21-ე საუკუნის „რუხი კარდინალები“

მარკო დუნანდმა და დანიელ ჯეიგიმ 10-კაციანი კომპანია, რომელიც ორ პოლონურ ქარხანას ნავთობით ამარაგებდა, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, მსოფლიოს მეოთხე უმსხვილეს სასაქონლო მოვაჭრე კომპანიად აქციეს, რომლის ბრუნვამაც გასულ წელს 100 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ახლა 52 წლის დუნანდი და 53 წლის ჯეიგი ამზადებენ გეგმას, თუ როგორ გაუთანაბრონ ჟენევაში დაფუძნებული Mercuria Energy Group Ltd მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო კომპანიებს, როგორებიცაა: Glencore Xstrata Plc, Trafigura Beheer BV და Vitol Group. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გლობალურ ბაზარზე Mercuria-ს მათ პოზიციებამდე ბევრი არ უკლია. 10 წლის წინ დაარსებული კომპანიის თავბრუდამხვევი ზრდა ანალიტიკოსებმა უკვე შეაფასეს, როგორც 21-ე საუკუნის სასწაული.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ახალი მილიარდელები მალე ახალი გარიგების შესახებ გააკეთებენ განცხადებას. ისინი JPMorgan Chase & C-ს 3.3-მილიარდიანი სასაქონლო აქტივების შეძენას აპირებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს შეიძლება გახდეს საუკუნის გარიგება, რომელიც სასაქონლო ბაზრებზე კონიუნქტურას ძირეულად შეცვლის და მსოფლიოს ახალი ფინანსური გიგანტის დაბადებას ამცნობს.სპეციალისტთა შეფასებით, ჯეილი და დუნანდი ლიგის ტოპ-მოთამაშეები ხდებიან.

როგორ იცვლება ბაზრის კონიუნქტურა

მსხვილი ბანკები, მათ შორის – JP Morgan და Morgan Stanley – ცდილობენ შეამცირონ სასაქონლო ბიზნესები რისკების დივერსიფიცირებისა და თავიდან აცილების მიზნით. 10 უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის შემოსავალი სასაქონლი ბიზნესიდან 2013 წელს 4.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როცა 2008 წელს ეს მაჩვენებელი 14 მილიარდი იყო.

ამ დროს, დამოუკიდებელი ტრეიდერები, ისეთი როგორიცაა Mercuria, ავსებენ ბაზარზე წარმოქმნილ ხვრელს. იმ ბიზნესის მესაკუთრეები, რომლებიც ფლობენ წარმოების, დასაწყობების, ტრანსპორტირებისა და ნედლეულის დამუშავების ბიზნესებს, შეუძლიათ წარმატების მიღწევა მაშინ, როცა მზარდი გლობალური მოსახლეობის მხრიდან საქონელზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.

JPMorgan-თან გარიგება დუნანდისა და ჯეიგისთის, რომელებიც 15-15%-იან წილს ფლობენ Mercuria-ში, იქნება ახალი შესაძლებლობა ისედაც მზარდი კომპანიის კიდევ უფრო გაფართოების. 2011 წლიდან 2013 წლამდე Mercuria-მ მსხვილი საინვესტიციო ბანკების 570 წამყვანი სპეციალისტი დაიქირავა. მათ შორის ისეთი ბანკებიდან, როგორიცაა: Goldman Sachs Group Inc, Barclays Plc და სხვა.

კომპანიის სასაქონლო ვაჭრობიდან შემოსავალი (ნავთობის გარდა) ამჟამად შეადგენს შემოსავლების 50%-ს. მისი შემოსავლები 2012 წელს იყო 98 მილიარდი დოლარი, საიდანაც მოგება 343 მილიონი იყო. „ის, რაც ამ კომპანიას სხვებისგან განასხვავებს, ზრდის თავბრუდამხვევი მასშტაბებია. ის არის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ნავთობის სექტორში, ახლა უკვე სხვა საქონელზეც“ – ასე აფასებენ ანალიტიკოსები Mercuria-ს.

2012 წელს კომპანიამ ჯამში 182 მილიონი ტონა ნავთობით ან მისი ექვივალენტით ივაჭრა. Vitol-მა (ყველაზე მსხვილი სავაჭრო მოთამაშე ნავთობის ბაზარზე) იმავე პერიოდში 261 მილიონი ტონა ნავთობი ივაჭრა, Trafigura-მა კი 102.8 მილიონი ტონა ნავთობით. 2012 წელს ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 3.5%-ით გაიზრდა, 2013 წელს 0.3%-ით შემცირდა, მიმდინარე წელს კი უკვე 2.6%-ითაა შემცირებული და დაახლოებით 108 დოლარს შეადგენს ბარელზე.

ბევრი სავაჭრო კომპანია ახლა ირჩევს სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც პორტფელში აერთიანებენ მონათესავე სფეროების ბიზნესებს, გამონაკლისი არც Mercuria-ა. ამჟამად მის მფლობელობაშია: ნახშირის საბადო ინდონეზიაში, ნავთობისა და გაზის საბადო არგენტინაში, ნავთობის საწყობი ჩინეთში და ბიოდიზელის ქარხანა გერმანიაში. 2013 წლის ივნისში მან 50 მილიონის ინვესტიცია ჩადო რუმინეთის გაზის წარმოებაში.

JPMorgan-ის ნაწილში, რომლის გასხვისების შესახებაცაა საუბარი, დასაქმებულია 600 ადამიანი და აერთიანებს სხვადასხვა ტიპის აქციებს, მათ შორის – Bear Stearns Cos-ისა და RBS Sempra-ს აქტივებს, რომელიც ბანკმა 2008 წელს შეიძინა.

აქტივებს შორისაა გაზისა და დენის სავაჭრო აქტივები ატლანტიკის ორივე მხარეს, ჩრდილოეთ ამერიკაში განთავსებული ფიზიკური აქტივები, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს უდიდესი ქარხნის ნავთობის შეკვეთები, 6 მილიონი ბარელი ნავთობის შენახვის იჯარა კანადაში და 220 წლის წინ დაარსებული ლითონის საწყობი, რომელიც ლივერპულში მდებარეობს.

JPMorgan-ისთვის სასაქონლო ბიზნესის მართვა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით დიდი თანხები იხარჯება პერსონალის ხელფასებზე, რადგან ამ აქტივების მართვა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს საჭიროებს. Mercuria-სთან გარიგება კი ბანკს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.

პროფესიული გამოცდილება

მარკო დუნანდი და დანიელ ჯეიგი ერთმანეთს პირველად 1970-იან წლებში ჟენევის უნივერსიტეტში სწავლისას შეხვდნენ. მათი მეგობრობა მოგვიანებით გამყარდა მარცვლეულით მოვაჭრე კომპანია Cargill Inc-ში მუშაობისას და მინეაპოლისში ტრეინინგ კურსებზე დასწრებისას საერთო ოთახის გაზიარების დროს. Mercuria-ს კორპორატიული სტრატეგია და კულტურა მისი მფლობელების უშუალო გავლენაა, რომელთაც კარიერის ადრეული წლები საინვესტიციო ბანკებში გაატარეს. Cargill-ის შემდეგ 1987 წლიდან მათ მუშაობა Goldman Sachs-ში გააგრძელეს, სადაც 1994 წლამდე მუშაობდნენ, ამის შემდეგ გადავიდნენ Phibro-ში, რომელსაც Salomon Brothers-ის მართავდა. „აქ ვისწავლეთ ჩვენ ვაჭრობა“ – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში დუნანდმა.

MERKURIA

ამის შემდეგ დუნანდმა და ჯეიგიმ საკუთარი კომპანია დააარსეს 1999 წელს, რომელიც ევროპასა და აზიაში სავაჭრო ბიზნესით იყო დაკავებული. 2004 წელს დააარსეს Mercuria. საქმიანობის პირველ ეტაპზე ისინი რუსეთში, ჩინეთსა და პოლონეთში ვაჭრობდნენ. დუნანდი კომპანიის უფრო საჯარო მხარეა, რომელიც ხშირად ჩანს მედიასაშუალებებში და მოლაპარაკებების მაგიდაზე, ჯეიგი კი ე.წ. „ბექგრაუნდის“ მოთამაშეა, რომელიც საჯარო ასპარეზზე შედარებით იშვიათად ჩანს.
JPMorgan-თან მოლაპარაკებებმა Mercuria იძულებული გახადა სხვა მოლაპარაკებები შეეჩერებინა. ის ახლოს იყო შეეძინა ჩინეთის სუვერენული ფონდის State Development & Investment Co.-ს 10-20%-იანი წილი, მაგრამ ამჟამად ამის შესახებ მოლაპარაკებები შეჩერებულია.

როგორც დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, მის კონკურენტებთან შედარებით მერკურია შეიძლება „ბავშვად“ მოვნათლოდ. ის მხოლოდ 10 წლისაა, მაშინ როცა მისი მთავარი კონკურენტები, მაგალითად, Vitol 1966 წელს დაარსდა, Glencore – 1974 წელს, Trafigura – 1993 წელს, Gunvor კი 2000 წელს.

ბოლო წლებში ბევრი მიიჩნევდა, რომ ფინანსურ და სამომხმარებლო ბაზრებზე დროის უმოკლეს პერიოდში გამდიდრებულ მენეჯერთა ხანა წარსულს ჩაბარდა.

ბევრი ფიქრობდა, რომ 90-იან წლებთან შედარებით დღეს ბაზრები გაცილებით კონკურენტულია და მოგების მარჟაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამიტომაც ბაფეტის, სოროსის, პოულსონის და მათი მსგავსი ინვესტორების მწვერვალების მიღწევის ალბათობა ნაკლებია. დუნანდისა და ჯეიგის გამოცდილებამ ამ მოსაზრებას სერიოზული ბზარი გაუჩინა.

ისინი 21-ე საუკუნის „რუხი კარდინალები“ არიან, რომელთა საქმიანობისა და წარმატების შესახებ ჯერ ისევ ცოტამ იცის, მიუხედვად ამისა, უკვე 100 მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მესაკუთრეები არიან.