საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროზონა და აშშ
რედაქციისაგან
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა ისევ შემცირდება, ამასთან შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ქვეყნებზე მოდის. მსოფლიო სავალუტო ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიო ეკონომიკა 2008 წლის II ნახევარშიც გააგრძელებს ვარდნას, რისი ძირითადი მიზეზიც კვლავ აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპის მკვეთრი შემცირება იქნება.
2008 წელს მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება 3,9%-ით და არა 4,1%-ით, როგორც ამას სავალუტო ფონდი ივლისში ვარაუდობდა, ხოლო 2009 წელს – 3,7%-ის ნაცვლად 3,9%-ით. აშშ-ის მშპ-ის ზრდის შეფასება პრაქტიკულად არ შეცვლილა და 2008 წლისთვის 1,3%-ის დონეზე დარჩა, ხოლო 2009 წლისათვის 0,8%-დან 0,7%-მდე შემცირდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი შედარებით უარყოფითად უყურებს ევროპის ქვეყნების პერსპექტივებს. ფონდის ვარაუდით, ევროზონის ეკონომიკა 2008 წელს 1,7%-ის ნაცვლად 1,4%-ით გაიზრდება, ხოლო 2009 წელს – 1,2%-ის ნაცვლად 0,9%-ით. რეგიონში ეკონომიკური ზრდის შემცირება გამოიწვია აშშ-ის იპოთეკური ბაზრის კრიზისის ევროპის ქვეყნების ბაზრებზე გავრცელებამ და ევროპის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების მაღალმა განაკვეთმა.
პესიმიზმისთვის ყველა პირობა არსებობს, კერძოდ, აგვისტოში ძალიან ნეგატიური სტატისტიკური მაჩვენებლები იყო. ამ მაჩვენებლების მიხედვით ევროზონის ეკონომიკა სტაგნაციის პროცესშია – მიმდინარე წლის II კვარტალში მშპ 0,2%-ით შემცირდა I კვარტალთან შედარებით. ეს ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
საყურადღებოა ისიც, რომ ვარდნას განიცდის რეგიონის უმსხვილესი ეკონომიკები – III კვარტალში შეწყდა დიდი ბრიტანეთის მშპ-ის ზრდა, ხოლო გერმანიაში მშპ-ის მაჩვენებელი 0,5%-ით შემცირდა.
ამ ფონზე განვითარებადი ქვეყნების პროგნოზები შედარებით უკეთესია. მსოფლიო საკრედიტო კრიზისს ისინი ძალიან არ შეუწუხებია. მიუხედავად ამისა, ჩინეთის მშპ 11,9%-დან 9,2%-მდე შემცირდა, რუსეთის – 8,1%-დან 7,0%-მდე, ხოლო ინდოეთის – 9,0%-დან 7,7%-მდე.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2008 წლის II კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით გაიზარდა. ადრე ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო აცხადებდა, რომ 2008 წლის II კვარტალში აშშ-ის მშპ-ის ზრდა ძირითადად ექსპორტის ზრდით, იმპორტის შემცირებითა და სამომხმარებლო ხარჯების ზრდითაა გამოწვეული. ეკონომიკის ზრდა მასტიმულირებელი საგადასახადო ღონისძიებებითა და რეკორდული ექსპორტითაა გამოწვეული, რამაც საბინაო ბაზარზე ვარდნისა და უმუშევრობის ზრდის ნიველირება მოახდინა. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ერთ თვეში 0,2%-ით გაიზარდა. თავის მხრივ, ამერიკული ქარხნების მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა 0,4%-ით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თვიური მატება იყო ბოლო ათი თვის მანძილზე.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი აშშ-ში 0,8%-ით გაიზარდა მაშინ, როცა მოსალოდნელი იყო ამ მაჩვენებლის ზრდა მხოლოდ 0,4%-ით. ამასთან ინდექსის ზრდა წლიური გამოთვლებით 5,6% იყო, რაც ბოლო 17 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ძირითადი ინდექსი, გარდა ენერგიისა და სურსათის ფასებისა, გაიზარდა 0,3%-ით, რაც ასევე აღემატება ამერიკელი ანალიტიკოსების პროგნოზებს.
ასევე აშშ-ში ახალი სახლების გაყიდვა მოულოდნელად გაიზარდა. რეალიზებული ახლადაშენებული სახლების რაოდენობამ წლიური გამოთვლებით 515 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 2,4%-იან ზრდაზე მიანიშნებს.
მიუხედავად მშპ-ის მნიშვნელოვანი ზრდისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ეკონომიკა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა აგვისტოს სუბპრაიმის კრიზისიდან. კრახის ყველზე დიდი მსხვერპლი მაშინ გახდა ქვეყნის უძრავი ქონებისა და შრომის ბაზარი. უფრო მეტიც, ბოლო წლის მანძილზე საბინაო ბაზარი გახდა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა მსოფლიო ეკონომიკაში. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემაც და ფინანსთა სამინისტროც აღიარებს, რომ სანამ საბინაო ბაზარი არ აღდგება, ამერიკის ეკონომიკის აღდგენაზე ზედმეტია საუბარი.
ბოლო დროს უძრავი ქონების ბაზარი სტაბილიზაციის პირველი ნიშნების დემონსტრირებას ახდენს, კერძოდ, ბინების ფასები უკვე ისეთი სწრაფი ტემპებით აღარ ვარდება, ხოლო რამდენიმე ქალაქში ისინი იზრდება კიდევაც, რაც ბევრს აფიქრებინებს, რომ ამერიკის საბინაო ბაზარიც და ეკონომიკაც მალე აღსდგება. თუმცა ამ ოპტიმისტურ მოსაზრებას ყველა როდი ეთანხმება. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, აშშ-ში ბინების ფასები კიდევ ორი წლის განმავლობაში დაბალი იქნება, ხოლო საკრედიტო კრიზისი 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება.