საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 15%-მდე შემცირდება
რედაქციისაგან
სახელმწიფო კანცელარიაში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სამუშაო ჯგუფი რამდენიმე თვეა საფინანსო კოდექსის პროექტზე მუშაობს. რა იქნება დოკუმენტის ძირითადი არსი და მიზანი, ამის შესახებ მთავრობაში კონკრეტულად არავინ საუბრობს და მომზადებული დოკუმენტის კონკრეტული სახელიც დღემდე არ სახელდება. თუმცა მთავრობის 17 ივნისის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში რევოლუციური ცვლილებები იგეგმება. სხდომაზე განხილული საკითხებიდან პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ და მთავრობის წევრებმა ცვლილებების იმ პაკეტზე იმსჯელეს, რომელიც უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება და ძირითადად გადასახადების შემცირებას გულისხმობს.
გურგენიძის განცხადებით, მთავრობას კანონპროექტის პაკეტის საკმაოდ დაბალანსებული ვარიანტი აქვს შემუშავებული, მაგრამ პარლამენტში დისკუსიის შედეგად შესაძლოა დოკუმენტმა გარკვეული მოდიფიკაციაც განიცადოს.
როგორც გურგენიძემ აღნიშნა, გარდა გადასახადების შემცირებისა, ეს პაკეტი რამდენიმე კონკრეტულ ღონისძიებას და საკანონმდებლო ცვლილებას ითვალისწინებს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოში მეღვინეობის და მევენახეობას განვითარებას შეეხება, რაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არათუ საჭიროა, არამედ დროულიცაა, რადგან რთველი საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება.
კონსულტაციები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის მთავრობის სხდომამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან კონსულტაციები გამართეს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ, სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ და ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა. მთავრობის წარმომადგენლებს შეხვედრამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ და მხოლოდ შეხვედრის თემა დააკონკრეტეს.
საპარლამენტო უმრავლესობიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი. როგორც ირკვევა, “საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 15%-მდე ეტაპობრივად, 2013 წლის 1 იანვრამდე შემცირდება. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს დივიდენდების და პროცენტების დაბეგვრის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებასაც.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე დამატებით კონსულტაციები იქნება საჭირო, რათა დაკონკრეტდეს, თუ რა ვადებში და რა კონკრეტულ სქემებში მოხდება აღნიშნული შემცირებები.
“საგადასახადო კოდექსში ცვლილებების გარდა, შეხვედრაზე საუბარი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილება უკვე მესამედ შევა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძესთან კონსულტაციების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, შემოსავლები დაგეგმილზე მეტია, რაც შესაბამისად ბიუჯეტში ცვლილებას საჭიროებს. ფინანსთა მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ რამდენით იზრდება ბიუჯეტი და რა პრიორიტეტებით გადანაწილდება ის, აღნიშნა, რომ ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი მთავრობის სხდომაზეც განიხილეს.
ამასთან, შეხვედრაზე საუბარი იყო საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტზეც, რომელიც საშემოსავლო განაკვეთის 25-დან 15 პროცენტამდე ეტაპობრივად შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა დეტალურად მთავრობის წარმომადგენლებს არც ამის შესახებ უსაუბრიათ.