რა ვალები დატოვა იოანე-პავლე II-მ
მოამზადა სოფო გოგოლაძემ
რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურად არჩეულმა გერმანელმა კარდინალმა იოზეფ რატცინგერმა თავისი წინამორბედისაგან მიიღო არა მარტო მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა, არამედ იმ ფინანსური პრობლემების ტვირთიც, რომლებსაც ბოლო დროს აწყდება ვატიკანი.
იოანე-პავლე II-ის შემცვლელს მემკვიდრეობად ერგო არა მარტო შემცირებული სამწყსო და ახალგაზრდა მღვდელმსახურთა ნაკლებობა, არამედ სერიოზული ფინანსური პრობლემები.
ვატიკანის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ბოლო 3 წლის განმავლობაში პაპის ტახტის – კათოლიკური ეკლესიის მთავარი ადმინისტრაციული ორგანოს ბიუჯეტი დეფიციტური იყო. ასეთივე სურათია სახელმწიფო ვატიკანის ბიუჯეტშიც, რომელიც ტრადიციულად პაპის ტახტის ბიუჯეტისგან განცალკევებით ყალიბდება. როგორც ბოლო, 2003 წელს, გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის ციფრები აჩვენებს, ვატიკანმა კვლავ მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი ჰქონდა ( 2004 წლის ანგარიში 2005 წლის ივლისში გამოქვეყნდება).
პაპის და მისი ადმინისტრაციული აპარატის (კურიის) შემოსავლის ძირითადი წყაროა: ინვესტიციები აქციებში, ობლიგაციებში და უძრავ ქონებაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით მორწმუნე კათოლიკებისაგან მიღებული შემოწირულობები, რაც მთლიანობაში 1 მლრდ დოლარს შეადგენს. თუ 90-იან წლებში პაპის ადმინისტრაციას კარგი შემოსავალი ჰქონდა, საფონდო ბაზარზე პროცენტების სტაბილური ზრდის და მყარი დოლარის ფონზე, 2003 წელს მისმა დანაკარგებმა მარტო სავალუტო ბაზარზე მერყეობის გამო 12,1 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, პაპის ტახტის საერთო შემოსავალმა იმ პერიოდში 256 მლნ დოლარი შეადგინა. თუმცა, ანგარიშში ზოგიერთი დადებითი ტენდენციაც შეინიშნება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვატიკანმა შესძლო ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 30%-ით შემცირება და როგორც წმინდა ტახტის ბუღალტრები ამბობენ, 2005 წელს ისინი შესძლებენ საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის სრულ ლიკვიდაციას.
“ვატიკანის ადმინისტრატორები შეჩვეული არიან ბიუჯეტის შევსებას საფონდო ბაზარზე კონიუნქტურის მერყეობის ხარჯზე,” – ამბობს ჯოზეფ ჰარისი, ფინანსური ექსპერტი სიეტლიდან, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ვატიკანის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს,” – “მაგრამ, როგორც ცნობილია, ეს ბაზარი რასაც მოგცემს ხშირად უკანვე მიაქვს.”
საერო საქველმოქმედო ორგანიზაციების გაერთიანების – Foundations and Donors Interested in Catholic Activities Inc. პრეზიდენტის – ფრენსის ბატლერის პროგნოზის თანახმად, პაპის ტახტს შემდგომშიც ექნება პრობლემები ანგარიშების ბალანსირებასთან დაკავშირებით, თუ ვერ შესძლებს შემოსავლის ახალი წყაროების მოძებნას.
ვატიკანის შემოსავლის ძირითადი წყარო კი მისი სამწყსოა. ვატიკანის ხაზინა მორწმუნე კათოლიკების, რომელთა რაოდენობა მსოფლიოში დღესდღეობით მილიარდზე მეტია, შემოწირულობების ხარჯზე ყოველწლიურად 104,5 მლნ დოლარით ივსება. დამატებით კათოლიკური ეკლესია რეგულარულად იღებს საჩუქრებს ცალკეული შეძლებული მოქალაქეებისაგან, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-ში ცხოვრობს. 2003 წელს ინდივიდუალურმა შემოწირულობებმა 64 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამ სახსრებს ეკლესია ტრადიციულად ქველმოქმედებაზე ხარჯავს. “როგორც ჩანს, მარტო შემოწირულობები არაა საკმარისი,” – ამტკიცებს ბატლერი, – “ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ხელგაშლილი იქნებიან მომავალში მსოფლიოს კათოლიკები”.
გარდა უძრაობის აქციებისა, კათოლიკური ეკლესია ფლობს უზარმაზარ სიმდიდრეს ხელოვნების შეუფასებელი ნაწარმოებების სახით, რომლებიც ვატიკანის მუზეუმებსა და რომში მის ოთხ ბაზილიკაში ინახება. თუმცა, ახალ პაპს არ შეუძლია, ამის სურვილიც რომ ჰქონდეს, ერთი-ორი ნახატი ან ქანდაკება მაინც გაყიდოს ეკლესიის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, რადგან ვატიკანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მის განკარგულებაში მყოფი ხელოვნების ნაწარმოებების გაყიდვას. გარდა ამისა, თუ ახალი პაპი მაინც გადაწყვეტს პრინციპებზე უარის თქმას, იტალიის ხელისუფლების წინააღმდეგობას წააწყდება, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ვატიკანი. კლაუდიო ჩელის, წმინდა ტახტის მემკვიდრეობის საქმეთა ადმინისტრაციის 63 წლის მდივნის სიტყვებით, იტალიის მთავრობა არასდროს მისცემს ვატიკანს მის მუზეუმებში დაცული 460 ნახატიდან, რომელთა შორისაა ჯოტოს, კარავაჯოს, რაფაელის და სხვა მხატვრების ნახატები, თუნდაც ერთის გაყიდვის უფლებას. “სიტუაცია პარადოქსულია: ხელოვნების ამდენი ნიმუშია და ასე ცოტა საბრუნავი სახსრები,” – ამბობს მონსენიორ ჩელი, – “მაგრამ როგორ უნდა გაიზომოს მიქელანჯელოს “პიეტას” ფასეულობა?! ”
თუმცა, პაპის ტახტის ფინანსების მთავარი განმკარგველი მაინც ცდილობს თავი დააღწიოს ვატიკანის საგადამხდელო ბალანსის დეფიციტს. კერძოდ, მან უკვე გადაიყვანა აქტივების დიდი ნაწილი მოკლევადიან ობლიგაციებში. ამგვარად, ვატიკანის მთავარი ბუღალტერი იმედოვნებს 14,3 მლნ დოლარის ფინანსური აქტივების კომპენსაციას, რომლებიც წმინდა ტახტმა 2003 წელს დაკარგა, იმის გათვალისწინებით, რომ ვატიკანის ტერიტორიაზე შენობების გაქირავებამ მას 28,8 მლნ დოლარი მოუტანა. კიდევ 41,8 მლნ ვატიკანმა დაკარგა სავალუტო ბაზარზე არახელსაყრელი კონიუნქტურის გამო. მარტო 2003 წელს დოლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 17%-ით დაიკლო, რითაც დიდი ზიანი მიაყენა ვატიკანის ფინანსურ ანგარიშებს.
ვატიკანის სახელმწიფომ, სადაც პონტიფიკის ოფიციალური რეზიდენცია მდებარეობს, იგივე 2003 წელს 181,1 მლნ დოლარი მიიღო მუზეუმების ბილეთების გაყიდვით, სადაც ამ წელს 3 მლნ მნახველზე მეტი იყო, აგრეთვე, მის ტერიტორიაზე განლაგებული უბაჟო ვაჭრობის მაღაზიებიდან. მათ შორისაა: აფთიაქი, რომელსაც უფლება აქვს ივაჭროს ისეთი წამლებით, რომლებიც იტალიის ჯანდაცვის სახელმწიფოს ოფიციალურად არ დაუმტკიცებია, სუპერმარკეტი და სუვენირების მაღაზია, სადაც შეიძლება სუნამო ჩჰანელ-ის და ჩარტიერ-ს საათის ყიდვა რომში არსებული ფასების ნახევარ ფასად. ხაზინის შევსების კიდევ ერთი წყაროა მარკების და მონეტების გაყიდვა. თუმცა, ფინანსური წელიწადი ვატიკანმა მაინც ბიუჯეტის 10,5 მლნ დოლარის დეფიციტით დაასრულა იმის შედეგად, რომ სახელმწიფო ხაზინამ თავის თავზე აიღო ვატიკანის რადიოს ვალების გასტუმრება (13,1 მლნ დოლარი). გარდა ამისა, გაიზარდა ხარჯებიც. კერძოდ, გასულ წელს 15%-ით გაიზარდა ვატიკანის ადმინისტრაციული შენობების შენახვის ღირებულება, მათ შორის ოთხი რომაული ბაზილიკის, ვატიკანის 123-კაციანი პოლიციის, ასევე პაპის კერძო დაცვის – 110 შვეიცარიელი გვარდიელის საცხოვრებლის ღირებულება.
მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს 172 ქვეყანასთან და 48 საერთაშორისო ორგანიზაციასთან, კურიის უშუალო კონტროლის ქვეშ ნაკლები სახსრები იმყოფება, ვიდრე ზოგიერთი სხვა კათოლიკური ორგანიზაციის. მაგალითად, აშშ-ს ინდიანას შტატის კათოლიკური უნივერსიტეტის, სადაც 11000 სტუდენტია, ბიუჯეტმა 2004 წელს 695 მლნ დოლარი შეადგინა, კიდევ 3 მლრდ-მდე ამ დაწესებულებამ მიიღო შემოწირულობების სახით.
კათოლიკური ეკლესიის 2864 ეპარქიის 412886-იანი მრევლი, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაფანტული (რომის ჩათვლით), ვატიკანისაგან ფინანსურად დამოუკიდებელ ორგანიზაციებს წარმოადგენენ.
ბოლო დრომდე ვატიკანის ფინანსები საიდუმლოდ რჩებოდა. გარდატეხა მოხდა 1990 წელს, როდესაც პაპმა იოანე-პავლე II-მ მოიწვია დეტროიტის ეპისკოპოსი ედმონდ შოკა, რათა სათავეში ჩასდგომოდა ტახტის ფინანსურ საქმეებს. მისი დახმარებით 1993 წელს ტახტმა პირველი შემოსავალი მიიღო.
თუმცა, ვატიკანი არ ჩქარობს თავისი ყველა საიდუმლოს გამჟღავნებას. კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ორგანიზაცია, ვატიკანის ბანკი, რომელიც რელიგიურ საქმეთა ინსტიტუტის სახელწოდების მიღმა იმალება (Iსტიტუტო პერ ლე ოპერე დი რელიგიონე-IOღ), არასდროს აქვეყნებს ანგარიშებს თავისი ფინანსური მოღვაწეობის შესახებ და არ ურთიერთობს პრესასთან.
ამისთვის მას საკმაო მიზეზები გააჩნია. 2004 წლის თებერვალში ბრიტანული პოლიცია იტალიელ კოლეგებთან ერთად დაუბრუნდა იტალიელი ბანკირის, იმ დროისათვის იტალიაში უმსხვილესი კერძო ბანკის, Bანცო Aმბროსიანო-ს მფლობელის, რობერტო კალვის დაღუპვის საქმეს. 1982 წელს, მისი მკვლელობის შემდეგ, ბანკი გასკდა და 2 მლრდ დოლარი ვალები დატოვა. მხოლოდ 20 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ამ თანხის ნაწილი, 70 მლნ დოლარი ბაჰამის კუნძულების სხვადასხვა ბანკებში იყო განაწილებული. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ კალვი ურთიერთობდა არა მარტო ვატიკანთან, არამედ მაფიასთანაც. დაზარალებულთა შორის ვატიკანის ბანკიც აღმოჩნდა, რომელიც კალვის ბანკთან თანამშრომლობდა. მისმა დანაკარგებმა 1,25 მლრდ დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანის ბანკმა Bანცო Aმბროსიანო-ს კრახის შედეგად უზარმაზარი ზარალი ნახა, იტალიის მთავრობამ მას მოსთხოვა კრედიტორებისათვის 250 მლნ დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა. IOR-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, კარდინალმა კაზიმირ მარსინკუსმა მოგვიანებით აღიარა, რომ ამ მიზნით მას ვატიკანის საპენსიო ფონდის გამოყენება მოუხდა.
ეს არ არის ერთადერთი საზოგადოებრივი სკანდალი, რომელშიც ვატიკანის ბანკი გაეხვია.
2005 წლის აპრილის ბოლოს სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლო მიუბრუნდა ჰოლოკოსტის ყოფილ მსხვერპლთა საქმეს, რომლებიც ვატიკანის ბანკს ბრალს სდებენ იმაში, რომ მასში თეთრდებოდა ხორვატიის ტერიტორიაზე რეპრესირებული ბოშების, ებრაელების, სერბების და უკრაინელებისთვის წართმეული სახსრები. 1999 წელს ფედერალურმა სასამართლომ უარი უთხრა მათ სარჩელის განხილვაზე, მაგრამ 2005 წლის 18 აპრილს სააპელაციო სასამართლოს გასვლითმა სესიამ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს უფლება აქვთ მოითხოვონ თავისი საქმის გადახედვა და მიიღონ პასუხი კითხვაზე, თუ რა მოუვიდა ბანკის მიერ ხორვატი ფაშისტების რეჟიმისაგან მიღებულ ფულს. “შესაძლოა ახალი პაპი ამ საქმეს თავის წინამორბედზე უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს, – თქვა დაზარალებულების ადვოკატმა ჯონათან ლევიმ, – აქამდე ვატიკანი კონტაქტზე ძნელად მოდიოდა”. წმინდა ტახტის წარმომადგენლები კი ამაზე კომენტარებს არ აკეთებენ, ერიდებიან რა ახალ სკანდალს ბანკის გარშემო.
პაპს ვადამდე ადრე (ხუთი წელი არ გასულა გარდაცვალებიდან) აღიარებენ წმინდანად, მაგრამ ვალებს და პრობლემებს ეს არ შველის.
საგულისხმოა, რომ დედა ტერეზა, რომელიც ასევე წმინდანად აღიარეს გარდაცვალების შემდგომ, ფინანსური პრობლემების სკანდალში გაეხვია, ხოლო იერუსალიმის პატრიარქი, აპრილში, მის სიცოცხლეშივე გაება ფინანსურ სკანდალში.
აქედან შეიძლება ერთი დასკვნა გავაკეთოთ: ყველა ორგანიზაციის ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე, მათი სტატუსის და დანიშნულების მიუხედავად, მათ შორის რელიგიური.