საკუთრების უფლებააყრილი სამართლის მაძიებელნი
მაკა ღანიაშვილი
ხელისუფლება დაკარგული ანაბრების საკითხზე იწყებს მუშაობას. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის თქმით, ანაბრების დაბრუნების პროცესი რამდენიმე წელიწადში დაიწყება და ვალის გასტუმრება ეტაპობრივად მოხდება. ”კომისია ძირითადად იმუშავებს იმაზე, რომ მოხდეს სრულად ინვენტარიზაცია, რეალურად რამდენია ეს ვალი, ოღონდ იმ ინფლაციის გათვალისწინებით კი არა, არამედ ინფლაციის გარეშე და ასევე, რა რესურსებით შეიძლება მოხდეს შედარებით ხანგრძლივ დროში _ ვერ გეტყვით ზუსტად 5 თუ 10 წელიწადში, ვიმუშავებს იმაზეც, თუ რა შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას”, – აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
მედიასაშუალებებში გავრცელდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც სპეციალური კომისია, რომელიც სახელმწიფოს შიდა ვალის საკითხებს შეისწავლის, ამ ეტაპზე კოოპერატიული ბინათმშენებელთა საკითხით არის დაკავებული. ”არსებობს კომისია სახელმწიფო შიდა ვალის შესახებ. ამ კომისიამ პირველ ეტაპზე კოოპერატიული ბინათმშენებელთა საკითხების შესწავლა დაავალა მუშა ჯგუფს. ამ ჯგუფმა საკითხის შესწავლა დაასრულა. ახლა კომისიას უნდა ჩააბაროს ანგარიში. ამის შემდეგ მუშა ჯგუფი ანაბრების საკითხის შესწავლას დაიწყებს”, _ აცხადებს ებრალიძე.
კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხი უკვე დიდი ხანია სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების ნაწილის დავის საგანია. უზენაეს სასამართლოში განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს. სარჩელის კასატორი ერთ-ერთი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, ბესარიონ საღარაძეა.
ბესო საღარაძე
1989 წლიდან ბესარიონ საღარაძე 647 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი იყო. მაგრამ კოოპერატიული ბინათმშენებლობა არც კი დაწყებულა. 1989 წელს სსრკ-ში და, შესაბამისად, საქართველოშიც, მოქმედი წესის თანახმად, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაფინანსება ხორციელდებოდა ორი წყაროს საშუალებით: ღირებულების 50% იფარებოდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საპაიო შენატანებით, ხოლო 50%-ის დაფინანსების წყარო იყო სსრკ-ის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი გრძელვადიანი სახელმწიფო კრედიტი.
1992 წლის ოქტომბერში სსრკ უკვე აღარ არსებობდა. შესაბამისად, საკრედიტო წყაროც დაიკარგა. ამიტომაც მაშინდელმა პრემიერმა, თენგიზ სიგუამ გამოსცა დადგენილება, რომელიც შედგებოდა ორი მუხლისაგან. პირველი მუხლის მიხედვით, თუ მეანაბრე შემნახველ სალაროში ანაბარზე შეიტანდა გარკვეულ თანხას, სახელმწიფო ამ თანხას გაუორმაგებდა. ”მაგრამ ეს იყო დიდი აფერა, – იხსენებს ჩვენთან საუბრისას ბესარიონ საღარაძე _ მთავრობა მაშინ იძულებული იყო, მსგავსი დადგენილება გამოეტანა. საბრუნავი ასიგნაციები ხალხში უკვე აღარ იყო, რადგან საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და ფულიც აღარ შემოდიოდა მიმოქცევაში. იმის ნაცვლად, რომ ემისია განეხორციელებინა ინფლაციის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ ფული ხალხისგან ამოიღო. ასე გაჩნდა დღემდე დაუბრუნებელი ანაბრები ქვეყანაში”.
სიგუას დადგენილების მეორე ნაწილი ეხებოდა კოოპერატიული ბინათმშენებლობების წევრებს, შემდეგი პირობით: თუ დაიფარებოდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის კორპუსის მთლიანი სამშენებლო ღირებულება 1989 წელს მოქმედი ფასებით, ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ღირებულების გაძვირებით გამოწვეული ფასთა სხვაობის თანხა კოოპერატივების წევრებს მიეცემოდათ რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრების მიერ ბინის სრული ღირებულების დაფარვის ფაქტი გათვალისწინებული იქნებოდა მხოლოდ კომპენსაციის მიღების რიგითობის დადგენისას (ეს უფლება N983 დადგენილებით სახელმწიფომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უმაღლეს ორგანოს/საერთო კრებას მიანიჭა). იმავე დადგენილებით, დაუმთავრებელი კოოპერატიული სახლების მშენებლობა დასრულდებოდა 1993-1995 წლებში.
ბესო საღარაძემ და მასთან ერთად სხვებმაც უმოკლეს ვადაში დაფარეს კორპუსის მთლიანი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, რაც მაშინ მოქმედი ფულადი ერთეულით შეადგენდა 3 მილიონ საბჭოთა მანეთს. სამშენებლო კოოპერაციის წევრებს ანგარიშზე უკვე ჰქონდათ შეტანილი 1,5 მილიონი მანეთი, მთავრობის დადგენილების მიღებიდან უმოკლეს დროში მათ თანხს დარჩენილი ნაწილიც სრულად დაფარეს. ”გარდა იმისა, რომ მშენებლობა არც კი დაწყებულა, ამ დადგენილების გამოსვლიდან 1 წლის განმავლობაში მანეთი შეიცვალა კუპონით, თანაფარდობით _ 1 მანეთი ერთ კუპონზე. ცოტა ხანში კი კუპონი შეიცვალა ლარით, თანაფარდობით _ 1 მილიონი კუპონი 1 ლართან. შესაბამისად, ჩვენი 3 მილიონი მანეთი უცებ გახდა 3 ლარი” – ამბობს საღარაძე.
647 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს ანგარიშსწორების ანგარიში ისევე, როგორც საქართველოში მაშინ არსებულ ყველა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს, გახსნილი ჰქონდა ”ბინსოცბანკში”. საქართველოს მთავრობამ კოოპერატიული ბინათმშენებლების მიერ ყოფილ სსრკ-ს ბანკში აკუმულირებული ფულადი სახსრები ფინანსური აქტივის სახით გამოიყენა რუსეთის ფედერაციის წინაშე სამთავრობო ვალდებულებების ჩასათვლელად. ბანკ ”ბინსოცბანკის” უფლებამონაცვლეს, შესაბამისად, სამართალმემკვიდრეს, წარმოადგენს დღევანდელი სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”, ისევე, როგორც 1992 წლის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროსას – დღეს მოქმედი მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო. ბესარიონ საღარაძე: ”1997-98 წლებში ჩევნი ფული გაყინული იყო მოსკოვში ცენტრალურ ანგარიშებზე. ეს ფული საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ გამოიყენა რუსეთის ფედერაციის წინაშე საკუთარი სავალო ვალდებულებების ჩასათვლელად. ისე რომ, ამ ფულის რეალური მფლობელები არავის საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო კანონი სახელმწიფოს ვალის შესახებ და ყველა ეს ვალდებულება ეღიარებინა სახელმწიფოს შიდა ვალად”.
1998 წელს მთავრობამ მიიღო კანონი ”სახელმწიფო ვალის შესახებ” და საქართველოს სახელმწიფომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი დავალიანება აღიარა სახელმწიფოს საშინაო ვალად (მუხლი 48). ამავე კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება, შეემუშავებინა ვალის დაფარვის წესი 1998 წლის სექტემბრამდე.
როგორც ბესარიონ საღარაძე აცხადებს, დღემდე ფინანსთა სამინისტრო ამ კანონისმიერ ვალდებულებას არ ასრულებს, ანუ სამინისტროს 1998 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა კორპორატიულ ბინათმშენებლობათა წევრების დავალიანების ანაზღაურების წესი და მიენიჭებინა მისთვის კანონქვემდეარე აქტის სტატუსი. დღემდე კანონის აღსრულება არ ხდება. ამ ვალდებულებას არ ასრულებს და არ შეუსრულებია არც ერთ მინისტრს 1998 წლიდან მოყოლებული. ”სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ არ ასრულებენ ისინი თავის ვალდებულებას. დღეს უზენაეს სასამართლოში ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს დაევალოს კანონისმიერი მოთხოვნის შესრულება. დავა 2008 წლის ბოლოს დავიწყე, როდესაც ჯერ კიდევ ნაციონალური ხელისუფლება გვყავდა. მაგრამ მაშინ დავა არასწორი ფორმულირებებით დავიწყე. ფინანსთა სამინისტროს მოვთხოვე, რომ ჩემთვის ჩემი ვალი აენაზღაურებინათ, ანუ იმ რაოდენობის თანხა მოეცათ, რომლითაც იმ ბინას ვიყიდდი, რომელიც ჩემთვის უნდა აეშენებინათ. რეალურად, სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს, მაგრამ სამართლებრივი მექანიზმი ამ ვალის გასტუმრების არ არსებობს”.
სახელმწიფოს საშინაო ვალის შემსწავლელი კომისია რამდენიმე წლის წინაც არსებობდა, მაგრამ დიდი შედეგიანობით ამ კომისიის მუშაობა არასოდეს გამოირჩეოდა. 2004 წლის 15 ნოემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისია, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა განეხილა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების საკითხი, უნდა შეემუშავებინა მათი გადაჭრის რეკომენდაციები და წარედგინა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2006 წლის 1 მაისამდე. რამდენადაც აღნიშნულ დრომდე არავითარი რეკომენდაცია არ შემუშავდა, დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც უფლებამოსილების ვადა გაგრძელდა 2006 წლის 31 დეკემბრამდე. როცა ამ დროისთვისაც არ შესრულდა, მთავრობამ კვლავ შეიტანა ცვლილება და კომისიის უფლებამოსილების ვადა გააგრძელა 2007 წლის 31 დეკემბრამდე. ანალოგიურად, კომისიის უფლებამოსილების ვადა ამის შემდეგაც გაგრძელდა 2009 წლის 1 იანვრამდე და შემდგომ 2008 წლის 23 დეკემბრის ცვლილების საფუძველზე კომისიის უფლებამოსილების ვადა გაგრძელდა 2010 წლის 1 იანვრამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში კომისიას არავითარი რეკომენდაცია არ შეუმუშავებია. მთავრობის მიერ განუწყვეტლივ ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ კომისიის წევრების შეცვლა და უფლებამოსილების ვადის გაგრძელება.
2008 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა, საღარაძის სარჩელი, შესაბამისი სამართლებრივი ნორმის არ არსებობის გამო და მიუთითა შემდეგი: ”საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 ნოემბრის 108-ე დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მიერ აღნიშნულ ეტაპზე არ შემუშავებულა საქართველოში კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურების მექანიზმი, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს და რომელიც კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე დაადგენს თითოეული სამშენებლო კოოპერატივის ვალის ოდენობას. ამდენად, საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტი, რომელიც სავალდებულო იქნებოდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის ყველა წევრის მიმართ საქმის განხილვის დროისათვის, შემუშავებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე ბესარიონ საღარაძის სარჩელის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს”.
ამას 2009 წლის 22 იანვარს საღარაძის სააპელაციო საჩივარი მოჰყვა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საღარაძემ 2009 წლის 6 აპრილს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა. მაგრამ უზენაესმა სასამართლომ არ ცნო დასაშვებად მისი საკასაციო საჩივარი.
საღარაძის მტკიცებით, საქართველოს სასამართლოების მიერ მის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი გახდა სწორედ ის გარემოება, რომ დავის განხილვის დროს არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავდა დავალიანების ანაზღაურების წესს, რაც, თავის მხრივ, მოთხოვნის დაკმაყოფილებას გახდიდა შესაძლებელს. მაგრამ ქვეყანაში არსებობს პრეცენდენტები იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრომ გაისტუმრა კოოპერატიული ბინათმშენებლობის რამდენიმე დაზარალებულის დავალიანება.
ბესარიონ საღარაძე: ფინანსთა სამინისტროში არსებობს შიდა ვალის რეესტრი, სადაც შიდა ვალი დაფიქსირებულია დაახლოებით 7 900 დაზარზლებულზე, საუბარია კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებზე. თავიდან დაახლოებით 8050 დაზარალებულზე იყო საუბარი, მაგრამ სახელმწიფომ მათი ნაწილის ვალი გაისტუმრა.
ს.ე. – როგორც გავიგე ფინანსთა მინისტროს მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტი, რომლის საშუალებითაც მოხდება ამ ვალის გასტუმრება დღემდე არ არსებობს. რის საფუძველზე გაისტუმრა სამინისტრომ კორპორატიული ბინათმშენებლობის წევრთა ნაწილის დავალიანება?
ბ.ს. – სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს. გასტუმრებულია დაახლოებით 5 მილიონ 100 ათასი ლარის დავალიანება. აქედან 2 მილიონამდე არის ფულით გასტუმრებული და დანარჩენი შენობა-ნაგებობებითა და მიწით. საქმე იმაშია, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ამ ვალის გასტუმრება, მართლაც არ არსებობს. შესაბამისად, მოხდა საბიუჯეტო სახსრების ისე გაცემა, რომ ამის კანონისმიერი საფუძველი არ არსებოდა. ანუ მოხდა საბიუჯეტო სახსრების უმიზნო გაფლანგვა, რაც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და გათვალისწინებულია 4-წლიანი ციხე. დავალიანების გაცემა მოხდა 2000 და 2005 წელს. 2000-2001 წლებში მოხდა ფულით ანაზღაურება, 2005 წელს _ ქონებით. ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს არა მარტო ჩამდენის, არამედ ამ ქმედების დამფარავის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც. შესაბამისად, დასაჭერი და გასასამართლებელია ბიუჯეტის გაფლანგვის გამო არა მარტო მაშინდელი ფინანსთა მინისტრი, რომელმაც მოახდინა ამ თანხების გაცემა, არამედ ყველა შემდეგი მინისტრიც დღევანდელის ჩათვლით.
ამასთან დაკავშირებით მე პროკურატურასაც მივმართე 2011 წელს. მაგრამ არც მაშინდელ და არც ახლანდელ ხელმძღვანელობას არაფერი გაუკეთებია. პროკურატურიდან მომწერეს, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტი არსებობდა და მიმითითეს ფინანსთა მინისტრის მიერ 1999 წელს გამოცემულ 226-ე ბრძანებაზე. ასეთი ბრძანება მართლაც არსებობს, მაგრამ მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან არ გამოქვეყნებულა. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი კი, მათ შორის ფინანსთა მინისტრის ბრძანებაც, იურიდიულ ძალაშია მხოლოდ გამოქვეყნების შემთხვევაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბრძანებას იურიდიული ძალა არ შეუძენია. გარდა ამისა, პროკურატურის ამ პასუხის პარალელურად არსებობს რამდენიმე სასამართლო დადგენილება, რომელიც უარს ეუბნება მოსარჩელეებს, მათ შორის მეც, ვალის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ვალის ანაზღაურების შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობსო.
ეროვნული სასამართლოების შემდეგ, საღარაძემ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართა. ”როცა უზენაესმა სასამართლომ ჩემი პირველი სარჩელი დაუშვებლად ცნო, სტრასბურგის სასამართლოს მივმართე. მაგრამ იქ უკვე არსებობდა პრეცენდენტი, რომ საქართველოდან ანალოგიურ საქმეზე სარჩელი, სადაც მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო კერძო საკუთრების უფლებას არღვევედა, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო. ანალოგიური გადაწყვეტილება ჩემს საქმეზეც ავტომატურად გავრცელდა. სამართლებრივად ისინი მართლები არიან _ სარჩელში მივუთითეთ, რომ ირღვეოდა ჩვენი საკუთრების უფლება, არადა ეს უფლება არ ირღვევა, რადგან კანონით არის ჩვენს მიმართ ვალი აღიარებული. აი, კანონის აღსრულების უფლება რომაა დარღვეული, ეს უკვე სხვა მუხლია და ამ მიმართულებით უნდა შეგვეტანა თავიდანვე სარჩელი ევროსასამართლოში. ამ მიმართულებით წამოვიწყეთ ახალი საქმე. ახლა ველოდები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და თუ ჩემი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მაშინ წავალ ისევ სტრასბურგში და ამ შემთხვევაში არსებობს უკვე სრული სამართლებრივი საფუძველი, რომ მოვიგო სტრასბურგი. თუ სასამართლო წავაგე საქართველოში და წავედი სტრასბურგში, უკვე ყველა გაიგებს, რომ ივანიშვილიც კი არღვევს აქ ხალხის უფლებებს”.
გარდა ამისა, 2012 წლის 21 დეკებერს კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადაუგზავნა ინიციატივა ”სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების დაფარვის წესის შესახებ”, ახალმა პარლამენტმა ეს დოკუმენტი გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს, შესაბამისი მსვლელობის მისაცემად. მაგრამ როგორც ბატონი ბესო აცხადებს, მისი პრობლემებით დიდად არც ძველი და არც ამჟამინდელი ხელისუფლება არ დაინტერესებულა.
ალბათ, ამიტომაც, ბესარიონ საღარაძე სკეპტიკურად უყურებს ახალი ხელისუფლების ინიციატივას, საბჭოთა ანაბრების დათვლა-გასტუმრების შესახებ: ”საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავითვალოთ მენაბრეების თანხა რამდენიაო. ეს არის დიდი ტყუილი. იმიტომ, რომ მეანაბრეებსაც და ჩვენც ფული გვქონდა მაშინდელი ვალუტით შეტანილი და სანტერესოა, როგორ აპირებენ ამის დათვლას. მაგის დათვლის ერთჯერადი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ იმ წესში, რომელიც დავწერეთ და გადავუგზავნეთ საბიუჯეტო კომიტეტს, ჩასმული გვაქვს ფორმულა, რომლის საშუალებითაც შეიძლება დაითვალონ ეს დავალიანება, ანუ გადმოიყვანონ დღევანდელ ღირებულებაზე. ფორმულის ერთი ნაწილი, ანუ ჩვენ და მეანაბრეების მიერ შეტანილი თანხები უცვლელია, მეორეს არსებული ფასების შესაბამისად ადგენს ამ ფორმულაში სტატისტიკის დეპარტამენტი. ეს ფორმულა ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა განახლდეს, რადგან ფასები განუწყვეტლივ მერყეობს. გარდა ამისა, ჩვენ ამ დოკუმენტში მთავრობას შევთავაზეთ ვალის გასტუმრების სამი ვარიანტი: ერთი ფულით, მეორე უძრავი ქონებით, ანუ ვალის რაოდენობის დადგენის შემდეგ, პირს, რომლის მიმართაც სახელმწიფოს ერიცხება დავალიანება, უნდა ჰქონდეს უფლება უძრავი ქონების აუქციონში მიიღოს მონაწილეობა უპირობოდ და მესამე ვარიანტია, მევალეებზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების 3-წლიანი ან 5-წლიანი ობლიგაცების გაცემა. როგორც კი ასეთი ქაღალდები გაჩნდება საქართველოში, ფასიანი ქაღალდების ბაზარი მაშინვე გამოიღვიძებს, რომელიც ახლა, ფაქტობრივად, მკვდარია. უამრავი მყდველი გაჩნდება, ბანკები, სამშენებლო კომპანიები და ა.შ. ეს ყველაფერი გასული წლის დეკემბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გავლით ჩვენ მივაწოდეთ ფინანსთა სამინისტროს”.
ბესარიონ საღარაძე ვერც მოვალეთა რეესტრის შედგენაში ხედავს განსაკუთრებულ სირთულეს: ”დაახლოებით 2000 წელს მე მქონდა გეგმა, თუ როგორ შეიძლებოდა მეანაბრეთა ფულის გასტუმრება. ამ გეგმის მიხედვით, ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე უნდა აშენებულიყო თბოელექტროსადგური, რომელიც საწვავად გამოიყენებდა ამ ნახშირს. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვიქნებოდით ელექტროენერგიის მიღების მხრივ სხვაზე დამოკიდებული, დასაქმდებოდა უარავი ადამიანი. ამ პროგრამას სჭირდებოდა დაახლოებით 300 მილიონი დოლარის პირველადი ინვესტიცია. ამ ინვესტიციის მოზიდვის წყარო კი უნდა ყოფილიყო იაპონიის სამთავრობო კრედიტი. ეს არის ბიზნეს კრედიტი და მასზე განაცხადი იაპონიის მთავრობაში უნდა შეიტანოს ”მიცუბიში კორპორეიშენმა” და განმახორციელებლიც თვითონ უნდა იყოს. სესხის პირობა ისაა, რომ ამ ბიზნეს კრედიტით განხორციელებულმა ბიზნესმა უნდა გაისტუმროს კრედიტი პროცენტიანად, პროცენტი კი არის 0.75%. გარდა ამისა, ამ ბიზნესიდნ შემოსული თანხა უნდა მოხმარებოდა ადგილობრივი მოქალაქეების სოციალურ საჭიროებას. ამ კრედიტში კიდევ ერთი მუხლი იყო ჩადებული, ამ კომპანიაში მომუშავე ხალხი იყიდდა იაპონური წარმოების საქონელს. ანუ იაპონიის მთავრობა თავის კრედიტით, იაპონური წარმოების სტიმულირებასაც აკეთებდა. მაშინ ტყიბულის ქვანახშირის აქციათა 100% იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ”ტყიბულნახშირის” კუთვნილებაში. ამის 50-60% უნდა გადაგვეცა ”მიცუბიში კორპორეიშენისთვის”, დანარჩენი კი ხალხისთვის, იმ მეანაბრეებისთვის, რომელთა ვალიც აქვს სახელმწიფოს. ამით ხალხი დივიდენდებით მიიღებდა ყოველთვიურ შემოსავალს. საქართველოს ბანკის ტყიბულის ფილიალში დაცულია იმ მეანაბრეთა სრული სია, რომელთაც შემნახველ ბანკში ანაბრებზე ჰქონდათ თანხა. მარტო ტყიბულის მოსახლეობას 1990 წლისთვის ანაბარზე შეტანილი ჰქონდა 700 მილიონი მანეთი. ამ ინფორმაციის მოძიება არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. ყველა რეგიონულ ოფისში და ”საქართველოს ბანკის” ყველა ფილიალში ეს მონაცემები დევს, ვის რამდენი ჰქონდა შეტანილი ანაბარზე. ამიტომ ებრალიძე როცა ამბობს, უნდა დავითვალოთ, ვის რამდენი აქვს ანაბარიო, აშკარად მატყუებს. ამას დათვლა კი არა, კომპიუტერზე ერთი თითის დაჭერა უნდა და ყველა მონაცემს გაიგებს”.
უზენაესი სასამართლოს მორიგი სხდომა ბესარიონ საღარაძის სარჩელთან დაკავშირებით, 16 მაისსაა ჩანიშნული. წავა თუ არა კიდევ ერთი მომჩივანი ევროპაში სახელმწიფოს წინააღმდეგ ეს, შესაძლოა, ამ დღეს გახდეს ცნობილი.