თქვენს სატელეფონო საუბრებს ვეღარ მოუსმენენ!!!
ნინო არველაძე
16 იანვარს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” “გაერთიანებული ტელეკომის” ახალი ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა. კომპანია მომხმარებელს ახალი ლოგოს გარდა, მნიშვნელოვან სიახლეს ჰპირდება. საქართველოში შემოდის CDMA სიხშირის ფიქსირებული ტელეფონები. რაიონებში, სატელეფონი მომსახურება ტექნოლოგიური სიძნელეების, ან საერთოდ მათი არარსებობის გამო შეუძლებელია, მაგრამ მალე აქ მოსახლეობას სატელეფონო და ინტერნეტ-მომსახურების მიღება შეეძლება.
CDMA-ის დანერგვა საქართველოში ბევრ სიკეთეს მოიტანს, კერძოდ, ის მომხმარებელს იაფ ტარიფებს სთავაზობს და საშუალებას აძლევს თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა მიღწევით ისარგებლოს. ფულის დაზოგვის გარდა, მომხმარებელი დარწმუნებული იქნება, რომ მის საუბარს არავინ ისმენს, რაც უცხოელი ინვესტორისთვის კონკურენტებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი მომენტია, “გაერთიანებული ტელეკომის” მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიით ბიზნესი ამ მხრივ დაცული იქნება. ეს სიხშირე ევროპაში არ გამოიყენება, ამერიკაში კი მას იყენებენ.
ამ სიახლეების შესახებ გვესაუბრება “გაერთიანებული ტელეკომის” კომერციული დირექტორი ბატონი ივა მარტიაშვილი:
– სამწუხაროდ, ჩვენი კომპანია ყოველთვის დაბალი ხარისხის მომსახურებასთან, ძველ ინფრასტრუქტურასთან ასოცირდებოდა. კომპანიის გაყიდვის შემდეგ საქართველოში მთლიანად იცვლება ინფრასტრუქტურა, ინერგება ახალი სერვისები და შემოდის ისეთი ინოვაციური მომსახურებები, რომელიც საქართველოს ბაზარზე ჯერ-ჯერობით არ არის. გადავწყვიტეთ კომპანიისთვის შეგვეცვალა სახელი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩვენი აბონენტებისთვის დაბალ ხარისხთან ასოცირდებოდა. კომპანიას უნდა ჰქონდეს ნორმალური, ადვილად დასამახსოვრებელი ლოგო. ჩვენ საქართველოს თითქმის ყველა ოჯახში ვართ წარმოდგენილნი, ბევრი აბონენტი კი ჩვენს ინტერნეტ მომსახურებაში DSL-ში ერთვება, ამიტომ გადავწყვიტეთ ლოგოს შეცვლა, კომპანიას კი “გაერთიანებული ტელეკომი” დაერქმევა. ლოგოს შესაქმნელად ჩატარდა კონკურსი, გამარჯვებულია ვერცხლისფერ-მწვანე ფერში გაკეთებული ლოგო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მარკეტინგულმა კომპანია “ბიბიდიომ” შექმნა. მას კომპანიების რებრენდინგთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება აქვს. მაგალითად, “ფოლსვაგენის” ერთ-ერთი მოდელ “ხოჭოს” ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში აღნიშნულ კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენი კომპანიის ახალ ფერებს რაც შეეხება, მწვანე ინოვაციის მაჩვენებელია, რადგან ჩვენ საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე ბევრი სიახლის შემოტანას ვგეგმავთ, ვერცხლისფერში კი ის თანამედროვე ტექნოლოგიები იგულისხმება, რომელთა დანერგვასაც ვაპირებთ.
– ლოგოს გარდა, “გაერთიანებული ტელეკომი” რა სიახლეებს გვთავაზობს 2008 წელს?
– “გაერთიანებული ტელეკომი” მომხმარებელს ლოგოს გარდა ბევრ სიახლეს სთავაზობს, DშL-ით დაფარულია მთელი თბილისი, შემცირებულია ტარიფებიც, თუ ადრე ინტერნეტში ჩასართავად 70 ლარი იყო საჭირო, ახლა ეს 20-30 ლარად არის შესაძლებელი. სოციალურად არც თუ ისე ძლიერ ფენას უკვე შეუძლია ხელმისაწვდომი ინტერნეტ-მომსახურებით ისარგებლოს. საბჭოთა კავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის ინტერნეტისა და DSL-ის ასეთი დაბალი ფასი.
– დაბალი ფასი ინტერნეტის სიჩქარეზე როგორ მოქმედებს?
– ფასი ხარისხზე არ მოქმედებს, DშL-ის მომსახურების ხარისხი ნებისმიერი სხვა ოპერატორის მომსახურების ხარისხზე მაღალია, თუმცა მათი მინიმალური პაკეტი 50-70 ლარი, ჩვენი კი 20 ლარი ღირს.
– რას იტყვით CDMA სიხშირის ტელეფონების შესახებ?
– “გაერთიანებულმა ტელეკომმა” არჩევანი CDMA-ის სიხშირეზე გააკეთა, რადგან ბაზარზე, სადაც მრავლადაა წარმოდგენილი მობილური ოპერატორები შემოვდივართ ახალი პროდუქტით. შემოდის უკაბელო კავშირგაბმულობის ისეთი სახე, რომელიც სიღნაღის, თელავის ან ნებისმიერ სხვა რაიონში ასრულებს მობილურის ფუნქციას. აპარატები ტექნიკურად ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ძირითადი პრინციპი ის არის, რომ ჩვენ ფიქსირებულ ზონას ვფარავთ ამა თუ იმ საბაზო სადგურით და ეს ტელეფონი უმავთულოდ მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ფიქსირებულ ზონაში. პირველ რიგში ეს სიახლე დაინერგება თბილისში, კახეთის ბევრ რაიონში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, ნაწილობრივ დაფარულია შიდა ქართლის ტერიტორია. ვაპირებთ სიახლე მთელს საქართველოზე გავრცელდეს. ისეთ ადგილებში, სადაც სატელეფონო მომსახურება ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო არასოდეს ყოფილა, აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ CDMA სიხშირის ფიქსირებული ტელეფონით.
– რა უპირატესობებით ხასიათდება ეს სიხშირე?
– საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა სახე წარმოდგენილი არ არის. სამწუხაროდ, აბონენტთა 1/3 მეტი ძველ საბჭოურ ტექნოლოგიებს იყენებს. ჩვენი კომპანია ორიენტებულია ძველი სადგურების გადაიარაღებაზე, წლის ბოლოს ყველა ძირითადი ქალაქი ციფრული თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვება, რითაც შესაძლებელი იქნება განხორციელდეს ნებისმიერი ინტერნეტ-მომსახურება, ანუ ქსელი გაუმჯობესდება. CDMA ამ ეტაპზე ფიქსირებული ტელეფონია. ეს იქნება იაფი სატელეფონო მომსახურება. მას თითქმის არ აქვს გამოსხივება. CDMA სიგნალის გადაცემა სინუსოიდური სქემით მიმდინარეობს, GSM სიგნალი კი სწორხაზოვნად ვრცელდება და მისი დაჭერა ადვილია. CDMA-ის ამერიკელი სამხედროები იყენებენ, ანუ ის სამხედროების კავშირის ტექნოლოგიაა და თავიდანვე ითვალისწინებს იმას, რომ მოწინააღმდეგემ მოსმენა ვერ შეძლოს. პატარა სოფლებში, სადაც ტექნიკური სიძნელეების გამო რთულია კაბელის გაყვანა, აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ უკაბელო ტელეფონით ისარგებლონ. CDMA-ის აბონენტებს ინტერნეტ-მომსახურების საშუალებას აძლევს. შესაძლებელია ამ ტელეფონის მოკლე მანძილებზე გადატანა.
– თუ იქნება რაიმე სახის შეზღუდვები სხვა რაიონში ან მობილურ ტელეფონზე დარეკვის, ან საერთაშორისო ზარების განხორციელების დროს?
– არავითარი შეზღუდვა არ იქნება, შეიძლება მისი გამოყენება ქალაქის ტელეფონის მსგავსად. შესაძლებელი იქნება მობილურზე, ქალაქის ტელეფონზე დარეკვა და საერთაშორისო ზარების განხორციელება. უფრო მეტიც, ინტერნეტზე მოთხოვნა დიდია, მთიანი რეგიონები ტურიზმის თვალსაზრისით ვითარდება, მაგრამ მსგავს ადგილებში მობილურის გარდა კავშირი არ არის. CDMA ტექნოლოგია ინტერნეტ-მომსახურების საშუალებას იძლევა. CDMA მხოლოდ სოფლად სატელეფონო კავშირის პრობლემის გადაჭრას არ ემსახურება, ის მხოლოდ ტელეფონი არ არის, მისი საშუალებით ხელმისაწვდომი გახდება ყველა ის მიღწევა, რაც დღეს საერთაშორისო კომუნიკაციას აქვს.
– საქართველოში CDMA-ის სიხშირის დასანერგად ტექნიკურად ყველაფერი მზად არის?
– დიახ, საქართველო CDMA-ის სიხშირის დასანერგად ტექნიკურად მზად არის. კახეთი და ქვემო ქართლი ამ სიხშირით მთლიანად დაფარულია. უნდა შეირჩეს შესაბამისი სატელეფონო აპარატები, თებერვლის თვიდან ალბათ მომსახურების გაყიდვას დავიწყებთ.
– როგორი იქნება თქვენი სატარიფო პოლიტიკა, ახდენს თუ არა მასზე გავლენას ვალუტის კურსი?
– მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენი კურსი ტარიფების მკვეთრი შემცირებაა. ვალუტის კურსი ჩვენს სატარიფო პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს. სატარიფო პოლიტიკა იქნება სწორედ ისეთი, როგორიც ფიქსირებულ ტელეფონებზეა, ანუ 4 ლარი და უფასო ზარები ჩვენს შიდა ქსელში. გვინდა შემოვიღოთ 3 პაკეტი, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის და ამიტომ მასზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ დაბალ ფენებზე გათვლილი ოპერატორი ვართ და ყველა სოციალურ ფენას ვემსახურებით. ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს ერთიან სატარიფო პოლიტიკაში მოვაქციოთ ჩვენი ახალი სიხშირის აბონენტები, მათ ფაქტობრივად უფასო კავშირი ექნებათ რეგიონებს შიგნით.
– თქვენ ფიქსირებულ ტელეფონებზე საუბრობთ, როდის შემოხვალთ ბაზარზე CDMA-ის სიხშირის მობილური ტელეფონით?
– ჯერ ქსელის აწყობას ფიქსირებულ ტელეფონზე ვაპირებთ, მისი მობილურად გარდაქმნა შესაძლებელია და ალბათ მომდევნო ნაბიჯი მომხმარებლისთვის ამ სიხშირეზე მომუშავე მობილური ტელეფონის შეთავაზება იქნება.
– CDMA-ის სიხშირეზე მომუშავე ტელეფონები თბილისში შემოსულია, რა მომავალს უწინასწარმეტყველებთ მათ ოპერატორებს?
– ჩვენს ქსელში ზარების განხორციელება უფასოა, მათ კი ჩვენს ქსელში დარეკვა 4 თეთრი უჯდებათ, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ ძვირი გამოდის. მომხმარებელისთვის წამგებიანია ფიქსირებულ სატელეფონო ზარში 4 თეთრი გადაიხადოს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უფრო ფართო ასპარეზი გვაქვს.