დღგ-ის შემცველობა ფეტვიან ხაჭაპურში და ეჯუორთის ყუთის პარამეტრები საახალწლო სუფრაზე – არნახული კონკურსი
ემზარ ჯგერენაია
ძალიან ბევრი ვიფიქრე, რა მეთქვა ჩემი მკითხველისთვის საახალწლოდ. ის, თუ როგორ გადავაგორეთ 365 დღე, 8760 საათი, 525600 წუთი და როგორ გვეტკინა თუ გვიჭირდა, რამდენი უაზრობა, სიშლეგე მივასიკვდილეთ და რამდენს ჩავიდენთ მომავალ 365 დღში. ან, იქნებ, საყოველთაოდ აღიარებული და დაფასებული წიწიბურას ფასების ატომურ აფეთქებაზე გვემსჯელა, გოჭთან, ანდა, გათავხედებულ ნიორთან ერთად! მაგრამ ამაზე უჩემოდაც ბევრს ლაპარაკობთ სამზარეულოში ჩაკეტილები, დარწმუნებული ვარ საახალწლო თავყრილობებიც არ იქნება ამ ქოთქოთის გარეშე. ჯობს მოგიყვეთ ფისკალური პოლიტკის მხიარული ამბები.
ასე მაგალთად… ისე, ეს ამბავი ნამდვილია, წყაროც ცნობილია და ობიექტიც. ამას წინათ, უცხომიწელი სტუმარი მყავდა და “რედისონ სასის” რესტორანში მივიპატიჟე. მენიუ მოგვართვეს, ფასები დავათვალიერეთ და შევუკვეთეთ. არავის გავუფრთხილებივართ, რომ ახალი სტილის რესტორანი იყო. ჰო, არ ვხუმრობ, იტალიური, მაგრამ ახლებური საგადასახადო განმანათლებლური კონცეფციით. ანგარიში რომ მოგვართვეს, ქვემოთ ეწერა მირთმეული ვახშმის თანხა, შემდეგ გადასახადი, კიდევ თანხა და მერე ჯამი. გესმით? რომ ჭამთ, აუცილებელია იცოდეთ, ხაჭაპურში თუ სტეიკში რამდენი დღგ, რამდენი საშემოსავლო ან აქციზი შედის… ასე უფრო ადვილად ეჩვევიან თურმე მოქალაქეები საგადასახადო კოდექსს. ისე “რედისონ სასში” სტუდეტნები და მცირე მეწარმეები უნდა ვატაროთ, კარგ ტრეინინგს მიღებენ, რატომაც არა. წარმოიდგინეთ, მიირთმევთ დედალს, ორივე ბარკალი – დღგ (ამიტომაც არც ბარკალი მიყვარს და არც დღგ), შემდეგ კურტუმო – საშემოსავლო, გულმკერდი – აქციზი, ჰოდა, მარტო ფრთებიაო მოგება და მისი გადასახადი და ამიტომაც არის ეს დედალი გაძვალტყავებული და პატარა. ასე უაზროდ რომ ვჭამდით აქამდე, იმიტომ იყო ბნელი და უკუნი, ახლა დაუძახებ მეგობარს, ეგ ბაჟეში ჩადებული დღგ გადმომაწოდე თუ ძმა ხარო ან ამ გოჭის აქციზი მესროლე და ასე დაიმახსოვრებ ადვილად. ასეა, ერთდროულად ქეიფობ და ერკვევი კოდექსსა და კალკულაციაში. ამ ეკონომიკურ მოვლენას მეორე მხარეც აქვს – თქვენ რაც უფრო მეტს ქეიფობთ, მით მეტი პატრიოტული სიამაყით გადახედავთ ანგარიშს და თვალნათლივ დაინახავთ, რა წვლილი შეგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში და მშიერ-მწყურვალების დაპურებაში. ჰოდა, მადაც და სიამაყეც უფრო მოგემატება, როცა მიხვდები მარტო შენ კი არ ჭამ, ქვეყანას აჭმევ და რა დოზით – ანგარიშზეა მითითებული მუხლში – გადასახადი.
ამ ეკონმიკურმა მიმართულებამ ახალი სახელი მიიღო – ვახშამ-ტრეინინგის და პურ-მარილ-გადასახადის სკოლის. ჰოდა, შეიქმნა ფანკლუბი, რომელიც აპირებს ამ ნოუ-ჰაუს ფართოდ გავრცელებას სხვა ცნობილ რესტორნებში.
ისე, ამას წინათ სვანეთში ვიყავით და რესტორანში ანგარიში რომ მოიტანეს, გადასახადი კი არა, მომსახურების პროცენტი, კუბდარი და ფეტვიანი ხაჭაპური ჰქონდათ გამორჩენილი. რომ შევახსენეთ, ისამოვნეთ ბატონო, ტურიზმი მთის სიხარულიაო, მოგვიგეს. არადა, სვანეთშიც ხომ უნდა დაინერგოს ახალი სკოლა? იქაც ხომ უნდა გაიგონ რამდენი დღგ-ია ფეტვიან ხაჭაპურში და სვანურ ელარჯში. არ გამოვა სხვანაირად.
ჰო, სხვათა შორის, საახალწლოდ ოფიციალურად ჯილდოა გამოცხადებული – 50 000 ლარი პირველ პრემიაზე და მერე მიყოლებით, თუ ვინ როგორ დაითვლის გოჭში, ხაჭაპურში და საცივშიDდღგ-ს. გამარჯვებულს დააჯილდოვებს “რედისონ სასი”. თუ იმას დააზუსტებთ, ეს გადასახადის ტვირთი რომელ ნაჭერზე მოდიოდა და რა მიმართება აქვს ამ ყველაფერს ეჯუორთის ყუთთან, მიიღებთ გრამპრის!
ვმაიმუნობ, მაიმუნობაა მთელი ცხოვრება გადასახადების გარდა და ეჯუორთის ყუთის რეალურ პარამეტრებს გარეთ.