საფრანგეთის თავდაცვის ახალი გეგმა

რედაქციისაგან

14-წლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთმა საკუთარი ეროვნული სტრატეგიული პოლიტიკის წარმოჩენა გადაწყვიტა. საფრანგეთის გადაწყვეტილებით, მისი უსაფრთხოება გარანტირებულია ევროპისა და ნატო-ს ფარგლებში.

ახალი სამხედრო და უსაფრთხოების სტრატეგია მცირე და მობილური არმიის პრინციპებს ეყრდნობა, როცა ქვეყანას უფრო ნაკლები ხარჯების გაწევა მოუწევს და უფრო თანამედროვედ იქნება აღჭურვილი. სტრატეგია ითვალისწინებს, რომ ასეთი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნა ფრანგების პრიორიტეტია. ინფორმაცია არ გახმაურებულა ირლანდიურ რეფერენდუმამდე, ანუ ე.წ “ლისაბონის თანხმობამდე”, რათა თავიდან აეცილებინათ ნეიტრალური ირლანდიელების უარყოფითი განწყობა.
თავდაცვის ახალი დოქტრინა მიზმად ისახავს მოამზადოს საფრანგეთი და ევროპა პოსტსაბჭოთა მსოფლიოსათვის, სადაც მუდამ არის სამხედრო მუქარა და რისკების არეალი ეპიდემიიდან დაწყებული კიბერნეტიკულ ომსაც კი მოიცავს.
თავდაცვის სისტემაში მნიშვნელოვნად შემცირდება სამუშაო ადგილები, რაც პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარეა. მაგრამ ამ გზით შესაძლებელი იქნება საჭირო ფინანსების დაზოგვა, რომელიც მოდერნიზებული არმიის მოსამზადებლადაა საჭირო. ეს არმია მზად იქნება ისეთი თავდასხმებისაგან, რომლებიც XXI საუკუნეშია მოსალოდნელი – ტერორიზმი, კიბერნეტიკული ომი, ან სარაკეტო თავდასხმები და არა ტრადიციული შეტევა.
გეგმა ითვალისწინებს სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტის 16%-ზე მეტად გაზრდას, ორჯერ უნდა გადიდდეს კოსმოსის ხარჯები, რათა გაუმჯობესდეს მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სისტემის მუშაობა, გაორმაგდება დაფინანსება ინტელექტუალურ შრომაზეც.
წლების განმავლობაში საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 57.3 მლრდ დოლარი იყო. გეგმა კი ითვალისწინებს 2012 წლიდან თითო პროცენტიან ზრდას ინფლაციასთან მიმართებაში. საფრანგეთი ამჯერად თავისი მშპ-ის 2.3%-ს თავდაცვაზე ხარჯავს, გეგმის მიხედვით, მომავალ 12 წელიწადში ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდება. გათვალისწინებულია ასევე სულ ცოტა 30 000 ფრანგი ჯარისკაცის გაწვევა სამწყობრო ნაწილისათვის ექვსი თვით, 5 000 ჯარისკაცის გაწვევა – პერმანენტული საგანგაშო ოპერაციებისათვის. ევროპის მიზანია ჰყავდეს ხელმისაწვდომი და მოქმედი ჯარი 60 000 ჯარისკაცით.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ფასის გადახდა ღირს, რადგან თუ საფრანგეთი და ევროპა შეძლებენ საკუთარი სურვილების შესაბამისად მოქმედებას, აშშ მათ უფრო სერიოზულად მიიღებს. 1966 წელს ნატო-ში ამერიკელებისა და ბრიტანელების დომინანტობის გამო გაბრაზებულმა შარლ დე გოლმა საფრანგეთიდან ყველა უცხოური შეიარაღებული ძალის გასვლა მოითხოვა. დღეს, როდესაც საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და ევროპის კავშირი უკვე ფესვგადგმულია, სარკოკზიმ გადაწყვიტა უფრო აქტიურად ითანამშრომლოს ვაშინგტონსა და ნატო-სთან, რადგან ევროპის კავშირის უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა.