როდის დაითვლის რუსეთი ზარალს?

რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო თვეში დაახლოებით ათობით მილიარდ დოლარს კარგავს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა Gazeta Wyborcza-სთვის მიცემულ ინტერვიუში,„ძნელია ზღვარის პოვნა სანქციებისა და გლობალური ბიზნესის შეშფოთების შედეგებს შორის. მაგრამ ფაქტია, რომ კონფლიქტის გამო რუსეთი თვეში კარგავს ათობით მილიარდ დოლარს. შესაბამისად, ეს მას ძვირი უჯდება“ – განაცხადა მან. მიუხედავად ამისა, მინისტრმა თავი შეიკავა პროგნოზისგან, არის თუ არა ეს საკმარისი, რომ რუსეთი იძულებული გახდეს სიტუაციის სტაბილიზება მოახდინოს უკრაინაში ევროპასთან ერთად.

არაპროგნოზირებადი რუსეთის მიმართ ინვესტორების ნდობის დაკარგვით გამოწვეული დანაკარგი შეიძლება უფრო დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე დასავლეთის პირდაპირი საქნციები.

ყირიმთან დაკავშირებული დისკუსია აღარ ფოკუსირდება საერთაშორისო სამართლის საკითხებზე. მარტში ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ის არ თვლის თავს ვალდებულად დაიცვას მისი სტანდარტები და რომ პრეზიდენტს არ აინტერესებს, მიიჩნევს თუ არა დანარჩენი მსოფლიო რუსეთის ქმედებებს უკანონოდ, სწორედ ამის დასტურია. რუსეთმა ძალის გამოყენებით მოახდინა ყირიმის ანექსირება და ეს იყო ევროპის საზღვრების ძალადობრივი ცვლილების პირველი შემთხვევა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ექსპერტები მთავარ კითხვას სვამენ – გაუძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა უკრაინის მიმართ პუტინის პოლიტიკის ტვირთის ზიდვას?
როგორც ჩანს, რუსეთს ეს ძალიან გაუჭირდება – აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეამცირა რუსეთში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2014 წლისთვის 2%-დან 1.3%-მდე და განმარტა, რომ „განვითარებად ბაზრებზე ფინანსური არასტაბილურობის შედეგები და უკრაინის გარშემო არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა არის ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ისედაც სუსტ აქტივობას“. სსფ გაფრთხილებას იძლევა, რომ სანქციებისა და კონტრსანქციების ციკლმა, რომელიც დაკისრებულია ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით, შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური „ინფექციის“ გავრცელება რუსეთსა და დანარჩენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მიმომხილველები ამბობენ, რომ რუსეთის საფონდო ბაზარი დაღმასვლას განიცდის, რუბლი განუხრელად უფასურდება დოლართან მიმართებაში და კაპიტალი ქვეყნიდან მზარდი სიჩქარით გაედინება.

იმის გამო, რომ მსოფლიო სტანდარტების მიხედვით, რუსეთში წარმოებისა და მომსახურების სექტორი არაკონკურენტულია, ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნედლეულის ექსპორტზე, პირველ რიგში კი – ნავთობისა და ბუნებრივი აირისა. ევროპა რუსეთიდან თავისი მოთხოვნის 30%-ს ყიდულობს, მაგრამ პუტინის მუქარის შემდეგ, რომელიც შეეხებოდა გაზის მიწოდების შეწყვეტას, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტს, ევროპელები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისინი სოციალურად მოწყვლადნი იქნებიან, სანამ სხვა ენერგო-წყაროებს არ გამონახავენ.

ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და გერმანია, აქვთ საკუთარი, ჯერ დაუმუშავებელი რეზერვები. მათ სერიოზული ინტერესის გამოვლენა დაიწყეს ქანების ჰიდრავლიკური დარღვევით გაზის მოპოვების ტექნოლოგიების მიმართ. ამერიკული კომპანიები დღესდღეობით ნებართვას ელოდებიან იმისთვის, რომ ევროპაში აშშ-დან გაზის ექსპორტი დაიწყონ. საბოლოო ჯამში, რუსეთს მოუწევს მნიშვნელოვნად შეამციროს გაზის ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ დაკარგავს ბაზარს.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, მხედველობაშია მისაღები ის უზარმაზარი პირდაპირი ხარჯები, რაც სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ხელისუფლებისა და მისი არაეფექტური ეკონომიკის მხარდაჭერას სჭირდება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სუბსიდირდებიდა უკრაინის მთავრობის მიერ. სხვადასხვა გათვლებით, მიმომხილველები სავარაუდოდ რამდენიმე მილიარდ დოლარზე საუბრობენ წელიწადში.

ყირიმის სუსტი ბიუჯეტის შენახვა, რომელიც უკრაინას ყოველწლიურად $1.1 მილიარდი უჯდებოდა – ტვირთად ახლა რუსეთს დააწვება. თუმცა, იმ დაპირებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელსაც რუსეთის ხელისუფალნი გასცემენ, ნათელია, რომ ხარჯები გაცილებით მაღალი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ყირიმი საკმაოდ პოპულარული დასასვენებელი ადგილია, მას მაინც არ შეუძლია დამოუკიდებლად თავის შენახვა გარე დახმარების გარეშე – 2013 წელს ყირიმის ბიუჯეტმა 57% ნაცონალური ბიუჯეტიდან მიიღო, რაც 3.03 მილიარდ გრივნას შეადგენდა (321 მილიონი დოლარი).

comp-large-damages

გარდა იმისა, რომ კიევს სანახევროდ ცენტრალური ბიუჯეტი ინახავდა, რეგიონში მცხოვრები პენსიონრებისთვის პენსიების გადახდაც მასზე იყო დაკისრებული.
მთლიანობაში, უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ეს იყო დაახლოებით 1.1 მილიარდი წელიწადში, რაც ასევე რუსეთის ბიუჯეტს დააწვება.

გაუგებარია, რუსეთს, რომელსაც ამ წელიწადში დეფიციტი $9 მილიარდი ჰქონდა, როგორ შეძლებს გაუმკლავდეს ასეთ ხარჯებს. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზღვისპირა რეგიონის წლიური ღირებულება $ 1.1 მილიარდია, ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რუსეთის პრობლემურ რეგიონებს შორის, საუბარია ჩრდილოეთ კავკასიაზე, სადაც კრემლი სუბსიდიებზე უზარმაზარ თანხებს ხარჯავს.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, თუ მოსკოვი გადაწყვეტს ყირიმში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თუნდაც რუსეთის საშუალო დონესთან მიახლოებას, ეს მის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანი რეგიონული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ყირიმში შეადგენს უკრაინის მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლოებით 2/3-ს და ის 80%-ით ჩამოუვარდება რუსეთის მაჩვენებლებს. ყირიმის მცხოვრების მედიანური შემოსავლი თვეში 2693 გრივნაა, რაც მეზობელი კრასნოდარის რეგიონის საშუალო შემოსავლის ნახევარზე ნაკლებია.

უფრო მეტიც, ყირიმს უკიდურესად სჭირდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემების თანახმად, უნდა დაიხარჯოს $3 მილიარდი. ნახევარკუნძულზე ასევე არ არის საკუთარი სასმელი წყალი და ელექტროენერგია, რომელიც იქ მატერიკული უკრაინიდან მიეწოდება.
ამ პრობლემებს უნდა დაემატოს ყბადაღებული ხიდის მშენებლობაც, რომელიც რუსეთსა და ყირიმის დააკავშირებს. ხიდის მშნენებლობის იდეა მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, როდესაც ადოლფ ჰიტლერმა დაახლოებით ასეთივე პროექტის განხორციელება ბრძანა, რასაც ხელი უნდა შეეწყო ნაცისტური არმიის მიერ კავკასიაში და მის ფარგლებს მიღმა ნავთობის ძვირფასი საბადოების მითვისებაში.
ხიდის მშენებლობის რუსული პროექტი უკვე 10 წელზე მეტია შემუშავების სტადიაშია, მაგრამ სანამ რუსეთსა და უკრაინას შორის კარგი ურთიერთობა იყო, მისმა ეკონომიკურმა ეფექტურობამ მრავალი ეჭვი გააჩინა.

ხიდის თავდაპირველი სავარაუდო ღირებულება ბევრჯერ შეიცვალა და დღესაც ექსპერტებს ნაადრევად მიაჩნიათ კონკრეტულ თანხაზე საუბარი, რადგან მათი აზრით, არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკი, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ხიდი იაფი არ იქნება. დღესდღეობით საინფორმაციო საშუალებებში საკმაოდ განსხვავებული ოდენობის დანახარჯები ფიგურირებს. თუკი თავიდან ხიდის მშნებელობა ფასდებოდა 50 მილიონ რუბლად, შემდეგ 100-150 მილიარდად, ახლა უკვე 200 მილიონზეა საუბარი. ამ ფონზე უკვე ბევრი ექსპერტი გამოთქვამს შეშფოთებას ბიუჯეტის გაუმართლებელი გაბერვის მზარდ რისკებზე.
მიუხედავად ამისა, დღეს ქერჩის სრუტეში რუსეთისა და ყირიმის სანაპიროებზე გაჩაღებულია ხიდის მშენებლობის სამზადისი, რომელმაც რუსეთი ნახევარკუნძულთან უნდა დააკავშიროს. სამშენებლო პროექტი მზად არ არის, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ხიდი იქნება ამ ქვეყანაში XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა.

დაგეგმილია, ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 200 მილიარდი რუბლის ($ 5.6 მილიარდი) გამოყოფა, ნათქვამია რეგიონის განვითარების შესაბამის დოკუმენტში, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავდა.

„გიპროტრანსმოსტის“ ინჟინრები, კომპანიისა, რომელმაც რუსეთში ყველაზე გრძელი ხიდი დააპროექტა (საპრეზიდენტო ულიანოვსკში – 5.8 კმ), გეოლოგიურ კვლევებს
მაისის დასაწყისში შეუდგნენ, კრასნოდარის მხრიდან მათ 27 ჭაბურღილი გაბურღეს. ყირიმის მხრიდან სანაპიროზე დაზვერვა გეგმით 25 მაისს უნდა დასრულდეს.
პროექტის მნიშვნელობაზე მეტყველებს არა მხოლოდ დაგეგმილი ხარჯების მასშტაბი, არამედ მშენებლობის პუტინის პირად კონტროლზე აყვანა. მარტის ბოლოს, მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე მან მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა სამშენებლი გეგმებში და განაცხადა, რომ ხიდი უნდა იყოს არა მხოლოდ საავტომობილო, არამედ სარკინიგზოც.

30 მაისამდე უნდა დასრულდეს რუსეთ-ყირიმის ხიდის პროექტის წინასწარი დოკუმენტაციის შემუშავება, ივლისამდე კი – ფინანსური სქემა და სამშენებლო მოდელი. პროექტში ჩინური კომპანიები აპირებენ მონაწილეობას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ წვლილს შეიტანენ რუსული უმსხვილესი კომპანიებიც. იმას, რომ ხიდის მშენებლობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილე თითქმის ყველა წამყვანი ორგანიზაცია დაუჭერს მხარს, უკვე ცნობილია. თუმცა, ხიდის მშენებლობის გამო, რუსეთს მოუწევს მთელი რიგი ანალოგიური პროექტების დაფინანსების შემცირება ან შეწყვეტა.

shutterstock_65305592

რაც შეეხება ჩინური კომპანიების მონაწილეობას ინფრასტრუქტურულ პროექტებში, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ის დაფინანსებას იუანში უზრუნველყოფს და ხშირად საკუთარ შრომით და ტექნიკურ რესურსებს იყენებს. ამ მხრივ კი, ექსპერტების თქმით, სირთულეები შეექმნებათ იმ რუს ქვეკონტრაქტორებს , რომელთაც მონაწილეობის სურვილი ექნებათ. რამდენადაც ამ ხიდის ეკონომიკური ეფექტი ჯერ ბუნდოვანია, პროექტის მხარდაჭრას ჩინელების მხრიდან ექსპერტები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და სურვილს, რომ ყირიმში პოზიციები გაიმყარონ და გააგრძელონ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც უკრაინის მთავრობასთან შეთანხმებით ადრე იყო დაგეგმილი.