აზიური ბიზნეს ფორუმი საქართველოში

რედაქციისაგან

ოქტომბრის ბოლოს თბილისი მსოფლიო ბიზნესის ყურადღების ცენტრში მოექცა. აზიის უდიდესმა ბიზნეს ასოციაციამ ფორუმი გამართა ჩვენს დედაქალაქში, სადაც განიხილეს CACCI-ს სამუშაო საკითხები. იგი მეტად მნიშვნელოვანი იყო იმიტომაც, რომ წელს ამ პრესტიჟული ორგანიზაციის წევრი გახდა საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატა და ტრადიციული წლიური შეკრებაც აქ ჩატარდა.

ამასთან, გაიმართა პირველი აზიური ბიზნეს ფორუმი. აზია ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი და ეკონომიკური სასწაულების მხარეა, სადაც დაგროვდა სერიოზული საინვესტიციო კაპიტალი, ქვეყნის ეკონომიკის რეფორმაციის გამოცდილება. თანამედროვე ტექნოპარკების და ნოუ ხაუების ოაზისი არც ისე კარგად იცნობს საქართველოს, მის შესაძლებლობებს, ამიტომ ეს ფორუმი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის და მისი ბიზნეს პოტენციალის რეკლამირებისათვის.

ყოველივე ამან განაპირობა ბიზნეს ფორუმის წარმომადგენლობითობა როგორც სტუმართა, ისე ჩვენი ხელისუფლების თუ ბიზნეს წრეების მხრიდან.საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის (CACCI) საბჭოს 70-ე შეხვედრის და კავკასიაში პირველი აზიური ბიზნეს ფორუმის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის შემდეგ კომპანიებს: “კანარგო”, “თელიანი ველი”, “ჯეოსელი”, “თიბისი ბანკი” და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID.