2009 წლის ოპტიმისტური ბიუჯეტის პესიმისტური ასპექტები
რედაქციისგან
“ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი” ფონდ, “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”.
პროექტის ამოცანებია: 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებისა და ბიუჯეტის შესრულების კუთხით; ბიუჯეტის მონიტორინგი ხარჯების მიზნობრიობის, ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით და საბიუჯეტო პრიორიტეტების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან შესაბამისობის ანალიზი; მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის და სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისობის მონიტორინგი; გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებისა და მათი დაძლევის გზების 2009 სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შეფასება; წინადადებების შემუშავება “საბიუჯეტო სისტემის შესახებ”” საქართველოს კანონის სრულყოფის გზებზე; 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების პროცესში აქტიური თანამონაწილეობა 2009 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების ადვოკატირების გზით; საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.
30 ოქტომბერს ცენტრის ექსპერტებმა, დავით ნარმანიამ და შოთა მურღულიამ, მიმდინარე კვლევისა და მონიტორინგის პირველადი შედეგები წარუდგინეს საზოგადოებას. ექსპერტებმა საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ ასპექტებზე ისაუბრეს:
“მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემოდგომაზე საქართველოში უკვე იგრძნობოდა, როგორც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები, ასევე, მსოფლიო ფინასური კრიზისის გავლენა, საქართველოს მთავრობამ 2009 წლის ბიუჯეტის შედგენისას, გადაჭარბებული ოპტიმიზმი გამოიჩინა და ბიუჯეტის პარამეტრები მნიშვნელოვნად გაზარდა”” – მიიჩნევენ ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრში და ამის დასტურად შემდეგი სტატისტიკური მაჩვენებლები მოჰყავთ:
თუ 2007 წელს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებისა და სოციალური შენატანების საერთო მოცულობამ, 3,7 მლრდ. ლარი შეადგინა, ხოლო 2008 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 4.5 მლრდ. ლარი, 2009 წლისათვის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების სახით, 4,76 მლრდ. ლარი დაიგეგმა. საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებული იყო მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის თანახმადაც, 2008 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა რეალურ მაჩვენებლებში უნდა გაზრდილიყო 7,5%-ით, ხოლო ინფლაცია დაახლოებით 5% უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, 2009 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები 2009-2013 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, 10%-იანი ეკონომიკური ზრდითა და 9%-იანი ინფლაციით უნდა დამთავრებულიყო.
სამწუხაროდ, ცნობილი მოვლენების გამო (რუსეთ-საქართველოს ომი, გლობალური ფინანსური კრიზისი, არათანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა), ვერ მოხერხდა ვერც 2008 და მით უფრო, ვერც 2009 წლის დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიღწევა. 2008 წლის განმავლობაში, საქართველოში სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2,1%-იანი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია კი, დაახლოებით (მშპ დეფლატორის მიხედვით) 9,9% დაფიქსირდა, რითაც ნომინალური მშპ დაახლოებით საპროგნოზო მაჩვენებლს გაუთანაბრდა. თუმცა, ცხადი გახდა, რომ 2009 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდებოდა გადაჭარბებულად ოპტიმისტური ეკონომიკური ზრდის მიღწევა და პროგნოზი ჯერ 4%-იან ეკონომიკურ ზრდამდე შემცირდა, შემდეგ 1-1,5%-მდე, შემდეგ 1%-იან ეკონომიკურ დაცემამდე. 2010 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას კი, მთვარობამ მიმდინარე წელს 4%-იანი ეკონომიკური შემცირება აღიარა. ამ მაჩვენებლის სიზუსტე ეჭვს არ იწვევს, რადგან ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 5,9%-იანი ეკონომიკური დაცემა დაფიქსირდა, ხოლო წლის პირველ ნახევარში დაცემამ 10,7% შეადგინა.
როგორც ჩანს, მთვარობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების გეგმის 10,6%-იანი შემცირება სწორედ ამ მაჩვენებელს ემყარება (ცნობისათვის, მიღებულ პროექტში გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 4,7 მლრდ. ლარის მობილიზება, რომელიც ივლისში 4,2 მლრდ. ლარამდე შემცირდა). ამას ემატება ისიც, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შემცირდა გადასახადების განაკვეთიც (მოგების გადასახადი 20-დან 15%-მდე და საშემოსავლო გადასახადი 25-იდან 20%-მდე), რასაც ეკონომიკაში რეცესიის მოლოდინის ფონზე, საგადასახადო შემოსავლების ობიექტური შემცირებაც უნდა გამოეწვია.””
“საქართველოს საბიუჯეტო პროცესში ყველაზე სუსტი წერტილი რეალური პროგნოზია. ამას მოწმობს საქართველოს პრაქტიკულად ყველა ბიუჯეტის ისტორია – მიიჩნევენ ცენტრის ექსპერტები – თუ გადავხედავთ საქართველოს ბიუჯეტებს, 1994 წლიდან დღემდე, სავალალო სურათს დავინახავთ. სამწუხაროდ, ჯერ არ გვქონია ბიუჯეტი, რომელიც წლის განმავლობაში რადიკალურად არ შეცვლილიყო. ეს, უპირველეს ყოვლისა, მაკროეკონომიკური პროგნოზირების სისუსტეზე მიუთითებს. თუ 1995-2003 წლებში, ბიუჯეტები, როგორც წესი, საგადასახადო შემოსავლების შემცირების მიმართულებით იცვლებოდა, 2004 წლიდან სურათი აშკარად შეიცვალა, თუმცა, თავად ბიუჯეტის, როგორც ქვეყნის უმთავრესი ფინანსური დოკუმენტის, ფინასური წლის განმავლობაში მეტ-ნაკლები სტაბილურობით შენარჩუნება დღემდე ვერ ხერხდება. 2009 წლის ბიუჯეტმა დაარღვია 2004 წლიდან ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გაზრდის მიმართულებით კორექტირების ჩამოყალიბებული ტრადიცია და წლის პირველ ნახევარში, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით შემცირდა. ამ ფონზე, კიდევ უფრო არაადექვატურად ჩანს საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტში ხარჯების ზრდა და სხვაობის სახელმწიფო ვალით დაფინანსების მცდელობა.
ეკონომიკური აქტივობის დაცემაზე მიუთითებს სხვა პარამეტრებიც, მაგალითად, საშუალო ხელფასი თუ გასულ წელს საქართველოში 580 ლარის ოდენობით დაფიქსირდა, წელს, პირველ კვარტალში იგი 531 ლარამდე შემცირდა, ხოლო მეორე კვარტალში, მხოლოდ 560 ლარი შეადგინა; გაზრდილია უმუშევრობის დონეც.
დარგების მიხედვით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება დაახლოებით 20%-ით შემცირდა სოფლის მეურნეობაში, 17%-ით გადამამუშავებელ მრეწეველობაში, 10%-ით ჯანდაცვაში. შედარებით სტაბილურია ფასები, თუმცა მიუხედავად ზოგადი შემცირებისა, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში 10,7%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება, ხოლო 47,4%-ით განათლება.
ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებისა (6,5 მლნ. ლარით), ვერ შესრულდა საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი (გარღვევამ 12,6 მლნ. ლარი შეადგინა), რაც პირდაპირ მიუთითებს, იმაზე, რომ ძირითადად უმუშევრობის გაზრდისა და ხელფასების შემცირების ხარჯზე 2009 წლის განმავლობაში დაახლოებით 63 მლნ ლარით შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, ანუ ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიღებული შემოსავლები.