2002 წლის აღწერა
ეკა გაბადაძე
არავინ იცის, როგორი იქნება საქართველოსათვის და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის 2002 წელი. თუმცა, იგი მაინც უმნიშვნელოვანესი თარიღის სახით შევა ისტორიაში – როგორც დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერის წელი! ამ ღონისძიების ჩატარებას ხანგრძლივი სამუშაოები უძღოდა წინ, თუმცა, ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული ბიუჯეტის გამო აღწერა ორჯერ გადაიდო. პროცესი მანამ ჭიანურდებოდა, ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციებმა დახმარების ხელი არ გამოგვიწოდეს (ვიდრე ჩვენ არ ვთხოვეთ დახმარება). გაეროს მიერ მიჩნეული ათწლიანი შუალედის ნაცვლად აღწერის ჩატარებას თორმეტი წლის შემდეგ მოვაბით თავი.
საერთაშორისო სტანდარტით აღწერის დროს ერთ სულ მოსახლეზე 5-6 დოლარის მოცულობის თანხა იხარჯება. ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი 85-90 ცენტამდე დავიყვანეთ, ამ ღონისძიებაზე სოლიდური თანხის გაღება მაინც მოგვიწია: აღწერის მთელი ციკლი (1995-2003 წწ) 8 მლნ ლარად შეფასდა!…
რა არის აღწერა, რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისათვის და რაზეა მისი შედეგების რეალურობა დამოკიდებული? აი, ის ძირითადი კითხვები, რაც აღწერას უკავშირდება. პირველი და, ალბათ, უმთავრესი, რასაც კომპეტენტური ორგანოები აცხადებენ – აღწერა არ არის პოლიციურ-ადმინისტრაციული ღონისძიება და კიდევ ის, რომ საბუთების და ქაღალდების ენაზე მოქალაქეებთან საუბარს არავინ დაიწყებს. მიუხედავად ამ დაპირებებისა, მოსახლეობა მაინც უნდობლად მოეკიდა ამ პროცესის დაწყებას. აღმწერი მათ თვალში ინკასატორად თუ ინსპექტორად ასოცირდებოდა. ამდენად, აღწერის შედეგების ცდომილება პირდაპირპროპორციულია ჩვენი ქვეყნის “უნდობი” მოქალაქეების რაოდენობისა, ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი არ ენდობა მთავრობას და ხელისუფლებას მით მეტი იქნება აღწერის შედეგების ცდომილება.
აღწერის მნიშვნელობა ათასწლეულების წინათაც კარგად ესმოდათ. ჩ. წ. აღ-მდე აღწერა ჩატარებულა ჩინეთში, მესოპოტამიაში. საქართველოში ჯერ მე-7, შემდეგ მე-12 საუკუნეებში ჩატარდა. მაშინ აღწერა ფისკალურ და სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა: აუცილებელი იყო ბეგარის გადამხდელთა და საომარ პირობებში ომში წამსვლელთა (ანუ მამაკაცთა) რაოდენობის ცოდნა.
სამეცნიერო დონეზე აღწერა დასაბამს 1846 წლიდან იღებს და იგი უკვე ტარდება ბელგიაში, აშშ-ში, რუსეთში უკვე რამდენჯერმე – 1897 წელს, 1923 წელს ნაწილობრივი, 1926 წელს საყოველთაო აღწერა ჩატარდა. საქართველომ აღწერაში მონაწილეობა ბოლოს 1989 წელს მიიღო, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელმა ნაწილმა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და, თუ შეიძლება წინასწარი პროგნოზი გაკეთდეს, მაშინდელთან შედარებით გაცილებით ნაკლებნი ვართ. 1989 წელს საქართველოში 5მლნ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. შობადობის მკვეთრმა კლებამ და სიკვდილიანობის მატებამ მოსახლეობის რაოდენობაზეც იმოქმედა, თუმცა, ამ და სხვა მონაცემებს ცოტა მოგვიანებით შევიტყობთ.
1989 წლის შემდეგ, ანუ ბოლო აღწერიდან დღემდე ქვეყნის ცხოვრებაში მოხდა არსებითი, ძირეული ძვრები მოსახლეობის სქესობრივ, ასაკობრივ, პროფესიულ, სოციალურ, ეროვნულ, იდეოლოგიურ სტრუქტურაში. ყოველივე ეს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებით არის განპირობებული. აღწერის შემდგომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტმა შეიცვალა. საოცარი მასშტაბებით განვითარდა მიგრაციის პროცესი. იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს შეეხო. სწორედ ამიტომ მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების გაანგარიშება, ყველა ამ ცვლილებების გათვალისწინებით, მიმდინარე სტატისტიკური აღრიცხვით, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამავე დროს, საქართველოში მიმდინარე საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების ურთულესი პროცესი და მისი კოორდინირება მოსახლეობის რიცხვის, შემადგენლობის, ქვეყნის რეგიონების მიხედვით მათ განლაგებაზე ზუსტ და ყოვლისმომცველ ინფორმაციას ითხოვს. ასეთი მონაცემების და ინფორმაციის მიღება მხოლოდ მოსახლეობის სრული საყოველთაო აღწერით არის შესაძლებელი.
რა არის აღწერა მეცნიერული თვალთახედვით და მისი თავისებურებები
მოსახლეობის აღწერა დროის გარკვეული მომენტისათვის ქვეყნის თითოეული მოქალაქის შესახებ დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური მონაცემების შეკრებაა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ფართო პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ მოსახლეობის აღწერის და მის მომიჯნავე წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მონაცემებთან ერთად და მათი კომბინაციით არის შესაძლებელი დემოგრაფიული პროცესების მოდელირება და პროგნოზირება, დემოგრაფიული პროგრამებისა და რეალისტური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება-გატარება, საერთო ჯამში კი – სახელმწიფოს დემოგრაფიული აღმშენებლობითი მუშაობის წარმართვა.
თანამედროვე აღწერა თავისებურებით
ხასიათდება
პირველი თავისებურება – საყოველთაო ხასიათი, ე.ი. იგი ეხება ქვეყნის ყველა მოქალაქეს და აღწერის მომენტისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ ყველა სხვა პირს განურჩევლად წარმოშობისა, რასისა და სოციალური მდგომარეობისა.
აღწერა მხოლოდ მცხოვრებთა რიცხვით არ შემოიფარგლება, მისი მიზანი მხოლოდ ადამიანების დათვლა არ არის, მან უნდა დააფიქსიროს ისეთი ნიშნები, როგორიცაა: სქესი, ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა… ყველა ადამიანის შესახებ ერთგვაროვანი ცნობების შეკრება ერთიანი წესის მიხედვით არის საჭირო. ამ მონაცემთა ჩამოთვლას აღწერის პროგრამა ეწოდება. აღწერის პროგრამის ერთიანი ხასიათი მთელი მოსახლეობისთვის, მის მეორე თავისებურებას წარმოადგენს. ყველას შესახებ კრებითი ცნობების მისაღებად საჭიროა თითოეულზე შესაბამისი მონაცემები გაგვაჩნდეს. აღწერის დროს შეკრებილი ინფორმაცია უშუალოდ ახასიათებს ყოველ ცალკეულ ადამიანს, რაც საშუალებას იძლევა შეგროვილი ინფორმაცია, მონაცემები, განაწილდეს ადამიანთა ცალკეულ ნიშან-თვისებათა შეთანაწყობით. ასე რომ, აღწერის მესამე თავისებურებაა სახელობითი მონაცემების შეგროვება და შემდეგში მათი გაუპიროვნება და ნაერთი, განზოგადებული სახით გამოყენება:
აღწერის დროს ცნობათა შეგროვებისას მივმართავთ არა დოკუმენტებს, არამედ მოქალაქეთა თავისუფალ, ნებაყოფლობით თვითიდენტიფიკაციას;
ადამიანებისადმი ნდობა მოსახლეობის აღწერის მნიშვნელოვანი პრინციპია, ანუ მონაცემების უშუალოდ მიღება გამოსაკითხთა სიტყვებით, მათი თვითგამორკვევის საფუძველზე არის აღწერის მეოთხე თავისებურება. აქედან გამომდინარე, მონაცემთა შესაგროვებლად ვიყენებთ სპეციალურად მომზადებულ მუშაკებს – აღმწერებს.
ისინი შემოივლიან ყველა საცხოვრისს და აღწერენ ყველა იქ მცხოვრებლებს სრულწლოვან წევრთა პირადად გამოკითხვის გზით. მონაცემების შეგროვება საცხოვრებელ ნაგებობათა შემოვლისა და ადამიანთაA გამოკითხვის გზით აღწერის მეხუთე თავისებურებაა და ამავე დროს აღწერის მეთოდსაც წარმოადგენს.
აღწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა – მონაცემები კონკრეტულ ადამიანზე ან ოჯახებზე. აღწერის დროს მიღებული არ არის და ვერც იქნება დაკავშირებული ადმინისტრაციულ ზომებთან. ეს მონაცემები კონფიდენციალურია, აღწერის მუშაკებს ეკრძალებათ აცნობონ, ვინც უნდა იყოს იგი, მათ მიერ შეგროვებული და სააღწერო ფურცლებში ჩაწერილი ინდივიდუალური მონაცემების შინაარსი. ეს მონაცემები გამოიყენება მხოლოდ განზოგადებული ნაერთი ჯამების სახით. ამგვარად აღწერა არ ეხება კონკრეტულ მოქალაქეთა არც პირად, არც ქონებრივ ინტერესებსა და უფლებებს.
გაეროს რეკომენდაციით მიღებულია მოსახლეობის აღწერის ჩატარება ათ წელიწადში ერთხელ.
2002 წლის
საყოველთაო აღწერა
2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერისათვის მზადდება ხანგრძლივი, საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესი იყო. მოსახლეობის საყოველთაო აღწერისათვის მზადებას საქართველო 1995 წელს შეუდგა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო იგი ვერ ჩატარდა ადრე დათქმულ ვადებში და რამდენჯერმე გადაიდო. აღწერისათვის მზადებაში სერიოზული წვლილი შეიტანა კანონმა “საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ”. სწორედ ეს კანონი წარმოადგენს აღწერის მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელების სამართლებრივ საფუძველს. აღწერისათვის მომზადდა და დაიბეჭდა 120 დასახელების 14 მლნ-მდე საერთო ტირაჟის დოკუმენტაცია. მომზადდა და სწავლება გაიარა სააღმწერო პერსონალმა.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 26 აგვისტოს #340 ბრძანებულების შესაბამისად, უკვე ჩატარდა მოსახლეობის აღწერა ქვეყნის მაღალმთიან რვა რაიონში, მათ შორის, ხუთში, მთლიანად. ამ აღწერამ მოიცვა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 2% და ტერიტორიის 15%. მიუხედავად იმისა, რომ აღწერის წარმატებით ჩატარება თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, პროცესის მთელი სიმძიმე საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტზე გადადის.
მმე ესაუბრა დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ბატონ თემურ ბერიძეს:
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწერა საქართველოში, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში, პირველად ტარდება. ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ღონისძიებას. ამასთანავე, აღწერა ტარდება იმ პერიოდში, როდესაც, ბოლო აღწერის შემდეგ, საქართველოში შეიცვალა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მოდელი, შეიცვალა მოსახლეობის ეკონომიკური სტატუსი, დემოგრაფიული მდგომარეობა… ყოველივე ამან განაპირობა აღწერის ჩატარების აუცილებლობა. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად მივიღებთ ინფორმაციას იმ მთავარ სიმდიდრეზე, რასაც ადამიანური რესურსი ჰქვია. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ აღწერას საფუძვლად უდევს იურიდიული დოკუმენტი, კანონი “საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ”, რომელიც პარლამენტმა შარშან ოქტომბერში მიიღო. მასში საკმაოდ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ის პრინციპები, რომლითაც ტარდება აღწერა. ყურადღებას შევაჩერებ რამდენიმე მათგანზე: აღწერის საყოველთაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღწერის კრიტიკული მომენტისათვის, ანუ როცა ჩატარდება აღწერა, ყველა მოქალაქემ თუ მოქალაქეობის არმქონე პირმა – სახეზე მყოფმა ყველა პირმა უნდა გაიაროს აღწერა; მეორე პრინციპი – ტარდება ერთიანი პროგრამით და მეთოდიკით; მესამე – პირველადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება. მოგეხსენებათ, აღმწერი შედის ოჯახში – შინამეურნეობაში, ხვდება ოჯახის ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც პასუხობს კითხვარზე ინფორმაცია ინდივიდუმებზე, რომლებიც დატანილია კითხვარზე, დაცული იქნება კანონის ძალით. რაც შეეხება ინფორმაციის ღია ხასიათს, იგი გულისხმობს ნაერთ, ჯამურ ცხრილებს, განზოგადებულ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ ქვეყანაში რამდენი უმუშევარი ან დასაქმებულია, რეგიონების მიხედვით, შვილიანობის, ეროვნების საკითხი და ა.შ. ბუნებრივია, ეს აღწერა არ ჰგავს წინა აღწერას იმით, რომ იგი თვისობრივად განსხვავებულ ქვეყანაში ტარდება. ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის, საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დგას და აქედან გამომდინარე, კითხვარებში ყველაფერია გათვალისწინებული. კითხვარიც განსხვავებულია, უპირველეს ყოვლისა, ეხება მოქალაქეობას, სარწმუნოებას (ბუნებრივია, წინა აღწერაში ეს კითხვები ვერ იქნებოდა), ეროვნებას (მრავალეროვან ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამდენად, მეორეხარისხოვანი არ იქნება ინფორმაცია იმის შესახებ რამდენი ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ა.შ. ცხოვრობს საქართველოში). მოქალაქეების სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, შეტანილია კითხვები მოქალაქეთა არსებობის წყაროების შესახებ. დემოგრაფიული სიტუაციიდან გამომდინარე შვილიანობის საკითხიც მნიშვნელოვანია და ეს იქნება საფუძველი იმისათვის, რომ დემოგრაფიული პოლიტიკა დაეყრდნოს ობიექტურ ინფორმაციას.
რამდენად იქნება პირველადი ინფორმაცია კონფიდენციალური?
რაც შეეხება ინფორმაციის კონფიდენციალობას, სხვათა შორის, უკვე რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, რომ მოქალაქეთა წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეს ინფორმაცია. მსურს დავარწმუნო ყველა მოქალაქე, რომ ინფორმაცია ინდივიდუმებზე და პერსონებზე დაცული იქნება. გვაინტერესებს ჩვენი სტატისტიკური მონაცემები, ზოგადი ტენდენციები – რამდენი უმუშევარია, სად უნდა აშენდეს ბაგა-ბაღი, სკოლა, საავადმყოფო და ა.შ. ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით არის დაცული და თუ ჩვენ დავუშვებთ მის გამოაშკარავებას, დავისჯებით კანონითვე.
რა მნიშვნელობა ექნება აღწერას საქართველოსთვის?
მოგეხსნებათ, საქართველო გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანაა. აღწერის ჩატარებითYდა შედეგების გამოქვეყნებით კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყნის პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე, განმტკიცდება ქვეყნის საქმიანობა საერთაშორისო კოოპერირების საქმეში. აქედან გამომდინარე, დღეს აღწერის ჩატარება ვიწრო უწყებრივი საქმე არ არის და არც მარტო საქართველოს მთავრობის საქმეა, ეს თითოეული მოქალაქის ინტერესში შედის.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების არსებობის პირობებში რამდენად რეალური იქნება აღწერის შედეგები?
აღწერა ტარდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება. იძულებით გადაადგილებული პირები, დროებით საქართველოს ტერიტორიის გარეთ მყოფი (რუსეთი, დსთ-ის ქვეყნები) – ყველა აღიწერება. ბუნებრივია, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებნი ვერ აღიწერებიან. თეორიულადაც რომ დავუშვათ იქ აღწერის ჩატარება, რეალურ სურათს მაინც არ მოგვცემს, რადგან დარღვეულია დემოგრაფიული სიტუაცია. თუმცა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს პრობლემის არსებობის მიუხედავად, აღწერის ჩატარება აუცილებელია. აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის, მოლდოვაში დნეპრისპირეთის მიუხედავად, აღწერა მაინც ჩატარდა. აღწერის მიზანია, რეალურად ვიცოდეთ, რა ხდება ქვეყანაში, ამით ხელს შევუწყობთ რეალური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, გარკვეულწილად, აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებასაც.
მიგრაციის პროცესი როგორ ზეგავლენას მოახდენს აღწერის შედეგებზე?
რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მყოფ პირებს, აღწერისათვის მნიშვნელობა არ აქვს ლეგალურად არის პირი წასული თუ არალეგალურად. ჩვენ საბუთს არ ვითხოვთ. არსებობს სპეციალური ფორმა “ემი”, რომლითაც მივიღებთ ინფორმაციას წასულებზე. ამით წერტილს დავუსვამთ ქვეყნიდან გასულთა რაოდენობის შესახებ მითქმა-მოთქმებს.
გარდა იმისა, რომ აღწერა ძვირადღირებული ფუფუნებაა, სერიოზული სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი კადრებიც სჭირდება…
აუცილებელი მინიმუმი გაკეთებულია. საერთაშორისო სტანდარტით ერთ სულ მოსახლეზე 5-6 დოლარი იანგარიშება, ჩვენ 85 ცენტზე ავდივართ. რაც შეეხება ფინანსების გამოყოფას, ძირითადად, ხელფასების ხასიათს ატარებს, თუმცა, აღწერა მარტო ხელფასები არ არის. 13,5 მლნ ფურცლის დაბეჭდვა, ტრენინგები, ტრანსპორტირება, რეკლამირება… ჩვენ საკმაოდ დიდი დახმარება გაგვიწია საერთაშორისო ორგანიზაციებმა – გაეროს ხალხმოსახლეობის ფონდი, ჰოლანდიის მთავრობა, გერმანიის მთავრობა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი. ეს დახმარება ტექნიკით მომარაგებას, ტრენინგების ჩატარებას, ინფორმაციის დამუშავებას, კომპიუტერების შეძენას ითვალიწინებს. აღწერის პროცესში 23500 ადამიანია ჩართული, აქედან, 16700 აღმწერი – ინსტრუქტორ-კონტროლიორი და სააღმწერო უბნის უფროსები არიან. ისინი, ძირითადად, ინტელიგენციის ფენის წარმომადგენლები არიან, რომელთაც 2-3 კვირიანი მომზადება გაიარეს, ჩააბარეს გამოცდები, დავუნიშნეთ ხელფასი 70 ლარის ოდენობით (პლუს ათი ლარი ტრანსპორტირებისათვის). აღწერის სრული ციკლი რვა წელს მოიცავს – მზადება 1995 წლიდან დავიწყეთ, 2002 წლის 17-24 იანვარი – შემოვლითი სამუშაოები, 24-29 იანვარი – მოსახლეობის 10%-ის შერჩევითი საკონტროლო შემოვლა. ამის შემდეგ მოხდება ინფორმაციის კონცენტრირება ერთეულების მიხედვით დაშიფვრა და ცენტრალურ დეპარტამენტში აკუმულირება. ინფორმაციის დამუშავებას 6-8 თვე დასჭირდება და შედეგების გამოქვეყნებას 2003 წლის დასაწყისში დავიწყებთ.
აღწერის შედეგები მთლიანად დამოკიდებული იქნება საქართველოს მოქალაქეების კეთილგონიერებასა და მოქალაქეობრივ შეგნებაზე. თუმცა, ცდომილება მაღალგანვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც არებობს და მისი დასაშვები ნორმა 3%-დეა ნაგულისხმევი. მხოლოდ მაქსიმუმ 3%-იანი ცდომილების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს აღწერა ჩატარებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მოსახლეობის შერჩევითი გამოკვლევა.