”ფორექს ქლაბი” საქართველოში აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკით შემოდის
”ფორექს ქლაბში” უკვე 40-მდე ქართველი მომხმარებელია. ამის შესახებ ”გრინ კაპიტალის” წარმომადგენელი, გივი კორინთელი აცხადებს. მისი თქმით, 1 მაისიდან მუშაობა აქტიურ ფაზაში შევა. კორინთელის განცხადებით, ტრეიდერების რაოდენობა წლის ბოლომდე 250-ს მიაღწევს. ”ამიტომ საკმაოდ დიდი გეგმებია. იქნება აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკა, რომლითაც ყოველთვის გამოირჩევა ”ფორექს ქლაბი”, – აცხადებს კორინთელი.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტური კონკურსის დაჯილდოება გაიმართა. ”რევოლუციური იდეები ბიზნესში” – ეს არის სტუდენტური კონკურსი, რომელიც ”ფორექს ქლაბის”, საინვესტიციო კომპანიების ”ქუადრო კაპიტალის”, ”გრინ კაპიტალის” და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. როგორც კორინთელი აცხადებს, კონკურსმა ძალიან გაამართლა. მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სტუდენტებისთვის გაიმართება სხვადასხვა სახის ტესტები, რომლებიც რეალურ შანსს მისცემს ნებისმიერს დასაქმდეს ”გრინ კაპიტალში”. შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ კრეატიული ბიზნეს იდეები.
კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, შევიდა 300-ზე მეტი იდეა. იდეები ძირითადად შეეხებოდა ონლაინ ბიზნეს-ტრანზაქციების განვითარებას და მომხმარებელთათვის ახალი, მარტივი და მოსახერხებელი ონლაინ სერვისების შეთავაზებას. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა სტუდენტებმა ფულადი ჯილდოები მიიღეს, ხოლო ორი სპეც კონკურსის გამარჯვებულებმა –
”აიპოდ შაფები”.