“ყველაზე ლიბერალურს” ისევ მიუბრუნდნენ
მაკა ღანიაშვილი
2004 წელს საქართველოს მთავრობამ დიდი ზარ-ზეიმით მიიღო “ყველაზე ლიბერალური” საგადასახადო კოდექსი. ცვლილებების ნუსხა ახალ კოდექსში 70-ს გადასცდა, მასთან არსებულ ფინანსთა მინისტრის დადგენილებებს ხომ თვლა აღარ აქვს. საგადასახადო კოდექსში ათეულობით ადგილას არის მითითებული, რომ ესა თუ ის საკითხი უშუალოდ ფინანსთა მინისიტრის ბრძანებით ან მთავრობის დადგენილებით რეგულირდება.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეფორმატული ქვეყნის რეფორმები არ ამართლებს. 6 წლის შემდეგ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის საქართველოში ახალი რეფორმების განხორციელება იწყება. საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ცვლილებები, რა თქმა უნდა, პირდაპირ, პირველ რიგში, ბიზნესის წარმომადგენლებზე აისახება, ამიტომ მოსალოდნელ ცვლილებებსა და მათ შესაძლო შედეგებს “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის”” წარმომადგენელთან ერთად განვიხილავთ, თვითონ ორგანიზაცია ცვლილებების შემუშავების პროცესში აქტიურად არის ჩართული.
ქართველი ბიზნესმენები ქვეყნის არალიბერალური საგადასახადო კოდექსის გამო დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ექსპერტების განცხადებით, კოდექსი ფინანსთა სამინისტროს ინტერესებზეა აგებული. მართალია, 2004 წელს ქვეყნაში 21 გადასახადი არსებობდა და ახლა მათი რიცხვი 6-მდეა შემცირებული, მაგრამ გადასახადების შემცირება, კოდექსის გამარტივებას სულაც არ ნიშნავს. გაუგებარი ადმინისტრაციული ნაწილით ფინანსთა სამინისტრო მეწარმეებს უფრო მეტ ფულს ართმევს, ვიდრე ისინი მაღალი გადასახადების შემთხვევაში გადაიხდიდნენ. ექსპერტები მუდმივად აცხადებენ, რომ საგადასახადო კოდექსში უამრავი ბუნდოვანი მუხლია ჩადებული, რომელსაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საკუთარი ინტერპრეტაციით კითხულობენ.
უკმაყოფილებასა და შენიშვნებს საქართველოს საგადასახადიო კოდექსის მიმართ არა მხოლო ქართველი ექსპერტები და ბიზნესმენები გამოთქვამენ. ბიზნესმენების მიმართ საგადასახადო ორგანოების აგრესიული დამოკიდებულება მსოფლიო ბანკმაც შეამჩნია. მსოფლიოს 109 ქვეყანაში საგადასახადო სისტემა უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში. ამ მონაცემებს შეიცავსPrice water house Coopers-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიში Paying Taxes 2009, რომელშიც ასახულია გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია მსოფლიოს 181 ქვეყანაში. ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასებისას ყურადღება ექცევა, როგორც გადასახადების რაოდენობასა და მოცულობას, ასევე გადასახდელად საჭირო დროს. ქვეყნის საგადასახადო სისტემის შესაფასებლად PWC-მა გამოიყენა ეკონომიკური მოდელი კომპანიისა, რომელიც აწარმოებს და ჰყიდის ყვავილის ქოთნებს. საქართველოში ასეთი ფირმა 30 სახის გადასახადს იხდის. მათი საერთო რაოდენობა კომერციული მოგების 38,6%-ს შეადგენს. ამ გადასახადების გასაფორმებლად და გადასახდელად წელიწადში სამუშაო დროის 387 საათი იხარჯება, ანუ 48 სამუშაო დღე. ამ მაჩვენებლებით საქართველო 110-ე ადგილზეა.
მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის აზრით, საგადასახადო ადმინისტრირებისას მთავრობამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ეს საკითხი ბანკის მიერ გამოკითხული ინვესტორებისთვის ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ინვესტორებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ საგადასახადო ორგანოები ზედმეტ აგრესიულობას იჩენენ კომპანიებისათვის გადასახადებისა და ჯარიმების დაკისრებისას. ასევე, ზედმეტად შენელებული ტემპით ხორციელდება საჩივრების დამუშავება ან დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნება. ამ საკითხში მთავრობამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ხელი არ შეეშალოს””, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის კვლევაში.
საგადასახადო კოდექის ხარვეზებზე საუბრისას ადმინისტრირების ნაწილში არსებულ პრობლემებს უსვამს ხაზს “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის”” წარმომადგენელიც. დავით კოღუაშვილი “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის”” საგადასახადო-საბაჟო მიმართულების დირექტორი: “საკმაოდ მრავალმხრივი სპექტრია იმ საკითხებისა, რომელზეც “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”” ამახვილებს ყურადღებას, პირველ რიგში კი, ეს არის ადმინისტრაციული ხასიათის შენიშვნები, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო კოდექსის აღსრულების ნაწილთან. საუბარია, საგადასახადო ინსპექტორების მხრიდან ამა თუ იმ მუხლის ორაზროვანი წაკითხვის შესაძლებლობაზე. რის გამოც ბიზნესებს ხშირად ექმნებათ პრობლემები. ასევე, საგადასახადოს თანამშრომლისთვისაც იქმნება გარკვეულწილად უხერხული სიტუაცია, ვინაიდან ის არის ფისკალური აგენტი და მისი ვალდებულებაა ბიუჯეტის სასარგებლოდ გაატაროს ღონისძიებები. შესაბამისად, მათი დამოკიდებულებაც მეტწილად სუბიექტურია და როცა კანონი იძლევა ორაზროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, ხშირად ესა თუ ის საკითხი ბიზნესისათვის საზიანოდ წყდება. ჩვენ ამ საკითხებზე ფინანსთა სამინისტროში წარვადგინეთ შენიშვნები რეკომენდაციების სახით და როგორც გვპირდებიან, განხორციელდება სერიზული, თვისობრივად წინგადადგმული ნაბიჯები ადმინისტრაციული პორბლემების გამარტივების მიზნით””.
ექსპერტები აქცენტს ქვეყანაში არსებული მცირე საწარმოების მდგომარეობაზეც აკეთებენ და მიიჩნევენ, რომ დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა მცირე მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. რადგან ქვეყანაში არ არის არც ერთი ნორმატიული აქტი მცირე მეწარმეობის შესახებ. ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ასხვავებს მცირე და საშუალო მეწარმეობას, მრავალ სირთულეებს იწვევს.
ფიქსირებული გადასახადის დაწესება ფინანსთა სამინისტროში უკვე გადაწყვეტილია, ამჯერად იმაზე მსჯელობენ, თუ რა სახით მოხდება ფიქსირებული გადასახადის განსაზღვრა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფიქსირებული გადასახადი პროგრესული გადაწყვეტილება არ არის, პირიქით, უკან გადადგმული იძულებითი ნაბიჯია. თუმცა, საგადასახადო კოდექსის უმკაცრესი ადმინისტრაციული ნაწილი, რომელსაც,
მეწარმეებთან ერთად ხშირად საგადასახადოს თანამშრომლებიც ვერ იგებენ, სხვა გზას აღარ ტოვებს. რაც შეეხება “ფიქსირებულის””განსაზღვრას, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გადასახადის დიფერენცირება უნდა მოხდეს, ზოგი გადაიხდის კომერციული ფართის მიხედვით, ზოგი საქონელბრუნვის შესაბამისად, ზოგი თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით და ა.შ. ექსპერტების ერთი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფიქსირებული გადასახადი დარგების მიხედვით უნდა დაწესდეს. ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ ფიქსირებული გადასახადი აბსოლუტურ ციფრებში გამოხატულ გადასახადს არ ნიშნავს. მისი თქმით, ფიქსირებული ნიშნავს ერთ ან რამდენიმე პირობასთან მიბმულ გადასახადს, მაგალითად, ბრუნვასთან მიბმულს, გასული წლის შემოსავალთან ან ფართთან მიბმულ გადასახადს. მინისტრი იმ მოსაზრებასაც ეთანხმება, რომ მცირე მეწარმეების ყველაზე დიდი პრობლემა არა გადასახადის განაკვეთი და მისი მოცულობა, არამედ ამ გადასახადის ადმინისტრაციული მოწყობა და ის ხარჯია, რაც კონკრეტულად გადასახადის გადახდასთან არის დაკავშირებული.
მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეების გამიჯვნის საკითხს “საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც”” მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. დავით კოღუაშვილი: “საუბარია იმაზე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი პრაქტიკულად განთავისუფლდეს გადასახადებისგან. ამასთანავე, მკაცრად მოხდება გამიჯვნა იმისა, თუ რომელია მცირე ბიზნესი და რომელი საშუალო, რა კრიტერიუმებით მოხდება ამის დადგენა. სახელმწიფომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ამ კატეგორიის მეწარმეებს. მათთვის იარსებებს თითქმის სიმბოლური გადასახადი, თუ რა ფორმით, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, შეიძლება იყოს ადგილობრივი ბიუჯეტის მოსაკრებლის ან ბრუნვადი გადასახადი სახით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი შეღავათები და მოტივაცია ბიზნესის განვითარებისათვის. ვფიქრობ, რომ წვრილი, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა ძალიან მნიშვნელოვანია””.
ბატონი დავითი სხვა ცვლილებებზეც გვესაუბრა, რომლის განხორციელებაც საგადასახადო კოდექსის რეფორმირებისას იგეგმება: “მთავრობა ასევე გვპირდება ქონების დასაბეგრი ბაზის კალკულაციისა და აფასების მიდგომების გადასინჯვას და ცვლილებებს. მოხდება მათი ზუსტი და სწორი ფორმულირება. რათა საგადასახადო სამსახურების თანამშრომლებს აღარ მიეცეთ დასაბეგრი ქონების ღირებულების თვითნებურად განსაზღვრის საშუალება, როგორც ამის საშუალებას კანონი დღემდე იძლეოდა. ცვლილებების შემდეგ კი კანონის ეს მუხლები იქნება მკაფიოდ ფორმულირებული, აღარ იარსებებს ორაზროვანი მიდგომები.
ასევე წამოწეულია მიწისა და ქონების საკუთრების გამიჯვნის საკითხი, გადაცემისას დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბეგვრის კუთხით. ეს საკითხიც პრაქტიკულად გადაწყვეტილია ბიზნესის სასარგებლოდ, საბოლოო ჯამში კი, ქვეყნისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ. საუბარია, ძველ ტრანზაქციებზე, რომელიც კანიონიერად არის განხორციელებული და ბიზნესებს აქვთ აბსოლუტურად კანონის ფარგლებში შესრულებული ბიზნეს-ოპერაციები, ძირითადი საშუალებების და შენობა-ნაგებობების მიწასთან ერთად გასხვისების პერიოდში, რომელიც შესრულდა ძველი რეჟიმით, მასზე ამჟამად მოქმედი საგადასახადო რეჟიმის პირობები არ გავრცელდეს”” – აღნიშნავს დავით კოღუაშვილი.
მთავრობამ საბაჟო და საგადასახადო კოდექსებისა და სამსახურების გაერთიანებაც გადაწყვიტა. საბაჟო, როგორც ცალკე უწყება, აღარ იმოქმედებს და ადმინისტრირებას ერთიანი შემოსავლების სამსახური განახორციელებს. ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი ადმინისტრირებას გაამარტივებს, თუ ბიზნესმენებს ორი კოდექსისთვის უნდა ედევნებინათ თვალი, ახლა მხოლოდ ერთით იხელმძღვანელებენ. მაგალითისთვის, კახა ბაინდურაშვილი მოგების გადასახადს ასახელებს. მისი განმარტებით, თუ ბიზნესმენის მიერ გადახდილ მოგების გადასახადში მეტობა დარჩება, თანხა ავტომატურად საბაჟო გადასახადში ჩაეთვლება, რაც პროცედურებს გაამარტივებს. დავით კოღუაშვილი: “კოდექსები დღეს პრაქტიკულად გაერთიანებულია, უბრალოდ, ძირითადი აქცენტი გაერთიანებისას იყო ადმინისტრირების ნაწილში. ახლა კი, მოხდება სისტემური გაერთიანება და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ჩვენ ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავთ, პირიქით, კარგი იქნება თუ კი იარსებებს ერთიანი კოდექსი და ერთიანად წაკითხვის საშუალება””.
6 წლის წინ ახალი კოდექსის დამტკიცებისას ყველაზე დიდ მოვლენად საარბიტრაჟო სასამართლოს შემოღება მიიჩნეოდა. საგადასახადო არბიტრაჟის ინსტიტუტის შემოღება, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, ბიზნესისათვის ერთ-ერთი მასტიმულირებელი საშულებად აღიქმებოდა. მიღებიდან 3 თვის ვადაში კოდექსში ცვლილებები შევიდა და არბიტრაჟი გაუქმდა, რითაც ბიზნესმა საგადასახადო დავების მოგვარების ერთ-ერთი ალტერნატიული გზა დაკარგა. დავით კოღუაშვილი: “კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები და საქართველოს უზენაესი სასმართლოს სისტემის შემადგენლობაში შეიქმნება სპეციალიზირებული საგადასახადო სფეროს წარმმართველი პალატა. ეს აუცილებელია იმ ზღვა მასალათა გათვალისწინებით, რომელიც სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს პალატაში ყოველდღიურად შედის. პრაქტიკულად, მოსამართლეები ვერ აუდიან ისეთ სპეციფიკურ თემებზე საქმეების განხილვას, როგორიცაა კრედიტორსა და ბანკს შორის ურთიერთობა, გირავნობის ხელშეკრულებით წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა და ასე შემდეგ. სამოქალაქო სასამართლო ამ მიმართულებით არაეფექტურია. გადაწყვეტილებების მიღება დროში ძალიან იწელება და, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება სამართლიანიც ვერ იყოს, რადგან მოსამართლეები ამ მიმართულებით სპეციალიზებული არ არიან. საქმეთა ასეთი მოცემულობა კი თავისთავად მოითხოვს, მოხდეს მოსამართლეთა ჯგუფის სპეციალიზაცია საგადასახადო თემატიკის სფეროში. ამჟამად კი ამის ალტერნატივა, ვიტყოდი – საკმაოდ ეფექტურიც, ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში არსებული დავების განხილვის საბჭოა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს ნამდვილად არის ქმედითი ინსტიტუტი, რომელიც ერთგვარად ავსებს იმ ვაკუუმს, რომელზეც ზემოთ ვასუბრობდით. დავების საბჭოში სადავო საკითხების თითქმის ნახევარი გადამხდელების სასარგებლოდ წყდება, ამასთანავე, ძალიან სწრაფ ვადებში. საბჭოს შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებლი ექსპერტები, მათ შორის, ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელიც””.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 2010 წლის იანვარ-მარტში 311 საჩივარი განიხილა, რაც შარშანდელი I კვარტლის მონაცემზე ორჯერ მეტია. სულ 2009 წელს საბჭოში 910 საჩივარი (სადავო თანხით 354,378 მლნ ლარი) შევიდა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მთავრობის ახალი ინიციატივა ითვალისწინებს, იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს საწარმოების მიერ გამოშვებული, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული პროცენტები არ დაიბეგრება და აღნიშნული პროცენტის მიმღები პირის მიერ, ერთობლივ შემოსავალში არ ჩაითვლება. საუბარია, იმ საწარმოზე გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, რომელიც ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს და უცხოურ საფონდო ბირჟებზე განათავსებს. აღნიშნულ ცვლილებას მთავრობა საქართველოს საწარმოების სასესხო ფასიან ქაღალდებში ფულის დაბანდების ხელშეწყობის სურვილით ხსნის, რათა მოხდეს უცხოელი ინვესტორების დაინტერესება.
ასეთია იმ ცვლილებათა ნუსხა, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში აპირებს. როგორც ყველა რეფორმის დასაწყისში, ცხადია, ახლაც ხშირად ისმის კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად გაამართლებს ცვლილებები. თუმცა, განსხვავებით წინა რეფორმებისაგან, მთავრობის წევრები ახლა მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართველ ექსპერტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელთაგანც ბევრ შენიშვნებს იღენებ რეკომენდაციების სახით. ყურად იღებენ თუ არა მათ რჩევებს, სულ მალე გამოჩნდება, რადგან ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკიცებას ხელისუფლება მოკლე ხანში გეგმავს.