სჯობს, მშიერს თავის გამოკვება ასწავლო, ვიდრე, უბრალოდ, დააპურო (სოციალური მეწარმეობის განვითარება საქართველოში)

ნინო არველაძე

“მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა კერძო მეწარმეები უკან დასწია. მსოფლიოში ახალი ტიპის საწარმოები აგრძელებენ მუშაობას,” – განაცხადა აღმოსავლეთ მიდლსბროუს კონსორციუმის თავმჯდომარემ დუგლას საუსქომბმა სოციალურ მეწარმეობაზე საუბრისას, რაც საქართველოსა და, საერთოდ, მსოფლიოსთვის სიახლეს წარმოადგენს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს იმ აზრის შესაბამისი გამონათქვამი, რომ სჯობს, მშიერს თავის გამოკვება ასწავლო, ვიდრე, უბრალოდ, დააპურო.

სოციალური მეწარმეობა სწორედ ამ გამონათქვამის განსახორციელებლად მსოფლიოს ახლებური მიდგომაა. 6 ნოემბერს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა, ბრიტანეთის საბჭომ და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ერთობლივი პროგრამის პრეზენტაცია გამართეს თემაზე -“სოციალური მეწარმეობის განვითარება საქართველოში”. სოციალური მეწარმეობა მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა არ არის, ამიტომ აუცილებელია, ამ საქმის არსისა და მიზნების ზედმიწევნით ზუსტად და სწორად მიწოდება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რათა კარგად მოხდეს იმის გააზრება, თუ რატომ უნდა იყოს ესა თუ ის პირი სოციალური მეწარმე და არა უბრალოდ მეწარმე.

პრეზენტაციის ავტორებმა სოციალური მეწარმეობის შესახებ საუბრისას აღნიშნეს, რომ მას გააჩნია დიდი პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად. საქართველოს კანონმდებლობაში სოციალური მეწარმოების ტერმინის განმარტება არ არსებობს, თუმცა საკანონმდებლო სფეროში მსგავსი განმარტება განვითარებულ ქვეყნებსაც არა აქვთ. ღოგორც იდეის ავტორები აცხადებენ, სოციალური მეწარმეობა უაღრესად კეთილშობილური საქმეა. მისი განვითარებით ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებიც უნდა დაინტერესდნენ, რადგან ამ გზით შესაძლებელი გახდება საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის აქამდე მოუგვარებელი სოციალური პრობლემების გადაჭრა.
პრეზენტაციაზე ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორმა ქეთი ვაშაკიძემ განაცხადა, რომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ადგილობრივი ფონდია, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მუშაობს. ფონდის მთავარი მისიაა, გაიზარდოს მოქალაქეებისა და გარკვეული ჯგუფების მონაწილეობა და პასუხისმგებლობა, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოსა და მთელს რეგიონში მიმდინარე სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებზე,
სოციალური მეწარმეობის სფერო ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთშია განვითარებული. იქ მის განვითარებას მხარს უჭერს სამთავრობო სექტორიც და ბიზნესიც. ქეთი ვაშაკიძის აზრით, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კონცეფციის განვითარებას. მით უმეტეს, როცა საქართველოში არსებობენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება საკუთარი თავი სოციალურ მეწარმეებად მიიჩნიონ.
სოციალური მეწარმეობა ისეთი ტიპის მეწარმეობაა, რომელსაც გააჩნია ძლიერი სოციალური მისია, მიმართულია პრობლემის გადაჭრაზე და ამავე დროს სარგებლობს ბიზნესტაქტიკით და ორიენტირებულია მოგებაზე, თუმცა ეს მოგება მესაკუთრეებს შორის არ ნაწილდება, არამედ ისევ სოციალური მისიის მისაღწევად მიიმართება.
ბრიტანეთის საბჭოს დირექტორის მოადგილემ მაია ყიფშიძემ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტთან სოციალური მეწარმეობის დასახმარებლად შექმნილია მესამე სექტორის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამების მენეჯერმა ვიქტორ ბარამიამ გუნდის გეგმებზე საუბრისას განაცხადა, სოციალური მეწარმეობის კონცეფცია ორ ძირითად კრიტერიუმს ეფუძნება: 1) სოციალურ საწარმოს გააჩნია გამოკვეთილი სოციალური მიზანი და 2) საწარმოს შემოსავალი დასახული სოციალური მიზნისა და მისიის რეალიზაციას ხმარდება. საქართველოს სოციალურად დაუცველი მოქალაქე ბევრი ჰყავს, სოციალურ საწარმოს კი სიღარიბესთან ბრძოლის დიდი უნარი შესწევს – მოსახლეობის იმ ნაწილს ასაქმებს, რომელიც დღევანდელ რეალობაში საკუთარ ადგილს ვერ პოულობს.
შეხვედრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარება საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მდგრადებს გახდის, რადგან დღეს მათთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის ერთადერთი გზა გრანტებია, სოციალურმა საწარმომ კი შესაძლებელია, გრანტები ჩაანაცვლოს.
აღმოსავლეთ მიდლსბროუს კონსორციუმის თავმჯდომარემ კლიფორდ დუგლას საუსქომბმა განაცხადა, რომ სოციალური საწარმო ვაჭრობასა და ბიზნესს ეხება. რატომ ერთვება ადამიანი ბიზნესში? რა თქმა უნდა, მოგების მისაღებად, მოსახლეობას კი სოციალური პრობლემები აწუხებს. ყველა სოციალური საწარმო ძლიერი ფასეულობით ხასითდება. სოციალური საწარმოები და არასამთავრო სექტორი ერთმანეთთან ახლოს დგას. სოციალური საწარმო განიხილება, როგორც თანამშრომლური მოძრაობა არასამთავრობო სექტორთან. სოციალურ საწარმოსა და კერძო საწარმოს შორის არსებობს განსხვავება – მართვა. “სოციალური საწარმო ახალი ბიზნესია. ფაქტობრივად, გრძელი გზის დასაწყისში ვდგავართ და არ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ მისი მართვა,”” – აცხადებს კლიფორდ დუგლას საუსქომბი.
ასე რომ, ჯერ ყველაფერი საკმაოდ ბუნდოვანია. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დაინტერესდება ქართული სამოქალაქო საზოგადოება მსოფლიოს ახალი მიდგომით და რამდენად გააცნობიერებს ქართველი მეწარმე, რომ მისი მოგება ფულზე მაღლა დგას? ამიტომ საჭიროდ მივიჩნევთ, მიმოვიხილოთ სოციალური მეწარმეობის ანუ მსოფლიოს ახალი მიდგომის ისტორია.
სოციალური მეწარმეობის მიზანი
სოციალური მეწარმეობა სოციალური მეწარმის საქმიანობაა. სოციალური მეწარმე არის პირი, რომელიც აღიარებს სოციალურ პრობლემებს და სოციალური ცვლილების მისაღწევად განხორციელებულ საქმიანობაში ეყრდნობა სამეწარმეო პრინციპებს. თუ ტიპური ბიზნესმეწარმე თავის საქმიანობას მოგებითა და ამონაგებით ზომავს, სოციალური მეწარმე თავის წარმატებას იმის მიხედვით აფასებს, თუ რა დადებითი გავლენა მოახდინა მან საზოგადოებაზე.
სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანია, გააუმჯობესოს სოციალური და გარემო პირობები. სოციალური საწარმო ეყრდნობა უფრო მეტს, ვიდრე მოგებაა. ეს არის ბიზნესმოდელი, რომელიც აერთიანებს შემოსავლიან ბიზნესს სოციალური-ღირებულების მომტან სტრუქტურასთან. ევროპელი სოციალური მეწარმეები მიიჩნევენ, რომ ამ პროგრესულ ბიზნესმოდელზე დაყრდნობით 21-ე საუკუნეში მეწარმეობის ხელახალი შეფასება-განსაზღვრა მოხდება.
სოციალური მეწარმეობის ისტორია
ტერმინები “სოციალური მეწარმე”” და “სოციალური საწარმო”” პირველად სოციალური ცვლილებების შესახებ ლიტერატურაში 1960-1970 წლებში გამოიყენეს. ტერმინი 1980-1990 წლებში ფართოდ დამკვიდრდა, რასაც ხელი შეუწყო ბილ დრეიტონმა, რომელმაც დააარსა აშოკა – გამომგონებლები საზოგადოებისთვის. 1980 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელ ბელმა აღწერა თავისი სოციალური მეწარმეობა, როგორც “სოციალური საწარმოს ყველაზე წარმატებული მეწარმე მსოფლიოში””, რადგან მან მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტი ორგანიზაცია დააარსა, მათ შორის სოციალური მეწარმეების სკოლა გაერთიანებულ სამეფოში.
კიდევ ერთი ბრიტანელი სოციალური მეწარმეა ლორდ მაუსონი, რომელმაც წოდება თავისი საქმიანობის დამსახურებით 2007 წელს მიიღო: აღმოსავლეთ ლონდონში დააარსა სოციალური საწარმო.
მსოფლიოს ახლებური მიდგომა: სოციალური მეწარმეობა
წლების განმავლობაში საერთაშორისო განვითარების ინდუსტრია სხვადასხვა მდგომარეობაში იყო. ერთი მხრივ, არსებობდა დიდი ინფრასტრუქტურული და ფინანსური პროექტები, ფინანსდებოდა გზებისა და სატელეკომუნიკაციო სადგურების მშენებლობა ან საჭიროებისა და კრიზისის დროს განვითარებულ ქვეყნებს ფინანსურ დახმარებას უწევდა. მეორე მხრივ, არსებობდა მომცრო ზომის მიკროსაფინანსო პროექტები, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას ფერმებისთვის ან მცირე ბიზნესებისთვის სუბსიდიებს აძლევდა.
თანამედროვე რეალობაში საერთაშორისო განვითარების განსხვავებული ტენდენციები ვითარდება. ზოგიერთი ორგანიზაცია ირჩევს, იყოს ზომით საშუალო და დაეხმაროს განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს წარმატებული და თვითმყოფადი ბიზნესის შენებაში. ამისთვის საჭიროა სამეწარმეო, ბიზნესის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარება და განვითარებად ქვეყნებში სტარტ-აფ ბიზნესის დაფინანსება.
ერთი სიტყვით, ჩამოყალიბებული მიდგომა ცნობილი გახდა, როგორც სოციალური მეწარმეობა და სწრაფად იქცა ტენდენციად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეფექტურ გზად გლობალური სიღარიბის აღმოსაფხვრელად. მთელი რიგი მსგავსი საწარმოები ღარიბ მოსახლეობას თავის რჩენაში მსოფლიოს მასშტაბით ეხმარებიან:
“ენდევორი”
ორგანიზაცია “ენდევორი” ახალი ბაზრების მეწარმეებს ეხმარება. ყოველ ექვს თვეში ორგანიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით კვლევას ატარებს, რათა განვითარებად ქვეყნებში მეწარმეების მიერ პოტენციურად ყველაზე სარისკო წამოწყებები გამოავლინოს. “ენდევორი” შერჩეულ მეწარმეებს სპეციალურად შემუშავებული პროგრამით ეხმარება იმაში, რომ მათ ბიზნესგეგმა შეადგინონ და სწორი სტრატეგია დაისახონ, ასევე მართვის სწორი სტილი აირჩიონ და ა.შ. ამ მოდელმა “ენდეავორს” უდიდესი წარმატება მოუტანა. “ენდევორის”მეწარმეები დღეს მსოფლიოს მასშტაბით 25 583 სამუშაო ადგილს ქმნიან და, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარის შემოსავალს იღებენ.
“აშოკა”
“აშოკა” ბილ დრეიტონმა დააარსა. “აშოკა” დაინტერესებულია, შექმნას ისეთი მსოფლიო, სადაც ადამიანები დიდი ცვლილებებისკენ ისწრაფვიან. თავისი ხედვის წარმატებისთვის კი სამმაგი სპირალის სტრატეგიას იყენებს. “აშოკა” მსოფლიოს მასშტაბით ეხმარება სოციალურ მეწარმეებს, უზრუნველყოფს სოციალური ფინანსებით და წარმოადგენს ერთგვარ ხიდს სოციალურ მეწარმეებსა და ბიზნესისა და აკადემიურ სექტორებს შორის.
“ეიქუმენის ფონდი”
2001 წელს შეიქმნა. მისი კაპიტალის წყაროს წარმოადგენს “სისკო სისტემების ფონდი”, როკფელერის ფონდი და სამი კერძო ფილანტროპისტი. “ეიქუმენის ფონდი” არის გლობალური არამომგებიანი საქმიანობა და გლობალური სიღარიბის დასამარცხებლად სამეწარმეო მიდგომებს იყენებს. ფონდის მუშაობის შედეგად მოხერხდა 5 მილიონი ტანზანიელის მალარიისგან გადარჩენა, 3 500 უსახლკარო პაკისტანელისთვის საკუთარი ჭერის გამოყოფა და 7 000 ინდოელი ფერმერისთვის ირიგაციის სისტემით სარგებლობის საშუალების მიცემა.
“ტექნოსერვი”
ტექნოსერვი” 1968 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ედ ბალარდმა დააარსა. ტექნოსერვი” ახალ და განვითარებულ ბაზრებზე ტრეინინგებს ატარებს და მეწარმეებს მმართველობითი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, ბიზნესგეგმების განვითარებასა და ფინანსური და შორსმჭვრეტელი გეგმების შემუშავებაში ეხმარება.