ერთი წლის შემდეგ მარცვლეულის ბაზარზე დეფიციტია მოსალოდნელი

მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე მაისი ხორბლის გაძვირებით დაიწყო, რასაც მიმომხილველები და ტრეიდერები დიდწილად უკრაინაში პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებენ. ფასების ყველაზე შესამჩნევი ზრდა ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე შეინიშნებოდა, სადაც ორი კვირის მანძილზე (11-18 მაისი) SRW-ის (რბილი სასურსათე ხორბალი) ფიუჩერსები გაიზარდა $7-ით ტონაზე , ხოლო HRW-ის ფიუჩერსები (მყარი ხორბალი) – 27 დოლარით. შესამჩნევი ზრდა შეინიშნებოდა მექსიკის ყურეში FOB-ის ფასების – თუ ის 23 აპრილის 282 დოლარი ღირდა ტონაზე, მისი ფასი 302 დოლარამდე გაიზარდა. შედარებით ნელა იზრდება რუსეთის შიდა ფასები – შავი ზღვის რეგიონის FOB ფასი მერყეობს ტონაზე 292 დოლარის ფარგლებში. საფრანგეთში FOB ფასები (რუანა) 297-299 დოლარია ტონაზე.

ტრენდმა საქართველომდეც მოაღწია და ხორბალი აქაც გაძვირდა. არსებული ინფორმაციით, ფოთში შემოტანილი ხორბლის ფასმა წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 10-20 დოლარით მოიმატა: აპრილში ფოთში შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ღირებულება 280 დოლარი იყო, ახლა კი 300 დოლარამდეა გაზრდილი.

ხორბლის გაძვირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ექსპერტები ბევრს მსჯელობენ ფასების ზრდის მიზეზებზე. როგორც ცნობილია, მარცვლეულის ფასებზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს: რომელიმე ექსპორტიორი ქვეყნის მხრიდან ემბარგოს დაწესება, ექსპორტიორ ქვეყანაში ცუდი ან კარგი მოსავალი იმპორტიორ ქვეყანაში, ინფლაციის მსოფლიო დონე, უმსხვილეს ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთების ცვლილება, მედიაში გავრცელებული სპეკულაციური ჭორები და მარცვლეულის მარაგების ანგარიშები. რა მოხდა ამჯერად?
როგორც რუსული გამოცემა „ექსპერტი“ იუწყება, ფასების ზრდის მთავარი დრაივერი, კანზასში მოსავლის საკმაოდ ცუდი პროგნოზებია (მათი უსაფრთხოების შეფასება შემცირდა 27-დან 17%-მდე ), თუმცა, უკეთესი ვითარება არც უკრაინაშია, რასაც მნიშვნელოვანი ნეგატიური წვლილი შეაქვს რისკის შეფასებაში მსოფლიოში ხორბლის ბაზარზე, ეს კი პირდაპირ ფასზე აისახება.

თუმცა, იგივე „ექსპერტის“ თანახმად, შეუძლებელია უკრაინის კრიზისს გავლენა არ მოეხდინა მარცვლეულის ბაზარზე, როგორც ცნობილია, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტიორთა რეიტინგში 7-8 ადგილზეა ხორბლის ექსპორტში, ხოლო მესამეზე – სიმინდის. სწორედ ამიტომ, არასტაბილურობის პირობებში ჩნდება კითხვები: იქნება კი საექსპორტო მიწოდება სტაბილური, როგორც ახლა თუ იქნება რამე ჩავარდნა? ტრეიდერების უარყოფითი მოლოდინი, საბოლოო ჯამში, ფასებზე აისახება. სწორედ ამ უკანასკნელზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პირველი გაძვირება მარტში მოხდა, ზუსტად იმ დროს, როცა უკრაინის კრიზისი დაიწყო.
როგორც Bloomberg იტყობინება, ზუსტად 5 მაისს, ორშაბათ დღეს, ხორბლის ფასმა მსოფლიო ბაზარზე 13-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. ჩიკაგოში ელექტრონულ ვაჭრობაზე ივლისის კონტრაქტმა 3.4%-ით მოიმატა – ბუშელზე 7.405 დოლარი ($272.06 ტონაზე) – ეს არის მაქსიმალური მაჩვენებელი 2013 წლის მარტიდან, რაც, როგორც აღვნიშნეთ, შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობასთან დაკავშირებულ შიშებს უკავშირდება. რუსული გამოცემის „Ъ“ მიერ გამოკითხული რუსული ბაზრის მონაწილეების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბაზრის რეაქცია სპეკულაციურია – ჩიკაგოში დღისით ხორბლის ფასის კორექტირება მოხდა და ზრდა შემცირდა 2.2%-ით.

რუსული და უკრაინული ხორბალი საექსპორტო მარშრუტებში კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ბოლო სამეურნეო წლის განმავლობაში უკრაინიდან განხორციელდა დაახლოებით 6 მილიონი ტონა ხორბლის და 7.2 მილიონი ტონა სიმინდის ექსპორტი.

xorbali cx 1

ამავე პერიოდში, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა 11 მლნ ტონა ხორბლისა და 2 მილიონი ტონა სიმინდის ექსპორტი. ექსპერტები განმარტავენ, რომ რუსეთი მეტად სპეციალიზებულია ხორბლის ექსპორტზე, ხოლო უკრაინა – სიმინდის. რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის სტრუქტურაში 85% მოდის ხორბალსა და ქერზე, მხოლოდ 15% – სიმინდზე, რომელიც უკრაინის ექსპორტის 65-75% მოიცავს, 15%-ს ქერი და 20% – ხორბალი.
მიმდინარე სამეურნეო წელს, რომელიც 31 ივნისს დასრულდება, უკრაინამ 5 მაისის მდგომარეობით, მოახდინა, დაახლოებით 30 მილიონი ტონა ხორბლის (მათ შორის – 18.8 მილიონი ტონა სიმინდის) ექსპორტი, 2013 წლის ამავე პერიოდის 21 მილიონი ტონის საპირისპიროდ („Ъ“-ს მონაცემები). გამოდის, რომ ექსპორტი გაიზარდა თითქმის 42%-ით. ამასთან, სიმინდის ივლისის ფიუჩერსების კოტირება (როგორც უკრაინის საექსპორტო მარცვლეულის ძირითადი პროდუქტისა) 5 მაისს გაიზარდა მხოლოდ 0.4%-ით, ტონაზე 197.34 დოლარამდე.

ამდენად, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბაზარს უფრო ხორბლის მიწოდების ბედი აწუხებს, რომელიც რუსული საექსპორტო გადაზიდვების ძირითადი სტატიაა, რაც მასშტაბებითაც უფრო შეესაბამება რუსული ხორბლის ვაჭრობაში შესაძლო გარე შეზღუდვის მოლოდინს. ექსპერტები შედარებისთვის 2010 წლის ამბებს იხსენებენ, როცა თეთრი სახლი გეგმავდა მარცვლეულის ემბარგოს გაგრძელებას, ამან 2010 წელს ჩიკაგოს ბირჟაზე ფასი ორი სავაჭრო დღის განმავლობაში 6%-ით გაზარდა, ხოლო რუსეთში ხორბლის ექსპორტის სახელმწიფო რეგულირების შემოღებამ 2011 წლის შემოდგომაზე ფასები 8.8%-მდე გაზარდა ერთ დღეში. ამიტომ გამორიცხული არ არის ჩიკაგოს ბირჟაზე (Chicago Stock Exchange) ხორბლის ფასების ერთწლიან მაქსიმუმამდე ზრდა ასახავდეს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ახალი ტალღის მოლოდინს.

ხორბალი ცხ 2

საქართველოში ხორბლის იმპორტი, ძირითადად, რუსეთიდან და უკრაინიდან (70/30%) ხდება. თუმცა წლების წინ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი ყაზახეთი იყო, რომლის პროდუქტიც საკმაოდ მდარე ხარისხისაა და შესაბამისი ფასიც აქვს. ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ ხორბალი უპრეცედენტოდ გაძვირდა, ის შეიძლება ყაზახეთშიც ვიყიდოთ. მართალია, მსოფლიო ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, მარცვლეული შუა აზიაშიც გაძვირდება, მაგრამ ის რუსულ და უკრაინულ ფასებთან ახლოს ვერ მივა. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში შემოტანილ ხორბალზე ფასების ზრდა შეინიშნება, თუმცა ეს პურ-პროდუქტების ფასების ზრდას, როგორც ბაზრის მონაწილეები გვარწმუნებენ, არ გამოიწვევს, რადგან მათ დაახლოებით 8-9-ლარიანი რესურსი გააჩნიათ. ქართველი მეპურეებისთვის კრიტიკული ზღვარი 1 ტომარაზე 45 ლარია და, შესაბამისად, დღეს არსებული ფასები, პურის მწარმოებლებს პურის ფასის გაზრდისკენ არ უბიძგებს. რადგანაც მწარმოებლებმა პურის ფასის გაძვირება რომ დაიწყონ, ფქვილის ფასმა 20%-ით უნდა მოიმატოს. ბირჟებზე ფასის გრძელვადიანი ზრდის შემთხვევაში (ხორბალზე ფასის) ფქვილის ფასი ტომარაზე შეიძლება 1-2 ლარით გაიზარდოს, რაც უახლოეს პერიოდში პურის ფასზე არ იმოქმედებს.

მარცვლეულზე ფასების უფრო გეგმაზომიერ ზრდას ვარაუდობენ, რომელიც სეზონის დასასრულსა და მსოფლიოში მისი მარაგის შემცირებას უკავშირდება. შემდგომში კი საფასო კონიუნქტურაზე იმოქმედებს ახალ მოსავალთან დაკავშირებული მოლოდინები – ნებისმიერი ნეგატიური ამინდის პროგნოზი რომელიმე მნიშვნელოვან რეგიონში ფასების ზრდის მაპროვოცირებელი იქნება.

დარგის მონაწილეების უმეტესობა მსოფლიოში მარცვლეულის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ დაძაბულობას უკავშირებს, მაგრამ უცნაურია ის გარემოება, რომ ფასები იზრდება რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის ძირითად საქონელზე – ხორბალზე, მაგრამ უკრაინის ძირითადი საექსპორტო საქონლის, სიმინდის, ღირებულება შედარებით სტაბილური რჩება.

L54-294615

ბაზარზე გავლენას ახდენს ასევე მარცვლეულზე არსებული მზარდი მოთხოვნა. საერთაშორისო მარცვლეულის საბჭოს შეფასებით, ხორბლის გლობალური მოხმარება ყოველწლიურად იზრდება 10-15 მილიონი ტონით და 2013-2014 წლის ბოლოს მიაღწევს 691 მილიონ ტონას. წლით ადრე ეს მაჩვენებელი 675 მილიონი ტონა იყო. იგივე შეფასებით, მიმდინარე სამეურნეო წელს მსოფლიო წარმოება იქნება 709 მილიონი ტონა, ერთი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი შემცირდება 697 მილიონ ტონამდე, ხოლო მოხმარება გაიზრდება 700 მილიონი ტონამდე – ფაქტობრივად, ეს ნიშნავს მსოფლიოში მარცვლეულის ბაზარზე დეფიციტს. მსგავსი ტენდენცია ფორმირდება სიმინდის ბაზარზეც – საბჭოს პროგნოზით, 2013-2014 სამეურნეო წელს, მსოფლიო მოხმარება მიაღწევს 935 მლნ ტონას, 965 მლნ ტონის წარმოების ფონზე, ხოლო მომავალ წელს წარმოება მხოლოდ 5 მილიონი ტონით გადააჭარბებს მოხმარებას.