საქართველოს საექსპორტო ტენდენციები და პრობლემები
ემზარ ჯგერენაია
საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებში ბოლო წლებში სერიოზული მატება მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად იზრდებოდა იმპორტიც და საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა არნახულ ოდენობას მიაღწია.
2006 წლის ორ კვარტალში სავაჭრო დეფიციტი მილიარდ ას მილიონზე მეტი გახდა, ანუ 500 მილიონით უფრო მეტი, ვიდრე 2005 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი
2005 წელს, 2004 წელთან შედარებით, ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაიზარდა და -688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2005 წელს გაიზარდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობითი მაჩვენებელიც და მშპ-ს 10.7% შეადგინა. 2004 წლისათვის ანალოგიური მაჩვენებელი 6.6 პროცენტს უდრიდა.
2005 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფინანსებული იყო უცხოური ინვესტიციებისა და კაპიტალის შემოდინების ხარჯზე, რამაც გავლენა მოახდინა ვალუტის კურსის სტაბილიზაციაზე.
სავაჭრო ბრუნვა
2005 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3357.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2004 წლის შესაბამის მაჩვენებელს 34.6 პროცენტით აღემატება.
სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი შეადგენს 866.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 34.0%-ით), ხოლო იმპორტი 2490.9 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 34.8%-ით).
2005 წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 35.2 პროცენტით მოიმატა და -1624.2 მლნ. დოლარი შეადგინა.
2005 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა 101 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტმა 1687.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. (2004 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 104 ქვეყანასთან დაფიქსირდა და 1321.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა).
დადებითი სავაჭრო ბალანსი დაფიქსირდა (63.3 მლნ. დოლარი) 31 ქვეყანასთან (2004 წელს 21 ქვეყანასთან 120.5 მლნ. აშშ დოლარის დადებითი ბალანსი იყო).
2005 წელს გაიზარდა დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო ვაჭრობის წილი და 1406.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 42.8 პროცენტით აღემატება 2004 წლის შესაბამის მაჩვენებელს (მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 41.9%).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 836.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით მეტია. ამ ქვეყნების წილად მოდის სავაჭრო ბრუნვის 24.9 პროცენტი.
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი რუსეთს უკავია. 2005 წელს ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა 48.6 პროცენტით გაიზარდა და 538.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 16.0 პროცენტია. შემდეგ მოდიან თურქეთი (სავაჭრო ბრუნვის 12.1%), აზერბაიჯანი (9.4%), უკრაინა (7.7%) და ა.შ.
გასულ წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა ექსპორტ-იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში.
სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტში ლიდერობენ შავი ლითონების ჯართი (წილი მთელს ექსპორტში 9.7%), ყურძნის ნატურალური ღვინოები (9.4%), ფეროშენადნობები (9.3%), თხილი (8.1%), საფრენი აპარატები (8.0%),
პროგნოზი (ოფიციალური)
საპროგნოზო პერიოდში მოსალოდნელია საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა (იხ. ცხრილი).
ფაქტიურად მოხდა გასამმაგება 2000 წელთან მიმართებაში. ეს ძირითადად მოხდა ექსპორტის ლეგალიზაციის დადებითი პროცესების ხარჯზე. ამასთან, იზრდებოდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტიც. მთავარია, რომ 2005 წელს ეს მეტად შთამბეჭდავი ზრდა ძირითადად მოხდა შავი ლითონის ჯართის, ყურძნისა და ღვინის მასალის, კაკლისა და თხილის, მინერალური წყლების, ფეროშენადნობის, მინერალური სასუქებისა და დაუმუშავებელი ოქროს ხარჯზე. ამის გარდა, მნიშვნელოვანი სტატიები იყო ხილი, ბაღჩეული და მწვანილი. როგორც ვხედავთ, ექსპორტის სტრუქტურა მეტად მწირი იყო და ძირითადად, ჯართის გარდა, სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდიოდა.
პარალელურად, მეტად მზარდი და დამაჯერებელი ტენდეციებით ხასიათდება მომსახურების ექსპორტის ბაზარი (იხ. სქემა #2).
ამ სქემის მიხედვით, მომსახურების ექსპორტიდან შემოსავალი, წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 30,6%-ით გაიზარდა. აქედან ტურიზმზე 60.9 მილიონი დოლარი მოდის. ის თითქმის უტოლდება გაერთიანებულ სატრანსპორტო მაჩვენებელს. მიუხედავად იმისა, რომ შარშან, ბოლო კვარტალში საქართველოს საქონლისა და მომსახურების ბალანსი 46.7%-ით გაუარესდა, აქ მაინც სერიოზული ლიკვიდური რეზერვებია.
ეს წინსვლა შეჩერდა 2006 წელს და კალათის ძირითად მუხლებს სერიოზული ვარდნა დაემუქრა. ასე მაგალითად, 854 მილიონიანი
ღვინო და ღვინომასალები I და II კვარტალში დაეცა. განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა იყო მეორე კვარტალში. წლის ბოლომდე პროგნოზი ასეთია. ასევეა კაკალზე და მინერალურ წყლებზე, რომ არაფერი ვთქვათ ხილსა და ბოსტნეულზე. ჯამში, წლის ბოლომდე საექპორტო მოცულობა ამ მუხლებით შემცირდება 200-250 მილიონი დოლარით.
ამასთან, სახეზეა მაკროეკონომიკური დისბალანსი. კონკრეტულად, 2007-2010 წლების სამთავრობო პროგრამის თანახმად, ყველა მიმართულებით ზრდაა დაგეგმილი.
მიუხედავად ასეთი ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლებისა, რომელიც გულისხმობს მომავალ ოთხ წელიწადში 8-9 %-იან ზრდას (ხოლო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით ეს უნდა იყოს ინფლაციის ინტერესებიდან გამომდინარე 5-5,5 %), სერიოზული კლებაა 2005 2006 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის ძირითად მაჩვენებელში. სოფლის მეურნეობაში ეს კლება 10 % იყო 2005-ში და სავარაუდოდ 2006-ში იქნება 14 %, ასევე მრეწველობაში. არადა, 2 მილიონიანი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან კონტრაქტით დასაქმებულია 570000 კაცი.
ფიციალური დაფიქსირებული უმუშევრების რაოდენობამაც მოიმატა. დღესდღეობით იგი 280 ათასს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 1 150 000 ადამიანი თვითდასაქმებით არის დაკავებული და ეს ძირითადად სოფლის მეურნეობაზე მოდის. სწორედ აქ გაიზრდება უმუშევრობა საექსპორტო წარმოების შეფერხებისას. გადამამუშავებელ მრეწველობაშიც იგივე სურათია.
2006 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.
მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ფინანსური შუამავლობის სფეროში. ამ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება, 2005 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 56.7 პროცენტით მეტია. ისევე, როგორც 2005 წელს, 2006 წლის პირველ კვარტალშიც ფინანსური შუამავლობა ყველაზე მაღალი ზრდის ტემპებით ვითარდება ეკონომიკის სხვა დანარჩენ სექტორებთან შედარებით და ეკონომიკის სტიმულირების ძირითად წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად მაღლდება მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში: ერთი წლის განმავლობაში 0.5 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 2.1 პროცენტი შეადგინა.
ასევე მაღალი ზრდის ტემპებით განაგრძობს განვითარებას მშენებლობის სექტორი. 2006 წლის პირველ კვარტალში ამ სექტორის რეალურმა ზრდამ 25.9 პროცენტი შეადგინა. მშენებლობის სექტორის ასეთი მაღალი ტემპებით განვითარება გამოწვეულია მნიშვნელოვნად გაზრდილი სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებით (110.6 პროცენტით 2005 წლის პირველ კვარტალთან შედარებით). ამას ემატება ასევე საბანკო სექტორიდან მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხებიც. რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მშენებლობის სექტორში დამატებული ღირებულების შექმნას. ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 4.4 პროცენტიდან 6.7 პროცენტამდე გაიზარდა.
მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორის აქტივობა. 2006 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორის რეალურმა კლებამ 8.3 პროცენტი შეადგინა. ეს, ერთის მხრივ ,განპიროებულია შედარებით მაღალი საბაზო ეფექტით (2005 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის ტემპი 19.2 პროცენტი იყო), ხოლო მეორეს მხრივ, ძალზედ არასახრბიელო კლიმატური პირობებით.
დასაქმება და უმუშევრობა
სტატისტიკური მონაცემებით, 2005 წელს (ცხრა თვის მიხედვით) ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობამ 1737.7 ათასი კაცი შეადგინა. დასაქმებულთა 34.0 პროცენტი დაქირავებით იყო დასაქმებული, ხოლო 66.0 პროცენტი კი თვითდასაქმებით.
2005 წელს უმუშევართა რაოდენობა, შრომის საერთაშოროსო ორგანიზაციის შეფასების მკაცრი კრიტერიუმის მიხედვით, 6.9 პროცენტით გაიზარდა და 277.8 ათასი კაცი შეადგინა. შერბილებული კრიტერიუმის მიხედვით კი უმუშევარი იყო 334.4 კაცი, რაც 3.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
უმუშევრობის დონე მკაცრი კრიტერიუმით 13.8 პროცენტს, ხოლო შერბილებული კრიტერიუმით 16.1 პროცენტს გაუტოლდა, რაც აიხსნება იმით, რომ შერბილებული კრიტერიუმით უმუშევრად ითვლება დაუსაქმებელ ადამიანთა უფრო ფართო წრე.
აღსანიშნავია ასევე, რომ საჯარო მოხელეთაAრიცხვი გასულ წელს შემცირდა დაახლოებით 40 ათასი კაცით, ხოლო უმუშევართა რიცხვმა დაახლოებით 20 ათასი კაცით მოიმატა.
ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მომავალი წლების განმავლობაში მნიშნელოვანია საგარეო ვალის გასტუმრების მაჩვენებლი. Aაქედან გამომდინარე, საექსპორტო სავალუტო ნაკადების ზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
საგარეო ვალის მომსახურება 2007-2010 წლებში ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, რომელიც ითვალისწინებს პარიზის კლუბის ორივე შეთანხმებით მიღწეული ვალის გადავადების პირობებს და ევროგაერთიანების ვალის დაჩქარებული ტემპით დაფარვას 2006-2007 წლებში (იხ. ცხრილი).
ანუ, წლიურად გვიწევს 260-160 მილიონის გადახდა, რომელსაც სჭირდება სავალუტო შემოსავლები. თუმცა აქ შეიძლება ამ პრობლემის განეიტრალება მომსახურეობის ბალანსისი მზარდი მაჩვეენებლებით.
შემდგომი პრობლემა ინფლაციის მაჩვენებლია, რომელიც, ენერგომატარებლების ფასების გაზრდისა და სოფლის მეურნეობაში წარმოების ზრდის ტემპების დაცემის გამო, 2006 წლის მაისში სერიოზულად გაიზარდა.
ამას ისიც დაემატა, რომ კვლავ მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი
რაც იმას ნიშნავს, რომ ანაბრების დიდი ნაწილი მოსახლეობას დოლარში აქვს. ასევე ტრანსფერები, რომელიც ქვეყნის გარედან ხორციელდება, დოლარის ექვივალენტში მოდის. ამიტომ, ხარჯვის დროს მოსახლეობა აგებს ჯერ გამყარებული ლარის გამო კურსში, შემდეგ კი ინფლაციის გამო და ასეთნაირად დაანგრიშებული ზარალი გაცილებით დიდია, ვიდრე უბრალოდ ინფლაციის მაჩვენებელი.
შეიძლება აქ ახალი არაფერი იყოს გარდა იმისა, რომ ჩვენი სურვილია, დავუბრუნდეთ ამ პრობლემას და ხელახლა გავაანალიზოთ, თუ რატომ არ გვაქვს სრულყოფილი ექსპორტის ხელშეწყობის ეკონომიკური პროგრამა და რა აფერხებს საექსპორტო წარმოების განვითარებას საქართველოში. ან იქნებ გვაქვს? ამის გასარკვევად ჩვენ გავანალიზეთ სამთავრობო დოკუმენტი, სტრატეგიული ეკონომიკური პროგრამა 2007-2008 წლებში ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და რეფორმების სქემებზე, რათა იქ მოგვეძებნა პასუხი ამ კითხვაზე. გთავაზობთ ამონარიდებს აღნიშნული დოკუმენტიდან:
“2007- 2010 წლებში სტრატეგიული გეგმა ” (რომლის ხილვასაც ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე www.mof.je)
ამ სტრატეგიაში სიტყვა არაა დაძრული ექსპორტის პრობლემებზე.
უფრო მეტიც, იქ წერია “პროგნოზული გათვლებით, 2006-2010 წლებში ექსპორტის ზრდის ტემპები გადააჭარბებს იმპორტის ზრდის ტემპებს. შესაბამისად, შემცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, როგორც აბსოლუტური, ასევე ფარდობითი მაჩვენებლები.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის წილი მშპ-ს მიმართ 2006 წლისათვის -10.6 პროცენტის, ხოლო 2007 წლისათვის კი -10.5 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი.
ეს მეტად შემაშფოთებელი გარემოებაა დღეს, როცა იგი ნომერ პირველი პრობლემა ხდება არა მარტო საგარეო ვალების გასტუმრების, ინფლაციის მართვისა და დასაქმების პრობლემის გადაჭრის, არამედ მთლიანად ეკონომიკის მდგრადიობისათვის.
იმ უწყებებმა, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აქედან გამოსავალი, თავის სტრატეგია ასე ჩამოაყალიბეს:
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
სამინისტროს მისია:
ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურად და მაღალი ტემპებით ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
სამინისტროს მისიის რეალიზაციის სტრატეგია:
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება;
ვაჭრობის სფეროს ლიბერალიზაცია და ტექნიკური ბარიერების შემცირება,
ეკონომიკის ინსტიტუციონალური დერეგულირება;
სახელმწიფო ქონების პრივატიზების გზით ინვესტიციების მოზიდვა და სახელმწიფოს ხელში დარჩენილი ქონების მართვის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი შედეგი:
ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს შექმნა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა;
კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
მშპ-ს სტაბილურად და მაღალი ტემპებით ზრდის უზრუნველყოფა და სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება.
სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტები:
ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი რეალიზაციის კოორდინაცია;
ვაჭრობის სფეროს ლიბერალიზაცია, ვაჭრობაში არსებული ტექნიკური ბარიერების შემცირება;
სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და ბაზრის ზედამხედველობის სისტემის რეფორმა;
ლიცენზირებისა და ნებართვების სისტემის რეფორმაში მონაწილეობა (სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად);
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო სუბიექტებისა და ქონების განსახელმწიფოებრიობა;
სატრანსპორტო სფეროს მართვის სისტემის ოპტიმიზაცია, ლიბერალიზაცია, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სამინისტროს მისია:
ეფექტიანი სოფლის მეურნეობის პირობებში კონკურენტუნარიანი პროდუქციის არსებობა;
საქართველოს ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის აღიარება, როგორც კეთილსაიმედო სავაჭრო პარტნიორისა;
სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა.
სამინისტროს მისიის რეალიზაციის სტრატეგია:
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავების გზით;
ქვეყნის ეპიზოოტიური, ფიტოსანიტარიული უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების გზით.
საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი შედეგი:
აგრობიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო;
სურსათის უვნებლობა;
ქვეყნის ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარიული უსაფრთხოება;
საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა.
სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტები:
სასურსათო უსაფრთხოებისა და ხარისხის უვნებლობის უზრუნველყოფა;
სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება და სამელიორაციო სისტემების მართვის რეფორმა;
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და ფალსიფიკაციასთან ბრძოლა.
ეს მასალა ალბათ სერიოზულ შესწორებას მოითხოვს იმ კუთხითაც, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის უვნებლობას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ამ უვნებლობის კონტროლი მის ქვედანაყოფს აკისრია და ამის თქმა სურდათ. ასევე, ვერ გამოუშვებს კონკურენტულ პროდუქციას და ვერ განავითარებს მევენახეობას, რადგან ეს მისი საქმე არ არის. ეს სამეურნეო ფუნქციაა და რომც შეეძლოს, მისი გაკეთება კონსტიტუციით ეკრძალება. ანალოგიურად, დღეს ალბათ ეკონომიკის სამინისტროში მზად არ არიან, ვილაპარაკოთ ექსპორტსა და მის ხელშემწყობ სისტემაზე.
რა საექსპორტო ხელშეწყობაა დღეს საქართველოში?
– საექსპორტო წარმოება არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადითა და აქციზით (ჯართის გარდა), ასევე საბაჟო გადასახადით.
მეტი მე არ ვიცი, შეიძლება ვინმემ თქვას?
ტრანზიტული ეკონომიკის ქვეყნების და, საერთოდ, დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება რამდენიმე პრობლემის გადაჭრა ამ მიმართულებით, როგორც ტაქტიკური ეკონომიკური სვლა. კონკრეტულად:
– რა არის ექსიმბანკების სიტემა და შესაბამისი პროგრამები.
2005 წელს, 2004 წელთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი სესხებზე ეროვნულ ვალუტაში 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.7 პროცენტს გაუტოლდა. საბანკო სექტორს ამასთან დაკავშირებით რაიმე სტრატეგია არა აქვს.
რესურსები მიუწვდომელი ან არამომგებიანია საექსპორტო წარმოებისათვის. პირიქით, ლარის გამყარებით ზომაზე მეტად ვაძვირებთ ექსპორტს. მართალია, ჩვენი ვალუტა, როგორც ჯეპლაკის ექსპერტები ამბობენ, კვაზისტაბილური და კვაზიფიქსირებადია, მაგრამ მას მაინც აქვს ეს ზეგავლენა ექსპორტზე.
– მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების, ასევე ნედლეულის იმპორტირებისას საზღვარზე ვახდევინებთ საექსპორტო წარმოებას დამატებული ღირებულების გადასახადს და დიდი ხნით ვუყინავთ ისედაც დეფიციტურ საბრუნავ სახსრებს;
– ვერ გვარდება მეტროლოგიისა და კალიბრიზაციის, ასევე ტექნიკური პირობების საკითხი, რომლის მოგვარება უშუალოდ სახელმწიფოს მოვალეობაა;
– მართალია, წინა თვეში, საწევროს 9000 დოლარის გადახდის შემდეგ, ისევ გავხდით IშO-ს წევრი, მაგრამ სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების პრობლემა და შესაბამისი ბაზის შექმნის საკითხი ისევ ღიადაა;
– სოფლის მეურნეობაში არ არის შექმნილი დაზღვევის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა;
– სერიოზულია ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პრობლემების მოუგვარებულობა და ენერგო მატარებლების სიძვირე;
– არაკვალიფიცირებული კადრებისა და პროფესიული კადრების მომზადებისა თუ გადამზადების სიტემის არარსებობა;
– საექსპორტო ბიზნესის წარმოებისა და, საერთოდ, საერთაშორისო ვაჭრობის ცოდნის დონის ამაღლება ქართულ ბიზნესში. აქ არ არის ლაპარაკი გიგანტ საწარმოებზე, არამედ საშუალო ბიზნესზე, რომელსაც შეუძლია გახდეს საექსპორტო პოტენციალის რეალიზატორი;
– სამკურნალო კურორტების ტურიზმის სუსტი განვითარება და ხელშეწყობის პროგრამის არარსებობა, თუნდაც საგადასახადო კუთხით;
– სოფლის მეურნეობაში კორპორატიული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პოლიტიკა იქ, სადაც “უხილავი ხელი” სუსტად რეაგირებს და მუშაობს;
– ქვეყნისა და მისი ბიზნესის სუსტი “პრომოუშენი” უცხოეთში;
– დონორების მხრიდან კონკრეტული პროგრამების ექსპორტის ნაწილში დაუფინანსებლობა და აქედან გამოდინარე, მათთვის სტრატეგიული კონკრეტული პროგრამების წარდგენა.
აი, ის პრობლემები, რომელიც საჭიროა სასწრაფოდ დამუშავდეს და გადაწყდეს, რათა გავუძლოთ ამ გარე ზეწოლას, საექსპორტო პოტენციალი სრულად ავითვისოთ და ქვეყანამ დაიკავოს თავისი ადგილი მსოფლიო ბაზარზე.