ბანკების ლეგალიზებული დაყაჩაღება დაიწყო
კვიპროსის საფინანსო სამოთხე აღარ არსებობს
ევროპას ახალი თავსატეხი აქვს. საბერძნეთ-ესპანეთის თემამ ცოტა ხნით გვერდზე გადაინაცვლა. ბებერი კონტინენტი ახლა კვიპროსში მიმდინარე მოვლენებს ადევნებს გაფაციცებით თვალ-ყურს. როგორც ფინანსური ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ჩვენ შეიძლება ეპოქალური მოვლენების მომსწრენიგავხდეთ – საფრთხე ექმნება მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ ნდობის არსებობას. სპეციალისტთა შეფასებით, კვიპროსში განვითარებული მოვლენები შეიძლება გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ხელახალი ტალღის საფუძველი გახდეს.
ევროპის შუაგულში უპრეცედენტო მოვლენები ვითარდება _ ევროკავშირის მიერ ფინანსურ სამოთხედ აღიარებულ კვიპროსში ადგილობრივი ბანკების ”ლეგალიზებული დაყაჩაღება” დაიწყო.
ახლადარჩეულმა კვიპროსის მთავრობამ საბანკო დეპოზიტების დაბეგვრის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ გაახმოვანა. ეს ნიშნავს ევროკავშირის ულტიმატუმის შესრულებას და 10 მილიარდი ევროს დახმარების სანაცვლოდ, ყველა არსებული დეპოზიტის ერთჯერადი დაბეგვრის დაწესებას 7%-დან 10%-მდე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მეანაბრის ფულის კონფისკაციას. ამ გადაწყვეტილებამ მეანაბრეებში პანიკა გამოიწვია. რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა ბანკებში ყველა დეპოზიტი ”გაეყინა” ფულის მასობრივი გადინების დაბლოკვის მიზნით.
კვიპროსის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული აღშფოთება გამოიწვია როგორც ქვეყნის მოსახლეობაში, ისე უცხოელ ინვესტორებს შორის, ვისაც საკუთარი სახსრები კვიპროსის ბანკებში აქვს განთავსებული. უცხოეთის სახელმწიფოებს შორის ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, ყველაზე მეტად რუსი ინვესტორები ზარალდებიან. მათი წილი კვიპროსის ბანკებში 19 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამას ემატება რუსი კერძო პირების შენატანები 30 მილიარდ დოლარამდე. ამოღებული სუფთა ფულის საერთო ჯამური ზარალი, სავარაუდოდ, 4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც ნამდვილად არასასიამოვნო ცნობაა რუსეთის მოქალაქეებისთვის.
რამ აიძულა ქვეყნის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წასულიყო? რამდენიმე კვირის წინ კვიპროსმა განაცხადა, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დაახლოებით 16 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი, ფინანსური სისტემის გადასარჩენად და დეფოლტის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ევროკავშირი მხოლოდ 10 მილიარდი ევროს გამოყოფას დათანხმდა, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენ 5,8 მილიარდს კვიპროსი შიდა ძალებით მოიზიდავდა. თანხის მოძიება კი კვიპროსის ხელისუფლებამ საბანკო ანაბრებზე დამატებითი გადასახადის დაწესებით გადაწყვიტა.
რუსეთი, კერძოდ, ”გაზპრომბანკი” კვიპროსს სთავაზობდა ფინანსურ დახმარებას, ოღონდ ახალაღმოჩენილი გაზის საბადოებზე კონტროლის მიღების შემთხვევაში. კვიპროსის პრეზიდენტმა ამ წინადადების განხილვაზე უარი თქვა და ევროკავშირის პირობებით არჩია კრიზისიდან გამოსვლა.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სერგეი შატალოვის აზრით, კვიპროსის მოქმედებები ახსნას ექვემდებარება, მათ ეს ფული ძალიან სჭირდებათ და თან მართლა ცდილობენ, შედარებით უმტკივნეულო საღი გადაწყვეტილება მიიღონ. როგორც ირკვევა, ევროკავშირი უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებდა და საერთოდ ანგარიშების გაყინვას მოითხოვდა. შატალოვის თქმით, კვიპროსის პარლამენტმა შეიძლება, კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი მიიღოს, სადაც გათვალისწინებული იქნება არა დეპოზიტების, არამედ, დარიცხული პროცენტების დაბეგვრა.
დეპოზიტებზე ახალი გადასახადების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ ქვეყნის გარეთ ინვესტორები არ აპროტესტებენ. ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით არც ქვეყნის შიგნითაა. კვიპროსის პარლამენტში კანონპროექტის განხილვამ ხმაურიანად ჩაიარა.
პარლამენტის თავმჯდომარე, იანაკის ომირუ თავიდანვე კანონპროექტის წინააღმდეგი იყო და მას დაწერილი და დაუწერელი კანონების დარღვევად აფასებდა. ”მთავრობა მეანაბრეთა გაძარცვის გადაწყვეტილების დაკანონებას გვთავაზობს, რაზეც ჩვენ უარს ვამბობთ”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს 6,75-პროცენტიან გადასახადს იმ პირებისთვის, ვისი საბანკო დეპოზიტიც არ აღემატება 100 ათას ევროს და 9,9 პროცენტიან გადასახადს იმ მეანაბრეებისათვის, ვისი დეპოზიტებიც 100 ათასს აღემატება. დიდი წინააღმდეგობის გამო, არ არის გამორიცხული, პარლამენტში მთავრობამ კანონპროექტის შესწორებული პროექტი შეიტანოს, რომელშიც სხვა პარამეტრები იქნება დაფიქსირებული.
კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ შეთავაზებული გადაწყვეტილება შორს არის იდეალურისგან, მაგრამ ეს არის ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილება ყველა შესაძლებელს შორის. მან ისევ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ამ ნაბიჯის ალტერნატივაა ფინანსური სისტემის კოლაფსი, ქვეყნის დეფოლტი და ევროზონიდან გასვლა. ის ანაბრების მფლობელებს ნაწილობრივ კომპენსაციასაც შეჰპირდა. კერძოდ, მან თქვა, რომ მათ ბანკებში იმ თანხის შესაბამის აქციებს შესთავაზებენ, რასაც გადასახადის სახით დაკარგავენ. პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ის ფიზიკური პირები თუ საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც საკუთარ სახსრებს კვიპროსის ბანკებში მომავალი ორი წლის განმავლობაში დატოვებენ, მიიღებენ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც მიბმული იქნება გაზის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალზე. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს კვიპროსმა ხმელთაშუა ზღვაში გაზის და ნავთობის სერიოზული მარაგი აღმოაჩინა, თუმცა ამ საბადოებზე პრეტენზიას თურქეთიც აცხადებს.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე განხილვების გამო, ბანკებში ოპერაციები რამდენიმე დღით შეჩერდა. რამდენიმე დღე ქვეყანაში მხოლოდ ბანკომატები მუშაობდა და ისინი სწრაფად ცარიელდებოდა რიგებში მდგარი კვიპროსელების მიერ. ხალხი გადასახადის შემოღებამდე ანგარიშებიდან მაქსიმალური რაოდენობის თანხის მოხსნას ცდილობდა.
ევროზონის სახელმწიფოები, პირველ რიგში კი გერმანია, კვიპროსის ხელისუფლებისაგან დეპოზიტებზე გადასახადის შემოღებას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ კვიპროსის ბანკებს ბევრი სახელმწიფოს, პირველ რიგში კი, რუსეთის ბიზნესსტრუქტურები იყენებენ ფულის გასათეთრებლად. მათი შეფასებით, რუსეთის ბანკები კვიპროსს დიდი ხანია იყენებენ ევროკავშირის სივრცეში გასასვლელად. კვიპროსი ჭუჭყიანი ფულის გამოყენებას და მის გათეთრებას კატეგორიულად უარყოფს. მათი მტკიცებით, შექმნილია დამცავი მექანიზმები, რომლებიც მოიწონა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მაგრამ გამოჩნდა ისიც, რომ ამ მექანიზმების იმედი ბოლომდე არ აქვთ არც ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებს და არც დამოუკიდებელ ექსპერტებს.
სხვადასხვა შეფასებებით, კვიპროსის ბანკებში 30-დან 60 მილიარდამდე დოლარი დევს, რომელიც რუს ბიზნესმენებს და ბანკებს ეკუთვნით. ევროკავშირისგან დახმარების უპირობოდ გამოყოფის შემთხვევაში, გამოდის, რომ ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულით კვიპროსის ბანკებში რუსი ინვესტორების ანაბრები უნდა გადაერჩინათ. საბანკო დეპოზიტების დაბეგვრა კი ევროპელებს დაარწმუნებს იმაში, რომ ინვესტორებიც მონაწილეობენ კვიპროსის ფინანსურ დახმარებაში. თუმცა ბრიუსელმა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გათვალა კვიპროსის მოსახლეობის რეაქცია, რაც ამ გადაწყვეტილების მიღებას მოჰყვებოდა.
რუსეთის აღშფოთება ადვილად პროგნოზირებადი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვიპროსზე თითქმის მიღებულ გადაწყვეტილებას ”უსამართლო, არაპროფესიონალური და საშიში” უწოდა. პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმაც პირდაპირ განაცხადა, რომ შესაძლო გადაწყვეტილება სხვისი ფულის კონფისკაციას ჰგავს. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ევროკავშირმა კვიპროსის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთთან შეუთანხმებლად მიიღო, ეს კი რუსეთს აიძულებს, თვითონაც გადახედოს რიგ გადაწყვეტილებებს. რუსეთს კვიპროსისთვის უკვე აქვს გამოყოფილი სესხი 2,5 მილიარდი ევროს ოდენობით 4,5 წლის ვადით. კვიპროსი რესტრუქტურიზაციას ითხოვს 5 წლამდე, თუმცა ამ პირობებში რუსეთი შეიძლება, უკვე აღარ დათანხმდეს.
საბოლოოდ, პროგნოზები გამართლდა. აღმასრულებელიხელისუფლების მიერ შეთავაზებული გამოსავალი ქვეყნის პარლამენტმა 22 მარტს არ დაამტკიცა. დეპოზიტებზე გადასახადების დაწესების შესახებ კანონპროექტმა ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. 36 პარლამენტარი (56-იდან) წინაღმდეგი წავიდა, ხოლო 19-მა თავი შეიკავა. პარლამენტმა კონსულტაციებზე არც შესწორებულ ვარიანტს დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც, არ იბეგრებოდნენ ის მეანაბრეები, რომლებსაც ანგარიშებზე მხოლოდ 20 ათასი ევრო ჰქონდათ. როგორც ირკვევა, განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც, ბეგარის სამ პროცენტამდე შემცირება 100 ათასს ქვევით და 12,5 პროცენტამდე გაზრდა მსხვილი საბანკო ანგარიშების მფლობელებისთვის. იყო ვარიანტი, რომ საერთოდ არ დაბეგრილიყო დეპოზიტები 100 ათას ევროზე ქვევით. ამას, როგორც ირკვევა, მხარს უჭერდნენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც, კერძოდ, გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლეც. თუმცა, ამ შემთხვევაში, მდიდრებისთვის „იძულებითი გადასახადი~ 15 პროცენტზე ავიდოდა.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა ცივად და ზრდილობიანად განაცხადეს, რომ კვიპროსის პარლამენტის გადაწყვეტილება ცნობად მიიღეს და ისინი გააგრძელებენ კუნძულოვანი სახელმწიფოს დახმარების მცელობებს არსებული შესაძლებლობების ფარგლებში. ევროკავშირი მზად არის, გადასინჯოს კვიპროსის დახმარების ერთხმად დამტკიცებული ხელშეკრულებაც, ოღონდ ძირითადი ვალდებულებების შენარჩუნებით. ევროპისთვის ”თითქმის” სულ ერთია, რა საშუალებით იშოვის ანტიკრიზისული ფულის საკუთარ ნაწილს კვიპროსი, მაგრამ მათ უნდა ”შეაგროვონ” 5,8 მილიარდი ევრო.
მოსკოვში იმყოფებოდა კვიპროსის ფინანსთა მინისტრი მიხალის სარისი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ცდილობდა რუსებისგან დამატებითი სახსრების მიღებას ბანკებში წილის შეთავაზების და ისევ შელფის სანაცვლოდ, თუმცა ამ პირობებში კვიპროსის ბანკებიც, რბილად რომ ვთქვათ, მყიდველებისთვის მიმზიდველი არ არის. მოსკოვში კვიპროსის ფინანსთა მინისტრის მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა. მანამდე, პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისიც ესაუბრა ტელეფონით პრეზიდენტ პუტინს, თუმცა ამას რეალური შედეგი არ მოუტანია. მოსკოვი კვიპროსს დახმარებას მძიმე პირობებით სთავაზობს, თან მოითხოვს, რომ კვიპროსის გადარჩენის გეგმის კოორდინაცია ევროკავშირმა რუსეთთანაც უნდა შეათანხმოს.
მოსკოვთან კვიპროსის სასწრაფო მოლაპარაკებებზე მძიმე რეაქცია ჰქონდა ევროვროკავშირს. ”გვერდზე ფულის შოვნის” მცდელობისთვის სატელეფონო საუბარში ნიკოს ანასტასიადისი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც „დატუქსა~. მისი სიტყვებით, და ეს გერმანიის წარმომადგენლებმა საჯაროდაც განაცხადეს, ევროზონის წევრმა კვიპროსმა კრიზისიდან გამოსავალი ევროკავშირის შიგნით უნდა ეძებოს.
კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, კვიპროსმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულია შეთანხმება ”სოლიდარობის ფონდის” დაწესების თაობაზე, რაც საერთაშორისო დახმარების მიღების პირობას წარმოადგენს.
”სოლიდარობის საინვესტიციო ფონდის” დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, თუმცა, როგორც იუწყებიან, ამ ინიციატივის ფარგლებში მოსახლეობას, ბიზნესმენებსა და უცხოელ ინვესტორებს შემოწირულობების გაღებისკენ მოუწოდებენ.ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კვიპროსს 26 მარტამდე მისცა დრო ხელმომჭირნეობის ახალი გეგმის შესამუშავებლად – წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეუწყვეტდნენ სასწრაფო წესით გამოყოფილ დახმარებას. შეთანხმების მიღწევის შესახებ ცნობის გავრცელებამდე გერმანიის ფინანსთა მინისტრი ვოლფგანგ შოიბლე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კვიპროსში შესაძლოა ბანკებმა ფუნქციონირება ვერ განაახლონ.
ფაქტი ის არის, რომ პრობლემის მეტნაკლებად რბილი გადაწყვეტა უკვე გამორიცხულია. შეიძლება ითქვას, რომ კვიპროსი ”ჩასაძირად” განწირულია, ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რამდენად სწრაფად და რა დანაკარგებით. დანაკარგები იქნება არა მხოლოდ კვიპროსში. ამ ფაქტმა შეიძლება ევროპის პრობლემური ქვეყნებისთვის კატალიზატორის ფუნქცია შეასრულოს. სამხრეთ ევროპის საბანკო სექტორი ისედაც სულს ღაფავდა და ახლა ბანკების მიმართ გაზრდილი უნდობლობის ფონზე, შესაძლოა, კრიზისის ახალი ტალღა აგორდეს.
ასე რომ, მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა და განმუხტვის პერსპექტივები გაურკვეველია. ამის პარალელურად, ისევ უარყოფითი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოქვეყნდა იტალიაში, საფრანგეთში და მთელი ევროპის მასშტაბით. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადრინდელი განცხადებები კრისიზის დაძლევის თაობაზე, ცოტა ნაადრევი გამოდგა.
თავად კვიპროსელებს გაცნობიერებულიც კი აქვთ, რა შედეგამდე მიიყვანს ასეთი ნაბიჯები, მაგრამ ვერ აღწევენ ვერ ცერთ მხარესთან შეთანხმებას. ანგარიშები გაყინულია და მოსახლეობას არამარტო საკუთარ დანაზოგი ვერ გამოაქვს, კომუნალურ გადასახადებსაც ვერ იხდის. პრაქტიკულად, კვიპროსი პარალიზებულია. ცხადია, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, კვიპროსის სახელი ისე შეილახა, რომ იგი ვეღარ მოახერხებს ფინანსური სამოთხის რეპუტაციის აღდგენას.