განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა: სტრატეგია და პრობლემები
რევაზ გველესიანი, თსუ სრული პროფესორი, ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორი
ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის საყოველთაო მიზანია გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრების პირობები. ეს პოლიტიკა მიჰყვება ხანგრძლივი გლობალური განვითარების გზას, რომელიც დღევანდელი თაობის წინსვლის შესაძლებლობებს ისე უზრუნველყოფს, რომ არ შეიზღუდოს მომავალი თაობების შანსები. გლობალურად ხანგრძლივი განვითარების წინაპირობაა სამი შუალედური მიზნის მიღწევა: 1. ეკონომიკის ზომიერი ზრდა; 2. სოციალური სამართლიანობა და 3. ეკოლოგიური სიმტკიცე.
განვითარების ბოლო პერიოდების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი განვითარებად ქვეყნებში, პირველ რიგში, მდგომარეობს შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩარჩო-პირობებში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ გაიხსნა ახალი შესაძლებლობები, რომ ისინი უფრო მძლავრად გაგვეთვალისწინებინა ცენტრალურ ევროპაში. გფრ-ის ხელისუფლებამ გამოაცხადა განვითარების ხელშემწყობი ხუთი უმნიშვნელოვანესი შიდა ჩარჩო-პირობა განვითარების პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოსაყენებლად:
ადამიანის უფლებების დაცვა;
მოსახლეობის მონაწილეობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში;
სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა;
სოციალური საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება;
სახელმწიფოებრივი საქმიანობის განვითარებაზე ორიენტირება.
90-იანი წლების დასაწყისიდან განვითარებად ქვეყნებში მსჯელობენ და სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ადამიანთა უფლებებს, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების, მრავალპარტიული სისტემის, საბაზრო ეკონომიკური მართვის პრინციპების საკითხებს. გამონაკლისს წარმოადგენენ ქვეყნები, რომლებიც სოციალისტური იდეოლოგიის მემკვიდრენი არიან ( ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა) და ისლამისტურ-ფუნდამენტური რეჟიმები (ირანი, სუდანი).
განვითარებადი ქვეყნებისთვისაც წინა პლანზე დგას ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავლის ზრდის ეკონომიკური მიზანი, როგორც მზარდი კეთილდღეობის გამოხატულება მატერიალური თვალსაზრისით. მისი დაკონკრეტება ხდება ზოგადად ბრუტო შიდა პროდუქტის გარკვეული ეკონომიკური ზრდის, სექტორულ-პოლიტიკური ან საგარეო ვაჭრობის პოლიტიკური მიზნებით. ამის საპირისპიროდ მინიშნებები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიზნებზე (უსაფრთხოება, თავისუფლება და სამართლიანობა) უკეთეს შემთხვევაში გვხვდება პოლიტიკურ განცხადებებში. მათ ცხოვრებაში გატარებას ხშირად ხელს უშლის გაბატონებული ელიტის პრეტენზია ძალაუფლებაზე. ამის გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად ბევრ განვითარებად ქვეყანაში (მაგალითად, აფრიკაში) სოციალური სამართლიანობის მიზანს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის ხშირად კონფლიქტშია ალოკაციურად მიმართულ ეფექტურ მიზანთან, როგორიც იყო მაგალითად, წლების მანძილზე Bretton Woods-ის ინსტიტუტების მოთხოვნა. მათ მიერ წარმოდგენილი, გარკვეულწილად აშშ-ს მთავრობის გავლენის ქვეშ მყოფი, ნეოლიბერალური დოგმები არის დღემდე მსოფლიო წესრიგის წარმართვის ინსტრუქცია. იგი ცნობილია “ვაშინგტონის კონსენსუსის” სახელწოდებით.
საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭიროა აგრეთვე განვითარების პროცესის ხელშემწყობი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების და პროცესების გათვალისწინება. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ განვითარებადი ქვეყნები მრავალი წლის მანძილზე ეწევიან არსებული მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის კრიტიკას. ისინი შრომის საერთაშორისო დანაწილების წარსულ და ამჟამინდელ ფორმებში, განსაკუთრებით გაცვლის პირობებში, ხედავენ მათი ეკონომიკის სისუსტის მთავარ მიზეზს. ისინი ამით მიჰყვებიან დამოკიდებულების თეორიას. წლების მანძილზე წამოყენებულ იქნა კონკრეტული ეკონომიკური მოთხოვნები. მაგალითად, ნედლეულის ფასების სტაბილიზაცია გაერო-ს სხვადასხვა კომისიაში.
საბოლოო მიზანია აქამდე ძირითადად საბაზრო მექანიზმების მიერ მართული მსოფლიო-ეკონომიკური პროდუქციის განაწილების გადაწყვეტილება. პრინციპში ეს არის განაწილების პრობლემა, რომელიც ჩვენ შეგვხვედრია ჩვენი ეკონომიკის ფარგლებშიც. ყოველ შემთხვევაში განაწილების შედეგი უნდა შეიცვალოს, საკითხავია მხოლოდ ის, უნდა გამოირიცხოს თუ არა საბაზრო მექანიზმი. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, მოხდეს ან ფასების ფიქსირება (არასაბაზრო კონფორმული ღონისძიება) ანდა გაღებულ იქნას დახმარებები, დაწესდეს გამათანაბრებელი გადასახადები. თუ ფასები დაფიქსირდება, რომლებიც არ არიან წონასწორობის ფასები, მაშინ ეს გამოიწვევს მცირე წარმოების საშუალებების არასწორ განაწილებას, ფასები დაკარგავს მომწესრიგებლის ფუნქციას.
უმჯობესი იქნებოდა შრომის გაძლიერებული დანაწილება, რომელიც არა მარტო განვითარებად ქვეყნებს, არამედ ინდუსტრიულ ქვეყნებსაც მოუტანდა უპირატესობას. აქედან გამომდინარე, პრობლემები, რომლებიც სამრეწველო ქვეყნებში გვხვდება (უმუშევრობის ზრდა) იწვევენ იმას, რომ განვითარებადი ქვეყნებისათვის შრომის მსოფლიო ეკონომიკურ დანაწილებაში ჩართვის პროცესი ადვილი არ იქნება. WTO-ს შექმნამაც ვერ მოახდინა არსებითი ცვლილებები. მსოფლიო გლობალიზაციის პროცესების დინამიკა უფრო მეტად გვაფიქრებინებს, რომ ამის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზრდიდან განვითარებადი ქვეყნები მოგებას ვერ მიიღებენ. ეს შიში დასტურდება იმაზე დაკვირვებითაც, რომ მსოფლიო მასშტაბით იკლებს ნედლეულის მნიშვნელობა. წარმოებაში ნედლეულის ინტენსიურობის შემცირებით იკლებს განვითარებადი ქვეყნების შანსები ჩაერთონ გლობალიზაციის პროცესში განვითარების ხელშეწყობის საბაბით.
განვითარების კუთხით თანამშრომლობის პირობებში ინდუსტრიულმა ქვეყნებმა თავიანთი საქმიანობა უნდა შეუსაბამონ დასახულ მიზნებს. თუ დასაწყისში მათ მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის ჰუმანიტარული დახმარება, როგორც ჰუმანური მიზანი, წინა პლანზე იდგა, ამჟამად ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური მიზანი. ამასთან არ არის საიდუმლო, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა სასარგებლო უნდა იყოს საკუთარი ეკონომიკისთვისაც, მაგალითად, დასაქმების სფეროში.
განვითარებად ქვეყნებს ადრე ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში გფრ-ის საკრედიტო ინსტიტუტებიდან აღმშენებლობისათვის (KfW) მიღებული კრედიტები ან დახმარებები შეეძლოთ გამოეყენებინათ საქონლის შესასყიდად ან დანადგარების შესაძენად სხვა ქვეყნებშიც. არ არსებობდა აუცილებლად მიმწოდებელზე დამაგრება. ევროპული კავშირისათვის კი ძალაშია ის, რომ მის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე და პროექტებზე უნდა განხორციელდეს საერთაშორისო წესები, შეკვეთა კი უნდა მოხდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საწარმოებზე.
სამრეწველო ქვეყნების მიზნები საბოლოოდ ორიენტირებულია საკუთარ ღირებულებათა სისტემაზე. ისინი მიჰყვებიან მოდერნიზების თეორიებს. მხოლოდ შედარებით გვიან გაეწია ანგარიში იმას, რომ ევროკავშირში ცალკეული ქვეყნების სპეციფიკური სოციოკულტურული და რელიგიური განზომილებები უნდა იქნას გათვალისწინებული.
ცხადი ხდება, რომ მიზანთა სისტემა მკაფიო პოლიტიკურ ნიშნებს ავლენს. საბაზრო ეკონომიკური წესრიგი და დემოკრატიული სისტემა ერთმანეთს განაპირობებს. ამით შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ მოსახლეობის ფართო მასები ჩაებნენ სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. საბოლოო მიზანი, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება. მიზნის შესახებ დისკუსიის დროს არ უნდა გამოგვრჩეს, რომ დასახული ეკონომიკური მიზნები წარმოადგენს საშუალებას დემოკრატიზაციის და ადამიანთა უფლებების დაცვის საქმეში წვლილის შესატანად. დადებითი პოლიტიკური საქმიანობა ჰპოვებს მხარდაჭერას, დარღვევები კი “ისჯება” ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში დახმარებათა შეკვეცით ან მათი შეწყვეტით.
უამრავ შესაძლო მიზნების კონფლიქტთაგან მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს. ისინი გვხვდება განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ აგრეთვე დახმარების გამცემი და მიმღები ქვეყნების მიზნებს შორისაც.
მიზანთა კონფლიქტები განვითარებად ქვეყნებში ვლინდება მიზანთა პრიორიტეტების დადგენასა და განხორციელებაში. ისინი მაშინ იჩენენ თავს, როცა ყურადღებას აქცევენ შეზღუდულ სახელმწიფო ფინანსურ რესურსებს. უპირატესად განათლების სისტემა (დაწყებითი, საშუალო თუ საუნივერსიტეტო განათლება), თუ ჯანდაცვა და მატერიალური ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს? გადაწყვეტილებები რთულდება იმით, რომ ბევრ განვითარებად ქვეყანაში დღემდე სამხედრო ხარჯებს ეძლევა უპირატესობა. ცარიელი სახელმწიფო ხაზინების გამო ბევრი ქვეყანა, დონორთა რჩევებითაც, გადავიდნენ იმაზე, რომ ადრე უსასყიდლოდ გაცემულ დახმარებებზე (მაგალითად, ჯანმრთელობის სფეროში, განათლების სისტემაში) გადასახადები შემოეღოთ. ამით ისედაც ღატაკი მოსახლეობის ჯგუფები კიდევ უფრო ზარალდებიან, რაც განაწილების პოლიტიკის კონფლიქტური შემთხვევაა.
განვითარებისათვის თანამშრომლობის მიზნებისა და მოცულობის განსაზღვრისას შეიძლება კონფლიქტები მაშინ წარმოიშვას, თუ არსებობს მიზნების შესახებ განსხვავებული წარმოდგენები დახმარების გამცემებსა და მიმღებებს შორის. მზარდი პირობითობა (დახმარების გაწევა გარკვეული პირობების შესრულებასთანაა დაკავშირებული) აიძულებს განვითარებად ქვეყნებს, თუ მათ სურთ მიიღონ დახმარება ან საერთოდ მასზე არიან დამოკიდებული, “დაქვემდებარებას”, კონფლიქტები აშკარა ხდება. აქ საჭიროა შეთანხმებები, რომელთა ფორმალიზება მხოლოდ პირობითად შეიძლება.
განვითარების პოლიტიკური მიზნების რაციონალიზება მიზანთა ქვედა საფეხურზე სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროში (სკოლაში შემსვლელთა წილები, წერა-კითხვის გავრცელების წილი, დაავადებების შემთხვევები და საექიმო დახმარების უზრუნველყოფა და ა.შ.), შედარებით მარტივია. ეკონომიკურ-რაოდენობრივი კომპონენტებიც ბრუტო შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ კარგად განისაზღვრება. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას არაფორმალურ სექტორში მოპოვებული ღირებულების ნამატის განსაზღვრაში. ძნელია აგრეთვე მიზნების რაოდენობრივი განსაზღვრა პოლიტიკურ სფეროში. როგორ უნდა გაიზომოს სამართლებრივი უსაფრთხოება? როდის გვაქვს საკმაოდ სტაბილური დემოკრატიული სისტემა? ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ აფრიკაში საჰარის სამხრეთით დემოკრატიზაციის მოთხოვნები შეასრულა მრავალპარტიული სისტემების შემოღებით და არჩევნებით ფორმალურად, საერთაშორისო დონორთა მოლოდინის შესაბამისად. ამასთან, ნაკლებად იკითხა ვინმემ “დასავლური დემოკრატია” არის თუ არა აფრიკული სოციოკულტურული რეალობის ადეკვატური მოდელი.
დონორი ქვეყნების და ორგანიზაციების განვითარების პოლიტიკაში მიზნები აისახება, ერთის მხრივ, დახმარებაგაწეულ ქვეყნებში მიღწეული განვითარების პროგრესში, ხოლო მეორეს მხრივ, მათი წვლილი შეიძლება განისაზღვროს დახმარების ოდენობით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე ეხება ნომინალურ სიდიდეებს, ანუ რეალურად დახმარება განვითარებისათვის ძლიერ შემცირდა.
განვითარების პოლიტიკის აქცენტებმა კვლავ გადაიწია. 60-იანი წლების დასაწყისიდან მიღებული იყო დეკადებად დაეყოთ განვითარების გარკვეული სტრატეგიისათვის დამახასიათებელი გლობალური მიზნები. 1961-1970 წლების პირველი დეკადისათვის ისინი ასე გამოიყურებოდნენ: ბრუტო შიდა პროდუქტის ყოველწლიური 5%-იანი ზრდა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 3%-ით, სამრეწველო პროდუქცია – 8,5%-ით და თერმს ოფ თრადე 10%-ით უნდა გაუმჯობესებულიყო. შემდგომი დეკადებისათვის მიზნები უკეთესობისაკენ იყო დასახული. 1990 წლის მე-4 დეკადა დეკემბერში გამოცხადდა, როგორც “გაეროს საერთაშორისო განვითარების სტრატეგია”. ის ძალაში შევიდა 1991 წლის დასაწყისში. ზოგიერთი მიზანი დეკადებში საერთოდ არ შესრულდა, მაგრამ მათ მაინც დადებითი როლი შეასრულეს იმაში, რომ განვითარების პოლიტიკამ წმინდა რაციონალურ სიდიდეებზე აიღო ორიენტაცია და შესაძლებელი იყო მათი “შედეგების” გაზომვა.
70-იანი წლების შუა პერიოდიდან ხდებოდა ძირითადი მოთხოვნილებების, როგორც სტრატეგიის პროპაგანდა. ნათელი გახდა, რომ ადაპტაცია ერთი დეკადის დროსაც უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. მესამე დეკადაში (1981-1990) პირველად დასახელებული ეკონომიკური სიდიდეები შეივსო სოციალური მიზნების სიდიდეებით: ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სასმელი წყლით უზრუნველყოფა, შიმშილისა და ცუდი კვების დაძლევა. ეს არის დღესაც ძირითადი ორიენტირი შეცვლილი ფორმით: სიღატაკის დაძლევის პოლიტიკა არის წინაპირობა “სოციალურად სამართლიანი” და ამით სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისათვის.
გაერომ 2000 წელს დასახა განვითარების მიზნები 2015 წლამდე ნაწილობრივ რაციონალური ფორმით:
1. ექსტრემალური სიღატაკის და შიმშილის დაძლევა (იმ ადამიანთა რაოდენობის განახევრება, რომელთა შემოსავალი დღეში ერთ დოლარზე ნაკლებია);
2. დაწყებითი სასკოლო საყოველთაო განათლების განხორციელება;
3. ქალისა და მამაკაცის თანაბარ პირობებში ჩაყენებისათვის ხელშეწყობა;
4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დაავადებებთან ბრძოლა (შიდსი, მალარია და სხვა);
5. ეკოლოგიური მდგრადობის განმტკიცება;
6. საყოველთაო პარტნიორობის დამკვიდრება (აღმშენებლობა).
ევროკავშირი ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში COTONOU-ს 2000 წლის ხელშეკრულების თანახმად ეხმარება AKP-ს 77 ქვეყანას (აფრიკის, კარიბის და წყნარი ოკეანის ქვეყნებს). მისი ხანგრძლივობა შეადგენს 20 წელიწადს. ხელშეკრულება ეფუძნება 4 ძირითად პირობას:
1. პარტნიორთა თანასწორობა და განვითარების სტრატეგიებისადმი პირადი პასუხისმგებლობა;
2. თანამონაწილეობა;
3. დიალოგისა და ორმხრივი ვალდებულებების შესრულების მთავარი როლი;
4. დიფერენცირება და რეგიონალიზაცია.
ხელშეკრულების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს სამი ძირითადი ელემენტი: 1. ადამიანთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა, 2. დემოკრატია და 3. სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა. ამას ემატება სახელმწიფოს მართვაში პასუხისმგებლობა. ამ მხრივ საჭიროა ტრანსპარენტულობა და ადამიანური, ბუნებრივი, ეკონომიკური და ფინანსური რესურსების პასუხისმგებლობით მართვა და მათი გამოყენება კარგად გააზრებული და განუხრელი განვითარებისათვის.
AKP-ს სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა სულ უფრო მძლავრად, ვიდრე აქამდე, იქნება მიმართული მთავარი მიზნისაკენ სიღატაკესთან ბრძოლისაკენ. ეს უზენაესი მიზანი გავრცელდება პოლიტიკურ განზომილებაზე (“სახელმწიფოს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით მართვა”), ვაჭრობაზე და განვითარების პოლიტიკურ განზომილებაზე. პარტნიორობა მიმართულია მართვაში სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიური მონაწილეობისაკენ, კერძო მეწარმეობის, რეგიონალური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისაკენ და ასევე დაფინანსების წყაროების ეფექტურად და მოქნილად გამოყენებისაკენ.
განვითარების პოლიტიკაში “სწორი” სტრატეგიული გზა უდავოა. ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფოებს შორის კოოპერაციის შექმნასთან ერთად, რომელიც ძირითადად პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში მდგომარეობს, არსებობს მოსაზრება, რომ დახმარება განვითარებისათვის კერძო ინიციატივას მხოლოდ აფერხებს. უკეთესი გზა იქნებოდა თანმიმდევრული საბაზრო ეკონომიკური ორიენტაციით და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მსოფლიო სავაჭრო სისტემაში ჩართვით “take-off” – ამდე მიღწევა. ეს პოზიციები შეიძლება დაყვანილ იქნას გამონათქვამზე “Trade is better than Aid. COTONOU-ს ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანია, რომ ის ორივე კომპონენტის ჩართვას ცდილობს კოოპერაციაში პარტნიორული თვალსაზრისით.
სოფლის მეურნეობის, როგორც უწინდებურად წამყვანი სექტორის, განვითარებისათვის ბევრ განვითარებად ქვეყანაში პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ამან კი იმოქმედა არა მხოლოდ სოფლის დატოვების, არამედ ევროპისაკენ მზარდი მიგრაციის წინააღმდეგაც. მიწის უკეთესად გამოყენების შესაძლებლობები ირიგაციით და სასუქების შეტანით არ ამოიწურება. ხშირად საჭიროა წარმოების სხვა მეთოდებიც. მიუხედავად მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობებისა, კლიმატზე სოფლის მეურნეობის განვითარების დამოკიდებულების პრობლემა მაინც რჩება. კატასტროფები გვალვის შედეგად, წყალდიდობები აზიაში (ბანგლადეშსა და ჩინეთში) ამის ცნობილი მაგალითებია. აგრარული პროდუქციის მწარმოებელ ქვეყნებში, გარდა ამისა, შეიმჩნევა, რომ სოფლის მეურნეობის ციკლი განსაზღვრავს კონიუნქტურულ განვითარებას მთელ სახალხო მეურნეობაში, მაგალითად, მცირე ეკონომიკები ბურუნდსა და რუანდაში, რომლებიც დამოკიდებული არიან ყავისა და ჩაის წარმოებაზე. როცა მოსავალი იყიდება, მაშინ სოფლის მეურნეობებს გააჩნიათ ლიკვიდურობის საშუალებები, რომელიც გამოიყენება სამომხმარებლო საქონლის შესაძენად. მთელი მეურნეობის სამომხმარებლო საქონელზე მოთხოვნა ამით ძალიან იკლებს და შემდგომ მოსავლამდე ცოტა ხნით ადრე აღწევს უდაბლეს წერტილს.
მდგომარეობის გაუმჯობესება დამოკიდებულია მთელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებზე:
მიწის რეფორმა (მიწის გამოყენება, საკუთრების საკითხები);
კრედიტების გაცემა თესლის, წარმოების საშუალებების საყიდლად და ა.შ.;
სასუქების შეტანის, რწყვისა და მავნებლებთან ბრძოლის კომბინაციების შესაძლებლობა;
მოსავლის მიღებისა და გასაღების ორგანიზება;
შენახვის პირობების გაუმჯობესება;
პროდუქციის გასაღებისათვის ხელშეწყობა.
სოფლის მეურნეობა უფრო ძლიერ უნდა იქნას ჩართული განვითარების პროცესში. ამასთან, მმართველობის ეფექტურობის ამაღლებამ და მისმა დეცენტრალიზაციამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს, მაგრამ ამის წინაპირობა არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა სერიოზული ნება, მოახდინონ პოლიტიკური ძალის დეცენტრალიზაცია (პირველ რიგში, საკუთარი შემოსავლების განკარგვა სახელმწიფოს დაქვემდებარების დონეზე).
განვითარებადი ქვეყნებისათვის დიდი ხანია გაცვლის რეალური პირობები გაუარესდა, ანუ განვითარებადი ქვეყნები იმპორტით იღებენ სულ უფრო ნაკლებ შემოსავალს ექსპორტირებულ ტონა ყავაზე, კაკაოზე, სპილენძზე, კალაზე და ა.შ. მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, გაცვლის რეალური პირობები ბოლო წლებში განსხვავებულად განვითარდა, რაც, პირველ რიგში, უარყოფითად აისახა დაბალი შემოსავლის მქონე აფრიკულ ქვეყნებზე. ლიბერალიზაციისა და გლობალიზაციის საყოველთაო პროცესი შეუძლებელს ხდის სატარიფო და არასატარიფო პროტექციის შემცირებით უახლოეს ხანში გაუმჯობესდეს მდგომარეობა განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ.
განვითარებისადმი სწრაფვამ ბოლო ათწლეულებში განვითარებადი ქვეყნები მიიყვანა დიდ საგარეო ვალამდე. ისინი დღესდღეობით იძულებული არიან ექსპორტით მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი გაიღონ ვალების დასაფარავად, რესურსები, რომლებიც აკლიათ საკუთარი განვითარებისათვის.
საგარეო ვალი ბევრი ქვეყნისათვის გახდა განვითარების შემაფერხებელი:
კრედიტები გამოიყენება სამომხმარებლო და არა საინვესტიციო მიზნებისათვის;
ექსპორტის გზით მიღებული შემოსავლები განვითარებად ქვეყნებში ბოლო 30 წელიწადში 50%-ზე მეტით შემცირდა, ასე რომ ვალების მომსახურებისათვის მათ არ გააჩნიათ საკმარისი ვალუტა;
განსაკუთრებით 80-იან წლებში გადასახდელი პროცენტები ძალიან მაღალი იყო.
ვალების მდგომარეობა ეკონომიკურ ქმედითუნარიანობასთან მიმართებაში საჰარის სამხრეთით აფრიკულ ქვეყნებში ჯერ კიდევ ძალზე მაღალია, თუმცა შემცირების ტენდენციით. მიზეზი მრავალმხრივია. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სამრეწველო ქვეყნების სულ უფრო ნაკლები მზადყოფნა, გასცენ ახალი კრედიტები. ნეტო-კაპიტალის შემოსვლა ბოლო წლებში აღარ მოხდა. უფრო ჭარბობს გადინება. კრედიტების დაფარვამ ნაწილობრივ გადააჭარბა ნეტო-შემოსავალს. 80-იანი წლების დასაწყისიდან ვალების სიდიდე თითქმის გაოთხმაგდა. საექსპორტო შემოსავლებიდან ვალების დიდი რაოდენობით გაცემა უწევთ განსაკუთრებით სამხრეთ აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს. თუმცა ამ ოდენობამ ბოლო წლებში დაიკლო. ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით განხილვა გვიჩვენებს, რომ ძალზე ღარიბ განვითარებად ქვეყნებს დიდი ოდენობით ვალები აქვთ.
თუ რომელიმე ქვეყანას არ შესწევს გადახდის უნარი – ცნობილია, რომ საქმე ეხება საგარეო ვალებს, რომლებიც აღებულ იქნა უცხოურ ვალუტაში, ანუ ფულში, რომელიც ამ ქვეყანას თვითონ არ გააჩნია – მაშინ საუბრობენ პროცენტების ან ვალების მორატორიუმზე: პროცენტები ან დასაფარი ვალები დროებით შეჩერდება. ეს ზოგადად ნიშნავს ნდობის დაკარგვას ამ ქვეყნის მიმართ, დღევანდელი და პოტენციური კრედიტორები ახალი კრედიტების გაცემაზე თავშეკავებული ხდებიან. მაგრამ რადგანაც ვალუტის ფლობა მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტისათვის მომავალი განვითარების საწინდარია, დავალიანების მქონე ქვეყანა ყველაფერს მოიმოქმედებს აღადგინოს თავისი გადახდისუნარიანობა და ძველი ვალები წესის შესაბამისად დაფაროს.
ვალების პრობლემის გადასაჭრელად (ზედმეტი ვალები, უცხოური კრედიტების გასტუმრების უუნარობა) უამრავი შესაძლებლობა არსებობს:
ვალების კონვერსია,
ვალების გარდაქმნა,
დადგენილება ვალების შესახებ,
ექსპორტის უნარის ამაღლება,
პირდაპირი ინვესტიციების ზრდა.
პარიზის კლუბში დასავლეთის კრედიტორი ქვეყნების მეტწილად არაფორმალურ შეხვედრებზე მოვალე ქვეყნებთან ცდილობენ ვალების მომსახურების პრობლემა ერთობლივად გადაჭრან. აქ ხდება მოლაპარაკება საზოგადოებრივად გარანტირებულ ვალებზე იმ მიზნით, რომ აღდგეს ვალების მომსახურების უნარიანობა. ამის საშუალებად იყენებენ სასწრაფოდ გადასახდელი ვალების გადავადებას და დადგენილებებს ვალების შესახებ. პარიზის კლუბის სახელმწიფოებმა 1988 წელს გამოთქვეს მზადყოფნა, გარკვეული პირობებით უარი თქვან მათი მოთხოვნების 30%-ზე (ვალების ეფექტური შეკვეცით ან ვალების მომსახურების შემცირებით) დაბალი შემოსავლების მქონე მაღალი დავალიანების განვითარებადი ქვეყნების მიმართ. ამ დროიდან იდება მთელი რიგი შეთანხმებები კრედიტორ და დავალიანების მქონე ქვეყნებს შორის. ბილატერალურ დონეზე მოხდა ასევე ვალებისაგან გათავისუფლება ან ისინი გადაიქცა დახმარებად ან კიდევ კრედიტების გაცემის კონდიციები გაუმჯობესდა. ძირითადად იმავე მიზანს ემსახურება ვალების კონვერსიის მოლაპარაკებები ლონდონის კლუბში, იმ განსხვავებით, რომ აქ საქმე ეხება კერძო კრედიტებს.
უკვე 80-იან წლებში არსებობდა მთელი რიგი წინადადებების, რათა ვალების საერთაშორისო კრიზისი დაძლეულიყო, რომელიც ძირითადად გამოწვეული იყო ლათინურ-ამერიკული ქვეყნების მიერ (მაგალითად, მექსიკა და ბრაზილია 1982/83). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა Bრადყ-ის ინიციატივას (აშშ-ს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის გვარის მიხედვით). საშუალო შემოსავლის მქონე ყველაზე მეტად დავალიანებული განვითარებადი ქვეყნებისათვის სამეწარმეო ბანკებსა და დავალიანების მქონე ქვეყნებს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე უნდა მომხდარიყო ვალების ლიკვიდაცია. ამის შესაძლებლობად მიჩნეული იყო:
სავალო ვალდებულების გამოსყიდვა (Debt-Buy-Back): ამ ტრანსაქციით ქვეყანა უკან შეისყიდის სავალო ვალდებულებას მეორეული ბაზრიდან ხაზინის სანაცვლოდ, რომელშიც სავალო ვალდებულებას უკვე ავანსით ყიდიან, რითაც მცირდება ვალების მომსახურება. ერთ-ერთი ხშირად შეუსრულებელი პირობა არის მოვალე ქვეყნის თავისუფალ განკარგულებაში არსებული ვალუტა;
სავალო ვალდებულების გაცვლა კაპიტალის წილზე (Debt-Equity-Swap): საგარეო ვალები გადაიქცევა ქვეყნის შიდა წილად, მაგალითად, ქვეყნის პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში. კრედიტორების უპირატესობაა ის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი სესხები ნომინალური სიდიდით ჩადონ, მოვალე ქვეყნისათვის კი ხდება უცხოური ვალის შემცირება;
ხანგრძლივი დროის მონაკვეთით და დაბალი პროცენტებით სხვა სავალო ვალდებულებებზე გაცვლა (Debt-Bond-Swap): უცხოური ვალები კრედიტორებს არ ეკარგებათ, ხდება მხოლოდ მათზე დაბალი პროცენტების დაწესება და ხანგრძლივი დროით გაცემა, საიდანაც მოვალე ქვეყანასაც ექნება სარგებელი.
მსოფლიო ბანკი 1996 წელს გამოვიდა ინიციატივით 40-ზე მეტ დაბალი შემოსავლის მქონე ძალზე დიდი დავალიანების განვითარებადი ქვეყნების ვალების შესამცირებლად, რომელშიც სოციალური ასპექტებიცაა გათვალისწინებული. ასეთი ქვეყნები იღებენ შესაძლებლობას შეამცირონ თავიანთი ვალები “ასატან” დონემდე. მიზანი მიღწეული იქნება, თუ მთლიანი დავალიანება არ იქნება ორჯერ მეტი, ვალების დაფარვა 25%-ზე მეტი წლიური საექსპორტო შემოსავლებიდან. ამის წინაპირობა არის ის, რომ აღნიშნული ქვეყნები გაატარებენ არა მარტო ეკონომიკურ რეფორმებს, არამედ აგრეთვე სოციალურსაც, რომელთა მიზანი იქნება მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის და განათლების სფეროში.
“დიდი რვიანის სახელმწიფოების” კიოლნის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ფედერალურმა ხელისუფლებამ მაღალი დავალიანების მქონე ღარიბი ქვეყნებისათვის ვალების ჩამოწერის გაფართოებისა და დაჩქარების შესახებ წამოაყენა წინადადება, რომელიც მიღებულ იქნა 1999 წლის შემოდგომაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიურ სხდომაზე. ვალების ჩამოწერა ეხება ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიო ბანკში კრედიტებს მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში იღებენ და იმ ვალების ოდენობას გამოავლენენ, რომელიც ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე 150%-ით მეტია ან სახელმწიფო შემოსავლებზე 250%-ით მეტს შეადგენს. ამ ქვეყნებს უუქმდებათ ყველა ვალი, რომელიც ორივე ზემოთ დასახელებულ პირობაზე მეტია. აქედან საშუალოდ იმას ელიან, რომ ვალებიდან გათავისუფლების შემდეგ ეს ქვეყნები ექსპორტიდან მიღებული მოგების მხოლოდ 10%-ზე ნაკლებს გაიღებენ ვალების გასტუმრებისათვის. გათავისუფლებული ვალების მთლიანი ოდენობა 70 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წამოწყების უზენაესი მიზანი სიღატაკის დაძლევაა, ამიტომ ყველა გამოთავისუფლებული საშუალება სიღატაკის დაძლევას უნდა მოხმარდეს. ამასთან, ასეთი “კვალიფიკაციისათვის”, რომელიც 40-მდე ქვეყანას შეეხო, ამ ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ ქვეყნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე სტრატეგია სიღატაკის დასაძლევად. გერმანიის წილი ვალებიდან გათავისუფლებაზე შეადგენს 5 მლრდ ევროზე მეტს.
ვალების გადავადებებით და ვალებისაგან გათავისუფლებით ნაწილობრივ ისიც მოხერხდა, რომ შემცირებულიყო ვალების მომსახურების წილი. კრედიტორი ქვეყნების ინტერესშიც შედის, რომ მონაწილეობა მიიღონ ვალების გადავადების ოპერაციებში, რადგანაც ამით ვალების მომსახურების ერთი ნაწილი გარანტირებული იქნება და საერთაშორისო საფინანსო სისტემის რისკები შემცირდება. ვალების კრიზისების დაძლევა დამოკიდებულია დავალიანების მქონე ქვეყნების სავალო პოლიტიკაზე და მოახერხებენ თუ არა ისინი კრედიტების სტრუქტურის გაუმჯობესებას (უფრო მეტი საზოგადოებრივი და ნაკლებ პროცენტიანი კერძო კრედიტორები) და სხვა ღონისძიებების გატარებას (ექსპორტუნარიანობის გაუმჯობესება, გაზრდილი პირდაპირი ინვესტიციები). განვითარებად ქვეყნებში წარმოებაში ნედლეულის ინტენსიურობის შემცირების გამო, ერთის მხრივ, და არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის გამო მეორეს მხრივ, რომლებსაც არ გააჩნია გაზრდილი არაპირდაპირი ინვესტიციების წინაპირობა, დიდი რაოდენობით ვალუტის შემოდინებას თითქმის არ უნდა ველოდოთ. ამ კუთხით დავალიანების პრობლემის გადაჭრის მკვეთრ იმპულსებს უახლოეს მომავალში არ ექნება ადგილი. და ბოლოს, მიგვაჩნია, რომ საჭიროა საერთაშორისო საფინანსო არქიტექტურის რეფორმა, რომელიც გლობალიზაციის პროცესის გამო სულ უფრო სასწრაფო ხდება.
სერიოზულ პრობლემას ბევრი განვითარებადი ქვეყნისათვის წარმოადგენს საწყისი მდგომარეობა. ისინი დაზარალებული არიან არა მარტო გეოგრაფიული ფაქტორებით, არამედ მათი არასაკმარისი მონაწილეობით მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. დაგროვილი ვალები და ვალების მომსახურება, მიუხედავად კრედიტორების მიერ ვალების პრობლემის გარკვეული გაადვილებისა, კვლავ წარმოადგენს განვითარებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას. ვალუტა, რომელსაც დანადგარების იმპორტისათვის უნდა იყენებდნენ, იყენებენ უცხოური ვალების მომსახურებაზე.
რამდენადაც არამდგრადი და ნაკლებად მართვადია განვითარების პროცესი, იმდენად ფაქტია, მისი წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მოსახლეობის ზრდის საკითხი. განვითარებად ქვეყნებში 2-3-%-იანი წლიური ზრდით მოსახლეობა ორმაგდება ყოველ 23-35 წელიწადში. წარმოებაც მაშასადამე ზუსტად ასევე უნდა იზრდებოდეს, რათა შენარჩუნდეს ამჟამინდელი ძალზე დაბალი სამომხმარებლო დონე. აქედან ნათელი ხდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქმედითი კონტროლი შობადობაზე და ოჯახების დაგეგმვაზე. განსაკუთრებით აფრიკულ ქვეყნებში ამას ემატება განვითარების პროცესით მოპოვებული წარმატებების განიველირების ეფექტი. მასზე გავლენას ახდენს მაღალი მიგრაცია მეზობელი ქვეყნებიდან. ხანგრძლივი ვადით ძლიერდება ასევე მიგრაციის სურვილი სამრეწველო ქვეყნებისაკენ. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს დადებითი და მზარდი განვითარებისათვის.
მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს, არის განათლების არასაკმარისი დონე. მთელი რიგი განვითარებადი ქვეყნები რესურსებით ღარიბია. ამდენად, განათლებას და კადრების მომზადებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განათლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ძვირი პროდუქტი. ადრე ბევრ ქვეყანაში უმაღლესდამთავრებულების დასაქმება ხდებოდა სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ. ეს ამჟამად აღარ არის შესაძლებელი, რადგან სახელმწიფოს ხარჯები უნდა შემცირდეს. ხშირად ხდებოდა სახელმწიფოს მიერ დასაქმებულთა გათავისუფლება. ეს ტვირთად აწვება არა მარტო შრომის ბაზარს, არამედ ამით რესურსებიც იფლანგება. ეს პროცესი კიდევ უფრო ძლიერდება, როცა ჩარჩო-პირობების გაუმჯობესება კერძო ეკონომიკურ სექტორში ყოვნდება და სახელმწიფოს მიერ უხალისოდ ტარდება გავლენის სფეროების დაკარგვის გამო. ამას ემატება ისიც, რომ განათლების სისტემა ხშირად ძალზე ძლიერ “ჰუმანიტარულ მეცნიერებებად” და ძალზე მცირედ “საბუნებისმეტყველო-ტექნიკურ მეცნიერებებად” არის მოწყობილი და როგორც პროფესიული მომზადების სფეროში, ან მხოლოდ პრაქტიკასთან, ან მხოლოდ თეორიასთან მიმართებაში ხდება მუშაობა. დუალური განათლების ელემენტები გვხვდება მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, მაროკომ 1997 წლიდან ქვეყნის მასშტაბით დუალური სისტემის შემოღებით ორიენტაცია აიღო გერმანულ მოდელზე).
სახელმწიფომ განვითარების პროცესში “ახალი” როლი უნდა ითამაშოს. მან უნდა შექმნას სტაბილური ჩარჩო-პირობები კერძო სამეწარმეო აქტიურობისათვის (ფინანსური წესრიგი, სამართლებრივი წესრიგი და ა.შ.) და მოამზადოს ინფრასტრუქტურა. ამისათვის კი რესურსები ძალზე შეზღუდულია. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბოლო ათწლეულის განვითარების პოლიტიკის შედეგად ბევრმა ქვეყანამ არა მარტო “შინაგანი რწმენით”, არამედ ფინანსური შეზღუდვების მიზეზების გამო მთელი რიგი სახელმწიფო ამოცანების პრივატიზება მოახდინა. თუმცაღა ახალი მიმართულება ყველა სახელმწიფო ფუნქციონერმა ვერ გაიგო ან მათ სურთ ამ მიმართულებას გაჰყვნენ სპეციფიკური პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზნების გატარების დროს პრობლემები იქმნება ასევე კონფლიქტებიდანაც. სტრუქტურული შესაბამისობის პროგრამები, მსოფლიო მასშტაბის ლიბერალიზაციის პოლიტიკა, აშშ-ს მზარდი გავლენის გამოც, მძლავრადაა მიმართული რესურსების ეფექტური განლაგებისაკენ. ამით სამართლიანობის და სოციალური ვალდებულებების მიზნები, რომლებსაც ბევრ განვითარებად ქვეყანაში შედარებით მაღალი ადგილი უკავია, პერმანენტულ კონფლიქტშია.
საბაზრო ეკონომიკა უნდა გავიგოთ არა როგორც უბრალოდ მიზანი, არამედ როგორც საშუალება, რათა მოხდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზნების უკეთ რეალიზება. სახელმწიფოს უკავია წარმართველი როლი საზოგადოებრივი და ინსტიტუციური ზრდის დაბრკოლებების გადალახვაში, რომელიც დასტურდება მოსახლეობის მოტივაციის სტრუქტურაში, ბევრი საჭირო ინფრასტრუქტურის ინვესტიციის ნაკლებ რენტაბელობაში და სუბიექტურ დაურწმუნებლობაში დამატებითი ინვესტიციების შესახებ. ეკონომიკური განვითარების საწყის ეტაპზე საჭიროდ გვეჩვენება მისი მართვა სახელმწიფოს მიერ და კერძო აქტიურობისათვის ხელშეწყობა.
პრობლემები შეიძლება არსებობდეს აგრეთვე განვითარების პროცესის დაგეგმვაში. ამის მიზეზი არის, ერთის მხრივ, მონაცემთა ბაზის, დაგეგმვის მეთოდების და თანხმობის ნაკლებობა დაგეგმვის პროცესში. განვითარების პროცესის დაგეგმვა ადრე სახელმწიფოს მართვის აუცილებლობას შთააგონებდა, ბევრი ქვეყნისათვის ეს იყო დამღუპველი შეცდომა, რომლის გამოსწორებასაც ბევრი დრო დასჭირდა. ძალზე მაღალი განვითარების მიზნისათვის იქმნებოდა ილუზიები საგეგმო დოკუმენტებით. ამ გეგმების განხორციელების დაბალი წილი დასახულ მიზნებთან მიმართებაში ბევრ ქვეყანაში მოგვიანებით გამოვლინდა.
განვითარებად ქვეყნებში მექანიზმების გამოყენების ეფექტურობა ხშირად იმსხვრევა მცირე რესურსების და არაეფექტური სახელმწიფო ადმინისტრირების გამო, მაგრამ ასევე უკვე დასახელებულმა სახელმწიფო შემრიგებლობამაც შეიძლება მიგვიყვანოს სახსრების არათანაბრად გამოყენებამდე. განვითარებისათვის თანამშრომლობაში შეიმჩნევა დამფინანსებელთა ნაკლები კოორდინაცია, რომლის მიღმაც არც თუ იშვიათად დამფინანსებელთა ინტერესები დგას.