გაწყვეტს თუ არა კორუფციის აწყობილ ჯაჭვს “ტაჰალი”?
ეკა გაბადაძე
“თბილგაზის” პრივატიზების პროცესი ფინიშისკენ მიდის. ისრაელის კომპანია “ტაჰალი” ერთადერთი და რეალური პოტენციური ინვესტორი აღმოჩნდა იმ მრავალთა შორის, რომლებიც პრივატიზების მრავალწლიან პროცესში გაელვებასავით ჩნდებოდნენ. როგორც იქნა, ქართულ და ებრაულ მხარეთა შორის მოლაპარაკებები შედგა და თანაც უმაღლეს დონეზე – საქართველოს პრეზიდენტმა “თბილგაზის” პრივატიზების უმოკლეს ვადაში დასრულება მოითხოვა. შემოდგომა-ზამთრის სეზონის დადგომამდე, იმედია, პრობლემა გადაწყდება და “იტერას” (ანუ რუსული მხარის) მხრიდან მუდმივ ფსიქოლოგიურ ტერორში მყოფი თბილისელები სტრესებისგან (გაზის მიწოდების შეწყვეტის მუქარისგან მაინც) გათავისუფლდებიან.
ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვიტყვი, რომ ეს სისტემა მთლიანად დამპალია, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ანუ, ერთი მხრივ, მთლიანად მოძველდა და საშიშია ექსპლუატაციისათვის დედაქალაქის გაზსადენის სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, დარგი წალეკა კორუფციამ. მიმაჩნია, კონტროლის პალატის მიერ მომზადებული დოკუმენტების საფუძველზე შსს-მ, გენპროკურატურამ უნდა განახორციელონ მკაცრი ანტიკორუფციული ღონისძიებები. თუმცა, სფეროს გადასარჩენად ეს არასაკმარისია: აუცილებელია ინვესტორის პოვნა, რომელიც სისტემაში მნიშვნელოვან თანხას ჩადებს, პირველ რიგში, დედაქალაქში… რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტენდერში მონაწილეობა უკვე გადაწყვიტა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა ისრაელის კომპანიამ. შევხვდი მის წარმომადგენლებს, ეს სერიოზული ხალხია, ისინი დღე-დღეზე ჩამოვლენ და საქმეს შეუდგებიან. კომპანიამ წარმოადგინა საინტერესო პროგრამა თბილისის სადისტრიბუციო ქსელის რეაბილიტაციის შესახებ.სავარაუდოდ, მოლაპარაკებათა დასასრულს, ქონების მართვის სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. დრო არ ითმენს. შემოდგომა-ზამთრის სეზონის დადგომამდე რამდენიმე თვე დარჩა. შეუძლებელია, დღევანდელი პრაქტიკის გაგრძელება, როცა, ფაქტობრივად, ქვეყანა იხდის მოხმარებული ბუნებრივი აირის დიდ ნაწილს. ამას ვერ გაუძლებდა არა მხოლოდ განვითარებადი ქვეყნის ბიუჯეტი, არამედ აყვავებული ზესახელმწიფოც… ამას არავინ აკეთებს…
საქართველოს პრეზიდენტის ეს პოზიცია, ალბათ, იმის გარანტიაა, რომ “თბილგაზს” მალე გამოუჩნდება ინვესტორი და ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდება ეს საკითხიც. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა. მაგრამ, კულუარული ინფორმაციით, სერიოზული ძალები “თბილგაზის” პრივატიზების წინააღმდეგ იბრძვიან. “სერიოზულ ძალებში” სწორედ ის კორუმპირებული ჩინოვნიკები იგულისხმებიან, რომელთა გვარების დასახელებისგან კონტროლის პალატის თავმჯდომარე და სხვა ძალოვანი უწყებებიც თავს იკავებენ (ეჭვს ბადებს მათი თავშეკავებულობაც). ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე “თბილგაზის” პრივატიზების საკითხის განხილვამ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ანტიკოროფციული ღონისძიებების შესახებ მოხსენების თემაც კი დაჩრდილა და წინა პლანზე სწორედ სულხან მოლაშვილის მოხსენება დააყენა. კონტროლის პალატის შეფის მოხსენებაში კორუფციის კონკრეტული ფაქტები, ეჭვმიტანილი პირებიც არიან დასახელებული. მოლაშვილმა “თბილგაზის” ყოფილი თანამშრომლებიც კი ჩამოთვალა, რომელთაც თურმე რუსეთის დიდ ქალაქებში, კერძოდ, მოსკოვში ბინები შეიძინეს და არც უცხოური მარკის ავტომობილებზე უთქვამთ უარი. სულხან მოლაშვილი ამ გვარების აფიშირებას გამოძიების დასრულებამდე არ აპირებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არც შემდეგ გამოამზეურებს მათ ვინაობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გამოძიება, შესაძლოა არც დასრულდეს. “თბილგაზთან” დაკავშირებული დასკვნები კონტროლის პალატამ ერთი წლის წინათ გადაუგზავნა გენპროკურატურას, მაგრამ ამ ფაქტს დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.
მიუხედავად იმისა, რომ “თბილგაზში” რამდენჯერმე გადახალისდა კადრები (ძირითადად, ხელმძღვანელობა და სამეთვალყურეო საბჭო), USAID-ის კონტრაქტორმა ფირმა PA Consulting-მა არაერთი წინადადება შესთავაზა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდაციები შეიმუშავა, ვითარება არ შეცვლილა. როგორც ჩანს, “თბილგაზში” “მიმოქცევაში” მყოფ სოლიდურ კაპიტალს ძნელად ელევიან კორუმპირებული ჩინოვნიკები.
“თბილგაზის” პოლიტიკური ბატალიები
მაინც რა ხდება “თბილგაზში”? ამ რიტორიკულ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ჩინოვნიკები თავს არიდებენ. მახსენდება “თბილგაზის” ერთ-ერთი გენერალური დირექტორის, ამჟამად “საქგაზის” ერთ-ერთი ჩინოსნის, გია გოზალიშვილის ნათქვამი – გაზი ინტერესია, ყველაზე დიდი ინტერესი ფულია! ალბათ, სწორედ ამ ინტერესმა გამოიწვია ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გამძაფრებული ლტოლვა “თბილგაზისაკენ”. მმართველი (თუ ექსმმართველი) პარტიის წილობრივ ინტერესებზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ, ისედაც ყველაფერი ნათელია (ვგულისხმობ დედაქალაქის მესვეურებს). საქმეში “სოციალისტები” და “აღორძინებაც” ჩაერთვნენ, თანაც ძალზე აქტიურად. მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი “სოციალისტებმა” ჩაიგდეს ხელში, დირექტორატში კი რამდენიმე სკამი – “აღორძინება”.
რუსული პოლიტიკური ორბიტის თანამგზავრი პარტიების “თბილგაზით” დაინტერესება პრივატიზების პროცესს გარკვეულ საფრთხეს უქმნის. ისინი ცდილობენ “თბილგაზი” “საქგაზს” დაუმორჩილონ და ამით კორუფციის არეალი გაიფართოონ. როგორც ცნობილია, თბილისი საქართველოში შემოსული აირის 90%-ს მოიხმარს, მაშინ, როცა სხვა ყველა რეგიონი ერთად – 10%-ს, რადგან “საქგაზს” მხოლოდ 10%-იანი არეალი გააჩნია, სურს, რომ მონოპოლისტობა ჩაიგდოს ხელში, დახმარებას კი “იტერას” წარმომადგენლობიდან და პარტიებიდან ელის. “აღორძინება” და “სოციალისტები” ამ საქმეში დიდ როლს ნამდვილად შეასრულებენ. რუსეთის მხარეს გარკვეული შანსები აქვს, რადგან ერთადერთ მომწოდებლად კვლავ “იტერა” რჩება, რუსეთის მხარის მიერ ეკონომიკურ-პოლიტიკური ბერკეტების ხელში ჩაგდების შანსებიც საკმაოდ დიდია.
რამდენიმე ხნის წინ “თბილგაზით” ქართველ ბიზნესმენთა დაინტერესებაზე ალაპარაკდნენ, თუმცა, ესეც ერთგვარი ტრიუკია, რადგან გეგმები ისევ და ისევ რუსული ფულის “თბილგაზში” ჩადების გარშემო ტრიალებდა. თავისთავად რუსული ფულის (ან თუნდაც ამერიკულის) საქართველოში დაბანდების წინააღმდეგი არავინ იქნება, მხოლოდ ერთია – ეკონომიკურ-პოლიტიკური ბერკეტების სადავეები ქართულმა მხარემ ხელიდან არ უნდა გაუშვას. დავუბრუნდეთ რუსეთის მხარეს. საერთაშორისო-ენერგეტიკულმა კომპანია “იტერამ” შვილობილი კომპანია შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს. საქართველოში “იტერას” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, თამაზ პატარიძე აპირებს “იტერა” საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დააინტერესოს. “გულსატკენია, რომ “თბილგაზის” დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხებით ვართ დაკავებულნი და ახალ ინიციატივებზე არ ვფიქრობთ. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, ახალი პროექტების დამუშავებაზე ვიზრუნებთ”, – აცხადებს თამაზ პატარიძე. (სხვათა შორის, პატარიძე ადრე მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო) მისი აზრით, საქართველოში მრეწველობა მკვდარია, არადა, მისი განვითარების პერსპექტივები რეალურია. საინტერესოა, რას გულისხმობს პატარიძე განვითარების პერსპექტივებსა და პრობლემების მოგვარებაში? სავარაუდოდ, როგორც კი ქართული მხარე “იტერას” ვალს დაფარავს (ღმერთმა იცის, რითი), ფული ახალ-ახალ პროექტებზე წამოვა.
გაზთან მიმართებაში პატარიძის გამონათქვამები ასე შეიძლება გავშიფროთ: თბილისის გამრიცხველებიანებასთან დაკავშირებით მოსახლეობას სოლიდური თანხა გამოართვეს. როგორც ამბობენ, რუსეთის დახმარებით ახალ ქართულ მრიცხველებს გამოუშვებენ, დაამონტაჟებენ (რის თანხასაც ისევ მოსახლეობას გადაახდევინებენ) და გაზის მოპარვის შესაძლებლობას ნულამდე დაიყვანენ. ამასთანავე, შესაძლოა, ანალოგიური ბიზნესი ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციის ეგიდითაც დაატრიალონ, რაც ისევ და ისევ, მოსახლეობას დააწვება კისერზე.
ამ სიტუაციაში კი ცუდად გამოეჩხირა “ტაჰალი”, რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული “თბილგაზის” პრივატიზებით. მისი მოწინააღმდეგე მხარე (ანუ რუსეთი) ყველანაირად ცდილობს, “ტაჰალს” მონსტრის იმიჯი შეუქმნას და აცხადებს,რომ “ტაჰალის” შემოსვლა ტარიფის გაზრდას გამოიწვევს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მხარემ რამდენჯერმე თავად გააძვირა გაზის ტარიფი საზღვარზე. რაც შეეხება ტარიფის მომატებას, ამ საკითხის გადაწყვეტას პარლამენტში ხმათა უმრავლესობა სჭირდება. “ტაჰალი”, ტარიფის შენარჩუნების სანაცვლოდ, საგადასახადო ლიბერალიზაციას ითხოვს. რა თქმა უნდა, ლიბერალიზაციას მას არავინ აღირსებს და იძულებულს გახდიან, გაზარდოს ტარიფი. არც ამ ვარიანტს დაუჭერს მხარს პარლამენტი და “ტაჰალი” საქართველოდან წავა. თუმცა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან “ტაჰალთან” მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და გამოჟონილი ინფორმაციით, ქართული მხარე ცდილობს კარგად შეევაჭროს “ტაჰალს”, რის გამოც პრივატიზების პროცესი ჭიანურდებოდა.
“ტაჰალი” – ერთადერთი გამოსავალიდღეს უკვე ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ “თბილგაზი” უნდა გაიყიდოს; “ტაჰალის” შემოსვლამდე, ანუ პოტენციური ინვესტორის გამოჩენამდე. მოსამზადებელი სამუშაოები, PA Consulting-სა და სამეთვალყურეო საბჭოს უნდა ჩაეტარებინა. როგორც ამბობენ, PA Consulting-მა “თბილგაზი” უკმაყოფილომ დატოვა. მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – კორუმპირებულ ჩინოვნიკთა გაუმაძღრობა და სურვილი, არაფერი შეიცვალოს.
სხვათა შორის, კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ “თბილგაზის” ზოგიერთი კეთილსინდისიერი (ასეთები არცთუ ისე მრავლად იყვნენ) თანამშრომლის მიმართ მუქარებიც ისმოდა, იყო დაშინების შემთხვევებიც, მაგრამ სამართალდამცავები, რატომღაც, ასეთ შემთხვევებს არ თუ ვერ აფიქსირებდნენ. კორუფციულ ინტრიგებს თავი დავანებოთ და ერთ კონკრეტულ რესპონდენტს მოვუსმინოთ. ივერ ქუცნაშვილი “თბილგაზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ბიზნეს-გეგმა “თბილგაზის” პრობლემები და მათი გადაჭრის პერსპექტივებიც ჩამოყალიბებული იყო, მაგრამ ქაღალდზე დეკლარილებული პერსპექტივები ქაღალდზევე დარჩა.
ივერ ქუცნაშვილი: “დღევანდელი “თბილგაზი” სხვადასხვა განყოფილებების მექანიკურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომლებშიც თანამშრომელთა დიდ ნაწილს თავიანთი კერძო ინტერესები აქვთ, რომლებიც, როგორც წესი, ეწინააღმდეგება ნორმალური კომერციული კომპანიის ძირეულ ინტერესებს. პირდაპირ მოპარვებთან ერთად, ხშირია ინტერესების კონფლიქტი, როცა კომპანიის თანამშრომლები იყენებენ სამსახურებრივ მდგომარეობას, რათა მათ “თბილგაზის” დაკვეთები მისცენ კერძო სტრუქტურებს. ეს, განსაკუთრებით, ტექნიკურ განყოფილებას შეეხება, რომლის თანამშრომლებიც ახორციელებენ ახალი აბონენტების მიერთებას და საპროექტო სამუშაოების ჩატარებას… უშედეგოდ ჩაიარა წინა სამეთვალყურეო საბჭოს გამუდმებულმა მცდელობებმა უმაღლესი მენეჯმენტისათვის დანერგილიყო დაგეგმვის და ანგარიშების სისტემა, რაც დეტალურად იყო აღწერილი მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში. სასიკეთო ცვლილებების განხორციელება დღევანდელი პერსონალით განწირულია წარუმატებლობისათვის. ეს შეფასება ეხება “თბილგაზის” თანამშრომელთა 2/3-ზე მეტს. მენეჯმენტისა და პერსონალის შეცვლა უფრო კვალიფიციური და წესიერი პროფესიონალებით უნდა განხორციელდეს ღია, პატიოსანი და დეტალურად გააზრებული კონკურსის საშუალებით. ასეთი კონკურსის მექანიზმები და დეტალები დამუშავდება წინა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, როცა გამოცხადდა ღია კონკურსი უმაღლესი მენეჯმენტის პოზიციებისათვის. აღნიშნული კონკურსი შეჩერდა საკრებულოს გადაწყვეტილებების გამო. კონკურსისადმი მენეჯმენტისა და გარეშე ორგანიზაციების სასტიკი წინააღმდეგობა გამოწვეული იყო კორუფციის აწყობილი ჯაჭვიდან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლის ამოვარდნის საშიშროებით”. PAConsulting-ის შემოსვლის დღიდანვე დაიწყო საუბარი წამკითხველთა ინსტიტუტის შემოღებამდე, რადგან ქურდობების პრაქტიკა პირდაპირ ინვესტორების ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული. საკითხი მერიასთანაც შეთანხმდა, მაგრამ დღემდე ვერ გადაწყდა. ექსპერტთა შეფასებით, ეს ღონისძიებები ჩრდილოვანი ფულის ნაკადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯაჭვის გაწყვეტას გამოიწვევს.
აბსოლუტური ქაოსია გაზგამანაწილებელი კერძო კომპანიების თვალსაზრისითაც. დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი სამრეწველო ობიექტისა და უბნის გაზმომარაგებას კერძო სექტორი ახორციელებს. საინტერესოა, თუკი “თბილგაზს” თბილისის გაზით მომარაგების ექსკლუზიური უფლება აქვს მინიჭებული, რატომ არ ეკრძალება სხვას ანალოგიური საქმიანობა. თუ ეს ასე არ არის, უნდა დადგინდეს, აკმაყოფილებენ თუ არა ეს უკანასკნელები დისტრიბუტორები კომპანიის წინაშე წაყენებულ სტანდარტულ მოთხოვნებს. იმ პერიოდში, როცა სომხეთი არ ირებდა გაზს რუსეთიდან, საქართველოში თეორიულად არ უნდა შემოსულიყო “ნამეტი” გაზი გარდა “თბილგაზის” გაზისა. ჩნდება კითხვა, ასეთ პირობებში, სხვა სუბიექტები “თბილგაზის” გარდა, საიდან აწვდიან გაზს თბილისის მომხმარებელს?
ცალკე საკითხია ტარიფის პრობლემა. ივერ ქუცნაშვილი: “დღევანდელი ტარიფი უშვებს “თბილგაზის” 1-2%-იან თეორიულ რენტაბელობას დაახლ. 13,5% ტექნიკური დანაკარგების გათვალისწინების და საკმარისზე მნიშნელოვნად დაბალი ხელფასებისა და გაზსადენის სისტემის სარეაბილიტაციო ფონდის პირობებში. რეალური ტექნიკური დანაკარგებისა და საჭირო ხარჯების გათვალისწინების პირობებში “თბილგაზის” ტარიფი ვერ უზრუნველყოფს კომპანიის თუნდაც თეორიულ მომგებიანობას.
ტარიფის ნაკლებად საგრძნობლად გაზრდის პირობებში კომპანიის რენტაბელობის უზრუნველყოფა შესაძლებელია თბილგაზის მარჟის გაზრდის და ტარიფის დანარჩენი ნაწილის შემცირების პირობებში. ეს მიღწევადია “საქგაზის” საშუამავლო რგოლის ამოგდების, სატრანსპორტო ხარჯების შემცირებისა და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების შემოღების პირობებში.
ტარიფის საკითხი არის პოლიტიკური სპეკულაციის და უპასუხისმგებლობის დაუშრეტელი წყარო ქართველი პოლიტიკოსებისათვის. მსოფლიოში დიდი ხნის წინ აღიარებული ელემენტარული ჭეშმარიტების მიღება გულისხმობს: კომერციული სტრუქტურის მომგებიანობის თუნდაც თეორიულ დონეზე უზრუნველყოფის აუცილებლობას; სახელმწიფოს და არა კომერციული სტრუქტურის, სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა საბჭოური მენტალიტეტის ქართველი “პოლიტიკოსებისათვის” ჯერ კიდევ არასარფიან პოზად რჩება.
დავიწყოთ მძიმე სოციალური ფონით, რაც, ძირითადად, მთავრობის კორუფციით და პრობლემების გადაჭრის უუნარობითაა (ან სურვილის უქონლობით) გამოწვეული. ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მარტივი გამოსავალი იპოვა: ის მოსახლეობას ეუბნება, რა ვქნათ, ეს ინვესტორები ითხოვენ ტარიფის გაზრდას, თუმცა, ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართო. ეს მიდგომა მთავრობის სრული უპასუხისმგებლობის, კორუმპირებულობისა და არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია შემდეგი მიზეზების გამო:
1. პრობლემის მიზეზი ტარიფის ზომა კი არ არის, არამედ მოსახლეობის გადახდისუუნარობა, რადგან ტარიფი ასახავს ინვესტორის დანახარჯებს და გადასახადებს. დღეს საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ გაზი ყველაზე იაფი ენერგიის წყაროა (შეშაზე იაფიც კი). გაზის საფასური 2,5-4-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ალტერნატიული ენერგიის წყაროები (გარდა შეშისა, სადაც გაზი 1,1-ჯერ უფრო იაფია);
2. ტარიფი უნდა ასახავდეს დანახარჯებს, გადასახადებს და თუნდაც თეორიულად მისაღები ზომის მოგებას. საქართველოს კანონმდებლობა გაზის სექტორს ისევე ბეგრავს, როგორც ყველა დანარჩენს, ანუ საქართველოსათვის მაღალი საგადასახადო განაკვეთებით. საქართველოს მთავრობის გულწრფელობა ტარიფის გაუზრდელობის გამო, უნდა გამოიხატებოდეს შეღავათიანი საგადასახადო პოლიტიკით, ეკონომიკისა და სოციალური სფეროებისათვის ამ მეტად მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ. ამის სანაცვლოდ მთავრობა არჩევს, იქონიოს თეორიულად წამგებიანი ორგანიზაცია და გამუდმებით გამოყოს სუბსიდები, რომლებიც რეალურად “თბილგაზში” “თბილგაზის” გარეთ კორუფციას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე პრობლემების გადაჭრას.
კომპანიის ხელოვნურად წამგებიანად ყოფნა, ტარიფის ხელოვნურად დაბალ დონეზე შენარჩუნების გზით, წარმოქმნის დოტაციის აუცილებლობას, რაც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც პრობლემის არაეფექტური გადაწყვეტა, რომელიც ხელს უწყობს კორუფციას და უპასუხისმგებლობას. ერთი შეხედვით, დაბალი ტარიფი მომგებიანია მოსახლეობისათვის, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის და საწარმოების გადასახადებით აკუმულირებული სახსრებით გაზის საფასურის სუბსიდირების შემთხვევაში, მოსახლეობა სინამდვილეში იმაზე მეტს იხდის, ვიდრე რეალური ტარიფის შემთხვევაში გადაიხდიდა. სხვაობა, რასაც მოსახლეობა კარგავს, კორუმპირებულთა ჯიბეებში ილექება. სუბსიდირებას აქვს სხვა ნეგატიური შედეგებიც. ეს უკავშირდება “თბილგაზის” პერსონალის უპასუხისმგებლობას, რადგან კომპანიაში ჩნდება რწმენა, რომ ვიღაცა მათ მაგივრად სხვაობას აუცილებლად გადაიხდის.
მთავრობას რომ გაჭირვებული მოსახლეობისათვის მხარდაჭერა გულწრფელად სურდეს, გაცილებით უფრო ეფექტური და არაკორუფციული მოდელი იქნებოდა გამოყოფილი სახსრების მიმართვა მოსახლეობისათვის, ინდივიდუალურად მოხმარებული გაზის საფასურის გადახდით ნეიტრალური და ავტორიტეტული საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციის საშუალებით. ცნობილია, რომ USAID ეხმარება სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას მოხმარებული ელენერგიისათვის საფასურის გადახდაში და ამ პროცესს ადმინისტრირებას უწევს PA Consulting. თბილისის მოსახლეობის ეს ნაწილი კმაყოფილია მომსახურების ხარისხითა და ობიექტურობით. თბილისის და საქართველოს მთავრობას შეეძლოთ, ეთხოვათ დახმარება ზემოთ მოყვანილი ორგანიზაციებისათვის ანალოგიური დახმარებების განსახორციელებლად, მაგრამ ამას კორუფციული სქემა არჩიეს.
არსებული სატარიფო და მენეჯმენტთან დაკავშირებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ “თბილგაზს” წლიდან-წლამდე სწრაფად მზარდი სუბსიდირება სჭირდება. სუბსიდირების წლიურმა თანხამ უკვე გადააჭარბა 15 მლნ ლარს. ზრდა მეტწილად გამოწვეულია ახალი აბონენტების გამალებული ტემპით, მიერთებით (წინა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ქალაქის მთავრობის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მერიის დადგენილებით აკრძალული იყო ახალი აბონენტების მიერთება), რაც კიდევ უფრო აუარესებს ისედაც წამგებიანი საწარმოს საფინანსო სიტუაციას. ასე გაგრძელების შემთხვევაში, დადგება მომენტი, როცა მთავრობა ვეღარ შესძლებს მიმდინარე და დაგროვილი ვალების მომსახურებას, რაც გამოიწვევს გაზის მოწოდების შეწყვეტას. ამ დროს გაზის ტარიფის ზომას მნიშვნელობა აღარ ექნება და მოსახლეობა და საწარმოები იძულებულნი იქნებიან, შეიძინონ გაცილებით უფრო ძვირი და ეკოლოგიურად საზიანო ენერგია. გაზის მოწოდების შეწყვეტა ასევე ძალზე უარყოფითად იმოქმედებს თბილისის ელენერგეტიკულ ბალანსზე ზამთრის პერიოდში, რაც გამოიწვევს ელენერგიის მოწოდების მნიშვნელოვან შეზღუდვებს.
ტარიფთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა საჭიროებს სემეკის, მთავრობის, პარლამენტის, “თბილგაზის” მენეჯმენტისა და საზოგადოების შეთანხმებულ მოქმედებებს.
“ტაჰალი” ისევ “იტერას” იმედად დაგვტოვებს თუ უკეთესი პერსპექტივა ჩანს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე ძალიან რთულია, რადგან დღეისათვის “იტერა” (და მის მიერ ადგილზე დაარსებული “საქგაზი”) საქართველოში გაზის მოწოდების მონოპოლისტია. ეს ფაქტორი, აგრეთვე “თბილგაზის” მხრიდან მძიმე საკონტაქტო პირობების ხშირი შეუსრულებლობა, მომწოდებლის მანიპულირების საშუალებას აძლევს. მიწოდების მონოპოლიზმზეა დაფუძნებული აგრეთვე იმ ფასების არასტაბილურობა, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე იკვეთება.
სპეციალისტთა დასკვნით, გაზის საბითუმო ფასი საქართველოში, დაახლოებით 10%-ით მეტია, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანში. მაღალია გაზის საქართველოს საზღვრებიდან თბილისამდე ტრანსპორტირების ხარჯებიც. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთ მანძილზე ტრანსპორტირების ფასი 3 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ, როდესაც “თბილგაზი” 7 დოლარს იხდის. უფრო მეტიც, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას “იტერა” სომხეთში ტრანზიტისთვის გატარებული გაზის მოცულობის 10%-ს უხდის, რაც 5,5-6 დოლარის ეკვივალენტია. ამ ღირებულებაში შესულია არა მარტო ტრანსპორტირების დანახარჯები, არამედ სატრანზიტო გადასახადები, და მაინც “თბილგაზისათვის” მხოლოდ ტრანსპორტირების დანახარჯების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმა, დაწესებულია უფრო მაღალი გადასახადი, ვიდრე “იტერასთვის” ტრანსპორტირების დანახარჯები და სატრანსპორტო გადასახადი, ერთად აღებული.
2005 წლიდან დაგეგმილია საქართველოში აზერბაიჯანული შაჰ-დენიზის საბადოს გაზის მოწოდება 55 დოლარის ღირებულებით (შემდგომში ფასის ყოველწლიური 1,5%-იანი ესკალაცია) ამასთან, აზერბაიჯანული გაზი დაახლოებით 10%-ით უფრომაღალკალორთულია, ვიდრე რუსეთიდან მიღებული გაზის კალორიულობაა. შესაბამისად, შაჰ-დენიზის გაზის ეკვივალენტური ღირებულება 2005 წლისათვის დაახლოებით 50 დოლარს შეადგენს. თუ გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტირების ხარჯების რაციონალიზაციაც, შეიძლება დავასკვნათ, რომ გაზის ღირებულება ადგილობრივ ბაზარზე რუსეთიდან მიღებულ გაზთან შედარებით, 10-15 დოლარით იაფი იქნება, რაც, შესაბამისად, პოზიტიურად იმოქმედებს მოწოდების საბოლოო ფასის ფორმირებაზეც.
რომ იტყვიან, ყველაფერი “ტაჰალის” მოხერხებასა და ქართული მხარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, რა გახდა ისეთი “თბილგაზი”, რომ მასიური ფსიქოზის მიზეზია, ან ნუთუ არ შეიძლება ამ პრობლემის საბოლოოდ შეწყვეტა? როგორც იტყვიან, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, მით უმეტეს, როცა გამოსავალი ნაპოვნია.
ისრაელის კომპანია “ტაჰალი” დარეგისტრირებულია 1961 წელს. მისი საწესდებო კაპიტალი 3 მლნ დოლარზე მეტია. “ტაჰალი” საინჟინრო კომპანიაა, რომელიც განავითარებს ინფრასტრუქტურას ენერგეტიკის დარგში, კერძოდ, ნავთობის, გაზის ჰიდროენერგეტიკის სფეროში. “ტაჰალი” ამ კუთხით მონაწილეობდა ისრაელში, ვენესუელაში, პანამაში, რუმინეთში, თურქეთში, ჩინეთში, არგენტინასა და მსოფლიოს 30-მდე განვითარებულ ქვეყანაში. “ტაჰალი” (საბჭოს გენერალური დირექტორია ამნონ ლინკინ შაჰაკი) საქართველოს მთავრობასთან ერთი წელია მოლაპარაკებებს მართავს. კონსორციუმში მისი პარტნიორია ჰოლანდიური ფირმა “გაზტეკი”. “გაზტეკს” 14 შვილობილი გაზგამანაწილებელი კომპანია ჰყავს და ყოველწლიურად 40 მლრდ მ3 აირს უკეთებს რეალიზებას. “გაზტეკს” 112 ათასი კმ გაზის ქსელი და 7 მლნ-მდე აბონენტი ჰყავს. “ტაჰალი” აპირებს თბილისის გაზის ქსელის სრულ რეაბილიტაციას, სტრუქტურულ ცვლილებებს, 160 ათასიდან აბონენტთა რიცხვის 380 ათასამდე გაზრდას (5 წლის მანძილზე); კომპანიის ხარჯზე ძველი მრიცხველების ახლით ჩანაცვლებას და ტექნიკური თუ კომერციული დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანას. საგადასახადო ლიბერალიზაციის პირობებში “ტაჰალი” გაზის ტარიფის გაზრდას არ აპირებს და გაზის მოწოდების უსაფრთხოების გარანტიასაც იძლევა. 75 მლნ დოლარის ოდენობით ინვესტიცია, როგორც “ტაჰალი” და ქართული მხარე ვარაუდობს, მნიშვნელოვან საკითხებს მოაგვარებს.
“იტერას” პოზიციების დათმობა არ სურს და მისი ბოლოდროინდელი ნაბიჯებიც სწორედ ამაზე მეტყველებს. მიმდინარე, მომავალი თუ ძველი ვალების მთლიანად დაფარვის მოთხოვნა და ქართული მხარის “კედელთან მიყენება” სხვა მიზანს არ ემსახურება, თუ არა იმას, რომ ამ თანხის სანაცვლოდ “თბილგაზი” ხელში ჩაიგდოს.
ასეა, გაზი ინტერესია, ინტერესი კი – ფული!