რა ხდება საბაჟოზე?

მათე მელია, თამუნა ვაშაკიძე

საქართველოს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი ყოველწლიურად იზრდება. ექსპორტი, რომლის წარმმართველ ძალას კვლავაც წარმოადგენს სხვადასხვა სახის ჯართი, სავალუტო ნაკადებით ქვეყანას ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, ეს ტენდენცია მოსალოდნელი პროგნოზების მიხედვით, 2005 წლამდე გაგრძელდება.

აღურიცხავი იმპორტის თემა ისევ აქტუალურია, თანაც ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც არის აქციზური საქონელი (სიგარეტი, ნავთობპროდუქტები, სპირტი). ამ კოეფიციენტმა შეიძლება კიდევ უფრო მწვავე გახადოს ჩვენი სამომხმარებლო ეკონომიკის მდგომარეობა და მოხდეს კოლაფსი არგენტინის სინდრომის სახით. მეორე მხრივ, ეროვნულ ბანკში სავალუტო რეზერვები ჯერჯერობით დასაშვები ნორმების ფარგლებშია და ასევე ინფლაციაც.

მაშ, რა ხდება და სად არის ის საიდუმლო არხი, რომელიც ჩვენს ეკონომიკას კვებავს? საიდან, სავალუტო სახსრები და მთელ მეურნეობაში ამდენი არალეგალური ეკონომიკის წილი?

საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა ინგლისური ფირმა ITS-ის წასვლამ, რომელმაც 1999 წლის სექტემბერში დაიწყო მოღვაწეობა. მას 2,5 წელიწადის განმავლობაში შემოსავლების ზრდა წინასაიმპორტო ექსპერტიზის შედეგად, 1998 წელთან შედარებით, პირველ წელიწადს 50%-ით, შემდეგ 100%-ით უნდა მოეხდინა, რაც მსოფლიო ბანკის და IMF-ის მკაცრი რეკომენდაციით იქნა შემოღებული. ამან არა მარტო არ გაზარდა დაპირებული ოდენობით საბიუჯეტო შემოსავლები, არამედ დოლარში გამოსახული შემცირდა კიდეც, ხოლო რაც შეეხება ფიზიკურად იმპორტირებული საქონლის რაოდენობას, ის კატასტროფულად შემცირდა, განსაკუთრებით აქციზური საქონელი.

ნუგზარ ცაგურია (საბაჟო დეპარტამენტის სათბობ-ენერგეტიკისა და აქციზური საქონლის სამმართველოს უფროსი):
ნავთობპროდუქტებში ყველაზე კარგი წელი 1998 იყო. მაშინ საგადასახადო სისტემა, მიმაჩნია, რომ იდეალური იყო. ბენზინის დასაბეგრი აქციზური განაკვეთი 15 % გახლდათ და შესაბამისად ემატებოდა დღგ. თუმცა, ამ წელს 480000 ტონა ბენზინის იმპორტი დაფიქსირდა საბაჟოზე, კონტრაბანდა მაინც არსებობდა. რაც შეეხება კონტრაბანდას, ის არ არის გასაკვირი, ვინაიდან კონტრაბანდას ვერ ამოწურავ. ამერიკამ უზარმაზარი თანხა დახარჯა, რათა კონტრაბანდა 15%-დან 8%-მდე შეემცირებინა, მაგრამ რა შედეგი მიიღეს ამით? უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე 15%-იანი კონტრაბანდით ზარალს იღებდნენ. ამის გამო მიუშვეს 15%-იანი გარანტირებული კონტრაბანდა.

შემდეგში ვიღაცამ მოიფიქრა თუ 15% პროცენტზე ამდენი შემოდის, მოდი გავაოთხმაგოთ და ოთხჯერ მეტი შემოვაო. ეს, რა თქმა უნდა, სწორი მსჯელობა არ არის, რადგან, როცა ძალიან ზრდი გადასახადს, ზოგი იმპორტიორი წყვეტს მოღვაწეობას, ნაწილი არალეგალურ სექტორში გადადის და თეთრი იმპორტიც მცირდება. ამიტომ ასეთმა ზრდამ გამოიწვია ლეგალურად დაფიქსირებული იმპორტის ვარდნა. ამის მერე უარესი გააკეთეს. არაეთილირებული და ეთილირებული ბენზინი დიფერენცირებული იყო. არაეთილირებული, პრაქტიკულად, არ შემოდიოდა. რუსეთმა აკრძალა და ჩვენთანაც, რადგან გადასახადი დიდი იყო, შემოტანა აღარ ღირდა. ამიტომ აქციზი 80% გახადეს. შემდეგ დიზელიც დაბეგრეს, 1998 წლის მაისამდე დიზელი არააქციზური იყო. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ 6-7 ათასი ტონა სტაბილურად ფიქსირდება. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, რაც ნავთს, დიზელს და მაზუთს ეხება. ქარხნები, რომლებიც საქართველოში არსებობენ, რატომღაც არ ითვალისწინებენ, რომ ისინი პროდუქციასაც უშვებენ, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იმპორტს ამ პროდუქციის რაოდენობა აკლდება. შემოსულია ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ დღეში ერთ-ერთი ქარხანა 500 ტონა ნავთობს ამუშავებს და აქვს 40% დიზელის გამოსავლიანობა, ესე იგი დღეში 200 ტონა დიზელს იღებს. თვეში მიიღებს – 6000 ტონას. თუ კიდევ გააძლიერა წარმოება, რა თქმა უნდა, მეტსაც მიიღებს. ესე იგი მოხმარების 18 ათას ტონას 6000 აკლდება, ანუ იმპორტის ოფიციალური ციფრი დარჩა 12000 ტონა. დიზელის იმპორტი საშუალოდ 6.7 ათასი ტონის ფარგლებშია დაფიქსირებული. სხვაობა 5.6 ათასი ტონა დიზელი დაგვრჩა, რაც, ცხადია,კონტრაბანდით შემოდის. როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს თვეში 35 ათასი ტონა დიზელი სჭირდება, მართალი არ არის. (საქართველოში დიდი რაოდენობის დიზელის მოხმარებაა ზაფხულის პერიოდში). აბსოლუტურად გაუთვალისწინებელია შიდა წარმოებით მიღებული პროდუქტი, ამაზე ყველა თვალს ხუჭავს, არადა, უნდა გვიხაროდეს, რომ შიდა წარმოება არსებობს.

თუ იმპორტი კანონიერად კლებულობს, საპანიკო არაფერია. ამ შემთხვევაში ბიუჯეტს რა აკლდება?
რა თქმა უნდა, თუ იმპორტი კანონიერად კლებულობს, ძალიან კარგია. აქედან ბიუჯეტი არაფერს კარგავს. რატომ უნდა შეიქმნას პანიკა, როცა იმპორტი მცირდება. ჯერ უნდა გავარკვიოთ იმპორტის კლების მიზეზი და თუ ეს გამოწვეულია შიდა წარმოებით, პირიქით, უნდა გვიხაროდეს.

სიგარეტის დინამიკას რომ გადახედოთ, საშინელი მდგომარეობაა, მაგრამ ეს თუ გამოწვეულია იმით, რომ სამგორის ქარხანა გაიხსნა, შესაშფოთებელი არაფერია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას მეორე მიზეზიც აქვს. მაგალითად, “მალბორო მედიუმი” იმპორტში საერთოდ არ არის დაფიქსირებული, არადა, ყველგან იყიდება. სად არის ამ დროს ლეგიონი, რატომ არ წვავენ “მალბორო მედიუმს”?

2001 წლის დეკემბერში ბენზინის იმპორტის ასეთი მატება რითია გამოწვეული?
იმით, რომ აქციზის გაზრდას ელოდებოდნენ. 80%-იანის ნაცვლად 200 ლარიანი აქციზი შემოიღეს, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს გასდიოდა. მეწარმეები თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგს არაფერს ელოდნენ და ეგონათ, რომ იანვრიდან ისევ 80%-იანი აქციზი იქნებოდა და ასეთი დიდი რაოდენობით ამიტომ შემოიტანეს. წელს, იანვარში 21 ათასი ტონა გვქონდა, თებერვალში ძალიან დაიკლო, გახდა 12 ათასი ტონა და მარტში ისევ 21 ათასი ტონა დარჩა. თებერვალში დიდი ჩავარდნა იყო.

თებერვლის მაჩვენებელს რითი ავხსნით?
თებერვალი ისადეც მძიმე თვეა, მაგრამ ამას სხვა ახსნაც აქვს, დეკემბერში რომ შემოვიდა 29 ათასი ტონა, შეგვიძლია 9 ათასი ტონა თებერვალში გადმოვიტანოთ. ჯამში, 21 ათასი ტონა გამოვა. ასე რომ, ბენზინთან დაკავშირებით 20 – 21 ათასი ტონა გვაქვს.

რაც შეეხება დიზელს, 9-7 ათასი ტონაა. მარტში საერთოდ ჩავარდნაა – უფრო სწორად, კატასტროფა. დაფიქსირებულია მხოლოდ 3 ათასი ტონა – სამწუხაროდ, ამას ახსნაც არ აქვს, რადგან ადგილობრივი წარმოებაც რომ ჩათვალოთ, მაინც ძალიან ცოტაა. ხშირად ბევრი რამ გაურკვეველია. მაგალითისთვის გეტყვით – ვიდრე თურქეთისგან გრანტს მივიღებდით 20 ათასი ტონა დიზელის სახით, ძალიან კარგი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. არ იფიქროთ, რომ ხელს ვადებ ვინმეს, მაგრამ საჩუქარს როცა ვიღებთ, ძალიან ბევრი მარცხენა საქონელი შეიძლება გაატარო.

რაც შეეხება ბენზინის შიდა წარმოებას, ჯერჯერობით, ჩვენთან ბენზინს ვერც ერთი ქარხანა ვერ ამუშავებს. რუსთავში ქარხანა შენდება, რომელიც რეფორმების გატარების შედეგად ბენზინს მიიღებს. ვარაუდობენ, რომ თვიური გამოსავალი 6000 ტონა ექნებათ. ეს რაოდენობა ავტომატურად მოაკლდება იმპორტს. ხშირად საბაჟოს ძალიან ბევრი რამ ბრალდება, მაგრამ თუკი ეკონომისტები დაგვეხმარებიან და ცოტა უკეთეს დასაბეგრ სისტემას მოიგონებენ, ალბათ, რამე გვეშველება.

სიგარეტთან დაკავშირებით საოცარი სიტუაციებია – 1997 წელს ექსპერიმენტი ჩაატარეს, სიგარეტზე გადასახადი 6 თეთრი შემოიღეს, რამაც 27 მილიონი დოლარი მოიტანა, რაც მერე გაზარდეს და ადვალური გააკეთეს 149%, შემდეგ 25 თეთრი გახადეს. მართალია, ამან 33 მილიონი შემოიტანა, მაგრამ ერთი ნიუანსია – სხვაობა დოლარის კურსში. როცა ლარი 1.25 დოლარი ღირდა, უფრო მეტი შემოსავალი იყო ვიდრე 25 თეთრის დროს..

როგორია 2002 წლის აქციზური საქონლის იმპორტის პროგნოზი?
თუ ეკონომისტები ცოტა შეგვიცვლიან არსებულ დასაბეგრ სისტემას, შეიძლება უკეთესობას ველოდოთ. უნდა დაგვეხმაროს საგადასახადოც და ლეგიონიც. რაც მთავარია, უნდა მოვეშვათ დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალებას.

ნათელია, რომ იმპორტირებულ სასაქონლო ერთეულზე დაფიქსირებული საიმპორტო (საინვოისო) ფასის ზრდასთან ერთად შემცირდა თვით იმპორტის ფიზიკური მოცულობა. საკითხავია შემცირდა თვით მომსახურება ამ საქონელზე? როგორც ექსპერტები ამბობენ, შემცირდა, მაგრამ 15-20% -ით, ხოლო იმპორტის ფიზიკური მაჩვენებლები 35-46%-ით.

ბუნებრივია, 2000-2001 წლები კონტრაბანდის ბუმის წლები იყო.

2002 წელს გაიზარდა დაფიქსირებული იმპორტის მოცულობა და მარტო პირველ კვარტალში სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 106, 363, 000 დოლარი, რაც შარშან ანალოგიურ ვადაში 87 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2000 წელს, 71 მლნ. დოლარი. ამასთან, მნიშვნელოვანია ძირითადი სასაქონლო სახეობის მიხედვით, თუ როგორ გაუარესდა ფიზიკურად საქონლის შემოტანის მაჩვენებელი (იხ. ცხრილი #2).

ყოველივე აშკარად მიგვანიშნებს სამ რამეზე:

1998-1999 წლებთან შედარებით დაბეგვრის სისტემის გამო იმპორტის ლეგალიზაცია გაუარესდა;
საბაჟოზე ადმინისტრირება აშკარად შესუსტდა და მოიშალა კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი. ასევე, საბიუჯეტო შემოსავლების გეგმასთან მიბმის პროცესიც, რამაც სავალალო შედეგები გამოიღო – საბაჟო ადმინისტრირებულ-ძალოვნური სამსახურების და მეთოდების გარეშე საბაჟო არ არის;
ITS-მა რამდენადაც გაზარდა ფასი ერთეულ იმპორტირებულ საქონელზე და მიუახლოვდა რეალურს, იმდენად შემცირდა იმპორტის ფიზიკური მოცულობა და სუსტი ადმინისტრირების პირობებში გაიზარდა არალეგალური ბრუნვა;

ვატო ლაშქარაძე. (საბაჟო დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსი): – იმპორტის დინამიკა, რა თქმა უნდა, გაიზარდა. თუ არ ვცდები, იანვარში 50 მლნ დოლარამდე იყო, შემდეგ 60 და 70 მლნ დოლარიც. წინა წლებთან შედარებით მატება იყო და შემოსავლებიც შესაბამისად გაზრდილია.

რაც შეეხება კონკრეტულად ბენზინს, წინა წლებთან შედარებით, საკმაო მატებაა დაფიქსირებული, 2000 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან ბენზინში იმპორტის ციფრები მატულობს. თვეში 25-26 ტონასაც კი მიაღწია. თუმცა, საჭიროა, ამჟამინდელი ციფრები 7, 8-ით გაიზარდოს.

ამ შემთხვევაში მიღებული ჯამი, იქნება თუ არა სამომხმარებლო ციფრის იდენტური?
საკმარისი მაინც არ იქნება. სამომხმარებლო ანალიზი ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ მაინც, საქართველოს თვეში დაახლოებით 35-40 ტონა ბენზინი სჭირდება.

სხვაობა, ცხადია, კონტრაბანდით ივსება.
ამას ვერ უარვყოფთ, ალბათ, კონტრაბანდით. თუმცა, რაც შეეხება ბენზინს, საკმაოდ ძლიერი ადმინისტრირებაა. ეფექტი მოგვცა პრეზიდენტის განკარგულებამაც, თუნდაც ის, რომ დეპოზიტზე თანხის წინასწარ დადება შიგნით შეიცვალა. ბენზინის იმპორტის სტრუქტურა რომ ნახოთ, საკმაოდ გაზრდილია და ნამდვილად კარგ შედეგებად შეიძლება ჩაითვალოს.

სხვა საქონელთან დაკავშირებით რას იტყოდით?
არც სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით არის ცუდი მაჩვენებლები. რაც შეეხება თუ რამდენი შემოდის კონტრაბანდის გზით, მართლაც ძნელი სათქმელია, რადგან დაფიქსირება რომ შეგვეძლოს, დავაკავებდით კიდეც. კონტრაბანდის სიდიდე განსაკუთრებით აღინიშნება ფქვილის, შაქრის, და სხვა ძირითადი სახეობის პროდუქტების შემოტანაში, მაგრამ ეს მხოლოდ საბაჟოს პრობლემა არ არის. ძალიან ძნელია კონტრაბანდას ებრძოლო იმ მხრიდანაც კი, საიდანაც საქონლის შემოტანა კონტროლირებადია. იგივე ოსეთის, თუნდაც იგივე აფხაზეთის მხარეებიდან შემოსული საქონლის კონტროლზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, მარტო საბაჟო რომ ამას ვერ აგვარებს, ეს გასაკვირი არცაა.

სამომავლოდ როგორია მთლიანად 2002 წლის იმპორტის პროგნოზი?
იმპორტის სამომავლო პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია. რეალურად უკეთესობისკენ ბევრი რამ მართლაც შეიცვალა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ აქ ვმუშაობ, ან ხელმძღვანელობა შეიცვალა, ჩვენ საკმაოდ მრავალი შეხვედრა გვქონდა და კიდევ გვექნება საკმაოდ ვრცელი სპექტრის იმპორტიორებთან, რაც არ ეხება მხოლოდ ბენზინს ან ისეთ პროდუქციას, საიდანაც ძირითადი შემოსავლები შემოდის ბიუჯეტში. საკმაოდ სერიოზული შეხვედრები გვქონდა ქათმის ხორცის, ფქვილის, შაქრის იმპორტიორებთან. გვპირდებიან, რომ ხელს შეგვიწყობენ კონტრაბანდის დაძლევაში, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად შევუწყოთ ხელი იმპორტიორებს. შემოსავლების მხრივ მართლაც მგონია რომ ეს წელი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე სხვა დანარჩენი. აქ ITS-ის წასვლის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ყოველ შემთხვევაში, არ მინახავს იმპორტიორი, რომელსაც ეს ფაქტი არ გაუხარდა. ამით შეღავათი გაუკეთდებათ იმპორტიორებს, რაც მერე, ალბათ, აისახება ჩვენთან უფრო წესიერ ურთიერთობაში.

მაინც ყველას აწუხებს რა ხდება ან მოხდება საბაჟოზე ITS-ის წასვლის შემდეგ და როგორ იმოქმედებს ეს ქვეყნის საგადასახადო ბალანსზე? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ერთია – უარესი არ ყოფილა.

გურამ ციქურიშვილი (საბაჟო დეპარტამენტის საფინანსო კონტროლის, სამმართველოს ანალიზის და პროგნოზირების განყოფილების უფროსი): – ITS-ს ოთხი ძირითადი ფუნქცია ჰქონდა: ღირებულების განსაზღვრა, რაოდენობის კონტროლი, ხარისხზე კონტროლი და კონტროლი კოდების მინიჭებაზე. საბაჟო ღირებულების განსაზღვრას თვითონ უშუალოდ საბაჟო ორგანოები იღებენ თავის თავზე და ზღვრული ფასები შეიმუშავეს, სარეკომენდაციო უფრო სწორად, სარეკომენდაციო-საორიენტაციო. კოდის მინიჭება ჩვენთან პრობლემა არ იქნება, თანდათან ჩანაცვლება მოხდება.

თქვენი აზრით, როგორია 2002 წლის იმპორტის პროგნოზი?
თვის განმავლობაში 750 მლნ დოლარი უნდა ვივარაუდოთ. ჩვენი ეკონომიკა მომხმარებლურია და ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ძალიან დიდი მოცულობის იმპორტი გვაქვს. 760 მილიონი დოლარი ცოტა არ არის. პროცენტული თანაფარდობით, რომ ვთქვათ, ცოტა რთულია, მაგრამ უფრო მეტია ტექნიკური დანიშნულების პროდუქტი. ნავთობპროდუქტები დაახლოებით 1/3 უნდა იყოს. არის ტექნოლოგიური მოწყობილობა და ელექტრო აპარატურა. ეს დარგები ჩვენთან გასავითარებელია. რაც შეეხება კვების მრეწველობისა და მსუბუქი მრწველობის დარგებს, გამოცოცხლება ჩანს. რა თქმა უნდა, ის ტემპები ჯერ არ გააჩნიათ, რომ ჩვენი ეკონომიკა აღორძინდეს. ისე, რომ, ვთქვათ, 760-500-დან 400 მილიონამდე ჩამოვიდეს. ჯერჯერობით, ისევ დაბალ დონეზე ვრჩებით, რადგან ჩვენი ეკონომიკა არ არის ისეთი ძლიერი, რომ ჩვენ საკუთარი წარმოების პროდუქციით შევძლოთ შიდა ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამიტომ ორიენტაცია ისევ იმპორტზეა. სამწუხაროდ, ბიუჯეტის შესახებ კანონს როცა იღებენ, იმის მაგივრად, რომ იმპორტი მცირდებოდეს და ჩვენი წარმოების მოცულობა იზრდებოდეს, საბაჟო სისტემიდან ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაა გათვალისწინებული. ამის გამო წლის შედეგების მიხედვით ისევ უნდა ველოდოთ 760 მლნ-ს და 800 მილიონიც კი ვივარაუდოთ. არსებობს სეზონური ცვლილებებიც. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან ისეთი სახეობის საქონელიც შემოდის, რომელიც თვითონ შეგვიძლია ვაწარმოოთ. საქართველოში როგორ შეიძლება ყურძნის შემოტანა? მაგრამ არსებობს მეზობელი ქვეყანა, რომელსაც უამრავი ყურძენი მოჰყავს და ცდილობს, ჩვენი ბაზარი აითვისოს. შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით: ხილი, ციტრუსი, ბოსტნეული. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტები (ზეთები, ძეხვეული, ხორცის ნაწარმი, თევზი) შემოდის. სად ნახავდით ადრე გაყინულ ქათმის ბარკლებს?! უდიდესი მეფრინველეობის ფაბრიკები იყო გამარჯვებაში, კოდაში. შესაძლებელია ამოქმედდნენ კიდეც ისინი, მაგრამ იმდენად ნელი ტემპებით მიდიან წინ, რომ ჩვენ კარგა ხანს ისევ იმპორტზე ვიქნებით ორიენტირებულნი. 2001 წელთან შედარებით მაინც მატებას ვვარაუდობ. მოკრძალებულად რომ ვთქვა, სადღაც 20-30 მილიონის ოდენობით. რას ვიზამთ, ჩვენი ეკონომიკა ძალიან უძლურია იმისთვის, რომ შიდა ბაზრის მოთხოვნილება 80%-ით მაინც აკმაყოფილებდეს. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ქვეყანის შიდა წარმოება შიდა ბაზრის მოთხოვნილებებს მთლიანად ვერ აკმაყოფილებს. გერმანია უძლიერესი ქვეყანაა, მაგრამ სადღაც 400 მილიარდამდე საგარეო სავაჭრო ბრუნვა აქვს. დაახლოებით ასევე აქვს საფრანგეთს. ამაზე მეტი აქვს აშშ-ს და იაპონიას. ვაჭრობა ისეთი დარგია, უნდა იყიდო და გაყიდო კიდეც. მაგრამ, როდესაც ასეთი დიდი გარღვევაა ბალანსში, როცა იმპორტის ექსპორტით დაფარვის კოეფიციენტი 30-35%-ია და სამომხმარებლო ბაზარს 1/3-ით აკმაყოფილებს, უკვე ცუდი მაჩვენებელია. ისე, არის პერიოდები, როცა აშშ-საც აქვს უარყოფითი ბალანსი.

მთავარია, როგორია იმპორტსა და ექსპორტს შორის თანაფარდობა. ექსპორტს როცა იმპორტზე გავყოფთ, ეს არის იმპორტის ექსპორტით დაფარვის კოეფიციენტი. მე რომ ვთქვა 100 მილიონის საქონელს შემოვიტან, ამას სჭირდება პირობითად 100 მილიონი დოლარი, თუ გავიტან 30 მილიონის საქონელს, 30 მილიონის გაყიდვის ფასი უნდა მივიღო. ეს 30 მილიონი იმპორტს ფარავს და რჩება 70 მილიონი, ანუ საქართველოს ამ შემთხვევაში მატერიალური რესურსები დაემატა, მაგრამ, სამაგიეროდ, მოაკლდა ვალუტა. ეს 70 მილიონი დაგვრჩა დაუფარავი. როცა ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს უახლოვდება, უკეთესია, რადგან ამხელა სხვაობა იმას ნიშნავს, რომ ვალუტის გადინება ხდება.

საბაჟოზე ეს ბოლო წლები 2000-2001 აშკარად რეგრესიის წლებია და, ბუნებრივია, მას არც შეეძლო რაიმე სიკეთის მოტანა. ახლა მთავარია შეჩერდეს რეგრესი და ამოვხსნათ განტოლება, სად არის ის საიდუმლო არხი, რომელიც ვალუტით კვებავს ჩვენს ეკონომიკას და სავაჭრო ბალანსის დეფიციტს?