა.
XX საუკუნის 50-იანი წლებიდან საქართველო, ისევე როგორც სხვა მოკავშირე რესპუბლიკები, ხშირ შემთხვევაში ხდებიან მოსკოვიდან მომდინარე ყოვლად გაუმართლებელი ეტატიზმისა და მკაცრი რეგლამენტაციის მსხვერპლი.
ლენინისა და სტალინის მიერ ხელოვნურად შექმნილ არასიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო და მასში შემავალი კომპონენტი, მათ შორის: სოფლად კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები, ქალაქად სოციალისტური მრეწველობა და კოოპერაცია სულ უფრო და უფრო ავლენდნენ საკუთარ არაეფექტურობას.
თავდაპირველად იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ნეგატიური მოვლენები არ ატარებდნენ ყოვლისმომცველ ხასიათს, რომ მათი გამოსწორება შესაძლებელი იყო, მაგრამ XX საუკუნის 50-იანი წლების მომდევნო ათწლედებში დამყარებულმა სტაგნაციამ დააჩქარა საბჭოთა კავშირში ცხოვრებისა თუ წარმოების ყველა სფეროს გაუარესება. საბჭოთა სახელმწიფო, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა მიექანებოდა გარდაუვალი, საყოველთაო კატასტროფისაკენ.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა პროფესორ გიორგი გველესიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს ქალაქები და ტერიტორიული ადმინისტრაციული ერთეულები დააჯგუფა ეკონომიკურ რაიონებად.
გიორგი გველესიანის დარაიონებას საფუძვლად ედო ეკონომიკური რაიონის გამოყოფის საბჭოური პრინციპი: საწარმოო სპეციალიზაცია და შიდა ეკონომიკური ერთიანობა. ამასთანავე გათვალისწინებულ იქნა საქართველოს თავისებურებები – მხარეები და ვერტიკალური ზონალობა.
საქართველოს მთა-გორიანი რელიეფის გამო დღევანდლამდე შემორჩა მხარეების, ანუ ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების არაოფიციალური საზღვრები, ხოლო ვერტიკალური ზონალობის გამო დიდი კავკასიონის სამეურნეო თვალსაზრისით ნაკლებგანვითარებული. მაღალმთიანი სარტყელის სეგმენტები გადაიქცნენ ეკონომიკურად დაწინაურებული ბარის რაიონების “გავლენის სფეროებად”.
თავისი კონცეფციიდან გამომდინარე გ.გველესიანმა საქართველო დაჰყო 5 ეკონომიკურ რაიონად: აღმოსავლეთ-ცენტრალური, აღმოსავლეთის, სამხრეთის, დასავლეთ-ცენტრალური, დასავლეთის და 3 ავტონომიად: აფხაზეთის ასსრ აჭარის ასსრ, ოსეთის აო.
XX საუკუნის 60-იან წლებში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი, დამოუკიდებლად ავტორების შეხედულებებისგან, უნდა ყოფილიყო აპოლოგეტური კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სისტემის მიმართ. ბუნებრივია, რომ პროფ. გველესიანის ჯგუფის მიერ საქართველოს დარაიონებისადმი მიძღვნილი ნაშრომები აკმაყოფილებდნენ ამ კატეგორიულ მოთხოვნას.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია პროფ. გ.გველესიანის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკური რაიონები მივუსადაგოთ დემოგრაფიულ რეგიონებს, რაც გააადვილებს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის განსახლების საკითხების შესწავლას, თანამედროვე პრინციპების საფუძველზე.