პოლიტიკური ქულები თუ ეკონომიკური სარგებლიანობა
ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც საპენსიო სისტემის მოქმედი მოდელისგან განსხვავებული სქემის ამოქმედების აუცილებლობაზე დისკუსია ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტიური ხდება. საქართველოს შიგნით და გარეთ არსებული გარემოებების და განვითარების მოსალოდნელი სცენარების გათვალისწინებით, სულ უფრო მეტად საეჭვო ხდება არსებული მოდელის სიცოცხლისუნარიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში. არსებული მოდელის მნიშვნელოვანი ნაკლია მისი მუდმივად მზარდი ზეწოლა საჯარო ფინანსების სექტორზე, რაც დიდ ტვირთად აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს. არსებული მოდელი (რესურსების შეზღუდულობის გამო) ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების შეცვლილ პირობებთან (ფასების მუდმივი ზრდა და ა.შ.) პენსიის ადექვატურობის უზრუნველყოფას. მოსახლეობის დაბერება, რაც მსოფლიო ტენდენციაა, საქართველოშიც შეუქცევად ხასიათს ატარებს.
ამდენად, საპენსიო უზრუნველყოფის მხოლოდ სახელმწიფო სექტორის გადასაწყვეტ პრობლემად დატოვება სახელმწიფო ვალდებულების მნიშვნელოვან მატებასა და ვალდებულებების შესაძლო შეუსრულებლობის საფრთხეს შეიცავს. შესაბამისად, საქართველოში საპენსიო რეფორმის განხორციელების აუცილებლობა ისევე თვალსაჩინოა, როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ეკონომიკაში. საპენსიო უზრუნველყოფის ახალი გამოწვევების ადექვატური მოდელების ძიების საჭიროება დღის წესრიგში იმ კარდინალურმა ცვლილებებმა განაპირობა, რაც დედამიწის მოსახლეობის მატებას და დაბერებას, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას, შრომითი ძალის და პენსიონერების ახლებური პროპორციის გრძელვადიან ცვლილებას და საფინასო-ეკონომიკური ურთიერთობების თვისებრივად ახალი მოდელების დამკვიდრებას უკავშირდება.
ვითარების დამძიმება დაემთხვა პერიოდს, როდესაც მსოფლიო საპენსიო სისტემებში შედის პენსიონერების ახალი და საკმაოდ მოცულობითი ტალღა, რომელთა უზრუნველყოფაც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ამ მხრივ, 2011 წელი ერთგვარ მიჯნად არის მიჩნეული. სწორედ ამ წლიდან დაიწყო პენსიაზე გასვლა ე.წ. baby boom-ერების თაობის პირველმა ტალღამ. 1940-1960-იანი წლებში შობადობა პიკზე იყო. ამდენად, ახალი პენსიონერების ტალღა ისტორიის მანძილზე ყველაზე მასობრივი და, ამავდროულად, ყველაზე გავლენიანი იქნება. შედეგად, პრაქტიკულად ყველა განვითარებული ქვეყნის ბიუჯეტები დიდი დეფიციტით გამოირჩევა.
2013 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ვერ ახერხებს მაასტრიხტის შეთნხმებით დადგენილი „სავალო ჭერის“ პარამეტრის დაცვას. რეალურად, ევროს მოქმედების ზონაში ვალის მოცულობამ მშპ-ს მიმართ 92,2% შეადგინა. ეს არ არის მხოლოდ გლობალური თუ ლოკალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისებით გამოწვეული პრობლემა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაანგარიშებით, ფინანსური კრიზისისა და რეცესიის წილად უახლოეს ხანებში სახელმწიფოთა შიდა ვალების მოსალოდნელი ზრდის მხოლოდ 20% მოვა. დანარჩენ 80%-ს განაპირობებს სახელმწიფო ხარჯების ზრდა ჯანდაცვის, სოციალურ და, განსაკუთრებით, საპენსიო უზრუნველყოფაზე. ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაუმჯობესებამ, უკურნებელი დაავადებების კლებამ, ახალ მედიკამენტებზე და მკურნალობის განვითარებულ ტექნოლოგიებზე ხელისაწვდომობის მატებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა მთელ მსოფლიოში.
გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის (UNDESA) მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უკანასკნელი 30 წლის განმვალობაში გაზრდილია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, საკმაოდ მნიშვნელოვნად. ეს შეუქცევადი ტენდენციაა, რაც საპენსიო სქემებისთვის მუდმივად მზარდი გადასახდელების არსებობაზე მიანიშნებს. თუ 2009 წელს 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა დედამიწის მთლიან მოსახლეობაში 11%-ის დონეზე იყო, 2050 წლისთვის მისი 22%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი. 2050 წლისთვის 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში 2 მილიარდს გადააჭარბებს. შედეგად, დედამიწის მოსახლეობის დემოგრაფიული პროფილის და მისი ასაკობრივი ჭრილის მნიშვნელოვანი ცვლილება და სამუშაო ძალაზე დაწოლის გაძლიერება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდა საპენსიო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობის დასასაბუთებლად.
მოსახლეობის დაბერების კვალობაზე, მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნების საპენსიო სისტემების სტაბილურობა მცირდება. ევროპის შრომისუნარიანი მოსახლეობა სულ უფრო ადრე გადის პენსიაზე. კერძოდ, აღინიშნება ფაქტი, რომ წინასაპენსიო ასაკის (55-64 წლის) ადამიანების 55%-ს სულ უფრო ნაკლები რეალური წვლილი შეაქვს ევროპის ეკონომიკის განვითარებაში. პროგნოზები მიუთითებს, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, ვისი კონტრიბუციაც ეკონომიკის განვითარებაში სულ უფრო ნაკლები იქნება, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. 5 წლამდე ასაკის ადამიანების რიცხვი ტრადიციულად სჭარბობს 65 წელს ზემოთ მოსახლეობის ოდენობას. უახლოეს წლებში ეს ვითარება შეიცვლება, ვინაიდან 65 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის ოდენობა დღევანდელი დაახლოებით 8%-დან 2050 წლისთვის გაორმაგდება და 16%-ს გადააჭარბებს, 5 წლამდე ასაკის ადამიანების რაოდენობა კი პირიქით – დღევანდელი დაახლოებით 9%-დან 7%-მდე დაიკლებს. ამავდროულად, სულ უფრო მეტი და გადასაჭრელად რთული გამოწვევების წინაშე დგებიან კორპორატიული საპენსიო სქემებიც, რომელთა მდგრადობაც გახშირებული კრიზისების გამო გაცილებით მყიფეა, ვიდრე წინა ათწლეულებში.
Standard&Poor’s-ს გათვლებით, თუ მთავრობები არ შეცვლიან მიმდინარე საპენსიო და სხვა სოციალურ პროგრამებს, მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფო ვალებს 2010 წლის მშპ-ს 36,1%-დან 2050 წლისთვის მშპ-ს 300%-მდე გაზრდის. შედეგად, დემოგრაფიული სურათის არსებითი ცვლილება, რომელიც გარდაუვალ სახეს ატარებს, ქმნის საფრთხეს, რომ სოლიდარული საპენსიო სისტემით მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა სულ უფრო და უფრო მეტად გართულდება და, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, საერთოდ შეუძლებელი გახდეს. შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ასევე სოციალური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სააგენტოები და ორგანიზაციები ეროვნული საპენსიო სისტემების რეფორმირების პროცესში აუცილებელი ელემენტის – დაგროვებითი პენსიის შემოტანის რეკომენდაციით გამოდიან.
რეფორმის მოლოდინში
დღეს საქართველოს საპენსიო სისტემა ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა. ძირითადია სახელმწიფო საპენსიო სისტემა, რომელიც ეფუძნება გადანაწილებით პრინციპს და ემყარება ფიქსირებული პენსიების გაცემას საბიუჯეტო სახსრებიდან. არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას კი ბაზრის უმნიშვნელო ნაწილი უკავია და კვალავაც განვითარების ჩანასახოვან სტადიაზე რჩება. ამ დროს ქვეყნის როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებები და მათი დინამიკა, ასევე საბიუჯეტი პოლიტიკის პრიორიტეტები და დემოგრაფიული სურათის ცვალებადობა მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკას და ბიუჯეტს ნაკლებად აქვს იმის ფუფუნების საშუალება, რომ საპენსიო დანახარჯების გასტუმრება კვლავაც უპირატესად სახელმწიფოს მართვა-გამგებლობის ფუნქციად დარჩეს.
საქართველოში ფისკალური კონსოლიდაციის პროცესის მთავარი გამოწვევა სოციალური ხარჯების ზეწოლის მართვა და, ამავე დროს, მოხუცებულთათვის ადექვატური პენსიის, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის ადექვატური სოციალური დახმარების უზრუნველყოფაა. პენსიები სოციალური ხარჯების უმსხვილესი კატეგორიაა და მთლიანი სოციალური დაცვის ხარჯების ნახევარზე მეტს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, საპენსიო პროგრამა მძიმე ტვირთი იქნება ბიუჯეტისათვის მანამ, სანამ ქვეყნის საპენსიო ასაკის მოსახლეობა დამოკიდებული იქნება საბაზისო სახელმწიფო პენსიაზე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ბიუჯეტი სოციალური დანახარჯების ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება და ამიტომ კერძო საპენსიო დანაზოგების გარეშე პენსიების არსებული დონეების შენარჩუნებაც კი, დროთა განმავლობაში, ქვეყანას მაღალ საბიუჯეტო ხარჯებთან მიიყვანს. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, საქართველოს მთავრობა პენსიებს ზრდის, 2013 წლის 1 სექტემბერის მდგომარეობით ასაკის პენსიონერებისათვის სახელმწიფო პენსია 150 ლარამდე გაიზარდა, ზრდა შეეხო სხვა საპენსიო კატეგორიებსაც. ეს სახელმწიფო ხარჯების საკმაოდ მაღალი წილია და, ერთი მხრივ, ვერც პენსიონერთა ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს საოპერაციო ფულის მნიშვნელოვან წყაროს აკლებს. რაც შეეხება დემოგრაფული სურათს, შობადობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზეა. შობადობის ჯამური მაჩვენებლით 1,5-ის დონეზეა (მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით). რაც შეეხება მოსახლების ასაკობრივ ჭრილს, ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს, რომ მასში იზრდება იმ კატეგორიის წილი, რომლის ასაკიც 65 წელიწადს აჭარბებს. ქვეყანაში იკლებს სამუშაო ძალის ოდენობა, მარტო 2004-დან 2012 წლამდე მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 118 ათასით არის შემცირებული. შექმნილ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს მიგრაციული პროცესების ინტენსივობა. 1990-2006 წლებში განსხვავება ჩამოსულებსა და ქვეყნიდან გასულებს შორის უარყოფითი იყო და დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენდა. ზოგადად, დემოგრაფიულ ჭრილში პენსიონერების ოდენობა მუდმივად მზარდია.
ასაკით პენსიონერების რაოდენობამ ბოლო 12 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა (2000 წელს – წილი მთლიან მოსახლეობაში 12.4% , 2012 წელს – 15.1%). ამავდროულად, 1998-დან 2012 წლამდე პერიოდში დაქირავებული დასაქმებულების რაოდენობამ, ვისი გადახდილი გადასახადებითაც წესით უნდა ფორმირდებოდეს საპენსიო გასაცემლები, 724 ათასიდან 662 ათას ადამიანამდე იკლო. ყველა ეს მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები არსებულ ურთიერთობათა და საკანონმდებლო გადაწყვეტილებათა სისტემაში მძიმე და მუდმივად მზარდია.
წლიდან წლამდე საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართული სახსრების ოდენობა იმატებს, რისი დასტურიც არის 2013 წლის სექტემბრიდან საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართული საბიუჯეტო სახსრების მორიგი ზრდა. აქედან გამომდინარე, საპენსიო უზრუნველყოფაზე დასახარჯი თანხები კვლავაც მოიმატებს, რაც ავტომატურად გაზრდის წნეხს სახელმწიფო ფინანსების სექტორზე. ამ ფაქტორით გამოწვეული წნეხის შერბილებას იმავე ევროპის რეგიონში ბევრი ქვეყანა საპენსიო ასაკის გაზრდის გზით ცდილობს. ქვეყნებს პენსიაზე გასვლის უფრო მაღალი ასაკით აქვთ უკეთესი მაჩვენებლები სახელმწიფო პენსიების ცხოვრების დონესთან შესაბამისობის, სახელმწიფო საპენსიო სისტემების რესურსული უზრუნველყოფის და მათი სტაბილურობის, ასევე კორპორატიული საპენსიო სქემების მდგრადობის თვალსაზრისით და ჩამოთვლილ კატეგორიებში და ლიდერობენ ერთიან ევროპულ რეიტინგში. ევროპული რეიტინგის აუტსაიდერები არიან ქვეყნები პენსიაზე გასვლის უფრო დაბალი ასაკობრივი ზღვარით, მაგალითად, საფრანგეთი და იტალია. ამავდროულად, დროის განსხვავებულ ინტერვალში საპენსიო ასაკის ზრდის ან სქესთა შორის გათანაბრების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია კიდევ არა ერთ ქვეყანაში. საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ასაკით პენსია მამაკაცებს 65 წლის მიღწევიდან ენიშნებათ, ქალებს – 60 წლიდან. ევროპის უმრავლეს ქვეყნებში გამოკვეთილი ტენდენცია მიუთითებს, რომ საპენსიო ასაკის განსაზღვრისას, სქესთა შორის ასაკობრივი სხვაობის დაწესებაზე სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს უარს. ეს, ერთი მხრივ, გამართლებულია დისკრიმინაციის გამორიცხვის აუცილებლობით, მეორე მხრივ კი, იმ ფაქტორით, რომ ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა ტრადიციულად უფრო მაღალია, გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა კაცებში 71, ქალებში კი 77 წელს შეადგენს.
საქართველოში საპენსიო ასაკის გაზრდა ან გათანაბრება საკმაოდ რთული პროცესი იქნება, ვინაიდან მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს უკავშირდება. უპირველესად, იმ გარემოების გამო, რომ ქვეყანაში არსებობს სხვა, სავსებით საპირისპირო მოლოდინი, რომ საპენსიო ასაკმა, პირიქით, დაიწიოს და მოქალაქეებმა უფრო ადრე მიიღონ პენსია. ეს რეალობა განპირობებულია ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობითა და მწვავე სოციალური პრობლემებით, როცა მოსახლეობის სოლიდურ ნაწილს არ გააჩნია მუდმივი შემოსავალი და მეტ-ნაკლებად მდგრადი სოციალური გარანტიები. ასეთ ფონზე, 150-ლარიანი პენსია (2013 წლის სექტემბრის მდგომარეობით), რომელსაც იღებს თითოეული პენსიონერი, ნაწილობრივ ამსუბუქებს მძიმე სოციალურ ფონს (განსაკუთრებით, რეგიონებში). ამავე დროს, საპენსიო ასაკის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ამ გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ძალის პოპულარობას და მის პოლიტიკურ მომავალს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად ეს გარემოებები მნიშვნელოვან ბარიერად იქცევა. ამდენად, დღის წესრიგში დგას რეალური საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომელიც უნდა დაეყრდნოს დაგროვებით სქემას.
დაგროვებითი საპენსიო სქემის შემთხვევაში, პიროვნება თავისი შრომითი აქტივობის პერიოდში აკეთებს დანაზოგებს, რომელიც მასვე მოხმარდება საპენსიო ასაკის დადგომის შემდეგ. გადანაწილებითი სქემისაგან განსხვავებით, რაც თაობათა შორის სოლიდარობას ეფუძნება, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს საკუთარი ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად. დეკლარირება იმის შესახებ, რომ საქართველოში უახლოეს პერიოდში საპენსიო რეფორმა დაიწყებოდა, საქართველოს მთავრობამ დაახლოებით 1 წლის წინ გააკეთა. ახალ საპენსიო სისტემაზე გადასვლა არ იქნება ერთწლიანი პროცესი და ის ეტაპობრივად განხორციელდება. სისტემა დაეფუძნება ორ სახელმძღვანელო პრინციპს, ერთი – შრომის სტაჟი და მეორე – შენატანის ოდენობა. შესაბამისად, შრომითი სტაჟის ხანგრძლივობა და სადაზღვეო-საპენსიო სისტემაში შენატანის ოდენობა განაპირობებს ნებისმიერი მოქალაქის პენსიის ოდენობას. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკლებად შრომობენ ან არ შრომობენ, მიიღებენ სოციალურ პენსიას, რომელიც საარსებო მინიმუმზე არანაკლები იქნება. შესაბამისად, რეფორმის შემდეგ საქართველოში იარსებებს ორი სახის პენსია – სოციალური და დაგროვებითი.
საქართველოს მთავრობამ პროექტზე მუშაობა 2012 წლის ბოლოს, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დაიწყო. ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროში საპენსიო რეფორმის საკოორდინაციო ოფისი შეიქმნა, რომელიც მუშაობს სავალდებულო და ნებაყოფლობითი სადაზღვევო საპენსიო სისტემის შექმნაზე. სავარაუდოდ, ეს პაკეტი პარლამენტში შემოდგომაზე შევა განსახილველად. 2014 წლის მდგომარეობით, საპენსიო უზრუნველყოფაზე საქართველოში მილიარდ სამას მილიონზე მეტი ლარი მიემართება. ეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 14.6 პროცენტია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ეს თანხა, დაახლოებით, 260 ლარს შეადგენს, ერთ დაქირავებით დასაქმებულზე კი – 1750 ლარადმე წელიწადში. ეს ნიშნავს, რომ ერთი დაქირავებით დასაქმებული ყოველთვიურად 1 პენსიონერზე მეტს ინახავს.
მსოფლიო ბანკის დასკვნით, დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს რამდენიმე წელიწადში გაუჭირდება არსებული საპენსიო ვალდებულებების დაფარვაც კი.
ანუ გვაქვს სიტუაცია, როცა პენსია ვერც პენსიონერთა ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტსაც საკმაოდ ძვირი უჯდება. ამავე დროს, როგორც ბევრი ქვეყნის გამოცდილებამ ცხადჰყო, არანაკლები რისკია ნაციონალური მთავრობების ან მთავრობაში მოსვლის მოსურნე პოლიტიკური დაჯგუფებების პოლიტიკური პოპულიზმი, რომელიც საპენსიო პრობლემატიკას ხშირად იყენებს პოლიტიკური მხარდაჭრის მოსაპოვებლად. სხვადასხვა კვლევები ასევე ადასტურებს, რომ პენსიონერთა ჯგუფი არჩევნების დროს ყველაზე აქტიური კატეგორიაა, ამიტომაც მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ხშირად მთავრობები ზრდიან პენსიებს მისი გრძელვადიანი დაფინანსების წყაროს განსაზღვრის გარეშე და გრძელვადიანი რისკების გაუთვლელად.
საქართველოს გამოცდილებით ეს ნათლად ჩანს, პენსიების ზრდა, თითქმის ყველა ჯერზე, მოახლოებული არჩევნების წინ ხდება. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად ბევრი ექსპერტი იმ წინადადებითაც კი გამოდის, რომ ასაკით პენსიონერ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდოთ. ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის განხორციელებისას, მოუწევს არა ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა, მათ შორის: რა მოდელს აირჩევს საქართველო, რა ასაკის მოქალაქეებს შეეხება ეს ცვლილება, როგორი იქნება რეფორმის განხორციელების ვადები. მოუწევს დათვალოს რისკები და მოსალოდნელი შედეგები და, ამასთან, კარგად გაიაზროს საერთაშორისო გამოცდილებაც, რომელიც მსგავსი რეფორმების გზაზე არსებულ არა ერთ პრობლემას გვაცნობს.
საპენსიო უზრუნველყოფის დაგროვებით პრინციპზე დამყარებული მოდელი გულისხმობს, პენსიის დაგროვების ინდივიდუალურ ხასიათს, პენსიის სიდიდე კი დამოკიდებულია საპენსიო შენატანის სიდიდესა და საპენსიო ფონდების მიერ განხორციელებული საინვესტიციო სტრატეგიის წარმატებასა და ფინანსურ მაჩვენებლებზე. დაგროვებით მოდელს ეკონომიკის ზრდის ციკლისა და განვითარებული ფინანსური ბაზრის პირობებში ახასიათებს მდგრადი ზრდა, როცა დაბანდებებიდან მიღებული სარგებელი აღემატება ინფლაციის და ხელფასების ზრდას. ამავდროულად, „დაგროვებების“ წილის ზრდა მშპ-ში ქმნის მყარ სტიმულებს ეკონომიკის ზრდისთვის. თვალსაჩინოა დაგროვებით პრინციპზე დამყარებული საპენსიო მოდელისთვის დამახასიათებელი რისკებიც. უპირველესად ის გარემოება, რომ ეკონომიკის ციკლური ბუნებიდან გამომდინარე, ზრდა არ არის ყოველთვის შეუქცევადი. ეკონომიკის ვარდნის და უკანასკნელ პერიოდში მომრავლებული კრიზისების პირობებში, დაგროვილი რესურსი შეიძლება გაუფასურდეს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ფასის კლების გამო. ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები არიან უფრო მაღალი ხარისხით დაუცველნი საბაზრო რისკების და ინფლაციის მიმართ.
მაგრამ არსებობს საპენსიო უზრუნველყოფის შერეულ პრინციპზე დამყარებული მოდელი. ეს მოდელი გულისხმობს გარკვეული ელემენტების შეჯერებას როგორც სოლიდარული, ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემების მოდელებიდან. ამგვარი მიდგომა ნაწილობრივ ამცირებს რისკებს და ზრდის მოქნილობას საპენსიო უზრუნველყოფაში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობის მოცულობის განსაზღვრისას. შერეული მოდელის არსებობა კრიზისის დროს ასევე შესაძლებელს ხდის რისკის გადანაწილებას საპენსიო სქემებს შორის. თუმცა, ამ მოდელსაც ახლავს არსებითი რისკები. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს საპენსიო უზრუნველყოფის სქემაში მონაწილეთა აქტივობის და პასუხისმგებლობის პროპორციის და, შესაბამისად, სახელმწიფო ხარჯების და კერძო სექტორის კონტრიბუციის ეფექტიანად განსაზღვრა. ამავე დროს, სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტერესების კონფლიქტის შემთხვევაში, შერეული მოდელი ამცირებს სისტემის მოქნილობას და საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანობას.
შესაძლო სამსვეტიანი საპენსიო სისტემის მოდელიდან საქართველოში დღეს პრაქტიკულად მხოლოდ ორი სვეტი ფუნქციონირებს: აქედან პირველი – სახელმწიფო პენსიების კომპონენტი – მთლიანად მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის ამჟამინდელ საპენსიო უზერუნველყოფას. რაც შეეხება მესამეს – ნებაყოფლობით დაგროვებად პენსიას – ეს კომპონენტი, პრაქტიკულად, სტატიკურ მდგომარეობაშია და უმნიშვნელო ტემპით ვითარდება: 2011 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ სამი სადაზღვევო კომპანიის მიერ დაფუძნებლი საპენსიო სქემა მოქმედებს, მათი საქმიანობის მაჩვენებლები კი საკმაოდ მოკრძალებულია.
ასეთ ვითარებაში, როდესაც საპენსიო სისტემის პირველი სვეტი (სახელმწიფო პენსია) დროთა განმავლობაში დეფიციტური და კრიზისული შეიძლება გახდეს, მესამე (ნებაყოფლობით დაგროვებადი) კი სათანადო ტემპით ვერ ვითარდება, უპრიანი ჩანს მეორე სვეტის – სავალდებულო დაგროვებად საპენსიო კომპონენტსა და მის დანერგვაზე დაფიქრება. ეს მიდგომა თავისი არსით იძულებითი ღონისძიების სახეს ატარებს, თუმცა, ამავდროულად ის უქმნის ადამიანთა საკმაოდ დიდ წარმომადგენლობას უკეთესი სიბერისთვის აუცილებელ წანამძღვრებს.
გარდა ამისა, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეთა მხრიდან საშემოსავლოს გადახდის მოტივაციას შექმნის. არის რაღაც ტიპის სამუშაოები, რომლებიც ლეგალიზებული არ არის. მაგალითად, ძიძის სამუშაო ან რეპეტიტორის, რომლებიც არ იხდიან საშემოსავლოს. თუ ადამიანი არის საჯარო სამსახურში და იღებს 1 500 ლარს და ექვითება საშემოსავლო, ის სამჯერ მეტ დაგროვებით პენსიას აიღებს, ვიდრე ის, ვისი ხელფასიც 500 ლარს შეადგენდა. ანუ, ვინც იხდიდა მეტ საშემოსავლო გადასახადს, მისი პენსია იქნება მეტი. ვინც მეტს შრომობს და იხდის მეტ საშემოსავლოს, იღებს მეტ ხელფასს. ასე რომ, თვითდასაქმებულები მოტივირებული ხდებიან, რომ ჩრდილიდან გამოიტანონ საკუთარი ხელფასი, შემოსავლები, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ როდესაც 60-70 წლის გახდება, უნდა უზრუნველყოს საკუთარი მშვიდი და ღირსეული სიბერე.
შენიშვნა: სტატიაში გამოყენებულია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ კვლევა „საჭიროა თუ არა საპენსიო რეფორმა“