სინათლე აბრეშუმის გზის ბოლოს

ქეთი მიქელაძე

ნართისა და ქსოვილის წარმოება სათავეს უხსოვარ დროში იღებს. არავინ იცის, პირველად როდის და როგორ გამოიყვანეს ძაფი აბრეშუმის პარკიდან; ვინ დაართო ძაფი ცხვრის მატყლიდან; როგორ მოიაზრეს ბამბის ნაყოფში არსებული ფაფუკი “თმისგან” ძაფის რთვა. საინტერესოა, რა წარმოშობის ან ტექნოლოგიის ქსოვილებით იმოსებოდნენ ჩ.წ.აღ.-მდე ეგვიპტელები, რომაელები, აზიელები ან სულაც ქართველები.

წიგნით მოპოვებული უძველესი ცნობები კარგად მეტყველებს, ქვეყნების ეკონომიკაში რა დიდი ადგილი უკავია საფეიქრო საქმეს. მისი ისტორიაც ისევე საინტერესოა, როგორც მე-20 საუკუნე ანუ პერიოდი მას შემდეგ, რაც ინგლისში ორთქლის მანქანა გამოიგონეს, რითაც დაიწყო ახალი ინდუსტრიული ერა (ყველა დაზგა გაცილებით სწრაფად ამუშავდა, მათ შორის, საფეიქრო ტექნიკაც. მეორე მხრივ, ამ ნახტომმა ევროპაში ასი ათასობით ფეიქარი გამოდევნა ხელის მანუფაქტურებიდან).

საფეიქრო მრეწველობა, ძირითადად, აბრეშუმის, ბამბისა და შალის წარმოებითაა წარმოდგენილი (ისინი ერთმანეთშიც გამოიყენება). მოგვიანებით შემოვიდა ქიმიური ბოჭკოს წარმოება, რომელიც ერევა სამივე ტიპის ნართს და ძალიან ზრდის საფეიქრო ასორტიმენტს და მის გამძლეობას.
საქართველოში საფეიქრო საქმე ინდუსტრიულად XX-ს-ის 40-50 წლებიდან იწყება. აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილების წარმოებას თანმიმდევრობით განვიხილავთ, პარალელურად მოვიყვანთ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას ამ დარგში (ისტორიული ფაქტების უმეტესობა მოყვანილია 1896 წელს პეტერბურგში გამოცემული ათტომეულის “კაცობრიობის ისტორიის” მიხედვით).

აზიის ვაჭრობის პირველ ობიექტად აბრეშუმია მიჩნეული. აბრეშუმის ჭიის გამრავლება ჩინელების ინიციატივად ითვლება. ჩინეთის იმპერატორ ხუან-დის ცოლი მეაბრეშუმეობას მფარველობდა კიდეც. ჰეროდოტესაც აღუწერია მოგზაურობა, რომელშიც აქცენტი ჩინეთზე კი არა, უფრო აბრეშუმის სავაჭრო გზაზეა. საინტერესო ცნობებს იძლევა მაკედონელი ვაჭარი, მაესი, I საუკუნეში. ის დაინტერესებულია ამ გზის სხვადასხვა პუნქტებით: სამარყანდი, ფერგანა, ქ.კაშგარი, სუ-ჩჟოუ… ამ გზას ბევრი საფრთხე უნახავს ჰუნების, სხვა მომთაბარეების თავდასხმებისგან. ვაჭრებიც უსაფრთხო გზებს ეძებდნენ. ოდნავ ცვლიდნენ მარშრუტებს. ჩ.წ.აღ-მდე II საუკუნეში ჩინეთის იმპერატორს ვინმე ჩჟან-ციანმა მოახსენა, ახლა სამხრეთის გზაზე ვაჭრობა უფრო უსაფრთხოაო.

აღსანიშნავია, რომ აზიაში ჰეგემონიის მოპოვებას საქარავნო ვაჭრობაში ირანელები და სპარსელები ცდილობდნენ. გაჩნდა მსხვილი სასაწყობე ქალაქები, იმავდროულად ისინი ბაზრობებია.

ადრე თუ გვიან, აბრეშუმის ჭია სხვა ქვეყნებშიც შევიდა. ვარაუდობენ, რომ ის ჯერ თურქმენეთში შევიდა, შემდეგ ბიზანტიამ მოიპოვა, რითიც სპარსი ვაჭრების ჰეგემონიაზე დარტყმას ცდილობდნენ.

“ძველ ქართველთა” ბიზნესი და “ახალთა” ნოსტალგია
ქართველები ერთმანეთში უფრო მებრძოლებს, არტისტებს ან “კაიპურისმჭამელებს” ვხედავთ, მაგრამ ნამდვილი საქმოსნები ჩრდილში ექცევიან. არადა, დაუმსახურებლად: 19 საუკუნეში იმერეთის გუბერნიაში მოყვანილი 5 ათასი ტონა აბრეშუმის პარკი მარსელში იგზავნებოდა. ამ საქმის ორგანიზატორი ვინმე წერეთელი ყოფილა. მარტო აბრეშუმი მაშინ იმერეთის შემოსავლის 70%-ს წარმოადგენდა. ამას იხსენებენ ქუთაისის გაერთიანება, ამჟამად ს/საზოგადოება “აბრეშუმის” დღევანდელი მესვეურები. ალბათ, წერეთლის გარდა ბევრი საქმიანი ადამიანის ვინაობა დაიკარგა. საბჭოთა პერიოდშიც მთელი დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო მეაბრეშუმეობაში იყო ჩაბმული. იგი გლეხთა დამატებითი სოლიდური შემოსავალი გახლდათ. როცა კავშირმა აზიის რესპუბლიკები შემოიერთა, მათი საფეიქრო ნედლეული და პროდუქციაზე მოთხოვნილება ერთმანეთზე ისე გადახლართა, რომ ამ მექანიზმის განცალკევების ოცნებაც ძნელდებოდა.

აბრეშუმის და “თეთრი ოქროს”
ახლო წარსული
ორი სიტყვით ყოფილ რესპუბლიკებზე: მეაბრეშუმეობას, ბამბის მოყვანა-დართვას უზბეკეთში მისდევენ. აქ მანქანათმშენებლობამ ორიენტაცია ბამბის მოსავლის აღება-დახარისხებაზე აიღო. ტაშკენტში აშენდა აბრეშუმის გაერთიანება. კარა-კალპაკეთის შესაფერისი ნიადაგიც გამოიყენეს მებამბეობისა და მეაბრეშუმეობისთვის. კარშანის სტეპზე ასი ათასობით ჰექტარი ბამბაა დათესილი. უზბეკეთს მეაბრეშუმეობაში მხოლოდ ჩინეთი და იაპონია უსწრებენ. ყირგიზეთის ძველ ქალაქ ოშზეც გადიოდა აბრეშუმის გზა. ამ ქალაქშივეა აბრეშუმის დიდი გაერთიანება. ფრუნზეში კი შალის კომბინატი, რაც ადგილობრივ მატყლზე მუშაობს. აქვთ ბამბის ძაფის წარმოებაც.

ტაჯიკეთის საკუთარ პროდუქციაში პირველი ადგილი საფეიქრო ნაწარმს ეჭირა. მოდის ათასობით ტონა ბამბა, ქსოვენ ძაფს; მუშაობენ ბამბის ახალი ჯიშების გამოყვანაზე; აითვისეს ფერგანის ველი, ჰექტარიდან 30-35 ცენტნერ ბამბას იღებდნენ. ქ. ლენინაბადში აბრეშუმის დიდი კომბინატიც არსებობს.

სხვებს არც თურქმენეთი ჩამორჩა. ყარა-ყუმის უდაბნოში გაყვანილმა გრანდიოზულმა არხმა, მდ. ამუდარიას წყლებმა შესაძლებელი გახადა ბამბის პლანტაციების გაშენება. თურქმენეთზეც გადიოდა საქარავნე ანუ აბრეშუმის გზა. ითვლება, რომ თურქმენები ბამბის მოსავლით, ირანს და ავღანეთს, მთლიანობაში, წინ უსწრებდა.

აზერბაიჯანს კი ბამბის მოყვანის და აბრეშუმის ძაფსაღების პარალელურად, ქიმიური ბოჭკოს ქარხნებიც ჰქონდა (ქიმ. ბოჭკოს სახეობები: ვისკოზა, ლავსანი, ნიტრონი ნავთობის გადამუშავების შედეგადაა მიღებული), რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსში კეთდებოდა.

ჯერ კიდევ ცარისტულმა რუსეთმა კარგად გაითვალისწინა სამხრეთის ქვეყნების ფასი: ნავთობით, გაზით, ქვანახშირით, ბამბით და მეაბრეშუმეობით ცნობილი ქვეყნები, ძირითადად, XIX საუკუნეში შემოიერთა, შემდეგ კი მათ “გაწითლებასაც” ედო ეკონომიკური სარჩული. როგორც ჩანს, რუსეთი ევროპისათვის დაწევას ცდილობდა: იქ საფეიქრო საქმეს X საუკუნიდან მიჰყვეს ხელი. ბრიტანეთის ექსპორტში დომინირებდა ბამბისა და შალის ქსოვილები. რუსეთს მხოლოდ XVIII საუკუნეში ჰქონდა საფეიქრო წარმოების (ბამბის) რამდენიმე რგოლი, XIX საუკუნეში კი სამხრეთის სანედლეულე ბაზა აითვისა და სრული ციკლი აამუშავა. იმ პერიოდში მსოფლიო 6 ათას ძაფსართავს და სხვადასხვა საფეიქრო დაზგებს – 146 ათას ცალს ითვლიდა.

მეაბრეშუმეთა “წითელი” ხანა
მიუხედავად იმისა, რომ დიდი სავაჭრო გზის ნაწილი ვიყავით, მხოლოდ ჩვენ არ ვყოფილვართ მდიდრები და ყოჩაღები, თუმცა, საბჭოთა საფეიქრო ფერხულში ერთ-ერთი პირველი ადგილი გვეჭირა. აბრეშუმის ძაფსაღები ფაბრიკები აშენდა (ქუთაისის გარდა) ხონში, ოზურგეთში, სამტრედიაში, მახარაძეში, თელავში. ყველა საფეიქრო ობიექტი, ასევე კადრების განაწილებაც საკავშირო დაქვემდებარებაში გახლდათ და ქართველები ცდილობდნენ ნაცნობობის გამოყენებით დარჩენილიყვნენ რესპუბლიკაში და არ “გადაეგდოთ” რუსეთში, ბელორუსიაში ან უკრაინაში 3 წლიანი ვადით.

ქუთაისის აბრეშუმის გაერთიანება მრავალი ასორტიმენტის ქსოვილს ამზადებდა, იყენებდა ქიმიურ ბოჭკოსაც. მაგ. გეგმა წელიწადში 19-20 მლნ. გრძივ მეტრს შეადგენდა. აქედან, 90%-ს რუსეთის “ყამირი” ბაზარი ისრუტავდა, შიდა ბაზარს კი 10% ყოფნიდა. ჩვენი თითქმის ყველა საფეიქრო ობიექტი ამ პროპორციით ანაწილებდა პროდუქციას. ეს დარგი, ძირითადად, ქალებს ასაქმებდა. მრავალი სოციალური ფენის და საშუალო განათლების ქალთა “თავშესაფარი” იყო. შეიძლება ეს ტერმინი არ ეკუთვნის მათ, ვინც 30-35 წელი იშრომა და ჯანმრთელობაც შეალია, მაგრამ მასში სიმართლის ნაწილიც არის. ოჯახებს დიდი ფიქრი და გარჯა არ სჭირდებოდათ შვილების ფეხზე დასაყენებლად: აბრეშუმის ჭიის გამრავლებას, პარკის მიღებას ან საამქროში მძიმე, მაგრამ მონოტონურ შრომას დიდი ინტელექტი არ სჭირდებოდა.

1998-99-2000 წლებში ქუთაისის “აბრეშუმმა” აბრეშუმის პარკის მოყვანის და გაყიდვის მცდელობები ჩაატარა. მოსახლეობაში გაჩნდა იმედები, ჩააბარეს პარკი და კილოში 2 ლარი აიღეს. პარკის შეძენა, რა გასაკვირიც უნდა იყოს, ჩინეთმა 1 კგ – 4 დოლარად მოინდომა, თუმცა, ამას ზოგიერთმა გლეხმა სკეპტიკურად შეხედა ძველ შემოსავლებთან შედარებით და ჩვეული კილოთი მომიგო: “რაია რაცხა 2 ლარი? აგენით ადრე სახლებს ვიშენებდით. იგენი 8 ლარს იღებენ და ჩვენ რეიზა გვაძლევენ ასე ცოტას? პარკის გამოყვანა ადვილი გგონია?!” რას იზამ, ადვილი არ არის, მაგრამ არც კლიენტის პოვნა და პარკის ჩინეთში გაგზავნაა ადვილი. ზოგს წვრილი კომერცია გულზე არ ეხატება და ძველებურად დიდ მასშტაბებზე ოცნებობს.

როგორც შევიტყვეთ, არც თელავის აბრეშუმის ძაფსაღები მუშაობს. მოსახლეობას მეაბრეშუმეობის ინტერესი დაეკარგა. თუმცა, ზოგან, მაგალითად, ახმეტაში კანტი-კუნტად ამზადებენ, მცირე პარტიებად თუ მოიძიებენ დამკვეთს, თანაც – წესიერს. ამდენად, დარგი აღმოსავლეთშიც ვერ ქმნის საგრძნობი ოდენობის სამუშაო ადგილებს.
რაც შეეხება ქსოვილების დამზადებას, ეს ყოვლად ძნელია. პირველ რიგში, დამკვეთი ან ღარიბია, ან “გადამგდები” ან უცხოეთის ქსოვილს ანიჭებს უპირატესობას, როგორც მაგალითად, “თავდაცვის” სამინისტრო.

სამტრედიის აბრეშუმის ძაფსაღების წარსულს, როგორც ზღაპარს ისე იხსენებენ რიგითი მუშაკები: “აბრეშუმის ძაფის ნარჩენს ვინც მეტს ჩააბარებდა, ან სტაჟი მეტი ჰქონდა, მიიღებდა იაპონურ ტექნიკას. ნარჩენს იაპონიას ვაწვდიდით და ის ბარტერით გვაძლევდა მაცივრებს, ტელევიზორებს, “რაფებს”… ქართული აბრეშუმი არ გვყოფნიდა, შუა აზია გვაძლევდა. ისე, აქციონერები ვართ. მაგრამ აირია ქვეყანა, დაიტაცეს ყველაფერი: იყო უჟანგავი ქვაბები, გიშრის დეტალები…”

შემთხვევითობა
თუ დივერსია?
აბრეშუმთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებულნი აცხადებენ, რომ ეს დარგი, განსაკუთრებით, 1965 წელს ჩავარდა. ამ წელს პარაზიტი ძლიერად მოერია თუთის ხეებს, დაავადება “ხუჭუჭა”. ზოგი ამბობს, რომ აქ გასაკვირი არაფერია, ის სხვა ხეებსაც უჩნდება, სხვა ქვეყნებშიც აფუჭებს საქმეს. მაგრამ რატომ მაინცდამაინც 1965 წელს შეგვიტია, მანამდე კი შედეგიანად ვებრძოდით? საპროფილაქტიკო, სამკურნალო საშუალებები ადრე გერმანიიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, ცენტრალიზებულად ნაწილდებოდა და არც იმდენად ძვირი იყო, ვინმეს დაეტაცა, თუთის ხეები გაეწირა. ბევრ აბრეშუმის წარმოების მუშაკს ეს განგებ გაკეთებულად მიაჩნია და სხვა ქვეყნების დივერსიად თვლის. ამ ლოგიკით, აბრეშუმის გზაზე მდებარე და აბრეშუმის მიმდევარი ყველა ქვეყნის ინტერესში შევიდოდა ქართული მეაბრეშუმეობის დაბლოკვა… საუბრობს ტექნიკური უნივერსიტეტის საფეიქრო მრეწველობის ფაკულტეტის პროფესორი, გივი ჯოხარიძე: “ხუჭუჭა” მხოლოდ ახალგაზრდა ტოტს (დუყს) უჩნდება, მრავლდება სითბოში. დაავადებულ ხეს ძირიანად მოჭრა სჭირდება. პროფილაქტიკისთვის აკაფვა კი მაშინ უნდა, როცა დუყი ჯერ არ გამოსულა ანუ გაზაფხულამდე – ბაქტერია ამ დროს მრავლდება; არადა, კაფავდნენ აპრილში, რაც დაგვიანებული იყო”. ძნელია იმის თქმა, კონკრეტული ცოდნა არსებობს და არავინ გამოიყენა, თუ მნიშვნელოვნად არ ჩათვალეს. ასეა თუ ისე, წლების მანძილზე საჭირო ხდებოდა პარკის რესპუბლიკებიდან შემოტანა. აქტიურ მეაბრეშუმეობას სომხეთმა 40 წლის წინ დაანება თავი, ჩინეთმა “თავი გაიგიჟა”: წელიწადში 700 ათასი ტონა პარკის გამოყვანა დაიწყო, დააყარა აზიას და ევროპას. ამდენად, სომხეთმა მეაბრეშუმეობის ჯაფა ფუჭად ჩათვალა… მაგ. ირანი წელიწადში 1000 ტონა პარკს იღებდა, საიდანაც 100 ტონა აბრეშუმის ნატურალური ძაფი გამოჰყავდა. გ. ჯოხარიძემ ინტერნეტში მოიძია საინტერესო ცნობები: “ირანი კითხულობდა, როგორ იღებენ ხარისხიან ძაფს. მათ არა აქვთ ისეთი დიდი პარკები, როგორც ჩვენ. დავუკავშირდით ირანს. მათი წინადადება იყო, გაგვეგზავნა პარკი, იქ დაერთოთ ძაფი, გამოეგზავნათ და ნარჩენი დაეტოვებინათ. დავიწყე ბიზნესგეგმაზე ფიქრი. დღეს რამის წამოწყება არნახულად ძნელია, ყველა ცხვირს ჩაყოფს, საქმეზე უნდა იფიქრო და არა – არამკითხეთა მოგერიებაზე. ამ დროს იუსტიციის მინისტრი ციხეში რეფორმებს ატარებდა. ციხის პატიმრები “მზა ნაკრებია”. სურვილის შემთხვევაში შეიძლება მათი დასაქმება აბრეშუმის პარკზე, არც თუთის ფოთოლია დიდი პრობლემა. კუთვნილ გამომუშავებასაც გადავუხდიდი… ამასობაში სააკაშვილი წავიდა. იდეაც ჰაერში გამოეკიდა. მქონდა მეორე პროექტიც: აბრეშუმი სამ დღეში. ამით ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია (სახელწოდებას ვერ ვიხსენებ) დაინტერესდა. ნიმუშები ნახეს. გამაცნეს გერმანელი, ვინმე გიუნტერი. ვისაუბრეთ. ზუსტად არ ვიცი, გერმანიაში აბრეშუმის ქსოვილთა წარმოება (ან სხვა) რა დონეზეა დაყენებული. გერმანელი ფიქრობს… ეს არასამთავრობო ორგანიზაცია შუამავლის როლშია, შემომთავაზეს ჩემი ტექნოლოგიური აღმოჩენები (იგივე კომერციული საიდუმლო) დამიპატენტონ საზღვარგარეთ ან პატენტები მივყიდო. არ გადამიწყვეტია, გერმანელიც აღარ ჩანს…”

ალბათ, გერმანელს არ აჩვენებენ, ვიდრე საქმიანი დაინტერესების დეტალებს და შედეგიანობას არ დაინახავენ. ჩანს, საქმის მცოდნეთ და პროფესიონალ “იდეურებს” ევროპაც ძალიან ეძებს. შუამავლები კი თავის წილს წინასწარ წონიან.

“ადე მუშა შენ!..”
მრავალი საფეიქრო ობიექტის პანორამაში 1988-89 წლებში ეროვნული “ბელადები” გამოჩნდნენ. რევოლუციის სცენარი იგივეა, მის სიუჟეტში მუშები ადვილად ერთვებიან, აღტკინება იწყება. “ადე, მუშა შენ! შენი შრომა დაფასდება, ნუ გძინავს შენ!” თუმცა, მუშებს არავინ უხსნის, რა უნდა გააკეთონ ან როგორ გაუორმაგდებათ ხელფასები “ადგომისა” და გაფიცვების შემდეგ; ამასთან, მუშებს 90-იან წლებში სულაც არ “ეძინათ”: გეგმებს კვლავ თხოვდნენ. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უფრო მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს “ეძინა”: მსუბუქი მრეწველობის მინისტრი, ბ. მაყაშვილი თითს იქნევდა და შრომისკენ მოუწოდებდა. არადა, შრომა ძნელი იყო. წარმოების კართან თანამშრომლებთან ერთად ათასი ჯურის და გაგების ხალხი ერთმანეთს ეჩხუბებოდა, რაც ხშირად თავ-პირის მტვრევაში გადადიოდა.

რატომღაც ერთმანეთს ყველაფერი “კარგად” დაემთხვა: პრესაში 90-იანი წლებიდან მუსირებს “… ვდგევართ უფსკრულის პირას”, “რა გვეშველება?” და ამდაგვარები. ყველა შეპყრობილია ისტერიით. ამ ტალღამ მთელ საფეიქრო მრეწველობაში გადაიარა. მაგ. თბილისის გაერთიანება “ბახტრიონის” თანამშრომელი გაიძახოდა: “მიტინგზე მივდივარ და უკან დირექტორად დავბრუნდებიო!”. ხალხში 1989-91 წლებში გამწვავდა მტაცებლური ინსტინქტები, დაიწყო არნახული ქურდობა-თაღლითობები, რაც ბევრმა შემდეგ “მხედრიონის” იმიჯს ამოაფარა. დღეს შედეგები ჩანს: უსახურავო, უკარ-ფანჯრო და უდაზგო წარმოებები. თუმცა, ასეთი სურათი უფრო პერიფერიებშია. მაშინ გამორჩათ მხედველობიდან, რომ რაღაც 5 წლის წინ საფეიქრო წარმოებებში ახალი ტექნიკა შემოვიდა (არც მანამდე იყო მისი ნაკლებობა: იყო საგრეხი, საჩეჩი, სართავი და სხვა დაზგები), რაც პროდუქციას გააუმჯობესებდა… რომც გამოჩენილიყო ვინმე და ეთქვა, ნუ ანადგურებთ, ყველაფერი კიდევ გამოგვადგებაო, ყურს ნაკლებად დაუგდებდნენ. ეს ამბები 1994 წლისათვის მიწყნარდა, როცა რუსეთის ბაზარი უკვე დაკარგული იყო.

“ცუდია, რომ ღარიბი ბაზარი გაქვთ”
ამასობაში მეზობელი თურქეთი გამალებული ტემპით წინ მიიწევდა. თუ 1970 წლამდე, ძირითადად, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდნენ, ბოლო 30 წლის მანძილზე ყველა სფეროს ინდუსტრიალიზაციას შეუდგნენ.

აამუშავეს, თანამედროვედ აღჭურვეს აბრეშუმის, ბამბის და შალის პროდუქციის დამამზადებელი ფაბრიკები. თურქი მოქალაქის, ქ. დურმუშის თქმით, განვითარებული აქვთ ასევე ქიმიური ბოჭკოს წარმოებაც (იყენებენ ერაყის ნავთობს, ძალზე გააფართოვეს მისგან მიღებული დეკორატიული ქსოვილები და ძაფების ასორტიმენტი. იმ დაზგებზე, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოდან თურქეთში გაიყიდა, დაბალხარისხიან პროდუქციას ამზადებენ, რაც უკანვე ჩამოდის ჩემოდნებით, ხოლო ევროპულ დაზგებზე მაღალხარისხიან ნედლეულზე დამზადებული აქ ვერ გაიყიდება, რადგან ძალიან ღარიბი ბაზარი გაქვთ, – წუხს თურქი.

თუ საქართველოში აბრეშუმის წარმოება უმუშევართა მცირე სეგმენტს პერიოდულად ასაქმებს, გაცილებით რთულადაა ბამბის ნართის, მისი პროდუქციის წარმოების საქმე. მთავარი წერტილი, რომელიც ბამბას ან ნართს აწვდიდათ (და თავადაც მრავალ ასორტიმენტს აკეთებდა) საქართველოს ამ ტიპის საწარმოებს, გორის აბრეშუმის კომბინატი იყო. დღეს აზიის რესპუბლიკიდან ბამბის შეძენა-ჩამოტანის არანაირი სახსრები არ არსებობს. თუ ადრე კილოგრამი ბამბა 2-2,50 მანეთი ღირდა, ამჟამად 1,8 დოლარია, რომ არაფერი ითქვას სხვა საწარმოო თუ არასაწარმოო ხარჯებზე. ბამბის ნებისმიერ რგოლებში ნამუშევარნი სოციალიზმის “რომანტიკოსი” ან ყველაზე შუბლმაგარი მუშათა კლასიც მიხვდა, რომ ამჟამად “ბამბაზე” Fფიქრი ფუფუნებაა, რომ ის ტოტალური დასაქმება, მათი პროდუქციის მომლოდინე ბაზარი წარსულს ჩაბარდა. ის სისტემა ქმედითუნარიანი მხოლოდ ჩაკეტილ საზღვრებშია. “თეთრი ოქროს” პატრონები მას ნედლეულად ყიდიან ვალუტაზე და მყიდველიც არასოდეს აკლიათ.

რუსეთიც “ახალტურებს” ბოლო დროს ბამბის სიძვირის გამო და თუ ქსელისა და მისაქსელის ერთ 1 სმ2-ში 30 ძაფი მაინც უნდა იყოს, ამჟამად 17-20-ია, რაც ქსოვილებს ათხელებს და მალე ცვეთს. საქართველოში თუ სადმე რამე კეთდება ბამბისა, 5-8-კაციანი ბიზნესია, ძირითადად წინდა-კოლგოტის სახით. მათ კოორიდინატებს ვერაფრით დაადგენთ.

ბამბის ნართის ან მისგან ნაქსოვ ტილოს იყენებდნენ თბილისის ხაოიანი ნაწარმის ფაბრიკა, გაერთიანება “კრწანისი” (ფართო ასორტიმენტის წინდები), გაერთიანება “ბახტრიონი”, ცხინვალის ტრიკოტაჟის გაერთიანება, გლდანის, “ნადიკვარის” საგალანტერიო ფაბრიკები, სენაკის ხალიჩების კომბინატი. ასეთივე კომბინატი სომხეთში, ერთი პერიოდი – რუსეთში და უზბეკეთში. ყველაფერი გათვლილი იყო რესპუბლიკათა “ვერდაცილებაზე”. ბამბის პროდუქციის მწარმოებლები ქიმიური ბოჭკოს და საღებავების გამოყენებაშიც სხვებზე იყვნენ დამოკიდებულნი. საერთოდ, ყველა ქვეყნისათვის რთულია საკუთარი საფეიქრო მზა პროდუქციისათვის ბაზრის პოვნა, ამას საკუთარი იაფი ნედლეული და დამხმარე მასალები სჭირდება, რაც იშვიათია.

ბოლო წლებში განკერძოებული საწარმოები ქმედითი აქციონერების ნაცვლად საეჭვო ელემენტებისაგან და ძარცვისაგან იცავდნენ წარმოებას, იხდიდნენ საურავებს. მაინც ვერ ფარავდნენ სახელმწიფო ვალებს, ძლივს ახერხებდნენ ხელახალ რეგისტრაციას… თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, მაგ: სოფ. კულაშის ბამბისა და აბრეშუმის საქსოვმა “კბილებით” შეინარჩუნა შენობა და ტექნიკა. მოგონებებში დარჩა წელიწადში 4,5 მილიონი გრძივი მეტრი კაპრონისა და “პლუშის ” გამოშვება. მაგრამ როცა აქ სამი წლის წინ საქმიანი წინადადებით ინდოელები გამოჩნდნენ, ოცნებამ ხორცშესხმა დაიწყო. ისინი “პლუშით” აღფრთოვანდნენ, რეალურ ბაზრებზე ისაუბრეს, იანგარიშეს, მწარმოებლებს შეეკითხნენ, ხელფასად 300 ლარი გეყოფათო (?!), ბოლოს მთავრობაში გაეშურნენ, ჩვენთვის საჭირო პირობებს გავიგებთო… მას შემდეგ აღარც გამოჩენილან. ეტყობა, “ისეთები” გაიგეს, საქმის ხალისი დაეკარგათ. ახლახანს უზბეკები ჩამოვიდნენ, კაპრონი მოიწონეს, ჯერჯერობით ანგარიშის სტადიაში არიან. კულაშელები შიშობენ, ისინიც ინდოელებივით არ გაიქცნენ, რადგან ახალი იმედები ასიოდე კაცის დასაქმებას უკავშირდება. ამას წინათ, საწარმოში ქურდობის მცდელობა იყო. დამნაშავე პოლიციამ დააკავა. მწარმოებლები მას თანაუგრძნობდნენ უმუშევრობისა და უფულო ოჯახის მამობის გამო. ამ საუბრის შემხედვარე გაიფიქრებ, რა ქველმოქმედება და პოტენციური მეცენატობაა ჩახშობილი. ბოლო 10 წელი ასე რომ გვეზრუნა ერთმანეთზე, როგორი ქვეყანა გვექნებოდა დღეს?

საფონდო ბირჟა: მყიდველის ძებნა “ბნელ ოთახში”
საზოგადოებები საფონდო ბირჟას კიდევ ერთ მაკონტროლებელ და გამაღიზიანებელ რგოლად თვლიან. 1998 წლის დეკემბერში მიღებული კანონით “ფასიანი ქაღალდების შესახებ”, საზოგადოება, რომელსაც 100 კაცამდე აქციონერი ჰყავს, არაა ბირჟასთან ანგარიშვალდებული, ხოლო 100 კაცზე მეტი აქციონერის შემცველმა საწარმოებმა (სწორედ ასეთებია საფეიქრო საწარმოთა უმრავლესობა) ბირჟაზე ყოველწლიური ანგარიში უნდა წარმოადგინონ, ასევე – გასაყიდი აქციები დააფიქსირონ. შედარებით ფორმაშენარჩუნებული საწარმოებიც არ არიან რეალურად მოქმედი ს/საზოგადოებები კვლავწარმოებით, მოგებით, წლის ბოლოს დივიდენდების გაცემით ანუ აქციათა ყიდვის მსურველი მაშინ გამოჩნდება, როცა ამას აზრი ექნება. მანამდე კი ს/საზოგადოებები ყოველ წელს გადასახდელი და გადახდილი გადასახადების (შენობის, მიწის, წყლის და ა.შ.) მხოლოდ აღმნუსხველნი არიან. არც ბირჟის ბროკერები მალავენ, რომ აქ დასაფიქსირებლად საწარმოები “ყურით მოყავთ”. ძნელი სათქმელია, სად რა გარიგებები ხდებოდა ბირჟის შექმნამდე, თუმცა, 2001 წელს ბირჟაზე გაყიდულა ს/ს “კრწანისის” 492 აქცია, თითო – ლარად… საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში შესულია 283 ფირმა და ს/საზოგადოება, მათ უმეტესობას ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში არასახარბიელო მდგომარეობა აქვთ.