ევროპა აუტსაიდერია
აპრილში საინტერესო ანალიზი და პროგნოზი გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. მათი შეფასებით, მსოფლიო დაიყო სამ ჯგუფად ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობის და განვითარების პერსპექტივების მიხედვით: განვითარებადი ქვეყნების ჯგუფი, ჩინეთის და ინდოეთის ლიდერობით. მათ შორის მოიაზრება საქართველო და ასევე რუსეთიც. ფონდის შეფასებით, ამ კატეგორიაში საქმე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და პროგნოზირებადი ზრდის ტემპებიც პოზიტიურია _ 4-6%;
განვითარებული (არაევროპული) ქვეყნები. მაგალითად, შეერთებული შტატები და იაპონია, სადაც ეკონომიკები აღდგენის პროცესშია რბილ მონეტარულ პოლიტიკის პირობებში. მოსალოდნელი ზრდა მცირეა, სულ 1,5-2%, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ესეც დიდ წარმატებად არის მიჩნეული.
მესამე ჯგუფს მიეკუთნება ევროპის ქვეყნები, სადაც მდგომარეობა მძიმეა. მათი შეფასებით, ევროპულმა ეკონომიის პოლიტიკამ მოიტანა განვითარების და აღდგენის პროცესის შეჩერება. მოსალოდნელია ეკონომიკის ნულოვანი ზრდა. სავალუტო ფონდი რეკომენდაციას აძლევს ევროპის ცენტრალურ ბანკს, რომ იაპონიის და შტატების მაგალითზე შეარბილოს მოთხოვნები და დაწიოს საპროცენტო განაკვეთი. სწორედ ამ რეცესიის შედეგად არის მიჩნეული არსებული გამწვავებული პოლიტიკური მდგომარეობა იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში და საფრანგეთში.
ამასთან, რიგი ევროპელი ექსპერტის აზრით, აღნიშნული სავალუტო ფონდის დასკვნები ზედმეტად პოლიტიზირებულია და ემსახურება შეერთებული შტატების მოქმედი მთავრობის მიმდინარე ინტერესებს. შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთი მძლავრი ფინანსური სტრუქტურის რეკომენდაციები პრაქტიკულად მოთხოვნის ტოლფასია და, როგორც წესი, აღიქმება უდავო ჭეშმარიტებად.