პრეზიდენტი ბუში საბიუჯეტო გეგმაში თავდაცვასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს
მოამზადა ნინო არველაძემ
პრეზიდენტმა ბუშმა ფედერალური ბიუჯეტი წარადგინა, სადაც ყურადღება თავდაცვაზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მეცნიერულ კვლევებზეა გამახვილებული. მასში გათვალისწინებული არ არის ახალი გადასახადების შემოღება.
პრეზიდენტი ეცდება კონგრესი თავის გეგმის მიღებაში დაარწმუნოს. მთლიანობაში ბუში 2007 წლის ფისკალურ, წელიწადში 2.77 ტრილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს და ამბობს, რომ ერაყისა და ავღანეთისათვის სავარაუდოდ 50 მილიარდი დოლარის დანახარჯს ითვალისწინებს. რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 20.1%-ია. პრეზიდენტი შემოსავლებს საგადასახადო კოდექსიდან და ახალი სახის საწევროებიდან ელის და ფიქრობს, რომ მთლიანი შემოსავალი 2.42 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც მშპ-ს 17.6% იქნება.
კონგრესის მიერ ბუშის წინადადების მიღების შემთხვევაში, რომელიც ფულის დაზოგვას ეხება, დეფიციტი 354 აშშ დოლარამდე შემცირდება. მაგრამ, სავარაუდოდ, კონგრესი პრეზიდენტის აზრს არ გაიზიარებს. მიმდინარე წლის მოსალოდნელი დეფიციტი დაახლოებით 423 მლრდ აშშ დოლარია, ანუ მშპ-ის 3.2%.
მომავალ წელს საზოგადოების უსაფრთხოებისათვის გაღებული დანახარჯები 581 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო დაზღვევისათვის – მოხუცთა, უმწეოთა და ღარიბთათვის კი ბიუჯეტში 592 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.
გაძლიერებული სასაზღვრო ბადრაგი
2007 წლის ბიუჯეტში გაძლიერებულია თავდაცვის პროგრამა. მილიარდობით დოლარია გათვალისწინებული მეამბოხეებთან გასამკლავებლად და იარაღის პროგრამის დასაფინანსებლად. ეს ზრდა ერაყსა და ავღანეთში ომის და მძიმე იარაღის მოდერნიზაციის პროგრამის დასაფინანსებლადაა გამიზნული. ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გამოყოფილი თანხა ტერორიზმის წინააღმდეგ მთავრობის პრიორიტეტებს ითვალისწინებს. ბიუჯეტში წამოყენებულია საზღვრის დაცვის გაძლიერების საკითხი, რომელიც იმიგრაციასთან დაკავშირებულ დებატებს ეხმაურება.
აშშ-ის პრეზიდენტი, ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსების გაზრდას ითხოვს. 2007 წლის ფისკალურ წელიწადს ფონდის დაფინანსება 7.9%-მდე მოიმატებს, ეს იქნება პირველი ნაბიჯი მეცნიერებაში ინვესტიციების ჩადებისათვის. ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ აშშ-ის მიზანი ახალი ტექნოლოგიების სათავეებში ყოფნაა. მით უმეტეს, რომ მეტოქეები აზიასა და სხვა რეგიონებში უკვე გამოჩნდნენ. ეს ინიციატივა სკოლებში მათემატიკისა და მეცნიერების გაძლიერებულ სწავლებასაც ითვალისწინებს, რათა მაღალტექნოლოგიური სამუშაოებისათვის კარგი სპეციალისტები მომზადდნენ.
პრეზიდენტი ძალიან დიდ ინტერესს იჩენს აგრეთვე, ალტერნატიული საწვავის ტექნოლოგიისადმი. ბიუჯეტის ორგვერდიან შესავალში ის წერს: “ჩემი ადმინისტრაციის უპირველეს პრიორიტეტს ჩვენი მოქალაქეებისა და სამშობლოს დაცვა წარმოადგენს.” რაც შეეხება სხვა შიდა დანახარჯებს იგი ხაზგასმით გამოთქვამს სურვილს, რომ უდიდესი პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალეობით მოეპყრან საბიუჯეტო პროცესს და მკაცრად შეზღუდონ დანახარჯები.
პრეზიდენტი ამბობს, რომ შემცირდება ზოგიერთი შიდა პროგრამის დაფინანსება. სამაგიეროდ შემუშავდება სხვა პროგრამები, როგორიცაა სასაქონლო დამატებითი საკვების 111 მილიონ დოლარიანი პროგრამა წელიწადში, რომელიც ყოველთვიურად ყველის, ბურღულის, არაქისის კარაქისა და სხვა საკვები პროდუქტებისგან შემდგარ ამანათებს აწარმოებს. ისინი 400000 დაბალშემოსავლიანი მოხუცისთვის იქნება გათვალისწინებული. ზოგიერთ პროგრამას დაფინანსება გაეზრდება. მაგალითად, 2 მილიარდი დოლარი გამოიყოფა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის, რომელთაც საცხოვრებელი ადგილების გათბობისათვის ქვითრების ანაზღაურება არ შეუძლიათ. გამოყოფილი თანხა 2006 წლის პროგრამაში გათვალისწინებული თანხისგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა, შარშანდელთან შედარებით სახლის გათბობა 31%-ით ძვირი ჯდება. რაც ცხადია, ბუნებრივი აირის გაძვირებას უკავშირდება. ბუშის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 2007 წლისთვის ძნელად გასათბობი რაიონების დასახმარებლად სხვა სახსრებსაც ეძებენ.
სენტ ლუიზის მკვიდრი ირინ ოკონერი ოთხ შვილს მარტო ზრდის. 42 წლის ოკონერი ამბობს, რომ მისი საშუალო შემოსავალი თვეში დაახლოებით 700 დოლარს შეადგენს და ამბობს, რომ ფედერალური დახმარების ფონდიდან 600 დოლარს მიიღებს. ეს დიდი დახმარებაა, რადგან მხოლოდ დეკემბრის გათბობის ქვითარი 300 დოლარის ღირებულების იყო. მართალია, შარშანდელთან შედარებით ის იგივე რაოდენობის გაზს მოიხმარს, მაგრამ გადასახადი მკვეთრად იზრდება.
პრეზიდენტი აგრეთვე ამბობს, რომ ბიუჯეტში 1.8%-ით შემცირდება საბინაო მშენებლობისა და ურბანული განვითარების დეპარტამენტისათვის გათვალისწინებული ხარჯები. 26%-ით მცირდება დაბალშემოსავლიან მოხუცთათვის გათვალისწინებული პროგრამა, რომელიც სექცია 202-ის სახელითაა ცნობილი. დაფინანსება უნახევრდება სექცია 811 პროგრამასაც, რომელიც უმწეო დაბალშემოსავლიანი ხალხის დასახმარებლად იყო გათვალისწინებული.
დილემა
ციფრებმა შეიძლება ორივე პარტიის წარმომადგენლები დილემის წინაშე დააყენოს. ერთ-ერთი რესპუბლიკელი მისოურის შტატიდან ამბობს, რომ ამ რაოდენობის შემცირებები კარგ შედეგს არ მოიტანს. კრისტოფერ ბონდი, რომელიც ბინების მშენებლობის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარეა, თეთრი სახლის მიერ შემოთავაზებულ ბიუჯეტზე ასეთ კომენტარს აკეთებს: “შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თეთრი სახლის წარმომადგენლები ჭიის იზოლირებულ პარკებში სხედან და ისე აკეთებენ შემოთავაზებებს.”
თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორი კი რეპორტიორებს უცხადებს, რომ ქვეყანა ომის და კატასტროფების წინაშე დგას და მთავრობამ ქამარი უნდა შემოიჭიროს.
ზოგიერთი კი ჩივის, რომ ფედერალებს ქამრის მოჭერა არ ემუქრებათ, რადგან კლინტონისა და ბუშის პრეზიდენტობის ხანაში მათთვის განსაზღვრული თანხები თითქმის გაორმაგდა.
დაფინანსების კლება გრძელდება
ახლო წარსულში კონგრესმა სამედიცინო დახმარების პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ღარიბებმა მეტი უნდა გადაიხადონ საკუთარი ჯანმრთელობის აღრიცხვისათვის. მაგალითად, მისოურის შტატში სამედიცინო დანახარჯები 626 მილიონი დოლარით შემცირდა და მიმდინარე ფისკალურ წელიწადში 5.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 32 წლის მარტოხელა დედა ამბობს, რომ ორ ადგილას მუშაობს და მისი საშუალო შემოსავალი 600-800 დოლარია თვეში. ის სამედიცინო დახმარების აღრიცხვაზე 2003 წლიდან არის რეგისტრირებული და მას შემდეგ, რაც ამერიკის ბანკში სრულშტატიანი სამსახური დაკარგა. მაღალანაზღაურებადი სამსახურის ძებნაში ოთხი თვე დაკარგა. შემდეგ კი ფსიქოლოგიაში ბაკალავრის ხარისხის ასაღებად კვლავ სკოლაში დაბრუნდა. სტუდენტური სესხი და სტიპენდია ქვითრების ასანაზღაურებლად საკმარისი არ არის. მისი ორი ვაჟი სამედიცინო დახმარების აღრიცხვაზე არიან, მაგრამ გაუქმების შემთხვევაში სახლზეც, მანქანაზეც და საკუთარი თავის პატივისცემაზეც უარის თქმა მოუწევს.
დაფინანსების შემცირება ჯანმრთელობისა და ადამიანის მომსახურების საგრანტო პროგრამასაც ემუქრება. ამ პროგრამის დაფინანსება 2002 წელს მკვეთრად შემცირდა. გასულ წელს პრეზიდენტი მისი გაუქმების წინადადებით გამოვიდა. თუმცა, კონგრესმა ის 630 მილიონი დოლარით დააფინანსა. ბიუჯეტში ბუშმა კვლავ შესთავაზა კონგრესს პროგრამის გაუქმება.
თებერვალში აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტმა 119.2 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ-ის ხაზინამ მოამზადა მოხსენება, რომელშიც წერია, რომ აშშ-ის თებერვლის საბიუჯეტო დეფიციტი ნავარაუდევზე ოდნავ ნაკლები – 119.20 მილიარდი დოლარი იყო. ამ მაჩვენებელმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა, რომელიც თვის საბიუჯეტო დეფიციტს ეხებოდა. სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით, თებერვლის საბიუჯეტო დეფიციტი 5%-ით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, იანვრის ნამატი 20.99 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აშშ-ის მთავრობისათვის თებერვალი დიდი დანახარჯებისა და დეფიციტის თვეა და სხვა თვეებთან შედარებით ნაკლებად შემოსავლიანი.
ხაზინაში აცხადებენ, რომ გასული თვის მთლიანი ხარჯი 232.05 მილიარდი დოლარია. ეს თანხა 8%-ით აღემატება შარშანდელ ხარჯებს და 11%-ით მეტია იანვრის დანახარჯებთან შედარებით.
თებერვლის დეფიციტი კონგრესის საბიუჯეტო სამსახურის პროგნოზებს უმნიშვნელოდ ჩამორჩება. ნავარაუდევი სადეფიციტო თანხა 121 მილიარდს უტოლდებოდა. კონგრესში აცხადებდნენ, რომ ხარჯები სწრაფად იზრდებოდა, რაც ცნობილ ქარიშხლებს, სამედიცინო დახმარებას, საზოგადოების უსაფრთხოებასა და ქვეყნის ვალების პროცენტების ზრდას უკავშირდებოდა. გეგმის მიხედვით, 2006 ფისკალური წლის დასასრულს, რომელიც 30 სექტემბერს მთავრდება, მთლიანი დეფიციტი 423 მილიარდი დოლარი იქნება. გასულ წელს, ეს თანხა 318 მილიარდი დოლარი იყო. საბიუჯეტო დეფიციტთან დაკავშირებული სხვა პროგნოზები უფრო დაბალ ციფრებს აჩვენებენ. კონგრესის საბიუჯეტო სამსახურში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წლის დეფიციტი 371 მილიარდი დოლარი იქნება, ანუ მშპ-ის 2.8%. სხვა კერძო სექტორებშიც, თეთრი სახლის მონაცემებთან შედარებით ნაკლებ საბიუჯეტო დეფიციტს ვარაუდობენ.
ხაზინაში დადგინდა, რომ აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტმა 2006 ფისკალური წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე 217.52 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს 2005 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.6%-ით დაბალია. ოქტომბერ-თებერვლის მონაკვეთში შემოსავლებმა 873.07 მილიარდ დოლარს მიაღწია, წინა წლის იმავე მონაკვეთის შემოსავლებს ეს თანხა 10%-ით აღემატება. თუმცა, მიმდინარე ფისკალური წლის დანახარჯები 1.091 ტრილიონ დოლარს აღწევს და 8%-ით უსწრებს გასული წლის მონაცემებს.
2006 ფისკალური წლის თებერვალში, ინდივიდუალური საგადასახადო შემოსავლები მთლიანობაში 393.34 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე პერიოდს 11%-ით აღემატება.
გასულ თვეში აშშ-ის მთავრობამ ფედერალური რეზერვის ვალებისთვის ნაღდი შემოსავლიდან 18.44 მილიარდი დოლარის პროცენტი გადაიხადა. ნაღდი შემოსავლის პროცენტებში, რომელსაც ფედერალურ რეზერვს უხდიან, არ შედის არასაბაზრო სამთავრობო უსაფრთხოების პროცენტი, რომელსაც ფედერალური ნდობის ფონდი აკონტროლებს და როგორიცაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
ენერგეტიკა
დაწყევლილია თუ დალოცვილი ენერგეტიკაზე მაღალი ფასები? დიდი ნავთობის პასუხი ამ კითხვაზე იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ არის მისი ავტორი.
ახლო წარსულში ნავთობის კომპანიების აღმასრულებლები მედიდურად საუბრობდნენ თუ როგორ იზრდებოდა მათ კორპორაციაში ფული. ამას ნავთობის ფასს უმადლიან – 60 დოლარი ერთ ბარელზე. ახლო მომავალში ისინი სამგლოვიარო ტონით შეეცდებიან მთავრობის დარწმუნებას, დახმარების გაწევაში, რათა საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომარაგების ახალი გზები გამოინახოს.
განსხვავებული ტონის მიზეზი გეოგრაფიას უკავშირდება – ახლო წარსულში, მარტის დასაწყისში, დიდი ნავთობიWall Street-ს სტუმრობდა. ახლო მომავალში კი კურსს Capitol Hill-ისკენ აიღებს.
მოვუსმინოთ ყველაზე ძლიერ აღმასრულებელს: რექს ტილერსონს, Exxon Mobil Corp-ის მთავარ აღმასრულებელს. ფინანსურ ანალიტიკოსებს მან შეახსენა, რომ 2005 წელს კორპორაციის მოგებამ 36 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც აშშ-ის კომპანიების ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. იგი ამბობს, რომ Exxon-ის ფინანსური წარმატება კომპანიაში მიღწეული დისციპლინის შედეგია. თუმცა, ის პროდუქციის ზრდას გეგმავს და ენერგეტიკის მაღალ ფასების გამო გამოსავლის ძიებით არ არის დაკავებული.
მოსალოდნელია, რომ ბატონი ტილერსონი თავის განცხადებას მკვეთრად შეცვლის როდესაც დიდი ნავთობის სხვა მეთაურებს სენატის მოსამართლეთა კორპორაციის საბჭოსა და სატელევიზიო კამერების წინაშე წარდგენა მოუწევთ. მათ წარმოებას კი ბენზინზე მაღალი ფასების ხელშეწყობაში დაადანაშაულებენ.
ტილერსონმა, აშშ-ის პოლიტიკის შემქმნელებს შესთავაზა მოსახლეობისთვის ტკივილის შემსუბუქება. ის აცხადებს, რომ თუ ფედერალურ ხელისუფლებას სერიოზულად სურს მომარაგება ქვეყნის შიგნით მოპოვებული ენერგეტიკით გაზარდოს, მაშინ დამატებითი სივრცეების გახსნა გახდებაება საჭირო, სადაც ნავთობის მოძიება და ბურღვები ჩატარდება. ამერიკელი მოსახლეობისგან რესურსების სრულად ამოწურვას, ის უპასუხიმგებლობად მიიჩნევს. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა უნდა შეწყვიტონ. არავინ დაარწმუნონ, რომ ქვეყანას რეალურად შესწევს ენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებელობის მოპოვების უნარი. ის ამბობს, რომ ამერიკა ენერგეტიკის მთავარი იმპორტიორია. თუმცა, ტილერსონს არ მიუთითებია ბუშის მოწოდებაზე 2025 წლისთვის 75%-ით შეამცირონ შუა აღმოსავლეთიდან ნავთობის იმპორტი. ტილერსონი ამერიკელი პოლიტიკოსების ბრალდებას, თავდაცვის მიზნით ხელოვნური ბარიერების შექმნის თაობაზე, დაუდევარ პოლიტიკას უწოდებს.
იმას, რომ აშშ-ს შეუძლია ენერგეტიკის მოთხოვნა მნიშვნელოვანი მოცულობის საწვავის იმპორტირების გარეშე დაიკმაყოფილოს, Exxon-ის თავმჯდომარე არასაიმედოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს განცხადება სიმართლისგან შორსაა.
აშშ-ის სავაჭრო ბალანსის სხვაობა 68.51 მილიარდ დოლარს აღწევს
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი კვლავ სარეკორდო ციფრებს აჩვენებს. ჩინეთიდან იმპორტის ზრდა და ამერიკის უცხოურ კაპიტალზე დაყრდნობა კონგრესში პოლიტიკური აღგზნების საფუძველი ხდება.
სავაჭრო დეფიციტმა 68.51 მილიარდ დოლარს მიაღწია და 5.3%-ით გადააჭარბა დეკემბრის მაჩვენებელს.
საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 2.5%-ით გაიზარდა და 114.47 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საავიაციო და სხვა საქონლის გადაზიდვებს ემყარება. ეკონომისტები წინასწარმეტყველებენ, რომ მიმდინარე წელს კარგი ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ევროპისა და იაპონიის მოთხოვნა იზრდება.
მაგრამ იმპორტის ზრდა ექსპორტისას მაინც უსწრებს. ის 3.5%-ია და 182.88 მილიარდი დოლარია. მკვეთრად იზრდება მანქანებსა და სხვა საწვავ პროდუქტებზე მოთხოვნა. თუმცა, შემცირებულია გადაუმუშავებელი ნავთობის იმპორტის ფასი.
ჩინეთთან სავაჭო დეფიციტი 17.92 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში რეკორდი მოხსნა და 20.51 მილიარდი დოლარი შეადგინა.
რა პრობლემა აქვს ამერიკას ჩინეთთან?
აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა ჯორჯ ბუშისა და ჩინეთის პრეზიდენტის, ჰუ ჯინტაოს ვაშინგტონის მოლაპარაკებების მთავარი თემა ხდება. აშშ ღელავს, რომ ჩინეთის სწრაფად მზარდი ექსპორტი ამერიკის სამუშაო ადგილებს შეამცირებს. აშშ-ის მრეწველები ჩივიან და ჩინეთს ვალუტის არასწორად შეფასებაში ადანაშაულებენ. მაგრამ, ჩინეთი ამერიკისათვის მზარდ ბაზარს წარმოადგენს – აშშ-ის ბევრი ფირმა ინვესტიციებს ჩინურ ქარხნებში დებენ. როგორ შეიძლება განისაჯოს აშშ-ის საჩივრები?
ჩინეთი და ამერიკა თეორიულად შეთანხმდნენ, რომ მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის ხანგრძლივი და მომგებიანი პროექტი იქნებოდა. 2001 წელს ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრი გახდა. ჰუ ჯინტაომ ეს ბოინგის ქარხანაში ვიზიტისას დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩინეთმა და აშშ-მა ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად ვაჭრობაში მოგება ნახეს.
მაგრამ, 2005 წელს ჩინეთს “ბოინგსა და “Microsoft-თან ვაჭრობამ უზარმაზარი ნამატი – 200 მლრდ დოლარი მოუტანა. ჩინეთის ვაჭრობის მოგება იზრდებოდა. ამიტომ, ის ამერიკის ფასიანი ქაღალდების უმსხვილესი მყიდველი გახდა, რაც ამ უკანასკნელის საბიუჯეტო დეფიციტს დიდად დაეხმარა.
ვაშინგტონის წარმომადგენლები ჩინეთის არასამართლიანი ვაჭრობის გამო ჩივიან. დიდი ხანია, რაც აშშ-ის წარმომადგენლები ჩინეთიდან ტექსტილის ექსპორტის გამკაცრებას ითხოვენ. ახლა კი, ქვეყნის მრეწველთა უმრავლესობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ ჩინეთის ვალუტა არასათანადოდაა შეფასებული, ხოლო ამ მიზეზით ჩინურ ექსპორტზე ფასები ხელოვნურად იაფდება. ისინი ჩინეთის მთავრობისგან ვალუტის ღირებულების 40%-ით მომატებას, აშშ-ისა და ჩინურ საქონელს შორის კონკურენტუნარიანობის აღსადგენად ითხოვენ. პეკინი, რომელმაც ჩინური ვალუტის ღირებულება აშშ დოლართან მიმართებაში 2%-ით გაზარდა, ვალუტით მანიპულირებას უარყოფს. ამჟამად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ამერიკას ემხრობა და აცხადებს, რომ ჩინეთში სავალუტო რეფორმა უნდა გატარდეს. WTO ჩინეთის ვაჭრობის მიმოხილვაში აცხადებს, რომ მას დამოუკიდებელი სავალუტო პოლიტიკა ესაჭიროება, რომელიც ინფლაციის სტაბილური მაჩვენებლის საფუძველი იქნება. მაგრამ, ჩინური ვალუტის ღირებულების გადაფასება ბევრ უცხოელ ინვესტორს იმედს გაუცრუებს, რადგან მათთვის ქვეყანაში ქარხნის მშენებლობა, ან ყიდვა ძვირი სიამოვნება იქნება. ამის გამო, შესაძლებელია, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, რაც მთლიანად ექსპორტზეა დამოკიდებული, 3-ჯერ შემცირდეს. ეს ნაბიჯი აშშ-სთვისაც წამგებიანია. შეიძლება, დოლარის ღირებულებაც 3-ჯერ შემცირდეს, რის გამოც ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის საფრთხეც დიდი იქნება. ეკონომისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩინური ვალუტის გადაფასება აზიის სხვა ქვეყნების ვალუტებსა და ევროსაც კი ჩაითრევს.
ყველაფრის მიუხედავად, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება. ჩინეთი გლობალურ ვაჭრობაში კვლავ მთავარ როლს თამაშობს. ამერიკას შიდა ინვესტიციებზე უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტი აქვს. ვაჭრობაში კი დაბალი ნამატი, რაც მხოლოდ ჩინეთს არ უკავშირდება.
თეორიულად ყველაფრის მტკიცება ადვილია, რეალური ქმედება კი ძნელი.
მთავრობა აცხადებს, რომ ფრინველის გრიპი აშშ-ის ექსპორტს დააზარალებს
ფრინველის გრიპის გარშემო ატეხილი აურზაური ამერიკის ფრინველით ვაჭრობას ზღუდავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ვაჭრობის ამ სფეროში, უკვე ფასების ვარდნა შეინიშნება. წელს აშშ-ს 5.3 მილიარდი გირვანქა ფრინველის ექსპორტი უნდა ეწარმოებინა. ფერმერები არა, მაგრამ კომპანიები კი კრიზისს განიცდიან. ფერმერები, რომლების ქათმებისა და ინდაურების მოშენებით არიან დაკავებულნი ქათმის მწარმოებელი კომპანიებიდან კვლავ სტაბილურ ფასებს იღებენ. ეკონომისტები აცხადებენ, რომ ფრინველის გრიპი საერთაშორისო მოთხოვნაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
ქათმის ბარკალი იაფი პროდუქტია და მისი ექსპორტი სხვა ქვეყნებში ხორციელდება. ფასი კი 40-50 ცენტით შემცირდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მთავარი ეკონომისტი, ქეით ქოლინზი აცხადებს, რომ ფასების შემცირება ზომიერი იყო და საგანგაშო არაფერია. იგი დასძენს, რომ ამ სფეროში ყოველწლიურ გაუმჯობესებას ელიან. მათი მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი, მექსიკა და ჩინეთია, რომლებიც ფრინველის შესყიდვას აგრძელებენ.
გასულ წელს ფრინველის ექსპორტმა 5.14 მილიარდი გირვანქა შეადგინა, რაც 2006 წლის პროგნოზებს ჩამორჩებოდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ფრინველის გრიპის საშიშროების მიუხედავად, აშშ-ის მომხმარებელთა მოთხოვნა შენარჩუნდება.
წელს, ერთი მოსახლე საშუალოდ 87.7 გირვანქა ქათმის ხორცს მოიხმარს. გასულ თვეს გაკეთებული პროგნოზის თანახმად ეს რიცხვი 87.2-ს უტოლდებოდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ წარმოებები მომხმარებლების ნდობას თვალყურს ადევნებენ. ისინი დასძენენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საფრთხე. მაგრამ, ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად ყველამ უნდა იზრუნოს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპორტის შემცირებისა და წარმოების ზრდის გამო, ფრინველის ხორცზე დაბალი ფასებია. მაგრამ, ძროხისა და ღორის ხორცის ფასები უცვლელია.
მარტში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროგნოზებში მარცვლეულისა და სოიოს ფასები გაზარდა. შეამცირა ბრინჯის და უცვლელად დატოვა ხორბლის ფასი.
გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები იზრდება
ამერიკის ფედერალური რეზერვი ჯიუტად განაგრძობს გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რომლებიც უკვე 4.905%-ს აღწევენ. ფედერალები მოკლევადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთებსაც აკონტროლებენ. მაგრამ, მათ ნაკლები გავლენა აქვთ გრძელვადიან სესხებზე, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი ინფლაციაზე, მის პროგნოზებსა და ინვესტორთა მხრივ ფასიანი ქაღალდებით დაინტერესების სიმძლავრეზე. უკანასკნელ დრომდე ფედერალები გრძელვადიან სესხებს არ ეხებოდნენ, მაგრამ იაპონიისა და ევროპის შემდეგ, ისინიც მათ მიბაძვას აპირებენ. გაძვირებული სესხები მოსახლეობასა და კომპანიებს აიძულებს, მეტი ფული დახარჯონ. ფედერალური რეზერვის რამდენიმე ეკონომისტი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან სესხებზე მაღალი პროცენტები მიმდინარე პროცესების შეწყვეტაში წამყვან როლს ითამაშებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რეალურად, ამ ნაბიჯმა შეიძლება ეკონომიკის ზრდის შენელება გამოიწვიოს.
აპრილის დასაწყისში ფედერალებმა მოკლევადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთები 4.5%-დან 4.7%-მდე გაზარდეს. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მესიჯის თანახმად, 10 მაისისთვის ისინი 5%-მდე გაიზრდებიან. ეკონომისტები აცხადებენ, რომ ბაზარი მხოლოდ იმას კი არ აცნობიერებს, რომ განაკვეთები 5%-მდე აიწევს, არამედ იმასაც, რომ ისინი აღარ დაიწევს.
გრძელვადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ფედერალური რეზერვისთვის დიდი ცვლილებაა. ალან გრინსპენი მათ არ ეხებოდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. საცხოვრებელი სახლების 30 წლიანი სესხის პროცენტი 6.54% აღწევს. შარშან ის 6.17% იყო. “Deutsche” ბანკის ეკონომისტი ამბობს, რომ ამ მოვლენას ნაკლებად შეიძლება ნორმალური ეწოდოს. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ფედერალები მოკლევადიან კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებს ზრდიდნენ, ევროპასა და იაპონიაში ისინი უცვლელი რჩებოდა. ამის გამო ეს მოვლენა არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან ინვესტორებს სხვაგანაც შეეძლოთ იაფი კრედიტის აღება. ბევრი მათგანი იაფიანი კრედიტით აშშ-ის მომგებიან ობლიგაციებს ყიდულობდა. ამიტომ, მათი ფასი საგრძნობლად გაიზარდა.
იაპონიისა და ევროპის ეკონომიკა მოსალოდნელზე კარგ მდგომარეობაშია. ამას მომხმარებელთა დანახარჯების ზრდა და ბიზნესის სრული ნდობა განაპირობებს. ბოლო მონაცემების თანახმად, უცხოელები აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისადმი დიდ ინტერესს იჩენენ. კალიფორნიაში ფასიანი ქაღალდების მენეჯმენტის ფირმის მენეჯერი აცხადებს, რომ გრძელვადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთები კონკურენტუნარიანობის აღსადგენად უნდა გაიზარდოს. კომპანიები თითქმის შეტევაზე გადადიოდნენ. თითქოს კრედიტებს იყვნენ მოწყურებულნი, რადგან ინსტიქტით გრძნობდნენ მათ გაძვირებას. კრედიტზე დაბალმა ფასებმა საბინაო სექტორში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მაგრამ, საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან ერთად მისი შენელებაა მოსალოდნელი. ეკონომისტების დასკვნის თანახმად, ცვლილებებზე ყველაზე მეტად საცხოვრებელი სახლების ფასები რეაგირებენ. 2007 წელს საბინაო ბაზრის 1.5%-ით კლებაა მოსალოდნელი.
ეკონომისტთა აზრით, საპროცენტო განაკვეთები საბოლოოდ იქამდე გაიზრდება სადამდეც ეკონომიკა აიტანს. ან სულაც სადამდეც ფედერალები ფიქრობენ, რომ ამას ეკონომიკა აიტანს. კანზას სითის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე თომას ჰოენიგი აცხადებს, რომ ეკონომიკა გამოცოცხლებულია და მან არჩეული გზიდან არ უნდა გადაუხვიოს.