ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები და პრიორიტეტები
თამარ ბერუჩაშვილი ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ემირ ეთერია ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
თანამედროვე მსოფლიოში, ევროკავშირი, რომელიც დღეს 27 ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს და წარმატებული ინტეგრაციული პროცესების შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს. ამასთან ერთად, ევროკავშირი მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას თანამიმდევრულად ახორციელებს, რაც მათ ეკონომიკური განვითარებისათვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
ევროკავშირი არის ძლიერი, დემოკრატიული და განვითარებული ერი-სახელმწიფოების პირმშო. მის ზეეროვნულ ინსტიტუტებზე ეროვნული სახელმწიფოების მხრიდან ზოგიერთი ფუნქციების გადაცემამ კი არ შეასუსტა, არამედ, პირიქით, გააძლიერა ისინი. ზეეროვნული მიდგომები გამოიყენება მხოლოდ იმ სფეროებში, სადაც მათ შეუძლიათ უფრო ეფექტიანი პოლიტიკის წარმართვა, ვიდრე ეროვნულ სახელმწიფოებს. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან სფეროს ვაჭრობა და სავაჭრო პოლიტიკა წარმოადგენს.
გლობალურ დონეზე ვაჭრობის განვითარების მხარდაჭერასთან ერთად, თანამედროვე ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია რიგ რეგიონულ პარტნიორებთან მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით, რეგიონული ინტეგრაციული პროცესების განვითარება წარმოადგენს პასუხს ვაჭრობის გლობალური სისტემის ფუნქციონირების პრობლემებზე, განსაკუთრებით კი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) “დოჰას განვითარების რაუნდის”” ფარგლებში პროგრესის სიმწირეზე.
საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და უახლოეს პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (Deep and Comprehensive Free Trade – DCFTA) შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს თანამედროვე გლობალიზებად მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი ტენდენციებისა და სავაჭრო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა.
განვითარების ხელშეწყობა – ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის მიზანი
ცნობილია, რომ საერთაშორისო ვაჭრობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ინდუსტრიული ქვეყნების განვითარებაში, განსაკუთრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში. ამ ქვეყნების სწრაფი განვითარება ძირითადად უკავშირდება მასშტაბურ თანმიმდევრულ ლიბერალიზაციას და ექსპორტზე ორიენტირებულ სამრეწველო პოლიტიკას. შედეგად, აღნიშნულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდამ ხელი შეუწყო სიღარიბის დაძლევას, რიგ შემთხვევებში, ძალიან მნიშვნელოვნად.
ამავე თემას ეხმიანება ევროკავშირი “განვითარების საკითხებზე ევროპულ კონსენსუსში1″” და აცხადებს, რომ სიღარიბის აღმოფხვრა განვითარების საკითხებზე თანამშრომლობის ძირითად მიზანს წარმოადგენს. ამასთან ერთად, ევროპულ კონსენსუსში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც ვაჭრობა და რეგიონული ინტეგრაცია ასრულებს განვითარების ხელშეწყობის კუთხით და ასევე, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი განვითარებადი ქვეყნების დახმარებას ვაჭრობიდან რეალური სარგებელის მიიღების თვალსაზრისით. ამ მიზნის მიღწევის ძირითად საშუალებებს შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბაზარზე დაშვების პირობების გაუმჯობესებას, დიფერენცირებულ მიდგომას, აგრარული პოლიტიკის რეფორმის განხორციელებაში დახმარებას. “ევროპული კონსენსუსში”” სპეციალური ყურადღების საგანია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში, განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული მრავალმხრივი მოლაპარაკებების დოჰას რაუნდი, ასევე, აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანიის აუზის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მიღწეული შეთანხმებები და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული დიფერენცირებული მიდგომების აუცილებლობა.
ევროკავშირი, როგორც პრეფერენციების განზოგადებული სისტემის პრაქტიკაში განხორციელების პიონერი, 1971 წლიდან განვითარებად და ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებზე ავრცელებს სავაჭრო პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის (GSP) შეღავათებს, რომელიც ვმო-ს წესებთან თავსებად ავტონომიურ სავაჭრო შეთანხმებას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ განვითარების მიზნების მისაღწევად მხოლოდ ბაზარზე დაშვების პირობების გამარტივება არ არის საკმარისი, 2007 წელს ევროკავშირმა შეიმუშავა ვაჭრობის ხელშეწყობის სტრატეგია, რომლის მიზანია განვითარებადი ქვეყნების დახმარება სავაჭრო შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით (Aid for Trade) და გეგმავს 2010 წლიდან ყოველწლიურად გაზარდოს ვაჭრობასთან დაკავშირებული დახმარებები 2 მილიარდი ევროთი.
აღსანიშნავია, რომ გლობალურ დონეზე ევროკავშირი რჩება ვმო-ს დოჰას რაუნდის წარმატებით დასრულების მომხრე, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. 2001 წელს ოპტიმისტური სტარტის შემდგომ, დოჰას რაუნდის კრიზისი 2003 წელს მექსიკის ქ. კანკუნში განვითარებად და რამდენიმე მნიშვნელოვან განვითარებულ ქვეყანას შორის უთანხმოების გამო დაიწყო. შემდგომ წლებში ადგილი ჰქონდა აღნიშნული პრობლემის მოლაპარაკებების გზით მოგვარების რამდენიმე მცდელობას. 2008 წლის 21 ივლისს, ჟენევაში ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაზე, ევროკავშირი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საქონელზე მაღალი ტარიფების შემცირების წინადადებით გამოვიდა. მიუხედავად ამისა, 29 ივლისს მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ჩაიშალა, განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის დაცვისათვის სპეციალური მექანიზმების შემუშავებასთან დაკავშირებით – ერთი მხრივ, ინდოეთსა და ჩინეთს და მეორე მხრივ, აშშ-ის შორის უთანხმოების გამო, რაც ამ ქვეყნების ფერმერებს იმპორტის ზრდისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების დაცემისგან დაიცავდა. თუმცა, ვაჭრობის მინისტრებმა, მათ შორის, ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა ბარონესა კატრინ აშტონმა, გამოხატეს თავიანთი მზადყოფნა შეეცადონ დოჰას რაუნდის საკითხებზე დაბალანსებული შეთანხმების მიღწევას, ხოლო ა.წ. 2 აპრილის ლონდონის სამიტზე, დიდი ოცეულის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ განაახლებენ მსოფლიო სავაჭრო მოლაპარაკებების რაუნდს, თუმცა, სასურველი შედეგის მიღწევა და რაუნდის სწრაფად დასრულების შანსი არც თუ ისე მაღალია.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ვმო-ს ფარგლებში დოჰას რაუნდის საბოლოოდ ჩაშლის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ღარიბი ქვეყნები დაზარალდებიან. განვითარებადი ქვეყნები დაკარგავენ, როგორც განვითარებული ქვეყნების, ასევე მზარდი ეკონომიკების (მაგალითად: ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი) ბაზრებზე დაშვების შესაძლებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების ვაჭრობის საერთო მოცულობაში, სამხრეთი-სამხრეთი ვაჭრობის მიმართულების მზარდი წილის გათვალისწინებით. დოჰას რაუნდის მიზანს, ასევე, წარმოადგენს პროგრესის მიღწევა ვაჭრობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია განვითარების ხელშეწყობისათვის. მათ შორის, ერთ-ერთი ძირითადია – სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის ლიბერალიზაცია და განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შემცირებისა და ეტაპობრივი გაუქმების ხელშეწყობა, რასაც განვითარებადი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. ასევე, ვაჭრობის განვითარებასთან დაკავშირებული მხარდაჭერა, ტარიფების ესკალაციის თავიდან აცილება და ბაზარზე დაშვების პირობების გაუმჯობესება ყველა ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის.
ამ ეტაპზე, ვმო-ს ფარგლებში მრავალმხრივი ლიბერალიზაციის სირთულეების ფონზე, ალტერნატივად განიხილება ლიბერალიზაცია ორმხრივ და რეგიონულ დონეზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ნაკლებეფექტიანად არის მიჩნეული, ვიდრე მრავალმხრივი ლიბერალიზაცია5 და მიუხედავად მწვავე დებატებისა – ეს შეთანხმებები ხელს უწყობს, თუ აფერხებს საერთაშორისო ვაჭრობის სრული ლიბერალიზაციის შესაძლებლობებს – ნათელია, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში რეგიონალიზმის განვითარება ობიექტური რეალობაა.
რეგიონული ინტეგრაციული პროცესების ანალიზისას იკვეთება შემდეგი კანონზომიერება: განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების მხრიდან რეგიონულ ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა განვითარების იგივე დონის ქვეყნებთან ნაკლები სარგებლის მომტანია, ვიდრე განვითარების შედარებით მაღალი დონის სახელმწიფოებთან. ამას, ძირითადად, განაპირობებს შემდეგი ფაქტორები:
ეკონომიკის ერთგვაროვანი სტრუქტურა, რაც აფერხებს დარგთაშორისი ვაჭრობის განვითარებას;
განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ძირითად საექსპორტო პროდუქციას, შრომატევადი პროდუქცია და ნედლეული წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, დიფერენციაციის ნაკლები ხარისხით ხასიათდება. შესაბამისად, შიდადარგობრივი ვაჭრობის განვითარების პოტენციალი საკმაოდ დაბალია;
აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკების ურთიერთშევსებადობის პოტენციალი საკმაოდ მცირეა, რაც წარმატებული ინტეგრაციული პროცესების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა;
ევროკავშირის სავაჭრო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები
ამჟამად, ევროკავშირი გეგმავს ახალი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე ორმხრივ მოლაპარაკებებს რიგ მზარდი ეკონომიკის ქვეყნებთან და რეგიონალურ გაერთიანებებთან, ძირითადად, აზიის რეგიონში და Aაღმოსავლეთ სამეზობლოში. ევროკავშირის ეს პოზიცია სიახლეს წარმოადგენს, რადგან ბოლო დრომდე მისი ძალისხმევა დოჰას რაუნდზე, აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანიის აუზის ქვეყნებთან და ევროპის რეგიონში მის პარტნიორებთან – აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ყოფილი იუგოსლავიის და ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებაზე იყო ორიენტირებული (იხ. დანართი 1).
ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკაში აქცენტების გადატანა ორმხრივ ლიბერალიზაციაზე, ნაწილობრივ, გამოწვეულია დოჰას რაუნდში მიღწეული მცირე პროგრესით და გლობალური ეკონომიკურ სისტემაში ბალანსის მკვეთრი ცვლილებით. ევროკავშირის მთავარი კონკურენტები – აშშ და იაპონია სწრაფად მზარდ ეკონომიკებთან (ჩინეთი და ინდოეთი) აქტიურად ატარებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების პოლიტიკას. ევროკავშირისთვის აშშ-ის და იაპონიის მსგავსი პოზიცია გახდა დამატებითი სტიმული დაემყარებინა უფრო მჭიდრო ურიერთობები ჩინეთთან და ინდოეთთან, ამ ქვეყნების უზარმაზარი პოტენციალის მქონე ბაზრებზე ევროკავშირის ექსპორტის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით. ასევე, განვითარებადი ქვეყნების მხრიდან, დოჰას რაუნდში ევროკავშირის მთავარი ინტერესების გათვალისწინებაზე უარის თქმამ – როგორიც მაგალითად, სინგაპურის საკითხია6 – ევროკავშირი იძულებული გახადა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებისკენ გადახრილიყო.
ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების დაწყება კონკურენტუნარიანობის ზრდისა და “ლისაბონის სტრატეგიის”7 მიზნების ხელშეწყობის სტრატეგიის მიღებას უკავშირდება. აღნიშნული სტრატეგია აღწერილია დოკუმენტში “გლობალური ევროპა: კონკურენცია მსოფლიოში”, რომლის მიზანი სავაჭრო პოლიტიკის ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად გადაქცევაა. ეს მიდგომა გულისხმობს კონკურენტუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული შიდა და საგარეო პოლიტიკის თავსებადობის ზრდას, რაც საერთაშორისო ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასა და იმ ბაზრების გახსნას ითვალისწინებს, სადაც ევროპულ კომპანიებს წარმატებული კონკურენციის გაწევა შეეძლებათ, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკას ზრდისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. გამართული შიდა პოლიტიკის პარალელურად, კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია სხვა ბაზრების გახსნილობის მაღალ ხარისხზე, ასევე უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე წესების არსებობაზე.
“გლობალური ევროპა: კონკურენცია მსოფლიოში”” ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მრავალმხრივი მიდგომის გამოყენების აუცილებლობას, რომელიც ამ მიზნის განხორციელების უმთავრეს საშუალებად განიხილება. თუმცა, როგორც დოჰას რაუნდის მოლაპარაკებები ცხადყოფს, ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ევროკავშირის ყველა მოლოდინის შესაბამისი ვერ იქნება და მათი მოგვარება არა მარტივი თავისუფალი ვაჭრობის, არამედ მხოლოდ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ ორმხრივი შეთანხმებებით არის შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებში ევროკავშირის მიდგომა ეფუძნება შეთანხმებით გათვალისწინებული სფეროების ყოვლისმომცველობას და ვაჭრობის უფრო მნიშვნელოვანი ლიბერალიზაციის მიღწევას, ვიდრე ეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებებითაა განსაზღვრული (ე.წ. ვმო+). ეს ხელშეკრულებები არ შემოიფარგლება მხოლოდ ტარიფების შემცირებით და ითვალისწინებს როგორც არასატარიფო ბარიერების შემცირებას, ისე ვაჭრობასთან დაკავშირებულ სარეფორმო პოლიტიკას და ეკონომიკური რეგულირების სხვა სფეროებს, როგორებიცაა, სანიტარული და ფიტოსანიტარული პრაქტიკა (SPS), ინტელექტუალური საკუთრების უფლებები (IPR), სახელმწიფო შესყიდვები, ვაჭრობის გამარტივება და კონკურენცია. ევროკავშირს განსაკუთრებული ინტერესი აქვს პარტნიორები “აიძულოს”” განახორციელონ მნიშვნელოვანი ჰარმონიზაცია ამ სექტორებში: მაგალითად, ევროკავშირის კომპანიებისათვის ახალ ბაზრებზე დაშვება საგრძნობლად შემცირებულია სხვა ქვეყნებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შესაბამისი დაცვის მექანიზმების არარსებობის გამო, სახელმწიფო შესყიდვები ევროკავშირის ექსპორტიორებისთვის მნიშვნელოვან აუთვისებელ პოტენციალად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის კომპანიები სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, მსოფლიო ლიდერები არიან. რაც შეეხება კონკურენციის საკითხებს, მესამე ქვეყნებში სახელმწიფო დახმარების წესები, ქმნიან რა ახალ სავაჭრო ბარიერებს, ამცირებენ ბაზარზე დაშვების შესაძლებლობას ევროპული კომპანიებისაათვის, ხოლო მომსახურება ევროკავშირის კონკურენტული უპირატესობის ის სფეროა, რომელსაც ევროკავშირის ექსპორტის ზრდის უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
ზემოაღნიშნულ სფეროებში ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვამ უნდა უზრუნველყოს ბაზრების თავსებადობის ხარისხის ამაღლება, რესურსებზე ხელმისაწვდომობა და სავაჭრო პარტნიორების საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა (სხვა რეფორმების პარალელურად) და საბოლოო ჯამში, მათი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
ევროკავშირის ზემოაღნიშნული სტრატეგია ევროკავშირის მხრიდან “აგრესიული”” პოზიციის დაკავებას გულისხმობს, განსაკუთრებით, ეკონომიკურ პოტენციალთან დაკავშირებით. ამდენად, ახალი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ინიციირების მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმად ბაზრის პოტენციალი (ეკონომიკის მოცულობა) და ევროკავშირის საექსპორტო ინტერესების დაცვის დონე განიხილება. ამავე დროს, კონკურენციიის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობებში, რომლებმაც ევროკავშირის ძირითად კონკურენტებთან (აშშ, იაპონია) თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. ნათელია, რომ ევროკავშირი პარტნიორი ქვეყნების ბაზარზე მთავარ კონკურენტებთან მიმართებაში, თანასწორი პოზიციის დაკავებას ცდილობს.
იმის გათვალისწინებით, რომ მრავალმხრივი სისტემის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა კვლავ პრობლემატურია, ევროკავშირი ცდილობს მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ამ კუთხით, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თანამეგობრობა, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები. ეს იმ ქვეყნების ბაზრებია, რომლებიც მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩევიან და ევროკავშირის კონკურენტებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რუსეთი ევროკავშირისათვის ასევე მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე არსებული ვითარება მასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების9 გაფორმების შესაძლებლობას გამორიცხავს. რაც შეეხება ჩინეთს, ის განსაკუთრებულ შემთხვევად მიიჩნევა, რომელიც განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.
ამდენად, თანამედროვე ეტაპზე, გლობალური ეკონომიკური პროცესების რეგულირების ეფექტიანი ინსტიტუციონალური სისტემის არარსებობა ცალკეულ ქვეყნებს ორმხრივ და რეგიონალურ დონეზე ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისკენ უბიძგებს.
უკანასკნელ წლებში, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინტეგრაციული გაერთიანების – ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის პრიორიტეტებმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ევროკავშირი რჩება რა ვმო-ს ფარგლებში დაწყებული “განვითარების რაუნდის”” წარმატებით დასრულების მომხრედ, აქტიურად ცდილობს ორმხრივ დონეზე სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას.
ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის მსგავსი ტრანსფორმაციის უმთავრესი მიზეზი გლობალიზებად მსოფლიო ეკონომიკაში კონკურენციის გამძაფრებაა, განსაკუთრებით, აშშ-ისა და იაპონიის მხრიდან. ცალკეულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით, სწრაფად მზარდ ეკონომიკებთან, ორმხრივ დონეზე ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილება. ამასთან ერთად, სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებისას მათი განვითარება ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.