ეროვნული ბანკი ბანკებს კრიმინალებისგან წმენდს
სოფიკო სიჭინავა
საქართველოში უცნაური სიტუაციაა შექმნილი. ერთი მხრივ, ბიზნესს საბრუნავი სახსრები აკლია, მეორე მხრივ, ბანკებს კლიენტურა. ერთი მხრივ, ქვეყანა ინვესტიციის შიმშილს განიცდის, მეორე მხრივ, ჩვენ ვამკაცრებთ უცხოური კაპიტალის შემოსვლას ქვეყანაში (თუნდაც საეჭვო წარმოშობის, რადგან 100%-ით სუფთა კაპიტალს ამ რისკიან ქვეყანაში არავინ შემოიტანს). რას ემსახურება ამ მხრივ ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივა. ამ საკითხებთან დაკავშირებით გვესაუბრება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მურთაზ კიკორია.
ცენტრალურმა ბანკმა პარლამენტში, როგორც მას დაარქვეს, ანტიკრიმინალური საბანკო კანონის პროექტი შეიტანა, რას შეეხება იგი და რა აუცილებლობით იყო განპირობებული მისი შექმნა?
საქმე ეხება ე. წ. შესაფერისობის კრიტერიუმების დაწესებას. გასული წლის ოქტომბერში საბანკო კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები, რითაც ეროვნულ ბანკს საშუალება მიეცა, ბანკის დირექტორებისათვის შესაფერისობის კრიტერიუმები დაედგინა. ანუ ეს არის საშუალება, რომ ბანკის აღმასრულებელ რგოლს ეროვნული ბანკის მხრიდან, გარკვეული მოთხოვნები დაუწესდეს, რომელიც, ძირითადად, დირექტორებთან მიმართებაში განათლებასა და კვალიფიკაციას შეეხება. დასამალი არ არის, რომ გასულ წლებში, ბანკებში, რომლებშიც გადახდისუუნარობის ფაქტები დაფიქსირდა, ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ბანკის მაკონტროლებელი პირების მხრიდან ბანკისადმი არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალური მიდგომა იყო.აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პირებისადმი მოთხოვნების წამოყენება, რომლებიც ბანკებს აკონტროლებენ. ამაში შედის, როგორც აღმასრულებელი რგოლი, ასევე ის პირები, რომლებიც ბანკებზე გავლენას ახდენენ, თავიანთი გადაწყვეტილების მიღების უფლებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ეს იყო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნა-რეკომენდაციები, რომ ეროვნულ ბანკს ამგვარი მოთხოვნების წაყენების უფლება-მოსილება უნდა ჰქონდეს. ძირითადი მოთხოვნა წამოვიდა მისიიდან, რომელიც ე.წ. საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამაა. მასში სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მონაწილეობდა, რაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა. პროგრამის ძირითადი მიზანი იყო ქვეყნის საფინანსო სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. ერთ-ერთი ნაკლი, რაც ეროვნულ ბანკს ამ მისიამ დაუდგინა, გახლდათ ის, რომ ლიცენზირების მოთხოვნები ე.წ. ბაზელის პრინციპებთან შეუსაბამო იყო. ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ დაადგინოს კრიტერიუმები, როგორც აღმასრულებელი რგოლის, ასევე მისი მფლობელებისათვის. აქედან მომდინარეობს სავალუტო ფონდის რეკომენდაცია.
ესე იგი, ეს მაინც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნა იყო.
ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების მიხედვით ვმოქმედებთ. ეს საკითხები 11 სექტემბრის მოვლენების შემდგომ ძალიან აქტუალური გახდა. მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში სწორედ შესაფერისობის კრიტერიუმების მიმართ მოთხოვნები ძალიან გამკაცრდა. იმ ქვეყანაში, რომელშიც ასეთი კრიტერიუმები დადგენილი არ არის, იგი, შესაძლოა, ერთგვარ იზოლაციაშიც კი მოჰყვეს. ეს დრომ მოიტანა და არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნამ.
ბანკის მენეჯმენტს უწესდება მოთხოვნები კვალიფიკაციასა და განათლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბანკის აქციონერს, თუ ეს პირი კრიმინალია, ბანკზე კონტროლის საშუალება არ უნდა გააჩნდეს. პარლამენტის შესაბამის კომიტეტში განხილვისას თავი იჩინა კონსტიტუციური უფლების საკითხებმა. ამ მოთხოვნებს ვეთანხმებით და კონსულტაციების შედეგად ჩვენი ბოლო ცვლილებები მდგომარეობს იმაში, რომ არ იზღუდება პირის უფლება, ჰქონდეს აქციები, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს აქციით სარგებლობის, ანუ აქციონერთა კრებაზე ამით მინიჭებული ხმის სარგებლობის უფლება. პირი თუ კრიმინალია, ნასამართლევია ეკონომიკურ დანაშაულზე, ან წარსულში ჩაიდინა ქმედება, რომლემაც ზიანი მიაყენა საბანკო დაწესებულებას, მიგვაჩნია, რომ იგი არ უნდა იყოს ბანკის მაკონტროლებელი. ეს იქნება საბანკო სისტემის ერთგვარი ფილტრი.
არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი კრიმინალია, მაგრამ ნასამართლევი არ არის და დანაშაული ვერ უმტკიცდება. თავისთავად, ამ კანონის არსებობა საქმეს ვერ უშველის. ანუ რადგან ეს კანონი არსებობს, იმას არ ნიშნავს, რომ საბანკო საქმეს კრიმინალები ვერ გაეკარებიან.
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ კრიმინალებისაგან ამ მოთხოვნებით სისტემას 100%-ით დავიცავთ. შეიძლება პირმა ჩაიდინოს დანაშაული, გააკოტროს ბანკი და ეს ქმედება არ იყოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით, ხოლო ეს პირი ამ სისტემაში ისევ მოხვდეს. ჩვენი მოთხოვნებით, შეგვეძლება ასეთ პირებზე მინიმუმი ინფორმაციის მიღება და მისი დამუშავება. შეგვიძლია ავუკრძალოთ ამ პირს, თავის უფლების გმოყენება. მას, თავის მხრიდან, შეუძლია ჩვენი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. მტკიცების სიმძიმე უკვე ეროვნულ ბანკს დააწვება. ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოუდგენელია საუბარი იყოს არამართლზომიერ და სუბიექტურ ქმედებაზე. არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც გაარკვევს, რამდენად მართალია ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ აქციონერს ვუყენებთ. ეს ცვლილებები საშუალებას მოგვცემს, რომ საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, მინიმალური მოთხოვნები ჩავდოთ კანონში. კარგად გვესმის, რომ საბანკო სისტემის განვითარების ამ ეტაპზე ისეთ მოთხოვნებს ვერ ჩავდებთ კანონში, რომელიც, თუნდაც, ინგლისშია. იქ ელემენტარულად, პიროვნება, რომელიც ერთხელ მაინც იყო საზოგადოების კრიტიკის საგანი, ან შენიშვნა ჰქონდა ზედამხედველობის მხრდან, მას შეიძლება ის უფლება ჩამოერთვას, რაზედაც ვისაუბრეთ.
დიდი ბუმია ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. რა ხდება, ათეთრებენ თუ არა ქართული ბანკები ფულს და რომელი კანონმდებლობა ეწინააღმდეგება ამას?
ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის შესაქმნელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსში არის 194 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას. დანაშაულის დეფინიცია უნდა გავრცელდეს და სრული გახდეს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მთელი რიგი მოთხოვნებია. ამასთან დაკავშირებით, მუშაობა ახლა მიმდინარეობს. პრეზიდენტის განკარგულებით, შექმნილია კომისია, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. კანონპროექტი, პრინციპში, უკვე მზად არის და მისი განხილვა სამინისტროებში მიდის. რაც შეეხება ქართულ საბანკო სისტემას, იმდენად პატრა და სუსტია, რომ საზღვარგარეთული კომპანიების ან იმ პირების მიერ, ვისაც ეს თემა აინტერესებს, ჩვენი სისტემა ნამდვილად ვერ გამოდგება, ამიტომ ფულის გათეთრების დიდ მასშტაბებს, მიგვაჩნია, რომ ადგილი არ აქვს. ფულის გათეთრებასაც თავის მექანიზმები სჭირდება. ამის საშუალება, საბედნიეროდ, ჯერ არ არის, მაგრამ თუკი ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ამის დროც დადგება.
როგორც ამბობენ, შვეიცარიის ბანკები ამას დღემდე აკეთებენ და ჩვენ რატომ ვიკლავთ ასე თავს, იქნებ კარგი ინვესტიციაც არის?
სწორედ ამაზეა საუბარი. ეროვნულ ბანკს შემდეგი პოზიცია აქვს, რომ .ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლამ საფინანსო სისტემას პრობლემა არ უნდა შეუქმნას. ის დებულებები, რომლებიც საბანკო საიდუმლობების შესახებ გვაქვს, თუ გავაუქმეთ, საბანკო სისტემას დიდი ზარალი მიადგება. ამიტომ ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად ისეთი მოდელის შერჩევა გვინდა, რომ საერთაშორისო მოთხოვნებიც შესრულებული იყოს და საბანკო სისტემაც არ დავაზიანოთ. ეს რთული და ფაქიზი საკითხია, რომელიც დელიკატურ მიდგომას საჭიროებს. ფულის გათეთრებას განვითარებულ ქვეყნებში ცალკე უწყება ებრძვის, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ ცალკე უწყების ჩამოყალიბებას, რომელიც კიდევ ახალი მაკონტროლებელი ორგანო იქნება და საბანკო ანგარიშებთან მისვლის საშუალება მიეცემა.
ესე იგი, შესაძლოა, ეს ფუნქციები საბანკო ზედამხედველობასაც დაეკისროს?
საუბარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არის, მაგრამ გვინდა, რომ ანგარიშგება ეროვნულ ბანკში ხდებოდეს. მის მიმართ არის გარკვეული ნდობა და თვითონ ბანკმა შემდეგ გადაახარისხოს და თუ საჭირო იქნება, შესაბამისად გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს.
რას იტყოდით “ემ-ბი-ჯი” ბანკში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით?
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება და უმჯობესი იქნება, დაველოდოთ თუ როგორი შედეგებით დასრულდება იგი. ჩემი შეფასებით, ეს ჩვეულებრივი კრიმინალი იყო, რაც, სამწუხაროდ ხდება ხოლმე.
რამდენად არის ქართული საბანკო ბაზარი დაცული უცხოური კაპიტალის ინტერვენციისაგან, გარდა იმისა, რომ თითო აქციონერს არ შეიძლება 25%-ზე მეტი წილი ჰქონდეს?
ერთი მხრივ, მოხარულები ვიქნებით, თუკი მეტ ინვესტიციას და ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას დავინახავთ, ხოლო მეორე მხრივ, ეს ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ადგილობრივი კაპიტალის ინტერესებს. 25%-იანი შეზღუდვის გარდა ლოგიკური შეზღუდვები უნდა ჩაიდოს. ეს პროცესი ერთგვარი ურთიერთგაგების და ურთიერთთანამშრომლობის ბაზაზე უნდა მიმდინარეობდეს, სხვანაირად თვითონ ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენლია. წარმოუდგენელია ისეთი შემთხვევაც, რომ მოვიდეს ვიღაც უცხოელი და ბანკში წილები შეისყიდოს. ჯერ ერთი, ეროვნულ ბანკს გააჩნია შესაბამისი ბერკეტები კაპიტალში მონაწილეობის შესაზღუდად, თუნდაც 25%-იანი შეზღუდვის სახით, გარდა ამისა, როდესაც მიმდინარეობს ბანკების შერწყმა-გაერთიანება, ამას ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განსაკუთრებული მექანიზმები არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბერკეტები, რომლითაც შეგვიძლია გარკვეული კორექტივები შევიტანოთ.
როგორი ტენდენციაა საბანკო სექტორის განვითარებაში? ბიზნესს აკლია საბრუნავი სახსრები, ბანკებს – კლიენტურა, რაში მდგომარეობს გამოსავალი?
ბოლო მონაცემებით, საკმაოდ შესამჩნევი ზრდაა. შეიძლება თვითონ საბანკო სისტემას, თავისი აქტივებით და სხვა მაჩვენებლებიდან გამომდინარე, იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თუ შევადარებთ, ძალიან პატარაა, მაგრამ რაც დადებითია, ეს ზრდის ტენდენციაა. თუ ბოლო პერიოდს გადავხედავთ, ათ წელიწადში 15-20%-იანი ზრდა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. მაგრამ აქ არსებობს ერთგვარი ჩაკეტილი წრეც. საბანკო სისტემის განვითარება მოზიდული სახსრების თვალსაზრისით, თავის კლიენტურაზეა დამოკიდებული, რაც, საბანკო სექტორს საშუალებას აძლევს, განვითარდეს და ეკონომიკაში შემდგომი ინვესტირებისათვის სახსრები გააჩინოს. მეორე მხრივ, თვითონ ეს კომპანიები რომ განვითარდნენ, საბანკო კრედიტები და ბანკის მხრიდან დახმარებები სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანაა იმ ფულის საბანკო სისტემაში მოქცევა, რაც მის გარეთ ბრუნავს. მეორე წყარო უცხოური ინვესტიციებია. სისტემის განვითარება ორი მიმართულებით შეგვიძლია განვიხილოთ – ეს არის შიდა წყაროების ზრდა საბანკო სისტემაში, მეორე კი უცხოელების მონაწილეობა არა კაპიტალში, არამედ საკრედიტო ხაზების გზით. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი
რამდენად მყარია დღეს ქართული საბანკო სექტორი?
ქვეყანაში ამჟამად ლიცენზირებულია და საქმიანობს 28 ბანკი. 1-ლი მაისის მდგომარეობით, მთლიანი სისტემის აქტივები 930 მლნ. ლარზე მეტია. თითქმის მილიონიან ზღვარს ვუახლოვდებით და, აქედან, ქვეყნის 10 ბანკშია თავმოყრილი მთელი აქტივების 80%, ანუ ამ სისტემაში ამინდს 28 ბანკიდან 10 ბანკი ქმნის. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღებაც ამ 10 ბანკისკენაა მიმართული. მნიშვნელოვანი იყო აქტივების კლასიფიკაციის ახალი მოთხოვნების შემოღებაც, ბანკების საკრედიტო საქმიანობის შესაფასებლად ახალმა დებულებამ ერთგვარი ინდიკატორის როლი შეასრულა. პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, კმაყოფილი ვარ. საბანკო სისტემაში უფრო დიდ ზრდას და აქტივების კონსოლიდაციას ველით და თუ გარე მკვეთრი ეკონომიკური შოკები არ იქნება მოსალოდნელი, საბანკო სისტემაც მყარი იქნება.
როგორია ერთი მხრივ, ბანკების მოგების და მეორე მხრივ, ბიუჯეტში გადახდილი თანხების დინამიკა?
ჩვენთვის მთვარია უსაფრთხოება ანუ ის რეზერვები, რომლებსაც ბანკები ქმნიან. ეს არის დანაკარგების რეზერვი. ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მეანაბრეების და კრედიტორების ინტერესები. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, ყოველი რეზერვი მოგების დონეზე მოქმედებს. ბანკები ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილგადამხდელები არიან (იხ. ცხრილი).
როგორი აღიარება აქვთ ჩვენს ბანკებს უცხოეთში?
სამწუხაროდ, საქართველოს რისკიანი ქვეყნის შეფასება აქვს. სარეიტინგო შეფასებებს ჩვენი ბანკები, ჯერჯერობით, არ ექვემდებარებიან. მხოლოდ თBჩ ბანკს ჰქონდა ერთ-ერთი სარეიტინგო კომპანიის შეფასება.
რა რეფორმებს განიცდის საბანკო ზედამხედველობა და რამდენად უწყობს ხელს რეალური საბანკო სექტორის განვითარებას?
ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება, რაც ზედამხედველობის ეფექტურობის ამაღლებას უკავშირდება და მისი მეთოდების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას (ძირითადად ბაზელის კომიტეტის მოთხოვნებთან). გასული წელი ამ კუთხით საყურადღებო იყო, რადგან სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მომზადდა და დაინერგა კიდეც სისტემაში. ეს შეეხება აქტივების კლასიფიკაციას, ინტერესების კონფლიქტს და შიდა აუდიტის სამსახურის მოთხოვნებს, კომერციულ ბანკებში. ამ წელიწადშიც სერიოზული მოთხოვნები და დებულებები შემოვა. პირველ რიგში, ეს ეხება შესაბამისობის კრიტერიუმებს, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ. შემუშავებულია და ბანკებს განსახილველად დაურიგდათ კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების ახალი წესი, რომელიც ბაზელის კომიტეტის მოთხოვნებთან უფრო მიახლოებულია. ასევე, გათვალისწინებულია მთელი რიგი წესებისა და დებულებების შემოღება, რომელიც უფრო მეტად შეუწყობს ხელს საბანკო ზედამხედველობის ეფექტურობის ამაღლებას.