რას ითხოვენ გადამზიდავები
მაკა ღანიაშვილი
გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ეკონომიკური საზღვრები ქვეყნებს შორის ფაქტობრივად წაშლილია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გადამზიდავი კომპანიების მომსახურებას. სფეროში არსებულ მდგომარეობაზე დიდადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე. პრობლემები კი გადამზიდავ კომპანიებს მართლაც თავზე საყრელი შეიძლება ჰქონდეთ: მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაუმართავი გზები ხშირად აფერხებს ტვირთების დროულ მიწოდებას. საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზები კი – თვითონ გადამზიდავების მუშაობას. როგორც აღმოჩნდა, გადამზიდავებს ბევრი საკითხი აქვთ სადაო. ისინი სხვადასხვა სამინისტროების მხრიდან შესაბამის ცვლილებებს მოითხოვენ.
როგორც გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, საერთაშორისო დონეზე ისინი სხვა, მეზობელი ქვეყნების, გადამზიდავ კომპანიებთან შედარებით არაკონკურენტულ ვითარებაში არიან. ამას ხელს უწყობს ის, რომ ქართული კომპანიებისათვის, ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა გაჭიანურებული სავიზო პროცედურების გამო ძალიან გართულებულია. საქართველოს ბაზარზე ასევე ოპერირებენ ბულგარული, თურქული და უკრაინული კომპანიები, მათთვის კი სავიზო პროცედურებთან დაკავშირებული დაბრკოლებეები ფაქტობრივად არ არსებობს. უცხოელ კონკურენტებთან შედარებით ქართული კომპანიების არაკონკურენტულ ვითარებაში ყოფნა, კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადგილობრივი კომპანიების განვითარებას.
გადამზიდავები სავიზო პროცედურებთან დაკავშირებულ საკიხების მოგვარებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ. დღეს ევროპის ქვეყნების საელჩოებში სირთულეებთან არის დაკავშირებული გადამზიდავი მძღოლებისთვის ვიზების მიღების პროცედურა. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ვიზის მისაღებად ძალიან ბევრი დოკუმენტაციის წარდგენა უწევთ, რაც პროცესს აჭიანურებს. მაგალითად, მომწვევი მხარის (უცხოური კომპანიის) საქმიანობის ლიცენზია. გადამზიდავთა უმეტესობა ევროპულ ბაზრებზე შუამავლების დახმარებით მუშაობენ და ხშირია უცხოელი პარტნიორების ცვლილება, ეს კი ართულებს ერთჯერადი გადაზიდვის პირობებში მოწვევის დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.
გადამზიდავთა შეფასებით, ევროკავშირთან ვიზების მიღების გამარტივება შესაძლებელი იქნება, სახელმწიფოს მხრიდან ამა თუ იმ საელჩოში კეთილსინდისიერი სატრანსპორტო კომპანიებისათვის სარეკომენდაციო წერილის წარდგენის სისტემის ამოქმედება.
ჩვენთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის უკვე არსებობს ხელშეკრულება ”ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ”. ხელშეკრულების მეოთხე მუხლის კ) პუნქტში მითითებულია პროცედურა, რითაც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი. ამ პროცედურის მიხედვით მძღოლებისთვის, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტირების მომსახურებას წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე, საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებით ვიზის მისაღებად საკმარისია წერილობითი მოთხოვნა საქართველოს გადამზიდველთა ეროვნული კომპანიის ან ასოციაციის მხრიდან, რომელიც განახორციელებს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირებას, სადაც მითითებულია მგზავრობის მიზანი, ხანგრძლივობა და სიხშირე. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს სარეკომენდაციო წერილის სისტემის წარდგენის ანალოგიური დოკუმენტია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, გადამზიდავებს ფინანსთა სამინისტროსთანაც აქვთ სადაო საკითხები. როგორც გადამზიდავები აცხადებენ, მათთვის დამატებითი წენეხია 200-ლარიანი სატრანზიტო გადასახადი, რომელიც დაწესებულია საქართველოს გავლით, ევროპიდან მესამე ქვეყნებში ან პირიქით სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელებისას. ვინაიდან ქართველი მეწარმეების გადაზიდვების წილი საერთო ტრანზიტში არ აღემატება 3-5%-ს, ისინი მიიჩნევენ, რომ კარგი იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო, ადგლობრივი კომპანიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ამ სატრანზიტო გადასახადს გაუუქმებს ქართულ გადამზიდავებს.
გარდა ამისა, როცა ქართველი გადამზიდავი კვეთს თურქეთის, სომხეთის, უკრაინის ან ბელორუსის საზღვრებს, გრინ კარტის უქონლობის შემთხვევაში, მათ უწევთ ამ ქვეყნებში შესვლისას, საზღვრებზე მესამე პირის პასუხისმგებლობის ადგილობრივი დაზღვევის შეძენა, რომლის ღირებულება თითოეულ ქვეყანაში 50-100 დოლარამდე მერყეობს, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გადამზიდავების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ისინი საქართველოს მხრიდან განთავისუფლებულნი არიან ამ ტიპის დაზღვევის შეძენისაგან.
ქართველი გადამზიდავები ინიციატივით ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართავენ. მათი შეფასებით, დარგის განვითარების ერთ-ერთ ხელშემწყობ ღონისძიებას წარმოადგენს, ტრასეკას დერეფნის გასწვრივ ერთიანი საკანონმდებლო ხელშეკრულების შემუშავება, რომელიც მოიცავს: ა. დერეფნის ამა თუ იმ ქვეყანაში აწონილი სატრანსორტო საშუალების ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სავალდებულოდ აღიარებას; ბ. ღერძული – წონითი და გაბარიტული ნორმების უნიფიცირებას; გ. დერეფნის ქვეყნებისათვის მრავალმხრივი ნებართვის დანერგვას. ეს სამუშაოები, შესაძლოა, ტრასეკას ან ნელტის პროექტის ფარგლებში ჩატარდეს. მოამვალში ასეთი ტიპის საკანონმდებლო ბაზა დაეხმარება ქართველ გადამზიდავს დაუბრკოლებლად განახორციელოს ტვირთზიდვა, პირველ რიგში, ცეტრალური აზიის რეგიონში.
როგორც საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციაში აცხადებენ: ”არასდროს არავინ კამათობს საქართველოს ტერიტორიის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორის უაღრესად დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისათვის. ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ამ მხრივ არის არაგაბარიტული და მძიმეწონიანი (ე.წ. საპროექტო) ტვირთების გადაზიდვა. ასეთი ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის პროცესი რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს #956/1-1/746 ბრძანებით, ”საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთების გადაზიდვის მარშრუტის შერჩევის და უსაფრთხოდ გადაადგილების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის შესახებ”.
ამ ბრძანების პირვანდელი რედაქცია, მიუხედავად ზოგიერთი ხარვეზისა (მაგალითად, სიმაღლის შეზღუდვა 4.0 მეტრით) წარმოადგენდა გონივრულ კომპრომისს, ერთი მხრივ, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და, მეორე მხრივ, სატრანსპორტო კორიდორის ეკონომიკური მიმზიდველობის შენარჩუნებისათვის.
მაგრამ შემდეგში, დაინახეს რა ასეთი ტვირთების რაოდენობის ზრდის მაღალი ტემპები და უმნიშვნელო დანახარჯებით სერიოზული თანხების აკუმულირების შესაძლებლობა,შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის 18 იანვრის #46/1-1/77 ბრძანებით შეიტანა ცვლილება აღნიშნული ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში.
აღნიშნული ცვლილებებით საგრძნობლად გამკაცრდა ასეთი ტვირთების გადაზიდვის წესები და, პრაქტიკულად, გაცილების პროცესის ერთადერთ, მონოპოლისტ, განმახორციელებლად ჩამოყალიბდა დაცვის პოლიცია.
დაცვის პოლიციამ, თავის მხრივ, ისარგებლა მონოპოლისტური მდგომარეობით და შემოიღო არარეალურად მაღალი საფასური ტვირთების გაცილებაზე. იმდენად მაღალი, რომ ხშირად ის ბევრად აღემატება უშუალოდ ტვირთის ტრანსპორტირების საფასურს. ზემოთ აღნიშნულმა, მკვეთრად გააუარესა ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის მიმზიდველობა და დღეს, ფაქტიურად, მხოლოდ იმ ტვირთებს ვეზიდებით, რომლებსაც სხვა ალტერნატიული მარშრუტი არ გააჩნია.
სამაგიეროდ, არსებულ სიტუაციას მშვენივრად იყენებენ პარალელურ მარშრუტებზე მომუშავე კოკნურენტები (განსაკუთრებით, ნოვოროსიისკის გავლით აზერბაიჯანის და შუა აზიის დანიშნულებით მიმავალ ტვირთებზე). გარდა ამისა, დაცვის პოლიციის მონოპოლისტური მდგომარეობის გამო, არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ექსპედიტორები გადაზიდვის ნებართვის მიღებისა და თანმხლები ავტომობილების გამოყოფისას, რის გამოც (პროცესის დაჩქარების მიზნით) ხშირად ექსპედიტორი იძულებულია მიმართოს არა დაცვის პოლიციას, არამედ დაცვის პოლიციის კეთილგანწყობის მქონე კოლეგას, რაც კიდევ უფრო ზრდის გაცილების ღირებულებას.
ჩვენ ადრეც გვქონდა ამ პრობლემების დარეგულირების მცდელობები, მაგრამ მუქარაშერეული ტონით გვაფრთხილებდნენ, რომ ამ საქმით უშუალოდ არიან დაინტერესებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და შეიძლებოდა პრობლემები შეგვქმნოდა.
დღეს, როდესაც ახალი ხელისუფლება აკეთებს ბიზნესისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის დეკლარირებას, მიგვაჩნია, რომ დადგა ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის დრო.”
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის (”საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი”) ”ჟ” ქვეპუნქტის და 134-ე მუხლის (”არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან”) ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ, ორგანიზაციამ ან/და მეწარმე ფიზიკურმა პირმა არარეზიდენტს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხიდან უნდა დაუკავოს 10% და ჩარიცხოს საქართველოს ბიუჯეტში.
როგორც საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციაში მიიჩნევენ, აღნიშნული დებულებები პრაქტიკულად არ იძლევა არანაირ ფისკალურ ეფექტს და ამცირებს ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობას შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს ბევრ ქვეყანასთან დადებული აქვს ხელშეკრულებები ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, რომელთა შესაბამისად ასეთი ქვეყნების რეზიდენტები გათავისუფლებულები არიან ზემოთ აღნიშნული გადასახადებისგან; ასეთი ხელშეკრულებების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება; ასეთი გადასახადი (იშვიათი გამონაკლისების გარდა) სხვა ქვეყნებში არ არსებობს; სომხეთში აღნიშნული გადასახადი გადაიხდება მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე გაწეული მომსახურებისათვის. მაგალითად, თუ აშშ-დან ერევანში კონტეინერის გადაზიდვის ღირებულებაა 5000 აშშ დოლარი, რომლიდანაც სომხეთის ტერიტორიაზე მოდის 500 დოლარი, სომეხი ექსპედიტორი არარეზიდენტს უკავებს და სომხეთის ბიუჯეტში რიცხავს 500 აშშ დოლარის 5%-ს – 25 აშშ დოლარს. იგივე პირობებით თბილისამდე გადაზიდვისას საქართველოს ექსპედიტორმა არარეზიდენტს უნდა დაუკავოს და საქართველოს ბიუჯეტში გადარიცხოს 5000 აშშ დოლარის 10% _ 500 აშშ დოლარი. თუ გადაზიდვას თბილისამდე განახორციელებს სომხეთის რეზიდენტი ექსპედიტორი, მას საერთოდ არ ექნება აღნიშნული გადასახადის დაკავების ვალდებულება.
გარდა ამისა, ექსპედიტორთა განცხადებით, გადასახადის მათთვის გაუგებარი ბუნების და ჩვენი ბაზრის სიმცირის გამო არც ერთი არარეზიდენტი არ თანხმდება მისი კუთვნილი თანხის 10%-ის დაკავებაზე, რის გამოც მათი მომსახურების გამოყენებისას არარეზიდენტის მიერ გამოწერილი ინვოისი იზრდება საქართველოს ბიუჯეტში შესატანი თანხით. მაგალითად, თუ არარეზიდენტის მომსახურება ღირს 5400 აშშ დოლარი, არარეზიდენტი ინვოისში აჩვენებს 6000 აშშ დოლარს, საიდანაც საქართველოს რეზიდენტი დაუკავებს 600 აშშ დოლარს და არარეზიდენტს გადაუხდის მის კუთვნილ 5400 აშშ დოლარს. თუUგავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში რეზიდენტი არ არის შეზღუდული პარტნიორის არჩევაში (და ვერც იქნება), ბუნებრივია, ის ირჩევს იმ ქვეყნების რეზიდენტს, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე და აქდან გამომდინარე, ”ჟ” ქვეპუნქტი უმოქმედოდ რჩება. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ ეს დებულებები საქართველოს რეზიდენტს პრაქტიკულად უსპობს იმ ქვეყნების რეზიდენტების მომსახურების გამოყენების საშუალებას, რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, გარკვეულ სიტუაციებში იგი ხდება კონკურენტუუნარო.
მაგალითად, ტვირთის მფლობელ არარეზიდენტს (შემდეგში ”შემკვეთი”) სურს ტვირთის გადატანა აშშ-დან თბილისში. ”შემკვეთი” უკავშირდება საქართველოს რეზიდენტ ექსპედიტორს და სომხეთის რეზიდენტ ექსპედიტორს.
ექსპედიტორებმა ჩაატარეს ლოჯისტიკური კვლევა და ერთიდაიგივე პარტნიორებისაგან მიიღეს შემდეგი პირობები: ამერიკელმა ექსპედიტორმა მოითხოვა 2700 აშშ დოლარი; იტალიელმა ექსპედიტორმა მოითხოვა – 2850 აშშ დოლარი; შედეგი: იმისათვის, რომ საქართველოს ექსპედიტორმა გამოიყენოს აშშ-ის ექსპედიტორის მომსახურება (საქართველოს და აშშ-ს შორის არ არსებობს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების თაობაზე), მან აშშ-ის ექსპედიტორისაგან უნდა მიიღოს ინვოისი 3000 აშშ დოლარზე, საიდანაც დაუკავებს 10%-ს – 300 აშშ დოლარს და გადაურიცხავს მის კუთვნილ 2700 აშშ დოლლარს. აქედან გამომდინარე, ექსპედიტორის საკომისიოს გათვალისწინებით (100 აშშ დოლარი), ასეთი მომსახურების ღიერებულებაა 3000+100=3100 აშშ დოლარი. იტალიელი ექსპედიტორის მომსახურების გამოყენებისას (საქართველოს და იტალიას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ) მომსახურების ღირებულებაა 2850+100=2950 აშშ დოლარი.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საქართველოს რეზიდენტი ექსპედიტორი შესთავაზებს ”შემკვეთს” მომსახურების ღირებულებას 2950 აშშ დოლარის ოდენობით. სომხეთის რეზიდენტი ექსპედიტორი, რომელსაც არ აქვს არარეზიდენტისათვის გადასახადის დაკავების ვალდებულება, გამოიყენებს ამერიკელი ექსპედიტორის მომსახურებას და ”შემკვეთს” შესთავაზებს 2700+100=2800 აშშ დოლარის ოდენობით. გასაგებია, რომ შეკვეთას მიიღებს სომხეთის რეზიდენტი ექსპედიტორი.
ექსპედიტორთა ასოციაციაში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მე-6 პუნქტში მოყვანილი მაგალითი არ წარმოადგენს ჰიპოთეზის სფეროს. სომხეთის ექსპედიტორები საქართველოში არსებული თავიანთი შვილობილი საწარმოების მეშვეობით (მაგალითად ”აპავენი”), აქტიურად მუშაობენ არა მარტო არარეზიდენტ, არამედ საქართველოს რეზიდენტ ”შემკვეთებთან”. ამასთან ”შემკვეთთან” ხელშეკრულებას აფორმებს სომხეთის რეზიდენტი სათაო ოფისი – და, ბუნებრივია ყველა გადასახადი მიდის სომხეთის ბიუჯეტში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის აღნიშნული დებულებები არ მოქმედებს იმ ქვეყნების რეზიდენტებთან მიმართებაში, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ (გათავისუფლებულები არიან); პრაქტიკულად გამოუყენებადია იმ ქვეყნების რეზიდენტებთან მიმართებაში, რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ (რაც განსაკუთრებით მტკივნეულია აშშ-ს რეზიდენტ ექსპედიტორთა უზარმაზარ რაოდენობასთან მიმართებაში); სერიოზულად ადაბლებს საქართველოს რეზიდენტი საქესპედიტორო კომპანიების კონკურენტუნარიანობას (განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნების რეზიდენტებთან მიმართებაში); არ იძლევა არანაირ ფისკალურ ეფექტს (პირიქით,იკარგება შემოსავალი). ამიტომაც ექსპედიტორთა ასიციაცია ფინანსთა სამინისტროს სთავაზობს ცვლილებების შესაბამის პროექტს საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც მივმართეთ, მაგრამ მათგან პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენი ჟურნალი მომდევნო ნომრებშიც გააგრძელებს ამ თემაზე მსჯელობას.