ციფროვიზაციის პოლიტიკის აუცილებლობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის
რატი აბულაძე
ეკონომიკის დოქტორი
ციფროვიზაციის არსი
სოფლიო დინამიურად შეცვალა ციფროვიზაციის მძლავრმა ტალღამ, რის შედეგად განვითარებული ქვეყნები, ICT-ის განვითარების პოლიტიკის ნაცვლად ფოკუსირებული გახდა ციფროვიზაციის პოლიტიკაზე. ციფროვიზაცია იქცა მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური წესრიგისა და ძალაუფლების ბალანსის ტრანსფორმატორი, რის გამოც წინა პლანზე გამოვიდა მსოფლიო ტექნოლოგიური წესრიგი.
იგი შედარებით დიფერენცირებულია, ხოლო მისი უზარმაზარი რესურსები და შედეგები უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს ყველა რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
ციფროვიზაცია (DIGITIZATION) წარმოადგენს ICT-ს სფეროს ევოლუციის ახალ ეტაპს. მისი პროცესების გენერირებით გარდაიქმნა მსოფლიო ბაზრები, ინიცირებული იქნა ეკონომიკების რესტრუქტურიზაცია, წარმოებული იქნა ინდუსტრიული ტრანსფორმაცია და ფორმირებული იქნა ერთიანი გლობალური პლატფორმა. ამ პროცესების ზეგავლენით ურთიერთდაკავშირებული გახდა ეკონომიკა და ტექნოლოგია (მათ შორის საქართველოშიც).
ციფროვიზაცია, როგორც სოციალური ტრანსფორმაციის პროცესი, ციფრული კომუნიკაციებისა და აპლიკაციების მეშვეობით მიმართულია ტექნიკურ-ეკონომიკური გარემოსა და სოციალ-ინსტიტუციონალური ოპერაციების გარდაქმნისაკენ, ციფროვიზაცია ციფრული სერვისების მასობრივი დანერგვაა. ის გამოწვეულია ციფრული ტექნოლოგიის შექმნის, დამუშავების, გაცვლისა და ინფორმაციული ტრანსაქციის მასობრივი ათვისებით (Telecom Advisory Services).
ICT-ის პოლიტიკა ორიენტირებულია ინტერნეტიზაციის, კომპიუტერიზაციის, ელექტრონული მომსახურების, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფაზე, მაშინ როცა ციფროვიზაციის პოლიტიკა აღნიშნული პროცესების გარდა ფოკუსირებულია მათ მასობრივ ათვისებაზე და მიმართულია სოციალური ტრანსფორმაციის, საზოგადოების აღქმის, აზროვნების, დემოკრატიულობის, იურიდიული ძალის მქონე ინფორმაციული კლიმატის ფორმირების, მთავრობის მმართველობითი საქმიანობის, პროცესების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და ზრდაზე.
სხვა ტექნოლოგიური ინოვაციებისაგან განსხვავებით, ციფროვიზაცია ოპერირდება ქსელთან წვდომის ტექნოლოგიების ევოლუციაზე (მობილური ან ფიქსირებული ფართოზოლოვანი კავშირი), ნახევარგამტარ ტექნოლოგიებზე (კომპიუტერები/ლეპტოპები, უმავთულო/უსადენო მოწყობილობები/ტაბლეტები), პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე (ინჟინერინგი, ოპერაციული სისტემების ფუნქციონალობის ამაღლება) და გამოყენების შედეგების გარე ეფექტებზე (დანართების შემუშავების, სამთავრობო მომსახურების ელექტრონული მიწოდების, ე-კომერციის, სოციალური ქსელის საერთო პლატფორმის სარგებლობა და ონლაინ ინფორმაციის მისაწვდომობა ფორუმებზე, ბლოგებსა და პორტალებზე) (Telecom Advisory Services).
ციფროვიზაციის ძირითადი სიდიდეებია (ეს სიდიდეები გამოიყენება ციფროვიზაციის პროცესის გაზომვისთვისაც) (World Economic Forum, 2012):
– ყველგანმყოფობა – მომხმარებლისა და ორგანიზაციების საყოველთაო წვდომა ციფრულ მომსახურებასა და დანართებთან;
– მისაწვდომობა – ციფრული მომსახურების შეფასება დიაპაზონში, რომელიც მას მისაწვდომს ქმნის იმდენი ადამიანისთვის, რამდენიც შესაძლებელია;
– საიმედოობა – მისაწვდომი, უსაფრთხო და საიმედო ციფრული მომსახურების ხარისხი;
– სიჩქარე – გავრცელება, ციფრული მომსახურების მისაწვდომობა რეალური დროის რეჟიმში;
– გამოყენებადობა – ციფრული მომსახურების გამოყენების სიმარტივე (ადგილობრივი ეკოსისტემის მიერ მომსახურების ათვისების ზრდისათვის);
– ჩვევები – ბიზნესსა და ცხოვრებაში ციფრული მომსახურების ჩართვის შესაძლებლობა.
დღეს ციფროვიზაციის პროცესებსა და ტექნოლოგიებზე გადის სახელმწიფოს განვითარების თანამედროვე გზა, რომლის მოქმედების საფუძველია ციფროვიზაციის პოლიტიკა.
ციფროვიზაციის პოლიტიკის მოდუსი ძირითადად ფოკუსირებულია ფუნდამენტურ შეხედულებებსა და ფასეულობების გააზრებაზე, ეკონომიკის, პოლიტიკის, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლებაზე, სტაბილური და უსაფრთხო გარემოს ფორმირებაზე.
განვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებით, განვითარებადი ქვეყნების მთავრობის რიტორიკა, არასაკმარისი გამოცდილების შედეგად, ციფროვიზაციის პოლიტიკის გატარების ნაცვლად ICT-ის პოლიტიკის გატარებას ანიჭებს უპირატესობას (რომელთა შორისაა საქართველოც).
გლობალური ციფროვიზებული გარემო
დღეს ინტერნეტს იყენებს 2.7 მლრდ ადამიანი, პლანეტის მოსახლეობის 39%. მათ შორის განვითარებული ქვეყნების ონლაინ მოსახლეობა შეადგენს 69%-ს, ხოლო განვითარებადი ქვეყნების – 31%-ს (2013წ). გლობალურად, ინტერნეტ-წვდომა აქვს 750 მლნ ოჯახს (41%), ხოლო 1068 მლნ ოჯახი ინტერნეტის გარეშეა (ITU.INT, 2013), რაც განპირობებულია სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის, ცუდი ინფრასტრუქტურის, ხელმისაწვდომობის, დაბალი ინტერნეტ-კულტურის, ციფროვიზაციის პოლიტიკის უქონლობის და სხვა ფაქტორების გამო.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ციფროვიზებული გარემოს პირობებში მსოფლიო ეკონომიკამ შეადგინა 71.6 ტრლნ დოლარი (2013). მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2013 წელს იქნება 3.3% (2012 წელს იყო 3.2%). მოსალოდნელია ფორმირებული ბაზრებისა და განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდა 5%-მდე, ამის მიზეზია სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდა, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხელსაყრელობა, ექსპორტის გამოცოცხლება და სხვა. 2013 წელს 3.3%-იანი გლობალური გარემოს ინფლაციის პირობებში (2012 წელს იყო 3.6%) (IMF, 2013), განვითარებული ქვყნების ეკონომიკის ზრდის ტემპი 1.2% იქნება (ხოლო 2014 წელს 2.2%).
დღევანდელ გლობალურ სივრცეში, მხოლოდ გლობალური ციფრული ეკონომიკის წილი 20 ტრლნ დოლარია, სადაც მსოფლიო ელექტრონული კომერციის B2B ბიზნეს მოდელისა და სამომხმარებლო ტრანსაქციის წილად 16 ტრლნ დოლარი მოდის (IDC, 2013).
ციფროვიზაციის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები
ციფროვიზებული გარემო ტექნოლოგიური ზეგავლენის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების, ეკონომიკური ზრდისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაა.
ციფროვიზებული გარემოს სარგებელია – ხარისხი, რომლითაც სახელმწიფოსა და ბიზნეს ორგანიზაციების ტექნოლოგიები, აპლიკაციები, ბიზნეს-პროცესები და მონაცემთა კომპონენტები სტანდარტიზებული, ერთობლივი და ინტეგრირებულია.
ციფროვიზაციის გარემოს ზეგავლენა შეიძლება წარმოვადგინოთ ეკონომიკის, სოციალურ კეთილდღეობისა და ეფექტური მართვის კომპონენტებით (იხ. ცხრილი 1).
ციფროვიზებული გარემო გენერირებს მცირე და საშუალო ინტერნეტ-კომპანიების წარმოქმნასა და განვითარებას, რასაც ნაციონალური ეკონომიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგალითად, ევროპაში მცირე და საშუალო ბიზნესი სამუშაო ადგილების 2/3-ს ქმნის და ევროპის ბიზნესის 99%-ს წარმოადგენს (European Commission).
ციფროვიზაციის ტენდენციამ აქტუალური გახადა თავისუფალი კონკურენციის მხარდაჭერა, საერთაშორისო კავშირგაბმულობის ქსელის გაფართოება, გლობალური ბაზრის ფორმირება (ინტერნეტ-ბაზრის სახით);
ციფროვიზაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკისა და მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებაში. იგი ზრდის მოქალაქეების, სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის ჩართულობას ელექტრონული მმართველობით გადაწყვეტილებებში, ამაღლებს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობას, ხელს უწყობს ფისკალურ დეცენტრალიზაციასა და ფისკალურ დისციპლინას, სტიმულირებს გამჭვირვალობას, საკუთრების უფლების დაცვას, ამცირებს ბიუროკრატიის ზეგავლენას საბაზრო ინსტიტუტების საქმიანობაზე.
ციფროვიზაციის პროცესი უზრუნველყოფს ახალი ტექნოლოგიების ფართო მისაწვდომობას.
ქვეყნები, რომლებიც ციფროვიზაციის მოწინავე სტადიაზეა, მოიმკიან 20%-ით მეტ ეკონომიკურ სარგებელს, ვიდრე ციფროვიზაციის დასაწყის გზაზე მყოფი. ციფროვიზაცია გენერირებს 3-ჯერ მეტ ეკონომიკურ სარგებელს, ვიდრე ფართოზოლოვანი ჩართვა.
ციფროვიზაცია, როგორც ეკონომიკის დამაჩქარებელი 4.7-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე მშპ-ის ერთ სულზე ფართოზოლოვანი კავშირის 0.16%-იანი ზემოქმედება. ასევე ქვეყანაში ციფროვიზაციის 10%-იანი ზრდა იწვევს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ის 0.75%-იან ზრდას.
ციფროვიზაციას პოზიტიური კონტრიბუცია შეაქვს სამუშაო ადგილების შექმნაში, ციფროვიზაციის 10%-იანი ზრდა უმუშევრობის დონეს ამცირებს 0.84%-ით (Booz & Company). სხვა კვლევებით ეს მაჩვენებელი 1.02%-ია, ეს კი 4.6-ჯერ მეტია, ვიდრე ფართოზოლოვანი კავშირის დანერგვით უმუშევართა დონის შემცირება. ფართოზოლოვანი კავშირი უმუშევართა დონეს ამცირებს 0.22%-ით.
ციფროვიზაცია, ეკონომიკური სტიმულირებისა და დასაქმების მხრივ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საილუსტრაციოდ მოყვანილია მსოფლიოს ტენდენცია. კერძოდ, ციფროვიზაციამ ხელი შეუწყო 192.6 მლრდ დოლარის პროდუქციის გამოშვებას და 6 მლნ სამუშაო ადგილის შექმნას. სადაც მხოლოდ ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის რეგიონში შეიქმნა 4 მლნ-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რეგიონში დასაქმების ზრდა მცირე იყო (იხ. ცხრილი 2).
ციფროვიზებული გარემოს მრავალფეროვანი სარგებლისა და ფასეულობიდან ასევე შეიძლება აღვნიშნოთ:
– ციფროვიზაცია ზრდის კლიენტების, პროდუქტების, მომსახურებისა და ოპერაციული მოდელების მიგრირებას ციფროვიზებულ პროცესებსა და მიდგომებში, რომელიც ყოველთვის მზადაა მუშაობისათვის;
– ციფროვიზაცია გავლენას ახდენს ვაჭრობის ლიბერალიზაციის, ეკონომიკური ეფექტიანობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე;
– ციფრულ ტექნოლოგიებს მოძრაობაში მოჰყავს მომხმარებელთა შემოსავლები, მოთხოვნა, განათლება, კაპიტალის, რესურსების ეფექტური გამოყენება, რომელიც გენერირებს ეკონომიკის ზრდას;
– ციფროვიზაცია პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ინფლაციურ პროცესებზე;
– ციფროვიზაცია ამაღლებს ეკონომიკური სიუბიექტებისათვის თავისუფლების ხარისხს, მოლოდინს, ნდობას;
– ციფროვიზაციის ეკონომიკური ზეგავლენა აჩქარებს მოწინავე სტადიაზე (ციფროვიზაციის) გადასვლას. თუმცა, ციფრულად შეზღუდული ეკონომიკები ღებულობენ მცირე სარგებელს, რადგან ისინი ICT-ის ეკოსისტემის შექმნის წინაშე დგანან, რომელიც შეიძლება კაპიტალიზებული იქნეს ციფრულ სარგებელში (WEF, 2013);
– განვითარებული ქვეყნების მოწინავე ბაზრებისათვის ციფროვიზაცია ამცირებს დანახარჯებს, ზრდის პროდუქტიულობას, ახდენს ინოვაციის სტიმულირებას, ხოლო დასაქმების მხრივ წარმოდგენილია მცირე სარგებლით (რადგან სამუშაო ადგილები ტექნოლოგიებით ჩანაცვლდება), ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. დაბალი დამატებითი ღირებულებისა და შრომის ზედამხედველობის საკითხების გამო, კომპანიები ამჯობინებენ იმ განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე გასვლას, სადაც იაფი სამუშაო ძალაა. ციფროვიზაცია აღნიშნული ქვეყნების დასაქმების დონეზე გავლენას ახდენს და შესაბამისად მისი სარგებელიც მაღალია;
– ციფროვიზაციის ზრდის პარალელურად იზრდება ოფშორინგი (ოფშორული ”იაფი სამუშაო ძალისა” და ოფშორი ქვეყნის სტრატეგიული ხელსაყრელობიდან გამომდინარე. ოფშორის დომინირებად მოთამაშეებად აღიარებულია: ინდოეთი, ჩინეთი, ფილიპინები, რუსეთი და სხვა) (sourcingmag.com);
– ციფროვიზაცია ფუნდამენტურად გარდაქმნის არსებულ ბიზნეს მოდელებს, ცვლის კომპანიის მიერ პროდუქტისა და ბრენდის აგების, ურთიერთობისა და კლიენტებისათვის მომსახურების წარდგენის პროცესს;
– ციფროვიზაციის პროცესში დომინანტი ხდება სოციალური მედია ტექნოლოგიები (მაგალითად, ბრენდის აგებისას), უმჯობესდება კომპანიის მიერ საწარმოო აქტივების მართვის გზები, რითაც კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა ფორმირებული საბაზრო ეკონომიკისკენ იმოძრაოს;
– ციფროვიზაცია ხელს უწყობს ერთიანი გლობალური ორგანიზაციების შექმნას, კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისათვის გავლენას ახდენს რესურსების მართვის, საწარმოო ორგანიზებისა და სამუშაოს განხორციელებას; ციფროვიზაცია კომპანიების ეფექტურობის ზრდისათვის შიდა ფუნქციების აუტსორსინგისა და მთლიანი პროცესის ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა (WEF, 2013);
ციფროვიზებული სივრცის საინვესტიციო მიმზიდველობა
ციფროვიზაციის პროცესის კაპიტალიზმის ახალ ტალღად გარდაქმნამ გამოიწვია მისი საინვესტიცო მიმზიდველობის ზრდა. ასევე გლობალური ელექტრონული ბაზრის ასპექტების გარდაქმნით – მომხმარებლის ქცევიდან ახალი ბიზნეს მოდელებისკენ, საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინტერესებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის გახდა.
დღეისათვის, განვითარებადი ქვეყნების მიერ ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროცესში, ინვესტორების ძირითადი ინტერესი მიმართულია ახალ ტექნოლოგიებზე, შესაბამისად, ეს სფერო წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მამოძრავებელ ძალას.
საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ფირმას, რომელსაც აქვს ბიზნესის უზრუნველყოფის ძლიერი სისტემა და ახალ ტექნოლოგიებში ახორციელებს კაპიტალდაბანდებებს, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდა 35%-დან 74%-მდეა და პირიქით, როდესაც ფირმა სუსტი ბიზნეს რესურსებით ახორციელებს ინვესტირებას ახალ ტექნოლოგიებში, შესაძლოა მისი მწარმოებლურობა საერთოდ არ გაიზარდოს, ხოლო ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირება იყოს სარისკო ან ფუჭად დახარჯული.
ცვლილებებს ხელს უწყობს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: მობილური ტექნოლოგიები, კოლაბორაციის ინსტრუმენტები, ცლოუდ ცომპუტინგ, ბუსინესს ინტელლიგენცე და სოციალური მედია. ეს ტექნოლოგიები ზრდის ორგანიზაციის მწარმოებლურობას, დრამატულად ამაღლებს კორპორაციულ კონკურენტუნარიანობას და იძლევა კონკურენტულ სარგებელს. შესაბამისად, მოცემულ ტექნოლოგიებში მაღალია ინვესტირება და მისი განვითარების შემდგომი ინტერესი.
მსოფლიოს რეგიონებიდან ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებაზე ყველაზე დიდია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის (სხვა რეგიონებთან შედარებით) კომპანიების კაპიტალდაბანდება და ICT-ის ბიუჯეტი. კერძოდ (Insead):
– მობილური ტექნოლოგიების უპირატესობამ და ბიზნეს თამაშის წესების ცვლილებებმა გაზარდა მოთხოვნა და კაპიტალდაბანდებები. შედეგად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მობილური ტექნოლოგიებში ინვესტირების მოცულობა 31%-მდე გაიზარდა (პროგნოზით 2 წელიწადში გაიზრდება 82%-მდე). ევროპის რეგიონში ინვესტირების მოცულობა გაიზარდა 20%-მდე (პროგნოზით იქნება 66%); განვითარებად ქვეყნებში 100 კაცზე ყოველი დამატებითი 10 მობილური ტელეფონი იწვევს მშპ-ის ზრდას 0.8%-ით;
– Cloud-ში ინვესტიციების მოცულობის ზრდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 30%-ია, (პროგნოზით გახდება 150%), ხოლო ევროპის რეგიონში ეს მაჩვენებელი შეადგენს 23%-ს (პროგნოზით გაიზრდება 96%-მდე); კვლევითი ფირმა Gარტნერ-ის მონაცემებით, გლობალური Cloud Computing-ის ბაზარი (პროგრამული მომსახურების სერვისის, პლატფორმა (როგორც სერვისი), ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი) $ 69.3 მლრდ-დან (2010წ) $148.8 მლრდ-მდე გაიზრდება (2014წ), რომლის ნახევარი აშშ-ის წილი იქნება;
– კოლაბორაციის ინსტრუმენტებში ინვესტირების მოცულობის ზრდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 26%-მდეა გაიზრდილი (პროგნოზით 2014წ იქნება 44%-იანი ზრდა), ხოლო ევროპის რეგიონში ეს მაჩვენებელი 17%-ს შეადგენს.
იმისათვის, რომ მსოფლიოში შენარჩუნდეს გლობალური ციფრული ეკონომიკის დაგეგმილი ზრდა (2030 წლამდე), ინფრასტრუქტურულ ინვესტირებას საჭიროებს ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი (გზა, რკინიგზა, პორტი, აეროპორტი), ენერგეტიკა და წყალი (ჯამში 57 ტრლნ დოლარის ინვესტიცია, რაც უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს ინფრასტრუქტურის დღევანდელი სავარაუდო ღირებულება), სადაც, მხოლოდ ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურა საჭიროებს 10 ტრლნ დოლარის ინვესტირებას. დადგენილია, რომ ინფრასტრუქტურის სრულყოფის შემთხვევაში მიიღწევა პროდუქტიულობის ამაღლება 40%-იანი ეკონომიით, ეს კი ჯამში 1 ტრლნ დოლარის ეკონომიას შეადგენს (2013-2030 წწ) (McKinsey Global Institute – MGI).
ცნობილია, რომ ნიშანდობლივი კავშირი არსებობს კონკრეტულ ტექნოლოგიებში ინვესტირებასა და ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფას შორის, შესაბამისად, ტექნოლოგიების სფეროს ზოგიერთი ინვესტიცია წარმატებულია, ხოლო ზოგიერთი წარუმატებელი, რაც საჭიროებს წინასწარ განსაზღვრასა და კვლევას (Insead.edu, 2013).
აღსანიშნავია, რომ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის არასაკმარისია მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირება, ორგანიზაციისათვის ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს ძლიერი და კომპლემენტარი ბიზნეს რესურსები.
დღეისათვის, ინვესტორების არჩევანი განისაზღვრება, როგორც ქვეყნის ეკონომიკის შედეგებით, ისე ციფროვიზებული გარემოს პროცესებით, რაც ინვესტორების უსაფრთხო აქტივების უზრუნველმყოფი სივრცეა.
ციფროვიზაცია და საქართველოს ეკონომიკური გარემო
საქართველოს ეკონომიკური გარემოს ძირითადი გამოწვევებია: ეკონომიკური სტაგნაციის თანმდევი ძლიერი და თანამიმდევრული პოლიტიკის უქონლობა; პოლარიზებული საზოგადოება, სეისმური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო; ძალაუფლების აღების შემდგომი ეკონომიკური პოლიტიკის ტესტირება და გაურკვეველი შედეგები; ქვეყნის მეტ-ნაკლებად წამყვანი დარგების განვითარების ტრაექტორის ცვლილება; შიდა ინვესტირების `სიძუნწე და შიში~; არამდგრადი სამართლებრივი სივრცე, სტრატეგიული გეგმებისა და მიმართულებების არარსებობა.
ცნობილი არ არის საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების სრული ხარჯი და მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებელი. საზოგადოებისათვის მკაფიოდ განსაზღვრული არაა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებები და საჭირო რესურსები, რაც მოკლევადიან თუ გრძელვადიან პირობებში ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი და კეთილდღეობის უზრუნველმყოფია. ასევე არაპროგნოზირებადია ციფროვიზაციის ზრდის ტემპი.
განვითარების მამოძრავებელ – მცირე ბიზნესის წარმოქმნას, გაფართოებასა და განვითარებას ხელს უშლის ”სტრუქტურული” მიზეზები, გაურკვევლობა, რეცესია, წამქეზებელი სტიმულების ნაკლებობა.
უკანასკნელ წლებში დომინანტი გახდა ადამიანური განვითარების პოტენციალი, კაპიტალი და მისი წვლილი ეკონომიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში. გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსით საქართველო 72-ე ადგილზე იმყოფება. საქართველო ამ რეიტინგში ადამიანური განვითარებით საშუალო განვითარების დონეზე იმყოფება (UN, Human Development Index 2013). შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაში დაბალია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის წილი, დეგრადირებულია სამეცნიერო გარემო და მეცნიერ-მკვლევართა იმიჯი.
ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური შფოთვები/მღელვარება, რეგულირების წესების მუდმივი ცვლილება, პოლიტიკური გაურკვევლობა, რაც დისფუნქციური შედეგებისაა. ნეგატიური შედეგებისაა პოლიტიკური შეფასებები სამთავრობო კორუფციის, ფინანსური სპეკულაციებისა და საინვესტიციო ფონდების ირაციონალურ გამოყენაზე. პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის დეფორმაცია, ზედმეტად დამოკიდებულება ინვესტიციებსა და იმპორტზე. ტერიტორიული კონფლიქტი წარმოადგენს ”ვაჭრობის პოლიტიკის” საკითხს, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის ვაჭრობასა და კაპიტალის ნაკადში ეკონომიკურ რყევებს იწვევს. ზემოაღნიშნული ზეგავლენა და რყევები მხოლოდ ინტერნეტ-ბაზარზეა წარმოდგენილი მცირე დოზით.
ეკონომიკის სუსტი ზრდის გამო (მიმდინარე წლის 2 კვარტალში ეკონომიკის შემცირება მოხდა) ყურადსაღებია სოციალური შედეგები. ქვეყანაში ადგილი აქვს ”სოციალურ დეპრესიას”, რასაც ხელს უწყობს დაბალი ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის არასახარბიელო მოლოდინი. დაბალია შობადობის, ქორწინებისა და ოჯახის შექმნის, უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სტატისტიკა. მაღალია სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, როგორც სოფელსა და ქალაქს შორის, ასევე ქვეყნის რეგიონებს შორის.
უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერები) ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ თავს, რომ არაფერი ვთქვათ ოჯახის დახმარებაზე, ჩამორჩებიან პერმანენტული ზრდასრულობის მდგომარეობას, ვერ გადიან საზღვარგარეთ, ვერ იმაღლებენ ცოდნას, აყოვნებენ ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენას, წლის მანძილზე არასრულად მუშაობენ, თმობენ გრძელვადიან მიზნებს. ამიტომ, ცალკეულ შემთხვევაში ცხოვრების წესად ხდება ონლაინ თამაშები, პოპ-კულტურა, სმა და ქუჩაში ყოფნა.
საქართველოს ნაციონალური ეკონომიკის ნაწილია ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები. ისინი უზრუნველყოფენ განათლებას, ჯანდაცვას, პოლიციასა და უსაფრთხოებას, ნაციონალური ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა ფასეულ მომსახურებას. ზოგადად, დადგენილია, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოები ქმნიან ნაციონალური ეკონომიკური საქმიანობის 8.8%-ს (აშშ-ში – 12%-ს, რაც შეადგენს 1.8 ტრლნ დოლარს (2012) (TaxPolicycenter.org, 2013).
ქვეყანაში ცალკეული სამთავრობო ორგანოები უფრო მეტად პროპაგანდის ორგანოს სახეს (პოლიტიკური კუთვნილებით) ამჟღავნებს, ვიდრე მოქალაქეების მომსახურებით არის დაინტერესებული.
საქართველოს მთავრობის ”საქართველოს მთავრობა ღია მმართველობის” პროექტი ძირითადად ფოკუსირებულია მედიასთან ანგარიშვალდებულებაზე, ხოლო ”საზოგადოების ჩართულობა”, მხოლოდ განსაზღვრული ძალისა და სტატუსის აქტორებს ეხება.
დემოკრატია, როგორც ფასეულობა მსოფლიო მიმართვისაა. დემოკრატიის ინდექსით საქართველოს 93-ე ადგილზე იმყოფება, რომელიც 5 კატეგორიაში შეფასდა: პოლიტიკური პროცესები და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური ჩართულობა და პოლიტიკური კულტურა (The Economist Intelligence Unit. Democracy index, 2012).
სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების სიდიდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაციონალურ ეკონომიკაში, უშუალო ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ ციკლში, ზოგჯერ ბუფერულ რეცესიებში, აგრეთვე აღორძიების (გამოცოცხლების) ხელშეწყობაში, ასევე კერძო სექტორის გამოცოცხლებისათვის ”ბუქსირის” როლში გამოდის. სიდიდისა და ზეგავლენის ეფექტიანობისათვის საჭიროა ციფროვიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა და მის საფუძველზე ელექტრონული მთავრობის ფორმირება.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ტერიტორიული დავას ყურადღება გადააქვს შიდა არასტაბილურობიდან და უთანასწორობიდან.
საქართველოს მოსახლეობა რთულ გეოგრაფიულ სივრცეში ცხოვრობს. გარკვეულ ურთიერთკავშირია გეოგრაფიულ იზოლაციასა (მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის საზღვრებს გარეთ გასვლა შეუძლებელია ან შესაძლებელია არაკანონიერი და არალეგალური გზებით) და სიღარიბის დონეს შორის. რეგიონებში არასათანადოდაა განვითარებული სატელეკომუნიციო ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობასთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ქვეყნის დემოკრატიის დონე. უთანასწორობას აღრმავებს ფინანსური რესურსების მისაწვდომობა, სამთავრობო სტრუქტურების მომსახურება და ყურადღება, მოქალაქეებზე ორიენტირება, საინვესტიციო პროექტების ნაკლებობა, ცალკეულ მიმართულებებში საჭირო ინტერვენციული ღონისძიებების ნაკლებობა.
საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირის მიღწევადობა ჯერ კიდევ გადასაჭრელი პრობლემაა.
კავკასიის რეგიონში საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრცე განვითარების დონით ჩამორჩება აზერბაიჯანს, რუსეთს, ცალკეულ მიმართულებებში სომხეთსაც კი. მართალია, კავკასიის რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნები რიგ შემთხვევაში ერთნაირია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს მოთხოვნები განსხვავებულია. მაგალითად, მოთხოვნები კულტურაში, ცხოვრების წესში, მორალურ ნორმებში, გარკვეული მოვლენებისადმი, საგნებისადმი. ასევე განსხვავებულია შეხედულებები, განათლების მასშტაბი და ფასეულობა ღირებულებათა სისტემაში. საქართველო კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ჩამორჩება ინტერნეტ-მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობით (მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან მიმართებით), ტექნოლოგიების ათვისებით, კომპიუტერიზაციის ტემპებით, ინტერნეტ-განათლებით, სოციალური მედია ტექნოლოგიების გამოყენების დონით. ამის მიზეზია ციფროვიზაციის პოლიტიკის უქონლობა, არაპრიორიტეტულობა. სამთავრობო სტრუქტურების მიერ ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებისა და ფართოდ დანერგვის პროცესში ადგილი არ აქვს მეცნიერ-მკვლევარებისა და აკადემიური პირების ჩართვას (რაც განვითარებული ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია, აღარაფერს ვამბობ დემოკრატიის დამახასიათებელ მაჩვენებლებზე).
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ კლასიფიცირებული ციფროვიზაციის 4 დონედან (შეზღუდული, განვითარებადი, გარდამავალი და მოწინავე დონე) საქართველო იმყოფება მეორე (განვითარებად) სტადიაზე. ეს კი განპირობებულია ციფროვიზაციის სტრატეგიის არქონითა და ქვეყნის ელექტრონული განვითარების არასწორ ტრაექტორიაზე მოძრაობით.
საქართველოსათვის განსაზღვრული არაა ციფროვიზებული პოლიტიკა, არ წარმოებს ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების ათვისება, შემუშავებული არაა ICT-ს მომსახურებასთან წვდომისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამები.
შეჯამება
ციფროვიზაციის გავლენა ქვეყნებსა და სფეროებს შორის არათანაბარია. განვითარებული ქვეყნები მაღალ ეკონომიკურ სარგებელს იღებენ (თითქმის 25%-ს), თუმცა ისინი, როგორც წესი, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს სამუშაო ადგილების შექმნის დონით ჩამორჩებიან. ძირითადი მიზეზია მისი თანმდევი შედეგები. განვითარებადი ქვეყნები ეყრდნობიან შიდა მოხმარებას, რაც საჭიროს ხდის არასავაჭრო სექტორს. განვითარებად ეკონომიკაში, ციფროვიზაცია აუმჯობესებს მწარმოებლურობას და ზრდაზე აქვს გავლენა. გარდა ამისა, მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების დაკარგვა და დამატებითი ღირებულების შემცირება, საზღვრებს გარეთ განვითარებად ქვეყნებში ახდენს მიგრირებას, სადაც სამუშაო ძალა იაფია. განვითარებადი ბაზრები კი პირიქით, მეტადაა ორიენტირებული ექსპორტზე და სავაჭრო სექტორის მოძრაობაზე. ისინი, როგორც წესი, მიმართულია, ციფროვიზაციით მეტი დასაქმების მიღების ეფექტით, ვიდრე მისი ეკონომიკური ზრდის გავლენით;
სახელმწიფო/კერძო ორგანიზაციების მწარმოებლურობის ამაღლება უნდა განხორციელდეს ინტერვენციული ღონისძიებებითა და ისეთი ახალი ტექნოლოგიების ათვსისებით, როგორიცაა ცლოუდ ცომპუტინგ, ბუსინესს ინტელლიგენცე, სოციალური მედია, მობილური ტექნოლოგიები, კოლაბორაციის ინსტრუმენტები. თუმცა, ციფროვიზაციის პოლიტიკის გარეშე მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის ათვისება პასუხი არ არის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. მოქნილობა და კონკურენტუნარიანობა არ ნიშნავს იყო ძალიან სწრაფი, ის გულისხმობს ყოველთვის იყო სისწრაფის მდგომარეობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების მიერ ახალი ტექნოლოგიების მყისიერი ათვისება ყოველთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ამიტომ ქვეყანაში მასობრივი ათვისება უნდა მოხდეს ადვილად აღსაქმელი ტექნოლოგიების შემუშავებითა და მისაწვდომი ფასებით.
ქვეყანაში ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ციფრულ ტექნოლოგიებთან და აპლიკაციებთან კომპლექსური კავშირის ინფრასტრუქტურა, მოხდეს მათი მასობრივი ათვისება, განისაზღვროს მათი ზეგავლენა საზოგადოებასა და ეკონომიკაზე, შეფასდეს სარგებელი და საჭირო დანახარჯები. ამისათვის, მთავრობამ უნდა განსაზღვროს ციფროვიზაციის სარგებლის გაზომვის საიმედო ინსტრუმენტი (რაც თავის მხრივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ინვესტირების ხელსაყრელი სივრცის შექმნაში), ხოლო საზოგადოებისათვის უნდა განისაზღვროს ციფროვიზაციის ათვისების ხარისხის სტანდარტული ინდიკატორი (WEF, 2012).
საქართველოს მთავრობამ ციფროვიზაციის პოლიტიკის საფუძველზე უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი პროგრამები და მიმართულებები, რომელიც უნდა აღწერდეს თუ სად დგას ქვეყანა, რა მიმართულებით მოძრაობს, კაპიტალდაბანდების რა რაოდენობას საჭიროებს, უნდა განისაზღვროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საინვესტიციო ღირებულების მოცულობა, მოსალოდნელი სარგებელი და შემოსავალი. ყოველივე ეს დაფუძნებული უნდა იყოს ქვეყანაში ციფროვიზაციის ფართო დანერგვასა და გამოყენებაზე. აღნიშნული მოიცავს ეროვნულ დღის წესრიგში მდგარ ციფროვიზაციის ამაღლებას, ელექტრონული მართვის სექტორის განვითარებას, ელექტრონული მთავრობის ეკოსისტემის ათვისებას, გლობალურ კონკურენციას და მოთხოვნის სტიმულირებას.
საქართველოში ციფროვიზაციის პოლიტიკა უნდა განხორციელდეს ცალკეული დარგებისა და სფეროების მიხედვით, რითაც თავის მხრივ მიიღწევა არაეფექტური დარგების კონსოლიდაცია.
დემოკრატიასა და ქვეყნის ციფროვიზაციას შორის არსებული კორელაციის გამო, ქვეყნის დემოკრატიის დონის ამაღლება უნდა განხორციელდეს ციფროვიზაციის მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკით.
საქართველოს გაყინული ეკონომიკის ფონზე, ეკონომიკის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნის, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, დემოკრატიული პროცესებისა და ელექტრონული მთავრობის ფორმირებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა ციფროვიზებული პოლიტიკა. ციფროვიზებული პოლიტიკური დაგეგმვით უნდა ”გაორმაგდეს” ფსონები იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური კლიმატის ”აღდგენისა” და საბაზრო კურსის აღქმის მართვა.
საქართველოს ციფრული ეკონომიკის ფორმირებისათვის საჭიროა ჯანმრთელი, გამჭვირვალე, ინვესტირებისათვის მიმზიდველი საბაზრო პლატფორმის ხელშეწყობა და სტიმულები. ინტერნეტ-ბაზარი, რომელიც მილიონობით მონაწილესათვის ღიაა რისკების, ცვალებადობის, აქტივებისა და კაპიტალის შეფასებისათვის, საჭიროებს ცენტრალიზებულ საბაზრო მანიპულაციებს, გარკვეულ ინტერვენციებსა და სუბსიდიებს. თავის მხრივ ინტერნეტ-ბაზრის, ელექტრონული ვაჭრობისა და მომსახურების ლიბერალიზაცია, რეგიონალური ინტეგრაციის, განვითარებისა და დასაქმების საფუძველია.
ქვეყნის ციფრული ეკონომიკური ზრდისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კრედიტების ნაკადს, ლგოტებს. მნიშვნელოვანია ბანკების მიერ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სხვა ინიციატივების ფინანსირება.
სახელმწიფო მხარდაჭერილი ორგანიზაციები (და არა კონკრეტული სფეროს ორგანიზაციები), ძვირი საბანკო კრედიტები, არასაკმარისი მარაგებისა და კრედიტების გამოყოფა (საბაზრო პრინციპების მიხედვით) აფართოებს უთანასწორობას შემოსავლებში. პრობლემას წარმოადგენს ენერგიისა და რესურსების არაეფექტიანი გამოყენება, დაბალია სოციალური დაცვა, ნაკლებად დამაბინძურებელი დარგების ხელშეწყობა. ამ მხრივ ინტერნეტ-ბიზნესი დგას უპირატეს მდგომარეობაში. ინტერნეტ-კომპანიების წარმატებული საქმიანობა დაკრედიტების ავტომატურ პირობებს ქმნის, ხოლო პროცესების ოპტიმიზაცია, ავტომატიზაცია, ენერგიისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება, მცირე რისკები და დაბალი ბარიერები, ამაღლებს ინტერნეტ სუბიექტების მწარმოებლურობას.
საქართველოსთვის, კრიზისის შემდგომ, ეკონომიკური აღმავლობის კონკრეტული ვადები თავის ბუნებით არაპროგნოზირებადია (ეკონომიკის არაეფექტური რეგულირების წინაპირობაა), თუმცა შესაძლებელია ტენდენციების ზეგავლენის შესაძლო შედეგების გაგება.
ზოგადად, ქვეყანა რამდენადაც ძლიერ ზარალდება კრიზისით, იმდენად ზრდის ძლიერ პოზიციაშია, რადგან ქვეყნისათვის ”ადრე მიუღწეველ” კაპიტალთან, ტალანტებთან და კვალიფიციურ მენეჯერებთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან და სხვა რესურსებთან წვდომა ადვილი ხდება, ეს კი საქართველომაც პრაგმატულად შეიძლება გამოიყენოს.
საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს გარემოს აკლია ნდობა, სტაბილურობა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გარანტიები. პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ადგილი არ აქვს სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ერთადერთი ინტერნეტ-გარემოა, რომლის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება და მიმართულებები არ იცვლება.
ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, არსებულ სამთავრობო ინსტიტუციურ სტრუქტურაში, ეკონომიკური მმართველობის, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი ჩარჩოსა და მისი პარამეტრების ჩამოყალიბება უნდა განხორციელდეს ექსპერტების, აკადემიური წრეების, საზოგადოების აქტიური პირების მიერ, კვლევებით დასაბუთებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნას ელექტრონული მთავრობის პლატფორმა.
ეკონომიკური უძრაობიდან გამოსვლისათვის სამთავრობო და ბიზნეს სექტორმა უნდა განსაზღვროს, რომელი ტექნოლოგია იქნება პროდუქტიული და რომელი დაეხმარება უკეთესი სახით ქვეყანას (სამთავრობო/ბიზნეს სექტორს) გლობალურ კონკურენციულ მარათონში. გარდა ამისა, უნდა მოხდეს ახალი ტექნოლოგიების აღქმის ფორმირება, შეფასდეს მისი როლი მწარმოებლურობის ამაღლებაში, შემუშავდეს სარგებლის უზრუნველყოფის მეთოდები.
ამრიგად, საქართველოს ICT-ის განვითარების პოლიტიკის ნაცვლად სჭირდება თანამედროვე ციფროვიზაციის პოლიტიკა, რომელიც არ უნდა იყოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის დამატება. ქვეყანას სჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა, სოციალური თანასწორობის სტიმულირება და ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე ფოკუსირება, რომელსაც გლობალური მასშტაბით კონკურენციის შესაძლებლობა ექნება.
ციფროვიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველზე უნდა განხორციელდეს მომავალი თაობის ინფორმაციული ტექნოლოგიების, ICT-ს სფეროსა და ელექტრონული მთავრობისადმი ყოვლისმომცველი და კომპლექსური მიდგომა. ასეთი მიდგომის დაგეგმვა უნდა მოხდეს სამოქალაქო, კერძო და სახელმწიფოს სექტორის თანამონაწილეობით.
დაბოლოს, საქართველოს ეკონომიკის ფართო აღდგენა გრძელვადიანი პერსპექტივისაა, საჭიროებს საუკეთესო სიახლეებს, რესურსების განვითარებას, ადაპტაციის უნარს, მკაცრ ხელს, მიზანმიმართულ პოლიტიკას გაორმაგებული ძალებით ეკონომიკურ და ფინანსურ ”რემონტს”, გლობალური ზრდის მამოძრავებელ – ციფროვიზაციის განვითარების პოლიტიკის გატარებას.