მსოფლიო ბაზარზე ყველაფერი ძვირდება
რედაქციისაგან
მსოფლიო ეკონომიკაში 2007 წლის პირველ კვარტალსა და აპრილის დასაწყისში ძირითადად ნავთობპროდუქტებზე ფასების კვლავ ზრდა აღინიშნებოდა – ბარელზე 63-65 დოლარამდე და ახალი ნავთობსადენების მშენებლობის ბუმი.
ჯეიჰანი- სამსუნის ნავთობსადენის მშენებლობა, რომელსაც თურქები (Calik Holding) ახორციელებენ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე შჰელლ-თან და სხვა დასავლურ კომპანიებთან ერთად, უკვე დაიწყო და ერთ წელიწადში დამთავრდება. მისი გამტარუნარიანობა იქნება 30-50 მილიონი ტონა წელიწადში, თუმცა ჯერ არ ხმაურდება ვისი ნავთობპროდუქტების გატარებას აპირებენ ამ მილსადენში.
– ჯეიჰანი-სამსუნის ალტერნატივა ბულგარეთიდან საბერძნეთის პორტებში რუსეთის ჩარევით ბურგასი -ალექსანდრეპოლისის ნავთობსადენია, რომლის ღირებულება 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება, სიგრძე კი – 300 კოლომეტრი, მშენებლობა 2008 წელს დაიწყება, ამ პროექტის 51% რუსეთს ეკუთვნის და 24.5-24.5% – ბულგარეთსა და საბერძნეთს. ამ მილსადენის გამტარუნარიანობაც 30-50 მილიონ ტონამდეა და მასში აპირებენ რუსეთისა და კასპიისპირეთის ნავთობის გატარებას. რუსეთს განზრახული აქვს ეს პროექტი შემდგომ მაკედონიის და სერბიის გავლით ცენტრალური ევროპის მაგისტრალად აქციოს.
– რუსეთის პროექტის კონკურენტად ევროპელებმა ალტერნატიული ახალი – კონსტაცია-იტალიის პორტი-ტირეის მილსადენის მშენებლობა დაიწყეს, აქ აპირებენ ძირითადად კასპიის ნავთობის გატარებას და ევროპისათვის რუსეთისგან დამოუკიდებელი ალტერნატიული ხაზის შექმნას. ამის საპასუხოდ, რუსეთი რომ არ იყოს ევროპაზე, როგორც ძირითად ბაზარზე, დაკავშირებული, დაიწყო აღმოსავლეთის ბაზრის ათვისება.
აღმოსავლეთის ნავთობსადენი-რუსეთი (აღმოსავლეთი ციმბირი)-ჩინეთი (ქალაქი დაცი)-იაპონია (რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპირო) მოცულობით წელიწადში 80 მილიონი ტონა ნავთობის გატარებას ითვალისწინებს. პროექტს, რომლის სიგრძეა 4 100 კილომეტრი და ღირებულება 11.5 მილიარდი დოლარი – ეწოდება “აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანე” და ამ მილსადენის 750 კილომეტრი უკვე აშენებულია. “ტრანსნეფტი” წლის ბოლომდე მილსადენის 1250 კილომეტრის გაყვანას გეგმავს. ექსპერტების აზრით, ეს მეტად რისკიანი პროექტი შეიძლება იყოს, რადგან რუსეთს ამ მაგისტრალის დასატვირთად, ციმბირის საბადოების ნავთობმარაგები არ ეყოფა, ამასთან ის მხოლოდ 30 წელიწადში გამოისყიდის ინვესტიციებს და ასევე სხვადასხვა საბადოებიდან ამოღებული სხვადასხვა ხარისხის ნავთობის შერევის და ხარისხის კონტროლის პრობლემა შეიქმნება. მაგრამ ფაქტია რუსეთს ეყოლება ახალი პარტნიორები აღმოსავლეთში, ევროპის ალტერნატივა – ჩინეთის, კორეის და იაპონიის სახით;
– სპეციალისტები რუსეთის ამ პროექტის ალტერნატივად მიიჩნევენ ყაზახეთი- ჩინეთის მაგისტრალს, რომლის მშენებლობა უკვე მთავრდება და იგივე რეგიონის მოსამარაგებლად არის გამიზნული, ოღონდ კომბინირებული გადაზიდვის წესით – მილსადენით ჩინეთამდე და შემდეგ რკინიგზით.
ნავთობის სფეროში პირველი კვარტალის სიახლეებიდან მნიშვნელოვანია:
– ოპეკის მიერ ბოლო პერიოდში მოპოვების უპრეცედენტო შემცირება 30 მილიონ ბარელამდე დღეში, რაც, აშშ-ის მარაგების შემცირებასთან ერთად ფასების ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა;
– ოქროზე ფასების განუხრელი ზრდა და სავალუტო ფონდის განცხადება 4 მილიარდი დოლარის ოქროს რეზერვების უახლოეს მომავალში გაყიდვის შესახებ;
– საფონდო ბაზრის კრიზისი თებერვალში და მარტის ბოლოს მისი აღმავლობა;
– დოლარის კურსის განუხრელი დაცემა ევროს მიმართ და ცენტრალური ბანკების, იაპონიის გარდა, საკრედიტო პროცენტის უცვლელობა;
– საბინაო მშენებლობის ბაზრის კრიზისი ამერიკაში;
– სავალუტო ფონდის იდეა, მსოფლიო ბანკის პროგნოზი, ოპტიმალური პროგნოზი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაზე, მართალია, ადრინდელი პროგნოზი 5,6% იყო, მაგრამ 4,9%-ს მათ რბილი დაცემა უწოდეს. მსოფლიოში საერთო მოხმარების ზრდა იწინასწარმეტყველეს, რაც კიდევ გაზრდის ფასებს საკვებ პროდუქტებსა და ნედლეულზე, ამასთან მოიმატებს ინფლაციის საშიშროების საფრთხე.
რა მოხდა კონკრეტულად მსოფლიო ბაზარზე და წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში პირველ კვარტალში და რას უნდა ველოდოთ მეორეში კვარტალში?
მსოფლიოს ცნობილი ექსპერტების აზრით, დოლარის კურსი კვლავ დაეცემა, რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემა აპირებს მეორე კვარტალში კრედიტზე პროცენტის განაკვეთი 5,25%-დან დაწიოს 5.0%-მდე, ეს იქნება პირველი პრეცედენტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ალან გრინსპენის ეპოქიდან. “აშშ-ის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2007 წლის პირველ ნახევარში იქნება პროგნოზზე ბევრად დაბალი, რამდენადაც იზრდება ნავთობზე ფასები და საბინაო მშენებლობის ბაზარზე აშშ-ში სერიოზული კრიზისია”-ამბობს “ING Financial Markets-ის ეკონომისტი ჯეიმს ნაითლი. ამ აზრს ავითარებს დოლარის კურსთან დაკავშირებით, “BNP Paribas-ის მთავარი სავალუტო ანალიტიკოსი ხანს რედკერი და დასძენს, რომ აშშ-ში დასაქმების ბაზრის მაჩვენებელიც საგანგაშოა, რაც ამართლებს ბენ ბერნანკეს შიშს ინფლაციური მოლოდინის შესახებ. ამიტომ დოლარი-ევროს კურსი მეორე კვარტალში იქნება 1.3233-1.3621-ის ფარგლებში. მესამე კვარტალში ვარაუდობენ დოლარის 1.400 ევრომდე დაცემას, რაც მეოთხე კვარტალში დაუბრუნდება 1.3500-1.3144-ის ნიშნულს. იაპონურ იენთან მიმართებაში გასული კვარტალის მონაცემი – 119 დაეცემა, მეორე კვარტალში 1.15 დოლარით გამყარდება იენის მიმართ და ეს გამყარება 1,108-მდე გაგრძელდება წლის ბოლომდე.
მეორე კვარტალში ასევე მოსალოდნელია აშშ-ის საფონდო ინდექსების ვარდნა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება, თუმცა უმნიშვნელოდ. ასეთი სურათი აშშ-ში ამცირებს ინფლაციის მოლოდინს, მაგრამ აშფოთებს მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს, რომელთა ძირითადი ბაზარია აშშ-ია.
Dოწ ჟონეს-ის მონაცემებით ოქროს ფასის დიაპაზონი მეორე კვარტალში იქნება 677-680 დოლარი უნციაზე, ვერცხლის – 13,695-14,567 ფარგლებში უნციაზე, ხოლო პლატინის – 1280-1283 დოლარი უნციაზე, ყველა ამ მაჩვენებელმა 3-7%-ით მოიმატა პირველ კვარტალში.
ამასთან ძვირფას ლითონებზე ივლისის ფიუჩერსი ჩOMEX -ის (ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის ფილიალი) მონაცემებით, იყიდება 679.7 დოლარად, მაისში – 678 დოლარად პირველი კვარტალის ბაზარი ფიუჩერსებზე დაიხურაGCM07-679,7 SIK07-13.85 PLN07-1279.5.
ფიუჩერსები ოქროზე (USD/Troy oz)
საერთოდ, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ძვირფასი და ფერადი ლითონების ბაზარი, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ და უფრო დეტალურად, რადგან საქართველოში მიმდინარე მშენებლობის ბუმთან ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ბინების მშენებლობის ღირებულება გაიზრდება რადგან მოსალოდნელია ლითონებზე, მათ შორის არმატურასა და სპილენძზე ფასების ზრდა.
ახლა შევჩერდეთ ნავთობის, მისი ერთ-ერთი მაღალხარისხიანი ნაწილის – ლათის ფასებზე.
ირანის კრიზისმა ხელი შეუწყო ზრდის ფონის შექმნას. ამას ემატება მარაგების შემცირება აშშ-ში და ოპეკის მიერ მოპოვების შემცირება. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ და ფერადი ლითონების სფეროებშიც არის ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკის ზრდა, რადგან იქ განუხრელად იზრდება მოხმარება, რაც არსებული მოპოვების შემთხვევაში ზრდის ნავთობზე ფასებს. ამიტომ საქართველოში ბენზინი გაძვირდა ისევ 165-175 თეთრამდე და ეს ტენდენცია უახლოეს თვეებში შენარჩუნდება.
ფიუჩერსები ნავთობზე (USD/Barell)
ექსპერტთა აზრით, მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მოიმატებს ბუნებრივი გაზის ფასი, ამასთან საქართველოს ძირითადად “გაზპრომი” მოამარაგებს და მარეგულირებელი კომისია განიხილავს გაზის ახალი ტარიფის დადგენის საკითხს, კერძოდ ეს ფასი იქნება დაახლოებით 52-58 თეთრის ფარგლებში კუბურ მეტრზე.
ფიუჩერსები ბუნებრივ აირზე (USD/MMBtu)
მეორე კვარტალში ხორბლის ფასები ახალი მოსავლის აღებამდე გაიზრდება აშშ-ში მოსავლის პროგნოზის გამოცხადებამდე, მაგრამ მას, ექსპერტთა აზრით, მოყვება ყავაზე, შაქარსა და სოიაზე ფასების ზრდა.
ფიუჩერსები ყავაზე (USD/Pounds)
ფიუჩერსები შაქარზე (US Cent/Pounds)
იზრდება ფერადი ლითონების, განსაკუთრებით ალუმინის და სპილენძის, ასევე ფოლადის ფასები. სპილენძის ბაზარზე 2010 წელს მოსალოდნელია დიდი აფეთქება, რადგან გაზრდილი მოთხოვნილების გამო წარმოიქმნება დეფიციტი 1.05 მილიონი ტონის ოდენობით. შენებლობაში მოიხმარენ მთელი სპილენძის მოხმარების 48 %, ელექტრონიკაში – 17%-ს და ავტომშენებლობაში – 9%-ს.
სპილენძის მსოფლიო მარაგები 654 მილიონ ტონას შეადგენს და ის ძირითადად სამხრეთ ამერიკის და აფრიკის კონტინენტზეა. მეცნიერთა გათვლებით, მისი მარაგი 35-37 წელზეა გათვლილი. ამ ლითონის თავისებურება ისაა, რომ ის მოიპოვება სხვა ძვირფას ლითონებთან ერთად. ოქროს, თუთიის და ა.შ. 2006 წლის წლიური მოპოვება 17,2 მილიონ ტონას შეადგენდა და ამ წლისათვის 7%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. მიუხედავად ამისა, ფასები 2007 წელს 12,2%-ით გაიზრდება. ფასების ზრდა განაპირობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების და ძირითადად ჩინეთის მრეწველობის ზრდამ.
დაახლოებით იგივე ტენდენციებით ხასიათდება ალუმინის ბაზარი:
ფიუჩერსები ალუმინზე (USD/LB)
მაკროეკონომიკა – ევროზონა
ევროზონა: Eurostat-ის წინასწარი მონაცემებით, ევროზონაში 2007 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 7,8 მლრდ ევრო შეადგინა. პირველადი გამოთვლებით რეგიონის სავაჭრო ბალანსის პროფიციტი გასული წლის დეკემბერში 2,5 მლრდ ევრო იყო, იანვარში ექსპორტმა 113,1 მლრდ ევროს მიაღწია, ხოლო იმპორტმა – 120,9 მლრდ ევროს. თითქმის ასეთივე სხვაობა იყო შემდგომ ორ თვეში, და ექსპერტები ისევ ალაპარაკდნენ ევროს მეტისმეტად გამყარებაზე. თუმცა ევროზონის ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2.2% არცთუ ისე ურიგოდ გამოიყურებოდა, მეორე კვარტალში ეს ნიშნული ექსპერტული გათვლებით შენარჩუნებული იქნება მიუხედავად საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებისა და მეტისმეტად ცხელი გაზაფხულისა.
მთლიანი შიდა პროდუქტი
2006 წლის IV კვარტალში ევროზონაში მშპ-ის ზრდა კვარტალური გამოთვლებით 0,9% იყო, ხოლო წლიური გამოთვლებით – 3,3%. 2006 წლის III კვარტალში, იმავე წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მშპ-ის ზრდა 0,5%-ს უდრიდა, ხოლო 2005 წლის იგივე პერიოდთან შედარებით – 2,7%-ს.
სამრეწველო წარმოება
2007 წლის იანვარში ევროზონაში სამრეწველო სფეროში შეკვეთების რაოდენობა სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით 0,2%-ით შემცირდა, ხოლო წლიური გამოთვლებით 3,7%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ინფლაცია
ევროზონაში 2007 წლის თებერვალში ინფლაციამ წლიური გამოთვლებით 1,8% შეადგინა, 2006 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2,3% იყო.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი
2007 წლის იანვარში მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2006 წლის დეკემბერთან შედარებით, 0,1%-ით გაიზარდა, ხოლო 2006 წლის იანვართან შედარებით – 2,9%-ით.
საგარეო ვაჭრობა
როგორც აღვნიშნეთ, ევროზონაში 2007 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 7,8 მლრდ ევრო შეადგინა, იანვარში ექსორტმა 113,1 მლრდ ევროს მიაღწია, ხოლო იმპორტმა – 120,9 მლრდ ევროს.
საცალო ვაჭრობა
2007 წლის იანვარში საცალო ვაჭრობის მოცულობა, 2006 წლის დეკემბერთან შედარებით 1,0%-ით შემცირდა.
საპროცენტო განაკვეთები
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ცვლილებების გარეშე – 3,5%-ის დონეზე დატოვა. ეს გადაწვეტილება 8 თებერვალს გამართულ ბანკის მმართველთა საბჭოზე იქნა მიღებული. ასევე უცვლელი დარჩა საპროცენტო განაკვეთი 2007 წლის 11 იანვარს გამართულ სხდომაზე.
აშშ-ის მაკროეკონომიკა
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 20-21 მარტს ჩატარებულ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთი ცვლილებების გარეშე დატოვა, ამგვარად დღეისათვის ეს მაჩვენებელი 5,25%-ია.
2007 წლის თებერვალში აშშ-ს საცხოვრებელი ბინების მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, იმავე წლის იანვართან შედარებით, 3,9%-ით გაიზარდა და 6,69 მლნ ერთეული შეადგინა. წლიური გამოთვლებით კი, ეს მაჩვენებელი 2007 წლის თებერვალში 3,6%-ით შემცირდა, 2006 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 6,94 მლნ-ს შეადგენდა.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2007 წლის თებერვალში საბინაო მშენებლობის მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა და 1,525 მლნ ერთეული შეადგინა. 2007 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 1,399 მლნ-ს შეადგენდა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ თებერვალში საბინაო მშენებლობის მოცულობა 1,45 მლნ ერთეული იქნებოდა. ამასთან 2007 წლის თებერვალში საბინაო მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, იანვართან შედარებით, 2,5%-ით – 1,532 მლნ ერთეულით შემცირდა.
2007 წლის თებერვლის შედეგებით, აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორების ინდექსის მაჩვენებელი 0,5%-ით შემცირდა, რაც ანალიტიკოსების ვარაუდს ემთხვევა. 2007 წლის იანვარში ინდექსის მაჩვენებელი 0,1%-ით გაიზარდა, 2006 წლის დეკემბერში – 0,3%-ით, ნოემბერში – 0,1%-ით, სექტემბერში – 0,2%-ით, ოქტომბერში – 0,4%-ით.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, 2006 წლის IV კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპი წლიური გამოთვლებით 2,2%-ს შეადგენს, მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 2,0% იყო. 2006 წელს მშპ-ის მთლიანმა ზრდამ 3,3% შეადგინა, 2005 წელს 3,2%-იან ზრდასთან შედარებით.
სამრეწველო წარმოება
2007 წლის თებერვალში სამრეწველო წარმოების მოცულობა 1,0%-ით, ხოლო წლიური გამოთვლებით 3,4%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ინფლაცია
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 2007 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0,4%-ით, ხოლო წლიური გაანგარიშებით, 2,4%-ით გაიზარდა. კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასების გარდა, სამომხმარებლო ფასები 2007 წლის თებერვალში 0,2%-ით, ხოლო წლიური გაანგარიშებით 2,7%-ით გაიზარდა.
საგარეო ვაჭრობა
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 2007 წლის იანვარში 3,9%-ით შემცირდა და 59,1 მლრდ დოლარი გახდა.
იმპორტის მოცულობამ 185,8 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა – 126,6 მლრდ დოლარი. 2006 წლის დეკემბერში სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 61,5 მლრდ დოლარი იყო.
პერსონალური ფინანსები
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, 2007 წლის იანვარში აშშ-ის სამომხმარებლო შემოსავლების მოცულობა 1,0%-ით, 2006 წლის დეკემბერში კი 0,5%-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო გასავლების მოცულობა 2007 წლის იანვარში 0,5%-ით გადიდდა.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი
2007 წლის თებერვალში მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3%-ით გაიზარდა. წარმოების ფასების ზრდამ, კვების პროდუქტებისა და ენერგომატარებლების გარდა, 0,4% შეადგინა. ეს მაჩვენებლები აშშ-ის შრომის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
სამომხმარებლო კრედიტი
2007 წლის იანვარში სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა აშშ-ში 6,4 მლრდ დოლარით გადიდდა.
საცალო გაყიდვები
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2007 წლის თებერვალში საცალო გაყიდვების მოცულობა, ა.წ. იანვართან შედარებით, 0,1%-ით გაიზარდა და 370,5 მლრდ დოლარი შეადგინა. წლიური გამოთვლებით კი 2007 წლის თებერვალში საცალო გაყიდვების მოცულობა 3,2%-ით გაიზარდა.
საპროცენტო განაკვეთები
აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ცვლილებების გარეშე 5,25%-ის დონეზე დატოვა.