ვინ ვინ არის ქართულ ბიზნესში შპს წისქვილკომბინატი “თბილისი”
ფატი მამიაშვილი
საქართველოში წისქვილკომბინატების წარმატებულ მუშაობას, მარცვლეული კულტურების, კერძოდ, ხორბლის ხარისხიანობა და ფქვილზე მზარდი მოთხოვნილება განსაზღვრავდა. საბჭოთა ეპოქისდროინდელი მრეწველობისა და მეურნეობის დაშლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ზუსტად აისახა წისქვილკომბინატების მუშაობაზე – შემცირდა საწარმოთა რაოდენობაც და შესაბამისად, მათ მიერ გამომუშავებული პროდუქციაც.
ტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 1990 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 104 წისქვილკომბინატი და იფქვებოდა 952 ათასი ტონა ხორბალი, 1995 წელს ფუნქციონირებდა 82 წისქვილკომბინატი და იფქვებოდა 334 ათასი ტონა ხორბალი, 2000 წელს ფუნქციონირებდა 89 წისქვილკომბინატი და იფქვებოდა 103 ათასი ტონა ხორბალი. 2004 წელს წისქვილკომბინატების რაოდენობა 67-მდე შემცირდა, მაგრამ გამომუშავებული პროდუქციის მაჩვენებელმა 137 ათას ტონას მიაღწია.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველო ყოველთვიურად 40-45 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. დღეს არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველოს წისქვილკომბინატებმა დააკმაყოფილონ საერთო მოთხოვნის 70% მაინც. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველა წისქვილკომბინატის ამუშავების შემთხვევაში, საქართველოს საერთოდ აღარ დასჭირდება ფქვილის გარედან შემოტანა, რომელიც ძალიან ხშირად იაფი, უხარისხო, ქიმიური ნაერთებით გაჯერებული და შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის მავნებელია. სწორედ ეს არის მთავარი წინააღმდეგობა, რასაც ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები შიდა ბაზარზე აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ სქემა – როგორ უნდა განიდევნოს ბაზრიდან არაჯანსაღი პურის ფქვილი, ძალიან მარტივია – უნდა მოხდეს ასეთი პროდუქციის აკრძალვა და დაწესდეს მკაცრი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან.
მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ დღეისათვის,Eსაქართველოში მხოლოდ რამდენიმე ძლიერი წისქვილკომბინატია. მათ შორის, თბილისში – “მზეკაბანი”, “თბილისი” და “ალაფი”; გორში – “ფორტე”; რუსთავში – “პროგრესი”. არსებობს, აგრეთვე, მცირე წარმადობის წისქვილკომბინატები, რომლებიც თვეში, საშუალოდ, 15-20 ტონამდე ხორბალს ამუშავებენ.
ყველაზე ახალგაზრდა წისქვილკომბინატი “თბილისი” 2004 წლის ნოემბერში ამოქმედდა, მაგრამ 4 თვიანი გამოცდილების მიუხედავად, მას უკვე კარგად იცნობენ შიდა ბაზარზე. უფრო მეტიც, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით კომბინატი “თბილისი” ერთ-ერთი პირველთაგანია თავის კონკურენტებს შორის.
საწარმოს დანადგარების კომპიუტერიზებული სისტემა უზრუნველჰყოფს:
1. მექანიკური მოწყობილობების პროგრამულ გაშვება-შეჩერებას;
2. საფქვავი დაზგების დატვირთვის კონტროლს;
3. დანადგარების დაზიანების წინასწარ შეტყობინებას, რაც გამორიცხავს ავარიულ მდგომარეობას;
4. გადასამუშავებელი ხორბლის აღრიცხვას, გადამუშავებული პროდუქციის წონის განსაზღვრას ხარისხის მიხედვით.
წისქვილკომბინატი “თბილისი” დედაქალაქის ცენტრიდან მოშორებით, აეროპორტისკენ მიმავალი გზატკეცილის მე-11 კილომეტრზე მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე, საბჭოთა წლებში, საგალანტერეო საქონლის უდიდესი ბაზა იყო განთავსებული. მოგვიანებით, საგალანტერეო ბაზა სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, საბოლოოდ კი, აქციების საფუძველზე, ნერუ ჩარქსელიანმა შეიძინა, გაარემონტა და წისქვილკომბინატი დააფუძნა.
ნერუ ჩარქსელიანი – დაიბადა 1967 წელს, სოხუმში.
1986-1991 წლებში სწავლობდა სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში, მექანიზაციის ფაკულტეტზე.
1992 წლამდე ცხოვრობდა სოხუმში.
სხვადასხვა დროს საქმიანობდა თურქმენეთსა და რუსეთში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
20 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსებული წისქვილკომბინატის შემადგენლობაში შედის:
1. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტისა და მაღალი წარმადობის დაზგა-დანადგარების მქონე წისქვილი (250 ტ. – 24 საათში).
2. ხორბლის ტერმინალი (14 ათასი ტ.-ზე).
3. ფქვილის საწყობი (2 ათასი ტ.).
4. სარკინიგზო ჩიხი, ოთხი ჩამომცლელით და სასწორით (100ტ.)
5. ავტოტრანსპორტიდან ხორბლის ორი ჩამომცლელი.
6. ადმინისტრაციული შენობა.
7. ავტოტრანსპორტის სასწორი (60 ტ.).
8. ლაბორატორია.
9. ელ. ქვესადგური და დამხმარე შენობა-ნაგებობები.
10. საწყობი-მაღაზია ფქვილისა და ქატოს საცალო რეალიზაციისთვის.
წისქვილკომბინატი აღჭურვილია თანამედროვე დაზგა-დანადგარებით, უახლესი აპარატურით, მარცვლეულის სარეცხი აგრეგატით, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფქვილის მიღების საშუალებას იძლევა.
ნერუ ჩარქსელიანი: “მაღალი ხარისხის წებოვნობის ხორბალი შემოგვაქვს ყაზახეთიდან და რუსეთიდან, კერძოდ, კრასნოდარის მხარიდან. ამ ეტაპზე, თვეში ვამუშავებთ 2500 ტონამდე ხორბალს. თუ მოხმარება გაიზრდება, ჩვენ საშუალება გვაქვს, გავზარდოთ წარმადობაც და დავამუშავოთ 7000 ტონამდე ხორბალი. ბაზრის დღევანდელი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვმუშაობთ ერთ ცვლაში, ანუ არ გვაქვს სრული დატვირთვა. ფაქტიურად, ახლა გამოვჩნდით ბაზარზე და ბუნებრივია, დრო გვჭირდება სრულყოფისთვის. ჩვენი პროდუქტი იდეალურია, ყოველგვარი ვიტამინების შენარევების გარეშე. ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის, პირველი ხარისხის, მეორე ხარისხის ფქვილს და ქატოს. პროდუქციის რეალიზებას ვახდენთ დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მაგალითად: ზუგდიდში, ქუთაისში, კახეთში, მარნეულში, ბოლნისში. . . გვაქვს რამდენიმე სადისტრიბუციო წერტილი. ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო გავფართოვდებით. მომხმარებელსაც ხელსაყრელ პირობებს ვუქმნით. თბილისში, რამდენიმე ადგილზე, იმავე ფასებში ვყიდით პროდუქციას, როგორც აქ, წისქვილკომბინატში. ვამარაგებთ, დაახლოებით, 15-20 პურის საცხობს.
რამდენად ძნელია დღეს ბიზნესის წამოწყება და ბაზარზე დამკვიდრება?
სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის ხელი არავის შეუშლია. არც არავის ზეწოლას განვიცდით. ჩვენი ერთადერთი პრობლემაა გარედან შემოტანილი დაბალი ხარისხის ფქვილი. იაფი ფქვილი გარკვეულ კონკურენციას გვიწევს და მომხმარებელიც, ავტომატურად, იკლებს.
ფაქტიურად, შემოტანილი ფქვილი, უმეტესად, უხარისხო, ვიტამინიზირებული და, შესაბამისად, იაფფასიანი ფქვილია, რისი დამტკიცებაც ნებისმიერ ლაბორატორიას შეუძლია. დღეს, საქართველოში არსებულ წისქვილკომბინატებს შესწევთ იმის უნარი, რომ შემოსული ფქვილი მთლიანად განდევნონ ბაზრიდან. მაგრამ ეს სერიოზული პრობლემაა და ამას სულ სხვანაირი მიდგომა სჭირდება. მოგეხსენებათ, იაფფასიან ფქვილს ამზადებენ იაფფასიანი ხორბლისგან. იმისათვის, რომ ასეთი ფქვილით გამომცხვარ ფუნთუშებს ვიზუალურად კარგი შესახედაობა ჰქონდეს, უმატებენ ვიტამინებს. თუ დაწესდება მკაცრი კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან და აიკრძალება ქვეყანაში ვიტამინიზირებული პროდუქტის შემოტანა, დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი წისქვილკომბინატები უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან.
საწარმოს საბალანსო ღირებულება 777 ათასი ლარია, ბიუჯეტში ყოველთვიური შენატანი – დაახლოებით, 60 ათასი ლარი. ბაზარზე იაფი ფქვილის შემოტანის შემთხვევაში, კომბინატის მიერ პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებელი 40%-ით იკლებს და ეს, ბუნებრივია, აისახება ბიუჯეტში შენატანზეც.
იანვრის თვის მონაცემებით, წისქვილკომბინატის მიერ რეალიზებულია:
პირველი ხარისხის ფქვილი – 921500 კგ. (ღირებულება – 552,9 ათასი ლარი), მეორე ხარისხის ფქვილი – 307850 კგ. (ღირებულება – 145,5 ათასი ლარი), ქატო – 917795 კგ. (ღირებულება – 170, 57 ათასი ლარი).
მაღაზიებში “თბილისის” პროდუქცია დაფასოვებული სახით არ იყიდება. მისი შეძენა მხოლოდ 50 და 25 კილოგრამიანი ტომრებითაა შესაძლებელი. 1 ტომარა (50 კგ) პირველი ხარისხის ფქვილი ღირს 28 ლარი, მეორე ხარისხის – 23 ლარი, ხოლო 1 კგ ქატო – 12 თეთრი.
საწარმოს ახალგაზრდა დირექტორი, ნერუ ჩარქსელიანი, რომელმაც მეწარმეობის გამოცდილება თურქმენეთსა და რუსეთში შეიძინა, ამბობს, რომ ეს ბიზნესი ერთი მთავარი მიზეზის გამო წამოიწყო:
მეწარმეობის სურვილი მქონდა, ვფიქრობდი, რომელი საქმიანობა ამერჩია. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ღვთიური საქმეა, როცა შეგიძლია, შენი ბიზნესით ქვეყანასაც რაღაცით არგო. მე დავუკავშირე ერთი საქმე მეორეს და ეს გახდა ჩემი გადაწყვეტილების ძირითადი მოტივი.
ყოფილა თუ არა თქვენი პროდუქციის გაყალბების შემთხვევები?
გაყალბების მცდელობა, რა თქმა უნდა, ყოფილა, მაგრამ ვცდილობთ, კონტროლი დავაწესოთ. ვყიდულობთ საეჭვო პროდუქტს, მოგვაქვს ჩვენს ლაბორატორიაში და ვამოწმებთ.
ჩვენ, ფაქტიურად, არავის იმედი არ გვაქვს, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი პროდუქტისა. შეგვიძლია, ნებისმიერ ექსპერტთან და მომხმარებელთან ვისაუბროთ, რომ ჩვენს პროდუქციაში არავითარი შენარევები არ არსებობს.
თქვენი კომბინატი გაწევრიანებულია რომელიმე ბიზნესმენთა გაერთიანებაში?
ჯერ ბაზარზე დავმკვიდრდებით. როდესაც გვექნება გარკვეული ისტორია, მერე გაგვიჩნდება გარკვეული პრეტენზიებიც, ვისთან გავწევრიანდეთ. არსებობს რამდენიმე კავშირი და გაერთიანება, ანუ არჩევანის საშუალება არის.
თუ გიცდიათ, რომ უცხოელი პარტნიორები გყოლოდათ?
გვაქვს გარკვეული წინადადებები უცხოელების მხრიდან პარტნიორობის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, არსებობს ქართული ბანკებიც, რომლებიც გვიწევენ დახმარებას. კრედიტის გარეშე, ამ საქმეს ვერ გავწვდებოდით. ჯერჯერობით, ადგილობრივი ბანკების კრედიტებიც საკმარისია, სამომავლოდ კი ყველაფერი დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნებზე. არ გვაქვს ცუდი იმიჯი არც იმ ქვეყნებთან, საიდანაც ხორბალი შემოგვაქვს. ჩვენს შორის დიდია ნდობის ფაქტორიც და ამიტომ გვიადვილდება თანამშრომლობა.
პროდუქტის რეკლამირებას ახდენთ?
არა! ჩვენ გვინდა, ჩვენი პროდუქტი და მომხმარებელი იყოს ჩვენი რეკლამა!
დღეს კომბინატში 70-მდე თანამშრომელი მუშაობს. მათი მინიმალური ხელფასი 100 ლარია. ახლად გარემონტებულ და ახლად ფეხადგმულ კომბინატში ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს სასადილო. მიუხედავად იმისა, რომ ამ 4 თვეში მართლაც ბევრი მოასწრეს, საწარმოში მაინც ამბობენ, რომ ბოლომდე ათვისებულიც არ არის მათი რეალური შესაძლებლობები.