საშუალება არის, სურვილი არა?!

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს საბანკო სისტემისადმი უნდობლობისა და უკმაყოფილების დონე მოსახლეობის მხრიდან სულ უფრო იზრდება. მართალია, ქართველი ბანკირები სიამაყით აღნიშნავენ, რომ მათ მსოფლიოს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისსა და 2008 წლის ომის უარყოფით გავლენებს თავი მალე დააღწიეს და მოგებაზეც მალე გავიდნენ, მაგრამ რის ხარჯზე მოხდა ეს?

საქართველოს საბანკო სექტორმა 2012 წლის პირველი ხუთი თვე 70 მილიონიანი წმინდა მოგებით დაასრულა. საბანკო სექტორმა იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტი შემოსავლები მიიღო. 893 მილიონიანი შემოსავლებიდან უდიდესი წილი საპროცენტო განაკვეთებიდან მიღებული თანხებია.
ქართულ კომერციულ ბანკებს დღეს ბევრი საყვედურობს (და უკვე სამთავრობო ეშელონებიდანაც), რომ ისინი კლიენტთა ინტერესებზე ნაკლებად ზრუნავენ და, ძირითადად, საკუთარი კეთილდღეობის განმტკიცებით არიან დაკავებულნი. ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში სერიოზული ანტისაბანკო განწყობის ჩამოყალიბების საფრთხე არსებობს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბანკებში “ძალიან მაღალი გადასახადებია” და საჭიროა ერთად მუშაობა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კრედიტები ხელმისაწვდომი იყოს.
ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია: “ფინანსურ სექტორში ომმა და კრიზისმა მოკლევადიან პერიოდში მდგომარეობა შედარებით გააუარესა. შემდეგ ბანკებმა გააუმჯობესეს მდგომარეობა და გადალახეს კრიზისული პერიოდი, ზარალიდან გადავიდნენ მოგებაზე, თუმცა ეს ყველაფერი არ ასახულა საპროცენტო განაკვეთებზე. აქედან გამომდინარე, ბოლო 5-6 წლის დინამიკას თუ გადავხედავთ, ბანკების მომსახურებისადმი უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვი ნელ-ნელა იზრდება და ეს უკავშირდება უზრუნველყოფის სიმკაცრეს და საპროცენტო განავეების სიდიდეს. შესაბამისად, მოსახლეობის მსგავსი განწყობა სავსებით საფუძვლიანია”.
გიორგი აბაშაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციებიის ცენტრის ხელმძღვანელი: “გამოვრიცხავ, რომ საზოგადოებაში იყოს ე.წ. 100%-იან ანტისაბანკო განწყობა. გარკვეული უარყოფითი განწყობა შეიძლება მართლაც არსებობდეს, მაგრამ რამდენად არის ეს საფუძვლიანი და სამართლიანი, უკვე მეორე თემაა. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ არა ერთი შემთხვევა გვქონდა ბანკების, შეიძლება სამართლიანი, მაგრამ არცთუ კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა მომხმარებლებთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ ამ საკითხში “დამნაშავე” ორივე მხარეა. კლიენტი იმის გამო, რომ ძალიან ხშირად ბრმად ენდობა კომერციულ ბანკებს და არ კითხულობს ხელშეკრულების პირობებს, მანამ სანამ საქმე საქმეზე არ მიდგება. მეორე საკითხია, თუ რამდენად არის ეს ხელშეკრულება მომხმარებელზე ორიენტირებული. მართალია, ბანკი ცალსახად მომხმარებელზე ორიენტირებული ვერ იქნება იმიტომ, რომ მას თავისი პოლიტიკა აქვს, მაგრამ მათი მხრიდან უნდა იყოს გარკვეული პუნქტები გათვალისწინებული. ხანდახან პრობლემაა ისიც, თუ რამდენად სწორად განუმარტავენ კლიენტებს ამ პირობებს. შეიძლება მომხმარებელმა წაიკითხოს კიდეც ეს ხელშეკრულება, მაგრამ მისთვის მაინც ყველაფერი არ იყოს ნათელი. ამიტომ სასურველია ბანკს მოეთხოვებოდეს უფრო ნათლად განუმარტოს კლიენტს სახელშეკრულებო პირობები”.
ქართული ბანკები პრეზიდენტის ბრალდებებს არ ეთანხმებიან და სოციალური ფონის დამძიმებაში საკუთარ წვლილს უარყოფენ. “ბიზნესის დაკრედიტების განაკვეთები მცირდება და მომავალშიც გაგრძელდება. ეს მუდმივი პროცესია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე, ანუ იმაზე, თუ რა განაკვეთით შეუძლია ქვეყანაში ოპერირებად ბანკს ფულის სესხება უცხოეთში; ბანკის დონეზე, სესხების და დეპოზიტების განაკვეთების ურთიერთშეფარდებაზე; თავად ბიზნესის მიერ წარდგენილი საკრედიტო განაცხადის ხარისხზე. გარდა ამისა, საქართველოში ოპერირებად ბიზნესებს დიდი ხნის ისტორია არ აქვთ, როგორც უცხოეთში და ამიტომ ქართული ბანკისთვის რთულია კონკრეტული ბიზნესის განვითარების პოტენციალის პროგნოზირება”, – განაცხადეს საქართველის ბანკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ჩვენ კომენტარისათვის მივმართეთ სხვა ბანკებსაც, სამწუხაროდ, ბანკები კომენტარისგან მაინც თავს იკავებენ.
უმწვავესი პრობლემა, რომელიც კლიენტებისა და ბანკების უერთიერთობის დღევანდელ სირთულეებზე ნათლად მიუთითებს, ის, შავიზვისპირა საცხოვრებელი ტიპის სასტუმრო სახლები და მათი მეპატრონეებია არიან, რომლებიც საბანკო კრედიტების გადახდას ვერაფრით ახერხებენ და სახლკარის გარეშე დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე დგანან. ეს ბანკებისადმი კლიენტების უკმაყოფილების ერთადერთი შემთხვევა არ არის. ქობულეთის და სხვა შავიზღვისპირა კურორტების მსგავსად, ბანკებთან პრობლემები კახელ გლეხებსაც შეექმნათ: დედოფლისწყაროს რაიონში გლეხებს მიწების დამუშავების და პროდუქციის მოსაყვანად სესხები ბანკებიდან ჰქონდათ გამოტანილი, რომელთა გადახდასაც ზარალის გამო ვეღარ ახერხებენ და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.
პრობლემაა არა მხოლოდ საპროცენტო განაკვეთები, ბანკებს ძალიან მაღალი აქვთ საკომისიო მომსახურებაზე დაწესებული გადასახადებიც. მაგალითისათვის, “საქართველოს ბანკის” პროდუქტის “ექსპრეს კრედიტის” ოფიციალურ პირობებში მითითებულია, რომ კრედიტზე განაკვეთი 0%-ია. თუმცა, სესხის საკომისიო თვეში 2-ჯერ 10 ლარია, შესაბამისად, გადასახდელი წელიწადში 240 ლარი გამოდის”, – აღნიშნავს ერთ-ერთი მომხმარებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის თქმით, ბანკებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ჯამურ მსესხებლებთან მიმართებაში პრობლემური სესხების შეფარდება მცირეა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის, ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 7,932 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ერთი თვის განმავლობაში 1,9%-ით არის გაზრდილი. აპრილის ბოლოსთვის ჯამური საკრედიტო პორტფელი 7,785 მლრდ ლარი იყო. წლის დასაწყისიდან პორტფელი 2,5%-ით არის გაზრდილი – 2011 წლის დეკემბრის ბოლოსთვის სესხების საერთო მოცულობა 7,739 მლრდ ლარი იყო.
რაც შეეხება საკრედიტო პორტფელის ხარისხს, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მაისში 213,512 მლნ ლარიდან, 204,889 მლნ ლარამდე შემცირდა; უმოქმედო სესხების მოცულობა კი 590,38 მლნ ლარიდან 639,939 მლნ ლარამდე გაიზარდა. სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი მაისში 527,839 მლნ ლარიდან 549,086 მლნ ლარამდე გაიზარდა. უმოქმედო სესხების რეზერვი კი 335,285 მლნ ლარიდ-ან 352,049 მლნ ლარამდე გაიზარდა.
2012 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საკრედიტო რესურსების ქვეყნის ეკონომიკის სექტორებს შორის ეროვნულ ვალუტაში განაწილება უჩვენებს, რომ კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან (886.97 მილიონი ლარი) მრეწველობაში დაბანდებულ იქნა 169.0 მილიონი ლარი (19.1 პროცენტი), მშენებლობაში 93.5 მილიონი ლარი (10.5 პროცენტი), ვაჭრობაში 424.8 მილიონი ლარი (47.9 პროცენტი), ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში 36.5 მილიონი ლარი (4.1 პროცენტი), სხვა სექტორებში (სასტუმროები და რესტორნები, ფინანსური შუამავლობა, ოპერაციები უძრავი ქონებით) – 163.1 მილიონი ლარი (18.4 პროცენტი). ანალოგიურ პერიოდში საკრედიტო რესურსების იურიდიულ პირებზე (3,375.3 მილიონი ლარი) უცხოურ ვალუტაში განაწილება ქვეყნის ეკონომიკის სექტორებს შორის შემდეგია: მრეწველობა 660.8 მილიონი ლარი (19.6 პროცენტი), მშენებლობა 329.5 მილიონი ლარი (9.8 პროცენტი), ვაჭრობა 1612.2 მილიონი ლარი (47.8 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 152.9 მილიონი ლარი (4.5 პროცენტი), დანარჩენი სექტორები 619.9 მილიონი ლარი (18.4 პროცენტი). როგორც ვხედავთ, გაცემული სესხების უდიდესი წილი რამდენიმე სექტორზე მოდის.
2012 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა სესხებზე (ბანკთაშორისო სესხების გარეშე) 19.6 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია. მათ შორის, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხებზე განაკვეთმა 22.1 პროცენტი შეადგინა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი 16.3 პროცენტი და იგი წინა თვის მაჩვენებელს 0.5 პროცენტული პუნქტით აღემატება.
2012 წლის აპრილის თვეში უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხების მოცულობამ 3,997.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 1.7 პროცენტით, ანუ 71.2 მილიონი ლარითაა ნაკლები, ხოლო 2011 წლის აპრილის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს 1408.0 მილიონი ლარით, ანუ 52.9 პროცენტით აღემატება. 2012 წლის აპრილში უძრავი ქონების უზრუნველყოფით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობამ 656.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 4.3 მილიონი ლარით, ანუ 1.01 პროცენტითაა მეტი, ხოლო 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (408.97 მილიონი ლარი) 247.8 მილიონი ლარით, ანუ 60.6 პროცენტით აღემატება, რაც შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოურ ვალუტით სესხების მოცულობას, იგი მიმდინარე წლის აპრილში 3,340.3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 75.5 მილიონი ლარითაა ნაკლები, ხოლო 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 891.9 მილიონი ლარით, ანუ 36.4 პროცენტით აღემატება.
საქართველოს საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15-დან 30 პროცენტამდეა, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ამავე კატეგორიის სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებელი 6,75 პროცენტია. საკრედიტო ბარათებზე განაკვეთი წლიური 36 პროცენტია. იპოთეკურ სესხებზე კი – 12-16 პროცენტი. მაგალითისათვის, ბელგიაში წლიური საპრო-ცენტო განაკვეთი 7,5 პროცენტია, იტალიაში – 4,32 პროცენტი, გერმანიაში კი – 5,4 პროცენტი.
საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია. “საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის” მიერ 2012 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ ხელშემშლელ მიზეზად საკრედიტო რესურსებზე ხელმიუწვდომლობას ასახელებს.
გარდა ამისა, 2011 წელს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების უმეტესობა სწორედ ვალში წაღებული ქონების ხარჯზე ხდებოდა.
რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ კომერციულმა ბანკებმა სესხებსა და კრედიტებზე არსებ-ული მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეამცირონ? ბოლო დროს ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, რადგან საქართველოში არსებული საბანკო სექტორი გამართულად კი მუშაობს, ოღონდ ისე, რომ ბანკები ეკონომიკის ხარჯზე ვითარდება.
ბანკები სესხების რესტრუქტურიზაციის ფაქტებით აპელირებენ, მაგრამ ექსპერტები მიუთითებენ, რომ ეს ისევ და ისევ საპროცენტო განაკვეთების ზრდის ხარჯზე ხდება. ექსპერტთა შეფასებით, ბა-ნკები რესტრუქტურიზაციას ყველაზე ხშირად მსხვილ კლიენტებთან მიმართებაში ახორციელებენ. ფიზიკური პირებისა და მცირე კომპანიების შემთხვევაში კი, მათი მხრიდან ლოაილობა მინიმალურია.
დავით ნარმანია: “საპროცენტო განაკვეთები რესტრუქტურიზაციის შემდეგ მართლაც იზრდება და სხვანაირად არც შეიძლება იყოს, იმიტომ, რომ ბანკი იზარალებს. მას სხვა გამოსავალი არ აქვს. როცა ბანკი ხედავს, რომ კლიენტი მას თანხას ვერ უბრუნებს, ბანკი იძულებული ხდება მოახდინოს რესტრუქტურიზაცია. რესტრუქტურიზაცია ნიშნავს ფულის დაბრუნების დროში გადავადებას. ანუ ბანკმა თუ დამატებითი სარგებელი ვერ ნახა, ინფლაცია ჭამს გვიან დაბრუნებულ ფულს და თუ არ მოხდა საპროცენტო განაკვეთის ზრდა, ეს ფული იქნება უფრო დაბალი მსყიდველობითუნარიანი, ანუ გაუფასურებული, ამის კომპენსირება ხდება საპროცენტო განაკვეთის ზრდით”.
გიორგი აბაშაშვილი: “რესტრუქტურიზაცია, პირველ რიგში, ბანკების ინტერესებშია. არასწორია შეხედულება, თითქოს ბანკს უნდა სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ბინა დარჩეს და მისი რეალიზაცით ამოიღოს სესხი. ეს ბანკისთვის არის უკიდურესი ნაბიჯი. მას ურჩევნია, რომ მსესხებელმა სესხი დაფაროს და ცდილობს ამას მიაღწიოს სესხების რესტრუქტურიზაციით. რაც შეეხება მომხმარებლის ინტერესებს, თვითონ რესტრუქტურიზაციის იდეა თავიდან ბოლომდე მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული, იმიტომ, რომ ხდება სესხის გადავადება. მაგრამ მეორე საკითხია ის, თუ როგორია ეს გადავადების პირობები – თუ გადავადების პირობები ისეთია, რომ არსებულ სასეხსო ხელშეკრულების პირობებს მნიშვნელოვნად აუარესებს, თავისთავად ცხადია, ვერ ჩავთვლით, რომ ეს არის სასურველი მომხმარებლისათვის. მე რა შემთხვევებსაც ვიცნობ, ეს არის ხოლმე ბოლო გამოსავალი მსესხებლისათვის. რესტრუქტურიზაციის ცალკეულ შემთხვევებში, ფიქსირდება საპროცენტო განაკვეთების ზრდაც. გააჩნია გადავადების ვადებს, რაც უფრო გრძელვადიანი პერიოდით ხდება ვალების გადავადება, რა თქმა უნდა, მით უფრო მეტი გადასახდელია პროცენტის სახით”.
უდიდესი პრობლემაა ისიც, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ვერ იღებენ კრედიტებს. ამის მიზეზი ის არის, რომ 2008 წლის შემდეგ, ბანკებმა რისკები თვისობრივად გადააფასეს. 2008 წლამდე, ტელეფონითაც კი შეიძლებოდა სესხის აღება. დღეს ბანკები სხვა მიმართულებით მიდიან და მხოლოდ გარანტირებულ კლიენტებს აკრედიტებენ. თუ ბანკებმა ახლებური მიდგომები არ დანერგეს, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ განვითარდება, რადგან დამწყებ ბიზნესს გრძელვადიანი ფული სჭირდება. მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ განვითარდება, თუ გრძელვადიანი ფული არ ექნება. ამას კი სამი ალტერნატივა აქვს: კომერციული ბანკები, რაც დახურული სივრცეა მათთვის; მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელიც ბანკებთან შედარებით მარტივად გასცემს სესხებს, სანაცვლოდ კი მათი საპროცენტო განაკვეთებიც მაღალია.
ქართული ბანკების სტრატეგიის საუკეთესო გამოხატულებაა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fიტცჰ-ის მიერ მინიჭებული ახალი რეიტინგებიც. Fitch Ratings-მა, “თიბისი ბანკს” და “პროკრედიტ ბანკი – საქართველოს” მდგრადობის რეიტინგები “B+”-დან “BB-” დონემდე გაუზარდა, “საქართველოს ბანკის” მდგრადობის რეიტინგი კი “BB-” დონეზე დაადასტურა. Fიტცჰ-მა ასევე “B+”-დან “BB-“-მდე გაზარდა “თიბისი ბანკის” გრძელვადიანი რეიტინგი, პროგნოზით – “სტაბილური”. “პრო-კრედიტ ბანკი – საქართველოს” გრძელვადიანი რეიტინგი “BB”-ია, ხოლო “საქართველოს ბანკის” – “BB-“.
სააგენტოს ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქართული ბანკებისთვის რეიტინგების ზრდის მიზეზი მათი კაპიტალიზაციის და ლიკვიდურობის მაღალი დონე გახდა. ასევე ის ფაქტი, რომ მათ შესწევთ უნარი გაუმკლავდნენ მოულოდნელ ზარალს ან თანხების გადინებას. Fიტცჰ-ის განცხადების მიხედვით, სამივე ბანკისთვის რეიტინის აწევა კაპიტალიზაციისა და ლიკვიდობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. მეტიც: სააგენტო იუწყება, რომ სამივე ბანკს კლიენტების კარგი ბაზა აქვს. მაგრამ Fიტცჰ-ის ექსპერტთა მოსაზრებით, თუ ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება აქტიურად დაიწყეს, მაშინ მათი მდგრადობის ინდექსი საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს.
საინტერესოა, რა როლს ასრულებენ ქართული ბანკები ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაში? გიორგი აბაშაშვილი: “ზოგადად ეკონომიკის განვითარების საქმეში ბანკებს ძალიან დიდი როლი ენიჭებათ. მათ შორის, ბანკებს საქართველოშიც შეუძლიათ დიდი როლი ითამაშონ, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რამდენად ასრულებენ ისინი ამ როლს. ჩემი დაკვირვებით, ბანკები გაცილებით უფრო მეტად უწყობენ ხელს დღეს სამომხმარებლო კეთილდღეობის შექმნას, ვიდრე ბიზნესის განვითარებას. დღეს უფრო აქტიურია სამომხმარებლო სესხების სეგმენტი. ბიზნესზე ორიენტირებული სესხები არის, მაგრამ ისინი დიდ როლს არ თამაშობენ საბოლოო ჯამში, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საპროცენტო განაკვეთები არის ძალიან მაღალი და მეორეც იმიტომ, რომ ძალიან რთულად ხდება ბიზნეს სესხების გაცემა”.
საინტერესოა, იქონიებს თუ არა გავლენას ბანკების საპროცენტო განაკვეთებზე ბოლო პერიოდში ატეხილი აჟიოტაში და შეამცირებენ თუ არა ისინი განაკვეთებს. თუმცა, მათი ქმდება მხოლოდ შიდა ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული, გასათვალისწინებელია გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებიც, რადგან საქართველოს კომერციული ბანკების უმეტესობა დიდწილად უცხოურ რესურსებზეა დამოკიდებული.
დავით ნარმანია: “პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოში საპროცენტო განაკვეთების გადახედვის რესურსი ნამდვილად არსებობს. ვიცი, ეს ფრაზა ბევრ ბანკირს ცუდად მოხვდება გულზე, მაგრამ ეს მხოლოდ საბანკო სექტორს არ ეხება. კრიტიკას არ გამოვთქვამ მხოლოდ კომერციული ბანკების მისამართით – რატომ არ ამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს-თქო. შეიძლება ეს ძალიანც სურთ, რათა დამატებით კლიენტები მოიზიდონ, მაგრამ ვერ ამცირებენ. ბევრ მათგანს საამისოდ რესურსი არ აქვს. იმიტომ, რომ დღეს ფულადი რესურსის უდიდესი ნაწილი სამ კომერციულ ბანკშია თავმოყრილი. დანარჩენ 16 ბანკს შეზღუდული რესურსები გააჩნია. გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთების დასტაბილურებას ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ძალიან მაღალი რისკები. რისკები, რომლის წინაშეც კომერციული ბანკები უძლურნი არიან და უძლურია მხოლოდ ცენტრალური ბანკიც, უკავშირდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ რისკებს, მთავრობის მხრიდან ეკონომიკურ პოლიტიკაში ხშირ ცვლილებებს, ინფლაციის მაღალ განაკვეთს (თუმცა, ჩვენი ოფცილიალური უწყებები რეალურად უფრო დაბალს აფიქსირებენ), საკუთრების უფლებების და-ცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ძალიან ბევრ სხვა თემას, რომელიც ბიზნეს გარემოში არსებობს. რომლებიც, საერთო ჯამში, ბიზნესის კეთებას რისკიანს ხდიან და ბანკმა როცა იცის, რომ მის კლიენტს მაღალი ბიზნეს რისკები გააჩნია და შეიძლება ის გაკოტრდეს და თანხა საერთოდ ვერ დააბრუნოს, ასეთ შემთხვევაში, ბანკები ცდილობენ მაღალი საპროცნტო განაკვეთები დააწესონ, რათა ერთი კლიენტის ზარალის შემთხვევაში, მეორე კლიენტიდან ამოიღონ მოგება.
თვითონ კომერციული ბანკების მხრიდან პრობლემა ისაა, რომ ისინი ძალიან ბევრ არასაბანკო პროექტებს ახორციელებენ. ბევრმა ბანკმა მის გარშემო შექმნა ოლიგოპოლური სიტუაცია. ბევრმა სადაზღვევო კომპანია შეიძინა, ბევრმა სხვადასხვა პროექტებში ჩადო ფული და როცა უკუგება ამ პროექტებიდან ჯერ არ დაწყებულა, ბანკები საპროცენტო განაკვეთების სიდიდით და კლიენტებიდან მეტი თანხის ამოღებით ცდილობენ დააბალანსონ ის ხარჯები, რაც ამ პროექტებისათვის გასწიეს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ბანკები გადახედავენ თავის პოლიტიკას ამ თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში ბანკს ეკრძალება სხვა საქმიანობაში ფულის ჩადება, ჩვენთან ეს შეზღუდვა არ არსებობს, რაც არასწორია”.
გიორგი აბაშაშვილი: “საპროცენტო განაკვეთების კლება ერთი განცხადების საფუძველზე ძნელი წარმოსადგენია. პრეზიდენტის მოწოდება საინტერესოა და ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული, მაგრამ საპროცენტო განაკვეთების კლება არ არის მარტივი პროცესი. ეს არის კომპლექსური საკითხი. რა თქმა უნდა, აქ ეროვნული ბანკის როლი მაღალია და მას შეუძლია გარკვეული ინსტრუმენტების საშუალებით მოახდინოს განაკვეთების შემცირების წახალისება, იგივე რეფინანსირების ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა უკვე მიმართა. ეს განაკვეთი ამჟამად ისტორიულ მინიმუმსაც კი უტოლდება. თუმცა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა – საკმარისი ფაქტორები. კომერციულ ბანკებს აქვთ რესურსების მიღების სხვა წყაროც, რის გამოც მნი-შვნელობა ნაკლებად აქვს შიდა ბაზარზე არსებულ სიტუაციას და დამოკიდებულნი ვართ გლობალური ბაზრის ტენდენციებზე. თუმცა, პირადად, მიმაჩნია, რომ ამ პირობებშიც კი, საპროცენტო განაკვეთების კლების რესურსი დღეს კომერციულ ბანკებს აქვთ და უახლოეს პერიოდში პროცენტების განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი არის ოპტიმისტური”.
ექსპერტები თანხმდებიან იმ ფაქტზე, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების ბერკეტი საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს ნამდვილად აქვთ. სამწუხაროდ ბანკებისაგან კომენტარის მიღება ამ საკითხებთან დაკავშირებით ვერ მოვახერხეთ – რა გეგმები აქვთ მათ, განიხილება თუ არა მათი მხრიდან განაკვეთების შემცირება და ა.შ. ეს კითხვები ბანკების მხრიდან კვლავ პასუხგაუცემელია.