ვუბრუნდებით ისტორიას და ვფიქრობთ აწმყოზე

რედაქციისაგან
ივნისის ბოლოს ეკონომისტების საზოგადოებამ და ოჯახის წევრებმა ბატონ ფილიპეს, უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს, კონტროლის პალატის (თანამედროვე ენით) შემქმნელს და იმპერიული საბჭოეთისაგან უსამართლოდ დევნილს, პირველ ეკონომისტ-მეცნიერს საქართველოში, ვერაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა გაუხსნეს.

აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ (რომელსაც ბიძად ეკუთვნის), შვილიშვილმა ნიკო გამყრელიძემ, მეცნიერებათა აკდემიის წევრ-კორესპოდენტებმა – პროფესორმა ლადო პაპავამ, ავთანდილ სილაგაძემ, ლეო ჩიქავამ, ეკონომისტთა საზოგადოების თავჯდომარემ, პროფესორმა მიშა ჯიბუტმა, ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა გია წერეთელმა, გია ბაბუნაშვილმა და სხვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ევროპაში აღზრდილი და განსწავლული, ივანე ჯავახიშვილის თანამებრძოლი და მერე კომუნიზმის იდეოლოგებისაგან მასავით დევნილი პატრიოტი მოღვაწე, შეაფასეს მისი, როგორც მეცნიერის, სახელმწიფო მოღვაწისა და რედაქტორის, ერის რეალური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის ნამოღვაწარი. ისაუბრეს მის როლზე ქართული ეკონომიკური სკოლის დაარსებასა და უნივერსიტეტის აღმშენებლობაში.
გთავაზობთ ფილიპე გოგიჩაიშვილის სტატიას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რომელიც ივერიაში გამოქვეყნდა ასი წლის წინ და რომელიც დღესაც ესოდენ აქტუალურია.
საქართველოს აკლება
სწორედ 2 1/2 თვე შესრულდა, რაც “ივერია, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არ გამოსულა და ამ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ საშუალება არ გვქონდა მკითხველებთან გვებაასნა და მისთვის ჩვენი საერთო საზოგადოებრივი ჭირი და ლხინი გაგვეზიარებინა. დროებით შეჩერებული “ივერია დღეიდან ისევ განაგრძობს არსებობას და ჩვენც ვკიდებთ ხელს ჩვენს ჩვეულებრივ საქმეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში სალხინოს და სასიამოვნოს ვერასა ვხედავთ და ამ პირველი ნომრიდანვე მკითხველთან მარტოოდენ ჭირსა და უბედურებაზე უნდა ვიწყოთ ლაპარაკი.
Yყველა მიხვდება, თუ რა უბედურებას ვგულისხმობთ აქ. ესაა ის საშინელი აკლება და აოხრება, რომელიც წილად ხვდა ჩვენს სამშობლოს ამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში და რომლის მსგავსი რამ მომხდარა მხოლოდ – და ისიც იშვიათად, წინანდელ შავბნელ და ბარბაროსულ საუკუნეებში. ამ აკლება-აოხრების ამბავი მკითხველმა კარგად იცის: რეაქციამ ცეცხლითა და მახვილით გაანადგურა საქართველოს მთელი სოფლები და ქალაქები, გასწყვიტა განურჩევლად დიდნი და პატარები, გააუპატიურა ქალები, აავსო ტუსაღებით საპყრობილეები და ამგვარად მთელ ქვეყანას დაუმტკიცა, რომ რუსეთის მხედრობას შეუძლია გამარჯვება, – თუ შეიარაღებულ იაპონელებზე არა, უიარაღო ხალხსა და უმწეო ქალებზე მაინც.
არიან ჩვენში ისეთი კაცები, რომელნიც უკანასკნელ საშინელი ამბების გამო სრულს უიმედობას ეძლევიან ჩვენი ხალხის მერმისის შესახებ. Uუნდა ვაღიაროთ, – ჩვენ ასე პესიმისტურად და უიმედოდ არ ვუცქერით ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას. არ ვუცქერით ასე არა იმიტომ, რომ ვითომ სამშობლოს საშინელი აოხრება გულს არ გვიწამლავდეს, – აბა ვინ იქნება ისეთი, გარდა ზნეობით მახინჯისა, რომ ამაზე გული არ დაეწვას, – არამედ იმის გამო, რომ ვიხსენებთ წარსულ ისტორიულ მაგალითებს და ვიცით, რომ აწიოკება და განადგურება წინადაც გამოუცდია ჩვენს მხარეს. ის ხალხი, რომელმაც მთელი ორი ათასი წლის უბედური, ტანჯვითა და ვაებით აღსავსე ისტორია საქართველოსი გადაიტანა თავის თავზე, გაუძლებს და გადაიტანს იმ აოხრებასაც, რომელიც მას ეწია “განათლებულ მეოცე საუკუნეში. Gგადამეტებული, სრულიად იმედს მოკლებული პესიმიზმი ნიშანია ან სილაჩრისა და ან მიმდინარე ცხოვრების შინაარსის გაუგებრობისა. რევოლუცია არ ნიშნავს მოკირწყლულ ტროტუარზე მშვიდად სეირნობას. მართალია, ჩვენ, ქართველებს, ფაქტიურად აჯანყება არ მოგვიხდენია და შეიარაღებულნი მთავრობის ჯარებს პირისპირ არ დავდგომივართ, მაგრამ სწორუფლებიანი მონაწილენი მაინც ვიყავით საერთო რუსეთის რევოლუციისა. და ასეთ გარემოებაში მეტად გულუბრყვილო უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც მოწინააღმდეგის გამარჯვების დროს არ მოელის თავისთვის არავითარ ზარალს, პირველ ცეცხლისა და სისხლის დანახვისთანვე იწყებს მოთქმას და ეძლევა სასოწარკვეთილებასა და გაკვირვებას. ასეთი ცალმხრივი პოლიტიკოსი მოგვაგონებს იმ ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს, რომელსაც ბავშვი შეეძინა და ძალიან უკვირდა ეს მოვლენა, ვინაიდან ეგონა, რომ ბავშვები მხოლოდ ქმრებს მოაქვთ ცოლებთან საჩუქრად.
დიდია ის ზარალი და შეურაცხოფა, რომელიც აცდევინა ქართველ ხალხს გამარჯვებულმა რეაქციამ, მაგრამ ცარიელ მოთქმით, რომ კიდეც დავიწყოთ მოთქმა-ტირილი, მდგომარეობა არ შეიცვლება, და იგი, ჩვენის აზრითა არც შეშვენის მწერლობას. ჟურნალისტის მოვალეობაა ცხოვრების მოვლენათა აკინძვა, ფაქტისა და მიზეზების ერთმანეთთან დაკავშირება და იქიდან გამომდინარე შედეგთა გარკვევა და გათვალისწინება. მაშ გადავხედოთ ამ მხრივ უკანასკნელ დამარცხებას და გავიგოთ, რას გვეუბნება იგი წარსულში და რას გვეტყვის მომავალში.
საქართველოს ეხლანდელი აოხრება, უეჭველია, მჭიდროდ არის შეკავშირებული მთელი რუსეთის რევოლუციის სვე-ბედთან. როგორც რევოლუციის პირველი გამარჯვება ოქტემბერში ჩვენც გვხვდა წილად, ისევე მეორე დეკემბრის გაფიცვის დამარცხების შემდეგ მთელს რუსეთში გამეფებული რეაქცია არ აგვცდა და წინანდელ დამარცხებისთვის მძიმე და თან უაზრო ხარკი გაგვაღებინა. Oოქტომბრის საერთო პოლიტიკურ გაფიცვას, რომელსაც, შეიძლება ვთქვათ, მთელი რუსეთი ემხრობოდა, თანაუგრძნობდა და ეხმარებოდა, მთავრობა შეხვდა სრულიად მოუმზადებელი და ამიტომ, ე.ი. საწინააღმდეგოდ მოუმზადებლობისა და გაფიცვის ზნეობრივი ძლიერების გამო, იძულებული გახდა დაეთმო და ლიბერალური მანიფესტი გამოეცა. მაგრამ როგორც კი დემოკრატიულმა პარტიებმა იწყეს გამოცხადებული თავისუფლებით სარგებლობა და თავის აზრების საჯაროდ გავრცელება, სამინისტრო მაშინვე თავისუფლების შეკვეცას შეუდგა და ხელად შესაფარი უთვალავი “დროებითი კანონები გამოსცა.
რევოლუციონურმა პარტიებმა შეიარაღებულ ბრძოლის საყვირი დაჰკრეს და ენერგიულ შეტაკებისთვის გაემზადნენ, მაგრამ ახლა მათ აღარ ჰყავდათ თავის მხარეზე დიდი ნაწილი იმ ხალხისა, რომელიც მათ პირველი გაფიცვის დროს მხარს უჭერდა. 17 ოქტომბრის მანიფესტით ლიბერალურმა ბურჟუაზიამ და თავადაზნაურობამ მოიპოვა ის მთავარი უფლებები, რომლებიც მათ ხმასა და გავლენას აძლევს სახელმწიფოში, ხოლო რაც შეეხება დემოკრატიის განვითარებას, ეს მათ მისწრაფებას არ შეადგენს, – პირიქით, ეს მათის კლასობრივ საქმიანობის ხელის შემშლელია. Gგარდა ამისა, ისინი დააფრთხო სოციალიზმმაც, რომელსაც პირველ გამარჯვებით გატაცებული რევოლუციონერები ახლავე ხელს ჰკიდებდნენ განსახორციელებლად. და ასე, ბურჟუაზია და მემაულეთა კლასი, ლიბერალ კონსტიტუციურ წესიერების მონატრე, სამინისტროსკენ გადაიხარა. ასეთივე ალღო აიღო აფიცრობამაც, რომელიც უმთავრესად იმავე ბურჟუაზიისა და თავადაზნაურობის წრიდან გამოსულ კაცებისაგან შესდგება. დარჩნენ მარტო რევოლუციონური პარტიები, რომელთაც გაფიცვის მოსახდენად საკუთარ ლაშქარშიაც შეუმცირდათ მომხრეები, რადგან პირველმა გაფიცვამ მუშა ხალხი ნივთიერად დაასუსტა და შიმშილის შიშმა მეორე გაფიცვისთვის სურვილი დააკარგვინა. ასეთ პირობებში, ცხადია, დეკემბრის გაფიცვა უნდა დამარცხებულიყო და კიდეც დამარცხდა. მოსკოვის ერთი მუჭა ხალხის აჯანყებაც მალე ჩააქრო აფიცრების მეთაურობით ჯარმა და რეაქციას სამოქმედოდ თავისუფალი გზა გაეხსნა. დაიწყო მთელს რუსეთში რევოლუციონერთა სასტიკი დევნა, რომელიც ყველას გაგებული ექნება გაზეთებიდან.
ხშირად გაბრაზებული მეგაზეთეები ვიტტეს უნიჭოს ეძახიან და მის უნიჭობას ასაბუთებენ იმით, რომ ვიტტეს კაბინეტი თითქმის არავითარ შემოქმედებით შრომას არ ეწევა ახალ წესწყობილების დასამყარებლად. ჩვენის აზრით, ვიტტეს ნიჭის ასეთი უარყოფითი დიაგნოზი დიდი შეცდომაა. ვიტტემ კარგად იცის, რაც მას უნდა, და შესაფერისადაც იქცევა. 17 ოქტემბრის მანიფესტის საშუალებით მან გათიშა და გააცალკევა ოპოზიციონური ელემენტები რუსეთში, დაანახა განგებ სათათბიროს მოწვევა, დასტოვა საკმაო დრო, რომ პოლიტიკურ გაფიცვას ხალხის თვალში მიმზიდველობა მოჰკლებოდა და რევოლუციონური ენერგია სათათბიროს შეკრებამდის დახარჯულიყო. შემდეგ გაამეფა მთელს სახელმწიფოში გენერალ-გუბერნატორების დიქტატურა და ამგვარად სწადიან მთავრობის ტერორის ზეგავლენით გააჩუმოს ოპოზიცია არჩევნებისა და პარლამენტის მოქმედების პირველ ხანებში. მისი სურვილია რუსეთში “კონსტიტუციონურ თვითმპყრობელობის გამყარება, რომელთანაც, რა თქმა უნდა, შეუთანხმებელია დემოკრატია; და რომ ეს უკანასკნელი არ ახმაურდეს და ზომიერებს დინჯად საქმიანობა არ დაუშალოს, მის წინააღმდეგ არ ზოგავენ არც ტყვია-წამალს და არც ზარბაზნების ყუმბარებს.
ამგვარად, რამდენადაც რეაქცია საზოგადო მოვლენაა დღეს მთელ რუსეთის შინაურ ცხოვრებაში, იმდენადვე ქართველ ხალხის წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული ზომები მთავრობისა საერთო მოვლენის ნაწილს შედგენს, რომელსაც იმ მთავარ მოვლენასთან ერთნაირი მიზეზი და საფუძველი აქვს. მაგრამ ზომა და ძალა რეპრესიული ზომებისა ჩვენში დიდად განსხვავდება რეაქციის სისასტიკისაგან შიდა რუსეთში იქ ისეთ ბარბაროსობამდის არ მისულა რეაქცია, რომ მთელი ქალაქები და სოფლები გადაეწვა და ხალხი უბინაოდ დაეტოვებინა. მოსკოვში მომხდარი დახვრეტა რევოლუციონერებისა აქ მაგალითად მოსატანი არ არის, რადგან იქ მაშინ შეიარაღებული ბრძოლა იყო გაჩაღებული. ჩვენში კი თუმცა ეს არ ყოფილა, მაგრამ სამხედრო წესის ძალა მთელი სოფლების განადგურების წინაშეც კი არ შედრკა. და ამ გადამეტებულ სისასტიკის ასახსნელად კი მარტო რევოლუციონური აღტკინება ქართველ ხალხისა არ კმარა. რევოლუციონურ მოძრაობას ჩვენში ჰქონდა განსაკუთრებული, თავისებური ელფერი და გამოხატულება, რომელმაც საბაბი მისცა რეაქციას, რუსეთის საზოგადოებრივ აზრს, სრულებით არ მორიდებოდა და აქ მეტი სისასტიკითა და დაუნდობლობით ემოქმედნა.
რევოლუციონური მოძრაობა, რომელიც გაღვივდა საქართველოში, დაფუძვნებულია ჩვენი ხალხის სოციალ-ეკონომიურ მდგომარეობაზე და მჭიდრო კავშირი აქვს ჩვენებურ სოციალდემოკრატიულ პარტიის განვითარებასთან. სხვა და სხვა მიზეზთა გამო, რომელთა გარკვევა ამ წერილის საგანს აგვაცდენს და ამიტომ აღარ გამოვუდგებით, ხსენებულმა პარტიამ დიდი გავლენა მოიპოვა არა თუ ქალაქის მუშებში, არამედ სოფლის გლეხობაშიაც. თუმცა გლეხობა ემხრობოდა ამ პარტიას არა იმიტომ, ვითომ მის პროგრამაში ეპოვნა თავის ეკონომიკურ ინტერესთა დაკმაყოფილება, არამედ იმის გამო, რომ სოციალდემოკრატია, ვითარცა დემოკრატიული პარტია, დემოკრატიული და, მაშასადამე, გლეხობისთვის სიმპატიურ პრინციპებს აღიარებს, მაგრამ ჩვენი სოციალდემოკრატები მტკიცედ იყვნენ დარწმუნებული და სხვებსაც არწმუნებდნენ, რომ მთელი ქართველი ხალხი მათ მხარეზე იყო. და მათი პარტია ლაშქარს შეადგენდა. Gგარეგნობაც ხელს უწყობდა ასეთ რწმენას. იმის გამო, რომ ეს თითქმის ერთადერთი ენერგიული მომქმედი პარტია იყო, მან გავლენა მოიპოვა ბურჟუაზიაზედაც, ასე რომ მისი კომიტეტის გადაწყვეტილებას ვაჭარი ხალხიც ყველგან უსიტყვოდ ემორჩილებოდა.
ამ გარემოებამ დაჰბადა გაზვიადებული წარმოდგენა და აზრი თავის პარტიის ძლიერებაზე სოციალდემოკრატებში და, მოსალოდნელ გამარჯვების იმედით, გააძლიერა სურვილი რევოლუციონურ მოქმედებისა. ამის გამო მალე საქართველო გახდა არა თუ ამყოლი, არამედ ძლიერი ავანგრადი მთელი რუსეთის რევოლუციონურ მოძრაობისა. ასეთი აზრი შესდგა და გავრცელდა ქართველი ხალხის მოძრაობის შესახებ რუსეთის მოწინავე პრესსაში და ასეთად სთვლიდა მას რუსეთის მთავრობაც.
ამ მოძრაობას ნიშანი დაამჩნია ერთმა ჩვენმა საერთო ქართულ თვისებამაც. Uუკაცრავად კი ნუ ვიქნები და – ქართველებს გვიყვარს ბრტყელ-ბრტყელი და მაგარ-მაგარი ლაპარაკი, ხშირად სურვილს სინამდვილედ მივიღებთ და ჩვენს ანგარიშებს მასზე ვამყარებთ. Yყოველ მიტინგზე, ყოველ სააგიტაციო კრებაზე მუდამ ლაპარაკი იყო შეიარაღებულ შეტაკებაზე და ორატორები წინ და წინვე გამარჯვებას დღესასწაულობდნენ. სოციალდემოკრატიას 500 თოფი არ ჰქონდა ტფილისში რაზმების შესადგენად, იარაღისთვის ნამესტნიკს მიმართა, და იმავე დროს რუსეთის ლაშქარს უპირებდა იმ იარაღით დამარცხებას. სურვილი გამარჯვებისა მან სინამდვილედ მიიჩნია. მთავრობა ამგვარ გაბერილ “რეჩებს ყურს უგდებდა, ზოგიერთ გაზეთებშიაც იმგვარსავე წერილებს კითხულობდა და რწმუნდებოდა, რომ “ტუზემცები მართლა აპირებენ მისი ლაშქრის წინააღმდეგ იარაღით გამოსვლას.
და აი, როცა მეორე გაფიცვა დამარცხდა და რეაქციამ თავისი საქმენი საგმირონი დაიწყო, ჩვენი მხარე არ დაივიწყა, – პირიქით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ “აჯანყების ძლიერი ბუდის დამშვიდებას. აქ, “ტუზემცებთან, საჭირო აღარ იყო ცერემონია, რადგან ოფიციალურად შეიძლებოდა მათი დასახვა მტრებად არა თუ არსებული წესწყობილებისა, არამედ საერთო რუსეთის სახელმწიფოსიც. ბევრ ჩვენ მკითხველს ეცოდინება კიდეც, თუ როგორი წერილები იბეჭდება საქართველოს “დამშვიდების შესახებ ზოგიერთ სატახტო გაზეთებში მთავრობის აგენტებისაგან.
მართალია, თავისუფლების მოტრფიალე ხალხი დღეს დამორჩილებული და დასჯილია, მაგრამ შეცდომა იქნება, თუ ვინმემ იფიქრა, რომ ეს გარემოება მთავრობის ნამდვილ გამარჯვების მომასწავებელია. ჯერ არც ერთ მთავრობას დედამიწის ზურგზე ხიშტითა და ზარბაზნებით ხალხის გული არ მოუგია და მასზედ ზნეობრივად არ გაუმარჯვნია. რეაქცია ცეცხლს აძლევს და ანადგურებს იმ სახლებს, სადაც პროპაგანდისტები ეგულება, მაგრამ ვერც ერთი პროპაგანდისტი, თუნდაც ქრისტეს მეორედ მოსვლამდის ელაპარაკნა, თავის დღეში ვერ იტყოდა და ვერ აგრძნობინებდა ხალხს მთავრობის წინააღმდეგ იმას, რასაც მთავრობა თავის წინააღმდეგ თავის მოქმედებით შვრება. ეს ისეთი პროპაგანდაა, რომელმაც, თუ სადმე იყო მთელი შემაერთებელი ხიდი, ჩასტეხა და მისი ხელახლად გამთელება შეუძლებელი გახადა. ეს არის ზნეობრივი დამარცხება რეაქციისა.
მაგრამ ამ შემთხვევაში ზნეობრივად დამარცხდა არა მარტო მთავრობა, არამედ მისი მტერი პარტია – სოციალდემოკრატიაც. ხალხმა ნათლად დაინახა, რომ ამ პარტიის წევრთა ბევრი “დაპირება და “განმარტება ცარიელი სიტყვები იყო და არა ნამდვილ ურთიერთობასა და რეალურ ძალთა განწყობილებაზე დაფუძვნებული ცოდნა. უეჭველია, უკანასკნელ ამბების შემდეგ ამ პარტიას გამოჩენილად ჩამოშორდებიან ხალხის ის ელემენტები, რომელნიც პროგრამის შინაარსის შეგნების საფუძვლით არ იყვნენ მასთან შეერთებულნი.
ვამბობთ ამას არა იმიტომ, ვითომ გვიხაროდეს ამ პარტიის დამარცხება ამგვარად და ასეთ გარემოებაში. პირიქით, ეს დამარცხება სამწუხაროა, რადგან მასთან აუცილებლად შეკავშირებულია ხალხში იდეალურ მისწრაფების განელება. თავის მოტყუება იქნება ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში შესაძლებელი იყოს განახლება იმ სულიერი აღფრთოვანებისა და რევოლუციონურ მისწრაფებისა, რომელიც განიცადა თითქმის მთელმა ქართველმა ხალხმა ამ უკანასკნელ წელიწადში. Eეს მით უფრო არის საფიქრებელი, რომ თვით რუსეთში რევოლუცია, ჩვენის აზრით, კარგა ხნის დამარცხებულია და დემოკრატიას მხოლოდ მოსალოდნელ ლიბერალურ სახელმწიფო წესწყობილების ფარგალში მოელის უფლებების მოსაპოვებლად ბრძოლა და პოლიტიკური საქმიანობა.
ფ. გოგიჩაიშვილი