საბანკო სპეკულაციების წინააღმდეგ „ბრძოლა“ გრძელდება

2005-2008 წლების საბანკო მაქინაციები ისევ არ ქრება პრესის ფურცლებიდან. როგორც ირკვევა, მსოფლიოს წამყვანი ბანკები ხშირად მანიპულირებდნენ საპროცენტო განაკვეთებით სასურველი მიზნის მისაღწევად. მას შემდეგ კი, რაც ბანკების სპეკულაციური სქემები გამოვლინდა, მათ გამოძიებასთან თანამშრომლობა დაიწყეს, რითაც თავიდან აიცილეს კოლოსალური ჯარიმები. 2012 წლის ბოლოს უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა, UBS-მა განაცხადა თანხმობა 1.4 მლრდ ფრანკის ($1.53 მლრდ) მოცულობის ჯარიმის გადახდაზე ლონდონის ბანკთაშორისი დაკრედიტების განაკვეთით, LIBOR-ით მანიპულაციების გამო.

აშშ-ის, ბრიტანეთის და შვეიცარიის ხელისუფლებებთან მიღწეული შეთანხმებით, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ბანკთან დაკავშირებით გამოძიება შეწყდება. პირველად მარეგულირებლებმა ბანკები LIBOR-ით, EURIBOR-ით(European Interbank Offered Rate) და TIBOR-ით (Tokyo Interbank Offered Rate) მანიპულირების გამო 2008 წელს დაადანაშაულეს. გამოძიების ვერსიით საფინანსო ორგანიზაციები შეგნებულად ამცირებდნენ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად სესხულობდნენ ფულს, რათა კაპიტალის მოზიდვაში არსებული პრობლემების აფიშირება არ მოეხდინათ. ბანკებმა ამ თემაზე საკუთარი გამოძიება ჩაატარეს, რის შემდეგაც ათობით ტრეიდერი გაუშვეს სამსახურიდან. ამ თემაზე მიმდინარე გამოძიების პირველი მსხვერპლი ბრიტანული Barclays გახდა, რომელმაც 2012 წლის ივლისში 290 მლნ ფუნტის ჯარიმა გადაიხადა და ფაქტიურად ბრალი აღიარა.

აშშ-ს ხელისუფლებამ მსოფლიოს უმსხვილესი ცხრა ბანკის მიერ ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსით (LIBOR) მანიპულირებების გამოძიება 2012 წელს დაიწყო. საუბარია შემდეგ საკრედიტო ორგანიზაციებზე: Bank of America, Bank of Tokyo Mitsubishi UFJ, Credit Suisse, Lloyds Banking Group, Rabobank Groep, Royal Bank of Canada, Societe Generale, Norinchukin Bank და West LB.

ბანკებმა გამოძიების დაწყების შესახებ შეტყობინება, ჯერ კიდევ 2012 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მიიღეს. იმავე წლის ზაფხულში, ლონდონის ბანკთაშორის ბირჟაზე საშუალოშეწონილი საპროცენტო განაკვეთით მანიპულირების საქმეში ეჭვმიტანილად დასახელდა შვიდი, ძირითადი ბანკი, მათ შორის: Barclays, Royal Bank of Scotland Group (RBS), Citigroup Inc., UBS AG, ICAP Plc, Lloyds Banking Group და Deutsche Bank. Barclays იყო პირველი ბანკი, რომელიც ამ შემთხვევის გამო 290 მილიონი ფუნტით დაჯარიმდა და სკანდალის შედეგად მისი ტოპ-მენეჯერები გადადგნენ. ბანკებმა ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსში შეგნებულად დასწიეს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებლები, რითაც ინვესტორებს ბანკების სტაბილურობის ილუზია შეუქმნეს.

LIBOR (London Interbank Offered Rate) არის ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსი. LIBOR არის ბანკთაშორის სესხებზე საშუალოშეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წარმოდგენილი ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე მონაწილე ბანკების მიერ სხვადასხვა ვალუტითა და ვადით (ერთიდან 12 თვემდე). LIBOR ინდექსი ფიქსირდება ყოველდღიურად 1985 წლიდან, დასავლეთ ევროპის დროით დილის 11 საათზე, ბრიტანეთის საბანკო ასოციაციის მიერ, შერჩეული ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით.

ინდექსის დაფიქსირება ხორციელდება შემდეგნაირად: ბრიტანეთის საბანკო ასოციაციის უფლებამოსილი აგენტი – „თომსონ როიტერის სააგენტო“ დასავლეთ ევროპის დროით დილის 11 საათზე უკავშირდება 16 პირველი კლასის ბანკს (Prime banks რომელთაც გავლენა აქვთ ლონდონის ფულად ბაზარზე) და ეკითხება 1 თვიდან 1 წლამდე შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთების კვოტირებას. თითოეული პერიოდისათვის მიღებული 16 მონაცემიდან ოთხი ყველაზე მცირე და ოთხი ყველაზე დიდი მაჩვენებლის გამორიცხვით, მიღებული მონაცემებით დაიანგარიშება საშუალო არითმეტიკული, რომელიც ქვეყნდება როგორც ლიბორის ინდექსი შესაბამისი პერიოდით და ვალუტით.

გასული წლის ბოლოს ნათელი გახდა, რომ შვეიცარიის UBS-მა და ბრიტანულმა Barclays-მა შეძლეს და თავი დააღწიეს ევროკავშირის მარეგულირებლების 4.3 მილიარდი აშშ დოლარის ჯარიმას, იმის გამო, რომ მათ ითანამშრომლეს მარეგულირებლებთან. UBS-მა თავიდან აიცილა 2.5 მილიარდ ევროიანი ჯარიმა, ბარკალაი ბანკმა კი 690 მილიონი ევროს ჯარიმას დააღწია თავი. ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენლება 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში გააკეთეს. გასული წლის ბოლოს მარეგულირებლებმა 1.7 მილიარდი ევროთი 6 მსხვილი კომპანია დააჯარიმა, რომლებიც ევროსა და იენის საპროცენტო განაკვეთების დერივატივებით სპეკულაციურ გარიგებებში დაადანაშაულეს. ბრიუსელის საგამოძიებო კომისიამ წინასწარ შესთავაზა კომპანიებს „შეწყალება“ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოძიებას კარტელური სქემების გახსნაში დაეხმარებოდნენ.

სპეციალისტთა შეფასებით, რეგულატორების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ როგორც დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და აზიაში, მსგავსი შეთავაზება წაახალისებს კომპანიებს და 5.3 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის გაცვლითი კურსების ბაზარზე სპეკულაციური გარიგებების გამოვლენას და კომპანიების მარეგულირებლებთან თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ეს გამოძიების დაწყებიდან მალევე დადასტურდა, ყველა ბანკი თავგამოდებით ცდილობდა მარეგულირებლებთან თანამშრომლობას. UBS-ის ხელმძღვანელების მიერ გაკეთებული განცახდების მიხედვით, რომელიც მათ ოქტომბერში გააკეთეს, მათ შიდა გამოძიება ჩაატარეს და მიიღეს ზომები იმ თანამშრომელთა წინააღმდეგ, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე სპეკულაციურ გარიგებებში ამხილეს. ბარკალაი ბანკის ხელმძღვანელობამ სამი სავალუტო ტრეიდერი დასაჯა, მათ შორის ლონდონის ოფისის მთავარი დილერი.

Deutsche Bank

ზემოთ დასახელებულ ორ ბანკთან ერთად რეგულატორები ათობით სხვა ბანკის საქმესაც იძიებენ, მათ შორის JP Morgan Chase და Deutsche Bank-იც არიან, რომლებიც ასევე მხილებულნი არიან საპროცენტო განაკვეთებით მანიპულირებაში იმისათვის, რომ რეალური სასესხო ღირებულებები დაეფარათ.

ევროკავშირში ჩატარებული გამოძიების შემდეგ დოიჩე ბანკი 725 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. Societe Generale SA 446 მილიონი ევროთი, ხოლო Royal Bank of Scotland Group Plc – 391 მილიონით. თუმცა მარეგულრებლებთან თანამშრომლობის გამო, მათ მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათებიც მიიღეს ჯარიმების დაკისრებისას. მხოლოდ JP Morgan Chase ვერ გადაურჩა ჯარიმას სრულად. ის 80 მილიონი ევროთი დააჯარიმეს იენით წარმოებული დერივატივების ბაზარზე სპეკულაციებისთვის. მარეგულირებლებმა ის ორ სხვა ბანკთან ერთად დააჯარიმეს – HSBC Holdings Plc (HSBA) and Credit Agricole SA (ACA). ჯარიმის ოდენობა საერთო ჯამში ყველაზე მაღალია, რაც კი ევროპელ მარეგულირებლებს ოდესმე დაუწესებიათ. თუმცა, როგორც მარეგულირებლები აღნიშნავენ, ჯერ კიდევ ყველაფერი დასრულებული არაა, რადგან საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებული სპეკულაციების გამოძიება კვლავ გრძლედება, ეს ეხება ლიბორსაც და სავალუტო ბაზრებსაც.

ახალი გარიგებები

როგორც ჩანს, UBS-ს 100%-იანი იმუნიტეტი ახალი გამოძიების მსვლელობის დროსაც ექნება. ამჯერად საქმე სავალუტო ბაზრებს და სპეკულაციურ გარიგებებს ეხება. UBS-მა ამჯერადაც (ისევე როგორც ლიბორთან დაკავშირებული გამოძიების შემთხვევაში) პირველმა გამოთქვა გამოძიებასთან თანამშორმლობის სურვილი. ამ შემთხვევაში, სპეციალისტები და პრესა კრიტიკულად გამოეხმაურა ფაქტს, რადგან მათი შეფასებით, შვეიცარულმა ბანკმა უკვე საკმარისი „შეწყალება“ მიიღო და პასუხი კლიენტთა მოტყუების გამო, მანაც უნდა აგოს. „ეს უკვე საშიში ტენდენცია ხდება, ბანკები ყველაფერს აკეთებენ, რაც მოესურვებათ, რადგან იციან, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ყველაფერი ეპატიებათ“ – წერენ დასავლელი ანალიტიკოსები.
ამჟამად სამი კონტინენტის მარეგულირებლები იმას იძიებენ, მონაწილეობდნენ თუ არა მსხვილი ბანკები სავალუტო ბაზრებზე სპეკულაციურ გარიგებებში სხვა კომპანიების დილერებთან ერთად, მოგების მაქსიმალურად გასაზრდელად.

სრული იმუნიტეტი

სრული იმუნიტეტის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული გამოძიების დასრულებამდე. გარდა ამისა, ევროკომისია არაა ერთადერთი ორგანო რომელიც გამოძიებაშია ჩართული. მის მიერ მინიჭებული იმუნიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ ბანკი ასევე გადაურჩება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მარეგულირებლების მიერ დაკისრებულ ჯარიმებს. ევროკავშირში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ იმ კომპანიებს არ აქვთ „შეწყალების“ მიღების უფლება, ვინც სხვა კომპანიებს იძულებით ითრევდა კარტერულ გარიგებებში. თუმცა მსგავს კომპანიებს მაინც აქვთ შანსი იმის, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურმა ორგანიებმა დაკისრებული ჯარიმები შეუმცირონ. „ევროკავშირის რბილი კანონმდებლობა ჯარიმების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, რაც არასასურველია“ – მიიჩნევს ექსპერტთა ნაწილი.

მაფია

გასულ წელს UBS-მა გამოაქვეყნა თავისი ოპერაციების ანგარიში დღეში 5.3 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავალუტო ბაზრებზე. ცნობილი გახდა, რომ ტრეიდერების ნაწილი, მყისიერ მესიჯებს აგზავნიდა ისეთი დასახელების ჯგუფებში როგორიცაა: „კარტელი“, „ბანდიტების კლუბი“, „ერთი გუნდი, ერთი ოცნება“ და „მაფია“. ამის გამო ათეულობით ტრეიდერი გაათავისუფლეს Citigroup Inc-მა Royal Bank of Scotland Group Plc-მა და Barclays Plc-მა სამსახურებიდან.

შვეიცარიის კონკურენტუნარიანობის კომისიამ გაცვლითი კურსების მანიპულირებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. UBS-თან ერთად გამოძიება მიმდინარეობს 7 სხვა ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის არიან JPMorgan Chase & Co., Citigroup, Barclays, RBS, Zuercher Kantonalbank და Julius Baer Group Ltd. შვეიცარიის ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანომ UBS-ს უბრძანა, რომ აქტივებისთვის დაემატებინა 28 მილიარდი ფრანკი (31.6 მილიარდი აშშ დოლარი) იმ საოპერაციო რისკების გამო, რომელიც ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა, თუმცა წლის ბოლოსთვის სამეთვალყურეო ორგანომ მოთხოვნილი თანხა 22.5 მილიარდ ფრანკამდე შეამცირა. თუმცა გარანტიების მომხრე სპეციალისტებს და თვითონ მარეგულირებლებსაც აქვთ საკუთარი არგუმენტები – მათი შეფასებით, გამოძიება გაცილებით წინ წავიდა მას შემდეგ, რაც ბანკებმა მათთან თანამშრომლობა დაიწყეს და ბევრ კარტელულ გარიგებას მოეფინა ნათელი, რაც ბანკებთან თანამშრომლობის გარეშე არ მოხდებოდა. თავის მხრივ კი, იმისათვის, რომ ბანკებმა მარეგულირებლებთან ითანამშრომლონ, მათ მოტივაცია, ანუ საგამოძიებო იმუნიტეტი სჭირდებათ.