ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი: არის კი ეს სასარგებლო ქართველი ქალებისთვის?
ნინო დოღონაძე
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო კვლევა
”ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”
შოთა რუსთაველი
ამა წლის 8 მარტს, საქართველო, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, შეუერთდა ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ქალების დიდი წვლილის დაფასების ეს კონკრეტული გზა, შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირის დანატოვარი მემკვიდრეობაა, ისტორიულად, ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში. მათ შორის ყველაზე ცნობილები არიან კოლხეთის მედეა, წმ. ნინო, საქართველოში მართმადიდებელი ქრისტიანობის შემომტანი, და ”მეფე” თამარი, ”ოქროს ხანის” სახელმწიფოს მმართველი. სწორედ ამ ”ოქროს ხანაში”, მე-12-ე საუკუნის ადრეულ პერიოდში შოთა რუსთაველმა დაწერა _ ”ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.
მიუხედავად ასეთი ადრეული ფემინისტური ტენდენციებისა, პარტრიარქალური ტრადიციები ქართულ საზოგადოებაში კვლავ ღრმად ფესვგადგმული რჩება. კერძოდ, ქართველებს დღესაც სჯერათ, რომ ოჯახის უზრუნველყოფა მამაკაცის მოვალეობაში შედის. მაგალითად, კავკასიის ბარომეტრის 2010 წლის მონაცემების მიხედვით, გამოკითხული ქართველების 83% დარწმუნებულია, რომ ოჯახის ძირითადი მარჩენალი მამაკაცი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა მხოლოდ 36% მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულება ასახულია რეალობაშიც. უფრო მეტიც, 39%-ს სჯერა, რომ მთავარი მარჩენალის ფუნქცია რეალურად ქართველი ქალების და არა კაცების მიერ არის შესრულებული.
მიუხედავად ადგილობრივი ტრადიციებისა და ნორმებისა, საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ გენდერული თანასწორობა არის მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის განვითარებაში. იგი განიხილება, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება და ასევე ერთ-ერთი მიზანი გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნებში (MDGს-Millennium Development Goals) 2015 წლისთვის. მაგრამ მაინც, ჩნდება კითხვა: გენდერული უწყობს კი ხელს ეკონომიკურ ზრდას? და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რა საშუალებებით?
გენდერული თანასწორობა და ეკონომიკური ზრდა: რატომ არის მიჩნეული აღმავლობის პერიოდი ქალებისათვის სასარგებლოდ?
გენდერული თანასწორობა, როგორც გაერო განმარტავს, არის „ქალებისა და მამაკაცების, გოგონებისა და ბიჭების თანაბარი უფლებები, მოვალეობები და შესაძლებლობები~. ეს ცნება მოიცავს სოციალური ცხოვრების ბევრ, რთულად გასაზომ ასპექტებს _ წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, შეხედულებებსა თუ რწმენას. ამ სტატიაში მე ყურადღებას გავამახვილებ ეკონომისტების მიერ გენდერული თანასწორობის რაოდენობრივი შეფასებისათვის ფართოდ გამოყენებულ კონკრეტულ მაჩვენებელზე – ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობაზე (LFP-Labor Force Participation).
არსებობს ვრცელი ეკონომიკური ლიტერატურა, რომელიც გენდერულ თანასწორობასა (სამუშაო ძალაში ჩართულობის თვალსაზრისით) და კეთილდღეობას შორის ურთიერთკავშირს სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს შეთანხმებული აზრი იმის შესახებ, თუ რომელი მათგანი განსაზღვრავს რომელს _ ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობა იწვევს კეთილდღეობის გაზრდას, თუ უფრო მეტი კეთილდღეობა განსაზღვრავს ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობას _ მაინც არსებობს კონსენსუსი მკვლევარების შორის იმის შესახებ რომ ზოგადად, „აღმავლობის პერიოდი ქალებისთვის სარგებლის მომტანია~ (Dollar & Gatti, 1999). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აღმავლობა და კეთილდღეობა ხელიხელჩაკიდებული მოძრაობენ ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობის მაჩვენებელთან.
გალორმა და უაილმა (1996) შემოგვთავაზეს საკმაოდ მარტივი (თუ არა უმარტივესი) თეორიული ახსნა იმ ემპირიული დაკვირვებისა, რომ ქალების შეფარდებითი ხელფასი ზრდადია ქვეყანის ინდუსტრიალიზაციის მაჩვენებლის მატებასთან ერთად. მათი შეხედულებით, ინდუსტრიალიზაციის პროცესი კაპიტალის თითო დასაქმებულთან თანაფარდობის მაჩვენებელს ზრდის, რომელიც თავის მხრივ, იწვევს ქალების შეფარდებითი ხელფასების მატებას. ეს პროცესი ხდება იმიტომ, რომ მანქანა-დანადგარები ადვილად ანაცვლებენ მამაკაცის ფიზიკურ ძალას და ამავე დროს ისინი ქმნიან სამუშაო შესაძლებლობებს ნაზი და მოთმინების უნარის მქონე ქალი ოპერატორებისათვის. სხვა სიტყვებით, ინდუსტრიალიზაციის ამგვარი პროცესი უფრო მეტ სარგებელს სთავაზობს იმ უნარებს, რომელშიც ქალებს შეფარდებითი უპირატესობა გააჩნიათ _ როგორიცაა, მაგალითად, საკმაოდ კარგი მოტორული უნარ-ჩვევები ტექსტილის ინდუსტრიაში (აშშ და დიდი ბრიტანეთი მე-19-ე საუკუნეში) ან ელექტრონიკაში (დღევანდელი აზია). ვინაიდან მუშაობაზე უარის თქმის ალტერნატიული დანახარჯი თანამედროვე ინდუსტრიულ სექტორში ზრდადია, ქალები უფრო მეტად მონაწილეობენ სამუშაო ძალის მიწოდებაში. შედეგად, ნაყოფიერების მაჩვენებელი მცირდება და კაპიტალის ერთ დასაქმებულთან თანაფარდობა კიდევ უფრო იზრდება, ასტიმულირებს რა დამატებით ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობას. ამ გზით, როგორც თეორია მოისაზრებს, ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობა და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთს უფრო მეტად აძლიერებენ.
მიუხედავად იმისა, რომ აქამდე თეორიულად ყველაფერი კარგად აიხსნა, ემპირიული კავშირი სამუშაო ძალაში ჩართულობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის, ყოველთვის დადებითი მაინც არ არის. ეკონომიკური განვითარების დაბალ დონეზე, ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობას ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მშპ-ის ზრდასთან ერთად კლების ტენდენცია აქვს. გოლდინის (1990 და 1994) დაკვირვებების შედეგად, ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობის მაჩვენებელი მხოლოდ მას შემდეგ იწყებს ზრდას, რაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მშპ გარკვეულ ზღვრულ დონეს აღწევს.
დაკვირვების ასეთ შედეგებს რამდენიმე სახის ახსნა მოეპოვება. ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია შემოსავალის დაბალ დონეზე ქვეყნებში არსებულ ნაყოფიერებისა და ჩვილთა სიკვდილიანობის დინამიკასთან. ჩვილთა სიკვდილიანობის მაღალი დონე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ოჯახებში ქმნის სტიმულს იმისა, რომ ჰყავდეთ იმაზე უფრო მეტი შვილი, ვიდრე მათთვის „სასურველი~ რაოდენობაა (რაც უნდა იყოს ეს რიცხვი), როგორც ხანდაზმულობისას დაზღვევის ერთგვარი საშუალება.
შემოსავლების დონისა და კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხიც საკმაოდ სწრაფად უმჯობესდება. ამის გამო ოჯახები ხვდებიან, რომ იმაზე უფრო მეტი შვილი აღმოაჩნდათ, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამდენად, შემოსავლის გარკვეულ ზღვრულ დონემდე, ეკონომიკის საწყისი განვითარება და მასთან დაკავშირებული ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება დედებს უფრო და უფრო ნაკლებ დროს უტოვებს სამუშაო ძალაში ჩართულობისთვის.
კიდევ ერთი დამატებითი ახსნა არის ის, რომ შემოსავალის დაბალ დონეზე ეკონომიკური განვითარება ძირითადად ისეთი ტრადიციული ინდუსტრიების გაფართოებით მიიღწევა, როგორიცაა მაგალითად, სოფლის მეურნეობა, ხელოვნება და ხალხური რეწვა. ისინი, როგორც წესი, არ გვევლინებიან ბავშვთა აღზრდის ”კონკურენტი” ინდუსტრიები. ამდენად, ტრადიციულ სექტორში არაოფიციალური ჩართულობის გამო, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მონაცემები ქალების დასაქმებაზე ფორმალური სამუშაო ძალის სტატისტიკის გარეთ რჩება.
არის კი აღმავლობის პერიოდი სასარგებლო ქართველი ქალებისათვის?
საქართველო 2010 წელს თავისი ერთ სულ მოსახლეზე $5,036 შემოსავალის დონით გოლდინის მრუდის შემოსავლის ზღვრულ მაჩვენებელთან ($6,667) საკმაოდ ახლოს მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვა მსგავსი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით ძალიან განსხვავებულ სტატისტიკას არ აჩვენებს, მას მაინც აქვს უფრო მაღალი ”გენდერული თანასწორობის” მაჩვენებელი, ვიდრე ამას გოლდინის მრუდი განსაზღვრავს. თავის მხრივ, ეს გულისხმობს, რომ ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობა მამაკაცებთან შედარებით საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ერთ სულ მოსახლეზე ანალოგიური შემოსავალის დონის მქონე ქვეყნების საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია.
საქართველოში გენდერული გათანაბრებისა და ქალთა გაძლიერების ეს პროცესი, დროთა განმავლობაში აშკარად საგრძნობი ხდება! მიუხედავად იმისა, რომ ქალთა სამუშაო ძალაში ჩართულობის მამაკაცის სამუშაო ძალაში ჩართულობასთან შეფარდებითი მაჩვენებელი დაახლოებით უცვლელია გასული ათწლეულის განმავლობაში (75%), ქართველი კაცებისა და ქალების ხლფასებს შორის სხვაობაში ნელი, მაგრამ სტაბილური კლება შეიმჩნევა 2005 წლიდან მოყოლებული. უკვე 2011 წელს კი, მდედრობითი სქესის ხელფასი მამაკაცთა ხელფასის 60%-ს შეადგენდა საშუალოდ. ეს არის სწორედ ის დონე, რომელსაც გალორისა და უაილის მოდელი შეაფასებდა. უფრო მეტიც, ბევრი ქართველი ქალი საზღვარგარეთ (ხშირად არალეგალურად) ბავშვის მომვლელად ან ოჯახის დიასახლისად მუშაობით ახერხებს რომ ბავშვთა აღზრდისა და საოჯახო მომსახურების უნარები გაყიდოს. ლაბაძისა და ტუხაშვილის (2012) შეფასებით, ქალთა წილი ქართველ შრომით მიგრანტებში 2002 წელს 40%-დან 2008 წელს 43.4%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, როგორც დუშუაშვილი (2012) აღნიშნავს, რუსეთთან საზღვრის დახურვის გამო, ქართველი ქალები აქტიურად მიგრირებენ საბერძნეთსა და თურქეთში. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წილი 2007 წელს 3%-დან 2012 წელს 14%-მდე გაიზარდა.
თუ ქალები მართლაც იძენენ ეკონომიკურ ძალაუფლებას შეფარდებითი ხელფასის მხრივ, მაშინ იმის მოლოდინიც უნდა გვქონდეს, რომ მათი ეკონომიკური ძალაუფლება საოჯახო მეურნეობის შიგნითაც ასევე გაიზრდება. ამის ერთერთ მაჩვენებელად შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოში განქორწინების დონის დრამატული მატება ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც 2005 და 2011 წლებს შორის ორჯერ მეტად გაიზარდა (განქორწინების რიცხვმა იმატა 4-დან 9-მდე ყოველ ათას მოსახლეზე).
ასეთ ფონზე, შეგვიძლია მაინც ვთქვათ, რომ ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი ნამდვილად სარგებლის მომტანია ქართველი ქალებისათვის? ამ საკითხზე დასკვნის გაკეთება, მე პირადად, მკითხველისთვის მიმინდვია…