გენდერი და ეკონომიკა
ნინო არველაძე
გენდერული თანასწორობა აქტუალობას ინარჩუნებს მსოფლიოს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ფონზეც. აღნიშნული პრობლემის ხასიათი განსაკუთრებული სიმძაფრით თავს სწორედ ეკონომიკური კრიზისის დროს იჩენს. საბჭოთა კავშირის სისტემის დანგრევის შემდეგ ქართული სახელმწიფო ცდილობს ჩამოყალიბოს სოციალურად სამართლიანი საზოგადოება. საამისოდ კი გენდერული თანასწორობა ძალზედ მნიშვნელოვანია.
მსოფლიოში მიმდინარე დემოკრატიულმა პროცესებმა დიდი სიმწვავით წარმოაჩინა გენდერული თანასწორობის პრობლემა, რაც დემოკრატიული მშენებლობისა და ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხია. მმართველობის ყველა დონეზე გენდერული ასპექტის გათვალისწინება საფუძველია სოციალური სა-მართლიანობის, დასაქმების, შემოსავლების ზრდის და აქედან გამომდინარე, საყოველთაო კეთილდღეობის დამკვიდრებისა. 2005 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დოკუმენტი “საქართველოს პრიორიტეტები ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისათვის”. გამოიკვეთა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ორიენტირი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ევროპის სტრუქტურებში სრული ინტეგრირება უნდა განხორციელდეს. ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება, რომელიც დემოკრატიული განვითარებას, სოციალური სამართლიანობასა და პოლიტიკასა და ეკონომიკაში შესაბამისი გარემოს შექმას გულისხმობს, მოითხოვს ქვეყნის მმართველობით სისტემაში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობას. საქართველოს პარლამენტმა მიიღო გენდერული თანასწორობის კონცეფცია, ასევე კანონები ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ.
მიმდინარე წლის 17 ივლისს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივი (SIDA) პროექტის ფარგლებში “გენდერი და პოლიტიკა” ჩატარდა კონფერენცია “გლობალური ეკონომიკური კრიზისის გენდერული გამოწვევები საქართველოში”. კონფერენციაზე მოეწყო პრეზენტაცია ჩარიტა ჯაშისა და მიხეილ თოქმაზიშვილის წიგნის “საქართველოს ფინანსური პოლიტიკის გენდერული განზომილება”. მასში ამომწურავადაა ასახული გენდერული პრობლემები სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და ფინანსური პოლიტიკის წარმართვის საკითხებში.
ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით საქართველოს მთავრობის მიდგომას გენდერული თანასწორობისადმი. უცნაურად გვეჩვენება, რომ მთავრობა აქტიურად საუბრობს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის მიახლოებაზე ევროპულ კანონმდებლობასთან, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით “დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით. ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპებით მშობიარობის სემთხვევაში – 140 კალენდარული დღე”. საქართველოში ქალების უმეტესობა სრულად არ იყენებს კუთვნილ დეკრეტულ შვებულებას. მცირე ანაზღაურების გარდა დედები ცდილობენ სამსახურის შენარჩუნებას და მით უფრო სწრაფად მიაშურებენ მას, რაც უფრო მაღალანაზღაურებადია სამსახური. რთულია მდგომარეობა საპენსიო სისტემასთან დაკავშირებითაც. გენდერული თვალსაზრისით მიზანშეწონილია ისეთი საპენსიო სქემის შემუშავება, რომელიც ქალს შვილების გაზრდის პერიოდს სამუშაო სტაჟში ჩაუთვლის.
2005-2008 წლებში შემცირდა საბაზო ზოგადი განათლების მქონე ქალთა წილი მთლიან უმუშევრობაში, მაგრამ გაიზარდა უმაღლესი განათლების მქონე ქალთა უმუშევრობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგივე ტენდენცია კაცებშიც შეინიშნება.
კონფერენციაზე ეკონომიკურმა ექსპერტმა, თსუ-ის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა მოხსენებაში “მსოფლიო ფინანსური კრიზისის რეალური ასპექტები და კრეატულობის თეორია”. მან განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც იმპორტიორ ქვეყანას შეეძლო მსოფლიო ფინანსური კრიზისის ბენეფიციარი ყოფილიყო. კონფერენციაზე გამოიკვეთა გენდერული თანასწორობის პრობლემები საქართველოში. ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ რუსუდან კერვალიშვილმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება აუცილებელი პირობაა ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის. სოციალური სამართლიანობისა და გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, ეფექტური სოციალური პოლიტიკის ფორმირება და ადამიანური რესურსების რეალიზაციის ხელშეწყობა. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული უარყოფითი მოვლენები ნეგატიურად აისახა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ხერხდება სიღარიბის რისკების შემცირება. ეფექტური სოციალური პოლიტიკის გასატარებლად საჭიროა რესურსების თანაბარი გადანაწილება, რაც თავისთავად გულისხმობს მამაკაცებისა და ქალებისათვის თანაბარი პირობების შექმნას. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ფინანსური სახსრები მაღალკვალიფიციური კადრების მოსამზადებლად. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროატლანტიკურ საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა, თუ რა გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გენდერული თანასწორობის საკითხებზე. თამარ ბერუჩაშვილი 2005-2006 წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომისიას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციასთან ერთად სპეციალური სამთავრობო პროგრამა და კონცეფცია შეიმუშავა. აღნიშნული კონცეფცია მთავრობამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა. თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობის პრობლემების განხილვა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების საზომად უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისათვის. პროექტის ექსპერტმა გენდერული ბიუჯეტის საკითხებში, თსუ-ის პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება “ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გენდერული წინააღმდეგობები”. მან განაცხადა, რომ 70-იანი წლების შუა ხანებში გაიზარდა და გაღრმავდა უთანასწორობა ქვეყნებს შიგნით და გარეთ. დავოსში პირველ ეკონომიკურ ფორუმზე ჯონ მილტონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მსოფლიოს წინაშე საშიშროებაა. მდიდარი ქვეყნები კიდევ უფრო მეტად გამდიდრდებიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებს არაფერი ეშველებათ. ვაშინგტონის ცნობილი კონსენსუსით მანდატი გადაეცა “სამ დას”, რომელსაც ქალბატონმა ჩარიტამ ქართულად “სამაია” უწოდა. ესენია: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. მათ მთელი მსოფლიოს წინაშე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ფინანსურ და მონეტარულ სტაბილურობას უზრუნველყოფდნენ. მათ მიერ სიღარიბის დაძლევა კი ბრჭყალებში უნდა განვიხილოთ, რადგან ისინი დამარცხდნენ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სიღარიბის დასაძლევად შევიდნენ. ჩინეთმა, მალაიზიამ და ინდონეზიამ უარყვეს “სამმაიას” მისია. ლიბერალური პოლიტიკის გამტარებლებისა და მხარდამჭერების ძირითადი არგუმენტი იყო სტრუქტურული რეგულირების პროგრამა, ანუ სახელმწიფო ხარჯების შემცირება, პრივატიზაციის ლიბერალური ვაჭრობისა და ფისკალური პოლიტიკის ერთობლიობა. ჩარიტა ჯაშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატები, რომლებიც გენდერულად მგრძნობიარე წიგნებს და სტატიებს აქვეყნებენ, აცხადებენ, რომ სიღარიბის ზრდის კვალდაკვალ იზრდება სოციალური და გენდერული უთანასწორობა. დიდი ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ ნეოლიბერალური პოლიტიკის გაძლიერება გენდერული და სოციალური უთანასწორობის განვითარების პირდაპირპროპორციულია. 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი კი თვლის, რომ პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოების მთავრობებს ეკისრებათ, რომლებიც საერთოდ არ არ რეაგირებდნენ მიმდინარე პროცესებზე (საქართველოს მსგავსად). სახელმწიფომ, როგორც ინსტიტუციამ, მოსახლეობის ნდობა დაკარგა. მსგავსი ტენდენცია განვითარებადი ქვეყნების გარდა განვითარებულ ქვეყნებსაც ახასიათებს. ამის შედეგად ბაზარმა თანდათან სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი მიიღო. ბოლოს კი მთავრობის წარმომადგენლები ექსტაზში შევიდნენ და განაცხადეს, რომ მთავარია ბაზარი და არა სახელმწიფო. არადა ეს უკანასკნელი მხოლოდ ის მექანიზმია, რომელიც ჯარს, თავდაცვას, უსაფრთხოებას და ძალოვან სტრუქტურებს უნდა განაგებდეს, რაც ჩვენს ქვეყანაში უმაღლეს დონეზე განხორციელდა. მეორე ტენდენციაა გლობალიზაციის შედეგად გლობალურ ეკონომიკაზე დამოკიდებულება. ძალაუფლებისა და ფინანსური სახსრების მობილიზება მხოლოდ უმცირესობის ხელში. პროცესს ლაიტმოტივად გასდევს მოგებაზე ორიენტაცია ყოველგვარი სოციალური სარგებლის გარეშე. 2008 წლიდან მოყოლებული და 2009 წლის მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოცხადდა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი ძალაში შევიდა, ხშირად შეხვდებით სტატიებს იმის თაობაზე, რომ ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. ტაბუ მოხსნილია: უკვე ხმამაღლა შეიძლება ამ საკითხზე საუბარი. კეთდება დასკვნები, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ მარეგულირებელი და მედიატორია, არამედ იგი უნდა იყოს სოციალური კეთილდღეობის მასტიმულირებელი ალტერნატივის გარეშე. ბოლო სამ წელიწადში ფინანსურმა ორგანიზაციებმა, იგივე “სამმაიამ”, ორიენტაცია აიღეს გენდერული ასპექტის გათვალისწინებაზე. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის სხდომაზე მათ გაახმოვანეს, რომ გენდერული ინტეგრირების გარეშე ბანკის ქმედება შეუძლებელია. იგივე სამოქმედო გეგმა შეიმუშავა მსოფლიო ბანკმაც. პროექტის ექსპეტრმა გენდერული ბიუჯეტის საკითხებში მიხეილ თოქმაზიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენაზე და გენდერულ მიდგომებზე. იგი აცხადებს, რომ გლობალური კრიზისის გამო საქართველოში ფულადი ნაკადები და ინვესტიციები შემცირდა, რამაც სამუშაო ადგილების მკვეთრი შემცირება გამოიწვია. სამომხმარებლო ფასები ის სექტორია, რომელმაც ქვეყანა კრიზისისგან უნდა იხსნას. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად ფასების შემცირებას უნდა შეეწყოს ხელი. საქართველოს სამშენებლო სექტორში კატასტროფულად გაიზარდა ფასები ბოლო 3 წელიწადში. მთავრობის მხარდაჭერა და ინტერვენცია სამშენებლო სექტორში კარგია, მაგრამ თუ ამას ფასების შემცირებაც არ მოჰყვა, შეიძლება საქართველოს ეკონომიკამ მიიღოს აშენებული სახლები მყიდველის გარეშე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა მამაკაცია. მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში, რომელიც 2010 წლიდანაა მოსალოდნელი, შეიძლება თან ახლდეს ორნიშნა ინფლაციის რისკი, რაც საქართველოსათვის ყველაზე დიდი პრობლემა გახდება. გენდერული თვალსაზრისით სამომხმარებლო ფასების ზრდა ბევრ ქართულ ოჯახს დააზარალებს. ასევე მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება 2010 წლისათვის. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რა კეთდება ახლა და არ არსებობს მთავრობის მიერ შემუშავებული გადარჩენის სამოქმედო გეგმა მომავლისათვის.
რას აკეთებს მთავრობა გენდერული თანასწორობის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში?
ოფიციალურად საქართველოში არსებობს დემოკრატიული და სოციალურად თანასწორი საზოგადოების ფორმირების პოლიტიკური ნება, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები ვერ უზრუნველყოფენ დემოკრატიული ფასეულობების რეალიზაციას. ქალთა მონაწილეობა ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას კვლავ ნომინალურია. სახელმწიფო მართვის სხვადასხვა დონეზე ვერ ხორციელდება გენდერული თანასწორობის პოლიტიკა. მთავრობის წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების შესახებ, თუმცა ღარიბი მოსახლეობის რიცხვი საქართველოში მკვეთრად არ შემცირებულა. უფრო მეტიც, სიღარიბე საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემა გახდა. ამიტომ იკლო შობადობის რიცხვმა. ხშირია ეკონომიკური პრობლემების გამო ოჯახების დანგრევა. იზრდება მარტოხელა დედების რიცხვი. აუცილებელია აღინიშნოს ქალთა შრომითი ემიგრაციის ინტენსიური ზრდა, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ოჯახის სტრუქტურასა და გენდერულ ფუნქციებს. საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციები ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინდიკატორია. თუ ქვეყანაში რეალურად დადგება სიღარიბის დაძლევის საკითხი, მაშინ უნდა გატარდეს აქტიური დასაქმების პოლიტიკა, რომელიც ხანგრძლივ პერიოდზე იქნება გათვლილი და არ შემოიფარგლება 3 თვიანი პროგრამებით. სოციალურ განვითარებას კი გენდერული შინაარსი აქვს. ქალებს უწევთY საკუთარ თავზე აიღონ ზრუნვის ეკონომიკა, ანუ ოჯახის, ბავშვებისა და მოხუცების მოვლა-პატრონობა. წინა წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯები უპირატესად მამაკაცებთა დასაქმებას ითვალისწინებს. პრიორიტეტული სფეროებია: თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება. მათთვის გათვალისწინებული ხარჯები აღემატება განათლების, ჯანდაცვისა და სოციალურ დაცვისათვის დახარჯულ თანხებს. 2008 წელს კი ამ სფეროების დაფინანსება ერთმანეთს მცირედით მიუახლოვდა. 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით საქართველოში მიმდინარე მოვლენების გავლენით პრიორიტეტული ხასიათი მიიღო სოციალურმა ხარჯებმა. ეს გამოწვეული იყო რუსეთთან ომით, გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად ეკონომიკური აქტივობის შემცირებით, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაცემით, უმუშევრობის ზრდითა და სოციალური ფონის გაუარესებით.
ფინანსური პოლიტიკის გენდერული ორიენტაცია აუცილებელია იმისათვის, რომ ქალებმა მამაკაცის მსგავსად მიიღონ დაწინაურებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ძლიერი ოჯახი კი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწინდარია.