საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ტენდენციები
სოფო გოგოლაძე
გასული წელი აღინიშნა სადაზღვევო ბაზრის ზრდით. სადაზღვევო კომპანიების საერთო მოგებამ 45,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს გაგრძელდება ახალი სადაზღვევო ორგანიზაციების ჩამოყალიბება და არსებული კომპანიების გამსხვილება.
არჩილ ცერცვაძე, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი
როგორი იყო გასულ 2004 წელს საქართველოში სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა?
2004 წ. იყო, შეიძლება ითქვას, სტაბილიზაციის წელი სადაზღვევო ბაზრისათვის; შეიმჩნევა შემოსავლების ზრდა გასულ წელთან შედარებით; პრინციპში, ძალიან საგრძნობ ზრდას აქვს ადგილი. 45 მლნ ლარზე მეტი იყო სრული სადაზღვევო პრემია, ანუ საერთო შემოსავლები სადაზღვევო ბაზარზე. იგულისხმება საერთო გაყიდვები, ანუ აქედან არის ზარალები, გადაზღვევა, თვითონ სადაზღვევო ორგანიზაციის ადმინისტრაციული და აკვიზიციური ხარჯები. ეს არის წინა წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელი.
გასულ წელს რიგი ცვლილებები განხორციელდა სადაზღვევო სისტემაში. ამ ზემოხსენებულ მაჩვენებელში სავალდებულო დაზღვევის ხვედრითი წილი არის უფრო მცირე, სადღაც 11%. დანარჩენი არის ნებაყოფლობითი დაზღვევის წილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად დაზღვევის შემოსავლებში სავალდებულო დაზღვევის მოცულობა იკლებს, ხოლო ნებაყოფლობითის იზრდება.
სწორედ ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ამ სფეროში პროგრესით მიდის განვითარება.
პირველად, როდესაც საქართველოში სადაზღვევო რეფორმა დაიწყო, სურათი სხვანაირი იყო. სავალდებულო დაზღვევები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ნებაყოფლობითი. ეს ხდებოდა 1997 წ-დან, რეფორმის პირველი წლები სწორედ ასეთი იყო. შემდგომ პერიოდში და განსაკუთრებით 2004-ში მოხდა ისე, რომ მოსახლეობის აქტივობა ასე თუ ისე გაიზარდა და სავალდებულო დაზღვევასთან ერთად მოსახლეობა თავის რისკებს იზღვევს ნებაყოფლობით. ეს ძირითადად ეხება იურიდიული პირების ქონების დაზღვევას.
სტრუქტურულად, დაზღვევის სახეობების მიხედვით პირველ ადგილს იკავებს ქონების დაზღვევა. იურიდიული პირები (საწარმოები, ორგანიზაციები) უკვე აუცილებლად მიიჩნევენ თავისი ქონების დაზღვევას. შემდეგ ადგილზე, დაზღვევის სტრუქტურაში, არის სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ასევე ნებაყოფლობითია. ეს სამედიცინო დაზღვევა განსხვავდება სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევისაგან. სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ჩვენი რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება და მას ბაზარში არ მოვიაზრებთ, შესაბამისად, იგი სავალდებულოა, კანონმდებლობით დადგენილი. აქ საქმე გვაქვს სუფთა ნებაყოფლობით დაზღვევასთან. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მოსახლეობა არ სარგებლობს დაზღვევით, მაგრამ დაზღვევის სტრუქტურას თუ გავეცნობით, არის საზოგადოების გარკვეული ფენები, რომლებიც მიმართავენ სამედიცინო დაზღვევას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო დაზღვევის პროდუქტები დღესდღეობით ძალიან მრავალფეროვანია ქართულ სადაზღვევო კომპანიებში. ანუ, ისინი სთავაზობენ მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის პროდუქტს: არის ძვირადღირებული პროდუქტები, შედარებით მაღალშემოსავლიანი ფენებისთვის, არის საშუალო პროდუქტები, და სხვათა შორის არის იაფი პროდუქტებიც, რომლებიც კლიენტის ამორჩევით ფარავს გარკვეულ სადაზღვევო შემთხვევებს კლიენტის სურვილის მიხედვით, ან არის ფიქსირებული თანხა რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო კომპანია გადაუხდის დაზღვეულს ავადმყოფობის შემთხვევაში. შემდეგ მოდის სახმელეთო- სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა, რომელიც ამჟამად ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. მეოთხე ადგილზეა სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა და შემდეგ მოდის დანარჩენი ტიპის დაზღვევები.
ასევე, თვითონ ბაზარზე ყოველწლიურად გვაქვს ზარალის ანაზღაურების მაჩვენებლები. ისინი წლიდანწლამდე იმატებს. ანუ პროცენტი, ზრდის ტემპი შეიძლება სხვადასხვა იყოს სხვადასხვა წელს, მაგრამ აქაც ჩანს, რომ საზოგადოება ერკვევა დაზღვევაში, რადგან იგი იწყებს ფიქრს ზარალის ანაზღაურებაზე. განსაკუთრებით ეს ეხებოდა სავალდებულო დაზღვევებს (მაგ. ავტოდაზღვევას, რომელიც სავალდებულო იყო). იქ მოსახლეობის გათვითცნობიერების დონე უკვე მაღალი იყო. გარკვეული დროა საჭირო, რომ მოსახლეობის განწყობა დაზღვევის მიმართ დადებითად ჩამოყალიბდეს და საჭიროა, რომ მოსახლეობას გადახდის საშუალებაც ჰქონდეს.
ამიტომ, ამ სტადიაზე სურათი სტატისტიკურად დამაიმედებელია, ყოველ წელს მატება გვაქვს. აქედან გამომდინარე უკვე დგება საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს ისეთი, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს. ამ მხრივაც მიდიოდა მუშაობა, გასულ წელს ჩამოყალიბდა მთელი რიგი მარეგულირებელი ნორმატიული აქტები, ბევრი სიახლე მივიღეთ; ჩვენ ვართ სტრუქტურა, რომელიც ზედამხედველობას უწევს კომპანიების გადახდისუნარიანობას, ანუ უწესებს ნორმებსა და ლიმიტებს, რათა მინიმუმამდე დავიდეს გაკოტრების მაჩვენებელი, რომ დაზღვეულმა დაზარალებულმა მიიღოს თავისი კუთვნილი თანხა, ანუ კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვი, საწესდებო კაპიტალი, დაცული ჰქონდეს სხვადასხვა თანაფარდობები ეკონომიკურ ლიმიტებს შორის, და ა.შ. ამ მიმართულებითაც საკმაოდ სერიოზული მუშაობაა გაწეული გასულ წელს. თვითონ რაოდენობა სადაზღვევო კომპანიების გაცილებით შემცირდა 1997წ-თან შედარებით. იყო წლები, როდესაც დაბალი საწესდებო კაპიტალის გამო სადაზღვევო კომპანიების ბუმი იყო. შემდეგ, როდესაც საწესდებო კაპიტალმა ეტაპობრივად აიწია, მათი რიცხვი შემცირდა. დღესდღეობით გვაქვს 14 სადაზღვევო კომპანია და ეროვნული ბანკის საპენსიო სქემა. 2004 წელს მოქმედებდა 17 კომპანია, 2003 წელს კი-25. ეს ნიშნავს, რომ მიდის სტაბილიზაციის და გამსხვილების პროცესი, კომპანიები არა უბრალოდ ქრებიან, არამედ ერთიანდებიან. დახურვის შემთხვევაშიც ისინი ვალდებული არიან დაზღვეულების წინაშე, სანამ პოლისებს ვადები არ გაუვა, იქონიონ სადაზღვევო რეზერვი ვალდებულების დასაფარავად. ესეც ჩვენი რეგულირების სფეროა.
ძალიან აქტუალურია კერძო საპენსიო დაზღვევის საკითხი. ხვალ-ზეგ ალტერნატიულმა საპენსიო სისტემებმა უნდა იმუშაონ საქართველოში და ორიენტირიც აქეთ არის. ამის ჩანასახები და პირველადი მოძრაობები საქართველოში უკვე არის. 2004 წ-ს ჩვენ მოგვმართა რამდენიმე კომპანიამ და ითხოვა ლიცენზია კერძო საპენსიო სქემების ასამუშავებლად. თუ ადრე ასეთი სქემა ჰქონდა მარტო “GPI HOLDING”-ს, და საქართველოს ეროვნულ ბანკს, ახლა უკვე ლიცენზიები აქვთ “ალდაგს”, “იმედი-L-ს”, “ბრიტანეთი-კავკასიას” და “ევროპეისს”.
ძალიან დიდია საქართველოს სადაზღვევო ბაზრით დაინტერესება როგორც ინვესტორების, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან. ექსპერტები თვლიან, რომ ჩვენ უკვე მივედით საკანონმდებლო საკითხების განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ექსპერტები აკეთებენ ანალიზს და იძლევიან კონკრეტულ რჩევებს, თუ რა სტილის დახვეწა სჭირდება მოცემულ ეტაპზე ამა თუ იმ ნორმატიულ თუ საკანონმდებლო აქტს.
2005 წ-დან მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც უცხოური სადაზღვევო კომპანიის ფილიალს შეუძლია საქართველოში პირდაპირ მუშაობა. პირველად, როდესაც 1997 წ-ს რეფორმა დაიწყო, უცხოურ კომპანიას არ შეეძლო 49%-ზე მეტი ჩაედო ქართულ სადაზღვევო კომპანიაში. შემდეგ, როდესაც საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინაშე დადგა, მისი მოთხოვნის შესაბამისად დაშვებულ იქნა უცხოურ კომპანიას 100% ჰქონოდა. წელს დადგენილი იქნა, რომ უცხოურ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია ფილიალის მეშვეობით პირდაპირ გაყიდოს პროდუქტი. საბოლოოდ კი, კანონმა ისეთი სახე მიიღო, რომ კომპანიას უნდა ჰქონდეს საწესდებო კაპიტალიც (მიუხედავად იმისა, რომ ფილიალია) და სხვა გადახდისუნარიანობის ნორმებიც.
თუმცა, ფილიალი საქართველოში ჯერ არ გახსნილა, ყველა კომპანია არის ქართული, ადგილობრივი ეკონომიკური აგენტი, საქართველოს იურიდიული პირი, რიგ კომპანიებში მონაწილეობს უცხოური კაპიტალი. გვაქვს სუფთა ადგილობრივ კაპიტალზე დაფუძნებული კომპანიები.
დევი ხეჩინაშვილი
სადაზღვევო ბაზარი საქართველოში ძალიან სწრაფად იზრდება. 2004 წ-ს იყო სადღაც 30%-ანი ზრდა. იმ ფონზე, რომ პრეზიდენტის განკარგულებით გაუქმდა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, ძალიან შემცირდა ბაზარზე სავალდებულო დაზღვევის წილი და ამჟამად 5%-ს არ აჭარბებს. ფაქტიურად, მთელი დაზღვევა ნებაყოფლობითია, საერთო ბაზარი ჯამში იქნება 50-52 მლნ ლარი ბრუტო პრემია. შარშან ყველა სადაზღვევო კომპანიის საერთო ბრუნვამ შეადგინა 38 მლნ ლარი. 2000-2001 წ-ს სავალდებულო დაზღვევა შეადგენდა 25%-ს, 2003წ – 10%-ს. კონკურენცია არის საკმაოდ დაძაბული. 2003-2004 წ-ს მონაცემებით ლიდერია “ალდაგი”, “იმედი-L-ი” მეორე ადგილზე იყო. “ალდაგს” ჰქონდა ბაზრის 22-23%, “იმედი-L-ს” -20%. კიდევ რამდენიმე კომპანიას განაწილებული აქვს ბაზრის დაახლოებით 10-10%. ბაზარი გახდა ძალიან კონკურენტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უცხოელი ინვესტორები ძირითადად 2 რამეს უწუნებენ ქართულ ბაზარს: ბაზრის მცირე მოცულობას და კონკურენტულობას.
დღევანდელი სადაზღვევო ბაზარი სწრაფად იზრდება, მაგრამ საზოგადოებრივი სიკეთე შედარებით მცირეა, იმიტომ რომ, ვთქვათ, ჯანმრთელობის დაზღვევაში, სულ იყო 10 მლნ პრემია მოკრეფილი, მაშინ, როცა გამოკვლევების მიხედვით სადღაც 500 მლნ-ს ვიხდით სამედიცინო მომსახურებაში. ამავე დროს, თუ არ ჩავთვლით დიდ ჯგუფურ კონტრაქტებს ( როგორიცაა საჩხერე, რომელიც მთლიანად დააზღვია ივანიშვილმა), ჯამში არის გაფორმებული 10 000-მდე სადაზღვევო ხელშეკრულება. თავად სადაზღვევო კომპანიები ნაკლებად აქტიურობენ ინდივიდუალური კონტრაქტების მოძიებაზე, რადგან ეს ტექნიკურად ძალიან სახიფათო დარგია, კარგი და დიდი პორტფელის არქონის შემთხვევაში შეიძლება დაგროვდეს ძალიან ბევრი უარყოფითი რისკები.
ამიტომ, ცდილობენ უფრო კოლექტიური ხელშეკრულებები დადონ. იგივე პატარა პორტფელის პირობებში, მაინც ნაკლები ფოკუსია გაკეთებული ხელმისაწვდომ პროდუქციაზე.
დღეს სადაზღვევო ინდუსტრიას შეუძლია ნორმალური სამედიცინო პროდუქციის გაყიდვა, რაც ყველა ძირითად მოთხოვნილებას დაფარავს და ეს დაჯდება თვეში დაახლოებით 10 ლარის ქვემოთ. ანუ ოჯახზე თვეში 30-40 ლ. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენი არაღარიბი მოსახლეობის საშუალო თვიური ფულადი ხარჯვა არის 435 ლ. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ოჯახს შეუძლია თვეში 30-40 ლარად (თავისი ხარჯების 8-9%-ით) მოიწესრიგოს სამედიცინო მომსახურების პრობლემა. ამას უნდა სერიოზული მუშაობა, როგორც პოპულარიზაციის თვალსაზრისით, ასევე სადაზღვევო კომპანიებშიც მოცულობების შექმნის თვალსაზრისით, როგორც სადაზღვევო ინდუსტრიის საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეძენის, ასევე ფულის შოვნის თვალსაზრისით, განვითარების პერსპექტივა სწორედ ამაშია. უფრო რთული საკითხია საპენსიო დაზღვევა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო მომსახურების პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც არ ყიდულობს სამედიცინო დაზღვევას, პენსია გაცილებით უფრო შორია; ერთგვარად მეტი ნდობა გჭირდება ბევრი ინსტიტუტის რომ დაიჯერო, რომ 30-40 წლის მერე მიიღებ იმაზე მეტს ვიდრე შეგაქვს. საპენსიო დაზღვევა აუცილებლად წავა წინ, მხოლოდ უფრო კორპორატიული გზით, ანუ შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ასევე სამედიცინო დაზღვევაც, მხოლოდ ეს უკანასკნელი ინდივიდუალური სქემებითაც სერიოზულად ამუშავდება.
საერთო პროგნოზები უდავოდ დამაიმედებელია. 30%-ანი ზრდა ამ ბაზარს ექნება კიდევ მრავალი წელი, განსაკუთრებული სახელმწიფო პოლიტიკის გადააზრების გარეშეც. თუ ამას დაემატა კიდევ სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის ფინანსირების, სიბერის უზრუნველყოფის, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული რისკების სფეროში (საწარმოო ტრავმები), განსაკუთრებული პოლიტიკური გააზრებები, რომლებიც დაფუძნებული იქნება სადაზღვევო პრინციპებზე, მაშინ რეალურად 3 წელში შეიძლება გვქონდეს 150 მლნ-ანი ბაზარი. დაზღვევა ამა თუ იმ ფორმით შემოვა ყველა ოჯახში.
GPI HOLDING, გიორგი კვირიკაძე
GPI 2001 წლიდან ახორციელებს კერძო საპენსიო დაზღვევის პროექტებს და არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც გააჩნია კერძო საპენსიო ფონდი. გასულ წელს რამდენიმე კომპანიამ აიღო ლიცენზიები, მაგრამ ფონდი არ გააჩნიათ, იმიტომ რომ, კლიენტები ვერ მოიზიდეს.
რაც შეეხება ჩვენს ახალ პროექტებს, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ე.წ.სოციალური დაზღვევის პაკეტის შეთავაზება ჩვენი კლიენტებისათვის, რაც გულისხმობს საპენსიო დაზღვევის, სამედიცინო დაზღვევის, უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის პროდუქტების ერთობლიობას და მიმართულია იქითკენ, რომ კლიენტებს შევთავაზოთ სრული სოციალური დაცვა სამომავლო სოცუზრუნველყოფის ჩათვლით. ეს პაკეტები ხელმისაწვდომია ჩვენი საზოგადოების დასაქმებული ნაწილისათვის. რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევას, გვაქვს პაკეტები 5-დან 35 დოლარამდე, რაც გულისხმობს ამა თუ იმ ხარჯების სხვადასხვა დაფარვებს.
საერთო პერსპექტივები შთამბეჭდავია, საშუალოდ 30-40 %-ით იზრდება სადაზღვევო ბაზარი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ გარკვეულწილად მოთხოვნა იზრდება სადაზღვევო პროდუქტებზე, მათი შესყიდვის კულტურა საქართველოში ფეხს იკიდებს და ეს ნორმალური პროცესია. ამ გზით ვითარდება პოსტსაბჭოური ქვეყნები, აღმოსავლეთი ევროპა; მაგრამ დაბალია სადაზღვევო ბაზარი სხვა განვითარებულ თუ განუვითარებელ ქვეყნებთან შედარებით, დაბალია მშპ-სთან მიმართებაში. 2004 წ. განმავლობაში საპენსიო დაზღვევის ფონდი GPI-ში გაორმაგდა, ანუ მოთხოვნა იზრდება. ამ დაზღვევას ძირითადად ყიდულობს კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის, იგივე შეიძლება ითქვას სამედიცინო დაზღვევაზე. მინიმალური შენატანი საპენსიო ფონდში არის 10 ლ. თვეში, რითიც შემდეგ ხდება პირადი ფონდის ფორმირება.
ქართული სადაზღვევო ბაზარი ძალიან განუვითარებელია თუ შევადარებთ რუსეთს, უკრაინას, ყაზახეთს, აზერბაიჯანს. ბელორუსიაზე განუვითარებელიცაა. ერთადერთი სასომხეთს ვჯობნით. ეს გარკვეულწილად იმის ბრალიცაა, რომ ხელისუფლება მაინცდამაინც არ ზრუნავს ამ ბაზრის განვითარებაზე. სხვა ქვეყნებში მთავრობები ხელს უწყობენ სადაზღვევო კომპანიებს სავალდებულო პროდუქტების ჩამოყალიბებაში, იქმნება შესაბამისი კანონმდებლობა და ა.შ. ჩვენთან ერთადერთი სავალდებულო პროდუქტია ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა; იყო ავტოსამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რაც თავისთავად მახინჯი პროდუქტი იყო, მაგრამ გაუქმებას ჯობდა გაკეთილშობილებულიყო, იმიტომ რომ, ყველა ქვეყანაში ეს პროდუქტი არსებობს სავალდებულო სახით (იგი გაუქმდა 2007 წ-მდე). ეს პროდუქტი ყველას სჭირდება და ის უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალური სახით. დაზღვევის სფერო დღესდღეობით მოკლებულია ხელისუფლების ყურადღებას და ხელშეწყობას.